Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი _ გზა 1937 წლამდე

რამდენია “სტალინური რეპრესიების მსხვერპლი”?

2263
სტალინი

სტალინმა 1918-დან 1953 წლამდე ოთხი დიდი ომი მოიგო: 1. სამოქალაქო ომი _ 1918-1920 წლებში, 2. ომი შინაურ და გარეშე მტრებთან 1918-1938 წლებში; 3. დიდი სამამულო ომი 1941-1945 წლებში, 4. პოლიტიკური ომი 1943-1945 წლებში (თეირანი, იალტა, პოტსდამი).

წინა წერილებში განვიხილეთ 1918-1938 წლების ოცწლიანი ომი და მისი შედეგები. როგორც ყველა ომს, ამ ფარულ ომსაც სისხლი და ტრაგედიები სდევდა, მაგრამ ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) გადარჩენით დასრულდა. ოცწლიანი ომის დასკვნით ეტაპზე ხალხის სამსჯავროზე წარდგნენ ადამიანები, რომელთა ამბიციურმა სწრაფვამ ხელისუფლებისკენ ესოდენ დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამ ომის გამჩაღებლებს მიეზღოთ ის, რაც დაიმსახურეს. სწორედ ტროცკის, ბუხარინის, რიკოვისა და მათი თანამზრახველების სახალხოდ გასამართლება დაედო საფუძვლად დიდი სამამულო ომის ბოლოს გამართულ ნიურნბერგის პროცესს, რომელზეც ნაცისტებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის მკაცრი სასჯელი დააკისრეს. ნიურნბერგის პროცესი, თავისი ფორმითა და შინაარსით, ანალოგი იყო მოსკოვის 1937 წლის სასამართლო პროცესებისა, რომელთა რეჟისორიც სტალინი იყო. 1937 წლის მოვლენებით ბოლომდე არ განადგურებულა კონტრრევოლუციური მოძრაობა, მაგრამ სტალინის უძლეველობით დამფრთხალი ყველა ჯურისა და რანგის სახელმწიფო მოხელე ღრმა იატაკქვეშეთში გადავიდა, სტალინის სიკვდილის შემდეგ კი თავი მალე წამოყვეს. 1937 წლის სასამართლო პროცესების შემდეგ უცხოელი თუ ადგილობრივი დამკვირვებლებისა და, საერთოდ, მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის ცნობილი შეიქნა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ქვეყანა გადაურჩა და რომელზეც წინა წერილებში ვწერდი.

მაგრამ საკითხავია: თუ ადამიანებმა ნათლად დაინახეს სტალინის სიმართლე ოპოზიციის მიმართ, რომელზეც დიდი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი ამბობდა: “თუ ეს სიცრუეა, სიმართლე რაღაა”, ამერიკის ელჩი ჯოზეფ დევისი კი უმოწმებდა: “სტალინმა მეხუთე კოლონა 1937 წელს გაანადგურა”, მაშინ რატომ დაადო სტალინმა ზოგიერთ დოკუმენტს გრიფისამუდამოდ საიდუმლო”, “განსაკუთრებით საიდუმლოდასაიდუმლო”? _ იმიტომ, რომ 1937 წლის საქმეებს ღრმად ვერასდროს ჩასწვდება ბევრი ადამიანი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ უცხო ქვენების დაზვერვებმა გათვალეს, რა ბრალდების წაყენება შეიძლებოდა სტალინს მიმართ და ყველაზე მომგებიან და შემტევ იარაღად 1937-იანი წლების გასაიდუმლოებული საქმიანობა შეარჩიეს. რატომ ასაიდუმლოებდა სტალინი სიმართლეს ოპოზიციის შესახებ? _ სტალინს არ სურდა, ყველას სცოდნოდა, რომ სოციალისტურ სისტემას ამდენი მოწინააღმდეგე ჰყავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს მას სჭირდებოდა ფორმაციისა და თავისი პრესტიჟის დასაცავად და ამიტომ ეს ყოველივე საიდუმლოების საბურველში გაახვია.

ნიკიტა ხრუშჩოვმაც კი XX ყრილობაზე ვერ დამალა სტალინის დამსახურება და ქებით მოიხსენია ოპოზიციის განადგურებისთვის, რომლის შემდეგ ქვეყანა სუპერსახელმწიფოდ იქცა. ეს ხრუშჩოვის კეთილსინდისიერებაზე კი არ მიუთითებს, არამედ დამსახურება იყო ყრილობის დარბაზში მსხდომი ადამიანებისა, რომლებიც თავის დროზე ესწრებოდნენ მოსკოვის სასამართლო პროცესებს და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. ამიტომ ხრუშჩოვის მხრიდან ტროცკისტების გამართლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა, როგორც ყრილობას, ასევე ხელისუფლებას. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ხრუშჩოვისთვის, მხარდაჭერა გამოეხატა მოღალატე სამხედროების მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესი, სამხედრო საიდუმლოებების დაცვის მიზნით, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. სწორედ ამ საქმეში ხალხის გაუთვითცნობიერებლობა გამოიყენა ხრუშჩოვმა და განახორციელა სამხედროების რეაბილიტაცია და ბრალდებაც კი წაუყენა სტალინს.

ანტისტალინური კამპანიის მეორე ტალღა აგორდა 1985 წელს, როდესაც ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვი და მისი მხარდამჭერები აღმოჩნდენ. გორბაჩოვმა პროვოკატორებისა და ცილისმწამებლების გაცილებით მობილური გუნდი შეკრა, ვიდრე ხრუშჩოვმა. გორბაჩოვი შეეცადა, გაენადგურებინა ან შეეცვლა ის ძვირფასი საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ხრუშჩოვის ბოროტ ხელს გადაურჩა, მაგრამ სტალინის 30-წლიანი თავაუღებელი მუშაობის ამსახველი ყველა დოკუმენტის შეცვლა ან განადგურება ვერ მოახერხა, ამიტომ ზოგიერთ ფრიად საინტერესო მასალას დღესაც ეფინება მზის შუქი.

პირველი, ვინც თავისი ღორული დინგით სტალინის პირად არქივში დაიწყო ქექვა, იყო გენერალი და ისტორიკოსი დიმიტრი ვოლკოგონოვი, რომელმაც ფალსიფიცირებული საარქივო მასალებისგან მოქსოვა ბადე სიცრუისა, რომლის ტირაჟირებასაც გორბაჩოვმა შეუწყო ხელი.

“პარკეტის გენერალმა” ვოლკოგონოვმა განაცხადა, რომ “სტალინური რეპრესიების” მსხვერპლთა რაოდენობა 40 მილიონია. ამ რიცხვით გამოწვეული აღტაცება დასავლურ მედიაში ჩამცხრალი არ იყო, როცა მოღალატისა და გამყიდველის შვილმა ანტონ ანტონოვ-ოვსეენკომ ახალი რამ აღმოჩინა და განაცხადა: “ეს გათვლები მიახლოებითია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: სტალინურმა რეჟიმმა გაანადგურა ხალხი, მოსპო რა მისი 80 მილიონი საუკეთესო შვილი”. პროფესიონალი პროვოკატორები “პერესტროიკის” ერთ-ერთი არქიტექტორის, ალექსანდრე იაკოვლევის, მეთაურობით, ალაპარაკდნენ სტალინის მიერ განადგურებულ 100 მილიონ ადამიანზე: “ამ რიცხვში შედის არა მხოლოდ რეპრესირებულები, არამედ დასაღუპავად განწირული მათი ოჯახის წევრები და ბავშვები, რომლებიც შეიძლება დაბადებულიყვნენ, მაგრამ ვეღარ მოევლინენ ქვეყანას”. მწერალი იგორ ბუნიჩი კი თავხედურად ამბობს, ეს 100 მილიონი ადამიანი დაუნდობლად გაანადგურესო. საზღვარი ყველაფერს აქვს, მაგრამ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, უსინდისობამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, როდესაც განაცხადა: “რუსეთმა 1917 წლის შემდეგ დაკარგა 150 მილიონი ადამიანიო”.

ვისზეა გათვლილი ზემოთ მოყვანილი რიცხვები “სტალინური რეპრესიების” მსხვერპლის რაოდენობის შესახებ? _ ვინც დამოუკიდებლად ვერ აზროვნებს და ვისი უპირველესი უნივერსიტეტი სიცრუის მანქანის უმთავრესი ინსტრუმენტი _ მასმედიაა. ამ საკითხზე, მინდა, გაგაცნოთ ამონარიდი ადოლფ ჰიტლერის წიგნიდან “მაინ კამპფ” (“ჩემი ბრძოლა”):

ამ ბატონებმა კარგად იცოდნენ, რომ, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ადვილად დაგიჯერებენ. უბრალო ადამიანები დიდ ტყუილს უფრო ადვილად იჯერებენ, ვიდრე პატარას _ ეს შეესაბამება მათ პრიმიტიულ სულს, პატარა ტყუილი მათაც შეუძლიათ თქვან, დიდი ტყუილისა თვითონვე შერცხვებათ და ვერც მოიფიქრებენ, ამიტომაც ადამიანთა მასას ვერც წარმოუდგენია, რომ სხვა იტყვის ასეთი მასშტაბის ტყუილს, უსინდისოდ დაამახინჯებს ფაქტებს, მაშინაც კი, როცა ადამიანებს უხსნიან, რომ საქმე გვაქვს წარმოუდგენელი მასშტაბის ტყუილებთან, ისინი მაინც დაეჭვდებიან და იფიქრებენ, რომ სიმართლის მარცვალი მაინც არის ამ ტყუილში. ამიტომაა, რომ სიცრუის ვირტუოზები და პარტიები, რომლებიც, ძირითადად, ტყუილებზე დგანან, ამ მეთოდს იყენებენ _ მათ მშვენივრად იციან ადამიანთა მასის თვისება _ რაც უფრო დიდ ტყუილს ეტყვი, მით უფრო ადვილად დაგიჯერებენ”.

სტალინური რეპრესიების მრავალმილიონიანი მსხვერპლის აბსურდულობა ადვილი დასამტკიცებელია, თუ გადავშლით ნებისმიერ ნაშრომს საბჭოთა კავშირის დემოგრაფიულ მონაცემებზე და მარტივ არითმეტიკულ გამოთვლებს გავაკეთებთ, თუმცა სიმარტივისთვის აქვე მოვიყვან ერთ მაგალითს, რომელიც თვალნათლივ დაგანახვებთ ანტისტალინელების მიერ მოყვანილი მონაცემების პროვოკაციულობას.

1959 წელს ჩატარდა სსრკის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 208 827 000 კაცს. 1913 წლის ბოლოს იმავე საზღვრებში ცხოვრობდა 159 153 000 ადამიანი. ადვილად გამოსათვლელია, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობის საშუალო წლიური მატება 1914-1959 წლებში შეადგენდა 0,60 %-. ეს მაშინ, როდესაც ამ წლების განმავლობაში ინგლისის მოსახლეობამ მოიმატა 0,46 %-ით, საფრანგეთისამ _ 0,41 %-ით, გერმანიისამ _ 0,41 %-ით. მკითხველი, ალბათ, იმასაც მიხვდება, რომ ანტისტალინელთა გამოკვლევები თოვლზე დაწერილი ციფრებია, რადგან მსხვერპლის რაოდენობა 150 მილიონი ან თუნდაც 40 მილიონი რომ ყოფილიყო, ეს საბჭოთა კავშირში დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევდა.

რამდენია “სტალინური რეპრესიების მსხვერპლი”?

ყველაზე სანდო და უტყუარ დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს მოხსენებითი ბარათი, რომელიც ხრუშჩოვის სახელზე დაიწერა 1954 წლის 1 თებერვალს.

“საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს _ ამხ. ნ. ს. ხრუშჩოვს

იმის გამო, რომ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში შემოდის წერილები ადამიანებისაგან, რომლებსაც აინტერესებთ, რამდენი ადამიანი დაისაჯა წარსულში ოგპუ-ს (სსრკ-ს სახალხო კომისარიატების საბჭოსთან არსებული გაერთიანებული პოლიტიკური სამმართველო _ გ.ო.) კოლეგიის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, სამეულის, სამხედრო კოლეგიის, სასამართლოების, სამხედრო ტრიბუნალების გადაწყვეტილებით, საჭიროა, გადაისინჯოს საქმეები იმ ადამიანებისა, რომლებიც დაისაჯნენ კონტრევოლუციური საქმიანობისათვის და დღესაც სასჯელს იხდიან ბანაკებსა და ციხეებში. მოგახსენებთ:

საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 1921 წლიდან დღემდე კონტრევოლუციური საქმიანობისთვის ოგპუ კოლეგიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის, სამხედრო კოლეგიის, სასამართლოებისა და სამხედრო ტრიბუნალების მიერ სულ გასამართლდა 3 777 380 ადამიანი, მათ შორის: სასჯელის უმაღლესი ზომით _ 642 980 ადამიანი, 25 წლითა და უფრო ნაკლებით ციხეებსა და ბანაკებში გამწესებით _ 2 369 220 ადამიანი, გადასახლებით _ 765 180 ადამიანი, დაპატიმრებულთა საერთო რაოდენობიდან, სავარაუდოდ, ოგპუ კოლეგიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულისა და განსაკუთრებული კოლეგიის მიერ გასამართლებულია 2 900 000 ადამიანი, ხოლო 877 000 ადამიანი სასამართლოების, სამხედრო ტრიბუნალების, სპეცკოლეგიებისა და სამხედრო კოლეგიების მიერ.

გენერალური პროკურორი რ. რუდენკო

შინაგან საქმეთა მინისტრი ს. კრუგლოვი

იუსტიციის მინისტრი კ. გორშენინი”.

როგორც დოკუმენტიდან ჩანს, 1921-დან 1954 წლის დასაწყისამდე პოლიტიკური ბრალდებით სიკვდილი მიესაჯა 642 980 ადამიანს, თავისუფლების აღკვეთა კი _ 2 669 220-ს, გადაასახლეს _ 765 180 ადამიანი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სიკვდილმისჯილის მიმართ სასჯელი არ აღსრულებულა. მაგალითად: ტიუმენის სახალხო სასამართლოს მიერ 1930 წლის იანვარში გამოტანილი დახვრეტის 46 გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციების მიერ გაუქმდა და 46 სიკვდილმისჯილიდან მხოლოდ 9 ადამიანი დაიხვრიტა. 1939 წელს 15 ივლისიდან 1940 წლის 20 აპრილამდე ბანაკებში ცხოვრებისა და წარმოების დეზორგანიზირებისთვის 201 კაცს სიკვდილი მიესაჯა, მაგრამ ზემდგომის გადაწყვეტილებით ყველა მათგანს შეეცვალა სასჯელი 10-15 წლის პატიმრობით.

1934 წელს საპატიმრო ბანაკებში ირიცხებოდა 3 849 სიკვდილმისჯილი, რომლებსაც სასჯელის უმაღლესი ზომა პატიმრობით შეეცვალათ. 1935 წელს ასეთი იყო 5 671 ადამიანი, 1936 წელს _ 7 303, 1937 წელს _ 6 239, 1938 წელს _ 5 926, 1939 წელს _ 3 425, 1940 წელს _ 4 037 ადამიანი. როგორც მოყვანილი ციფრებიდან ჩანს, სიკვდილით დასჯის ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც სტატისტიკით არის აღრიცხული, არ აღსრულებულა. და, აქედან გამომდინარე, დახვრეტილთა რაოდენობა უფრო დაწვრილებით არის შესასწავლი.

გორბაჩოვის მთავარ ფალსიფიკატორთა შორის, იაკოვლევთან ერთად, იყო 1937 წელს დახვრეტილი ხალხის მტრის შვილი ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო, რომელმაც გაუგონარი სისულელე თქვა:

“გულაგის საერთო მომარაგების სამმართველოს ცნობით, ომის შემდგომ პირველ წლებში საპატიმრო ადგილებში გამოსაკვები იყო არანაკლებ 16 მილიონი ადამიანისა”.

როგორც ირკვევა, სიაში იმ ადამინებისა, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ აღნიშნულ დოკუმენტებზე (იაკოვლევი, ვოლკოგონოვი, ავტორხანოვი და სხვ.) ანტონოვ-ოვსეენკო არ არის. დოკუმენტი, რომელშიც აღრიცხულია ომის შემდგომ პერიოდში პატიმართა რაოდენობა, ანტონ-ოვსეენკოს არ უნახავს და სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას. მას ეს დოკუმენტი რომ ენახა, შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავდა, რომ ერთსა და ექვსს შორის დასმულია მძიმე და ნიშნავს მილიონ ექვსასს და არა 16 მილიონს, ამდენად, ომის შემდგომ წლებში საპატიმრო ადგილებში პატიმართა რაოდენობა 1 600 ათასზე მეტი არ ყოფილა.

ტროცკისტულ-კონტრევოლუციური მოღვაწეობისთვის სტალინის მმართველობის პერიოდში გასამართლებული ოლგა შატუნოვსკაია 1955 წელს ხრუშჩოვის ინიციატივით შეიყვანეს ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. მას პირადად ხრუშჩოვმა დაავალა “რეპრესირებულთა” საქმეების შესწავლა-გამომზეურება. შატუნოვსკაია ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო სტალინის პიროვნების კულტის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფში. 1960 წელს ის კიროვის მკვლელობის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობაშიც შეიყვანეს.

პერესტროიკის გააქტიურების წლებში გორბაჩოვისგან ფრთაშესხმულმა შატუნოვსკაიამ თავისი მოგონებებით განამტკიცა ლეგენდები სტალინური გულაგების შესახებ. სწორედ ამ დროს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა კომისიისაგან მოითხოვა 1935-დან 1941 წლამდე რეპრესირებულთა რაოდენობა, ყოვლისმცოდნე შატუნოვსკაიამ კი, როგორც კომისიის ხელმძღვანელმა, შემდეგი ცნობა გაუგზავნა უშიშროების კომიტეტს:

“1935 წლის 1 იანვრიდან 1941 წლის 22 ივნისამდე დააპატიმრეს 19 840 000 “ხალხის მტერი”, მათგან 7 მილიონი დახვრიტეს, დანარჩენის უმრავლესობა დაიღუპა ბანაკებში”.

არქივების გახსნის შემდეგ კი გაირკვა, რომ 1935-1941 წლებში დაპატიმრებული იყო ადამიანების შემდეგი რაოდენობა:

“1 იანვრისათვის ირიცხებოდა პატიმარი

1935 _ 1 032 584 მათ შორის პოლიტპატიმარი 118 256 _ 16,3 %

1936 _ 1 304 703 “ “ 105 845 _ 12,6 %

1937 _ 1 196 257 “ “ 104 826 _ 12,8 %

1938 _ 1 884 002 “ “ 185 324 _ 18,6 %

1939 _ 2 014 569 “ “ 454 432 _ 34,5 %

1940 _ 1 846 270 “ “ 444 999 _ 33,1 %

1941 _ 2 400 422 “ “ 420 293 _ 29,7 %

მოყვანილი ცხრილი საშუალებას გვაძლევს, ნათლად დავინახოთ, რომ შატუნოვსკაიას მიერ მიწოდებული პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულთა რაოდენობა 1935-1941 წლებში არათუ 19 მილიონია, არამედ ორნახევარ მილიონსაც არ აღემატება, ხოლო აღნიშნულ წლებში სიკვდილმისჯილთა რაოდენობა იყო არა 7 მილიონი, არამედ 700 000-ზე ნაკლები.

შატუნოვსკაიას, ანტონოვ-ოვსეენკოსა და სხვა ანტისტალინელებს არ სჭირდებათ საარქივო მასალები, მათთვის საკმარისია, დაასახელონ გვარი სრულიად უცხო ადამიანისა, რომლისგანაც თითქოს მიიღეს უტყუარი მასალა, რომელსაც ჯერ დღის სინათლე არ უნახავს. იმოწმებენ “თვითმხილველთა” ნაამბობს, უსირცხვილოდ უთითებენ, რომ:

“კუზნეცოვმა დოკუმენტის ასლი აჩვენა ხრუშჩოვის თანაშემწე ი. კ. ალექსახინს, რომელმაც კოლიმაზე 10 წელი გაატარა და მან კარგად იცოდა, რომ ზღვისპირეთსა და შორეულ აღმოსავლეთის მშენებლობებზე ერთდროულად მუშაობდა მშიერი და სასომიხდილი მილიონამდე სასჯელმისჯილი. ეს რიცხვი თურმე კუზნეცოვს მეოცე ყრილობის შემდეგ პირად საუბარში დაუსახელა მშენებლობის ყოფილმა უფროსმა, სოციალისტური შრომის გმირმა ივანე ნიკიშოვმა”.

…”ომამდე ცოტა ხნით ადრე ბერიას ერთ-ერთ თანაშემწე ბოგდან ქობულოვს ვიწრო წრეში ვახშმობისას წამოსცდენია, ახლა ბანაკებში 11 მილიონზე მეტი მსჯავრდებული გვყავს, რომლებსაც ვერ ვკვებავთო (ვ. ლორთქიფანიძის მოგონებიდან).

ანტისტალინელები მესამე პირისგან მიღებულ ამბავს უტყუარ ფაქტად იმიტომ ასაღებენ, რომ, ჭეშმარიტების დადგენის შემთხვევაში, მეორე პირზე გასვლა შესაძლებელია, მაგრამ მესამე პირამდე მისასვლელი გზა უკვე იკარგება.

ვამთავრებ რა ოცწლიანი ომის ისტორიის მოკლე მიმოხილვას, უნდა გამოვუტყდე მკითხველს, რომ 1937 წლის ქართულ მოვლენებს შეგნებულად ავუარე გვერდი, რადგან, მეგობრების რჩევით, მიზანშეუწონლად მივიჩნიე გამომზეურება ზოგიერთი საარქივო მასალისა, რადგან ამას ძალიან დიდი უსიამოვნება მოჰყვებოდა ზოგიერთი რეპრესირებულის შთამომავლებსა და ჩემ შორის, მაგრამ გაივლის კიდევ ორი ათწლეული და ისტორია ყველას მიუზღავს საკადრისს. მაშინ უკვე ბრალდებულისა და ბრალმდებლის საფლავები დიდი ხნის გაცივებული იქნება.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here