Home ახალი ამბები მსოფლიო “უტრეხტის გედი”

“უტრეხტის გედი”

მარკო ვან ბასტენის თვალისმომჭრელი და ხანმოკლე კარიერის ისტორია

74

ტექნიკური, სწრაფი და მოწინააღმდეგის კართან ეფექტიანი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი იოჰან კრუიფის პროტეჟე და მემკვიდრე იყო. სახელდობრ, ვან ბასტენის წყალობით შეძლო ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი საერთაშორის ჯილდოს მოგება, კლუბმამილანმაკი არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ვან ბასტენის კარიერა ხანმოკლე იყო, “უტრეხტის გედმამოიგო, პრაქტიკულად, ყველა ჯილდო, რომლის წარმოდგენაც შეიძლება, მათ შორის, 3 “ოქროს ბურთი”.

ბავშვობა უტრეხტში და პირველი ნაბიჯები კარიერაში

1964 წლის 31 ოქტომბერს უტრეხტში ყოფილი ფეხბურთელის, იუპ ვან ბასტენის, და მისი ცოლის, ლენი ვან დერ ბორგის, ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც მარსელი დაარქვეს, მაგრამ ამ სახელით მისთვის არასოდეს მიუმართავთ, მხოლოდ მარკოს ეძახდნენ. მარკოს, ფეხბურთის გარდა, უამრავი ჰობი ჰქონდა _ შესანიშნავად თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთს, ხტებოდა წყალში, უკრავდა ფორტეპიანოზე, მაგრამ ფეხბურთი მისი მთავარი გატაცება იყო.

6 წლის იყო, ფეხბურთის თამაში რომ დაიწყო უტრეხტის სამოყვარულო კლუბში, ერთი წლის შემდეგ გადავიდა პროფესიონალური კლუბის, UVV-ს აკადემიაში, ეს იყო მამის დამსახურება, რომელმაც პირველმა შეამჩნია მარკოს დიდი პოტენციალი. კარიერის გზაზე მარკოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო უტრეხტის “ენლიკევეიკში” თამაში. სწორედ ამ კლუბში გამოსვლით მიიპყრო მან ამსტერდამის “აიაქსის” აკადემიის წარმომადგენელთა ყურადღება.

იოჰან კროიფი და მარკო ვან ბასტენი

კროიფის პროტეჟე და მემკვიდრე

მარკოს ვან ბასტენის დებიუტი “აიაქსში” სიმბოლური იყო. 40 წლის წინათ, 1982 წლის აპრილში 17 წლის მარკომ კლუბ ნეკ-ის წინააღმდეგ მატჩში თანაგუნდელი შეცვალა და ბურთი გაიტანა. მოთამაშე, რომელიც მარკომ შეცვალა იყო… იოჰან კროიფი, რომელმაც შემდეგ მეურვეობა იკისრა და აქტიურად მონაწილეობდა მარკო ვან ბასტენის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში.

ცოტა ხანში მარკო “აიაქსის” ლიდერად იქცა. შემდეგ სეზონში მან 25 მატჩში 13 ბურთი გაიტანა, ერთი წლის შემდეგ კი _ 28 და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. 1985 წელს “აიაქსში” დაბრუნდა კროიფი, ოღონდ არა ფეხბურთელის, არამედ მწვრთნელის რანგში. და ეს იყო მიზეზი, რომ მარკო ვან ბასტენი კიდევ ორ წელს დარჩა ამსტერდამის აიაქსში. იმ სეზონში “აიაქსმა” 120 გოლი გაიტანა, მათგან 37 მარკოს ანგარიშზე იყო.

 1987 წლის სეზონში ვან ბასტენმა “აიაქსის” მაისურით პირველი საერთაშორისო ტურნირი მოიგო _ უეფას თასის მფლობელთა თასი. მალე მან დატოვა “აიაქსი”, რომლის შემადგენლობაშიც 133 მატჩი ჩაატარა, 128 ბურთი გაიტანა და 32 საგოლე პასი გააკეთა.

რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი

რთული სტარტიმილანში

1987-1988 წლის სეზონი მარკომ “მილანში” დაიწყო, რომელსაც იმხანად არიგო საკი წვრთნიდა. კლუბს ახალშეძენილ მოთამაშეებთან ერთად ამბიციური მიზნები ჰქონდა დასახული. “მილანის” მაისურით თავის პირველ მატჩში მარკომ მეტოქეს ბურთი გაუტანა, მაგრამ მთლიანობაში ეს სეზონი მისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მიზეზი მარჯვენა ფეხის კოჭის მოუშუშებელი ტრავმა იყო. 1987 წლის დეკემბერში სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამოვლინდა, რომ მარკოს ხრტილი ჰქონდა დაზიანებული. შედეგად სეზონის ნაწილი ვან ბასტენმა გამოტოვა, თუმცა მანამდე დიდი წვლილი შეიტანა დიეგო მარადონას “ნაპოლის” დამარცხებაში.

გამარჯვება 1988 წლის ევროპის ჩემპიონატში

ვან ბასტენმა ფორმა სრულად აღიდგინა ევრო-1988-ის წინ. გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მარკო გაემგზავრა, როგორც ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერა. პირველი მატჩი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მარკომ სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ეს იყო ამ ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების ერთადერთი მატჩი, რომელშიც მეტოქეს ბურთი ვერ გაუტანა, შემდეგი შეხვედრა ინგლისელების წინააღმდეგ მარკომ შესანიშნავად ითამაშა და 3 ბურთი გაიტანა, მათგან 2 “მილანში” თავისი პარტნიორის _ რუუდ გულიტის გადაცემით.

ნახევარფინალი, რომელიც მასპინძელ გფრ-სა და ნიდერლანდებს შორის გაიმართა უწინარესად აღსანიშნავი იყო ვან ბასტენისა და იურგენ კოლერის, იმხანად ევროპის საუკეთესო მცველის, დუელით. სწორედ კოლერმა დაარღვია თამაშის წესი ვან ბასტენის წინააღმდეგ და ამის გამო დანიშნა პენალტი გერმანელთა კარში. რონალდ კუმანმა ანგარიში გაათანაბრა 1:1, მატჩის 89 წუთზე კი ვან ბასტენმა გერმანელთა კარში გამარჯვების ბურთი გაიტანა _ 2:1.

მარკომ კარიერაში მთავარი ბურთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ: 54-ე წუთზე, როცა ნიდერლანდები უკვე 1:0-ს იგებდა (ბურთი გულიტმა გაიტანა ვან ბასტენის გადაცემით), მარკომ ულამაზესი დარტყმით შეაგდო ბურთი რინატ დასაევის კარში _ 2:0. ამ გამარჯვებამ ნიდერლანდებს პირველი საერთაშორისო ჯილდო მოუტანა. ვან ბასტენი კი საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს.

მარკო ვან ბასტენის გოლი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში

ოქროს ბურთიდა კარიერის საუკეთესო სეზონი

1988 წლის სეზონში ვან ბასტენი “ოქროს ბურთით” დააჯილდოვეს.

1988-1989 წლების სეზონში “მილანს” შეუერთდა კიდევ ერთი ნიდერლანდელი _ ფრანკ რაიკაარდი და ცნობილი ნიდერლანდური ტრიო რაიკაარდი _ გულიტი _ ვან ბასტენი შეუჩერებელი “მილანის” სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონში “როსონერი” (“მილანი”) სერია A-ში მესამე იყო, უეფას ჩემპიონთა თასზე პირველივე ცდაზე მოიპოვა ტიტული, რა თქმა უნდა, მარკო ვან ბასტენის წყალობით, რომელმაც ტურნირში 9 ბურთი გაიტანა. პირველ “ოქროს ბურთს” მეორე მოჰყვა.

კარიერის მოულოდნელი დასრულება

1993 წელს მარკო ვან ბასტენი კარიერის პიკზე იყო. 1992 წლის სეზონში მან მესამე “ოქროს ბურთი” დაიმსახურა. მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მარსელის “ოლიმპიკთან”. ამ მატჩში “მარსელმა” გაიმარჯვა. რამდენიმე თვის შემდეგ ვან ბასტენს ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, თითქოს წარმატებით, მაგრამ ცოტა ხანში ტკივილი განუახლდა. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე ოპერაცია… 1995 წლის 17 აგვისტოს ვან ბასტენი ოფიციალურად დაემშვიდობა დიდ ფეხბურთს.

მიღწევები:

* ნიდერლანდების ჩემპიონი _ 1981/1982; 1982/83; 1984/1985;

* იტალიის ჩემპიონი _ 1987/88; 1991/92; 1992/93; 1993/1994;

* უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი _ 1987 .;

* ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 1989; 1990 .;

* ევროპის სუპერთასის მფლობელი _ 1989; 1990 .;

* საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი _ 1989; 1990 .;

* ევროპის ჩემპიონი _ 1988 ;

* “ოქროს ბუცისმფლობელი _ 1986 .;

* “ოქროს ბურთისმფლობელი _ 1988, 1989, 1990 .

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები:

1 აპრილს ყატარში გაიმართა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა კენჭისყრა. ამჟამად ცნობილია ტურნირის 29 მონაწილე 32-დან.

A ჯგუფი: ყატარი (მასპინძელი), ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები.

B ჯგუფი: ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი-შოტლანდია/უკრაინა.

C  ჯგუფი: არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი.

D ჯგუფი: საფრანგეთი, პერუ _ავსტრალია/გაერთიანებული არაბული საამიროები, დანია, ტუნისი.

E ჯგუფი: ესპანეთი, კოსტა-რიკა_ახალი ზელანდია, გერმანია, იაპონია.

F ჯგუფი: ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია.

G ჯგუფი: ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი.

H ჯგუფი: პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთი კორეა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here