Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე შუასაუკუნეების 5 ღირსშესანიშნაობა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

შუასაუკუნეების 5 ღირსშესანიშნაობა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

2164
წმინდა მიქაელის მთა, საფრანგეთი

წმინდა მიქაელის მთა, საფრანგეთი

წმინდა მიქაელის მთა (Mont Saint Michel) ცნობილი კუნძული-ციხესიმაგრეა, რომელიც მდებარეობს ქვედა ნორმანდიაში, საფრანგეთის ჩრდილოეთით. ეს განსაცვიფრებელი ქალაქი კლდეზე, რომელსაც ყველა მხრიდან ზღვა აკრავს, განთქმულია არა მხოლოდ საკვირველი ისტორიით, არამედ იმითაც, რომ ამ ადგილას ძალიან ძლიერი მოქცევა და მიქცევა იცის. ციხესიმაგრის ისტორია VIII საუკუნიდან იწყება, როცა ამ ადგილას პატარა დასახლება გაჩნდა, მაგრამ სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც აქ მცხოვრებ ღვთისმსახურს გამოეცხადა მიქაელ მთავარანგელოზი. ამ ადგილას თემმა ააგო პატარა სამრეკლო წმინდანის პატივსაცემად და მას შემდეგ კუნძულს წმინდა მიქაელის მთას უწოდებენ. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა სააბატოს მშენებლობა, რომელიც 966 წელს დასრულდა. მას შემდეგ ეს ადგილი მომლოცველთა ცენტრად იქცა. ცოტა ხნის შემდეგ იქ ააგეს დამცავი კედელი და ადგილი გადაიქცა ქალაქ-ციხესიმაგრედ. გოთიკური და რომანული სტილის არქიტექტორული შედევრები უამრავ ტურისტს იზიდავს. 1974 წლიდან წმინდა მიქაელის მთა იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია.

ბრიუგეს არხები
ბრიუგეს არხები

ბრიუგეს არხები, ბელგია

ბრიუგე _ დასავლეთი ფლანდრიის დედაქალაქი, ბელგიის ვენეციაა. ის თითქმის მთლიანად განლაგებულია არხებზე, ეს თავისებური საწყლოსნო გზები, ვიწრო ხეივნები, მტირალა ტირიფები და კოლორიტული კოტეჯები ზღაპრული ქალაქის სიმბოლოდ იქცა.

ბრიუგეს გასაოცარი არხები 1128 წელს შეიქმნა. ეს არხები მრავალი ასწლეულის განმავლობაში ასრულებდნენ მთავარი “არტერიების” როლს ქალაქის განვითარების საქმეში. არხების სისტემამ არა მხოლოდ გააძლიერა საერთაშორისო ვაჭრობა, არამედ ბრიუგე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქად აქცია ევროპის რუკაზე. მიუხედავად იმისა, რომ არხების როლი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ქვეყნისა და კონტინენტის ცხოვრებაში, თვით არხები, ძირითადად, უცვლელი რჩებოდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, წარმოვიდგინოთ, როგორი ცხოვრება იყო შუა საუკუნეების ბელგიაში. ამჟამად ეს ყველაზე მოდური ღირსშესანიშნაობაა, რომლის დათვალიერებასაც უამრავი ტურისტი ცდილობს.

სენტ-შეპელის კაპელა
სენტ-შეპელის კაპელა

სენტშეპელის კაპელა, საფრანგეთი

კაპელა სენტ-შეპელი (Sainte Chapelle) 1248 წელს ააგეს პარიზში მეფე ლუი IX-ის ბრძანებით. განლაგებულია სამეფო ციხესიმაგრის ეზოში. ის ჩაფიქრებული იყო არა მხოლოდ როგორც ღმერთისადმი მიმართვის საშუალება, არამედ, როგორც ჯვაროსნების მიერ ლაშქრობებში მოპოვებული რელიკვიების საცავი. ნივთების დიდი ნაწილი ჩამოტანილი იყო კონსტანტინოპოლიდან. ეკლესიაში ინახებოდა კათოლიციზმისთვის განსაკუთრებით ღირებული არტეფაქტები, მათ შორის ეკლიანი გვირგვინი და ჯვრის ფრაგმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რელიკვია გადატანილი იქნა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში (1804 წ.), სენტ-შეპელის კაპელა კვლავ რჩება მომხიბვლელ არქიტექტურულ ნაგებობად ტურისტებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიტრაჟები, რომლებზეც გამოსახულია 1113 ბიბლიური სცენა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, საფრანგეთი

ღვთისმშობლის სახელობის პარიზის საკათედრო ტაძარი (Notre-Dame Cathereal) შუასაუკუნეების ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. ეს ტაძარი განთქმულია თავისი დიზაინითა და შთამბეჭდავი სკულპტურებით, აგებულია ღვთისმშობელი მარიამის პატივსაცემად. ამ გიგანტური ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1160 წელს და 200 წელიწადს გაგრძელდა. 1847-1864 წლების საფრანგეთის რევოლუციის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული ტაძრის სკულპტურები და მორთულობები ლასმა და ვიოლიე-ლე-დიუკმა აღადგინეს. სწორედ ამ რესტავრაციისას გადაწყვიტა ვიოლიე-ლე-დიუკმა, შეექმნა 56 ქიმერა, რომლებიც დღესაც ამშვენებს კოშკის გალერეას. ეს უნიკალური ტაძარი განთქმულია არა მხოლოდ თავისი ზომებითა და დაუჯერებელი ვიტრაჟებით, არამედ უზარმაზარი ზარითაც, რომლის წონაც 13 ტონაა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყველაზე პოპულარული ფრანგული ღირსშესანიშნაობაა ტურისტებს შორის.

პრაღის ასტრონომიული საათი,
პრაღის ასტრონომიული საათი

პრაღის ასტრონომიული საათი, ჩეხეთი

მსოფლიოში განთქმულ პრაღის ასტრონომიულ საათს, რომელიც რატუშის ერთ-ერთ კოშკშია დამონტაჟებული, პრაღის კურანტებს უწოდებენ. მექანიკური საათი და ასტრონომიული ციფერბლატი, რომელიც მზისა და მთვარის მდებარეობას განსაზღვრავს რეალურ დროში, 1410 წელს დადგეს. 1490 წელს დაუმატეს კალენდრის ციფერბლატი, ხოლო 1600-იან წლებში _ ხის სკულპტურები, რომლებიც განსაზღვრულ დროს “ცოცხლდებიან” და მოძრაობას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ძველად საათის მექანიზმის გამართული მუშაობისთვის იქ იდგნენ ზედამხედველები, რომლებსაც, თუ საათი გაფუჭდებოდა, მიზეზი უნდა აღმოეფხვრათ და ისრებს მოძრაობა განეგრძოთ. სამწუხაროდ, საათის ამჟამინდელი ვარიანტი ცნობილი პრაღის კურანტების ასლია, იმიტომ, რომ 1945 წლის 8 მაისის ხანძრის შემდეგ (საათს ცეცხლგამჩენი ბომბი მოხვდა), რომელმაც რატუშა გაანადგურა, მის აღდგენას 3 წელიწადი დასჭირდა, ყველაფრის მიუხედავად, პრაღის საათი უძველესი ასტრონომიული საათია, რომელიც დღემდე მუშაობს და უამრავ ტურისტს იზიდავს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here