მთავარი ისტორია “სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი”

“სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი”

რას ამბობდა სტალინზე მსოფლიო დონის პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი

2902
გააზიარეთ
ჰენრი კისინჯერი

აღმოსავლეთ ევროპაში ვერსალის ხელშეკრულებისა და რუსეთის რევოლუციის შედეგების კომბინაცია ქმნიდა გადაუჭრელ პრობლემას კოლექტიური უსაფრთხოების ნებისმიერი სისტემისთვის _ საბჭოთა კავშირის გარეშე არავის შეეძლო ემოქმედა სამხედრო თვალსაზრისით. დასავლეთის დემოკრატიას ბევრი არაფერი გაუკეთებია, რომ სტალინისთვის გაექარწყლებინა წარმოდგენა ანტისაბჭოთა კაპიტალისტური შეთქმულების შესახებ. საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური წესით კონსულტაცია არ გაიარესლოკარნოს პაქტისანულირების თაობაზე, ხოლო მიუნხენის კონფერენციაზე სსრკ არ მიიწვიეს. ის მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების სისტემაზე დისკუსიაში ჩართეს უხალისოდ და საკმაოდ გვიან _ ჩეხოსლოვაკიის 1939 წლის ოკუპაციის შემდეგ. სსრკის წინაშე იყო ბევრი შესაძლებლობა.

მაგალითად, მას შეეძლო, მოეთხოვა რუმინეთსა და პოლონეთზე გასასვლელი და გამოეყენებინა ამ ქვეყნების თითქმის გარდაუვალი უარი, როგორც ალიბი და დალოდებოდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ომების დასასრულს ან, შედეგების შეფასების მიხედვით, კვლავ დაეპყრო რუსეთის ყოფილი ტერიტორიები, რომლებიც გადაეცა პოლონეთსა და რუმინეთს რუსეთის რევოლუციის შემდეგ, რაც გააკეთა კიდეც ერთი წლის შემდეგ. ყველაზე დაუჯერებელი იქნებოდა სსრკ-ის მიერ ბარიკადების აღმართვა კოლექტიური უსაფრთხოების სახელით, როგორც ვერსალის ტერიტორიული შეთანხმების უკანასკნელი დამცველის.

ჰენრი კისინჯერი

მიუნხენმა განამტკიცა სტალინის ეჭვი დემოკრატიულ ქვეყნების მიმართ. სტალინი აუცილებლად მიიჩნევდა კაპიტალისტების ერთმანეთთან დაპირისპირებას და სსრკ-ის დაცვას. თუმცა, მიუნხენმა განაპირობა სტალინის ტაქტიკის ცვლილება. ახლა მან გახსნა ბაზარი და მოაწყო ვაჭრობა. 1938 წლის 4 ოქტომბერს, როცა საფრანგეთის ელჩი ეწვია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა განმარტებები მიეცა მიუნხენის შეთანხმების თაობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარი ვლადიმერ პოტიომკინი მის მუქარას შეხვდა განცხადებით: “ჩემო საცოდავო მეგობარო, რა ჩაიდინეთ? მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა პოლონეთის მეოთხედ დაყოფისა”. ეს იყო საერთაშორესო პოლიტიკისადმი სტალინის ცივი მიდგომის ასახვა.

მიუნხენის შემდეგ ჰიტლერის სამიზნე იყო პოლონეთი. რადგან სტალინს არ სურდა გერმანიის არმიასთან შეხვედრა არსებულ საზღვრებში და არც შეტევაზე გადასვლა. ჰიტლერთან პოლონეთის გაყოფა იყო ერთადერთი ალტერნატივა (სწორედ აზრთა ამგვარმა მსვლელობამ მიიყვანა ეკატერინე მეორე, პრუსიასა და ავსტრიასთან ერთად პირველად გაეყო პოლონეთი 1772 წელს). ის, რომ სტალინი მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდა ჰიტლერის პირველი ნაბიჯის გადადგმას, მოწმობს მის რკინისებურ ნერვებზე.

სტალინმა დაისახა მკაფიო მიზანი და სსრკ მოაშორა ცეცხლის ხაზს. 1939 წლის 27 იანვარს ერთერთმა ლონდონურმა გაზეთმა გამოაქვეყნა თავისი კორესპონდენტის (რომელიც ცნობილი იყო მოსკოვის ელჩ ივანე მაისკისთან სიახლოვით) სტატია, რომელშიც ასახული იყო საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის შესაძლო გარიგების მონახაზი. ავტორი იმეორებდა სტალინის სტანდარტულ თეზისს დასავლურ დემოკრატიასა და ფაშისტურ დიქტატურას შორის პრინციპული განსხვავების არარსებობაზე და ვარაუდობდა, რომ ეს გაათავისუფლებდა სსრკის იმ ვალდებულებების ავტომატურად შესრულებისგან, რომლებიც გამომდინარეობდა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემიდან.

“ამჟამად საბჭოთა მთავრობას აშკარად არ აქვს განზრახვა, დაეხმაროს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, თუ საფრანგეთს კონფლიქტი ექნება გერმანიასთან ან იტალიასთან… საბჭოთა მთავრობის თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ბრიტანეთისა და საფრანგეთის, მეორე მხრივ, გერმანიისა და იტალიის მთავრობების პოზიციებს შორის არ არის დიდი განსხვავება, რომელიც გაამართლებდა დასავლური დემოკრატიის დაცვისთვის გაწეულ სერიოზულ მსხვერპლს”.

რადგან საბჭოთა კავშირი ვერ ხედავდა ცალკეულ კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის არჩევის საჭიროებას, უთანხმოება მოსკოვსა და ბერლინს შორის შეიძლებოდა გადაწვეტილიყო პრაქტიკულ საფუძველზე. ეს მომენტი თითოეულის მიერ კარგად რომ ყოფილიყო გაცნობიერებული, სტალინმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა. ეს სტატია სიტყვასიტყვით დაიბეჭდა “პრავდაში” _ კომუნისტური პარტიის ოფიციალურ გაზეთში. ისევე, როგორც 1934 წელს, სტალინის გამოსვლის მთავარი თემა იყო მტრულ გარემოცვაში მყოფი საბჭოთა კავშირის სამშვიდობო ზრახვები, მისი დასკვნები წარმოადგენდა დაპირისპირებას კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფციასთან, რომელიც მიღებული იყო წინა ყრილობაზე. სტალინი საბჭოთა კავშირის ნეიტრალიტეტს დეკლარირებდა კაპიტალისტებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში:

რიბენტროპი (მარცხნივ) სტალინი და მოლოტოვი
რიბენტროპი (მარცხნივ) სტალინი და მოლოტოვი

საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა ცხადი და გასაგებია. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას და ყველა ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებას. ასეთია ჩვენი პოზიცია; და ჩვენ მას დავიცავთ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ემხრობიან ამგვარ ურთიერთობებს საბჭოთა კავშირთან და სანამ არ ეცდებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების ბოროტად გამოყენებას”.

კიდევ ერთხელ რომ გაეგებინებინა ეს ყოველივე ყეყეჩი კაპიტალისტი ლიდერებისთვის, სტალინმა თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ლონდონური გაზეთის სტატიის ძირითადი არგუმენტები, კერძოდ ის, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის განსხვავება არის უფრო დაუძლეველი, ვიდრე განსხვავება მასა და სხვა ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანას შორის. შეჯამებისას მან გამოხატა მოქმედებების თავისუფლების ურყევობა. თავისი ავისმომასწავებელი განცხადებით სტალინმა მოუწოდა: იყავით გამჭრიახნი და არ დაუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტში ჩააბან ომის გამჩაღებლებმა, რომლებიც შეჩვეულნი არიან, აიძულონ სხვები, წაბლი გამოუჩხრიკონ მათ ღველფიდან (ქართული ანდაზის მიხედვით _ გრ. ო.).

სტალინის ახალი პოლიტიკა ძველისგან გამოირჩეოდა მხოლოდ აქცენტით კოლექტიური უსაფრთხოებისა დაერთიანი ფრონტისპრინციპების მხარდაჭერაზე. სტალინი ყოველთვის ასე წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირის ვალდებულებებს, მაგრამ 1939 წლის გაზაფხულზე, როცა გერმანიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, სტალინმა დაიწყო მანევრირება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე სეპარატული გარიგების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.

დემოკრატიული ქვეყნების შოკი განაპირობა მათმა უუნარობამ, გაეცნობიერებინათ, რომ სტალინი მგზნებარე რევოლუციონერიც იყო და, ამასთანავე, ცივსისხლიანი სტრატეგიც.

გერმანიის მიერ პრაღის ოკუპაციის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გერმანიის მიმართ სამშვიდობო პოლიტიკის გატრებაზე. მისთვის ეჭვს არ იწვევდა ის, რომ ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციის შემდეგ თავს დაესხმოდა ბელგიას ან პოლონეთს. 1939 წლის მარტის ბოლოს გავრცელდა ხმები, რომ გერმანიას სამიზნეში ჰყავდა ამოღებული რუმინეთი, რამელსაც საერთო საზღვარიც კი არ ჰქონდა გერმანიასთან. და მაინც, ჰიტლერისთვის არადამახასიათებელი იყო თავდასხმა ასეთ მცირე პერიოდში. მისთვის გაცილებით ტიპური იყო პაუზის ტაქტიკა მორიგი დარტყმის შემდეგ, რათა მის შედეგებს დაემორჩილებინა მორიგი მსხვერპლი ახალ დარტყმამდე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ დიდ ბრიტანეთს ჰქონდა გაცილებით მეტი დრო, შეემუშავებინა თავისი სტრატეგია, ვიდრე ვარაუდობდნენ მისი ლიდერები. უფრო მეტიც, ბრიტანეთის კაბინეტს სათანადოდ რომ გაეანალიზებინა სტალინის განცხადებები პარტიის XVIII ყრილობაზე, ცხადი იქნებოდა, რომ, რაც უფრო მონდომებით განახორციელებდა ინგლისი ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის ორგანიზებას, მით განყენებულად იმოქმედებდა სტალინი, რათა გაეზარდა ნებისმიერ მხარეზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

ნევილ ჩემბერლენისა და ჰიტლერის შეხვედრა
ნევილ ჩემბერლენისა და ჰიტლერის შეხვედრა

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი იდგა ფუნდამენტური სტრატეგიული არჩევანის წინაშე, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ის ამას აცნობიერებდა. ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის გაწევით ის ვალდებული იყო, გადაეწყვიტა, დაეფუძნებოდა თუ არა ეს მიდგომა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას თუ ტრადიციულ კავშირს. პირველ შემთხვევაში, ანტინაცისტურ წინააღმდეგობაში მონაწილეობისთვის მოწვეული იქნებოდა ქვეყნების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ხოლო მეორე შემთხვევაში _ დიდ ბრიტანეთს დასჭირდებოდა კომპრომისები, რათა საკუთარი ინტერესები დაეკავშირებინა საბჭოთა კავშირის მსგავსი პოტენციური მოკავშირეების ინტერესებისთვის.

მინისტრთა კაბინეტმა კოლექტიური უსაფრთხოება აირჩია. 17 მარტს ნოტა გაუგზავნეს საბერძნეთს, იუგოსლავიას, საფრანგეთს, თურქეთს, პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს. მასში აღნიშნული იყო, რა რეაგირება მოჰყვებოდა რუმინეთზე მოსალოდნელ თავდასხმას გერმანიის მხრიდან. ნავარაუდევი იყო ერთიანი მიდგომა. მოგვიანებით დიდმა ბრიტანეთმა უცებ გადაწყვიტა, შეეთავაზებინა ის, რასაც უარყოფდა 1918 წლიდან მოყოლებული: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ტერიტორიული გარანტიები. სხვადასხვა ქვეყნის პასუხები კიდევ ერთხელ ცხადყოფდა იმას, რაც იყო კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის თავდაპირველი სისუსტე _ წინაპირობა, თითქოს ყველა ერი, უწინარესად კი, პოტენციური მსხვერპლი, ერთნაირად იყო დაინტერესებული აგრესიის მოგერიებაში. აღმოსავლეთ ევროპის თითოეული ერი წარმოაჩენდა თავის პრობლემას, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევას, და ხაზს უსვამდა ეროვნულ და არა კოლექტიურ საზრუნავს. საბერძნეთი გადაწყვეტილების მიღებას იუგოსლავიის ქმედების მიხედვით აპირებდა. იუგოსლავია კი სვამდა შეკითხვას _ როგორი იყო დიდი ბრიტანეთის განზრახვა? ანუ, უბრუნდებოდა საწყის წერტილს. პოლონეთმა მიუთითა, რომ მზად არ იყო, არჩევანი გაეკეთებინა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის თუ დამდგარიყო რუმინეთის დასაცავად. პოლონეთი და რუმინეთი არ თანხმდებოდნენ საბჭოთა კავშირის მონაწილეობაზე მათი ქვეყნების დაცვაში. სსრკ-ის პასუხი კი იყო, მოეწვიათ ბუქარესტში კონფერენცია ყველა იმ ქვეყნისა, რომლებსაც ეხებოდა დიდი ბრიტანეთის შეკითხვა. ეს იყო გონივრული მანევრი. კონფერენცია რომ ჩატარებულიყო, ის დაადგენდა სსრკ-ის მონაწილეობის პრინციპს იმ ქვეყნების დაცვაში, რომლებსაც ეშინოდათ მოსკოვის ისე, როგორც ბერლინის. ეს ინიციატივა რომ არ მიეღოთ, კრემლს ექნებოდა თავის გამართლების საშუალება, გამდგარიყო განზე და გაერკვია გერმანიასთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. მოსკოვი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან მოითხოვდა კაცობრიობისთვის მთავარ საფრთხედ გერმანიის აღიარებას. და, რადგან აღმოსავლეთ ევროპის არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად ამისთვის, ბუქარესტის კონფერენცია არც შემდგარა.

სტალინი და მოლოტოვი
სტალინი და მოლოტოვი

პასუხებში ენთუზიაზმის არარსებობამ აიძულა ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერმინისტრი ნევილ ჩემბერლენი, მოეძებნა სხვა ვარიანტები. 20 მარტს მან წარმოადინა ერთობლივი დეკლარაცია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და სსრკ-ის მიზნების შესახებ, რომელშიც ლაპარაკი იყო ერთობლივ კონსულტაციებზე ევროპის ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში “ერთობლივი მოქმედებების გათვალისწინებით”. ისევე, როგორც თავისებური სამთა კავშირი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ეს დეკლარაციაც არაფერს ამბობდა საჭიროების შემთხვევაში პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ან სამხედრო სტრატეგიაზე.

თავის მხრივ, პოლონეთი, რომელმაც გადაჭარბებით შეაფასა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რაშიც მას დიდმა ბრიტანეთმაც შეუწყო ხელი, უარს ამბობდა სსრკ-თან ერთობლივ მოქმედებებზე. თუ გარანტიას მისცემდა პოლონეთს, სტალინისთვის გაქრებოდა მოტივები, მონაწილეობა მიეღო ერთობლივ თავდაცვით მოქმედებებში. რადგან პოლონეთი არის გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, დიდ ბრიტანეთს ომში ჩართვა მოუწევდა მანამ, სანამ სტალინი მიიღებდა გადაწყვეტილებას. მეორე მხრივ, თუ ბრიტანეთი ძალისხმევას მიმართავდა სსრკ-თან პაქტის დადებაზე, სტალინი მოითხოვდა თავის წილ “ხორცს” პოლონეთისთვის დახმარების სანაცვლოდ და საბჭოთა კავშირის საზღვრის დასავლეთით (“კერზონის ხაზის”) მიმართულებით გადაწევას. დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, საზოგადოების უკმაყოფილებით შეშფოთებულმა და დარწმუნებულმა იმაში, რომ უკან დახევა კიდევ უფრო შეასუსტებს დიდი ბრიტანეთის პოზიციებს, უარი თქვა, მსხვერპლად შეეწირა დარჩენილი ქვეყნები, გეოპოლიტიკის დიქტატის მიუხედავად. ამასთანავე, ბრიტანელი ლიდერები შეიქნენ ცრუ შეფასებების მსხვერპლნი, როცა ივარაუდეს, რომ პოლონეთი, სამხედრო თვალსაზრისით, ძლიერია საბჭოთა კავშირზე. ეს შეცდომაა, თუმცა მისატევებელი საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელებს შორის ჩატარებული მასობრივი წმენდის ჭრილში. რაც მთავარია, ბრიტანელი ლიდერები უნდობლობას განიცდიდნენ სსრკ-ის მიმართ. “იძულებული ვარ, ვაღიარო, _ წერდა ჩემბერლენი, _ ჩემი უსაზღვრო უნდობლობა რუსეთის მიმართ. ოდნავაც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ მას შეუძლია ეფექტიანი შეტევითი ქმედებების განხორციელება, ამის სურვილის შემთხვევაშიც კი. მე არ მჯერა მისი მოტივების, რომლებსაც, ჩემი აზრით, უმნიშვნელო კავშირი აქვს თავისუფლების ჩვენს იდეალებთან, რადგან მისი ერთადერთი სურვილია, აიძულოს ყველა დანარჩენი, დადგეს ყირაზე”. საშინელ ცაიტნოტში მყოფმა დიდმა ბრიტანეთმა იჩქარა და განაცხადა მშვიდობის ასეთი კონტინენტური გარანტიების მიცემის შესახებ, რომლებზეც სისტემატურად ამბობდა უარს ვერსალის ზავზე ხელმოწერის მომენტიდან. ჩემბერლენს, რომელიც შეშფოთებული იყო პოლონეთზე გერმანიის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ ცნობებით, პაუზაც კი არ გაუკეთებია, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა პოლონეთთან. ამის ნაცვლად, მან თავისი ხელით შექმნა პოლონეთისთვის ცალმხრივი გარანტიის პროექტი 1939 წლის 30 მარტს და ის მეორე დღეს პარლამენტს გადასცა. გარანტია მუხრუჭი იყო ნაცისტური აგრესიის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, გაირკვა, რომ ეს საფრთხე ეფუძნებოდა ცრუ ინფორმაციას. გარანტიას მოჰყვა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის ნაჩქარევად შემუშავება. მალე ასეთივე ტიპის ცალმხრივი გარანტიები გაიცა საბერძნეთისა და რუმინეთის მიმართ.

ამგვარად, დიდმა ბრიტანეთმა გარანტიების მიცემა დაიწყო ისეთი ქვეყნებისათვის, რომელთა შესახებაც ომის შემდგომი წლების ყველა პრემიერმინისტრი ერთხმად აცხადებდა, რომ ვერ შეძლებენ მათ დაცვას. აღმოსავლეთ ევროპის ვერსალისშემდგომი რეალობა ისე შორს იყო დიდი ბრიტანეთისგან, რომ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ვერც კი აცნობიერებდა, რომ თავისი არჩევანით მან მრავალჯერ გააძლიერა სტალინის სურვილი, მზერა მიეპყრო გერმანიაზე და შეუმსუბუქა მას გასვლა შეთავაზებულიერთიანი ფრონტიდან”.

დიდი ბრიტანეთის ლიდერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სტალინის პოლიტიკა წარმოადგენდა მათი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს და დაიჯერეს, რომ თითქოს შეუძლიათ მოვლენებში მისი მონაწილეობის ვადებისა და ხარისხის კონტროლი. საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ჰალიფაქსი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირი ჯერჯერობით რეზერვში უნდა ყოფილიყო და “სთხოვეს დახმარების ხელის გაწოდება შედარებით ხელსაყრელი ფორმით”. კონკრეტულად, ჰალიფაქსს მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, მაგრამ არა საბჭოთა ძალების გადაადგილება საკუთარ საზღვრებს გარეთ. მან არც კი ახსნა, რა სტიმული შეიძლებოდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირს, ეთამაშა ასეთი მეორეხარისხოვანი როლი.

სინამდვილეში, ბრიტანეთის გარანტიებმა პოლონეთისა და რუმინეთის მიმართ, სსრკ-ს დასავლეთის დემოკრატიასთან სერიოზულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის ბოლო სტიმულიც კი გაუქარწყლა. ერთი მხრივ, ეს გარანტიები ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირის ევროპელი მეზობლების საზღვრებზე, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, და ქაღალდზე მაინც თოკავდნენ საბჭოთა ამბიციებს ზუსტად ისე, როგორც გერმანიის ამბიციებს (ის, რომ დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა ყრუ-მუნჯი ამგვარი რეალობის მიმართ, წარმოაჩენს, როგორ ჩაიბეჭდეს თავში დასავლელმა პოლიტიკოსებმა “მშვიდობისმოყვარე ქვეყნების ერთიანი ფრონტი”). რაც მთავარია, ბრიტანეთის ცალმხრივი გარანტიები ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა სტალინისთვის, რადგან ისინი უზრუნველყოფდა იმის მაქსიმუმს, რაც საჭირო იყო ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის ცარიელ ადგილას. თუ ჰიტლერი აღმოსავლეთით დაიძვრებოდა, სტალინს შეეძლო, ჰქონოდა დიდი ბრიტანეთის ომში ჩართვის იმედი მანამ, სანამ გერმანელები მოაღწევდნენ საბჭოთა საზღვრებს. ამგვარად, სტალინი ელოდებოდა დიდ ბრიტანეთთან “დე ფაქტო” კავშირის შედეგებს, მაგრამ ის არ ყოფილია რამით დავალებული მისგან.

დიდი ბრიტანეთის გარანტია პოლონეთისთვის ეფუძნებოდა ოთხ წინაპირობას, რომლებიც მცდარი აღმოჩნდა: რომ პოლონეთი არის მნიშვნელოვანი და ძლიერი სამხედრო სახელმწიფო, უფრო მეტადაც კი, ვიდრე სსრკ; რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ერთად აღებული, საკმაოდ ძლიერი არიან, რათა დაამარცხონ გერმანია სხვა მოკავშირეთა დახმარების გარეშე; რომ სსრკ დაინტერესებულია, შეინარჩუნოს სტატუსკვო აღმოსავლეთ ევროპაში; და რომ იდეოლოგიური უფსკრული გერმანიასა და სსრკ შორის დაუძლეველია, რაც ნიშნავს იმას, რომ, ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირი მაინც შეუერთდებოდა ანტიჰიტლერულ კოალიციას.

პოლონეთი გმირულად იქცეოდა, მაგრამ ის არ იყო მნიშვნელოვანი სამხედრო სახელმწიფო და როგორ შეეძლო მას გამკლავებოდა მის წინაშე მდგარ ამოცანას, თუ საფრანგეთის გენერალურმა შტაბმა მას შეცდომები დააშვებინა? საფრანგეთი კი მიანიშნებდა შეტევითი ხასიათის დამოუკიდებელი გამოსვლის შესაძლებლობაზე, მაგრამ სინამდვილეში თავდაცვის სტრატეგიას ემხრობოდა. ამან აიძულა პოლონეთი, საკუთარ თავზე მიეღო გერმანიის შეტევის მთელი სიმძიმე, არადა, გერმანიისთვის წინააღმდეგობის მარტო გაწევა სცილდებოდა პოლონეთის შესაძლებლობას, რაც კარგად უნდა გაეცნობიერებინათ დასავლელ ხელმძღვანელებს. ამასთანავე, პოლონეთი არ თანხმდებოდა, მიეღო დახმარება სსრკ-ისგან, რადგან მისი ხელმძღვანელები დარწმუნებულნი იყვნენ (და, როგორც გაირკვა, იყვნენ მართლები), რომ საბჭოთა განმათავისუფლებელი არმია უმალ გადაიქცეოდა საოკუპაციო არმიად. დემოკრატიული ქვეყნები კი იმედოვნებდნენ, რომ გაუმკლავდებოდნენ გერმანიას დამოუკიდებლად პოლონეთის დამარცხების შემთხვევაშიც კი”.

P.S. მოახლოვდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75- წლისთავი. და აუცილებელია, დიდი სამამულო ომის ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცოთ მსოფლიოს ეს უპირველესი დღესასწაული. დროებით ვაჩერებთ ჰარი კისინჯერის ღრმაშინაარსიანი კვლევის მასალების გაცნობას მკითხველისთვის. მესამე ნაწილი გამოქვეყნდება 9 მაისის შემდეგ.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here