Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი _ გზა 1937 წლამდე

2265
კლიმენტ ვოროშილვი, სტალინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, მიხეილ კალინინი და მიხეილ ტუხაჩევსკი, 1936 წ

მიხეილ ტუხაჩევსკი სტალინმა დააფრთიანა და, სრულიად ახალგაზრდას, მიუხედავად თავდაცვის სახალხო კომისარიატის მაღალჩინოსნებისა და პირადად კლიმენტ ვოროშილოვის აქტიური წინააღმდეგობისა, საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭა. სწორედ ეს კაცი, სტალინის წითელ ნაპოლეონად შერაცხილი ტუხაჩევსკი, იყო მთავრობისა და სტალინის სალიკვიდაციო ტერორისტული აქტის ხელმძღვანელი.

უამრავი სარწმუნო წყაროს არსებობის მიუხედავად, სტალინი ვერ წირავდა თავის გაზრდილ და აღზევებულ ახალგაზრდა კაცს პატიმრობისთვის. საგარეო დაზვერვა ცნობას ცნობაზე აწვდიდა ტუხაჩევსკის საეჭვო მოქმედების თაობაზე. ბოლოს მოასმენინეს ტუხაჩევსკის საუბარი გერმანელ და პოლონელ მაღალჩინოსან სამხედროებთან. საბჭოელი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი ქება-დიდებით მოიხსენიებდა ჰიტლერს და აკნინებდა წითელი არმიას. პარიზში უცხოელი დიპლომატები გააკვირვა თავისი უტაქტო და ანტისაბჭოთა გამონათქვამებით, ხოლო რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაე ტიტულესკუს ამაყად განუცხადა: “ბატონო მინისტრო, თქვენ ტყუილუბრალოდ უკავშირებთ თქვენს კარიერასა და თქვენი სახელმწიფოს ბედს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ახალ გერმანიაზე. მე დარწმუნერბული ვარ, რომ ჰიტლერი გადაარჩენს ყველა ჩვენგანს”.

ტუხაჩევსკის ყველა ეს ნაბოდვარი, რა თქმა უნდა, სტალინმა იცოდა. სტალინის საოცარი ინფორმირებულობის შესახებ მსოფლიომ იცოდა და ეს არც იყო გასაკვირი. გერმან როზანოვი თავის წიგნში “სტალინი და ჰიტლერი” წერს:

სტალინი და ტუხაჩევსკი
სტალინი და ტუხაჩევსკი

სტალინთან საუბრისას რიბენტროპი განაცვიფრა იმან, რომ საბჭოთა მხარე ღრმად იყო ჩახედული ბერლინში ინგლისელიმიუნხენისტებისდიპლომატიურ მანევრებში. სტალინმა ახსენა ჩემბერლენის მიერ ჰიტლერისადმი გაგზავნილი წერილიც კი, რომელიც რამდენიმე საათის წინათ ინგლისის ელჩმა გერმანიაში ჰადსონმა ბესტჰესდაგენში გადასცა ადრესატს”.

ცხადია, სტალინი ინფორმაციის დეფიციტს არ განიცდიდა, მით უმეტეს ტუხაჩევსკიზე, რომელიც 1935 წელს და უფრო ადრეც ეჭვმიტანილი იყო მოღალატეობრივ საქმიანობაში. 1936 წლის დასაწყისში ვოროშილოვმა და სამხედრო დაზვერვის უფროსმა ფილიპე გოლიკოვმა სტალინს მაგიდაზე დაუდეს სერიოზული სამხილი ტუხაჩევსკზე. ეს ინფორმაცია სტალინისთვის სხვა წყაროებიდან იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, მან ვოროშილოვს უბრძანა: “შეამოწმეთ, იქნებ ყბედია და არა მოღალატე”. სტალინს არ სურდა, დაეჯერებინა, რომ ტუხაჩევსკი და სხვა ეჭვმიტანილი მარშლები და გენერლები ტროცკის ბანაკში გადაბარგებული მოღალატეები იყვნენ, ისინი ხომ პირადად მან, მის მიერ შექმნილ წითელ არმიასთან ერთად გამოზარდა და დაავაჟკაცა. არ გასულა დიდი დრო, რომ ეჟოვმა სტალინს მაგიდაზე დაუდო ტროცკის მიერ ნორვეგიის ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუ:

გერმანიასთან ომში საბჭოთა კავშირის დამარცხება გარდაუვალია. წითელ არმიაში ყველა როდია სტალინის ერთგული. იქ მე ვახსოვარ”, _ ამბობდა ტროცკი.

ტუხაჩევსკი ნელ-ნელა ეხვეოდა ცეცხლის რკალში, ეს კარგად იგრძნო მარშალმა და კონსპირაციულად შეხვდა კრესტინსკის, ამ შეხვედრის ჩანაწერიც მიუტანეს სტალინს. ტუხაჩევსკი ამბობდა, რომ დაიწყო მათი “ხალხის” დაპატიმრება, ეს პროცესი შეუქცევადია და მისი შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია აჯანყების დაუყოვნებლივ დაწყება. კრესტინსკი სასწრაფოდ დაუკავშირდა ტროცკის და მისგან თანხმობა მიიღო ამბოხების დაწყებაზე. ტუხაჩევსკი, თანამოაზრეებთან: კრესტინსკისთან, გამარკინსა და როზენგოლცთან ერთად, აქტიურად ჩაება ტერორისტული აქტის მომზადებაში, რომელიც ითვალისწინებდა კრემლის შტურმით აღებას, სტალინისა და მისიბანდისდაპატიმრებას.

ტუხაჩევსკიმ დაიგვიანა. უკვე დაპატიმრებული ვიტოვტ პუტნა დაწვრილებით ყვებოდა ტერორისტული აქტის მზადებისა და მისი მონაწილეების შესახებ. დაზვერვამ, უშიშროების სამსახურთან ერთად, სასწრაფოდ მოითხოვა რამდენიმე სამხედრო პირის დაპატიმრება, მაგრამ სტალინმა არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნები და დაპატიმრების სანქცია მხოლოდ კორტსა და ეიდემანზე გასცა. ვოროშილოვი, ეჟოვი და გამარკინი პრინციპულად მოითხოვდნენ ტუხაჩევსკის დაპატიმრებას, მაგრამ სტალინმა მათ მოთხოვნას ყური არ ათხოვა, თუმცა ტუხაჩევსკი გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან და სამუშაოდ ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლობა ჩააბარა. არადა, სტალინს საგარეო და პირადი დაზვერვისგან, აგრეთვე, ოფიციალური ორგანოებისგან ტუხაჩევსკის საქმეზე უამრავი მტკიცებულება ჰქონდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ სტალინს ტუხაჩევსკის ღალატი პირადად შეატყობინა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ედვარდ ბენეშმა.

1937 წლის მაისის დასაწყისში საბჭოთა მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ბუხარინი და რიკოვი დაპატიმრებული არიან სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. დაპატიმრების საფრთხის მოახლოების გამო, თავი მოიკლეს ტომსკიმ და გამარკინმა. მალევე დააპატიმრეს კრესტინსკი და როზენგოლცი. შეთქმულებას ფარდა აეხადა. გამომზეურდა “მეხუთე კოლონა”. საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო არნახული წმენდა.

დაპატიმრებულთა ჩვენებებისა და უტყუარი სამხილების მოპოვების შემდეგ სტალინი საბოლოოდ დარწმუნდა ტუხაჩევსკის გამცემლობაში, არაკაცობასა და სამშობლოს ღალატში, მაგრამ ერთპიროვნულად მაინც არ გადაწყვიტა ახალგაზრდა მარშლის ბედი.

სტალინმა ცენტრალური კომიტეტის წევრებს სთხოვა, ფარული კენჭისყრით გადაეწყვიტათ ტუხაჩევსკის ბედი. ცეკას წევრებმა და კანდიდატებმა არ დამალეს გულისწყრომა და აღშფოთება, რის გამოც თითქმის ერთხმად ჩაწერეს ბიულეტენში სიტყვა “დაიხვრიტოს”. სტალინის ბლანკი, როგორც ყოველთვის, შეუვსებელი აღმოჩნდა და ეს მრავლისმეტყველი ჟესტი ნათლად მიუთითებს სტალინის მიუკერძოებელ, კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აღნიშნული საკითხის მიმართ. სტალინი კიდევ ერთხელ გადაეფარა ტუხაჩევსკის და მისი საქმე კიდევ ერთხელ დაუბრუნა გამოძიებას, იმ მიზნით, რომ ეპოვათ მასში ყბედი და არა ქვეყნის მოღალატე, მაგრამ აქაც არ გაუმართლა. ტუხაჩევსკი პირველივე დაკითხვაზე მიხვდა, რა ტრიალებდა მის თავზე და შეიძლებოდა თუ არა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა. ტუხაჩევსკიმ მეორე დღეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ეჟოვს წერილი მისწერა:

განაჩენი

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ .. ეჟოვს!

დამაპატიმრეს რა ამა წლის 22 მაისს, ჩამოვედი მოსკოვში 24-ში. პირველად დამკითხეს 25 მაისს და დღეს, 26 მაისს, ვაცხადებ, რომ ვაღიარებ ანტისაბჭოთა სამხედრო ტროცკისტული შეთქმულების არსებობას და, რომ მე ვიდექი მის სათავეში. ვალდებულებას ვიღებ, ვაცნობო გამოძიებას ყველაფერი, რაც შეთქმულებას ეხება, არ დავმალო არც ერთი მონაწილის ვინაობა, არც ერთი ფაქტი და საბუთი. შეთქმულებას საფუძველი ჩაეყარა 1932 წელს ფელდმანის, პრიმაკოვის, პუტნას და სხვათა მიერ, რაზეც დამატებით ჩვენებას მივცემ.

მ. ტუხაჩევსკი. 26. 5. 37 წ.”.

1937 წლის 11 ივნისს მოსკოვში გაიხსნა უმაღლესი სასამართლოს სამხედრო ტრიბუნალის სხდომა, რომლის წინაშე წარდგნენ:

საბჭოთა კავშირის მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკი, უკრაინის სამხედრო ოლქის ჯარების ყოფილი სარდალი იონა იაკირი, ბელორუსიის სამხედრო ოლქის ჯარების ყოფილი სარდალი იერონიმ უბორევიჩი, ხარკოვის სამხედრო ოლქის ჯარების ყოფილი სარდალი ვიტალი პრიმაკოვი, ყოფილი სამხედრო ატაშე ლონდონში, ტოკიოსა და ბერლინში ვიტოვტ პუტნა და სხვ.

სასამართლო სხდომაზე ყველა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო. მათ განაცხადეს, რომ იყვნენ სამხედრო შეთქმულების აქტიური წევრები, მოქმედებდნენ ტროცკის მითითებით, კავშირი ჰქონდათ ფაშისტურ რაიხთან, დაასახელეს 80-მდე თანამონაწილე.

ტუხაჩევსკიმ აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ იგი ნამდვილად იყო ტროცკისტი. ამასთანავე, იყო სამხედრო შეთქმულების მონაწილე და ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა არ გეგმავდა სტალინის გადაყენებასა და დაპატიმრებას. მისი მიზანი იყო, ზემოქმედება მოეხდინათ სტალინზე, რათა გადაეყენებინა თანამდებობიდან მოლოტოვი და ვოროშილოვი, როგორც თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი.

“სწორედ ამ საკითხებზე მქონდა უთანხმოება ტროცკისთან, რომელიც შეთქმულთაგან მოითხოვდა მთავრობის ყველა წევრის დაპატიმრებასა და დახვრეტას, მათ შორის, სტალინისაც. ეს მისია უნდა შეესრულებინა უბორევიჩის ჯგუფს. ტროცკი მე ბოლომდე არ მენდობოდა, _ განაგრძობდა ტუხაჩევსკი, _ იგი კრესტინსკისა და პიატაკოვთან საუბრისას მიწოდებდა “ბონაპარტის ტიპის ადამიანს”, ავანტიურისტს, კარიერისტს, რომელსაც სურს, ითამაშოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური როლიც; იგი ამბობდა, ტუხაჩევსკი მიისწრაფვის, სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავოსო. სწორედ ასეთი ეჭვები იყო საფუძველი იმისა, რომ ტროცკიმ მიუთითა კრესტინსკის, ყოველმხრივ შეეწყო ჩემთვის ხელი გადატრიალების პროცესში, მაგრამ ფინალში არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა, რომ მე კონტროლი დამეწესებინა ახალშექმნილ მთავრობაზე. ტროცკიმ ეს იდეა განავითარა პიატაკოვთან მისი ბოლო საუბრისას ოსლოში, სადაც მან გაამხილა თავისი გეგმები და მიზანი; კერძოდ, მან თქვა: “იყო დრო, როცა ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ვიბრძოდით კაპიტალიზმის წინააღმდეგ, ვზრდიდით მის მესაფლავეს. ამჯერად ჩვენ უნდა გავხდეთ მესაფლავე სტალინის სახელმწიფოსი და მის სათავეში ტუხაჩევსკის მოსვლას ჩვენ ვერ დავუშვებთ”.

იაკირმა განაცხადა, რომ იგი ტროცკისტებმა უნებურად ჩაითრიეს სამშობლოს ღალატის შავბნელ და სამარცხვინო საქმეში:

თავს არ ვიმართლებ, ვიცი, მართლმსაჯულება ეშაფოტისკენ მიმავალ გზაზე დამაყენებს. ამ გზაზე მიმავალი გავიმეორებ იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს: გაუმარჯოს ჩვენს დიდ ბელადს _ სტალინს!”

უპრეცედენტო იყო სამხედრო დამნაშავეთა პროცესი, არც ერთ განსასჯელს ერთი ეპიზოდიც არ უარყვია წაყენებული ბრალდებიდან, ისინი მხოლოდ წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ტროცკის და მოწიწებითა და პატივისცემით ახსენებდნენ სტალინის სახელს. გამოძიების პერიოდში და სასამართლო სხდომებზე არც ერთ სამხედროს თავი ღირსებაშელახულად არ უგრძნია.

1937 წლის 12 ივნისს სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით შეთქმულების ყველა წევრს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. მაღალჩინოსანი სამხედროების სასამართლო პროცესმა ამოძირკვა ტროცკიზმის ფესვები, როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში.

1937 წლის თებერვლის პლენუმზე მიიღეს გადაწყვეტილება რიკოვისა და ბუხარინის პარტიიდან გარიცხვის შესახებ, მაგრამ საქმე ძიების პროცესში იყო, მას ცეკას 36 წევრისგან შემდგარი კომისია იკვლევდა, ანასტას მიქოიანის ხელმძღვანელობით. კომისიამ დაადასტურა ბუხარინისა და რიკოვის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება.

1938 წლის 2 მარტს დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელსაც, ისევე, როგორც წინა პროცესებს, ვასილ ულრიხი და ანდრია ვიშინსკი უძღვებოდნენ. სასამართლოს თავმჯდომარე ულრიხმა გამოაცხადა, რომ სასამართლო იხილავს ბუხარინის, რიკოვის, იაგოდას, კრესტინსკის, რაკოვსკის, როზენგოლცისა და სხვათა (სულ 22 დამნაშავის) საქმეს, რომლებსაც ბრალად ედებათ სახელმწიფო ღალატი, დივერსიები, მავნებლური საქმიანობა, სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მოშლა, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წაქეზება სსრ კავშირზე თავდასხმის მიზნით და ჯაშუშობა. ყველა ეს ბრალდება სასამართლო კოლეგიამ 3 პუნქტად ჩამოაყალიბა:

1.საბჭოთა სახელწიფოს მიმართ ჯაშუშური საქმიანობა, სამშობლოს ღალატი, ტერორი, მავნებლობა;

2.ლენინის მიმართ 1918 წლის აგვისტოში განხორციელებული ტერორისტული შეთქმულება;

3.საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწეების მკვლელობა, აგრეთვე, სახელმწიფოს მეთაურების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მზადება მათი ფიზიკური განადგურების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გრძელდებოდა 10 დღის განმავლობაში და მას ყოველდღიურად ესწრებოდა 300-ზე მეტი უცხოელი კორესპონდენტი და დიპლომატი.

სასამართლომ გამოაცხადა საბრალდებო დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო:

გამოძიებით დადასტურდა, რომ მემარჯვენეტროცკისტული ბლოკი თავის რიგებში აერთიანებდა ტროცკისტულ იატაკქვეშა ჯგუფებს, მემარჯვენეებს, ზინოვიეველებს, მენშევიკებს, ესერებს, მოკავშირე რესპუბლიკების ბურჟუაზიულ ნაციონალისტებს. დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ქვეყნის შიგნით არ ჰქონდათ არანაირი მხარდაჭერა, ბლოკის მონაწილეებმა კავშირი დაამყარეს უცხო სახელმწიფოების დაზვერვასთან, რათა მათი დახმარებით ხელთ ეგდოთ სახელმწიფო ძალაუფლება, დახმარების საფასურად კი აგრესორებს შეჰპირდნენ უკრაინის, ბელორუსიის, შუა აზიის, ზღვისპირეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის ტერიტორიების დათმობას. გამოძიებამ დაადასტურა და შეთქმულებმაც აღიარეს, რომ ისინი დიდი ხნის წინათ მიეყიდნენ უცხოეთის დაზვერვებს, რომლებსაც უწევდნენ ჯაშუშურ სამსახურს (კრესტინსკი, რაკოვსკი, როზენგოლცი, ჩერნოვი, გრინკო და სხვ.), ზოგიერთი კი (ზელინსკი, ივანოვი, ზუბარევი) ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყვნენ მეფის ოხრანკის აგენტები, შემდეგ კი აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიისა და იაპონიის დაზვერვებთან.

კრესტინსკის, რაკოვსკისა და სხვათა ჩვენებების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტროცკი გერმანიის დაზვერვასთან დაკავშირებული იყო ჯერ კიდევ 1921 წლიდან, ხოლო, მოსკოვში ინგლისის მისიის მეთაურის _ ბრუს ლოკარტის ცნობით, ტროცკი ინგლისელებთან თანამშრომლობდა და აქტიურ დახმარებას უწევდა მათ 1917 წლიდან. რიკოვი და ბუხარინი შეთქმულების სხვა მონაწილეებს ჯაშუშური საქმიანობისკენ უბიძგებდნენ. ისინი მოქმედებდნენ უშუალოდ ტროცკის მითითებებით, რომლებიც შემუშავებული იყო ზოგიერთი უცხო სახელმწიფოს გენშტაბების მიერ. მაგალითად, კრესტინსკიმ ძიებას განუცხადა, რომ იგი გერმანელ გენერალ ჰანს ფონ სეკტს დაუკავშირდა პირადად ტროცკის დავალებით, რომელმაც უბრძანა გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობა.

ბრალდებულ როზენგოლცის თქმით, მას შემდეგ, რაც მან კავშირი დაამყარა ტუხაჩევსკისთან და რიკოვთან, პირველს კრესტინსკის მეშვეობით, ხოლო მეორეს პირადად გააცნო ტროცკის დირექტივა მავნებლური საქმიანობის გეგმის შესახებ; ეს გეგმა ორივემ მოიწონა. ამ საკითხზე ბრალდებულმა ჩერნოვმა განაცხადა: “1934 წელს, შევხვდი რა რიკოვს მის აგარაკზე, მივიღე მისგან დავალება, გამეჩაღებინა მავნებლური საქმიანობა სოფლის მეურნეობაში”.

ბუხარინმა აღიარა, რომ 1932 წელს შეხვდა პიატაკოვს, რომლისგანაც შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი შეხვდა ლევ სედოვს, ვისგანაც მიიღო პირდაპირი დირექტივა, გაეძლიერებინათ ტერორი პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა მიმართ მათი დამხობის დაჩქარების მიზნით, ხოლო ბრალდებულმა ივანოვმა დასძინა: “ბუხარინმა გვითხრა, რომ პარტიისა და მთავრობის ბელადების განადგურება აუცილებელია იმიტომაც, რომ ეს ხელისუფლების სათავეში ჩვენ მოსვლას, საბოლოოდ კი მომავალ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხებას უზრუნველყოფს”.

რიკოვმა აღნიშნა, რომ იმხანად მათ უკვე დაიწყეს ტერორისტული აქტების მზადება პოლიტბიუროს წევრების, პირველ რიგში, სტალინის, მოლოტოვის, კაგანოვიჩისა და ვოროშილოვის წინააღმდეგ. “მე უკვე 1934 წელს მივეცი დავალება ჩემ მიერ შექმნილი ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელს _ არტემენკოს, გაეძლიერებინა თვალთვალი პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა მანქანებზე”.

კიროვის მკვლელობაზე იაგოდამ განაცხადა: “კიროვის მკვლელობას შეთქმულების ცენტრი რომ ამზადებდა, მე წინასწარ შევიტყვე ენუქიძისგან, რომელმაც გამაფრთხილა, ხელი არ შემეშალა ამ აქტისთვის. მე თანხმობა განვუცხადე. ამ მიზნით ლენინგრადიდან გამოვიძახე ზაპოროჟეცი და მას სათანადო მითითება მივეცი”.

ძიებამ დაადგინა, რომ მემარჯვენეტროცკისტული ბლოკის მსხვერპლნი იყვნენ გორკი, მენჟინსკი და კუიბიშევი. ამ საკითხზე საინტერესოა იაგოდას აღიარება: “შეთქმულთა ტროცკისტული ცენტრიდიდხანს ცდილობდა გორკის დამუშავებას, რათა მას სტალინთან მეგობრობა შეეწყვიტა. ამ მიზნით გორკის მიუჩინეს კამენევი, ტომსკი და სხვები, მაგრამ ეს ღონისძიება უშედეგო აღმოჩნდა _ გორკი კვლავაც დარჩა სტალინის ერთგული და მისი პოლიტიკური ხაზის მხურვალე მხარდამჭერი. გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სტალინური ხელმძღვანელობის ძალით დამხობას, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა გორკის ადეკვატურ რეაქციას, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყნის შიგნით და უდიდესი ავტორიტეტი _ საზღვარგარეთ. ყოველივე ამის უგულებელყოფა თვითტროცკისტულ ბლოკსაცარ შეეძლო. მოვლენების ამ გზით განვითარების შემთხვევაში კი გორკი პროტესტის ნიშნად უეჭველად აღიმაღლებდა ხმას. ჩვენ ვერ დავუშვებდით ამას, ამიტომაც, გაერთიანებული ცენტრი როცა დარწმუნდა, რომ სტალინისგან გორკის ჩამოშორება შეუძლებელი იყო, იძულებული შეიქნა, გამოეტანა გადაწყვეტილება გორკის ლიკვიდაციის შესახებ”.

 ამასვე ადასტურებს რიკოვი: “ჩემთვის ცნობილია, რომ ტროცკი საკონტაქტო ცენტრში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ქმნიდა გორკის მიმართ ბოროტი განწყობილების ატმოსფეროს. ყოველივე ეს, ბუნებრივია, გამოწვეული იყო იმით, რომ ტროცკიმ კარგად იცოდა, გორკი მას არამზადად და ავანტიურისტად მიიჩნევდა. მეორე მხრივ, საყოველთაოდ იყო ცნობილი გორკისა და სტალინის ახლო ურთიერთობა და ისიც, რომ გორკი არის სტალინის პოლიტიკური კურსის მომხრე. ყოველივე ამის გამო ჩვენი ორგანიზაცია მტრულად იყო განწყობილი გორკის მიმართ”.

ბრალდებულმა ბესონოვმა განაცხადა: “1934 წლის ივლისში შევხვდი ტროცკის, მან მითხრა: “გადაეცით პიატაკოვს, კატეგორიული ფორმით მოვითხოვ, მაქსიმ გორკი ფიზიკურად განადგურდეს, რადაც უნდა დაჯდეს”. დავალების შესრულება მე დამევალა, _ განაცხადა იაგოდამ. უშუალო შემსრულებლები იყვნენ ექიმი ლევინი და გორკის ყოფილი მკურნალი, პროფესორი პლეტნევი, აგრეთვე, გორკის მდივანი კრიუჩკოვი და იაგოდას მდივანი ბულანოვი. მათვე მოკლეს კუიბიშევი მისივე მდივნის _ მაქსიმოვის, ხელშეწყობით. იაგოდამ ასევე განაცხადა, რომ მისი დავალებით მოკლეს მენჟინსკი და გორკის შვილი _ მაქსიმ პეშკოვი”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here