Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

254

რა აკავშირებდა სტალინს მარქსიზმისა და სოციალიზმის სხვა კლასიკოსებთან, თუ გნებავთ, ლენინთან? რით იყო მოხიბლული მარქსიზმში ან ლენინიზმში იგი? …თითქმის არაფრით. სტალინი სულ სხვა წყობისა და მასალისგან შექმნილი რევოლუციის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იყო, რომელიც განსხვავებულ საზოგადოებრივ წყობასა და მიმდინარეობას აყალიბებდა, რომელსაც იმხანად სახელი არ ერქვა, მაგრამ თავისი არსით სტალინიზმს წარმოადგენდა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია (უმრავლესობისთვის კონტრრევოლუცია) თავისი არსით უნაკლოდ იყო გააზრებული და მომზადებული. სტალინს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ იმპერიის ძლიერებას შეიარაღებული ძალების, სადამსჯელო ორგანოებისა და საზოგადოების (არისტოკრატიის) უმრავლესობა უჭერდა მხარს, მაგრამ იმხანად, 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს), ხელისუფლება ჰქონდა ცოტა ხნით, რამდენიმე საათით. სწორედ აქ გამოჰკრა სტალინმა რევოლუციური ტალღის აგორების ჩახმახს თითი და იქ აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო. 24 ოქტომბერი ადრე იყო, 26 ოქტომბერი კი _ გვიან. ქვეყნის ბედს წუთები წყვეტდა. ამ შეჩერებულმა წამმა გაანათა სწორედ ჩაბნელებული რუსეთის იმპერია.

სწორედ ეს მომენტი შეახსენა საზოგადოებასაც და ლენინსაც სტალინმა თავის გამოსვლაში, ლენინის 50 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას:

“ლენინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო 25 ოქტომბრის აჯანყების დაწყების, მაგრამ ჩვენ მას არ დავუჯერეთ. მეორე დღეს კი ღიმილით გადმოგვხედა და გვითხრა: “თქვენ მართალი იყავით”.

უნდა დავუჯეროთ პროფესორ ვახტანგ გურულს ოქტომბრის რევოლუციის უპრეცედენტო შეფასებაში, რომელიც მომდევნო თაობის მიერ პირუთვნელად დაწერილ ისტორიაში ოქროს ასოებით იქნება შეტანილი:

“1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალმარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზი შექმნა თებერვალმარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქისზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს”.

სტალინმა პოლიტიკური რეალიზმის შექმნიკენ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები 1918 წლის 6 ოქტომბერს გადადგა, როდესაც ყოველგვარი სამხედრო რწმუნების გარეშე სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო ომის ქარცეცხლში შეიჭრა, რაც ნათლად ჩანს მისი ლენინთან მიმოწერის მასალებიდან.

* “ექვსში ჩამოვედი ცარიცინს. ცარიცინში, ასტრახანში, სარატოვში გამეფებულია აღვირახსნილობა და სპეკულაცია. ცარიცინში შემოვაღებინე საბარათო სისტემა და მტკიცე ფასები. მიუხედავად ადგილობრივი კოლეგიების პროტესტებისა, იძულებული ვარ, დავაყენო სპეციალური კომისრები, რომლებიც უკვე ამყარებენ წესრიგს”;…

* “გადაეცით შმიდტს, აღარ გამოაგზავნოს თაღლითები, კობზევმა განკარგულება გასცეს, რომ კოლეგიებმა ვორონეჟში თავისივე ინტერესებისთვის დაბრკოლებები არ შეუქმნან ჩემს რწმუნებებს”.…

ერთ-ერთ წერილში სტალინი წერს ლენინს, რომ მას უკვე განხეთქილება აქვს იმ სამხედროებთან, რომლებიც ტროცკის ემორჩილებიან:

* “მივეშურები ფრონტზე, ცარიცინის სამხრეთით ხაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ვლანძღავ ყველას, ვინც ამის ღირსია. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, არ დავზოგავ არავის, არც საკუთარ თავს და არც სხვებს”;

* “ვინაიდან განაპირა მხარეების კავშირი ცენტრთან სუსტია, საჭიროა, ადგილზე გვყავდეს დიდი რწმუნებით აღჭურვილი პირი სასწრაფო ზომების დროულად მისაღებად. და, თუ ამ მიზნით დანიშნავთ ვინმეს (ვინც უნდა იყოს), მაცნობეთ პირდაპირი მავთულით და მანდატი ასევე პირდაპირი მავთულით გადმომეცით”;

* “თუ ტროცკიმ წინდაუხედავად და განურჩევლად აძლია მანდატები ტრიფონოვს (დონის ოლქი), ავტონომოვს (ყუბანის ოლქი), კოპეს (სტავროპოლი), საფრანგეთის მისიის წევრებს (რომლებმაც დაპატიმრება დაიმსახურეს) და სხვებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი დაირღვევა და ამ მხარეს საბოლოოდ დავკარგავთ”;

* “საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი. რაკი ასეა, მე თვითონ, ფორმალურობის დაუცველად, ჩამოვაგდებ არმიათა იმ სარდლებსა და კომისრებს, რომლებიც საქმეს დაღუპავენ, ასე მიკარნახებს საქმის ინტერესი და ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა ვერ შემაჩერებს”.

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ აქ საქმე გვაქვს არა “მოსწავლისა” და “მასწავლებლის” მიმოწერასთან, არამედ ქვეყნისადმი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილებასთან, რომელსაც ებრძვის ხალხისა და ქვეყნისთვის თავგანწირული ადამიანი და რომელსაც თავდაცვის არანაირი შანსი არ აქვს დატოვებული, მოქმედებს პრინციპით _ ან ყველაფერი, ან არაფერი! სტალინი “უქარქაშო ხმლით” იბრძვის ცალკე ინტერვენციისა და ცალკე შინაური და გარეშე მტრების წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ ტროცკის სძულდა რუსეთი და რუსი ხალხი, მას სურდა რუსები გამოეყენებინა, როგორც ფიჩხი, რომელიც პერიოდულად დაეყრებოდა მსოფლიო რევოლუციის მოგიზგიზე ხანძარს. მებრძოლ რუსულ ინტელიგენციაში, ჯარისკაცებსა თუ მუშებში ტროცკი უცხო სხეული იყო, რადგან სრულიად სხვა ტრადიციებითა და მენტალიტეტით იყო აღზრდილი და უცხოეთიდანაც ამ ახალი მენტალიტეტის დასამკვიდრებლად იყო გადმოხვეწილი; ტროცკის კი, ნებსით თუ უნებლიეთ, მუდამ მხარში ედგა ლენინი.

რევოლუციის წინა პერიოდში, რევოლუციის დაწყების თუ შემდგომ დღეებში, პარტიაში შეუცვლელი იყო სტალინი. ის არასდროს იდგა ჩრდილში, პარტიაში ყოველთვის ჰქოდა გადამწყვეტი სიტყვა. სტალინი ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან (ლენინი, სვერდლოვი, ტროცკი, სტალინი), რომლებმაც ხელში აიღეს ხელისუფლება რევოლუციიდან ოთხი დღის შემდეგ _ 1917 წლის 29 ოქტომბერს და ბიურო შექმნეს ქვეყნის არა კოლექტიურად სამართავად, არამედ იმიტომ, რომ სტალინის უნიკალური თეორიული თუ პრაქტიკული საქმიანობა საერთო ყოფილიყო დანარჩენებისთვისაც და სტალინი კვარცხლბეკზე მარტო არ ასულიყო. თუ ლენინი და ტროცკი ხედავდნენ სტალინის უნიკალურ ნიჭს დანგრეული იმპერიის ნანგრევებიდან ამოყვანის საქმეში, ამას კიდევ უფრო კარგად ხედავდნენ რიგითი კომუნისტები და მუშათა კლასი.

სტალინის პიროვნების გაცნობისას განცვიფრებას ვერ დამალავთ, ისეთი ბრწყინვალე სტრატეგი და ტაქტიკოსი იყო, მაგრამ, როდესაც სტალინის შემუშავებული საბრძოლო მოქმედების გეგმას და მის უნაკლო აღსრულებას გაეცნობით, ვერც წარმოიდგენთ, რომ ბრძოლის ველზე დაჯავშნილ სარკინიგზო ვაგონში მცხოვრები და სამხედრო სტრატეგიაზე მომუშავე სტალინი ოდესმე თუ იყო დაინტერესებული არათუ პოეზიით, არამედ რევოლუციის თეორიით, ნაციონალური საკითხითა და ენათმეცნიერებით.

სტალინმა 1917 წლის 14 აპრილიდან იმავე წლის 25 ოქტომბრამდე რევოლუციური ბრძოლის ველს 80-ზე მეტი ბომბი დააყარა “პრავდის” ფურცლებიდან. ასეთ მცირე დროის მონაკვეთში რევოლუციისთვის ამდენი რამ არც ერთ რევოლუციონერსა და თეორეტიკოსს არ გაუკეთებია.

* “უეჭველად მცდარად უნდა ჩაითვალოს, აგრეთვე, სემიჩის ცდა _ განიხილოს ნაციონალური საკითხი იუგოსლავიაში საერთაშორისო ვითარებისა და ევროპის მოსალოდნელი პერსპექტივების გაუთვალისწინებლად. სემიჩი ეყრდნობა იმას, რომ ამჟამად ხორვატებსა და სლოვენიელებში არ არსებობს სერიოზული სახალხო მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ერთა თვითგამორკვევის უფლების საკითხი აკადემიური საკითხია. ყოველ შემთხვევაში, აქტუალური არ არის. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. კიდეც რომ დავეთანხმოთ, რომ ეს საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის. იგი შეიძლება აქტუალური გახდეს, თუ ომი დაიწყო ან როცა ომი დაიწყება; თუ ევროპაში რევოლუცია მოხდა ან როცა იგი მოხდება; ომი კი აუცილებლად რომ დაიწყება და ისინი წაეკიდებიან ერთმანეთს, უეჭველია, თუ მხედველობაში ვიქონიებთ იმპერიალიზმის ბუნებასა და განვითარებას” (სტალინი, თხზულებანი, ტ.7, გვ. 79).

მკითხველს შევახსენებ, თუ რამდენად ღრმაშინაარსიანია სტალინის სიტყვა კომუნისტური პარტიის (ბ) მე-17 ყრილობაზე, როდესაც ის “პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავებას კაპიტალისტურ ქვეყნებში” ეხება და აკეთებს მომავლის ანალიზს, რომელიც პოლიტიკური რეალიზმის კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს _

* “ზედმეტი არ იქნება, მოკლედ განვიხილოთ ომის ის გეგმები, რომლებსაც ახლა ამუშავებენ ბურჟუაზიული პოლიტიკოსების წრეებში. ერთნი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს ერთერთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ; ფიქრობენ, გამანადგურებელი ლახვარი ჩასცენ მას და გამოასწორონ თავიანთი საქმეები მის ხარჯზე. დავუშვათ, მათ მოაწყვეს ასეთი ომი. რა შეიძლება მოჰყვეს მას? როგორც ვიცით, პირველი იმპერიალისტური ომის დროსაც უნდოდათ, მოესპოთ ერთერთი დიდი სახელმწიფო _ გერმანია და ხელი მოეთბოთ მის ხარჯზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გერმანია მათ ვერ მოსპეს, მაგრამ დათესეს ისეთი სიძულვილი გამარჯვებულთა მიმართ და შექმნეს ისეთი მდიდარი ნიადაგი რევანშისთვის, რომ ჯერ კიდევ აქამდე ვერ შეძლეს და, ალბათ, ვერც შეძლებენ, მალე გამოასწორონ მათ მიერვე შეთითხნილი საზიზღარი საქმე. სამაგიეროდ, მათ მიიღეს კაპიტალიზმის განადგურება რუსეთში, პროლეტარული რევოლუციის გამარჯვება რუსეთში და, ცხადია, საბჭოთა კავშირი. სად არის გარანტია, რომ მეორე იმპერიალისტური ომი მათ მისცემს უკეთეს შედეგებს, ვიდრე მისცა პირველმა? განა უფრო სწორი არ იქნება, ველოდოთ საწინააღმდეგო შედეგს (სტალინის შორსმჭვრეტელობა ნათლად დაადასტურა მეორე მსოფლიო ომმა, რომელმაც გამოიწვია ნახევარი ევროპის გაწითლება _ გრ. ონიანი)?

მეორენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა დაიწყოს ერთერთი ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც სუსტია სამხედრო თავდაცვის მხრივ, მაგრამ ფართოა, როგორც ბაზარი, მაგალითად, ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც, თურმე, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოდ, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, არამედ წარმოადგენს მხოლოდარაორგანიზებულ ტერიტორიას”, რომლისთვისაც საჭიროა, რომ იგი დაიპყრონ ძლიერმა სახელმწიფოებმა. მათ, როგორც ჩანს, უნდათ ამ ქვეყნის საბოლოოდ დაყოფა და თავიანთი საქმეების გამოსწორება მის ხარჯზე. დავუშვათ, მოაწყვეს ასეთი ომი. რა შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ ამას? ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის დამდეგს სწორედ ისე უყურებდნენ იტალიასა და გერმანიას, როგორც ამჟამად უყურებენ ჩინეთს, ესე იგი, ამ ქვეყნებს თვლიდნენარაორგანიზებულ ტერიტორიებად”, არასახელმწიფოებად და იმონებდნენ. მერე რა გამოვიდა აქედან? _ როგორც ვიცით, გერმანიისა და იტალიის ომი დამოუკიდებლობისთვის. ამას მოჰყვა ამ ქვეყნების ხალხთა გულში გამარჯვებულებისადმი სიძულვილის გაძლიერება, რომლის შედეგების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა და, ალბათ, კარგა ხანს არ მოხდება. მესამენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა გააჩაღოს “უმაღლესმა რასამ”, ვთქვათ, გერმანულმა “რასამ”, “დაბალი რასის”, პირველ ყოვლისა _ სლავების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ ასეთ ომს შეუძლია მდგომარეობიდან გამოყვანა, რადგან “უმაღლესი რასა” მოწოდებულია, გაანაყოფიეროს “დაბალი რასა” და იბატონოს მასზე. დავუშვათ, ეს უცნაური თეორია, რომელიც ისეა დაშორებული მეცნიერებას, როგორც ცა დედამიწას, განახორციელეს პრაქტიკულად. რა შეიძლება მოჰყვეს მას? ცნობილია, რომ ძველი რომი სწორედ ისე უყურებდა ახლანდელი გერმანელებისა და ფრანგების წინაპრებს, როგორც ამჟამადუმაღლესი რასისწარმომადგენლები უყურებენ სლავურ ტომებს. ცნობილია, რომ ძველი რომი დაცინვით უწოდებდა მათ დაბალ რასას, ბარბაროსებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, მუდამ ემორჩილებოდნენ უმაღლეს რასას, თანაც ძველ რომს ამისთვის ჰქონდა ერთგვარი საფუძველი, რაც არ შეიძლება ითქვას ახლანდელი უმაღლესი რასის წარმომადგენლებზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გამოვიდა ის, რომ არარომაელები, .., ყველაბარბაროსიგაერთიანდა საერთო მტრის წინააღმდეგ და დაამხო რომი. ჩნდება კითხვა _ სად არის გარანტია, რომ ამჟამინდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენელთა პრეტენზიები არ მიიყვანს მათ ანალოგიურ სავალალო შედეგებამდე? სად არის გარანტია, რომ ფაშისტი პოლიტიკოსები ბერლინში უფრო ბედნიერი აღმოჩნდებიან, ვიდრე იყვნენ ძველი და გამოცდილი დამპყრობლები რომში? განა უფრო მართებული არ იქნება, წარმოვიდგინოთ საწინააღმდეგო შედეგი?

ბოლოს, მეოთხენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ, გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ასე ფიქრობს მხოლოდ ზოგიერთი სამხედრო წრე იაპონიაში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა წრეებში. დავუშვათ, რომ ეს ვაჟბატონები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. რა შეიძლება მოჰყვეს მას? არ მგონია, საეჭვო იყოს, რომ ომი ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისთვის. ის იქნება ყველაზე უფრო საშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრებისთვის. იგი ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისათვის, აგრეთვე, იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეიტანოს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი მეგობრები ევროპასა და აზიაში შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ. და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ მათთვის ახლობელი მთავრობები, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენ “წყალობითა ღვთისათა” (ი. სტალინი, საანგარიშო მოხსენება, პარტიის XVII ყრილობა).

ყველა ზემოთ მოყვანილი მასალა მიგვანიშნებს, რომ შექმნილ სახელმწიფოს დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური სისუსტისა, სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემა დაცული იყო გარეშე პოლიტიკური ინტრიგებისგან. პოლიტიკური ბუნტი საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ ეწყობოდა ქვეყნის ტერიტორიის გარეთ, პოლიტიკური ბრძოლის მოედანზე, საიდანაც დისტანციური მართვის წყალობით ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით მთავრდებოდა (ეს ხომ სტალინის პოლიტიკური ჯადოქრობა იყო).

სტალინმა კარგად იცოდა ცამდე აწვდენილი გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის ლეგენდის ამბავი, რომ ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მწყობრად და ტემპში აშენებდა გოდოლს და მის ბოლომდე აშენებას ვერაფერი შეაჩერებდა გარდა იმისა, რომ მშენებლებს სხვადასხვა ენაზე ელაპარაკათ.

იმპერიალიზმის ვირთხებმა 1975 წელს ჰელსინკში დაგებულ კაკანათში შეიტყუეს საბჭოეთისა და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები და უფასო ყველის ნაჭერზე მიიპატიჟეს, ბოლოს კარი გამოუხურეს, მათი ქვეყნები კი ატლანტის მგლების სათარეშოდ აქციეს. მშვიდობის საბჭოური ბურჯი და მსოფლიოს ჩარგრულ ხალხთა მხსნელის, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის ბაირახტარი ქვეყანა დაშალეს და კიდევ უფრო გააძლიერეს მონების მონობა და მდიდართა გამდიდრება.

მაშინაც კი, როდესაც კორონავირუსის გამო პლანეტა თითქმის გააჩერეს და კვამლი არსაიდან არ ამოდიოდა, რაც პირველი ცდა იყო კონტინენტური ერთიანი მმართველობისა, მსოფლიოს 26-მა მილიარდერმა კიდევ 500 მილიარდით გაამდიდრა თავისი კაპიტალი და ვინ დათვლის, რამდენით დააზარალეს მსოფლიოს მოსახლეობა.

დედამიწის მოსახლეობა დღეს კოლიზეუმში ზის და უყურებს ცხოველისა და ათლეტის ბრძოლას. გამძვინვარებულ პროლეტარიატს წითელ ნაჭერს უფრიალებენ თვალწინ, რითაც უფრო ღიზიანდება თავისუფლების მოყვარე, თავისუფლებაშეზღუდული ცხოველი და გაშმაგებით უტევს ყველაფრით დაცულ ათლეტ მეომარს. ასეა _ დღეს მსოფლიო ფარული ხელი ჩაგრულ ხალხებს მათ აღსასრულს ტაშისცემით აყურებინებს.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here