Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ქალები, რომელთა გარეშეც მამაკაცები სახელს ვერ გაითქვამდნენ

ქალები, რომელთა გარეშეც მამაკაცები სახელს ვერ გაითქვამდნენ

427
იოკო ონო და ჯონ ლენონი

1995 წლის აპრილში პიერ და მარია კიურების ნეშტები პარიზის პანთეონში გადაასვენეს. ისტორიაში ბევრია წარმატებული ქალი და მამაკაცი, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ კავშირები, რომელშიც ორივე პარტნიორი დაინტერესებულია ერთმანეთის განვითარებით, ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივია. ფსიქოლოგიურ ეფექტს, როდესაც ადამიანის ამოცანა მისი მეორე ნახევრის დახმარებაა იდეალის მიღწევაში, მიქელანჯელოს ეფექტს უწოდებენ. გავიხსენოთ ქალები, რომელთა დამსახურებითაც სახელი გაითქვეს მამაკაცებმა.

მარია და პიერ კიურები
მარია და პიერ კიურები

მარია და პიერ კიურები

ცოლ-ქმარი კიურები რადიოაქტიური ელემენტების შესწავლით იყვნენ დაკავებულნი, სწორედ მათ აღმოაჩინეს პოლონიუმი და რადიუმი. სხვათა შორის, ელემენტს პილონიუმი ეწოდა მარიას სამშობლოს, პოლონეთის, პატივსაცემად. კიურებმა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 1903 წელს მიიღეს რადიაციის გამოკვლევისთვის და მარია ნობელის პრემიის ლაურეატი პირველი ქალი გახდა. მარია სკლადოვსკაია და პიერ კიური ერთმანეთს პირველად 1894 წელს შეხვდნენ. ქვრივი მეცნიერის ყურადღება უმალვე მიიპყრო ქერათმიანმა ფრიადოსანმა ქალმა, რომელიც ლაბორატორიას ეძებდა ცდების ჩასატარებლად და პიერმაც თავისთან მიიწვია სამუშაოდ, მას შემდეგ წყვილი განუყრელად ცხოვრობდა.

მარიამ პიერის მხრიდან ხელისა და გულის პირველი თხოვნა უარყო, რადგან სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობდა, მაგრამ მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. 1895 წელს მარია და პიერი დაქორწინდნენ. ქორწილში ნაჩუქარი ფულით წყვილმა ველოსიპედები იყიდა და სამოგზაუროდ წავიდა. 25 წლის შემდეგ პიერისა და მარიას ქალიშვილმა ირენ კიურიმაც მიიღო ნობელის პრემია ოღონდ ქიმიის დარგში. სხვათა შორის, ის პრემია ირენმა გაინაწილა ქმართან ფედერიკო ჟოლიო-კიურისთან, რომელმაც ცოლისა და მისი მშობლების პატივსცემის ნიშნად გვარი კიური მიიღო.

სოფია და ლევ ტოლსტოები
სოფია და ლევ ტოლსტოები

სოფია და ლევ ტოლსტოები

ლევ ტოლსტოი ყველაზე პოპულარულ რუს მწერლად ითვლება. 34 წლის გრაფ ტოლსტოისა და 18 წლის სოფია ბერსის ქორწილი 1862 წელს გაიმართა და ყველა საშინაო პრობლემა მყისვე დააწვა ქალს მხრებზე. სოფია უძღვებოდა საშინაო მეურნეობას, ზრუნავდა შვილებსა და ქმარზე. თვითონ ლევ ტოლსტოი კი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაცივდა ცოლის მიმართ.

როცა ლევ ტოლსტოი ქმნიდა, მისი ცოლი არა მხოლოდ მართავდა სამეურნეო საქმეებს, არამედ რომანების რედაქტორობასაც ითავსებდა და მეუღლის ლიტერატურული აგენტიც იყო. სოფია ხშირად გადაწერდა ხოლმე ხელნაწერებს, მართავდა მოლაპარაკებებს გამომცემლებსა და ცენზორებთან. ქალმა უარი თქვა ქალაქში ცხოვრებაზე, ქმართან ერთად სოფელში დასახლდა და 13 შვილი გააჩინა.

ელენე დიაკონოვა და სალვადორ დალი
ელენე დიაკონოვა და სალვადორ დალი

ელენე დიაკონოვა და სალვადორ დალი

ელენე განსაცვიფრებელი ქალი იყო _ მისი ხასიათი და თავდაჭერის უნარი ძალიან იზიდავდა მამაკაცებს. ელენეს პირველი ქმარი ეჟენ გრენდელი დაქორწინებიდან მალე გამდიდრდა. წყვილი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში და ადგილობრივ ბომონდთან ნაცნობობის წყალობით გამომცემლებთან გააბა კავშირები. ელენემ საკუთარი თავისა და ქმრისთვის ფსევდონიმები მოიგონა _ გალა და პოლ ელუარები.

1929 წელს გალა და პოლი პირველად შეხვდნენ კატალონიელ მხატვარ სალვადორ დალის. სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად დალიმ პერანგი გაიხადა და ტორსზე თხის კურკლის, თევზის წებოსა და ლავანდის ნარევი წაისვა, მაგრამ გალას დანახვისთანავე ჩამოიბანა და პერანგი გამოიცვალა. მას შემდეგ დაიწყო გალასა და სალვადორს შორის ბობოქარი რომანი. პოლს გალა მალე გაშორდა სიტყვებით: “მაპატიე, მე სხვა მიყვარს, შენ ნიჭიერი ხარ, დალი კი გენიოსია”. გალა ეუბნებოდა სალვადორ დალის: “ძალიან მალე ისეთი იქნები, ჩემო ბიჭო, როგორსაც მე მინდა გხედავდე”. გალამ საშინაო საქმეების მოგვარება დაიკისრა, რათა სალვადორს დრო და ყურადღება არ დაეთმო “უმნიშვნელო დეტალებისთვის”. და, როდესაც ქალმა ფინანსური საკითხების მოგვარებაც დაიწყო, სალვადორ დალი ძალიან გამდიდრდა. დალი სიცოცხლის ბოლომდე მიიჩნევდა გალას ნამდვილ ხატებად.

1968 წელს გალამ გადაწყვიტა, რომ ქმრისთვის მოხუცი იყო და საცხოვრებლად გადავიდა ციხეკოშკ პუბოლში, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. სალვადორს მხოლოდ გალას თანხმობის შემდეგ ჰქონდა მისი მონახულების უფლება. გალა კი თვითონ ურჩევდა დალის საყვარლებს, რომელთა შორის იყო ცნობილი მომღერალი ამანდა ლირი.

იოკო ონო და ჯონ ლენონი

“ბითლზის” თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებდნენ იოკო ონოს, რომ მან დაშალა კვარტეტი _ “ბითლზის” დაშლა დაემთხვა ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შეხვედრის წლისთავს. სინამდვილეში მუსიკოსებს შორის განხეთქილება იაპონიაში გასტროლებამდე დაიწყო, უბრალოდ, იოკოსთან შეხვედრამ დაარწმუნა ლენონი, რომ მას სხვა მიმართულებით უნდა ევლო.

მოგვიანებით ლენონმა თქვა: “ონო მასწავლებელია, მე _ მოსწავლე. მე ვარ ცნობილი ადამიანი, რომელზეც ფიქრობენ, რომ მან ყველაფერი იცის, მაგრამ ონო ჩემი მასწავლებელია, მან მასწავლა ყველაფერი, რაც ვიცი. ის ჩემი დონ ჟუანია. მის გვერდით მე თავისუფლება მოვიპოვე. იოკოსთან სიახლოვემ მთლიან ადამიანად მაქცია. მის გარეშე მე მხოლოდ ნახევარი ვარ”.

სახელდობრ, იოკო ონოსთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო ჯონ ლენონმა სოლოკარიერა, როცა ჩაწერა თავისი პოპულარული სიმღერა Imagine.

კლემენტინა და უინსტონ ჩერჩილები
კლემენტინა და უინსტონ ჩერჩილები

კლემენტინა და უინსტონ ჩერჩილები

კლემენტინა ჰიზერმა და უინსტონ ჩერჩილმა ერთად 57 წელი იცხოვრეს. ერთხელ კლემენტინამ თქვა: “არასოდეს აიძულო ქმარი, დაგეთანხმოს, თქვენ უფრო მეტს მიაღწევთ, თუ მშვიდად დაიცავთ საკუთარ თვალსაზრისს. ცოტა ხნის შემდეგ მეუღლე დაასკვნის, რომ თქვენ მართალი ხართ”, მაგრამ ამ მეთოდმა უინსტონ ჩერჩილის მიმართ ვერ გაამართლა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბევრს სვამდა, ეწეოდა, არაერთხელ წააგო ქონება კაზინოში და სულ ბუზღუნებდა. სხვათა შორის, ცოლსა და ქმარს სხვადასხვა ოთახში ეძინათ. ყველაფრის მიუხედავად, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ კლემენტინა დადებით გავლენას ახდენდა უინსტონ ჩერჩილის გადაწყვეტილებებზე.

მაგალითად, მისი თხოვნით, უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დააარსა საბჭოთა კავშირის დახმარების ფონდი. კლემენტინას წყალობით, ქალაქ როსტოვში გაიხსნა ორი ჰოსპიტალი სამხედროებისთვის _ ეს, იმის მიუხედავად, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბული იყო.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here