მთავარი ისტორია შაჰ აბას I ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

შაჰ აბას I ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

4092
გააზიარეთ
გიორგი სააკაძე

1614 წლის შაჰ აბას I-ის შემოსევამ კახეთს არნახული ზიანი მიაყენა. განადგურდა მრავალი ქალაქი და სოფელი, ცეცხლს მიეცა ეკლესიამონასტრები და საცხოვრებლები; მოიშალა სამეურნეო ცხოვრება, გაწყდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დამპყრობლებმა თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს.

კახელებმა დიდხანს ვერ აიტანეს ყიზილბაშთა ბატონობა. 1615 წელს დაიწყო აჯანყება, რომელსაც დავით ჯანდიერი მეთაურობდა. გახიზნული თეიმურაზ I სასწრაფოდ დაბრუნდა კახეთში და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. იგი თავად წარუძღვა ჯარს შეტევაზე. 5 ათასმა ქართველმა 15 ათას ყიზილბაშს მუსრი გაავლო და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

განრისხებული შაჰი 1616 წელს კახეთის დასასჯელად და ამოსაგდებად დაიძრა. ის ჯერ თბილისში შემოვიდა და ქართლის მმართველად დაუდ ხანის შვილი, გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. თეიმურაზი მიხვდა, რომ ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იმერეთში გაიხიზნა. დავით ჯანდიერის მეთაურობით კახელები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს. ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხავდნენ ბაღებსა და ვენახებს. 1617 წელს ირანელებმა კვლავ დალაშქრეს კახეთი. შაჰ აბას I-ის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად აღმოსავლეთ საქართველო საშინლად აოხრდა და განადგურდა.

განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეს ლაშქრობები კახეთისთვის. 100 ათასი ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან ბრძოლაში. 200 ათასი დატყვევებული ქართველი კი შაჰმა ირანში გადაასახლა და ირანის პროვინციებში: ხორასანში, მაზანდარანსა და ფერეიდანში ჩაასახლა. დღემდე მხოლოდ ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გამუსლიმანდნენ. ფერეიდნელმა ქართველებმა იციან თავიანთი ისტორია და იციან, რომ მათი სამშობლო საქართველოა. გადასახლებული ქართველების ადგილზე მომთაბარეების ჩამოსახლება დაიწყეს. ბაგრატ-ხანის გარდაცვალების შემდეგ შაჰმა ქართლის მმართველად მისი ძე _ სვიმონ-ხანი დანიშნა და მისი მცირეწლოვანების გამო მეურვედ გიორგი სააკაძე დაუნიშნა. ქართლის ფაქტობრივი მმართველი გიორგი სააკაძე იყო. იგი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა იყო. ის იყო თბილისის მოურავიც. სააკაძემ ახალგაზრდობიდანვე გამოიჩინა თავი, როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა. მან 1609 წელს ტაშისკართან ბრწყინვალე სამხედრო მანევრით დაამარცხა ქართლში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი ოსმალთა არმია. ამით მეფე ლუარსაბ II დატყვევებას, ხოლო ქართლი აოხრებას გადაარჩინა. მოგვიანებით ძლიერ ფეოდალურ სახლებთან დაპირიპირების გამო ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და სპარსეთში გადახვეწილიყო. იქ მან მუსლიმანობა მიიღო. გიორგი სააკაძე იქაც აქტიურად მოღვაწეობდა სამხედრო ასპარეზზე და არაერთი გამარჯვება მოუტანა ირანის არმიას.

გიორგი სააკაძემ დიდი სამხედრო ნიჭი და სიმამაცე გამოავლინა შაჰ აბასის ინდოეთში, ავღანეთში ლაშქრობისას, ყანდაჰარის აღებისას. შემდეგ მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, თავი ისახელა ბაღდადის აღებისას.

კახეთიდან ლტოლვილი თეიმურაზ I ყოველნაირად ცდილობდა, ქვეყანაში მდგომარეობა გამოესწორებინა. თეიმურაზმა რუსეთში გააგზავნა ელჩები, მაგრამ უშედეგოდ. მეფის გაუტეხლობით განრისხებულმა შაჰმა შური მის შვილებზე იძია _ ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისეს. შაჰაბას I-მა განიზრახა, ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა საქართველოს საკითხი. მან ჯერ ქართველების მორალური გატეხა დააპირა და ლუარსაბ II- გამაჰმადიანება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, 1622 წელს, ლუარსაბი ციხეში მოაშთობინა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ მეფე ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა.

შემდეგ შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა ქეთევან დედოფალს. ქეთევან დედოფალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. შაჰმა იცოდა, თუკი დედოფალი გამაჰმადიანდებოდა, ეს ირანის უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. მრისხანე შაჰმა ვერაფრით აიძულა ქეთევანი, რჯული გამოეცვალა. 1624 წლის 12 სექტემბერს შირაზში ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამეს. ეკლესიამ წამებული დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქრისტიანულ სამყაროში. პორტუგალიაში, ერთ-ერთი ტაძრის კედელზე არის ქეთევანის წამების ფრესკა.

1625 წელს შაჰაბას I-მა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ჯარი გამოგზავნა. მას სათავეში წარმოშობით სომეხი, გამაჰმადიანებული ყარჩიხახანი ჩაუყენა. მას შაჰისგან დავალებული ჰქონდა კახელების სრული ამოწყვეტა, ქართლელების აყრა და ირანში გადასახლება. სადამსჯელო ექსპედიციის ერთერთ სარდლად გიორგი სააკაძეც იყო. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. გიორგი სააკაძე ქართველთა მხარეზე გადავიდა და მათ შეძლეს ირანელთა ლაშქრის დამარცხება. 30-ათასიანი ირანული არმია თითქმის მთლიანად განადგურდა. აჯანყებულებმა რამდენიმე დღეში მთლიანად განდევნეს ქართლიდან და კახეთიდან ირანული ჯარი. თეიმურაზი კი ქართლკახეთში მიიწვიეს და სამეფო ტახტზე დასვეს.

იმავე წელს შაჰმა ახალი ჯარი გამოაგზავნა საქართველოში თავისი სიძის _ ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით. 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე სასტიკი ბრძოლა გაიმართა ქართველებსა და ირანელებს შორის. ქართველებმა სძლიეს კიდეც მტერს, მაგრამ მალე ყიზილბაშთა ლაშქარს ახალი, დასვენებული ძალები შეემატა და, ქართველთა გმირობისა და სიმამაცის მიუხედავად, მრავალრიცხოვანმა მტერმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. 10 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის იყვნენ: დავით ჯანდიერი, რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვა მრავალი. ქართველებმა ბევრი მტერი დახოცეს. 14 ათასი ყიზილბაში დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში.

მარაბდის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა, გიორგი სააკაძის მეთაურობით, პარტიზანული ბრძოლებით დიდი ზიანი მიაყენეს მომხდურს _ მათ ქსნის ხეობაში 12-ათასიანი ყიზილბაშთა ლაშქარი გაანადგურეს.

საბოლოო ჯამში, ირანის შაჰმა უდიდესი სამხედრო მარცხი განიცადა. მისი არმიის ნახევარი, დაახლოებით 60 ათასი კაცი, საქართველოში განადგურდა. შაჰ აბას I მიხვდა, რომ ძალით ის ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდა და პოლიტიკა შეცვალა. მან ცნო თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ, სამაგიეროდ, თეიმურაზმა თავი ირანის ვასალად აღიარა. მალე თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შექმნილი ვითარება შაჰ აბასმაც გამოიყენა, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა დაპირისპირებულ მხარეებს. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც თეიმურაზმა გაიმარჯვა და სააკაძე იძულებული გახდა, ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც ის სულთნის კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა და 1629 წელს მოკლეს. იმავე წელს შაჰ-აბას I-ც გარდაიცვალა. შაჰის ტახტზე ისპაანის ტარუღას, ანუ მოურავის, ხოსრო-მირზას, შემდგომში როსტომ ხანის სახელით ცნობილი გამაჰმადიანებული ქართველის, დახმარებით ადის შაჰ-აბას I-ის შვილიშვილი _ სეფი I.

ახალმა შაჰმა თეიმურაზის ნაცვლად ქართლში ხოსრომირზა გამოგზავნა, კახეთი კი სელიმხანს ჩააბარა. აღმოსავლეთ საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში იყო. თუმცა ლუარსაბ II-სა და თეიმურაზ I-ის წინამძღოლობით ქართველთა წინააღმდეგობის გამო, აგრეთვე, ამ პერიოდში მრავალრიცხოვანი და არნახული გმირული თავდადების მაგალითების წყალობით შაჰაბას I-მა ვერ მოახერხა თავისი მთავარი მიზნის _ აღმოსავლეთ საქართველოს სრულიგათათრებისადა ირანის სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მისი შესვლის მიღწევა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here