Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე უნიკალური უნარის მქონე 5 ადამიანი

უნიკალური უნარის მქონე 5 ადამიანი

3504
უნიკალური უნარის მქონე 5 ადამიანი

ძნელია პოვნა ისეთი ადამიანისა, რომელიც უარს იტყვის განსაკუთრებულ უნარზე. ფანტასტიკური ფილმები, წიგნები სუპერგმირებზე გვიბიძგებს, ვიფიქროთ, რა კარგი იქნებოდა, გამორჩეული ნიჭით რომ ვიყოთ დაჯილდოებული. არადა, ეს სუპერადამიანები ზებუნებრივი უნარებით მართლა არსებობენ. აი რამდენიმე მათგანი.

ქალი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს

ამერიკელი ქალი ჯილ პრაისი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც დაუსვეს დიაგნოზი _ ზეზუსტი ავტობიოგრაფიული მეხსიერების სინდრომი, ანუ ჰიპერტიმეზია. ასეთი დიაგნოზით მსოფლიოში სულ 60 ადამიანია. ჯილს 8 წლიდან დეტალებში ახსოვს თავისი ცხოვრების თითოეული დღე. ახლა ის 54 წლისაა. მოგონებები მის მეხსიერებაში უნებურად ჩნდება. პრაისი ამბობს: “ეს ჰგავს დიდ ეკრანს, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად: ერთ ნაწილზე აწმყოა, ხოლო მეორეზე გამუდმებით აჩვენებენ წარსულს. მოგონების სტიმულატორად კი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი იქცეს”.

ეს ქალი რომ არა, მეცნიერები, ალბათ, ვერც იფიქრებდნენ ჰიპერტიმეზიის არსებობაზე. ჯილმა თვითონ მისწერა კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერ ჯეიმს მაკგოს, რომელიც იმხანად მეხსიერების ნეირობიოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მაკგომ თავაზიანად უპასუხა, რომ ეს საავადმყოფო კი არა, კვლევითი ცენტრია და ურჩია, ექიმისთვის მიემართა. ის, რაც უპასუხა პრაისმა, მაკგოს დღესაც ახსოვს: “როცა, სადმე რაიმე თარიღს ვხედავ, მყისვე გადავდივარ იმ დღის მოგონებებში და ვხედავ ყველაფერს: სად ვიყავი, ვისთან ვიყავი, რას ვაკეთებდი. ასე ხდება გამუდმებით, უკონტროლოდ, ქანცის გაწყვეტამდე. შეიძლება ეს რაღაც ნიჭია, მაგრამ ჩემთვის მძიმე ტვირთია, ჩემი ტვინი გამუდმებით მახსენებს ჩემი ცხოვრების თითოეულ დღეს. ეს, უბრალოდ, მაგიჟებს!”

მაკგო დაინტერესდა ამ შემთხვევით. ის შეხვდა ჯილ პრაისს და უამრავი გამოკვლევა ჩაუტარა, სანამ დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც ქალი ამბობს. მაგკო ხშირად იმეორებს, რომ მეხსიერება _ ეს არის ჩვენი ხიდი მომავალში, მაგრამ ჯილისთვის სხვაგვარადაა: “ფიქრი იმაზე, რომ ჩემი მეხსიერება მე კიდევ არაერთ წელიწადს გამიფუჭებს, სასოწარკვეთილებაში მაგდებს”.

2005 წლის 30 მარტიდან, მას შემდეგ, რაც ჯილს საყვარელი მეუღლე დაეღუპა, თანაცხოვრების არა მხოლოდ ბედნიერი წუთები, არამედ გარდაცვალებისას ფართოდ გახელილი თვალებიც ახსოვს, ამიტომ მაკგო მიიჩნევს, რომ მთავარი ის კი არ არის, რომ ჯილის მსგავს ადამიანებს ყველაფერი ახსოვთ, არამედ ის, რომ ჩვენ ვივიწყებთ. არადა, დავიწყება არა მხოლოდ ბუნებრივი ამბავია ადამიანის ტვინისთვის, არამედ აუცილებელიც.

ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დიდხანს არ ისუნთქოს

არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სუნთქვის შეკავება სტივ სევერინსენზე დიდხანს. მისი რეკორდი 22 წუთია წყალქვეშ. სტივი გატაცებულია სპორტის ისეთი იშვიათი სახეობით, როგორიცაა წყალქვეშა ჰოკეი. მან სპორტის ამ სახეობით გატაცების შემდეგ აღმოაჩინა თავის თავში ეს უნიკალური უნარი. სევერინსენმა 2010 წელს დაამყარა რეკორდი სუნთქვის შეკავების ხანგრძლივობაში და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა _ 72 მ გაცურა (წყალქვეშ) ყინულივით ცივ წყალში ჰიდროკოსტიუმის გარეშე. სტივი ამბობს, რომ მთავარია, შეძლო, ყურადღების გადატანა საკუთარი სხეულისა და ტკივილისგან.

ყველაზე ამტანი ადამიანი

დინ კარნაზესი ზემარათონების შეჯიბრებების ლეგენდაა. ის მონაწილეობდა 150-ზე მეტ მარათონში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე რთულ შეჯიბრებად აღიარებულ მარათონ “ბედუოტერში”, რომელიც სიკვდილის ველზე იმართება. იქ მან 217 კმ გაირბინა 50 გრადუს სიცხეში და ამას 27 საათი და 22 წუთი მოანდომა.

კარნაზესი მარათონულ დისტანციებზე, დიდი ხანია, დარბის. ის ამტკიცებს, რომ არასოდეს განუცდია წვა კუნთებში, არც კრუნჩხვა დამართნია. “გრძელ დისტანციებზე სირბილისას განსაზღვრული სიჩქარით შემიძლია დიდხანს ვირბინო”, _ ამბობს დინი. ერთხელ მან 4 დღისა და 3 ღამის განმავლობაში შეუსვენებლად ირბინა, სანამ სირბილისას ჩაეძინებოდა.

5 წლის გენიოსი

რამზეს სანგუინო მხოლოდ 5 წლისაა, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი გენიოსი ბავშვია. მას აქვს აუტიზმის მსუბუქი ფორმა. 1 წლის რამზესმა ისწავლა კითხვა, წლინახევრისამ კი იცოდა გამრავლების ტაბულა და მენდელეევის პერიოდულობის სისტემა.

რამზეს სანგუინო ლაპარაკობს 7 ენაზე და ხსნის რთულ მათემატიკურ ამოცანებს. ამას გარდა, დედამისი ამტკიცებს, რომ რამზესს ტელეპათიის უნარიც აქვს _ შეუძლია გამოიცნოს დედის მიერ ჩაფიქრებული ციფრები ან კარტები. თუმცა ბიჭს ტელეპათიის უნარი რომ აქვს, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მეცნიერულად _ კვლევებს ატარებენ სპეციალისტები. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ტელეპათია აუტისტი ბავშვებისთვის მშობლებთან ურთიერთობის ალტერნატიული მეთოდია.

ადამიანიფოტოაპარატი

სტივენ უილტშირიც აუტისტია და, ამასთანავე, უნიკალური ნიჭით არის დაჯილდოებული _ აქვს განსაცვიფრებული ფოტოგრაფიული მეხსიერება. ჯილ პრაისისგან განსხვავებით, მას თავისი ცხოვრების ყველა დეტალი არ ახსოვს. სტივენ უილტშირისთვის საკმარისია, ერთხელ შეხედოს, მაგალითად, ქალაქის რომელიმე კუთხეს და სურათს წვრილმან დეტალებში იმახსოვრებს, შემდეგ კი ესკიზებისა და მონახაზების გარეშე შეუძლია დახატოს.

სტივენი 1974 წელს დაიბადა ლონდონში. აუტიზმის გამო 5 წლამდე ვერ ლაპარაკობდა. საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვას ბიჭი ხელოვნებაში ცდილობდა. ბავშვობაში ყველაფერს ხატავდა, 8 წლისა კი მიხვდა, რომ ყველაზე კარგად შენობების ხატვა გამოსდის. უილტშირი მსოფლიოში განთქმული და არქიტექტურის თავისებური მხატვარია. მისი წარმატების რეცეპტი ნიჭისა და სწორი გადაწყვეტილებების შერწყმაა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here