მთავარი ისტორია სტალინი _ ლეგენდა და სინამდვილე

სტალინი _ ლეგენდა და სინამდვილე

2729
გააზიარეთ
სტალინი

მე-20 საუკუნე გეოპოლიტიკური კატაკლიზმებისა და გიგანტური სოციალური აფეთქებების საუკუნეა. მსგავსი რყევები კაცობრიობას არ განუცდია თავისი განვითარების ისტორიაში. ბორბლის შემქმნელი ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში ნელი მოძრაობით მოაგორებდა ადამიანთა გონიერებასა და ცოდნას. პრიმიტიულ ქვასანაყებში მზადდებოდა ნახტომი სრულიად ახალ სამყაროში, რასაც კატალიზატორი სჭირდებოდა. და აი ისიც მოხდა: დედამიწა შეტორტმანდა და უძრავმა თუ მოძრავმა სხეულებმა ზოგმა სწორხაზოვნად, ზოგმაც ქაოსურად დაიწყო მოძრაობა.

იშლებოდა და ინგრეოდა დიდი იმპერიები. ჩინ-მედლები ცვიოდა დიდგვაროვანთა მხარბეჭიდან. კუნძზე იდებოდა ტვინით სავსე თავები და ჯალათი მონდომებით კვეთდა მათ. სისხლის მდინარეები, გაზაფხულის წვიმის ნიაღვრებთან ერთად, უერთდებოდა ზღვებსა და ოკეანეებს. აღარ იყვნენ რომანოვების დინასტიის მსოფლიოში სახელგანთქმული მონარქები, დავიწყების ბურუსში ეხვეოდა ჰოჰენცოლერნების საუკუნეებგამოტარებული დიდება. მთავრდებოდა ჰაბსბურგების უძლეველობის მითი. სამუდამოდ დადუმდა ოსმალთა იმპერიის ცხენთა ფლოქვების გამაყრუებელი თქარათქური, ვიღას ახსოვდა მონღოლთა უძლეველი იმპერია. რომანოვების მეფის ნატახტარზე ბოლშევიკები მოსულიყვნენ, იტალიაში ფაშისტებს გაეშალათ ფრთები, ესპანეთში დაემხო ხოსე რივერას დიქტატურა და დამყარდა რესპუბლიკა, ვაიმარში კი გააფრთებით მზადდებოდა ნაცისტების გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი. ევროპა დიქტატურამ მოიცვა. ყველა დიქტატორული ქვეყანა თავის დიქტატორს უკმევს სანთელს და ადიდებს მას, ყველას უნდა ძალის დემონსტრირებით აღიდგინოს დიდება. ევროპა მოქმედ ვულკანს ჰგავს, რომელიც სხვადასხვა მხარეს ისვრის გავარვარებული ლავის შხეფებს. ყველა ქვეყანას თავის ნოეს კიდობანი აქვს, მაგრამ ამ კიდობანში ყველას ადგილი არ არის, კიდობნის გარეთ დარჩენილთ კი საშინელი სამსჯავრო ელით. ყველა დიქტატორს თავისი ისტორიკოსი და ჟამთა აღმწერელი ჰყავს, ვისაც როგორ შეუძლია და სურს, ისე იპყრობს, და ვისაც როგორ სურს, ისე ადგენს სახელმწიფოთა შორის საზღვრებს. მდიდარი ღარიბს ართმევს, ძლიერი სუსტს ჩაგრავს, პატარას დიდი იერთებს და მონად იყენებს, მაგრამ ყველა ამ მჩაგვრელს ჰყავს თავისი მჩაგვრელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა, რომლის წინაშე უძლურია სახელმწიფოში მცხოვრები ყველა ადამიანი. თუმცა ამ სახელმწიფოსაც ჰყავს თავისი მახრჩობელა _ მსოფლიოს ერთმმართველი ქვეყანა და პატრონი, რომელმაც გაძარცვა მსოფლიოს ყველა დიდი თუ პატარა სახელმწიფო.

პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის შიშისმომგვრელ სიტყვებად გაისმის ძველი და ახალი სახელები: ლენინი, ჰიტლერი, მუსოლინი, სტალინი, პოლ-პოტი, ფრანცისკო ფრანკო, ფიდელ კასტრო, ჩაუშესკუ, სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი, მაო ძედუნი… შედარებით იოლია მიჰყვე ალექსანდრე მაკედონელის ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებას და ქრონოლოგიურად ასახო. მაკედონელი გმირია ტრაგედიისა, რომელსაც სხვა პერსონაჟი თითქმის არ ჰყავს _ მოქმედ პირთა და შემსრულებელთა ჩამონათვალი ძალზე მცირეა. “მავრის” გაკეთებული საქმე კი ვეებაა. ალბათ, მხოლოდ გალაკტიონს განუსაზღვრავს თავისი გენია _ “ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!” არ ვფიქრობ, რომელიმე ზეკაცმა შეძლოს და შეცუროს იმ ოკეანეში, რომელშიც ეს ტიტანი ვეშაპები ზოგჯერ ერთმანეთს გაურბიან, ხშირად კი ერთმანეთს დაეტაკებიან ხოლმე.

აკადემიკოსმა ნიკო მარმა 1911-1912 წლებში სვანეთში ორჯერ იმოგზაურა და ეს ასახა თავის ნაშრომში “მოგზაურობა სვანეთში 1911-1912 წლებში”, რომელიც პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიამ 1917 წელს დაბეჭდა თავის ჟურნალში “კრესტიანსკი ვოსტოკ”. ამ ნაშრომში ნიკო მარი წერს, რომ სვანეთის ერთ-ერთი ეკლესიის კედლის მოხატულობაში აღმოაჩინა ვეშაპის ფრესკა, რის გამოც განცვიფრებასა და აღფრთოვანებას ვერ მალავს და ამბობს: “მე აღმოვჩნდი არა მარტო ათასწლეულებგამოვლილი კულტურის სამყაროში, არამედ ვეშაპის პატივისმცემელთა საზოგადოებაში (вишап)”.

მე იმ საზოგადოებას ვეკუთვნი, რომლის კერძო ეკლესიის კედელზე აღმოჩნდა ვეშაპის ფრესკა, ამიტომ ნუ დამძრახავთ, მე ჩემს ვეშაპზე ვიქნები მლოცველი და პირჯვრის გადამწერი.

კერძო ვიზიტი

2010 წელს მეგობართან ერთად ისრაელის ქალაქ იერუსალიმში გავემგზავრე, მინდოდა, უფრო ახლოს გავცნობოდი ქრისტეს ცხოვრებას, გამევლო მის ნაფეხურებზე, რასაც შეეძლო უფრო ახლოს მოეტანა ჩემთან ქრისტეს მცნებების აღქმა და სიყვარული. ვიზიტი კარგად დაიწყო. იმ ადგილების გაცნობის მიზნით, რომელიც ქრისტეს ნაკვალევად არის ცნობილი, თავისი სატრანსპოტრო საშუალებით დილიდან საღამომდე გვემსახურებოდა თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ქრისტეს კვალდაკვალ ერთი კვირის განმავლობაში დავდიოდით დაწვრილებითი ახსნა-განმარტებებით. მოვინახულეთ არა მხოლოდ იერუსალიმის ახლომახლო მდებარე ღირსშესანიშნაობანი, რომლებიც ქრისტეს სახელთან არის დაკავშირებული, არამედ ვიყავით ეგვიპტეში და ვნახეთ ჭა, რომლიდანაც წყალს ასმევდნენ ყრმა იესოს.

როდესაც ჩვენთვის განკუთვნილი ვიზიტის დრო ამოიწურა, არცთუ ურიგო რესტორანში მოეწყო საღამო გამოსამშვიდობებლად. ურთიერთობა გაცილებით ახლობლური იყო, ვიდრე გაცნობის პირველ დღეებში. სუფრაც ხალისიანად მიდიოდა. ჩვენმა დიდმა მეცნიერმა, რომელიც ჩემთან ახლო ურთიერთობას იჩენდა ჩემი დამტვრეული რუსულის გამო, მკითხა: ამ ერთი კვირის ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ მეტ-ნაკლებად თუ მიუახლოვდი ქრისტესო? მე არა მხოლოდ ღმერთის, არამედ ადამიანის მიმართაც ყოველთვის ალალი ვარ და სრულიად დაუფიქრებლად ვუპასუხე: ამ ერთი კვირის ურთიერთობის შემდეგ ქრისტეს არათუ დავუახლოვდი, არამედ კიდევ უფრო დავშორდი-მეთქი. ზოგიერთმა იქ მსხდომმა ჩემი გულახდილობა ხუმრობად მიიღო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რასაც ვამბობდი და ჩემი ხელმძღვანელიც კარგად ხვდებოდა ჩემს გულწრფელობას.

“_ ბატონო გრიშა, _ მითხრა ხელმძღვანელმა, _ ასეც ვფიქრობდი, რომ ვერც “დაბადების” საკითხში და ვერც ბევრ რამეში ვერ დაგარწმუნებდით. მე ერთ რამეს გირჩევთ: გაგონილი გექნებათ ცნობილი ფრანგი მწერლისა და მკვლევარის _ ერნესტ რენანის სახელი, მან მე-18 საუკუნეში დაწერა წიგნი “ქრისტეს ცხოვრება და შემოქმედება”. თუ ეს წიგნი თქვენთვის ხელმისაწვდომია, მისი დახმარებით თქვენთვის ნათელი და გასაგები გახდება ბევრი რამ”. რენანის ეს წიგნი თავის დროზე დიდ ილია ჭავჭავაძეს უთარგმნია ქართულ ენაზე. ასე რომ, ერთ-ერთი ეგზემპლარი ქართული თარგმანისა დღეს ხელთა მაქვს და სწორედ ამ წიგნის მთავარ მოქმედ პირსა და სტალინს შორის პარალელების გავლებას ვაპირებ.

ვიდრე თხრობას დავიწყებ, გაგაცნობთ ავტორს წიგნისა “ქრისტეს ცხოვრება და შემოქმედება”:

ერნესტ რენანი

თუ რატომ შემოვიტანე თხრობაში ფრანგი მწერლის სახელი და გვარი, ქვევით უფრო გასაგებად ავხსნი.

“შეიძლება ბევრ თქვენგანს არც კი სმენია ეს სახელი და გვარი. ეს ის ერნესტ რენანია, რომელმაც თამამად გაუსწორა თვალი ჭეშმარიტებას, ფარდა აჰხადა საიდუმლოებით მოცულ ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრებას და ალმასივით მკვეთრი სურათებით თვალწინ დაგვიდო წარსული ცხოვრება ქრისტიანეთა და დაგვანახა დიდებული, უმწიკვლო სახე თავდადებული იესო ნაზარეველისა.

“ცხოვრება იესოსი”  მხოლოდ ერთი კარია რენანის ნაშრომებისა (40-მდე ტომი აქვს დაწერილი), მაგრამ ეს წიგნი ყველაზე სახელოვანი და ჩინებულია. სახელგანთქმული მეცნიერი და მეისტორიე ერნესტ რენანი დაიბადა 1823 წელს ტრეგიეში (ბრეტანი, საფრანგეთი). ღარიბმა და მორწმუნე მშობლებმა იგი მონასტრის სკოლაში მიაბარეს. პაწია რენანი გულმოდგინედ შუდგა სწავლას და ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშობას შეეჩვია. ნიჭიერი და მკვირცხლი გონების პატრონი რენანი დიდ იმედს აძლევდა მის აღმზრდელ კათოლიკე მღვდლებს. თვითონ რენანიც სამღვდლოდ ემზადებოდა, მაგრამ, როდესაც შეისწავლა ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, როდესაც ებრაულ, სირიულ და ქალდეველთა ენებზე დაწერილი საღმრთო წიგნები წაიკითხა და დაუკვირდა კათოლიკე სამღვდელოებისა და იეზუიტების მოქმედება-გულისთქმას, რენანის რწმენას ფრთები შეეკვეცა. რენანს ამ დროს უკვე ანაფორა ეცვა, მღვდლობის პირველი ხარისხი _ იპოდიაკონობა _ მიღებული ჰქონდა. საშინელმა ეჭვებმა შეიპყრო ჭაბუკი რენანი, მისი გამოფხიზლებული გონება ვერ შერიგებოდა ბერების ზოგიერთ სწავლებას. პარიზის წმინდა ნიკოლოზის სასულიერო სემინარიის ზღუდეებს შორის მომწყვდეული რენანი დღესა და ღამეს სარწმუნოებაზე ფიქრში ატარებდა, მისმა გამჭრიახმა გონებამ სძლია ეჭვებს, მეცნიერულმა კრიტიკამ თვალი აუხილა და თავის წარსულთან ერთი დაკვრით გაწყვიტა კავშირი. 1845 წლის 6 ოქტომბერს რენანი უკანასკნელად დაეშვა სემინარიის კიბეზე, იგი მღვდლად ვერ ეკურთხებოდა, იგი თვალთმაქცი ვერ იქნებოდა… “ცხოვრება იესოსი” რენანმა 1863 წელს გამოაქვეყნა. ადვილი წარმოსადგენია, რა განგაშს ატეხდნენ სარწმუნოების ოფიციალური წარმომადგენელნი. აუწერელია ის უშვერსიტყვაობა და ცილისწამება, რომელიც რენანის მიმართ ითქვა, მაგრამ ბრძენი რენანი წარბსაც არ იხრიდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ თვით იესოც ჭეშმარიტების სიყვარულისთვის აწამეს ფარისევლებმა. გადიოდა დრო. რენანს სახელი და დიდება ემატებოდა. ხალხი კითხულობდა რენანის “ცხოვრება იესოსი”-ს (იგი ფრანგულ ენაზე სამოცდაცხრაჯერ გამოიცა). ბოლოს მადლიერმა ფრანგმა ერმა სამღვდელოებისგან “ღვთისმგმობლად” შერაცხილი რენანი უკვდავთა შორის ჩარიცხა და მის სამარეზე ბრეტანში დიდებული ძეგლი აღმართა. რენანი გარდაიცვალა 1892 წელს.

* მიხედვით წიგნისა “ცხოვრება იესოსი”:

დასაბამი ჩვენგან დასახელებული ცვლილებისა იწყება რომის იმპერატორების _ ოქტავიანე აუგუსტუსისა და ტიბერიუსის დროიდან. მაშინ ქვეყნად გაჩნდა ერთი შესანიშნავი კაცი, რომელმაც შექმნა ძლიერი მოძრაობა და ახალი სარწმუნოებას საძირკველი ჩაუყარა. ეს კაცი იყო იესო ნაზარეველი.

წერილის ავტორის აზრით:

ცხოვრების წესების შეცვლის ყველაზე სერიოზული მცდელობა იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც გერმანიაში უდიდესი გენიოსები _ მარქსი და ენგელსი მოღვაწეობდნენ. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ერთი შესანიშნავი კაცი, რომელმაც შექმნა ძლიერი მოძრაობა და ახალ სარწმუნოებას ჩაუყარა საძირკველი. ეს კაცი იყო იოსებ სტალინი.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

იესო დაიბადა გალილეის ერთ პაწია და მის დაბადებამდე უმნიშვნელო ქალაქ ნაზარეთში, თუმცა შემდგომ მისმა მიმდევრებმა იესოს მშობლიურ ქალაქად ბეთლემი დაასახელეს, მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს მოხდა იესოს ცხოვრების ფაქტების არევ-დარევით და იმის გამო, რომ იესოს მაცხოვრად (მესიად) აღიარება დასჭირდათ. დღე და წელიწადი იესოს დაბადებისა დანამდვილებით არავინ იცის.

წერილის ავტორის აზრით:

სტალინი პატარა პროვინციულ ქალაქ გორში დაიბადა. კაცობრიობა 30 წლის განმავლობაში ზეიმობდა 21 დეკემბერს, როგორც სტალინის დაბადების დღეს, მაგრამ გავიდა დრო და სტალინის დედისა და თვით სტალინის გარდაცვალების შემდეგ ვიღაცას დასჭირდა, შეეცვალა, როგორც მისი დაბადების წელი _ 1879, ასევე მისი დაბადების რიცხვიც _ 21 დეკემბერი. ამასთანავე, კამათობენ: ოსია თუ ქართველი.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

იესოს უმაღლესი განათლება არ მიუღია (ასეთი სასწავლებელი ნაზარეთში არ უნდა ყოფილიყო) და არც ჰქონდა ისეთი ხარისხი, რომელიც ხალხის თვალში მეცნიერად წარმოაჩენდა, მაგრამ შეცდომა იქნება, იესოს უმეცარი უწოდო…

წერილის ავტორის აზრით:

სტალინს უმაღლესი განათლება არ მიუღია, მაგრამ შეცდომა იქნება, უმეცარი ვუწოდოთ ( ლ. ბერძენიშვილი და სხვ.)

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

თავისი ერის უკეთესი მომავალი, თავისი ხალხის იმედი და მოლოდინი პატარაობიდანვე შეიქნა იესოს სატრფიალო. შეიძლება მას წაკითხული ჰქონდა წიგნი ენოქისა, რომელიც საღმრთო წიგნად ითვლებოდა, რომელიც სრული გამომთქმელი იყო ებრაელთა სულთა სწრაფვისა. მოლოდინი მაცხოვრისა (მესიისა), გამოჩინება მისი დიდებითა და ძლიერებით, ხალხთა აღრეულობა, დანგრევა ცისა და ქვეყნისა იესოს ოცნების ქვაკუთხედად გადაიქცა. ზოგიერთის გამოანგარიშებით, ეს საშინელება ძლიერ მალე უნდა მომხდარიყო. იესოც მოუთმენლად მოელოდა ამ დღის დადგომას და, როგორც ყველა ებრაელს, მისი არაბუნებრიობა იესოსაც სრულებით არ აფიქრებდა.

წერილის ავტორის აზრით:

ხალხის საკეთილდღეოდ რევოლუციური ნგრევა, “დანგრევა ცისა და ქვეყნისა” სტალინის ოცნების ქვაკუთხედი იყო. ის ძალასა და ენერგიას არ ზოგავდა რევოლუციის მოსამზადებლად. სტალინი მოითხოვდა: ჩვენ, უწინარისად, გვჭირდება შეიარაღება, მეორე _ კიდევ შეიარაღება და მესამე _ ისევ შეიარაღება. სტალინისავის არ არსებობდა ზომიერი რევოლუცია, მას არნახული რევოლუციის მოწყობის წყურვილი ჰქონდა.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

მას უაღრესად სწამდა ურთიერთობა კაცისა ღმერთთან და ადამიანის ყოვლად შემძლებლობაზე ეჭვიც კი არ ჰქონია. ეს იყო მისი შეცდომა და ამაშივე იყო მისი უძლეველობაც. დროთა ვითარებამ დაამცრო ადამიანის ძლიერება ბუნებისმეტყველისა და ქიმიკოსის თვალში, მაგრამ “მას ჟამსა შინა” რწმენა ადამიანის სიძლიერეზე ისე აღაფრთოვანებდა იესოს, როგორც არავინ აღუფრთოვანებია მანამდე და მას შემდეგ.

წერილის ავტორის აზრით:

სტალინს სწამდა ურთიერთობა ღმერთთან: მან პირველმა უწოდა არტილერიას ომის ღმერთი. კინოფილმ “გიორგი სააკაძეში” სწორედ სტალინის მითითებით ჩასვა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ფრაზა:

ქრისტეს და სამშობლოს სახელით ვეკვეთოთ მტერს”.

სტალინმა კარგად იცოდა გენების თეორია, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც თითქოს, თეთრგვარდიელების გარდა, რუსეთში არ გაიზრდებოდა ოფიცერი და ვერ შეიქმნებოდა მებრძოლი არმია, სწორედ “დაბალი რასის” წარმომადგენლებისგან შექმნა უძლეველია არმია, რომელმაც ნაცარტუტად აქცია ფაშისტური გერმანია. სტალინს არც ღმერთის პატივისცემაში და არც პიროვნების განდიდებაში შეცდომა არ დაუშვია.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

იესოს პატარაობიდანვე თავისებურება ეტყობოდა. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ ისევ ჭაბუკი წინ აღუდგა მშობელთა ძალმომრეობას, დაგმო მათი თვითნებობა და თავისი პირადი მოწოდება დედ-მამის უფლებაზე მაღლა დააყენა. ნათესაურმა მოვალეობამ იგი ვერ დააკნინა. ნათესავებსაც არ უყვარდათ იგი და ხშირად სასტიკადაც ეპყრობოდნენ. როგორც ყველა იდეით გატაცებული, იესოც ნაკლებ ყურადღებას აქცევდა შენ-ჩემობას, ხორციელ ნათესაობას. ნათესაობა იდეური, თავგანწირვა მოწოდებისთვის _ აი რა არის უწმინდესი მოვალეობა იესოს მსგავსთათვის. “აი დედაჩემი, აი ჩემი ძმები _ ამბობდა იესო, უთითებდა რა მოწაფეებზე. ის, ვინც ასრულებს ნებასა მამისა ჩემისასა, ის არის ძმა ჩემი და დაი ჩემი”…

წერილის ავტორის აზრით:

სტალინი ბავშვობიდანვე აუჯანყდა მშობლებს, არ სურდა, მამის ნებას დაჰყოლოდა და ხარაზობა ესწავლა. სწორედ ბავშვის აღზრდის საქმეში გაჩენილმა უთანხმოებამ გააჩინა ბზარი ცოლ-ქმარს შორის. ახალგაზრდა სოსო სრულიად განსხვავებული აზროვნებისა იყო, რაც ვერავითარმა ძალადობამ ვერ შეაცვლევინა. მან არ იცოდა ნათესავი და არანათესავი, ის წმინდა იდეის განხორციელებაზე ოცნებობდა და ამ იდეის ყველა მოწინააღმდეგე მისი მოწინააღმდეგე იყო.

სტალინმა ფრონტზე გაგზავნა სამი შვილი, ისევე, როგორც ყველა სხვამ. სტალინმა ციხეში ჩასვა თავისი ვაჟის, იაკობის, მეუღლე _ იულია მელცერი, როდესაც იაკობი ტყვედ ჩავარდა. სტალინმა ციხეში ჩასვა თავისი ცოლისძმა, თავისი ქვისლი და ბევრი სხვა ახლობელი.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

რომელიმე ერის ცხოვრებაში დიდებულ საქმეებს მხოლოდ ერთეულები აკეთებენ. ქვეყნის დიდება ყოველთვის უმრავლესობის მოწინააღმდეგენი, ოპოზიცია ყოფილა. ერის ყველაზე დიდებული შვილნი არიან ისინი, რომლებიც ერს სასიკვდილოდ გაუწირავს. სოკრატე დიდება და გვირგვინი იყო ათენისა, მაგრამ მოწამლეს, სპინოზა ჩვენი დროის ერთი უდიდებულესთაგანი იყო, მაგრამ თორამ იგი სამარცხვინო ბოძზე მიაკრა და თავის წიაღიდან განდევნა. იესოც დიდება იყო ერისა ისრაელისა, მაგრამ ამავე ხალხმა ჯვარს აცვა იგი.

წერილის ავტორის აზრით:

ერთ კაცს არც ერთ დროში და არც ერთ ქვეყანაში იმდენი სასიკეთო საქმე არ გაუკეთებია, რამდენიც სტალინმა გააკეთა. ისეთი უზარმაზარი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, არავის აუშენებია და ხის კავიანი ქვეყანა არ უქცევია ზესახელმწიფოდ თავის სიცოცხლეში. სწორედ იმისთვის, რომ უპირველესი იყო პირველთა შორის, სიკეთისთვის, ხალხთა ბედნიერებისთვის ბრძოლაში უძლეველობისა და ღმერთკაცობისთვის გაწირეს სტალინი და უღალატეს.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

აჯანყების ცეცხლს ყოველთვის აღვივებდნენ მიმდევარნი მოსეს სჯულისა. იერუსალიმი ბუდე იყო ამ აჯანყებათა და, თუმცა მეამბოხეთ ყოველთვის სიკვდილით სჯიდნენ ხოლმე, სჯულისთვის სიკვდილი ყველას სასახელოდ მიაჩნდა, სიამოვნებით კვდებოდნენ მარტო იმისთვისაც კი, თუ მოასწრებდნენ და კედლებიდან ჩამოგლეჯდნენ ხოლმე რომაელთა არწივებს, განცხადებებს ან დაანგრევდნენ იროდებისგან მოსეს კანონის წინააღმდეგ აგებულ შენობებს. ამ გმირებს თავის დაცვის გრძნობა დახშული ჰქონდათ.

ღმერთი იესოსი ეს სასტიკი მბრძანებელი კი არ არის, რომელიც, ნებავს რა, დასჯის ხალხს, ნებავს, შეიწყალებს. არა, ღმერთი იესოსი _ ეს ჩვენი მამაა, ჩვენ ყოველთვის გვესმის მისი მშობლიური ალერსი, როდესაც ყურს ვუგდებთ ჩვენ გულში დამარხულ ნაზ გრძნობას მისდამი, როდესაც ვიგონებთ საყვარელ “მამას”. ეს ღმერთია ტანჯულთა, ჩაგრულთა, გლახაკთა შემბრალებელი. იესოს ღმერთი ეს ებრაელთა თვითნება და ცალკერძა ბატონი კი არ არის, რომელმაც მხოლოდ ისრაელის ერი აირჩია და მას დაუნაცვლა დანარჩენი ხალხები, არა, იესოს ღმერთი ღმერთია მთელი კაცობრიობისა. ღმრთის შვილი იესო არც ისე პატრიოტი იყო, როგორც მაკავეი და არც ისეთი ღვთისმეტყველი, როგორც იუდა გოლონიტი. იგი მედგრად აღუდგა წინ თავისი ტომის წარმოდგენას ღმერთზე და აღიარა ღმერთი მამად მთელის მსოფლიოსი. გოლონიტი ამტკიცებდა: სიკვდილი სჯობს, ვიდრე ღვთის გარეშე სხვას “ბატონი” დაუძახოთო. იესო კი ამ სახელს ყველა ვიგინდარას სთავაზობს, მხოლოდ ღმერთს კი უფრო ნაზ და ფაქიზ სახელს უწოდებს. “დაე ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიიღონ შესაფერი პატივისცემაო” _ ცოტა არ იყოს დაცინვით ამბობდა იესო. “ხოლო თქვენი ნუ გეშინისმცემელი კი მარტოოდენ მამა ღმერთია. თქვენი ნავთსაყუდარი _ ღმერთის სასუფეველია, რომელსაც თითეული თქვენთაგანი გულით ატარებსო”.

წერილის ავტორის აზრით:

აჯანყების მსურველი ავანტიურისტები ბევრ ბედნიერ ქვეყანაშიც არიან, მათ სიკვდილით სჯიდნენ და დღესაც სჯიან _ ხან ფარულად, ხანაც ხილულად, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ სიამოვნებით, იკეთებენ ჯიჰადის ქამარს, ტანზე იმაგრებენ ბომბებს და ასაფეთქებელ მასალებს, ნაღმავენ ავტომანქანებს და მათთან ერთად ფეთქდებიან თვითონაც. ასე იყო წინათ, ასეა ახლაც. “სახელმწიფოს მართვა ჰუმანიზმის სკოლა არ არის, ამბობდა სტალინი. მას ღრმად სწამდა დიდი რუსი მხედართმთავრის სიტყვები: “ერთი ჯარისკაცის სისხლით ას ჯარისკაცს გადაარჩენ”.

დიახ, მსხვერპლი იყო, მაგრამ იყო შენება, აღმშენებლობა, დისციპლინა. ქვეყნად დამყარდა დემოკრატია. სწორედ მაშინ, როდესაც უმრავლესობის დიქტატურა უნდა დამყარებულიყო უმცირესობაზე, მოუწყვეს ტერორი არა მხოლოდ სტალინს, არამედ დემოკრატიასა და სოციალურ თანასწორუფლებიანობას. სტალინმა ერთადერთმა შექმნა კონსტიტუცია, რომელიც სახარებისა და ქრისტეს მოძღვრების პრინციპებზეა აგებული და არა “ბიზნესსა” და “ზედმეტ ღირებულებაზე”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. მადლობა, ბატონო გრიგოლ, სტალინის ფენომენის გაგებისა და ახსნისათვის. მოსამსახურე რუსმა ქალმა, რომელიც უცვლელად ემსახურა მრავალი წელი და ყველაზე უკეთ იცნობდა მას, ასე დაატირა სიკვდილის შემდეგ: „ასეთ ადამიანს ჯერ არ გაუვლია დედამიწის ზურგზე“-ო.
    ველოდები გაგრძელებას.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here