მთავარი საზოგადოება ძალა არც ევროპაშია და არც ამერიკაში… ძალა ერთობაშია!

ძალა არც ევროპაშია და არც ამერიკაში… ძალა ერთობაშია!

“იქ “მე” უღონოა, საცა “ჩვენ” გაცუდებულია, უარყოფილია, გალახულია”

238
გააზიარეთ
ძალა არც ევროპაშია და არც ამერიკაში... ძალა ერთობაშია!

ყველა წარუმატებლობა, რომლებიც 1992 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ იწვნია, ძირითადად, სწორედ ერის ერთობის დარღვევამ განაპირობა. შორეულ წარსულშიც უამრავი მაგალითის მოძებნა შეიძლება ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად. წმ. ილია მართალი, ეცნობოდა რა საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს, ასე აფასებს ქართველთა ერთობის დარღვევას: “ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი ქვეყანა დაირღვა და სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ განაწილდა. შედეგად არა მხოლოდ სამეფოს, არამედ საზოგადოების ერთობაც დაირღვა და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს დაგვაშორა, ერთმანეთის გულშემატკივრობაზე გული აგვიცრუა. იმ დღის აქეთ გაითხარა ჩვენი ბედნიერების სამარე, იქედან მოყოლებული, ყოველდღე ხელიდან თითო რასმე სიკეთეს გვაცლიდა. ეს საზარელი უბედურება, რომელიც სულ უფრო და უფრო გვიჯდებოდა სულსა და ხორცში და თავიდან ფეხებამდე გვხრწნიდა, ჩვენმა მამაპაპებმა მაშინვე იგრძნეს და მათგან უკეთესებმა ქვეყნის გაერთიანების საქმეს თავიც შეაკლეს”.

1990 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები და ერის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ერთსულოვნების დიდი გამარჯვება და ერის მეორედ დაბადება, ჩვენ გავიმარჯვეთ ერთობის ძალით, ეს თითქმის ყველამ კარგად გავიაზრეთ, მაგრამ მტერმაც ხომ გაიგო ეს?! ამიტომ იმ დღიდან დაიწყო ბრძოლა ქართველთა გათითოკაცებისთვის და დღესაც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესიფაქტია, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ვერ შევქმნით მილიონიან არმიას, ვერასდროს შევიძენთ წარმოუდგენლად ძლიერ შეიარაღებას, ჩვენი ძალა მხოლოდ ერთობაშია. ამიტომ აშინებს ქართველთა ერთობა მტერს. ღმერთმა ქნას, რომ, როგორც ილია ამბობდა, “ერთობის მღაღადებელთ არ გაუცუდოთ ღაღადება და მოვიმკათ ის, რაც ჩვენს სახელოვან მამულიშვილებს უანგარო ღვაწლით წინა წლებში დაუთესიათ”.

წინა კაცი უკანას ხიდიაო. დღეს ახალგაზრდა თაობაა სწორედ ის ძალა, რომელიც ქვეყანას, ქართველობას მხსნელად უნდა მოევლინოს, ისევე, როგორც ილია და მისი თანამებრძოლები თავის დროზე, რომელთაც სწამდათ, რომ “…ბრძოლაში სწორე ლარი მარტო ამისთანა კაცებს გააქვთ, როცა ერთად, კრებულად მოქმედობენ და არა დაქსაქსულად ცალცალკე”.

დრო, კეთილგონიერება და თითონ ახალი თაობა თავის უტყუარს განაჩენს თავის დროზედ იტყვისო”, _ ასე სწამდა ილია მართალს და არც თუ უსაფუძვლოდ. იმედია, ესთავის დროზედჩვენთვისაც მალე დადგება და ერთხელ და სამუდამოდ მივხვდებით, რომ ძალა არც ევროპაშია და არც ამერიკაშიძალა ერთობაშია!

* “ისტორიაო, _ ამბობს ერთი მწერალი, _ ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასთან, მაშასადამე ყოველგვარ შევიწროებასთან, რომელსაც ადამიანი პირისპირ შეემთხვევა ხოლმე, როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში, თუ ყველამ ცალკე გავიწიეთო, ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო”. თუ ესეა, ნუთუ ყველა საზოგადოებრივ ძალთა ერთს კვალში ჩაყენება სანატრელი არ უნდა იყოს ყველასათვის? ნუთუ ყოველი ჩვენგანი არ უნდა ცდილობდეს სრულიად აღმოიფხვრას, ჩვენთა წოდებათა შორის განხეთქილების მიზეზნი, რომ ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთის დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას?”

(“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

* “ამიტომაც დიდად სცოდვენ ქვეყანასა და ხალხსაც, ნამეტნავად ჩვენში, _ ისინი, ვისაც გულში ჩაუდვია, გინდა თუ არა, განხეთქილება უნდა იყვესო წოდებათა შორის, რადგანაც ევროპაში ეგ განხეთქილება სუფევსო. განა ევროპა ცოტა დროსა და ღონესა ჰკარგავს, ცოტა სისხლსა ჰღვრის, რომ ეგ განხეთქილება მოსპოს?

მაშ, საცა ეგ არ არის, რად გვინდა რომ იყოს? ეგ იმას ეგვანება, რომ კაცმა ნაგავი შეიტანოს სახლში მარტო იმისათვის, რომ მერე საბუთი ჰქონდეს სთქვას: სახლს დაგვა უნდაო. რად გვინდა ჩვენ აქ ბაძი, ან რა სასარგებლოა? მაგრამ რა? ტვინთხელობა, რომელიც საკუთარ ტვინს მოკლებული, სხვისით სცხოვრობს და მარტო ბაძით სულდგმულობს, ამ შემთხვევაში, წინათვე ვიცით, კედელი იქნება და, რამდენიც გინდათ, ცერცვი შეაყარეთ, არ დაიჭერს (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

* “კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყევლობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელითღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის. იგი გვეუბნება, თუ ერთმანეთობა გინდა, თუ კრებულად ყოფნა გსურს, ამა-და-ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო. ამადა-ამაზედ ნაკლებ გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას, ამაზედ ნაკლები თანაგრძნობა, თანაზიარობა ერთმანეთობაში არ დაიზარო, ამადა-ამაზედ ნაკლები საყოველთაო ტვირთი არა ჰზიდო… ამ სახით კაცთა საზოგადოება, მოქალაქური ურთიერთობა და ყოფა-ცხოვრება ჰკმარობს მარტო მინიმუმ-ს სათნოებისას” (“დიმიტრი ყიფიანი”. 1887 წ. 30 ოქტომბერი).

* “ამ მინიმუმ-ზედ, ამ ხაზზედ დგომა ყველასათვის სავალდებულოა. ხოლო შესაძლოა ადამიანი ამ ხაზს ძირსაც დასცილდეს და ზე ასცილდეს კიდეც. დამცილებელი სცოდავს საზოგადოებას და ისჯება საზოგადოებისაგანვე, რადგანაც ამ შემთხვევაში დაცილება დანაშაულობაა. ამიტომაც არ-დაცილებას ითხოვს კაცისაგან საზოგადოება, ვითარცა მოვალეობას, და ზე-აცილებას კი თვითოეულის ნებაზედ სტოვებს. იმიტომ, რომ ყოველს კაცს სრული ნება აქვს, და შეუბღალველი ნებაც, ეს მინიმუმ-ი სათნოებისა იქონიოს და არა მეტი. ამ ხაზზედ ზე-აცილება, ესე იგი ამ ნაკლების სათნოების წარმატება, განდიდება, გაძლიერება, მოვალეობა აღარ არის კაცისა: იგი ღვაწლია, გადამეტებული სამსახურია, მსხვერპლია, გმირობაა” (“დიმიტრი ყიფიანი”. 1887 წ. 30 ოქტომბერი).

* “იმოდენად უნდა ერთად მოვგროვდეთ ღონით თუ ფულით, რამოდენათაც თვითეული ცალკე საქმე რომელისამე წარმოებისა იკმარებს გასამარჯვებლად

(“ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა”. 1897 წ. 20 დეკემბერი).

* “თუ დღეს ცოტანი ბევრსა გვძლევენ და გვჩაგრავენ, ეგ იმიტომ მოგვდის, რომ ცალ-ცალკე მოგვიხელებენ ხოლმე და ცალკე კაცისათვის ჭიდილი ფულთან, თუნდ ჩარჩული ფულიც იყოს, ძნელია. აბა ჩარჩს ყველგან, საითაც კი ხელს გაიწვდის, წინ კარგად შეკრული ამხანაგობა, ან სხვა რამე კრებული დავახვედროთ, ერთობით გაღონიერებული, და მაშინ იქნება ღმერთმა ჩვენკენაც მოიხედოს” (“ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა”. 1897 წ. 20 დეკემბერი).

* “დიდი ხანია და კარგა დიდი ხანიც მას აქეთ, რაც ჩვენში გაიღვიძა ნაყოფიერმა სურვილმა, რომ ეგ შეერთებული შეძლება და ძალ-ღონე საფუძვლად დაედოს სხვათა შორის ღვინის საქმესაც ჩვენში, კისრად იდვას იგი საზოგადოებამ და საზოგადოებურის ძალით დაადგეს ჯეროვანს ფეხად და გაიმართოს სამოქმედოდ. ამ აზრმა იარა, იარა და დღეს ისე მომწიფდა, რომ ლამის განხორციელებას. მაგრამ როგორ და რა გზით?” (“ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი”. 1892 წ. 11 ნოემბერი).

* “ეს ექვსი საუკუნეა მას აქეთ, რაც ჩვენნი წინაპარნი, ჩვენნი უკეთესნი და უდიდესნი, ჩვენნი მამულიშვილნი, ჩვენი გენიოსები, ჩვენნი ვაჟკაცნი და მეომარნი, ჩვენნი მსწავლულნი და მეცნიერნი, სისხლის ღვრით იღწვოდნენ, რომ მკვდრეთით აღედგინათ ჟამთა ვითარებისაგან დარღვეული და დამხობილი ძმობა და ერთობა. ამას შესწირეს თავისი სახელოვანი სიცოცხლე, თავისის სისხლით და ღვაწლით შემოსეს და აკურთხეს…

აწ განსვენებულმა ჩვენმა მწერალმა ვახტანგ ორბელიანმა მთელის თავისის მხურვალე გულის ძგერით აღთქმად დასდვა, ანდერძად დაგვიტოვა, რომ ძმობა და ერთობა კლდეა და ამაზედ ააშენეთ თქვენი ბედნიერებაო, ამაშია ჩვენი სასოება”. (“სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე 20 მაისს, 1895 წელს”).

* “დასთა ბრძოლაში სწორე ლარი მარტო ამისთანა კაცებს გააქვთ, როცა ერთად, კრებულად მოქმედობენ და არა დაქსაქსულად ცალ-ცალკე” (“ქუთაისის ბანკის შესახებ”. 1893 წ. 3 დეკემბერი).

* “ყოველი გულშემატკივარი კაცი ჩვენის საზოგადო საქმისათვის უუწმინდაეს ვალიდ უნდა ჰრაცხდეს ამისთანა გულწრფელ და პირუთვნელ მართლის მოყვარე კაცთან შეადგინოს კრებული და მას მოაპოვებინოს ადგილი საზოგადო საქმის სარბიელზე. აქ ძალა, ხერხი და სხვადასხვა ოინები მანძილს ვერ გაივლის. აქ უნდა მტკიცე რწმენა მართლისა მოქმედობდეს, რადგანაც მარტო მართალია შემკვრელი და გამამტკიცებელი ამგვარ კაცთა კრებულისა. ამათ წინ ჩხავანა მომხრე დასისა ვერას იქმს, ფონს ვერ გავა” (“ქუთაისის ბანკის შესახებ”. 1893 წ. 3 დეკემბერი).

* “იქ “მე” უღონოა, საცა “ჩვენ” გაცუდებულია, უარყოფილია, გალახულია. ამას ყველა ვგრძნობთ და ვვალალებთ კიდეც” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. აპრილი).

* “საზოგადოება არის რაღაც ცოცხალიერთი მრთელი, რომელსაც აქვს დროება თავისი გაზრდისა, დროება კარგადმყოფობისა და ავადმყოფობისა, დროება თვისის ტანჯვისა და მხიარულებისა და აქვს თავისი მიქცევა და მოქცევა ან სასიკვდილოდ, ან სასიცოცხლოდ (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “ცოცხალ კაცს თავის სულში, თავის გულში და სისხლში აქვს სიცოცხლე საზოგადოებისა: ის ავად გახდება საზოგადოების ავადმყოფობით, იტანჯება იმისი ტანჯვით, ნეტარებს მისი ბედნიერებით, თავისი თავისა და თავის საკუთარ გარემოებას გარეშე მყოფისათვის” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “სამშობლო ქვეყნის სიყვარული უნდა გამოდიოდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან ისრე, როგორითაც ნაწილი მრთელისაგან” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “სამშობლო მამულის სიყვარული არის ისა, რომა გულით გინდოდეს ნახო, რაც კაცობრიობას გუნებაში გამოუხატავს _ აღსრულებაში იყოს მოყვანილი, და შენის ძალისა შეძლებისა კვალად შველოდე მის აღსრულებას” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “თავისი მიწა-წყალი დიდი რამ ყოფილა კაცისათვის. ვინც თავის მიწა-წყალს არ მოჰშორებია, ეგ იმას ვერ უცვნია. ჩემ და ქვეყნის შუა ხომ ეხლა ხიდი ჩატეხილია და, დღესა თუ ხვალე, სულაც გავშორდები, მაგრამ ღვთის მოწყალებად ჩავთვლიდი, რომ მე ჩემის მიწა-წყლის კალთაში სული დამელია. ვაი, სადაური სადა ვკვდები!” (გლახის ნაამბობი. 1859, 1862-1873 წწ.).

* “ადამიანს ხანგრძლივ რომ შეხვდეს ამ წუთის-სოფელში იმისთანა დრო, ეს წუთისსოფელი სამოთხე იქნებოდა. მაგრამ წუთის-სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი წუთობითა სცოდნია, უბედურობის მეტი. ის-ის იყო, ჩემს ბედს იმის ოდენი სიხარული ვეღარსად დავსტყუე. წავიდა იგიცა, ვითა სიზმარი ღამის” (“გლახის ნაამბობი”. 1859, 1862-1873 წწ.).

* “ჩემისთანა უთვისტომო ადამიანისათვის ქვეყანა ყველგან ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველისათვის საქართველო დიდი რამა ყოფილა. რაც უნდა იყოს, შენი ჭირიმე, ჩვენი აკვანი საქართველოა, ჩვენი მამა-პაპის საფლავი საქართველოა, ჩვენის ენის ქვეყანა ეს არის, ჩვენის სიტყვა-პასუხის გამგონი ეს არის. ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე, და თუ გული გაქვს _ გულიც აქ არის, თუ სიყვარული გაქვს _ სიყვარულიც აქ თუ იქნება, თორემ სხვაგან სადა?” (“გლახის ნაამბობი”. 1859, 1862-1873 წწ.).

* “ქართველი არ არის დამწყვდეული თავის გვარტომობის ვიწრო წრეში, არამედ სხვა ერის პატივისცემაც იცის და გულგაშლით ეკიდება ყოველს სხვა გვარტომსა. ესეთი თვისება საქებურია და არა საწუნარი” (“გაბრიელ სუნდუკიანცის “პეპო” და სომხის ლიტერატორები”. 1889 წ.).

* “ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე, ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ… სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალ-ლაჩარნი _ აი ჩვენი სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თავისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგამენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესენი” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “რასაკვირველია, იშვიათი არ არის ქვეყნიერობაზე, რომ ცალკე კაცის სახელითაც იწოდებოდეს რომელიმე აზრი, თუ საქმე, მაგალითებრ, დარვინის სამეცნიერო აზრს და მოძღვრებას დღესაც დარვინიზმობით იხსენიებენ, ბაირონის მიმართულებას და აზრთა წყობას _ ბაირონიზმით. ამის მიხედვით იტყვიან ხოლმე, ეს კაცი დარვინისტია, ბაირონისტია და მებრვე სხვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, წინ აგვეტუზება ერთი საკითხი: თუ ცალკე კაცის სახელით საზოგადო სარბიელზე გამოსული კაცი განირჩევა ერთი მეორისაგან, რატომ მთელი წყობა, მთელი კრებული, რომელსაც ან ერთი ან მეორე თაობა წარმოადგენს, თავის სახელით ვერ აღნიშნავს მის მიერ მოძღვრებულს საზოგადო აზრსა, თუ საქმესა? ჩვენ ამის უარს არ ვამბობთ: ეგეც შესაძლებელია. ხოლო დავაკვირდეთ იმას, რომ ამ შემთხვევაში სახელი ახალის თუ ძველის თაობისა უნდა მიეთვისოს იმ წყობას საზოგადო აზრებისას, მიმართულებისას, თუ საქმისას, რომელთაც აღიარებს, ჰმოძღვრებს და ასულდგმულებს ერთი თაობა, და მეორე ეწინააღმდეგება, ეურჩება და უარობს, ხომ მარტო ამითი უნდა გაირჩეს ერთი თაობა მეორისაგან, და აბა გვიჩვენეთ, ვის რა ამისთანა საზოგადო აზრი, მიმართულება, ან საქმე უწერია თავის დროშაზე? ან ვისი საზოგადო აზრი, მიმართულება, თუ საქმე _ ვისაც ერჩის და ვისაც ებრძვის?” (“წერილები ქართულ ლიტერატურაზე”. 1892 წ.).

* “ჩვენში ამისთანა სიტყვები, როგორც ძველი და ახალი თაობა, ცარიელი და ფუყე სახელებია და დროა თავის პატრონს ჩაჰბარდნენ და საიდამაც მოსულან, იქ წავიდნენ. ამ სახელების ხმარება ჩვენში სხვა არა არის-რა, ბავშვობის მეტი, იმიტომ, რომ მარტო ენა-ამოუდგმელს ბავშს შეჰფერის ხმარება იმისთანა სიტყვებისა, რომელთაც არც საგანი აქვთ, არც საბუთი, არც მიზეზი არსებობისა” (“წერილები ქართულ ლიტერატურაზე”. 1892 წ.).

* “როცა საყვედურს აძლევენ ახალს თაობას _ არას აკეთებთო, ჩვენ ვერ გამოგვირკვევია, ვინ უნდა მიიღოს ეს საყვედური თავისს თავზე. თუ ამით ეხლანდელს დროს ემდურიან, ეგ სხვაა. ეხლანდელს დროში, როგორც წინანდელშიაც, ჰმოქმედობენ ახალნიც და ძველნიც და, მაშასადამე, აქ ან ერთი, ან მეორე არაფერს შუაში არიან ცალცალკე, და თუ არიან, ორნივ ერთად არიან დამნაშავენი. თუ რომელიმე წყობა ცალკე გამდგარა და განგებ დაურქმევია თავისთავისათვის ძველი, ან ახალი თაობა, და ყოველს სხვას, თავთავის წყობის გარეთ მოქცეულს, ან ერთს, ან მეორე სახელს ეძახიან, _ ეგ ხომ საქმის ვითარებისაგან წარმომდგარი არ იქნება, ეგ ხომ ძალად აკვიატებულს სახელს მოასწავებს, თვითნებობით დაჩემებულს! ამისთანა ხალხზე მარტო ეს ითქმის: დეე ბალღებმა თავი შეიქციონ, ოღონდკი ნუ იტირებენო (“წერილები ქართულ ლიტერატურაზე”. 1892 წ.).

* “ახალი თაობა ახალთა აზრთა წინამძღოლობაში, ახალთა აზრთა მოძღვრებაშია და არა იმაში, რომ მე დღეს დავიწყე წერა და შენ გუშინაო” (“მითამ და “ახალი რაზმის კაცი” ანუ ორი ფელეტონი”. 1883 წ.).

* “არასფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტის-მეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს. მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი-კი ძველი” (“ბულვარის აკადემია”. 1887 წ.).

* “საქმისა, თუ აზრის ავ-კარგიანობის გარჩევა მარტო ძველ-ახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოდაც მეტია” (“ბულვარის აკადემია”. 1887 წ.).

* “ავ-კარგიანობა ახალშიაც არის და ძველშიაც” (“ბულვარის აკადემია”. 1887 წ.).

* “ავ-კარგიანობა, ტყუილ-მართლობა არც ახალს ახლობით მიეწებება, არც ძველს ძველობით. ავსაც და კარგსაც, ტყუილსაც და მართალსაც თავისი საკუთარი ბუნება აქვს და თვითოეული თავისდა ბუნებისამებრ უნდა გაირჩეს და გამოიზომოს და არა სიახლით და სიძველითა” (“ბულვარის აკადემია”. 1887 წ.).

“ყველას, ძველია თუ ახალი, მინამ მსჯავრს დასდებდეთ, კბილი კი არ უნდა უსინჯოთ, ბუნება უნდა გამოუჩხრიკოთ და მარტო მაშინ დაეჭდევა თქვენს მსჯავრს ადამიანის საკადრისი ღირებულება და ფასი” (“ბულვარის აკადემია”. 1887 წ.).

* “ძველობით ხსენება სხვისა, ამით კილვა და ძაგება ძველი იარაღია უღონობისა, გაცვეთილი ფანდია სახსარ-მოკლებულ ფალავნისა” (“ბულვარის აკადემია”. 1887 წ.).

* “რაც გინდა სთქვით, როგორც გინდა მიიქეცით, ოღონდ ახალთაობის წმინდა სახელს ნუ მოჰფენთ უკადრისს ქცევასა, უკადრისს სიტყვასა, ახალი თაობა სხვა არის, სხვა ნუგეშია, სხვა იმედია. ყველა ჩხავანა ახალთაობა არ არის. ახალი თაობა გონიერებაა. ახალი თაობა პატიოსნებაა, ახალი თაობა ცოდნაა, მეცნიერებაა, ახალი თაობა საქმეა და არა ჩხავილი. ვისაც ყოველივე ეს ცოტად თუ ბევრად არა სჭირს, შორს მანძილს ვერ გაირბენს მარტო იმითი, რომ ბალღები ატყუოს, _ ახალი თაობის კაცი ვარო (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. აპრილი).

* “ვინც ეგრე გულმოდგინედ ყვირის, ახალი კაცი ვარო, რატომ არა ვკითხულობთ, რით არის ახალი? ნუთუ მარტო იმითი, რომ სხვაზედ გვიან მოვიდა? რატომ არა ვკითხულობთ, რა მოიტანა ახალი? აბა, კვალში ჩაუდექით ყოველ მყვირალს, ახალთაობის კაცი ვარო, გაუსინჯეთ სიტყვა და მოქმედება, იკითხეთ იმ სიტყვასა და მოქმედებაში ახალი რა არის, და მაშინ ნახავთ, რომ იგი ახალის თაობის ბერეკაა და არა ახალი თაობის კაცი. თვითონაც რომ ჰკითხოთ, აბა, ახალო კაცო, ახალი რა მოიტანეო, დამიჯერეთ, ოფლში გასწურავთ მაგ კითხვით და ძნელ საქმეს დააყენებთ. ახალი კაცი ძლიერია თავისის აზრით, მსჯელობით, ცოდნით. იგი თავმოსაწონებელს სახელს ახალის კაცისას მართლა-და ახალის აზრით, მსჯელობით და ცოდნით დაიმსახურებს და არა ყვირილით და ფიცით, ღმერთმანი, ახალი კაცი ვარო.” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. აპრილი).

* “ვისაც დაუკარგავს თავისის თავის პატივი და, მაშასადამე, სხვისაც, _ უკადრისობა იმისათვის უცილო იარაღად დაგვითმია. დეე, იმან ამ გზაზედ და ამ იარაღით იბრძოლოს. დრო, კეთილ-გონიერება და თითონ ახალი თაობა თავის უტყუარს განაჩენს თავის დროზედ იტყვის” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. აპრილი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here