Home რუბრიკები ისტორია ღირსეული პიროვნება

ღირსეული პიროვნება

3179
ვასილ მჟავანაძე

ფინეთისა და დიდი სამამულო ომის მონაწილე, გენერალლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე 1953 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას პირველ მდივნად. მას და მის მეუღლე ვიქტორიას გამოვლილი ჰქონდათ ლენინგრადის უმძიმესი 900-დღიანი ბლოკადა, ისინი ებრძოდნენ ფაშისტ დამპყრობლებს.

ვასილ მჟავანაძე

ვასილ მჟავანაძეს 1953-1972 წლებში, 19 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ისტორიისთვის 19 წელი ერთი გაელვებაა, მაგრამ, ვასილ მჟავანაძე რომ არა, შესაძლოა, დღეს საქართველო რუკიდან გამქრალი ყოფილიყო. სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება ჩვენი სამშობლოსა და სარწმუნოების გადარჩენა. მჟავანაძემ ჩამოსვლისთანავე დაიწყო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მან იცოდა, რომ საქართველო ოდითგან მიწათმოქმედების ქვეყანა იყო და ამიტომაც სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობდა. გარდა ამისა, უდიდეს ძალისხმევას იჩენდა სამრეწველო საწარმოების გადაიარაღებისთვის, მოდერნიზაციისა და ახალი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სიმძლავრეების მშენებლობისადმი. ფართო გასაქანი მიეცა ბინათმშენებლობას; დაიწყო ენგურჰესისა და მადნეულის კომბინატის მშენებლობა; აშენდა მეტროპოლიტენი, სპორტის სასახლე, ტელევიზია, ჯანმრთელობის, კულტურისა და საგანმანათლებო ობიექტები; დაიწყო ჯერ თბილისის და შემდეგ რაიონების გაზიფიკაცია, რამაც გადაარჩინა ჩვენი უნიკალური ტყეები. რესპუბლიკა დაემსგავსა უდიდეს სამშენებლო პოლიგონს, ქვეყნის ეკონომიკა მყარად დაადგა აღმავლობის გზას. უმაღლეს დონეზე აღინიშნა თბილისის დაარსებიდან 1500 და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის იუბილეები.

ვასილ მჟავანაძის წყალობით გადაურჩა დახურვას კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია. მისი მმართველობის პერიოდში არნახული წარმატება მოიპოვა მეცნიერებამ, ხელოვნებამ და სპორტმა.

ვასილ მჟავანაძე

ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივნების _ კანდიდ ჩარკვიანის, აკაკი მგელაძის რეაბილიტაციაც და გადასახლებიდან დაბრუნება პირადად მჟავანაძის დამსახურებაა (მოსკოვში ჩავიდა, სთხოვა და დაითანხმა პარანოიკი ნიკიტა ხრუშჩოვი).

ვასილ მჟავანაძე

ხრუშჩოვმა, როგორც კი საბჭოეთის ხელმძღვანელი გახდა, განკარგულება გასცა და სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოასვენეს. მას არა მხოლოდ სტალინი, ქართველი ხალხიც უსაზღვროდ სძულდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ქართველები მკაცრად დაესაჯა და სამშობლოდან გადაესახლებინა ციმბირის უმკაცრეს კლიმატურ ოლქებში. თავდაცვის მინისტრმა ჟუკოვმა მისგან დავალებაც მიიღო, _ ქართველები სატვირთო ვაგონებში შეეყარათ და შორეული აღმოსავლეთის გზისთვის გაეყენებინათ. ვასილ მჟავანაძე სასწრაფოდ ჩავიდა ხრუშჩოვთან და უმძიმესი საუბრის შემდეგ ქართველთმოძულე ნიკიტას ამ ბოროტ განზრახვაზე ხელი ააღებინა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რის ფასად.

ამ მოლაპარაკების შემდეგ, მჟავანაძემ ყველაფერი იღონა, რომ ლეონიდ ბრეჟნევსა და პოლიტბიუროს სხვა წევრებთან ფარული შეთანხმებით ნიკიტა ხრუშჩოვი ძალაუფლებისთვის ჩამოეშორებინათ. მჟავანაძემ საბჭოთა იმპერია არანორმალური ლიდერისგან იხსნა და, რაც მთავარია, საქართველო და ქართველი ხალხი უბედურებას გადაარჩინა. ტოტალური ათეიზმის პერიოდში ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიის მიმართ არამხოლოდ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, არამედ ზრუნავდა და აქტიურ თანადგომას უცხადებდა მას საჭირბოროტო საკითხებში.

ვასილ მჟავანაძე

ვასილ მჟავანაძეს უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო და მშობელი ერი, დღენიადაგ ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მისი 19-წლიანი ლიდერობის პერიოდი სათაყვანებელი სამშობლოს აღმავლობის, აღმშენებლობისა და ხალხის ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესების პერიოდი იყო. ნუთუ ასეთი თხემით ტერფამდე ნაღდი მამულიშვილის, ღირსეული, კეთილშობილი, კეთილსინდისიერი და გულისხმიერი პიროვნების, ღვთისნიერი და ზნეკეთილი ლიდერის სახელობის ქუჩა არ უნდა იყოს თბილისში?

თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ქალაქის საბჭოს გადასცა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე თავისი ბინა, თვითონ კი მოსკოვში პატარა კომუნალურ ბინაში აღესრულა; მისი სურვილით, თბილისში დაკრძალეს მეუღლის გვერდით. განა ცოტა გვყავს ღირსეული და სახელოვანი მამულიშვილები, რომელთა გვარ-სახელები დაამშვენებდნენ ჩვენი დედაქალაქის და რაიონული ცენტრების ქუჩებს?

ომარ მარგველაშვილი,

საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცეპრეზიდენტი,

საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here