მთავარი ყველაზე ყველაზე ცხოველები, რომლებმაც გავლენა იქონიეს ისტორიის მსვლელობაზე

ცხოველები, რომლებმაც გავლენა იქონიეს ისტორიის მსვლელობაზე

209
გააზიარეთ
თუთიყუში

ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის მივიჩნევდით ცხოველებს განვითარების გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგომ არსებებად და ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებდით მათ შესაძლებლობებს. ისტორიამ კი იცის ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანები ცხოველების წყალობით პოულობდნენ დაავადების საწინააღმდეგო საშუალებას, იმარჯვებდნენ მტერზე, იწყობდნენ წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას და მიფრინავდნენ კოსმოსშიც კიაი ცხოველები, რომლებმაც გავლენა იქონიეს ისტორიულ მოვლენებზე.

შავი ღორი

შავი ღორი, რომელმაც საფრანგეთის მეფე იმქვეყნად გაისტუმრა

შავი ღორი

ახალგაზრდა ფილიპე (1116-1131), ლუდოვიკო VI-ის ვაჟი, ახალი ასული იყო ტახტზე. ის ამალასთან ერთად ცხენით მისეირნობდა მდინარე სენის ნაპირზე, როცა მოულოდნელად გამოვარდა შავი ღორი და დამფრთხალმა ცხენმა მეფე უნაგირიდან გადმოაგდო. მეფის დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის მეორე დღეს გარდაიცვალა. ასე შეცვალა შავმა ღორმა ისტორიის მსვლელობა, ფილიპეს გარდაცვალებამ კი შეაჩერა საფრანგეთის მიერ ახალი მიწების დაპყრობის პროცესი.

მაიმუნი

მაიმუნი, რომელიც ბერძნებს სძულთ

ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაჩაღებული ორი წარმატებული ომის შემდეგ საბერძნეთმა ლიდერის პოზიციები დაიკავა საბერძნეთ-ოსმალეთის ომში და ტერიტორიას ტერიტორიაზე იპყრობდა (1919-1922). ბერძენმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს ფრაკიის დიდი ნაწილი, მცირე აზია და დაიწყეს მზადება კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) შესაჭრელად და ამ ქალაქის გასათავისუფლებლად ოსმალების 500-წლიანი ოკუპაციისგან, მაგრამ ბრმა შემთხვევის გამო ბერძნების სამხედრო კამპანიის ლიდერი დაიღუპა _ ალექსანდრე I-ს სამეფო ბაღში სეირნობისას უკბინა მაიმუნმა და სისხლის მოწამვლის გამო 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან 2 წლის შემდეგ, ბერძნების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად, ძლევამოსილი სამხედრო კამპანია ეროვნულ კატასტროფად გადაიქცა, მაიმუნი კი ბერძნებისთვის _ ყველაზე საძულველ ცხოველად.

თუთიყუში

ალექსი _ გენიოსი თუთიყუში

აფრიკულმა ნაცრისფერმა თუთიყუშმა, სახელად ალექსმა სრულიად შეცვალა ადამიანების წარმოდგენა ცხოველების ინტელექტზე. საოცრად საზრიანი ფრინველი, რომელმაც წარმოაჩინა თავისი კოგნიტური და კომუნიკაციური უნარები, მძაფრი დისკუსიების ობიექტი შეიქნა მკვლევარ-ნატურალისტებს შორის. მას შეეძლო შემოქმედებითად გამოეყენებინა ადამიანის სიტყვები და ფრაზები, ხოლო გონებრივი შესაძლებლობებით 5 წლის ბავშვის დონეზე იყო. თუთიყუშს ფერების აღქმაც კი შეეძლო, აგრეთვე, საგნებისა და იცოდა მნიშვნელობა სიტყვებისა: დიდი, პატარა, ზევით, ქვევით.

ცხენი

ცხენი, სახელად ჯიმი

იცოდით, რომ დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენას ცხენს უნდა ვუმადლოდეთ? ულაყი, სახელად ჯიმი წინასწარგანზრახვით დაასნებოვნეს დიფტერიის ჩხირით, მაგრამ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, რომელთაც არ გაუმართლათ, ის ცოცხალი დარჩა. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჯიმის ორგანიზმმა გამოიმუშავა ანტისხეულები, რომლებიც შეებრძოლნენ დაავადებას. ამ ექსპერიმენტმა სპეციალისტებს მისცა დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის შექმნის საშუალება, ჯიმი კი ისტორიაში შევიდა, როგორც სამედიცინო საოცრება, რომელმაც მილიონობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.

ობობა

ობობა, რომელმაც რობერტ I აღაფრთოვანა

შოტლანდიის სახელგანთქმული მონარქი, დამოუკიდებლობისთვის თავისი ქვეყნის გმირული დაცვის ორგანიზატორი ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რობერტ I ბრუსი ბევრისთვის ცნობილია ფილმით “მამაცი გული”, მაგრამ, სანამ შოტლანდიის გმირი გახდებოდა, ბრუსმა რამდენიმე დამამცირებელი და მძიმე პერიოდი გადაიტანა, რომელთა გამოც 1306 წლის ზამთარში იძულებული შეიქნა, დამალულიყო გამოქვაბულში კუნძულ რატლინზე. ლეგენდის თანახმად, ის აკვირდებოდა ობობას, რომელიც ფართო გამოქვაბულში ქსოვდა ქსელს, ობობას მიერ მოქსოვილი ქსელი ხშირად წყდებოდა. ამის მიუხედავად, ჯიუტი მწერი თავისი საქმის კეთებას ყოველდღე განაგრძობდა, სანამ ქსელმა საკმაო სიმტკიცე არ შეიძინა. რობერტი ისე აღაფრთოვანა ობობის შეუპოვრობამ, რომ გამოუკეთდა გუნება-განწყობა და მიიღო გადაწყვეტილება, ბოლომდე ებრძოლა სამშობლოს გასათავისუფლებლად.

ჩეკერსი

ჩეკერსი _ ძაღლი, რომელმაც თავისი პატრონის პოლიტიკური კარიერა გადაარჩინა

1952 წლის 23 სექტემბერს იმხანად სენატორმა რიჩარდ ნიქსონმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და გულში ჩამწვდომი სიტყვა წარმოთქვა. არჩევნებში ნიქსონი იყო ვიცეპრეზიდენტის პოსტის კანდიდატი, თუ პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი იქნებოდა.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ნიქსონი უკანონო შემოწირულების მიღებაში დაადანაშაულეს. თავის გამოსვლაში მან უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ერთადერთი საჩუქარი, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიისას მიიღო, იყო კოკერ-სპანიელის ჯიშის ლეკვი. სწორედ “ჩეკერსზე სიტყვის” წყალობით დარჩა ის რესპუბლიკურ პარტიაში ეიზენჰაუერის მეწყვილედ, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერი აშშ-ში გამოცხადებულია პოლიტიკაში ძაღლის დღედ, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია, როგორც ჩეკერსის დღე.

ასტრონავტი შიმპანზე ჰემი

ასტრონავტი შიმპანზე ჰემი

შიმპანზეს ჰემი დაარქვეს ჰოლომანის საავიაციო-კოსმოსური ცენტრის პატივსაცემად და პოპულარობა მოიხვეჭა. ამერიკაში ჟურნალ “ლაიფის” გარეკანზეც კი მოხვდა მას შემდეგ, რაც 1961 წლის 31 იანვარს ჩასვეს კოსმოსურ ხომალდ “მერკური-რედსტოუნ-2”-ში და კოსმოსში გაუშვეს კანავერალის კონცხიდან. გაფრენის წინ ჰემს შეასწავლეს სინათლის სიგნალზე ბერკეტის გადაწევა. ბრძანების ზუსტად შესრულებისთვის მას ბანანით აჯილდოებდნენ, ხოლო თუ შეცდებოდა, დაბალი ძაბვის დენი ურტყამდა თათზე. შიმპანზე შესანიშნავად ასრულებდა დავალებას. ჰემი იყო პირველი ცხოველი, რომელმაც დავალებები შეასრულა კოსმოსური ხომალდის სივრცეში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here