Home რუბრიკები ისტორია ტერაქტები სტალინის წინააღმდეგ

ტერაქტები სტალინის წინააღმდეგ

2232
ტერაქტები სტალინის წინააღმდეგ

ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ იოსებ სტალინის წინააღმდეგ აგორებული მასშტაბური ცილისწამების ერთერთი თემა ყოვლად უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდება ბელადის დაცვის უპრეცედენტო მასშტაბურობა იყო, რომელიც სახელმწიფოს წარმოუდგენლად დიდი თანხა უჯდებოდა. შიში ჰქონდაო თავდასხმის. დღეს მკითხველს ვთავაზობთ იმ ტერაქტების ჩამონათვალს, რომლებიც სტალინის წინააღმდეგ განახორციელეს ან რომლებიც ჩაფიქრებული ჰქონდათ, მაგრამ ჩაეფუშათ.

პირადი დაცვის გაძლიერება ბელადის არც პიროვნული ფობია ყოფილა, არც მისი მოთხოვნით განხორციელებულა _ იმხანად არსებული ვითარებით ნაკარნახევი აუცილებლობა იყო.

მკითხველების ყურადღებას მივაპყრობ იმ ფოტოდოკუმენტსაც, რომელიც ამ მასალას ახლავს. ფოტო გადაღებულია 1927 წელს, იოსებ სტალინს მხოლოდ ერთი კაცი იცავს.

ისტორიული სიმართლე არის ეს.

სიტყვამ მოიტანა და ამ თემაზე ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომლის მოწმე და მხილველი ამ სტრიქონების ავტორი ვიყავი.

2000 წელი, 6 სექტემბერი. გაეროში იმართება ათასწლეულის სამიტი (“მილენიუმი”), რომელშიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფოს პირველი პირები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციაც აქ არის, აქ ვართ ჩვენც _ ჟურნალისტების ერთი ჯგუფი, რომელსაც ქართულ მედიაში ამ მოვლენის გაშუქება გვევალება.

გაფაციცებით ვადევნებთ თვალყურს ყველა წვრილმანსა და დეტალს, განსაკუთრებით, პირველი პირების მოსვლის ცერემონიას. ჩვეულებრივ თითო მანქანით მოდიან, რომელსაც ეროვნული დროშა აქვს დამაგრებული.

ყველა ელოდება ბილ კლინტონის ავტომობილის გამოჩენას.

და გამოჩნდა: მანქანების კორტეჟი, რომელიც უზარმაზარ ანაკონდასავით ნელა მოიზლაზნება. თავი აქვს, ბოლო არ უჩანს. ხაშურში ჩამოსულ შემადგენლობას ჰგავს, რომლის ელმავალი კი შემოგრიალდა პირველ ლიანდაგზე, მაგრამ ბოლო ვაგონი რიკოთის გვირაბიდან ჯერ არ გამოსულა.

აი, ეს არის დაცვა! ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 20 წლის წინათ. ახლა რა ხდება, ვერ მოგახსენებთ.

სიტყვამ მოიტანა-მეთქი, შორეული პარალელის გასავლებად.

ფაქტები, მხოლოდ ფაქტები

* 1931 წლის 16 ნოემბერს სტალინის მოკვლას შეეცადა მეფის არმიის ოფიცერი ოგარევი _ ინგლისის დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც “ტორგპრომის” (“სავაჭრო მრეწველობის”) ხაზით მუშაობდა. იგი შემთხვევით პირისპირ შეხვდა სტალინს ილინკის ქუჩის #5/2 სახლთან და შეეცადა, ესროლა გენერალური მდივნისთვის, მაგრამ უცებ განაიარაღა დაცვის თანამშრომელმა. ამ შემთხვევის გამო ცენტრალურ კომიტეტში წარდგენილ წერილზე ვიაჩესლავ მოლოტოვმა ასეთი რეზოლუცია წააწერა: პოლიტბიუროს წევრებს! ამხ. სტალინმა უნდა შეწყვიტოს მოსკოვში ფეხით სიარული. . მოლოტოვი”.

წერილს ხელი მოაწერეს პოლიტბიუროს წევრებმა: ლაზარ კაგანოვიჩმა, მიხეილ კალინინმა, ვალერიან კუიბიშევმა, რაც მათ თანხმობას ნიშნავდა. სტალინი იძულებული იყო, დამორჩილებოდა კოლეგების გადაწყვეტილებას.

ზოგიერთი ისტორიკოსი, მათ შორის, იური ჟუკოვი, მიიჩნევს, რომ 1930-იან წლებში არსებობდა შეთქმულება სტალინის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ აბელ ენუქიძე, ძველი რევოლუციონერი და კრემლის კომენდანტი რუდოლფ პეტერსონი, აგრეთვე, სამხედროები. საქმე “გორგალისა” და “კრემლის საქმის” სახელით არის ცნობილი. შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ სტალინისა და მისი უახლოესი გარემოცვის დაპატიმრება ან ლიკვიდაცია. საქმე ოპერატიულად გაიხსნა, მთავარი ფიგურანტები დახვრიტეს. ამ საქმის მასალები დღემდე გასაიდუმლოებულია.

* ლიტერატურაში ნახსენებია, რომ 1935 წლის იანვარში კრემლის ბიბლიოთეკაში სტალინს ესროლა ორლოვპავლოვის საგრაფო გვარის წევრმა ქალმა. სტალინი გადარჩა. ტერორისტი დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილი სასჯელი დაუყოვნებლივ აღასრულეს _ დახვრიტეს. პარალელურად თანამდებობიდან მოხსნეს ენუქიძე და პეტერსონი. ეს თავდასხმა “გორგალის” საქმეს მიაწერეს. ბრალდებულები 1956 წლის შემდეგ რეაბილიტირებულნი არიან.

* საფრანგეთის საგანგებო არქივის დოკუმენტებს შორის აღმოაჩინეს საფრანგეთის დაზვერვის პატაკი, რომელშიც ჩაწერილია, რომ 1938 წლის 11 მარტს კრემლში სეირნობის დროს სტალინს თავს დაესხნენ. ლეიტენანტი დანილოვი _ ტულის გარნიზონის სამხედრო მოსამსახურე, ყალბი დოკუმენტებით შევიდა კრემლში და სტალინის მკვლელობას შეეცადა. დანილოვმა გამოძიების დროს აღიარა, რომ იყო საიდუმლო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და მიზნად ისახავდა მარშალ მიხეილ ტუხაჩევსკის გამო შურისძიებას.

* გასაიდუმლოებული დივერსიული ოპერაცია “დათვი” (“სელველტ”) მომზადებული იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შორეული აღმოსავლეთის სამმართველოს უფროს .. ლუჟკოვის მონაწილეობით, რომელიც იაპონიაში გაიქცა. მიზანი _ სტალინის ლიკვიდაცია მის ერთ-ერთ რეზიდენციაში. ტერაქტის აღსრულება ევალებოდა “რუსეთის პატრიოტთა კავშირის” წევრ ექვს თეთრგვარდიელს. როგორც ცნობილია, სტალინი მაცესტის კურორტზე სამკურნალო აბაზანებს იღებდა და, ბუნებრივია, სააბაზანოში მარტო რჩებოდა. სწორედ აქ უნდა მოეკლათ სტალინი, მაგრამ 1939 წლის დასაწყისში, როცა დივერსანტები სსრკ-თურქეთის საზღვარს უკანონოდ კვეთდნენ, ისინი ტყვიამფრქვევის ცეცხლით შეაჩერეს: სამი ადგილზე მოკვდა, დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს. ვარაუდობენ, რომ ტერორისტების გეგმების შესახებ ინფორმაცია ცენტრს მიაწოდა საბჭოთა აგენტმა ლეომ, რომელიც მანჯოუ-გოში მუშაობდა.

* იაპონიის სპეცსამსახურები სტალინის ლიკვიდაციას მეორედ იმავე 1939 წელს შეეცადნენ. დაყოვნებული მოქმედების ნაღმის შეტანას ტერორისტები მავზოლეუმში აპირებდნენ. აქ მას ააფეთქებდნენ 1 მაისის დილას, როცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ტრიბუნაზე იქნებოდა შეკრებილი, მაგრამ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, ჩანს, იმავე წყარომ (“ლეომ”) ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია. იაპონიის სპეცსამსახურების აღნიშნული ოპერაციების შესახებ მოთხრობილია ჰიამა ესიაკის წიგნში “სტალინზე თავდასხმის იაპონური გეგმები”.

* 1942 წლის 6 ნოემბერს მოსკოვის წითელ მოედანზე ჩასაფრებულმა დეზერტირმა საველი დმიტრიევმა ცეცხლი გაუხსნა კრემლის მაცხოვრის კარიბჭიდან გამოსულ სამთავრობო ავტომანქანას. ესროლა რამდენიმეჯერ. კრემლის დაცვამ უცებვე განაიარაღა. არავინ დაშავებულა. დმიტრიევს ანასტას მიქოიანის მანქანა სტალინის მანქანაში აერია. განიხილებოდა თავდასხმის რამდენიმე ვერსია, მათ შორის, შურისძიება და ისიც, რომ ტერორისტი ფსიქიკური ავადმყოფი იყო.

1950 წელს საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იმავე წლის 25 აგვისტოს, სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენით, ტერორისტი დმიტრიევი დაიხვრიტა.

* 1943 წელს გერმანიაში დაიგეგმა სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ლიკვიდაციის ოპერაცია თეირანის კონფერენციის მიმდინარეობისას, რომელიც იმავე წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო. საბჭოთა დაზვერვამ ინფორმაცია ამ ტერაქტის შესახებ დროზე შეიტყო რამდენიმე წყაროსგან და გააუვნებლა იგი. ცნობილი ჩეკისტი პავლე სუდოპლატოვი წერდა:

მედვედევმა და კუზნეცოვმა დაადგინეს, რომ ოტო სკორცენი ამზადებს თეირანში ამერიკისა და საბჭოთა კავშირის საელჩოებზე თავდასხმას, სადაც 1943 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო “დიდი სამეულის” პირველი კონფერენცია. “ბოევიკების” ჯგუფს წვრთნიდნენ ბანაკში ვინიცის მახლობლად, სადაც მედვედევის პარტიზანთა რაზმი მოქმედებდა. კუზნეცოვი დაუმეგობრდა გერმანელების სპეცსამსახურის ოფიცერ ოსტერს. ამ კაცს ჩვენი აგენტის ვალი ჰქონდა, რომლის გადახდას ირანული ხალიჩებით დაჰპირდა. საქონელი თეირანიდან უნდა ჩამოეტანა, სადაც, მისი თქმით, საქმიანი მივლინებით მიემგზავრებოდა. ეს ცნობა, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცეს მოსკოვში, დაემთხვა სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს და დაგვეხმარა, თავიდან აგვეცილებინა “დიდი სამეულის” წინააღმდეგ ჩაფიქრებული აქცია”.

* ეს ავარია სოჭში მოხდა 1931 წლის 26 აგვისტოს, გამთენიისას. “ბიუიკის” მარკის ავტომანქანა, რომლითაც სტალინი და ვოროშილოვი მიემგზავრებოდნენ, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. არც სტალინი, არც ვოროშილოვი არ დაშავებულან. გაირკვა, რომ სატვირთოს მძღოლი მთვრალი იყო და ბელადის მოკვლა აზრადაც არ მოსვლია.

* ზემოაღნიშნული შემთხვევიდან ერთ თვეში, 1931 წლის 23 სექტემბერს, როცა გაგრის მახლობლად “ხოლოდნაია რეჩკას” აგარაკზე ისვენებდა, სტალინმა კატარღით ბიჭვინთისკენ გაისეირნა. მასთან ერთად ლავრენტი ბერიაც იყო. უკან დაბრუნებისას, გაგრას რომ უახლოვდებოდნენ, კატარღას სანაპიროდან ესროლეს. ტყვიები კატარღას ასცდა, არავინ დაშავებულა. გაირკვა, რომ საგუშაგო არავის გაუფრთხილებია, სამთავრობო კატარღა უამინდობის გამო დაგვიანებით რომ ბრუნდებოდა “ჩორნაია რეჩკაში”. მესაზღვრეების ათეულის უფროსმა, წესისამებრ, სამჯერ გამაფრთხილებლად ისროლა ამოუცნობი კატარღის მიმართულებით, რომელიც აკვატორიაში გამოჩნდა.

* 1935 წლის 18 მაისს თვითმფრინავი AHT-20 “მაქსიმ გორკი” შეეჯახა თვითმფრინავ И-5-ს, რომელსაც მფრინავი ბლაგინი მართავდა. ორივე თვითმფრინავი მიწას დაენარცხა და ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. გამოძიებამ ეს კატასტროფა გამოცდის დროს შემთხვევითობითა და ეკიპაჟის დაუდევრობით ახსნა. არსებობს სხვა ვერსიაც, კერძოდ ის, რომ კატასტროფა სტალინისა და საბჭოთა კავშირის სხვა ხელმძღვანელების წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. ეს ვერსია ეფუძნებოდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ორჯონიკიძე და სხვები უნდა ყოფილიყვნენ მგზავრებს შორის. 1935 წლის სექტემბერში ვარშავის გაზეთმა “მეჩ”-მა (“მახვილი”) გამოაქვეყნა ნიკოლაი ბლაგინის მოწოდება, რომ იგი აპირებს, შეგნებულად შეაჯახოს თვითმფრინავი “მაქსიმ გორკის”, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

* პეტრე პოლეჟაევი თავის წიგნში “ისინი და ჩვენ” წერს თავის დედაზე, თამარ ლიცინსკაიაზე (ზანკოვსკაიაზე), რომელმაც 1937 წლის 14 თებერვალს დაკითხვის დროს აღიარა, რომ კრემლში რეგულარულად დადიოდა პისტოლეტით, რომელიც ლევ კარახანისგან (თბილისელი სომეხი, საბჭოთა დიპლომატი) ჰქონდა მიღებული და რომლითაც სტალინის მოკვლას აპირებდა. აღიარა აგრეთვე, რომ იყო გერმანიის დაზვერვის საიდუმლო აგენტი. 1937 წლის 25 აგვისტოს ლიცინსკაია დახვრიტეს.

სტალინზე თავდასხმის სხვა დაუდასტურებელი შემთხვევები მოარული ხმებია და სინამდვილეს არ შეეფერება.

მოამზადა არმაზ სანებლიძემ

ანონსი:

საქართველო და მსოფლიოსმომდევნო ნომერში რუბრიკაშიოცდამეხუთე გვერდიმკითხველებს დაწვრილებით მოვუთხრობთ გერმანული დაზვერვის მიერ სტალინის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here