Home ახალი ამბები საქართველო ფარდაახდილი ევროპა და აგონიაში მყოფი დასავლეთის ფასი

ფარდაახდილი ევროპა და აგონიაში მყოფი დასავლეთის ფასი

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობაზე ალაპარაკდა

1021

თბილისური ეზოების განუყოფელი კოლორიტული ძახილი, დილაობით რომ გვაღვიძებდა, “კიტრი… პომიდორი… მწვანილი, მწვანილიიიი”, ბოლო ოცდაათი წელიწადია, ტელეეკრანებიდან წამოსულმა ყოველდღიურმა ძახილმა ჩაანაცვლა: ევროკავშირი… ნატო… დასავლეთი, დასავლეთიიი…

ეს ორი ძახილი – ძველი და ახალი, ერთმანეთს იმითაც ჰგავდა, რომ ორივეს ყოველდღიურად ემატებოდა ფასი და ცეცხლი ეკიდებოდა. ასე საშინლად გაძვირებულ ცხოვრებაში ევროპას ვინ მოგვაშავებდა იაფად, თანდათან ცეცხლის ფასი ედებოდა დასავლეთს, ნატოს, ევროკავშირს…

* ჯერ გვითხრეს, ევროპის ნაწილად გადაქცევა თუ გსურთ, დემოკრატია უნდა ისწავლოთ, რეფორმები უნდა განახორციელოთ და კანონის უზენაესობას უნდა მიეჩვიოთო. ვის რა ექნებოდა ამის საწინააღმდეგო, ტაში შემოვკარით და ჩვენც ეს გვინდაო, განვაცხადეთ;

* მერე გვითხრეს, ქართველობა უნდა დაივიწყოთ, პასპორტიდან ეროვნების გრაფა უნდა ამოიღოთო. არ მოგვეწონა, მაგრამ ევროპელობა რაკი ასე ძალიან გვინდოდა, დავყაბულდით;

* მერე გვითხრეს: დაივიწყეთ, ვისი შვილები ხართ, პასპორტიდან მამის სახელები წაშალეთო. გვემცხეთა ეს ამბავი, მაგრამ, ევროპელობა მსხვერპლს რაკი ითხოვდა, დავხუჭეთ თვალი და პასპორტიდან ეს გრაფაც გავაქრეთ;

* მერე გვითხრეს: მართლმადიდებლობა ორთოდოქსული რელიგიაა, რომელმაც ისტორიულად რუსეთს მიგაჯაჭვათ, ამიტომ პარალელურად ახალ რელიგიებს (მათ შორის, სექტებსაც) გზა უნდა გაუხსნათო. ილიასეულ ტრიადას _ მამული, ენა, სარწმუნოება _ რა ვუყოთ, _ წამოვიკნავლეთ, მაგრამ ძმები ბერძენიშვილების პირით ქოქოლა დაგვაყარეს: _ რა დროს ილიას მოძველებული დოგმებიაო;

* მერე გვითხრეს: ბავშვებმა სექსის გაკვეთილები დაბალი კლასებიდანვე უნდა მოისმინონო. შევცბუნდით, _ როგორ? ბავშვები… უმანკოება… კდემამოსილება… ჩვენს ტრადიციებს არ შეესაბამება, _ პროტესტი გამოვთქვით. სასაცილოდ არ ეყოთ, _ ბავშვების აღზრდის საქმეში გოგებაშვილის “აი ია” ხომ არ უნდა იყოს თქვენი მუდმივი მეგზურიო, _ ჩამორჩენილები და რეტროგრადები გვიძახეს;

* ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცების კაცებზე და ქალების ქალებზე ქორწინება უნდა დააკანონოთო, _ გვითხრეს. ამაზე სასტიკი უარი ვთქვით, მაგრამ დაიქირავეს ნამუსზე ხელაღებულნი, რომლებიც შიშველი უკანალებითა და ლგბტ დროშებით გამოცვივდნენ ქუჩაში. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ჩვენც (ქართველი ხალხი _ ერი და ბერი) პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვედით. შეიქმნა გაწევ-გამოწევა, ატყდა ჩხუბი და დავიდარაბა… გვეგონა, რომ ეს ყველაფერი დავიწყებას მალე მიეცემოდა, მაგრამ არ გამოდგა მართალი. როდესაც უკრაინის მოვლენებმა საქართველოს ევროკავშირთან ერთი ნაბიჯით მიახლოების საკითხი დააყენა დღის წესრიგში, ევროპელებმა ძველი “წყენები” გაიხსენეს. მთავარი წყენა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველო რუსეთთან ომში ვერ ჩაითრიეს, რაც ასე გულით ეწადათ. ამის გამო ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს, განსაცვიფრებელი და გამაოგნებელი დებულებები ჩაიწერა (ნუმერაცია მოცემულია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად):

“1. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ბოლო წლებში;

2. ვგმობთ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლისსამართლებრივი გამოძიებების მზარდ რაოდენობას;

4. ვგმობთ 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის დირექტორ ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანას, რომელიც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; ვუერთდებით ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გადახედვის შესახებ;

6. მკაცრად ვგმობთ გულმოდგინე გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის მუდმივ ნაკლებობას ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის მარშის დროს განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ვგმობთ ლგბტიქ+ პირთა დისკრიმინაციას;

12. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს;

13. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში”.

გარდა ამისა, “ევროპალამენტი უკიდურესად შეშფოთებულია კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი განიხილონ იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში ითამაშა”.

ამ დოკუმენტის გამოქვეყნებამ საქართველოში ვითარება ერთბაშად არია. ნაცფაშისტებს სალაპარაკო თემა გაუჩნდათ. “ქართული ოცნების” მესვეურები კი უმძიმეს დღეში აღმოჩნდნენ. როგორი საქმეა _ ევროპარლამენტი პატიმრების წამებაში მხილებულ სააკაშვილს დემოკრატიის მამად აღიარებს და ციხიდან მისი გათავისუფლების ინიციატივით გამოდის, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც ქართველი ხალხი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან გაათავისუფლა, პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. არ ვარ მე მილიარდერებისა და კაპიტალისტების მომხრე კაცი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ევროპარლამენტის ეს დოკუმენტი თავხედობისა და უსინდისობის მოღაღადე ფაქტია, რომელიც ევროპის ისტორიას პოლიტიკურ და დიპლომატიურ ნონსენსად შემორჩება. ვერ გაამტყუნებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ევროპარლამენტის მიმართ მკვახე განცხადებები გააკეთა: “დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების _ ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. საბოლოო გადაწყვეტილებაც ასეთივე თუ იქნება, მე ვალდებული ვიქნები, რომ ყველაფერს ფარდა ავხადო”.

არანაკლებ მკვახე იყო მმართველი პარტიის ლიდერ ირაკლი კობახიძის შეფასებაც: “რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების _ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და, რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს”.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერ კახა კალაძისთვისაც: “არც ერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, არ ვეთანხმები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა”.

იენს სტოლტენბერგი

ევროპარლამენტის ამ სამარცხვინო დოკუმენტმა ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ასეთი უცნაური სურათი ჩამოაყალიბა. ამას ახსნა სჭირდება. საკითხი, ალბათ, ასე უნდა დაისვას: რისთვის გვჭირდება ევროპა ჩვენ და რისთვის ვჭირდებით ჩვენ ევროპას? ტრადიციული ქართული თვალსაზრისი ამ საკითხზე ასეთია: ჩვენ ევროპა გვხიბლავს უნიკალური კულტურით, ცხოვრების მაღალი დონით, სტაბილურობით და ა.შ. გარდა ამისა, ოდითგანვე ევროპული კულტურის ნაწილად განვიხილავდით თავს და, რაც მთავარია, ევროპა საგარეო აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებადაც გვესახება. ესაა ევროპული მიზიდულობის მთელი ფილოსოფია. ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. რისთვის ვჭირდებით ევროპას ჩვენ? აქ ვითარება გაცილებით რთულია. ჯერ ერთი (ამას ხაზგასმით ვამბობ), ევროპა არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული. როგორც მთლიანად ევროკავშირი, ასევე მასში შემავალი სახელმწიფოები ცალ-ცალკე აშშ-ის ვასალები (კოლონიები) არიან, ამიტომ ევროპას საქართველოს მიმართ, ისევე, როგორც დანარჩენი სახელმწიფოების მიმართ, საკუთარი პოზიცია ვერ ექნება. მისი პოზიცია აშშ-ის პოზიციითაა ნაკარნახევი და განპირობებული.

ცალკე აღებულ ევროპას, თავისთავად, მსოფლიოზე გაბატონების ამბიცია არ აქვს, მაგრამ იგი, როგორც შემადგენელი ნაწილი ე.წ. კოლექტიური დასავლეთისა, მსოფლიო ჰეგემონობაზე პრეტენზიის მქონე აშშ-ისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას მოკლებულია, მას მხოლოდ წვრილმანი ჭირვეულობა შეუძლია, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის. აქედან გამომდინარე, ევროპა კი არ წყვეტს საქართველოს ბედს თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკაა აქ ყოვლის განმსაზღვრელი და განმკარგავიც. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. ახლა კი რუსეთის ფენომენმა წამოიწია. როდესაც ძალიან შეაწუხეს, რუსეთმა თათი დაადო უკრაინას და თქვა: ამიერიდან აქ სხვა რეალობა იქნება! უკრაინაში ეს სხვა რეალობა უკვე დადგა. ეს რეალობა მალე სხვა ქვეყნებშიც დადგება, მათ შორის, საქართველოშიც. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური წრეები (ვერც ხელისუფლებასა და ვერც ოპოზიციაში) ამის გასაცნობიერებლად მზად არ აღმოჩნდნენ. ისინი წარსულიდან გადმოყოლილი შაბლონების ტყვეობაში რჩებიან და კვლავ ევროკავშირსა და ნატოს ებღაუჭებიან, რაც გუშინდელი დღეა, უკვე გარდასული ეპოქაა. ახლა ევროპისკენ სწრაფვა კი არა, მისთვის პასუხის გაცემის (ფარდის ახდის) სურვილიც კი ისეთივე ატავიზმი და ანაქრონიზმია, როგორიც მისკენ ოცდაათწლიანი თავაწყვეტილი სწრაფვა იყო.

ბატონმა ღარიბაშვილმა კი თქვა, ევროპის საბოლოო გადაწყვეტილებაც ქართველი ხალხისთვის ისეთივე შეურაცმყოფელი თუ იქნება, როგორიც ეს რეზოლუცია აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში ყველაფერს ფარდას ავხდიო, მაგრამ ფარდა, დიდი ხანია, ახდილია, რომლის მიღმაც არამხოლოდ ევროპის უზნეობა და უსუსურობა, არამედ ბოროტი და გაავებული დასავლეთის სასიკვდილო აგონიაც ჩანს. როგორი ძნელიც უნდა იყოს ამისი აღიარება, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის თვალში დასავლეთს იმ ბოსტნეულის ფასიც აღარ აქვს, დილაობით ეზოებში შემოსული გლეხები თუ გადამყიდველები რომ გვთავაზობენ შეძახილით: კიტრი… პომიდორი… მწვანილი, მწვანილიიი…

ვალერი კვარაცხელია

P. S. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა: “მშვიდობა უკრაინაში შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკების გზით, მაგრამ ჩნდება შეკითხვა: რა ფასი ექნება მას – რამდენი ტერიტორია, რამდენი დამოუკიდებლობა, რამდენი თავისუფლება, რამდენი დემოკრატია, რამდენის გადახდა შეუძლია უკრაინას მშვიდობისთვის? ეს ძალიან რთული მორალური დილემაა”.

ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: კოლექტიურმა დასავლეთმა (აშშ, ევროკავშირი, ნატო) უკრაინაში რუსეთის წინაშე უკვე დაიჩოქა, ხოლო იმას, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად დასავლეთს იმ ეპოქალური მასშტაბის სისხლიანი პროვოკაციის გამო, რომელსაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, მომავალი გვიჩვენებს. უფრო სენსაციური იყო ნატოს წევრი  თურქეთის პრეზიდენტის _ ერდოღანის განცხადება, რომელიც დროში დაემთხვა სტოლტენბერგის განცხადებას. ერდოღანმა გაილაშქრა საბერძნეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების წინააღმდეგ და თქვა: “როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, რისთვისაა ეს ბაზები საჭირო, ისინი გვეუბნებიან, “რუსეთის წინააღმდეგ”. კი მაგრამ, რა გააკეთეთ თქვენ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში? შეძელით უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევა, მოახერხეთ მისი დაცვა? ყველაფერი სიცრუეა. დასავლეთის ნდობა შეუძლებელია”.

დასკვნა თავად გამოიტანეთ.

ვ.კ.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Eliso Xarchilava Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here