მთავარი საზოგადოება ჩემი მეგობარი ჯამლეტი-2

ჩემი მეგობარი ჯამლეტი-2

382
გააზიარეთ
ჯამლეტ ხუხაშვილი

წლების წინათ ჯამლეტ ხუხაშვილისთვის ჩამორთმეული ინტერვიუ, რომელიცსაქართველო და მსოფლიოშიდაიბეჭდა, ასე იყო დასათაურებული _ “ჩემი მეგობარი ჯამლეტი”. ამჯერადაც ვიმეორებ, უმნიშვნელო ცვლილებით _ მსგავსადტერმინატორი-2”-ისა. მოდის და მოაბიჯებს ტერმინატორივით ჯამლეტი ლადო ასათიანის ქუჩაზე, თითქოს თან მოაქვს თავისი უბნის ნახევარი მაინც _ სოლოლაკის, ფეთხაიმის ზემოთ რომ არის, ის ნაწილი. ძლიერებით, ჟინით, სიცოცხლის სიყვარულით სავსე ჩემი მეგობარი ჯამლეტი _ ისეთივე ახალგაზრდა და ბობოქარი, როგორიც ამ 43 წლის წინათ იყო, როცა ერთად მოგვიწია მუშაობა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, მისი წარმატებული გზის დასაწყისში.

_ ერთი ცინიკური ფრაზის ავტორს თუ დავუჯერებთ, ჩემო ჯამლეტ, არაფერი ისე არ აღიზიანებს ადამიანს, როგორც სხვისი კარგი მაგალითი. შენი წარმატებული მოღვაწეობის განმავლობაში გიგრძვნია ვინმეს გაღიზიანება?

_ არა, არასოდეს! შეიძლება სადღაც იყო კიდეც ასეთი ვინმე, მაგრამ მე პრაქტიკულად მსგავსი არაფერი განმიცდია. რომც შემემჩნია, არავის არასოდეს ვეტყოდი, რომ ის ნეგატივი ჩემს თავზე მივიღე, რომ მას ჩემი კარგი არ უხარია.

_ სიტყვის თავისუფლებაზე კამათისას ზოგჯერ (და არცთუ იშვიათად) სადღაც ამოკითხულ ასეთ დებულებას მოიშველიებენ: სისულელის თქმის უფლება პიროვნების განვითარების გარანტიაა.

_ ჭკვიან ადამიანებს კი უთქვამთ: თავისუფლება ბრძოლა კი არ არის, ჰარმონიააო. ჰარმონიული ცხოვრების სასარგებლოდ უნდა იმუშაოს თავისუფალმა სიტყვამ და არა ლანძღვისთვის და ურთიერთობის გასამწვავებლად.

სისულელის თქმის უფლებას რაც შეეხება, ქართველ კაცს კარგად უთქვამს: “გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა”. მიუშვებ და საზოგადოებასაც ავნებს, რადგან სისულელეს მოჰყვება ცილისწამება, მორალური დათრგუნვა. ცილისწამების წინააღმდეგ კანონი ჯერჯერობით არ არსებობს და ზოგი ამით სარგებლობს, ამით ცხოვრობს. ასეთი ზედმეტი, უსაზღვრო და გადამეტებული “დემოკრატიის” კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ღუპავს პიროვნებას და აუტანელს ხდის საზოგადოების ცხოვრებას. დაგისახელებდით კონკრეტულ მაგალითებსაც, მაგრამ მათ წისქვილზე წყლის დასმა გამომივა… არავის მოუტანია მსგავსი ჭორი ჩემამდე.

_ თქვენი დიდი ოჯახის დედის, უკეთილშობილეს ქალბატონ სიფორას ბრძნული გამონათქვამის მიხედვით, საქებარსა მაქებარი რომ არ ჰყავდეს, უქებარი დარჩება.

_ არასოდეს! ლანძღვისგან _ კი. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ პირში მთქმელი კაცი ვარ. მართალია. მაგრამ არც საკუთარ თავს, არც სხვას არ ვაკადრებ, რომ საზოგადოების წინაშე, საჯაროდ გავლანძღო. რაც საჭირო იქნება, პირისპირ შეხვედრისას ვეტყვი. კარგი კაცის ქება გვმართებს, ჩვენს მორალურ კანონში ასე წერია. ღირსეულის შექება ახალი კეთილშობილური ქმედებისთვის ადამიანის წახალისების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. სიკეთის განფენილობა იზრდება ამ დროს ჩვენ გარშემო.

სპორტული კომენტატორები: ჯამლეტ ხუხაშვილი, კოტე მახარაძე და ნუგზარ ჯუღელი
სპორტული კომენტატორები: ჯამლეტ ხუხაშვილი, კოტე მახარაძე და ნუგზარ ჯუღელი

_ 75 წელს მიღწეულმა ჯამლეტ ხუხაშვილმა ხომ არ შეკვეცა თავისი მოღვაწეობის მრავალმხრივობა?

_ არა, რა თქმა უნდა! ყველაფერს ისევე განვაგრძობ, როგორც აქამდე. ვიყავი და ვრჩები სპორტულ მიმომხილველად ჩემს რადიო “ჯაკოში”, რომელიც უკვე ტელევიზია გახდა, ვუძღვები რეპორტაჟებს; სპორტული მიმომხილველი ვარ რამდენიმე სატელევიზიო არხზე. ჩვენს სტუდიაში მომზადებულ გადაცემებს სხვადასხვა არხი აქტიურად გამოიყენებს. დღეს 65 ტელეარხია საქართველოში: ოღონდ კარგი გადაცემა მოამზადე და ხელიდან წაგგლეჯენ.

ამას გარდა, “მაკაბის” სკოლაში ვავარჯიშებ ჯგუფს, ვაკონტროლებ სხვა ჯგუფებს, რომლებიც ჩვენს სკოლაშია.

როგორ სპორტსმენებს ვამზადებთ, საყოველთაოდ ცნობილია. გაგახსენებთ, რომ ჩემი გაზრდილი გიორგი შერმადინი (სტეფანიაზე არაფერს ვიტყვი, რომელიც პირველი ქართველი კალათბურთელი იყო, ენბიაიში წლების განმავლობაში რომ ითამაშა) შარშან ესპანეთში ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე გახდა. ახლახან კი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნად ყოფნის დროს ორ შეხვედრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა შონ ბრედლის. გიორგი შერმადინს, რომელიც ამ მატჩებში საუკეთესო იყო ქულების მოპოვებაშიც, მოხსნებშიც, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვითაც, არც ერთი ჯარიმა არ მიუღია. მე ჩემი მოვალეობა საქართველოს კალათბურთის წინაშე შერმადინის აღზრდით ერთგვარად მოვიხადე.

_ ძმები რევაზაშვილებით გუნდის დაკომპლექტებას რომ აპირებდი, აქ როგორღაა საქმე?

_ სპორტის მოყვარულმა თქვენმა მკითხველებმა იციან, რომ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს კალათბურთის სამ-სამი კაცით დაკომპლექტებული გუნდების ტურნირი. ძმები რევაზაშვილები ამჟამად სხვადასხვა გუნდში თამაშობენ, მაგრამ ვემზადებით, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ ოლიმპიურ ასპარეზობაში სწორედ ერთი ოჯახის შვილებით დაკომპლექტებული გუნდით. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია. იმედს არ ვკარგავ, რომ ძმები ივარჯიშებენ, თავიანთ ოსტატობას დაამტკიცებენ და ჩენს ჩანაფიქრს რეალობად აქცევენ.

თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ სამი ძმის საშუალო სიმაღლე 2 მეტრი და 9 სანტიმეტრია.

_ ნათქვამი გაქვთ, რომ საქართველოსა და ისრაელის კალათბურთელთა ნაკრები გუნდების შეხვედრისას საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივრებთ მეც და საქართველოს ებრაელობა სრულადო, მაგრამ ასევე ერთსულოვნად ვუქომაგებთ ისრაელის ნაკრებს, როცა იგი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდებაო.

ხომ არ შეგიცვლია პოზიცია?

_ არა და არც არასოდეს შემეცვლება. ასე იქნება ყოველთვის. როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, რომლის საპატიო უფროსი კვლავ მე ვარ (გუნდის პირველი უფროსი, 1994 წლიდან მოყოლებული, როცა ნაკრები შეიქმნა და ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისაც ბესიკ ლიპარტელიანსა და ნოდარ ქორქიასთან ერთად საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა), ჩემი მშობლიური ნაკრებია და ყოველთვის მისი გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები.

_ ბატონო ჯამლეტ, ძალიან ხშირად გხედავენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეხვედრებზე, რომლებიც თბილისში იმართება. პრაქტიკულად არც ერთი ასეთი ღონისძიება არ გამოგიტოვებია. სპორტულჟურნალისტური საქმიანობით გადატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, მაინც ახერხებთ დედაქალაქისა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მოღვაწეობას?

როგორ ასწრებ?

_ სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როგორ ვასწრებ. 24 საათი არ მყოფნის. დიდი-დიდი 4 საათს მძინავს. ერთი კია, რომ წინასწარ ვამზადებ მომავალი დღის გეგმას, რომელიც კალაპოტში მაყენებს. ვცდილობ, დრო უქმად არ დავკარგო. მიხარია, რომ ვარ ყველგან, სადაც ვჭირდები ჩემს პროფესიას თუ საზოგადოებრივ საქმეს, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსა და ისრაელის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას. ვარ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმისა და საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გადარჩენის ფონდის პრეზიდენტი, ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის საერთაშორისო ასოციაციის წამყვანი, ამ საზოგადოების პრეზიდენტია ჩემი მეუღლე.

_ ქალბატონი ევა ბაბალაშვილი.

_ დიახ. ეს ასოციაცია თვეში რამდენჯერმე აწყობს შეხვედრებს გამორჩეულ ოჯახებთან და პიროვნებებთან, და ყველა ამ ღონისძიების წამყვანობა მე მაქვს დაკისრებული. ამიტომაა, რომ ასე ხშირად მიწევს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოსვლა. ისიც მიხარია, რომ, თუ სადმე ვინმე გამოსცემს წიგნს სპორტულ თემაზე, აუცილებლად მიმიპატიჟებენ პრეზენტაციაზე და, როგორც უხუცეს სპორტულ კომენტატორს, ამ შეხვედრების წაყვანას მთხოვენ. უარს არავის ვეუბნები, რადგან მსიამოვნებს ასეთ ხალხთან შეხვედრა, ასეთ წრეში ტრიალი.

_ დღეს სად იყავი (ინტერვიუ 4 მარტს ჩაიწერა)?

_ ამ დილით გაიხსნა კლინიკა, რომლის დირექტორი მამუკა ქაცარავაა. მიმაჩნია, რომ ქართული სამედიცინო სკოლა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია, რომ გვაქვს უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები, რომელთაც დღეს კიდევ ერთი თანამედროვე კლინიკა შეემატა.

ქართველ მედიკოსთა მეხოტბე ვარ.

იმასაც გეტყვით, რომ ვარ პაციენტთა ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. ჩვენი კომისია ერთგვარი შუამავალია პაციენტებსა და ექიმებს შორის და, როცა საჭიროა, ახერხებს, რომ ექიმები უანგაროდ დაეხმარონ ხელმოკლე ავადმყოფებს გამოკვლევებითა თუ მედიკამენტებით. კლინიკებში მხოლოდ საზეიმო გახსნებზე არ დავდივარ. ვახერხებ მჭიდრო, მაქსიმალურად ოპერატიული და საქმიანი კავშირი მქონდეს მათთან, რათა ვიცოდე, რომელს რა შესაძლებლობა გააჩნია და რით შეიძლება დაეხმაროს ჩვენს თანამოქალაქეებს.

_ იუბილეს 14 აპრილს აღნიშნავ, მაგრამ დაბადებული ხარ ცამეტში. აქამდე ასე იყო. რატომ გადაწიე?

_ იმიტომ, რომ 13 აპრილს ბათუმში გაიხსნება მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში და იქ უნდა ვიყო. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაკრების წევრები წარმატებით იასპარეზებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი უმცროსი მეგობარი ლაშა ტალახაძე ახალ მსოფლიო რეკორდებს დაამყარებს და მინდა, პირადად იქ მივულოცო.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ლაშა ტალახაძე ბათუმში, რა თქმა უნდა, დაამყარებს ახალ რეკორდებს და ყველანი გულწრფელად მივულოცავთ.

დღეს კი კაცობაში, მეგობრობაში, საქართველოსადმი სიყვარულში, მამულიშვილობაში ჩემპიონსა და რეკორდსმენს _ ჯამლეტ ხუხაშვილს 75 წლის იუბილეს მივულოცავთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციის სრული შემადგენლობა.

ამბობენ, რომ დაბადების დღის წინასწარ მილოცვა არ შეიძლებაო. სისულელეა!

შენ ხომ არ გჯერა ამ ორღობის სისულელის, ბატონო ჯამლეტ, ჩვენო მეგობარო?!

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here