Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

1869
სტალინი ტურუხანსკის მხარეში

ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, მოუთმენლად ელოდით თუ არა ჩემ მიერ სტალინზე დაწერილი მასალების გაზეთსაქართველო და მსოფლიოსგვერდებზე გამოჩენას, მაგრამ მერწმუნეთ, მე ვჩქარობდი თქვენთან შეხვედრას, რადგან თქვენი თვალსაზრისის მოსმენა ჩემთვის ენერგიის გაორმაგების ყველაზე კარგი საშუალებაა. მაშ, გამარჯობა, ჩემო მეგობრებო! განვაგრძოთ ერთად დაწყებული საქმე: სტალინზე ახალი საარქივო მასალების გამომზეურება.

ჩვენი დღევანდელი თემა შეიძლება ბევრისთვის ნაცნობი იყოს, მაგრამ ზოგისთვის ნამდვილად იქნება სიახლე, რადგან მასალაში ბევრი ისეთი ეპიზოდია, რომლებიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.

სტალინის სიდიადესა და მსოფლიოს პოლიტიკასა და დიპლომატიის სარბიელზე მის ადგილზე ახლა არ ვაპირებ წერას, მაგრამ ზოგი ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდეს მკითხველმა.

სტალინის ფენომენი რუსულ თოჯინა “მატრიოშკას” ჰგავს: როდესაც “მატრიოშკას” ხსნით, შიგ კიდევ ისეთივე “მატრიოშკა” დევს, ოღონდ შედარებით მცირე ზომის, ბოლო გახსნისას კი ხელში შეგრჩებათ ყველაზე პატარა “მატრიოშკა”. სტალინის “მატრიოშკა” კი განსხვავებულია _ როდესაც ხსნით, შიგ უფრო დიდ ფიგურას აღმოაჩენთ, შემდეგ _ კიდევ უფრო დიდს და ა.შ. ჯერ არ გაჩენილა დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც სტალინის ბოლო “მატრიოშკა” გაეხსნას, მისი გრანდიოზულობის გამო.

სტალინის აზროვნების მრავალმხრივობას საზღვრები არ აქვს: სტალინი _ აგრარიკოსი, ჰიდროტექნიკოსი, ავიაკონსტრუქტორი, კონსტრუქტორ-არტილერისტი, კონსტრუქტორ-ტანკისტი, გემთმშენებლობის კონსტრუქტორი, კოსმოლოგი, მარკშეიდერი (მოსკოვის მეტროპოლიტენი), მშენებელი (სტალინური მაღლივები), კოლექტივიზაციის შემოქმედი, ინდუსტრიალიზაციის მამა, უდიდესი მხედართმთავარი, უდიდესი იმპერიის მმართველი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი, კინოსცენარისტი, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, განათლების ქურუმი, ბავშვებისა და სპორტის დიდი მეგობარი, ტრიუმფატორი, მსოფლიოს უდიდესი დიპლომატი, პოლიტიკოსი და კიდევ ის, რაც არ ვიცით და მომავალში იქნება უბრალო მოკვდავთათვის ცნობილი და გასაგები.

მას შემდეგ, რაც სტალინმა სემინარია დატოვა და “ივერიაში”, “კვალსა” და “ბრძოლაში” ლექსები გამოაქვეყნა, მისი კვალი თითქოს ქრება. 1896-1901 წლებში, როგორც პროფესორი ვახტანგ გურული შენიშნავს, “სად იყო, რით სულდგმულობდა, რას ფიქრობდა და რას აკეთებდა, არავინ უწყის”.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე ყოველთვის თვალი ეჭირა და თავისი პოეზიით თანაუგრძნობდა კიდეც, როგორც პრაგმატიკოსი, მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ვიწრო ეროვნულ და ნაციონალურ მოძრაობას მომავალი არ ჰქონდა. სტალინისათვის უპერსპექტივო იყო ცალკეული ნაკადული და კლდიდან დაგორებული თოვლის გუნდები.

“რომანოვების სამასწლიან დინასტიასა და იმპერიას ვერ დაამარცხებს ვიწრო ეროვნულ-ნაციონალური კინკლაობა. მას უზარმაზარი ზვავი უნდა დაეცეს ან ადიდებულმა მდინარემ წალეკოს. ერთიანი რუსეთი გათავისუფლების შემდეგ იქნება პატარა ერების შემფარებელი და მომფერებელი”, _ ფიქრობდა სტალინი. მან ისიც კარგად იცოდა, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა და ალაზნის პირიდან აფრენილი მერცხალი უკიდეგანო რუსეთის იმპერიისკენ გაფრინდა.

ახალგაზრდა კავკასიელმა რუსეთის პოლიტიკურ ცაზე კამარა შეჰკრა და სხვა თვალით დაინახა, როგორც ძირმომპალი რუსეთის იმპერია, ისე მისი გადარჩენის გზები და მეთოდები.

სემინარიადაუმთავრებელმა 22 წლის ყმაწვილმა ორთაბრძოლაში გამოიწვია რევოლუციური ბრძოლების გრანდები: პლეხანოვი, მარკოვი, ლენინი და სხვები. ეს მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსული უტოპიური სოციალიზმის ბურუსიდან. სტალინს ჩამოყალიბებული ჰქონდა ჯერ სოციალური აფეთქების, ხოლო შემდეგ სოციალიზმის განვითარების თავისი გეგმა.

სტალინის მიერ 1899 წელს შედგენილი მუშათა სოციალ-დემოკრატიული წრის მეცადინეობის პროგრამა ხუთ ძირითად თემას მოიცავს:

პირველი _ საზოგადოებათმცოდნეობა; მეორე _ ფილოსოფიური მემკვიდრეობა; მესამე _ პოლიტიკური ეკონომია; მეოთხე _ ისტორია და მეხუთე _ მრეწველობა. პროგრამაში მითითებულ ავტორთა გვარები და ლიტერატურა, რომელთა საფუძველზეც სტალინმა პროგრამა შეადგინა, იმის დამამტკიცებელი ფაქტი იყო, რომ სტალინი, უბრალო მოკვდავის ნიჭი და განათლების დიაპაზონი რომ ჰქონოდა, სემინარიის ჯოჯოხეთური ყოფის პირობებში ასე ძირფესვიანად ვერ შეისწავლიდა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ედვარდ ვერდშტეინის, პეტრე სტრუევის, კარლ კაუცკის, გიორგი პლეხანოვის, მიხეილ ტოგანბარანოვსკის, ლენინის, პოლ ლაფარგის ნაშრომებს. სტალინმა კოღოს ზარბაზნიდან არ ესროლა და თავისი მძიმე არტილერია იქით მიმართა, სადაც იჭედებოდა პროლეტარიატისა და სოციალიზმის ბედი.

სტალინმა ზუსტად იცოდა მსოფლიოს და იმხანად მომაკვდავი რუსეთის იმპერიის ბედი. აკი სწორადაც შენიშნავს თავის ნაშრომში პროფესორი ვახტანგ გურული, უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უძლიერესი მკვლევარი და მემატიანე:

იოსებ სტალინის იდეური მოწინააღმდეგენი ნიჭიერი, ღრმად განსწავლული მოღვაწენი იყვნენ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ. იოსებ ჯუღაშვილი კი განგებამ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან გამოარჩია და მას სხვა დიდი და გამორჩეული მისია დააკისრა (ვ. გურული. “მეფე-მამა”).

სტალინს რწმენა და გაბედულება შეჰმატა ტამერფოსის კონფერენციამ, სადაც მსოფლიო დონის კორიფეები გამოდიოდნენ და ცხარედ კამათობდნენ საკითხებზე, რომლებიც სტალინს უკვე დამუშავებული ჰქონდა. ძნელი წარმოსადგენია, როდის და რა მეთოდებით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა სტალინში იდეები, რომლებიც მარქსიზმის კლასიკოსებში ჯერ კიდევ განსჯისა და კამათის თემა იყო.

სტალინმა 1905-1907 წლებში ზუსტად გათვალა რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების საკითხები და შექმნა ნაშრომები, რომელთა როლი და მნიშვნელობა არასოდეს დაკარგავს ღირებულებას რევოლუციების ისტორიაში. სტალინმა თავისი პოლიტიკური მომავალი რუსეთზე გათვალა და ბოლომდე უერთგულა მას.

ამ უზარმაზარი პოლიტიკური და ინტელექტუალური ღირებულებების გამომზეურების შემდეგ სტალინი თითქოს დროებით წყვეტს პოლიტიკურ აქტივობას პრესასა თუ საჯარო დებატებში და სხვა სფეროში გადადის. 1905 წელს რევოლუციის დამარცხებამ თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაუჭრა სასიცოცხლო ძარღვი. ცარიზმის დამხობის ძლიერი წყურვილი დიდი ხნით ჩაბარდა ისტორიას. სწორედ სტალინმა დაინახა რევოლუციის დამარცხებაში ის რაციონალური მარცვალი, რომლის გათვალისწინებითაც ბოლშევიკებს თავიანთ შეცდომებზე უნდა ესწავლათ და რევოლუციის გზა მტკიცედ განეგრძოთ, ამისთვის, სტალინის აზრით, საჭირო იყო სამი რამ _ იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი. იარაღის შესაძენად კი საჭირო იყო სამი რამ _ ფული, ფული და კიდევ ფული.

ემიგრაციაში მყოფი ლენინისათვის ძნელი იყო იმ წინააღმდეგობათა აღქმა, რომლებიც ყოველთვის წინ ხვდებოდა რევოლუციის რაინდებს. შიმშილი, შიში, ბრძოლა, ციმბირი _ აი რა იყო რევოლუციონერის ყოველდღიური ყოფა. ყველაფერში გამორჩეულმა ძლიერმა და გამბედავმა ახალგაზრდა სტალინმა სამოქმედო ასპარეზად ბაქო აირჩია. თითქმის დაუჯერებელია ის გაბედულება და თავგანწირვა, რომელსაც საქვეყნოდ აღიარებული ინტელექტუალი, იდეოლოგი, პროგრამისტი და რევოლუციის ოსტატი, ახალგაზრდა სტალინი იჩენს საზოგადოების ყველა ფენაში. რევოლუციის შტაბს უჭირს. პარტიის სალაროში 1907 წლისათვის სიმბოლური თანხა _ 100 რუბლიღა დევს.

ამ პერიოდში მსოფლიოს მაგნატები ოქროთი და ბრილიანტებით დატვირთულ ხომალდებს რუსეთიდან თავიანთ სამშობლოში გზავნიდნენ ზღვებისა და ოკეანეების გავლით. მაგნატებთან, როგორც წესი, ახლოს ტრიალებენ შავი სამყაროს წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთი წილი ეკუთვნით მუშათა კლასის ექსპლოატაციით მიღებული მილიარდებიდან.

როგორც ჩანს და როგორც შევიტყვეთ (ჩემი წიგნები ხომ წაკითხულზე, გაგონილსა და განცდილზეა აგებული), სტალინი ბაქოს მრეწველთა და შავი სამყაროს წარმომადგენელთა ჩაკეტილ წრეში ქარიშხალივით შეიჭრა, წააქცია, მიმოფანტა ძირმომპალი ხეები და პირისპირ აღმოჩნდა ოქროთი და ბრილიანტებით დატვირთული გემის წინ, მისმა მდევნელმა მეკობრეებმა კი ზღვის ფსკერზე ჰპოვეს თავშესაფარი.

გემიდან გატაცებულმა უზარმაზარმა თანხამ, რომელიც იმხანად 30 მილიონი დოლარი იყო (დღეს გაცილებით მეტი ოიქნერბოდა) ცოტა ხნით შვება მოჰგვარა პარტიასაც და ლენინსაც. კასპიის ზღვაზე, ბაქოს სანაპიროზე, 1907 წლის ძარცვამ და ნაძარცვის მასშტაბმა გააკვირვა იმჟამინდელი მსოფლიო და დიდხანს დარჩებოდა კვლევის საგნად, 1908 წელს თბილისის ცენტრალურ მოედანზე რომ არ მომხდარიყო ძარცვა, რომლის მასშტაბებსაც საზღვარი არ ჰქონდა.

თავდამსხმელის სწორმა და გააზრებულმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ არათუ იმხანად, დღესაც თითქმის ფანტასტიკის სფეროდ აქცია ეს თავდასხმა. ფარული ხელის მიერ დაწერილმა გეგმამ და შესრულების უნაკლო ხელოვნებამ თბილისის 1908 წლის ძარცვას მსოფლიოს სენსაციურ მოვლენათა კვალიფიკაცია მიანიჭა. ეს პარტიული სალაროს შევსების მეორე გიგანტური წყარო იყო. სტალინი კავკასიაში თავზარდაცემის, გაუჩინარების, ყოვლისმოქმედი “დიავოლის” სინონიმი შეიქნა.

ერთხელ ბაქოს ერთ-ერთი დიდი მაგნატი, ფულის გამოძალვის მიზნით, თვით ბაქოს გუბერნატორმა გაიტაცა და გათავისუფლებისთვის დიდძალ ფულს სთხოვდა, მაგრამ მოტაცებული და მომტაცებელი თანხაზე ვერ თანხმდებოდნენ. ერთ ღამეს გატაცებულს ღრმა სარდაფში სტალინი ესტუმრა, ისე, რომ ეს არც გატაცებულისათვის და არც გამტაცებლისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. სტალინი გატაცებულს ექვსი საათის განმავლობაში ესაუბრა. შემდგომში სტალინისა და მაგნატის ურთიერთდამოკიდებულებაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ მაგნატის შთამომავლის სახლში დღესაც ყველაზე ძვირად ღირებულ საგნად მიჩნეულია მისი პაპისთვის სტალინის მიერ ნაჩუქარი შავი პიანინო, რომელიც ამჟამადაც შესანიშნავ ჰანგებს გამოსცემს.

სულ სხვაა სტალინისა და ძმები ნობელების დამოკიდებულება. მათი უზარმაზარი ფინანსური იმპერიის ხელშეუხებლობა “შავი სამყაროს” მხრიდან სტალინის გავლენის გამო.

შემდგომში ნობელებმა რამდენჯერმე სცადეს, მსოფლიოს რომელიმე გამორჩეული პიროვნების პირით გაებედათ სტალინისათვის ნობელის პრემიის მინიჭება, მაგრამ მსოფლიოში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც შეჰბედავდა სტალინს ამ პრემიის შეთავაზებას.

მე ნაწილობრივ შევეხე იმ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ ფაქტებს, რომელთა შემდეგაც ივსებოდა პარტიის სალარო და ამ საქმეში, გვინდა თუ არა, ლომის წილი სტალინს ედო.

ინგლისელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი საიმონ მონტეფიორე თავის სიცრუით სავსე წიგნში “წითელი მონარქის კარი” საკმაოდ ვრცლად აღწერს სტალინის საქმიანობას კრიმინალურ სამყაროში, მაგრამ ერთს კი სწორად შენიშნავს:

მიუხედავად ამ უზარმაზარი თანხების სალაროში აკუმულირებისა, სტალინს ერთი რუბლითაც არასოდეს უსარგებლია და ის ყოველთვის ჯიბეგამოფხეკილი დადიოდა”.

ლენინი ხვდებოდა, ვინ იყო პარტიის სიძლიერის ბალავრის ჩამყრელი და ვის ჰქონდა უბადლო გონებრივი თუ ფიზიკური სიძლიერე პარტიაში.

მას შემდეგ, რაც ათასმა წყალმა ჩაიარა, სტალინმა შექმნა უკვდავი ნაშრომები, მათ შორის, “მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი” (ვენა. 1913 წელი). სახლს, რომელშიც სტალინი სამი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა 1913 წლის იანვარში და ვენის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, დღესაც მიკრული აქვს უზარმაზარი მემორიალური დაფა სტალინის ბარელიეფით, რომელზეც წერია: აქ, ამ სახლში, 1913 წელს ცხოვრობდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომელმაც აქ დაწერა გენიალური ნაშრომიმარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”.

თბილისის სასულიერო სემინარიაში კი, სადაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდა იოსებ სტალინი, არათუ მუზეუმია გახსნილი, ერთი პატარა აბრაც კი არ არის ტურისტებისათვის, რომ “აქ, ამ სახლში, სწავლობდა და ცხოვრობდა ი. სტალინი”.

ამ აზროვნებით ცივილიზაციაში და ევროპაში ვერ შევალთ.

1913 წლის მარტში სტალინი დააპატიმრეს და ტურუხანსკში გადაასახლეს. როგორც ჩანს, ამჯერად გაქცევაზე არც უფიქრია და დროებით შეურიგდა ბედს. ტურუხანსკში, სტალინის გარდა, მისი ნაცნობი სხვა პოლიტპატიმრებიც იყვნენ გადასახლებულნი. საშინელმა პირობებმა და მკაცრმა ზამთარმა სტალინის ყოფა გაუსაძლისი გახადა. ამას ემატებოდა ის ფინანსური კრიზისი, რომელიც მას ქრონიკულად დასდევდა. თუ სხვა პირობებში ეს, ასე თუ ისე, ასატანი იყო, ყინვასა და მუდმივ თოვლში მისი ყოფა გაუსაძლისი ხდებოდა.

აი რას წერს სტალინი, რომელიც წლების განმავლობაში პარტიის სალაროს შემვსები და ყველა პოლიტპატიმრის პატრონი და მეთვალყურე იყო, პეტროგრადში თავის მეგობარს, რუსეთის დუმის დეპუტატ მალინოვსკის:

“გამარჯობა, მეგობარო. იძულებული ვარ, მოგწერო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ასეთ მძიმე ვითარებაში. გროშები, რაც გამაჩნდა, დავხარჯე. მეუფლება საშინელი განცდა ზამთრისა და ყინვის მოახლოების გამო. ამჟამად ყინვა მინუს 37 გრადუსს აღწევს, საერთო განწყობა ცუდია. არ მაქვს არც პურის, არც შაქრის, არც ხორცისა და არც ნავთის მარაგი. მთელი ფული თბილი ფეხსაცმლის ყიდვაში დამეხარჯა. მარაგის გარეშე აქ ცხოვრება შეუძლებელია, ვარ ავადმყოფი, მჭირდება რძე, შეშა. ფული არ მაქვს, არ ვიცი, ასეთ პირობებში როგორ გადავიტან ზამთარს. მე არ მყავს მდიდარი ნათესავები და მეგობრები, მე ვერავის მივმართავ თხოვნით, ამიტომ მოგმართავთ მხოლოდ თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, აგრეთვე, მივმართავ პეტროვსკისა და ჩადაევს. ჩემი თხოვნა მდგომარეობს შემდეგში: თუ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ან ბიუროს განკარგულებაში გაქვთ ფული რეპრესირებულთათვის, გამიწიეთ დახმარება 60 მანეთით მაინც. გადაეცით ჩემი თხოვნა ჩხეიძეს და თხოვეთ, მიიტანოს გულთან ახლოს ჩემი სათხოვარი. ვთხოვ მას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მიწა-წყლის შვილია, არამედ როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს. თუ ფრაქციას ამისი ფონდი არ აქვს, მაშინ უნდა მოიფიქროთ თვითონ. სხვას მე წერილს არ მივწერ. უნდა მოიფიქროთ და გააკეთოთ რამე. დღესვე ფული უნდა გამომიგზავნოთ დეპეშით, ლოდინი შეუძლებელია. ვარ ავად”.

პასუხის მოილოდინში სტალინმა დაზღვევვის მიზნით მეორე წერილი გაუგზავნა პეტროგრადში მცხოვრებ მეგობარ ქალს:

“ტატიანა ალექსეევა, მორიდებით გწერთ, მაგრამ რა ვქნა, უნდა დავძლიო უხერხულობა. კაპიკი ფული არ მაქვს, მარაგი გამითავდა, რაც კაპიკები მქონდა, თბილი ტანსაცმლის ყიდვაში დავხარჯე. საკვები პროდუქტები აქ ძალიან ძვირია. ჯერჯერობით მენდობიან და “ნისიად” მაძლევენ, მერე რა იქნება, არ ვიცი. ღმერთმანი, არ ვიცი. შეგიძლია, მეგობრებში მოიძიო და გამომიგზავნო თუნდაც 20-30 მანეთი? ეს იქნება ჩემი ხსნა და, რაც ჩქარა იქნება, მით უკეთესი. ზამთარი ჩვენთან უკვე ძალაშია, ყინვა მინუს 33 გრადუსია, შეშა კი საკმარისი რაოდენობით არ მაქვს”.

მალე პეტროგრადიდან ფრაქციამ 100 მანეთი გაგზავნა გაქცევის მოსამზადებლად, მაგრამ ფული გაგზავნილი იყო სვერდლოვის სახელზე და სტალინს ამ ფულთან თითქოს არაფერი ესაქმებოდა. სტალინმა სასწრაფოდ დეპეშა გაუგზავნა მალინოვსკის:

“ფული მივიღეთ, მაგრამ ეს ფული ეკუთვნის მას და მხოლოდ მას ( სვერდლოვს _ გრ. ონიანი).

სტალინი ფიქრობდა, რომ ფული ორივესია _ სვერდლოვისა და სტალინის, მაგრამ ლენინს სტალინის გვარი დაავიწყდა, როგორც ადრე, როდესაც ზინოვიევს მისწერა:

“გთხოვთ, დამიდგინოთ კობას გვარი _ იოსებ დჟ… ?”

სტალინმა თანხა _ 135 მანეთი _ 1916 წლის იანვარში მიიღო. როგორც კი შეიტყო ტურუხანსკის მმართველმა კიბიროვმა, რომ სტალინმა ფული მიიღო, სასწრაფოდ მოუხსნა მას უფასო კვება, რადგან თავის რჩენის სხვა საშუალება გამოუჩნდა. სტალინს კიბიროვი იცნობდა ბაქოდან, სადაც ის ჟანდარმერიის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ იქ ჩადენილი დანაშაულისათვის კიბიროვი დააქვეითეს და ტურუხანსკის მმართველად გადაიყვანეს. სტალინისადმი მოკრძალება კიბიროვს ბაქოდან ჰქონდა გამოყოლილი.

ცოტა ხანში სტალინმა ტატიანა ალექსეევასგანაც მიიღო ამანათი. მცირეოდენ თანხაზე მადლობა გადაუხადა სტალინმა მეგობარს, მაგრამ ახალი საცვლების შეძენის გამო უსაყვედურა:

“მე თქვენთვის არ მითხოვია ახალი საცვლების ყიდვა, მე გთხოვეთ ჩემი ძველი საცვლების გამოგზავნა”.

სტალინს ბოლო გადასახლება 1917 წლის 7 ივნისს უთავდებოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ იგი 20 თებერვალს გაათავისუფლა და 1917 წლის 8 მარტს ის კრასნოიარსკის გავლით პეტროგრადში დაბრუნდა.

არ მინდა, მკითხველი დავაბნიო დიდი შესავლით, სანამ მივიდოდე სტალინის მოწაფეობის საკითხზე, მაგრამ უნდა ვკითხო მკითხველს: 1917 წლამდე სტალინისა და ლენინის ურთიერთობას ეტყობა, რომ პირველი მეორის მოწაფე იყო?

ახლა კი ვნახოთ, როგორ მიმდინარეობდა ლენინ-სტალინის მასწავლებლობა-მოწაფეობა რევოლუციისა და შემდგომ პერიოდებში და როდის გამოიკვეთა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა.

გადასახლებაში გაუსაძლის პირობებში 4 წლის განმავლობაში ნატანჯი და თანაპარტიელებისაგან არცთუ განებივრებული სტალინი, საეჭვოა, აღტკინებული და დიდი სიხარულით შეხვედროდა თანამებრძოლებს პეტროგრადში. შვიდჯერ გადასახლებულ და ექვსჯერ გადასახლებიდან ურთულეს პირობებში გამოქცეულ სტალინს სულ სხვა გზა ჰქონდა გამოვლილი და ღმერთისაგან სხვა მისიის აღსრულება ჰქონდა დაკისრებული.

გადასახლებიდან პეტერბურგში დაბრუნების პირველი დღიდანვე სტალინი “პრავდის” ფურცლებზე გამოჩნდა და რევოლუციური მოძრაობის გრანდებთან გამართულ თეორიულ თუ პრაქტიკულ ბრძოლებში ჩაება. სტალინმა ჯოჯოხეთური სამუშაო გასწია და 1917 წლის 14 მარტიდან 1917 წლის 24 ოქტომბრამდე მეცნიერული ხასიათის 80-მდე პროგრამული ტრაქტრატი გამოაქვეყნა.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება შემდეგ ნომერში

კვირის კითხვა

_ ბატონო გრიგოლ, რას იტყვით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე: რეალურია სამხედრო კონფლიქტი კორეის ნახევარკუნძულზე აშშსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომელმაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს?

_ ნუთუ კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ ტრამპი გონებაშეზღუდულია, დღევანდელი დასავლეთის დიდი სახელმწიფოს მეთაურები კი _ უთაოები და მარიონეტები? ადამიანებს დაავიწყდათ ომის საშინელებები და მას ისე უყურებენ, როგორც ჰოლივუდის კინოპავილიონებში გადაღებული, ჯამბაზების მიერ მოგებული ომის სურათებს. ახალი თაობა ისე უყურებს ამ ომს, როგორც თინა ხიდაშელი ლენინგრადის ბლოკადას ომის პერიოდში. ყოველთვის ნეგატიურად ვიყავი ამერიკელების მიმართ განწყობილი, მაგრამ, თუ ასეთი უგუნურები იქნებოდნენ, არ მეგონა… როცა მოლოტოვმა სტალინს ტრუმენის მოთხოვნა გადასცა კურილის კუნძულებიდან ორი პატარა კუნძულის ამერიკელებისათვის გადაცემის თაობაზე იაპონელებიდან თავდაცვის ზღუდის შესაქმნელად და საჰაერო ბაზის მოსაწყობად, სტალინმა მოლოტოვს ტრუმენისათვის გასაცემი პასუხის ჩაწერა მოსთხოვა, თვითონ კი ოთახში ბოლთის ცემას შეუდგა და დაიწყო: “ასეთი ტონით გამარჯვებული ქვეყნები ესაუბრებიან დამარცხებულ ქვეყნებს. ჯერჯერობით ჩვენ თავს დამარცხებულად არ ვთვლით და არც ასეთ ტონს მივიღებთ. როგორც ჩანს, ტრუმენსა და მის მეგობრებს ამერიკიდან სჭირდებათ მონები და არა სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ამ საქმისთვის ტრუმენს ვერ გამოვადგებით”. აი, ასე უნდა ლაპარაკი სახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიოზე თავისი ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს… ისე კი, ომი დაწყებულია. რუსეთის რამდენიმე საკონსულო აშშ-ში ამერიკელ სპეცსამსახურებსა და პოლიციელებს აქვთ დაკავებული. ეს ან ექსპროპრიაციაა, ან ოკუპაცია. რუსეთი კი ის სახელმწიფო არ არის, რომელიც წართმევას შეეგუება. ის ყოველთვის იპყრობს “ვლადი-ვოსტოკიდან” “ვლადი-კავკაზამდე”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here