მთავარი ყველაზე ყველაზე უცნობი ფაქტები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების შესახებ

უცნობი ფაქტები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების შესახებ

910
გააზიარეთ
სფინქსი: საუკუნეების განმავლობაში ქვიშით იყო დაფარული

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში თითქოს შეუძლებელია, ადამიანისთვის დამალული იყოს რამე ინფორმაცია, განსაკუთრებით ისტორიული ძეგლების შესახებ, რომლებიც უამრავ ტურისტს იზიდავს, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მსოფლიოში ცნობილ ღირსშესანიშნაობებსაც კი აქვს თავიანთი საიდუმლო.

სფინქსი: საუკუნეების განმავლობაში ქვიშით იყო დაფარული

სფინქსი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ეგვიპტეში, მაგრამ ეს უნიკალური ისტორიული ძეგლი შეიძლება არც ჰქონოდა კაცობრიობას; იმიტომ, რომ თითქმის მთლიანად ქვიშაში იყო დამარხული.

სხვადასხვა ისტორიული წყაროსა და თვით სფინქსის შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძეგლის ქვიშით დაფარვის პროცესი ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე დაიწყო, მაგრამ მას პერიოდულად ასუფთავებდნენ. დასუფთავება კი ფარაონ რამზეს II-ის (1279-1213 ჩვ.წ. აღ-მდე) პერიოდიდან დაიწყო. შემდეგ ამ საქმით ძველი ბერძნები და რომაელები იყვნენ დაკავებულნი. 1817 წელს სფინქსი მხრებამდე გაასუფთავეს იტალიელმა სპეციალისტებმა, გასუფთავების სამუშაოები კი 1925 წელს დასრულდა.

დაცემული ანგელოზის შადრევანი მადრიდში: განლაგების მისტიკური სიმაღლე

დაცემული ანგელოზის შადრევანი მადრიდში: განლაგების მისტიკური სიმაღლე

მადრიდის მისტიკური შადრევანი, რომელსაც აქვს მრავლისმეტყველი სახელწოდება Fuente del Angel  (“დაცემული ანგელოზი”) ციდან გამოძევებული ლუციფერის ქანდაკებას წარმოადგენს და თითქოს ამაში ორიგინალური არაფერია, გარდა სკულპტურისთვის შერჩეული პერსონაჟისა. ის ევროპაში ერთადერთი სკულპტურაა, რომელიც ეშმაკს გამოსახავს, თუმცა გამოჩნდნენ ენთუზიასტები, რომლებმაც შადრევნის კიდევ ერთი თავისებურება იპოვეს: გაირკვა, რომ ლუციფერი ზღვის დონიდან 666 მეტრზეა განლაგებული. აღსანიშნავია, რომ შადრევნის ავტორმა რიკარდო ბელვერმა ლუციფერი სიმპათიურ ყმაწვილად გამოსახა, ამიტომ პარკ ბუენ-რეტიროში დამთვალიერებლებს ლუციფერი ხშირად ერევათ კუპიდონში.

წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარი რომში: აგებულია ცოდვილთა მიერ გაღებული სახსრებით

წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარი რომში: აგებულია ცოდვილთა მიერ გაღებული სახსრებით

წმინდა პეტრეს ტაძარი რომში ერთ-ერთი ცნობილი რელიგიური ნაგებობაა მსოფლიოში, მაგრამ მისი აგების გარემოებები ყველასთვის ცნობილი არ არის.  ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ტაძრის მშენებლობის მთავარი ინვესტორები იყვნენ ცოდვილები. საქმე ის არის, რომ წმინდა პეტრეს ტაძარი აშენდა თანხით, რომელიც შეგროვდა ინდულგენციების გაყიდვით. ინდულგენციები კი იყო განსაკუთრებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ცოდვის მიტევებას. მღვდელმთავრები ინდულგენციას აძლევდნენ მათ, ვინც ცოდვებს გარკვეული თანხის საფასურად წინასწარ მოინანიებდა.

კუნძული იცუკუსიმა: აკრძალულია ბავშვის გაჩენა და სიკვდილი

კუნძული იცუკუსიმა: აკრძალულია ბავშვის გაჩენა და სიკვდილი

იაპონელები, მიუხედავად იმისა, რომ მოწინავეთა შორის არიან ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაში, გულმოდგინედ იცავენ რელიგიურ დოგმებს. მაგალითად, ჰიროსიმას პრეფექტურაში, კუნძულ იცუკუსიმას ტერიტორიაზე აკრძალულია… ბავშვის გაჩენა და სიკვდილი. ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი რელიგიის საწყისებშია: ასე ცდილობენ იაპონელები, დაიცვან სიწმინდე სინტოისტური (სინტოიზმი იაპონელთა ტრადიციული რელიგია) ტაძრისა, რომლის პატივსაცემად ეწოდა სახელი კუნძულს.

პიზის კოშკი: დაეცემა, თუ რესტავრაციას არ ჩაუტარებენ

პიზის კოშკი: დაეცემა, თუ რესტავრაციას არ ჩაუტარებენ

იტალიის ქალაქ პიზის დახრილი კოშკის შესახებ, ალბათ, ყველამ იცის. კოშკი ასე არ ყოფილა ჩაფიქრებული: მკვლევართა აზრით, მშენებლებმა შეცდომა დაუშვეს საძირკვლის გათხრისას. ამ უზუსტობამ ნაგებობაში იჩინა თავი: XX საუკუნის ბოლოს მას რესტავრაცია დასჭირდა, რადგან ჩამონგრევის რეალური საფრთხე გაჩნდა. სამუშაოები 10 წელიწადს გაგრძელდა და მსოფლიოში განთქმული ღირსშესანიშნაობა გადარჩა _ კოშკმა კვლავ დაიკავა ის მდგომარეობა, რომელშიც იყო 1838 წელს (პიზის კოშკის მშენებლობა დაიწყო 1173 წელს და 1360 წელს დასრულდა). რესტავრატორთა დასკვნით, პიზის კოშკი, სულ ცოტა, 200 წელს იქნება ასეთ მდგომარეობაში.

აბუ-სიმბელის ტაძარი: ადგილის შეცვლა

აბუსიმბელის ტაძარი: ადგილის შეცვლა

ძველეგვიპტური ძეგლი აბუ-სიმბელის ტაძარი მასშტაბური ნაგებობაა გრძელი ისტორიით. ბევრმა არ იცის, რომ ამ ძეგლს ადამიანებმა ადგილი შეუცვალეს. გასული საუკუნის 60-იან წლებში ნაგებობა რამდენიმე ბლოკად დაჭრეს და დაახლოებით 200 მ-ის მოშორებით გადაიტანეს, შემდეგ კი ისევ ააწყვეს. ეს ძალიან რთული პროცესი ჩაიფიქრეს და განახორციელეს იმიტომ, რომ ისტორიული ძეგლი წყალში არ ჩაძირულიყო ასუანის კაშხლის მშენებლობის გამო.

ჩინეთის დიდი კედელი: შემოსავლის წყარო ადგილობრივებისთვის

ჩინეთის დიდი კედელი: შემოსავლის წყარო ადგილობრივებისთვის

დიდი ხანია, ცნობილია, რომ ჩინეთის დიდი კედელი ნელ-ნელა ინგრევა, მაგრამ დამღუპველი გავლენა ამ ისტორიულ ნაგებობაზე არა მხოლოდ დროს აქვს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა რეგულარულად აგროვებს ჩინეთის დიდი კედლიდან ჩამოცვენილ აგურებს _ ეს მავნე საქციელი მერკანტილური მიზნით არის განპირობებული. მოპოვებულ აგურებსა და ქვებს ადგილობრივები თავიანთი სახლების ასაშენებლად იყენებენ ან ყიდიან.

ეიფელის კოშკი: სამფეროვანი

ეიფელის კოშკი: სამფეროვანი

მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორია ეიფელის კოშკი _ პარიზის სავიზიტო ბარათი. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს მსოფლიოში პოპულარული ღირსშესანიშნაობა ერთი ფერისაა. სინამდვილეში კი ეიფელის კოშკს სამ სხვადასხვა ფერში ღებავენ. ამის მიზეზი კოშკზე ატმოსფეროს ზეგავლენის განეიტრალებაა. ზედა ნაწილი ოქროსფერია, შუა _ ნაცრისფერი, ბოლო კი _ გაცილებით მუქი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here