მთავარი ისტორია სტალინი _ კაცობრიობის ამოუხსნელი ფენომენი

სტალინი _ კაცობრიობის ამოუხსნელი ფენომენი

21 დეკემბერი სტალინის დაბადების დღეა

2056
გააზიარეთ
ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი იალტის კონფერენციაზე. 1945 წ.

უძველესი დროიდან, როდესაც არა მხოლოდ პოეტები და მწერლები, არამედ დიპლომატებიც კი მელნით წერდნენ, ყველა ატარებდა წვრილად დაფქულ ფხვნილს, რომელსაც ახალდაწერილ ტექსტს ზემოდან მოაყრიდნენ, რათა ნაწერი დროულად გამშრალიყო და არ გადღაბნილიყო. ფრანგმა ფილოსოფოსმა პიერ ბუასტმა, ამ ფაქტიდან გამომდინარე, საერთაშორისო მასშტაბის აფორიზმი შექმნა: “დიპლომატების მელნით ნაწერი ადვილად იშლება და ორთქლდება თუ მას საზარბაზნე დენთი არ მოეყრება”.

ყველასათვის ცნობილია, რომ სტალინს მელნით წერა არ უყვარდა; იგი ფანქრებით ასრულებდა ძირითად სამუშაოს, მაგრამ ამაზე ქვემოთ. სტალინმა ომის დაწყების დღიდან კარგად იცოდა, რომ: მისი საქმე სამართლიანია, უთუოდ გაიმარჯვებს და რომ მის ქუჩაზეც იქნება ზეიმი”. ბელადს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ “სისხლისღვრით მოპოვებული გამარჯვება შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს, სამშვიდობო ხელშეკრულება გამარჯვებულისთვის ნაყოფის მომცემი უნდა იყოს და მებრძოლების მიერ ბრძოლის ველზე მოპოვებული წარმატება დიპლომატებმა მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დათმონ!” ამიტომ სამამულო ომის დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე სტალინი საგულდაგულოდ ამზადებდა საზარბაზნე დენთს, რომელიც მას მსოფლიო გადანაწილების იმ ხელშეკრულებაზე უნდა მოეყარა, რომელსაც ბერლინის გარეუბან პოტსდამში მოეწერა ხელი.

წარმატებული დიპლომატი და მხედართმთავარი

ბელადის ფრაზა: კარგი საგარეო პოლიტიკა ხშირად მეტს იწონის, ვიდრე ორისამი არმიის მოქმედება ფრონტზე!” სტალინის დიპლომატის განუმეორებელი ხელოვნება მოკავშირეებს საშუალებას არ აძლევდა, “საზარბაზნე ხორცად” ექციათ საბჭოთა კავშირი. ამის ნათელი დასტურია ის უნიკალური მასალა, რომელსაც რუსეთის ფედერალურმა საარქივო სააგენტომ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტორიულ-დოკუმენტურმა დეპარტამენტმა და რფ-ის ისტორიულმა საზოგადოებამ გრანდიოზული გამოფენა მიუძღვნეს.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იგონებს: “სტალინს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი იმარჯვებს ომებში, მაგრამ ვერ იღებს გამარჯვების ნაყოფს. რუსები იბრძვიან ბრწყინვალედ, მაგრამ არ შეუძლიათ დაამყარონ მშვიდობა!” ამ აზრს ხშირად იმეორებდა სტალინი უცხოელ დიპლომატებთან საუბრისას დიდი სამამულო ომის პერიოდში. “რუსები ყველას დაქირავებული მუშახელი ჰგონია, _ ეუბნებოდა სტალინი აშშ-ის ელჩს საბჭოთა კავშირში ავერელ ჰარიმანს,_ თურმე რუსებმა უნდა გაათავისუფლონ პოლონეთი, ხოლო პოლონელებმა მიიღონ ლვოვი. ისინი ფიქრობენ, რომ რუსები “დურაკები” არიან!”

მოლოტოვი წერს: სტალინი ყოველთვის გვაფრთხილებდა, რომ არ მიგვეცა უცხოელებისათვის ჩვენი “გადურაკების” უფლება, არც ომის მიმდინარეობისა და არც გამარჯვებით მიღებულ ალაფის განაწილებისას. ბელადი ასეთივე პირდაპირობით სვამდა საკითხებს ამერიკის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის წინაშე. სტალინის საუბარი მოკავშირეებთან ყოველთვის კონსტრუქციული იყო, რაც მათ ანცვიფრებდა. სტალინით აღფრთოვანებულმა რუზველტმა ერთხელ მაღალი რანგის დიპლომატს უთხრა: თუ ჩვენ მსოფლიოს ყველა უმნიშვნელოვანეს საქმეს გადასაწყვეტად მივანდობთ ძია ჯოს ყოველგვარი კონგრესისა და პარლამენტის გარეშე, ყველა ჩვენგანის საქმე გაცილებით უკეთესად იქნება!”

სტალინისა და ჩერჩილის პირველი შეხვედრა

1942 წლის 12 აგვისტოს ჩერჩილს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა კრემლში სტალინთან . ეს იყო მათი პირველი შეხვედრა. ყოვლისშემძლე ჩერჩილი იმედოვნებდა, რომ საუბრის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ სტალინი მის ყველა მოსაზრებას გაიზიარებდა. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერი ანგარიშში მოტყუვდა… ნოკდაუნში ჩავარდნილ ჩერჩილს კიდევ ერთხელ დაარტყა სტალინმა, როდესაც განუცხადა: _ თქვენ გერმანელების არ უნდა გეშინოდეთ!” ჩერჩილს ფერი ეცვალა. სტალინმა აშკარად დასცინა ჰერცოგ მალბოროს თავმოყვარე შვილიშვილს, და სიმხდალეში დასდო ბრალი. ჩერჩილმა გადაწყვიტა, რომ შეხვედრას ვადამდე დაასრულებდა. ის თავის ელჩ არჩიბალდ კერთან აღელვებული მივიდა და უთხრა: _ ვის ელაპარაკება ის? ყველაზე დიდი იმპერიის წარმომადგენელს, რომელიც კი ოდესმე ყოფილა? ვის შეურაცხოფს ეს ვიღაც გლეხუჭა?!” გაივლის სამი წელი და 1945 წლის 6 თებერვალს ეს “გლეხუჭა” კენიგსბერგის კარიბჭეზე დააკაკუნებს, შემდეგ ბრესლაუსთან გადალახავს მდინარე ოდერს და ბუდაპეშტის ქუჩებში წითელ დროშასთან ერთად წითელი ალიც ავარდება.

იდგა სისხლისმღვრელი ომის 1326-ე დღე. შავი ზღვის სანაპიროზე სტალინის მიერ გადაგდებულ ანკესზე ორი ვეშაპი იყო წამოგებული _ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, რომელთა პირველი პირებიც ლივადიის სასახლეში მოათავსეს. სწორედ იქ, რუსეთის იმპერიის ყოფილ სასახლეში, გლეხუჭა “იოსკა ჩოფურა” მასპინძლობდა ჰერცოგ მალბოროს მოთვინიერებულ შვილიშვილს _ უინსტონ ჩერჩილს, რომელმაც იალტის კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო გეოპოლიტიკის ბედი წყდებოდა, განაცხადა: “მე ვცნობ საბჭოთა კავშირის უფლებას, დაიცვას თავისი სახელმწიფო ინტერესები!” ჩერჩილი ყოველთვის ამბობდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ცნობდა კერზონის ხაზს (სადემარკაციო ხაზი პოლონეთსა და რსფსრ შორის _ გრ. ონიანი) უცვლელად, როგორც გავლებულია ის საბჭოთა კავშირის მიერ და ეთანხმება ლვოვის საბჭოთა კავშირთან შეერთებას”. ჩერჩილი და იდენი ბევრჯერ გააკრიტიკეს ამის გამო, როგორც პარლამენტში, ისე კონსერვატიულ პარტიაში.

როგორ გადაწყვიტა სტალინმა პოლონეთის ბედი

იალტაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს სტალინის წინადადებას და ერთხმად შეთანხმდნენ პოლონეთის საკითხზე. რუზველტმა პირდაპირ განაცხადა: “პოლონეთის საკითხი ხუთი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს თავისტკივილი იყო, ჩერჩილმა თქვა, რომ უნდა ვეცადოთ, მომავალში კიდევ არ იყოს პოლონეთი კაცობრიობის თავის ტკივილი”.

სტალინი რუსების მიერ წარსულში დაკარგული მიწების შემგროვებლად იქცა. დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე დაიბრუნა ყველაფერი წარსულში წართმეული და დამატებით მიიღო ის, რასაც ასწლეულები დასჭირდებოდა”, _ დაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მწერალმა კონსტანტინე სიმონოვმა.

საინტერესოა გრაფი ალექსეი იგნატიევის გამონათქვამიც. გრაფი ოფიცრის ჩინით მსახურობდა მეფის არმიის ცხენოსანთა პოლკში. სამხედრო სამსახური კი წითელი არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა. იგნატიევი ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა რუსეთს. მან შემდეგი რამ დაწერა თავის წიგნში “50 წელი რაზმში”: “უნდა ვაღიარო, რომ რუსეთის იმპერია არასოდეს ყოფილა ისეთი უზარმაზარი, როგორც სტალინის დროს _ ელბიდან წყნარ ოკეანემდე!”

1945 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა ამერიკის დიდი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომელსაც 18 დღე დააკლდა, რომ რაიხსტაგის თავზე დროშის აღმართვას მოსწრებოდა. რუზველტმა თან წაიღო გამარჯვების სიხარულიც და იალტაში მიღწეული მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ერთერთ ინიციატორის სახელიც.

ურთიერთობა სტალინსა და რუზველტს შორის

რუზველტს რომ ეცოცხლა, მისი და სტალინის კიდევ ათწლიანი მეგობრობა მსოფლიოს გადააქცევდა ამქვეყნიურ სამოთხედ, რომელსაც ბოროტის ხელი ვერას დააკლებდა. მოკავშირეობისას ჩერჩილი სინანულით შენიშნავდა, რომ “ის ყოველთვის მესამე იყო”. რუზველტისა და სტალინის შეთანხმებას იაპონიასთან ერთობლივი საომარი მოქმედების დაწყებაზე ჩერჩილი არ დასწრებია. 1943 წელს, რუზველტისა და ჩერჩილის შეხვედრისას კვებეკში, ჩერჩილმა განაცხადა: “გადაწყვეტილია, ინგლისი აქტიურად და ენერგიულად ჩაებმება იაპონიასთან ომში!” ჩერჩილს არაერთხელ დაუდასტურებია თავისი ეს განცხადება, მაგრამ იალტაში იაპონიასთან ომის დაწყების საკითხის განხილვას ჩერჩილმა შეგნებულად აარიდა თავი, რასაც ბევრი კითხვა მოჰყვა. არ გამორიცხავდნენ, რომ ჩერჩილმა რუზველტსა და სტალინთან საკითხის გარკვევას გვერდი მიზანმიმართულად აუარა, რადგან აღმოსავლეთის საკითხი მას არ ეხებოდა. მაგრამ, მაშინ რატომ ეხებოდა რუზველტს ევროპის საკითხი? ზოგი ფიქრობდა, რომ ჩერჩილმა ხელი არ შეუშალა რუზველტს თავისი სიმპათია გამოეხატა სტალინის მიმართ და აქაც თავი მესამე კაცად ჩათვალა. რუზველტმა კარგად იცოდა სტალინის ამბავი _ საბჭოეთის ლიდერი დიდ ყურადღებას მიაქცევდა წვრილმან საკითხებსაც კი, ამიტომ ამერიკის პრეზიდენტმა ბევრი ფიქრის შემდეგ, იალტის კონფერენციის მიმდინარეობის მეორე დღეს, წერილობით აცნობა თავისი მოსაზრებები სტალინს. სსრკ-ს იმჟამინდელი ელჩი ამერიკაში ანდრეი გრომიკო იგონებს: დილით, კონფერენციის გახსნამდე, სტალინმა სპეციალური დაცვით მიიღოსასწრაფო პაკეტი პრეზიდენტისაგან”. სტალინი მაწვდის რაღაც ქაღალდს და მეუბნება _ აი, წერილი რუზველტისაგან, ესესაა მივიღე. შემდგომ დასძინა: მინდა, რომ ეს წერილი წაიკითხოთ და მითარგმნოთ სასწრაფოდ, ზეპირად. მინდა, სხდომის დაწყებამდე ზუსტად ვიცოდე მისი შინაარსი! მე მყისვე გავაკეთე თარგმანი. წერილი ეხებოდა კურილიის კუნძულებსა და სახალინს. რუზველტი აცნობებდა სტალინს, რომ იაპონიის დამარცხებისა და ოკუპაციის შემდეგ, ამერიკის მთავრობა იაპონიის კურილიის კუნძულების ნახევრის და სახალინის ნახევრის საბჭოთა კავშირისთვის გადაცემას დათანხმდებოდა. წერილმა სტალინი კმაყოფილი დატოვა. ის დადიოდა კაბინეტში და გავიგონე მისი ჩუმი ხმა _ კარგია, ძალიან კარგია!” აღნიშნული ქმედებით ამერიკამ რეაბილიტაცია გაუკეთა თავის ქვეყანას და გამოისყიდა ადრე ჩადენილი დანაშაული. 1905 წელს, რუსეთიაპონიის ომის შემდეგ გამართულ მოლაპარაკებაზე, ამერიკა ეხმარებოდა იაპონიას, რის შედეგადაც რუსეთს წაართვეს ზემოხსენებული ტერიტორიები. გრომიკო განაგრძობს: “ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ბელადმა განაცხადა: კარგია, რომ რუზველტი მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ამერიკამ დაიკივა კარგი პოზიცია. ეს ძალზე საჭიროა მომავალი ურთიერთობების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის! სტალინს, მე ვიტყოდი, განსაკუთრებული კმაყოფილებით ეჭირა ხელში რუზველტის წერილი, მას შემდეგ, რაც გაეცნო წერილის შინაარსს. ჩვენ ერთად დავდიოდით მის სამუშაო ოთახში და თითქოს, ენანებოდა ხელი გაეშვა წერილისთვის. დამშვიდობების შემდეგ ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ რუზველტის პოზიცია სახალინის, კურილიის კუნძულებისა და ასევე მეორე ფრონტის გახსნის საკითხში დიდწილად განსაზღვრა სტალინის დამოკიდებულებამ რუზველტისადმი, როგორც პრეზიდენტისადმი და როგორც კაცისადმი!”

დიდ სამამულო ომში სტალინსა და რუზველტს შორის დამყარდა ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, რაზეც მეტყველებს ის გულთბილი მიმოწერა, რომელსაც საარქივო მასალები ინახავენ. ასევე ის თბილი დამოკიდებულება, რომელსაც იჩენდა, როგორც ერთი, ისე მეორე ლიდერი ურთიერთის მიმართ, როგორც ცხარე კამათის დროს, ისე თავისუფალ გარემოში. ყველასთვის ცნობილია რუზველტის ქვრივის ომის შემდგომი გამონათქვამი: “სტალინი მოსწონდა რუზველტს. სტალინსაც ესიმპათიურებოდა რუზველტი არამხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პიროვნება!”

ურთიერთობა სტალინსა და ჩერჩილს შორის

ჩერჩილი ამბიციური პიროვნება იყო. 1946 წლის 6 მარტს პრეზიდენტ ტრუმენის თანხლებით შეერთებულ შტატებში საუნივერსიტეტო ქალაქ ფულტონს ეწვია და უზარმაზარ დარბაზში სიტყვა წარმოსთქვა. ვიდრე ჩერჩილი ტრიბუნაზე შედგებოდა და მოხსენების კითხვას დაიწყებდა, სტალინს უკვე მიღებული ჰქონდა ჩერჩილის გამოსვლის სტენოგრამა, რომელსაც კარგა ხანს საიდუმლოდ ამუშავებდა. 1946 წლის 9 თებერვალს სტალინი მოსკოვის დიდი თეატრის ტრიბუნაზე, ავიდა, როგორც დეპუტატობის კანდიდატი და ერთი ტკბილი სიტყვაც ვერ გაიმეტა ყოფილი მოკავშირეების მართით. ბელადმა არტილერიის ცეცხლი გაუხსნა და გააშიშვლა ყოფილი მოკავშირეები, საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქეს _ ქალსა თუ კაცს _ კი აუნთო გულები, გასამმაგებულად ეშრომათ. სტალინმა გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ ქვეყნის არც ერთი მოქალაქე თავს არ დაზოგავდა სამშობლოს დასაცავად. ამ გამოსვლისას ბელადმა ჩერჩილი ჰიტლერს შეადარა. მან დარბაზში მსხდომთ გააცნო ზოგიერთი ამონარიდი ჰიტლერის გამოსვლიდან, შეადარა ისინი ჩერჩილის გამოსვლებს და ყოფილი მოკავშირე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და ატომის ერაში ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ცივილიზაციას. სტალინმა ირონიულად, მაგრამ მჭექარე ხმით განაცხადა: ჩერჩილი და მისი მეგობრები ამერიკიდან და ინგლისიდან გვთავაზობენ: მიიღეთ ჩვენი ბატონობა ნებაყოფლობით და ამის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაჩაღდებაო! ეს უკვე ულტიმატუმია, ეს უკვე ომის გამოცხადებაა”.

გამორიცხული იყო, სტალინს არ ეპასუხა ჩერჩილის გამოწვევისათვის, როდესაც იგი მოუწოდებდა ანგლო-საქსებს, სასწრაფოდ შეექმნათ სამხედრო კავშირი საბჭოეთის წინააღმდეგ საომრად. უახლეს საზღვრებს დასავლეთით, რომელიც გადიოდა ბერლინზე, პრაღაზე, ბუდაპეშტზე და მიემართებოდა აღმოსავლეთისაკენ პორტ-არტურამდე, სამხრეთით კი თითქმის მისული იყო შავი ზღვის სრუტეებამდე, დაცვა სჭირდებოდა. სტალინმა, თითქოს ფარაჯა გაიხადა, ისე მოიცილა ის ლოიალური, დიპლომატიური და ღიმილიანი საუბრის მანერა ჩერჩილსა და სხვა მოკავშირეებთან, რომელსაც ომის პერიოდში მიმართავდა და განაცხადა; “დადგა დრო, ვილაპარაკოთ ბოლშევიკური პირდაპირობით! …საბჭოთა კავშირში დადის ხმები ახალი ომის შესახებ. ზოგიერთი უკვე იმარაგებენ ასანთსა და საპონს!”. ეს მკაცრი სიტყვები მეხივით გავარდა მსმენელთა შორის. მილიონამდე საბჭოთა ოფიცერი, რომლებიც დემობილიზაციას ელოდებოდა, სტალინის სიტყვას მოღუშული შეხვდა. სოფლად გლეხები ჩურჩულებდნენ, _ დასავლეთის ზეწოლით სტალინი კოლექტივებს აუქმებსო! კონფრონტაცია საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის საომარ რელსებზე შედგა. ყოვლისშემძლე “კა-გე-ბე”-ს მეშვეობით, სტალინმა იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობა არა ომს, არამედ კარგ ცხოვრებას ელოდა. მთავრობა ფიქრობდა, ბელადი უფრო ლოიალური იქნებოდა, ხოლო ინტელიგენციას კი ამერიკის ფულის იმედი ჰქონდა და ფიქრობდა, რომ სტალინს ან შეაშინებდნენ, ან შეარბილებდნენ მაინც. ლენინგრადში იმაზე ოცნებობდნენ, რომ ომში დამხარების სანაცვლოდ, ამერიკა ლენინგრადს თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქალაქად გამოცხადებას შესთავაზებდა. სტალინმა კარგად იცოდა, რა ძლიერ ძალასთან მოუწევდა შეტაკება. ამას ემატებოდა ჩერჩილის ტრაბახი ბრიტანეთის იმპერიისა და აშშ-ს ძალების გაერთიანებაზე, ამ ალიანსის გაბატონებაზე ყველა საზღვაო სივრცეზე, უამრავი სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ, სადაც ატომური იარაღით აღჭურვილი ამერიკული “მფრინავი ციხესიმაგრეები” განლაგდებოდნენ. სტალინი ფიქრობდა, რომ ჩერჩილის მუქარა და სიტყვების რახარუხი ის ბუშტი იყო, რომელიც მალე გასკდებოდა, მაგრამ სიფრთხილეს მანიც თავი არ სტკიოდა. სტალინის გაანგარიშებით, არც ამერიკას და არც ინგლისს წითელ არმიასთან ომის რესურსი არ ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ბელადმა თავის დაზღვევის მიზნით სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ ამერიკის მოსახლეობა მტკიცე პროტესტით გამოსულიყო “მზაკვრული ალბიონისა” და მყვირალა ჩერჩილის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა ამერიკის მოსახლეობის ჩათრევა საზღვარგარეთთან დაპირისპირებაში. აი, ამიტომ ვერ გაბედა ამერიკამ ჩერჩილის გეგმას გაჰყოლოდა… სტალინს ბევრი ადგილობრივი თუ საზღვარგარეთელი კეთილისმსურველი ურჩევდა, ირანიდან ჯარების გამოყვანას და ტრუმენთან შეხვედრას, მაგრამ ყოველივე ეს სტალინისათვის კეთილ სურვილებად რჩებოდა. სტალინს ზებუნებრივი ძალები სხვა მიმართულებით უბიძგებდნენ. ყოველგვარი დათმობა სტალინს ღვთაებრივ პოზიციას უსუსტებდა, რადგან უფრო ძლიერი სახელმწიფოებისაკენ ნაბიჯის გადადგმა არ ჯდებოდა სტალინის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ამის ნაცვლად სტალინმა აირჩია ხელისუფლების გაძლიერების გზა ნებისმიერ ფასად. ნებისმიერი სახის გარე დამოკიდებულების უარსაყოფად აუცილებებლი იყო: ქანჩების მოჭერა, თვითდაჯერება, რეპრესიების, ანტიამერიკანიზმისა და იზოლაციის გზა. ამ გზაზე სტალინმა გადაჭრა რამდენიმე პრობლემა _ შექმნა “დიდი ძალა”. მეზობლებზე ზეწოლის გზით ემზადებოდა გარდაუვალი ომისათვის, დაპირისპირებისათვის. ომში გამარჯვება თუ ომის თავიდან აცილება ვის შეეძლო უფრო ოსტატურად თუ არა ერთადერთ ტრიუმფატორს _ სტალინს, რომელიც მტკიცედ იდგა მშვიდობის სადარაჯოზე.

ბერია და სტალინი
ბერია და სტალინი

რატომ სჯეროდა დასავლეთს, რომ სტალინი 1953 წლამდე ატომურ ბომბს ვერ შექმნიდა

სჯეროდა იმიტომ, რომ ლავრენტი ბერიასა და მისი აგენტურის შესაძლებლობები ვერ გათვალეს, რომლებმაც ამერიკელებს ატომური ბომბი მოპარეს. ჩერჩილი 1946 წლის მარტში ფულტონიდან წერდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას: “დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება ღრმად არის დაჭრილი რუსების მოქმედების გამო და არ აპირებს შეეგუოს მოსკოვის ირანში შეჭრას, მანჯურიასა და კორეაში შეღწევას, ან თურქეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთში რუსეთის გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია გარკვეული ძალა და ძალისმიერი წინააღმდეგობა რუსეთთან მისაღები პირობების მოგვარების მისაღწევად. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში გაბატონებული მოსაზრება უახლეს მომავალში ამასთან მიგვაახლოვებს! თუ სტალინი მოულოდნელად, ომის პერიოდში გადატვირთული პირობების გამო გარდაიცვალა და მის ადგილას მოლოტოვი ან სხვა ვინმე მოვიდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდება. კრემლი არ დაიწყებს ზესახელმწიფოს მშენებლობას ნებისმიერ ფასად, გლეხები მიიღებენ დათმობებს, ინდუსტრია ნელნელა განვითარდება, მრეწველობა კი _ ჩქარა, ატომური ბომბი კი არ შეიქმნება უახლოეს მომავალში, მისი შექმნა 1953 წლამდე გადაიწევს!” ამ სისულელეებით გაბერილმა საპნის ბუშტმა, რომელიც ჩერჩილმა ფულტონში ჰაერში გაუშვა, ევროპამდე ვერ ჩამოაღწია, რაც ადრევე იწინასწარმეტყველა კრემლში მობინადრე ღმერთკაცმა. სტალინი არც სიკვდილს აპირებდა და არც ანგლოსაქსების ბატონობას რუსეთის იმპერიაში. თავისიგამბედაობისა და ნებისყოფისხარჯზე სტალინმა 1946 წელს მიიღო ზუსტად ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა. მან მოახერხა სახელმწიფო აპარატის, სამხედროებისა და საბჭოთა ხალხის მობილიზება ბირთვული ზესახელმწიფოს შესაქმნელად.

სისასტიკე და ჰუმანურობა

საოცარ სისასტიკესთან ერთად სტალინი ყოველთვის გამოირჩეოდა გასაოცარი ჰუმანური ბუნებით. ეს ხომ ტიპური ქართული ხასიათია?! მხატვარმა ბორის ეფიმოვმა გაზეთ “პრავდაში” ფულტონში ჩერჩილის გამოსვლის კარიკატურა გაგზავნა გამოსაქვეყნებლად. უმაღლესი რანგის ხელმძღვანელების კარიკატურებს სტალინი ამოწმებდა. ჩერჩილის კარიკატურის ქვეშ ეწერა ერთი სიტყვა “ყბედი”. სტალინმა ეფიმოვს დაურეკა და ნებართვა სთხოვა: ჩერჩილი დიდი პიროვნებაა, ნუ შეურაცხვყოფთ და თუ თანახმა იქნებით, ყბედის ნაცვლად უხვსიტყვიანივიხმაროთო. ცხადია, ეფრემოვი ბელადს უსიტყვოდ დათანხმდა… მიუხედავად ასეთი მკაცრი ურთიერთობისა, როგორც მეოცე საუკუნეს, ისე მომავალ საუკუნეებს ორი უდიდესი პოლიტიკოსი და დიპლომატი შერჩა _ სტალინი და ჩერჩილი. სტალინს, როგორც ქართველსა და კავკასიელს, მუდამ ჰქონდა წყენა წარსულისა, რომელსაც ფარულად ინახავდა. ჩერჩილს კი თუმცა შურდა სტალინის, მაგრამ მის შეუვალობას გასაღები ვერ მოუუძებნა და, ბოლოს და ბოლოს, სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, 1959 წელს, თემთა პალატაში თავისი გამოსვლით სტალინის ხელთუქმნელი ძეგლი დაუდგა, რომელსაც კაცობრიობა არასოდეს დაივიწყებს.

ქართველო, დიდი სტალინი შენი სისხლი და ხორცია, შენი მიწის შვილია, შენს ენაზე საუბრობდა, შენს შოთას და ილიას ეთაყვანებოდა, შენი დავით აღმაშენებლით ამაყობდა, შენი ტრადიციებით ცხოვრობდა, სტუმართმოყვარეობდა და შენი მრავალხმიანი სიმღერებით ხიბლავდა მსმენელს. ის ღმერთკაცი იყო, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. სტალინის უსაყვარლეს ადამიანს, ადმირალ ივანე ისაკოვს, ფრონტზე მიღებული ჭრილობების გამო ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოპერაციას თვითონ სტალინი ესწრებოდა. ნარკოზში მყოფ ადმირალ ისაკოვს, რომელსაც მარცხენა ფეხი მოჰკვეთეს, მარჯვენა ფეხი სტალინმა დაბანა და შეუმშრალა…

ასე მხოლოდ სტალინს შეეძლო მოქცევა, სტალინს რომელიც 21 დეკემბერს 141 წლის გახდა.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here