Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული დემოკრატიის ხელოვნური განაყოფიერება

ქართული დემოკრატიის ხელოვნური განაყოფიერება

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ივანიშვილის ექსპერიმენტი?

1053
ბიძინა ივანიშვილი

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ურჩიაქართულ ოცნებას”, პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაასახელოს, არჩევნებმა, რომლის ბედს თითქმის ყველა გადაწყვეტილად თვლიდა, მოულოდნელად ინტრიგა შეიძინა. რა მოტივი ამოძრავებდა ივანიშვილს და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მისი ექსპერიმენტი?

“თუ ჭეშმარიტად გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სწრაფად განვითარდეს, მე პოზიცია მაქვს, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. არ დავასახელოთ ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, სამწუხაროდ, პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ მხარს და, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, მაშინ არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი. პოზიცია ძალიან მარტივია, დღეს გამგებლით დაწყებული, პრემიერმინისტრის ჩათვლით, ეკუთვნის “ქართულ ოცნებას”, ასევე, პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა, სამწუხაროდ, ისევე, როგორც ეკონომიკა, ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტემბლიშმენტი, ესეც საჭიროებს განვითარებას. ამ ფონზე, ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს”, _ განაცხადა ივანიშვილმა.

ამის თაობაზე მედიასა და სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვერსია გაჩნდა:

 პირველი ვერსიის თანახმად, ივანიშვილს ამის გაკეთება დასავლელმა პარტნიორებმა მოსთხოვეს და სწორედ ამაზე მიანიშნებს აპელირება “ევროპის” მიმართ;

მეორე, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ივანიშვილს, უბრალოდ, სურს, შეალამაზოს დემოკრატიული ფასადი, თორემ ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატი მის მიმართ ლოიალური იქნება.

არის შედარებით ჩახლართული ვერსიებიც, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი მიხვდა, რომ ფაქტობრივი ერთპარტიულობა, რომელიც თანამედროვე საქართველოში ტრადიციად იქცა, დამღუპველია მისი ხელისუფლებისთვის, ამიტომ ცდილობს, პოლიტიკური სპექტრი გადააწყოს, კონკურენტული მრავალპარტიული გარემო შექმნას და, შესაძლოა, 2020 წლიდან კოალიციურ მმართველობაზე გადავიდეს.

არც ერთი ჩამოთვლილი ვერსიიდან მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. ხშირ შემთხვევაში კომენტატორები, უბრალოდ, ივანიშვილს საკუთარ სურვილებსა და ვარაუდებს მიაწერენ. მაგალითად, ევროპული საქართველოსზოგიერთი მხარდამჭერი სოცქსელებში წერს, რომ ივანიშვილი აპირებს, ხელისუფლება თანდათან მათ გადააბაროს, ხოლო მათი მოწინააღმდეგეების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას სრული სერიოზულობით აღიქვამს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტი, ერთი შეხედვით, საბოლოოდ გადაიქცა “საპატიო ნოტარიუსად”, თუმცა სომხეთში ახლახან განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ კრიზისის პირობებში უუფლებო პრეზიდენტის მნიშვნელობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. ხელისუფლების შეცვლის პროცესში არმენ სარქისიანმა ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. პრეზიდენტი შეიძლება იქცეს ცენტრალურ ფიგურად სხვა კრიზისულ სიტუაციებში, ომისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე და შეიძლება მოუწიოს არა მხოლოდ ცერემონიალური როლის შესრულება, არამედ საკმაოდ რთული მოლაპარაკების გამართვაც; მაგალითად, ვლადიმერ პუტინთან, თუ რუსეთი და საქართველო პირდაპირ დიალოგს დაიწყებენ. და ბოლოს, მას გახლეჩილი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის მედიატორის როლის შესრულება უნდა შეეძლოს.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მისი ურთიერთობა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ რთული იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტების მთელი სერია (ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას? ვინ მოაწერს ხელს? და ა.შ.). მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირსპირების შედეგად ქვეყანაში ორი “პარალელური” უშიშროების საბჭო შეიქმნა. მარგველაშვილს ჰყოფნიდა კეთილგონიერება (ან არ ჰყოფნიდა სითამამე) იმისთვის, რომ რადიკალურ დაპირისპირებაზე წასულიყო. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის დანიშვნას უკავშირდება. მარგველაშვილი და მისი გარემოცვა თითქოს მიანიშნებდნენ, რომ პრეზიდენტმა შეიძლება “ქართული ოცნების” აზრი უგულვებელყოს და სხვა კანდიდატი დაასახელოს. ამ და სხვა მსგავსი ეპიზოდების იურიდიული მხარის ანალიზს მარტივ დასკვნამდე მივყავართ: უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს მაინც რჩება საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ მწვავე კრიზისი გამოიწვიოს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების (ანუ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების) შემდეგ ივანიშვილს “ქართუ” ბანკს ჩამოართმევს, ქონებას დაუყადაღებს და ა.შ. პრეზიდენტს ამის უფლება, რა თქმა უნდა, არ აქვს, თუმცა სააკაშვილი, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ინსტიტუტს უყურებს, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც კრიზისის მოწყობის და ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ამ პოსტზე “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირებული პოლიტიკოსის არჩევა ქვეყნის დესტაბილიზაციის ალბათობას მკვეთრად გაზრდის. აქ საქმე მხოლოდ იურიდიულ ბერკეტებში როდია, ჯერ კიდევ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მიუთითებდა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტის კონფლიქტი ასევე უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტთან (და, შესაბამისად, მთავრობასთან) შეიძლება ძალიან საშიში გამოდგეს.

ივანიშვილის ინტერვიუმდექართული ოცნებისლიდერები უყურებდნენ პრეზიდენტის პოსტს, როგორც მორიგ მწვერვალს, რომელსაც პარტია გარანტირებულად დაიპყრობს. სხვადასხვა ჯგუფი შიდაპარტიული კონკურენციის პროცესში თავის კანდიდატებს ასახელებდნენ. ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდა პარლამენტარების ჯგუფი აქტიურობდა.

ამაზე პარტიაში “კვირიკაშვილის კრიზისამდეც” საუბრობდნენ, ძირითადად დემოკრატიული ფასადის გალამაზების კონტექსტში. განიხილებოდა სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და რამდენიმე აპოლიტიკური საზოგადოებრივი მოღვაწის კანდიდატურა. იგულისხმებოდა, რომ არჩევნები დაახლოებით ისე წარიმართებოდა, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2016 წელს მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ დააყენა და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, რომელმაც, განსაკუთრებული გართულებების გარეშე, დაამარცხა “ნაცმოძრაობის” კანდიდატი ნიკა რურუა, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ ინტენსიური საარჩევნო კამპანია ჰქონდა.

პრობლემას პოლიტტექნოლოგიური განზომილებაც აქვს _ სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ უნდობლობა ძველი პარტიების მიმართ ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. სწორედ ამ გარემოებამ უზრუნველყო ალეკო ელისაშვილის შთამბეჭდავი შედეგი თბილისის მერის არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი კამპანია მთლიანობაში საკმაოდ სუსტი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, “სამოყვარულო” იყო. ყველა პარტია ცდილობს, ახალი ნიღაბი მოირგოს. “ნაციონალური მოძრაობა” ჯიუტად ამტკიცებს, რომ გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს სამოქალაქო მოძრაობას “ძალა ერთობაშია”. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ საკუთარი პარტიის სახელს დაუფარავად მხოლოდ დავით ბაქრაძე გამოიყენებს, ხოლო დანარჩენები ლიდერთა ხუთეულში ფორმალურად დამოუკიდებელი თუ “საზოგადოებრივი” კანდიდატები იქნებიან.

ივანიშვილის მეორე იდეა _ “არც არავის დავუჭიროთ (მხარი) და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი” _ შეიძლება საკმაოდ საშიშ სცენარს დაუკავშირდეს. ბოლო წლების არჩევნებში აპრობირებული ალგორითმის თანახმად, მეორე ტურში “ნაცმოძრაობის” კანდიდატი გარანტირებულად მარცხდება, რადგან მის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება (ეს “ევროპულ საქართველოსაც” ეხება), მაგრამ იმ შემთხვევაში, თუქართული ოცნებამხარს არავის დაუჭერს, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ბევრი იქნება და ისინი ამომრჩეველთა ძირითადი მასის ხმებსგახლეჩენ”, გაჩნდება მეორე ტურშინაცმოძრაობისადაევროპული საქართველოსკანდიდატების გასვლის თეორიული შანსი. ეს სააკაშვილის ძველ მოწინააღმდეგეებს, სავარაუდოდ, შოკში ჩააგდებს და ქვეყანას უმწვავესი კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენებს.

დღეს თითქმის არავინ დავობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილისთვის სასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს. მას ამისთვის, ბოლოდროინდელი კრიზისის მიუხედავად, ჯერჯერობით საკმარისი რესურსი აქვს. ამავე დროს, საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს ტრამპლინს 2020 წლის საეტაპო საპარლამენტო არჩევნების წინ. სწორედ ახლა გადაწყდება, მოახერხებენ თუ არა უსუფაშვილი, მარგველაშვილი და მათი პოტენციური მოკავშირეები ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას, რომელიც “კონსტრუქციული პროდასავლური ოპოზიციის” ნიშაში დარჩენილ სიცარიელეს შეავსებს, შემდეგ კი “ქართული ოცნების” კოალიციური პარტნიორი გახდება. ამ პერსპექტივაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება”, უარი თქვას შემდგომ ექსპანსიაზე და ხელი შეუწყოს კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას. “მოქალაქეთა კავშირსა” და “ნაცმოძრაობას” ეს არ გამოუვიდა (პრინციპში, არც უცდიათ).

ყველაზე შემაშფოთებელი ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი აშკარად მოწადინებულია, შეცვალოს ძველი სისტემა, რომელმაც მმართველი პარტია სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა, მაგრამ თითქმის არაფერს ამბობს იმაზე, რა შედეგის მიღწევას აპირებს და რა იდეებით ხელმძღვანელობს. პროცესი მთლიანობაში ძალიან ჰგავს მშენებლობას, რომლის ნახაზი არავის აქვს, ხოლო მთავარი არქიტექტორი და ინჟინერი დროდადრო ძნელად აღსაქმელ, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგო მითითებებს იძლევა. პროცესი თითქოს წინ მიდის, მაგრამ სულ უფრო მეტი მშენებელი შიშობს, რომ ის შეიძლება შენობის ჩამონგრევით დასრულდეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here