Home რუბრიკები ისტორია სტალინი სამ განზომილებაში

სტალინი სამ განზომილებაში

1073
სტალინი სამ განზომილებაში

სტალინი ერთნაირად მუშაობდა, როგორც ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეებზე, ასევე ქვეყნის წარსულსა და, რა თქმა უნდა, მომავალზე. 1936 წელს, როდესაც ის პირველ სასამართლო პროცესს უწყობდა ქვეყანაში ჩაბუდებულ მე-5 კოლონას და ყოველდღიურად უმატებდა ტემპს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, პარალელურად, ქმნიდა სახელმწიფო კომისიას, რომელსაც უნდა აღეწერა ლენინგრადის გარეუბანში დაცული რომანოვების 300-წლიანი დინასტიის მიერ დაგროვებული აურაცხელი სიმდიდრე. ამ კომისიას უნდა განეახლებინა აღწერილობები და საგანძურისთვის, ექსპონატებისთვის ფოტოები გადაეღო.

კომისიამ შესანიშნავად იმუშავა და სრულად აღწერა სასახლეებში განთავსებული არნახული სიმდიდრე:

  1. ცარსკოე სელოში აღმოჩნდა ხელოვნების 42 172 უბრწყინვალესი ნიმუში.
  2. ალექსანდროვის სასახლეში _ 30 382.
  3. პავლოვსკის სასახლეში _ 22 133.4
  4. პეტერგოფის სასახლემუზეუმში _ 54 030.

სტალინს (ისე, რომ არავინ იცოდა, გარდა მისი და სამუშაოების შემსრულებლისა) სარკინიგზო მაგისტრალი გაჰყავდა იმიერპოლარეთში. ამ გრანდიოზული პროექტების განხორციელება სტალინისთვის ყოველდღიური სამუშაო გახლდათ.

სტალინის ფენომენი ჯერჯერობით წარსულის განზომილებაში განვიხილოთ და ამიტომ დღევანდელ სტატიაში რომანოვების დინასტიასა და მისი წარმომადგენლების ხალხის მეხსიერებაში შენახვაზე ვისაუბრებთ. კერძოდ, რომანოვების სასახლეზე ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) შემოგარენში.

1941 წლის 22 ივნისს ლენინგრადში მორიგი ტურისტული სეზონი უნდა გახსნილიყო. შესანიშნავი ამინდი იდგა და მოსახლეობა გარეთ იყო გამოსული _ ადამიანები ეგებებოდნენ თეთრი ღამეების დადგომას და სეზონის გახსნას. 22 ივნისისათვის ყველაფერი მზად იყო: პარკებში, სასახლის ეზოებსა თუ სკვერებში უკრავდა მუსიკა, ცეკვავდა ახალგაზრდობა, ქვეყანა და ხალხი სეზონის გასახსნელი ზეიმისთვის ემზადებოდა. დილის 3 საათსა და 30 წუთზე ფაშისტურმა გერმანიამ ვერაგულად გადმოლახა საბჭოთა კავშირის საზღვრები, არნახული ძალით შემოუტია საბჭოეთის ქალაქებსა და სოფლებს. ომის დაწყების პირველი დღეების ქრონიკებზე ბევრი დავწერე და ამჯერად აღარ მივუბრუნდები.

1941 წლის 22 ივნისს სასახლე-მუზეუმის შესასვლელებთან მხოლოდ ქალები გამოცხადდნენ _ ყველა მამაკაცი, როგორც ერთი, ლენინგრადის დამცველთა რიგებში ჩადგა ომის პირველივე დღეს. დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ომის თუ შრომის ფრონტებზე. ლენინგრადის გმირი დამცველები დღე და ღამეს ასწორებდნენ უმოკლეს დროში განძეულის ქალაქიდან გასატანად. რთული და მეტად ფაქიზი სამუშაო უამრავ დროს მოითხოვდა. მტერი კი შეუჩერებლად მოიწევდა ლენინგრადისკენ. ღამით ქალები ნიჩბებით თხრიდნენ ორმოებს და შიგ უძვირფასეს ქანდაკებებსა და ფილიგრანულად შესრულებულ ოქროს ნაკეთობებს მარხავდნენ. შემდეგ ამ ადგილებს ზევიდან თივას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს აყრიდნენ შესანიღბავად. მიუხედავად იმისა, რომ შეუფასებელ განძთან ჰქონდათ საქმე და ყველაფერი ძალიან მოკლე დროში უნდა მოესწროთ, წესრიგის დაცვით, გულმოდგინედ იფუთებოდა და იკვრებოდა ნივთები, დგებოდა შესაბამისი აქტები და საგანძურს აწყობდნენ სატვირთო ავტომობილებსა თუ სარკინიგზო ეშელონებში. მიწაში საიდუმლოდ ჩამარხულ განძზე კი ადგილის მითითებით დგებოდა აქტები და საიდუმლოდ ინახებოდა. სულ 83 დღე დასჭირდათ ფაშისტებს იმისათვის, რომ მთლიანად დაეკავებინათ ლენინგრადის მიმდებარე ტერიტორიები და ქალაქი ბლოკადაში მოექციათ. 1941 წლის სექტემბრიდან 1944 წლამდე ცარსკოე სელოს, ალექსანდრეს, პეტერგოფისა და გატჩინის სასახლე-მუზეუმების სრული ბატონ-პატრონები ფაშისტები იყვნენ.

გერმანელებს სასახლემუზეუმებიდან გაჰქონდათ ძვირფასი ავეჯი, გააქრეს მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ქარვის ოთახი. ჭრიდნენ სხვადასხვა ძვირფასი მასალისგან შექმნილ იატაკებს. ბრილიანტებით გაწყობილი რომანოვების საიმპერატორო ოქროს გვირგვინები გერმანელთა ხელში გადავიდა. წარმოუდგენელი სილამაზისა და სიმდიდრის პეტერგოფის სასახლემუზეუმების ცარიელი და ჩაშავებული კედლები სიკვდილისა და ცის ჩამოქცევის მომასწავებელი იყო”, _ წერდა 1944 წელს ერთერთი საფრონტო გაზეთის კორესპონდენტი.

ფაშისტების მიერ დანგეული პეტერგოფი
ფაშისტების მიერ დანგეული პეტერგოფი

სტალინის სიბრძნემ და მისი არმიების გმირულმა შემართებამ წელში გატეხა არა მხოლოდ ფაშისტების მე-6 არმია ფელდმარშალ პაულიუსის ხელმძღვანელობით და ჰიტლერი, არამედ მსოფლიოს დიდი კაპიტალისტური სახელმწიფოები, რომლებიც დღე-დღეზე ელოდებოდნენ წიაღისეული ნედლეულით მდიდარი რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის განაწილებას, მაგრამ არ გამოუვიდათ _ დედამიწის ტერიტორიის მეექვსედს კავკასიელი ჯიქი პატრონობდა. 1943 წელს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა შექმნა ლენინგრადის გარეუბანში რომანოვების სასახლემუზეუმების აღმდგენი კომისია 12 კაცის შემადგენლობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა სსრკის აკადემიის აკადემიკოსი, სტალინური პრემიის ლაურეტი ალექსეი შჩუსევი. კომისიას გადაეცა ყველა სასახლემუზეუმის პროექტი, ევაკუირებული და საიდუმლოდ შენახული ექსპონატების ჩამონათვალი, 1936 წელს ჩატარებული აღწერის მასალები და უამრავი ფოტომასალა. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ სასახლემუზეუმები უნდა აღდგენილიყო 1941 წლის 22 ივნისის მდგომარეობის მიხედვით. საწყის პერიოდში კომისიას 22 მლნ მანეთი გამოეყო. კომისიამ, სტალინის დავალებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვია 150 განთქმული მხატვარი, რათა აღედგინათ ან ხელახლა შეექმნათ ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ან ცეცხლმა გაანადგურა, ან გერმანელებმა გაიტაცეს. 1945 წლის პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში გამოცხადდა ძებნა სასახლე-მუზეუმებიდან გატაცებული ნივთებისაა მფლობელისთვის დასაბრუნებლად. 1951 წელს, სტალინის ბრძანებით, კვლავ შეიქმნა კომისია, რომელმაც აღწერა, რა დარჩა იმ ექსპონატებიდან, რომლებიც 1936 წლის აღწერებში იყო ნაჩვენები. ამ ექსპონატებში შედიოდა როგორც საბჭოთა ჯარების მიერ გადარჩენილი ხელოვნების ნიმუშები, ასევე გერმანიაში გატანილი და უკან დაბრუნებული სამუზეუმო ძვირფასეულობა. აღმოჩნდა, რომ ეკატერინეს სასახლემუზეუმში ირიცხებოდა 42 172 სამუზეუმო ნივთი, მათგან ომის პერიოდში, ფაქტობრივად, დაიკარგა 30 151; ალექსანდროვის სასახლემუზეუმში ირიცხებოდა 30 382 ნივთი, ომის პერიოდში დაიკარგა 22 628; პავლოვსკის სასახლემუზეუმში ირიცხებოდა 22 133 ნივთი, ომის პერიოდში დაიკარგა 8 715; პეტერგოფში ირიცხებოდა 54 230 სამუზეუმო ნივთი და მათგან დაიკარგა 38 151. პეტერგოფში ყველაზე დიდ დანაკარგად ითვლებოდა გრანდიოზული შადრევნების შემკვრელი სამსონის ფიგურა, რომელიც 1706 წელს პოლტავასთან შვედეთზე გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა 1735 წელს. სამსონის ფიგურის სიმაღლე 21 მეტრს შეადგენდა და ჩამოსხმული იყო ძვირფასი ლითონისაგან. გერმანელმა ფაშისტებმა ეს ძვირფასი სკულპტურა ნაწილებად დაჭრეს და გერმანიაში გაიტანეს. რადგან აღნიშნული კომპლექსი სამსონის ფიგურის გარეშე უსახურად გამოიყურებოდა, სტალინის ბრძანებით, 1947 წელს ძველი ფოტოებისა და ნახაზების მიხედვით აღადგინეს ეს ფიგურა, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა წინამორბედისგან (ლეგენდის მიხედვით, სამსონი ღარიბთა და სნეულთა შემწე სამღვდელო პირი გახლდათ. პოლტავასთან შვედეთის დამარცხება სწორედ სამსონის ხსენების დღეს მოხდა, რისთვისაც პეტერბურგში სამსონის ფიგურა გამარჯვების სიმბოლოდ აღმართეს). ლენინგრადის სასახლე-მუზეუმების აღსადგენად სულ 790 მლნ მანეთი გამოიყო სტალინის ინიციატივით…

პეტერგოფი დღეს
პეტერგოფი დღეს

გასული საუკუნის 80-იან წლებში მეგობრებთან ერთად ლენინგრადში გახლდით ფეხბურთის მატჩზე. ჩვენი მასპინძელი მაღალი პარტიული თანამდებობის პირი იყო და ამიტომ მთავრობის ლოჟაში მოგვიწია ჯდომა. ამაყად გავცქეროდით მოედანს _ თბილისის “დინამო” შესანიშნავი გუნდი იყო, ლენინგრადის “ზენიტი” კი _ აუტსაიდერი და გვეგონა, გამარჯვებას იოლად მივაღწევდით. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა ლენინგრადელთა სასარგებლოდ, მაგრამ ყველა ვფიქრობდით, რომ მატჩის მეორე ნახევარში ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ მასპინძლები. სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა იცოდა, რომ ქართული დელეგაცია ლოჟაში იჯდა. დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი და 5 წუთიც არ იყო გასული, მეორე ბურთიც გაგვიტანეს. როდესაც მატჩი დასრულდა, ტრიბუნებზე მყოფი “ზენიტის” გულშემატკივარი ჩვენკენ შემობრუნდა სტვენითა და ყვირილით, ხელები კი ყველას რატომღაც შარვლის შესაკრავთან ჰქონდა დაწყობილი. ასე შერცხვენილი გამოვედით ლოჟიდან, იქვე ახლოს მდგომ მანქანებში ჩავსხედით და ფინეთის ყურეში, ბერიას მიერ აშენებულ დივერსანტთა სკოლის შენობის ფინურ აბანოში აღმოვჩნდით.

მეორე დღეს მასპინძელმა შემოგვთავაზა ქალაქის ნებისმიერ ადგილზე ექსკურსია. ადგილი მე უნდა შემერჩია. ვთხოვე, წავეყვანეთ ცარსკოე სელოში. ყველამ სიამოვნებით თანხმობა განაცხადა. დილის 11 საათზე ეკატერინე II-ის სასახლე-მუზეუმის დირექტორის კაბინეტში ვისხედით. მასპინელიც გვახლდა.

_ დარბაზებში მე გამოგყვებით, _ შემოგვთავაზა დირექტორმა.

_ თქვენ არა, გამოგვაყოლეთ სხვა, რათა სტუმრებმა უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი, _ უთხრა ჩვენმა მასპინძელმა.

ამ მომენტში ოთახში შემოვიდა ულამაზესი ახალგაზრდა ქალი.

_ რადგან მე დამიწუნეთ, ამას გაჰყევით, _ თავაზიანად შემოგვთავაზა მუზეუმის დირექტორმა.

მალე დარბაზებისკენ გავეშურეთ. სასახლის გრანდიოზულობისა და ზღაპრული სიმდიდრის აღწერას არ შევუდგები, ოღონდ მკითხველმა უნდა იცოდეს შემდეგი:

სამსონის ფიგურა
სამსონის ფიგურა

ყველა დარბაზში, რომლებშიც საარაკო სიმდიდრე და სილამაზე ბრწინავს და ელავს, შესასვლელშივე შავ-თეთრი ფერის მოზრდილი სურათი მოლბერტზეა განთავსებული. ეს არის ამავე დარბაზის გამოსახულება 1945 წლის ზამთარში. დარბაზი გადახდილი სახურავით, მოჩანს მოქუფრული ცა, დაცარიელებულ დარბაზში კი _ მეტრ-ნახევრიანი სიმაღლის თოვლით დაფარული იატაკი. ჩამოშლილია ფანჯრის რაფები, მშიერი დათვებივით პირდაბჩენილია უზარმაზარი დარბაზები, კვამლისგან არის გაშავებული როკოკოს გირლიანდებს შერჩენილი ნაწილები და აბრეშუმის კედლის ჩამოფხრეწილი ნარჩენები. ვერ წარმომედგინა, რომ იმ დარბაზში ვიმყოფებოდი, რომლის ფოტოსაც მოლბერტზე ვუყურებდი. ასე იყო იავარქმნილი დამპყრობლების მიერ რომანოვების უძვირფასესი სეფედარბაზები. ძვირფასეულობა ჰიტლერელთა განძსაცავებში იყო დავანებული, ხოლო უძვირფასესი ტილოები, რომლებიც გამოფენილი იყო სასახლეში, გერმანელ დიდგვაროვანთა სახლებსა და აგარაკებს ამშვენებდა ოკუპაციის პერიოდში.

ერთ ქართულ-ხალხურ სიმღერაში ასეთი სიტყვებია:

“შენ რომ ზარი შემოჰკარი, მტერთა გლოვის ზარი არის;

შენ რომ ციხე დაანგრიე, მეფის ნატახტარი არის”.

მოსასმენად თითქოს სასიამოვნო იყო, მაგრამ სინამდვილეში სტალინს მეფის ნატახტარი არსად დაუნგრევია, პირიქით, აღადგინა. ფაშისტებმა კი ნაცარტუტად აქციეს ლენინგრადი, მისი შემოგარენი და თუ რამ ღირსშესანიშნავი იყო იქ. ომის დასრულების შემდეგ სტალინმა ცარსკოე სელო დაათვალიერა და ბრძანა: ცარსკოე სელოს უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი მდგომარეობა როგორც სანახაობრივად, ისე დეტალებით”. პროექტები და ქონების (რომელიც ევაკუირებული იყო ომის პირველივე დღეებში) აღწერილობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ სპეციალისტებს დაეწყოთ რომანოვების ისტორიული სასახლეების აღდგენა-განახლება.

_ ეს სტუმრების მისაღები საერთო ოთახია, ეს კი _ ეკატერინეს ფავორიტების ოვალური დარბაზი, _ გვითხრა გოგონამ.

_ ამ დარბაზს ხელოვნების რომელიმე ნიმუში ხომ არ აკლია? _ იკითხა ჩვენმა მასპინძელმა.

ახალგაზრდა ქალი-გიდი ოდნავ დაიბნა, მაგრამ გარკევით უპასუხა:

_ ის ქვედა საცავშია, რომელიც ყოველთვის არ მუშაობს.

_ ჩვენთვის თუ იმუშავებს? _ არ მოეშვა მასპინძელი.

_ შეიძლება. ოღონდ, ბოლოს.

დარბაზიდან დარბაზში გადავდივართ. ჯერ მოლბერტზე დადებულ შავ-თეთრ სურათს დავხედავ, შემდეგ კი საოცრებათა სამყაროში აღმოვჩნდები. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა (როგორც ზღაპრებშია), მივადექით დარბაზს, რომელშიც დგას უშველებელი შემაღლებული საწოლი, რომელიც რაღაცნაირი, ჩემთვის უცნობი ნაჭრით არის გადახურული. გიდი გვიხსნის, რომ ეს არის ეკატერინე დიდის საწოლი. ყველა ჩვენგანს ათასი რამ წარმოგვიდგა თვალწინ, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ამ ლოგინთან ასე ახლოს დგომა მომიწევდა ოდესმე. დარბაზი უკან-უკან ყურებით დავტოვეთ. შევედით რომანოვების დინასტიის რჩეულთა სავანეში, რომელსაც წინ უდგას ალექსანდრე I-ის, ნაპოლეონის დამმარცხებელი მეფის, ულამაზესი და უძლიერესი იმპერატორის სურათი.

_ ეს სურათები როგორღა გადარჩა ასე უვნებელი? _ ვიკითხე გაოცებულმა.

_ ეს სურათები აღადგინეს სამეფო ფოტოალბომების დახმარებით და საზღვარგარეთიდან სტალინის განკარგულებით ჩამოყვანილი მსოფლიოს 150 ცნობილი მხატვრის დახმარებით.

_ ნუთუ ასეთ პატივს მიაგებდა რომანოვების დინასტიას სტალინი? _ გაკვირვებულმა ვკითხე ჩვენს ლენინგრადელ მასპინძელს.

_ რომანოვებს არა, ის ისტორიას სცემდა პატივს, _ მიპასუხა მასპინძელმა.

გულში უნებურად გავიმეორე პოეტის სიტყვები:

“ყველგან სტალინის სიბრძნე ანათებს,

ყველგან სტალინის მარჯვენა ვიცან”.

და ლიფტის კაბინამ სასახლის სიღრმეში ჩაგვიყვანა. იქ კი ვეღარ ვარჩევდი, სად ვიყავი _ ცხადში თუ სიზმარში. დარბაზის არცთუ კარგად განათებულ კუთხეში ჯუჯა ხე დგას მოკლედ შეჭრილი ტოტებით _ შორიდან ასე მომეჩვენა. გამყოლი ოდნავ შეწითლებული სახით გვიხსნის:

_ ეს უნიკალური საჩუქარი ფრანგებმა მიართვეს ეკატერინე II-ს. თქვენ ხედავთ ფალოსებს, მათი რაოდენობა 365-ია.

გაოცებულები გარეთ გამოვედით. გამყოლს დავემშვიდობეთ და მანქანებში გავნაწილდით. გეზი პეტერგოფისაკენ ავიღეთ. სიზმრიდან სიზმარში გადავედით. სანამ სასახლეში შევიდოდით, სასახლის გარშემო ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერ წარმომედგინა, ამ სილამაზის ჩაფიქრება და შემდეგ ხორცშესხმა თუ შეეძლო ადამიანის გონებას. გიდმა აქ ყურადღება სამსონის ფიგურის დაკარგვა-აღდგენაზე გადაიტანა და, როდესაც დარწმუნდა, რომ მე ნამდვილი სტალინელი ვიყავი, სტალინის წვლილსა და მის როლზე ამ საოცრების განახლებაში კიდევ უფრო დაწვრილებით გვიამბო. მიგვიყვანა სურათების სტენდთან, სადაც გამოფენილი იყო გერმანელების მიერ დაბომბილი პეტერგოფის გარე პერიმეტრი. ვერ გამოვთქვამ და აღვწერ იმ საშინელებას და ბარბაროსობას, რომელიც ამ შავ-თეთრი სურათების უზარმაზარ სტენდებზე იყო გამოფენილი. რა ხელმა შექმნა ეს მშვენიერება? რომელმა მხეცებმა შეძლეს ამ სიმშვენიერის მოსპობა და განადგურება ან რამ ჩაუნერგა ადამიანს სიზმრად ნახული მშვენიერების კვლავ აღდგენა და მისთვის სიცოცხლის დაბრუნება. სასახლეში შესულებს ულამაზესი სანახაობა დაგხვდა. რაოდენ დიდიც იყო პეტრე დიდი, ისეთივე დიდი სასახლე და გარემო ჰქონდა, მაგრამ განსაცვიფრებელი იყო იმ ძარცვისა და ნგრევის კვალი, რომელიც გერმანელებმა დატოვეს სასახლე-მუზეუმებში მეორე მსოფლიო ომის დროს.

1936 წლის აღწერით, მუზეუმებში ირიცხებოდა 180 228 ექსპონატი. 1951 წლის აღწერით, ფონდებში აღმოჩნდა, ადგილზე გადარჩენილი და გერმანიიდან დაბრუნებული ნივთების ჩათვლით, 63 882 ექსპონატი. 116 000 უნუკალური სამკაული ან ადგილზე იყო განადგურებული ომის მიმდინარეობისას, ან გაძარცვული ფაშისტების მიერ.

ფიზიკურ, მატერიალურ და მორალურ აუნაზღაურებელ ზარალს, რომელიც გერმანელმა დამპყრობლებმა მიაყენს საბჭოთა კავშირს, ემატებოდა იმ უზარმაზარი განძის გაქრობა ქვეყნიდან, რომელიც რომანოვების იმპერიამ 300 წლის განმავლობაში დააგროვა ომების შედეგად თუ საჩუქრების სახით. 1943 წელს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა სტალინის ინიციატივით მიიღო დადგენილება, შექმნილიყო ცენტრალიზებული სამსახური, რომელიც თავს მოუყრიდა .. ნადავლის ბრიგადების მიერ მოპოვებულ ნივთებს. 1945 წლის თებერვალში სტალინმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც შეიქმნა საგანგებო კომიტეტი. ამ კომიტეტს ადგილი უნდა მიეჩინა ადგილობრივი თუ გერმანიიდან დაბრუნებული ძვირად ღირებული ექსპონატებისთვის, რომლებიც გადაურჩა ომს ან გატაცებული იყო ფაშისტი ოკუპანტების მიერ. სხვათა შორის, გერმანიაში გატაცებული სამუზეუმო განძის დიდი ნაწილი ამოღებული იყო ქვის სამტეხლოებიდან და ბანკების ბუნკერებიდან.

1945 წლის ივლისში სტალინის ხელმოწერით გამოვიდა ამ კომიტეტის დადგენილება, რომელშიც ნაბრძანები იყო, გერმანიიდან საბჭოთა კავშირში ჩამოეტანათ ყველა სამუზეუმო ნივთი. დაშვებული იქნა ამ ნივთების გამოფენა მუზეუმებში. ამ დადგენილების საფუძველი იყო რეპარაცია (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) და კომპენსაცია იმ სამუზეუმო ნივთებისთვის, რომლებიც გერმანელებმა გაიტანეს საბჭოთა კავშირიდან. რეპარაციით გათვალისწინებული ნივთების სია არ გამოქვეყნებულა, ის არქივის საკუთრებაა. ხელოვნების შედევრების დიდი ნაწილი შემოტანილი იყო დრეზდენიდან _ ბალდინის კოლექცია, პოტსდამის სან-სუსის სასახლიდან, ვარკბურგის იარაღის პალატიდან, აგრეთვე, პერგამონის მუზეუმიდან (შლიმანის ოქრო) და სხვ. 1945-1955 წლებში ნადავლი განძის უმეტესი ნაწილი არ გამოფენილა. ის სამუზეუმო რეზერვებში ინახებოდა, გარდა პერგამონის მუზეუმიდან წამოღებულისა, რომელიც ლენინგრადის ერმიტაჟის დარბაზებში იყო გამოფენილი. სტალინმა, პოტსდამის კონფერენციის დეკლარაციის საფუძველზე, მტკიცე საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ ყველა სამუზეუმო ნივთი, როგორც კომპენსაცია, გადასულიყო სსრ კავშირის კანონიერ მფლობელობაში და ამით შევსებულიყო რომანოვების დინასტიის განძთსაცავები.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ აშენებული და გაძლიერებული ქვეყნის დასაშლელად და გასაყიდად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 1955 წლის 30 მარტს მიიღო მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომ დაებრუნებინა დრეზდენის მუზეუმისთვის უნიკალური ექსპონატები. მათ შორის რაფაელის “სიქსტის მადონა”, ტიციანის “მძინარე კესარია”, აგრეთვე, რუბენსის, რემბრანდტისა და სხვა სახელგანთქმული მხატვრების შედევრები. ცოტა ხნის შემდეგ დრეზდენში გაიგზავნა კიდევ 515 სამუზეუმო ექსპონატი. 1958 წელს დრეზდენში დააბრუნეს “პერგამონის ექსპონატები”, 1958-1959 წლებში გერმანიას 1 მლნ 574 ათასი სამუზეუმო ნივთი დაუბრუნეს. 1963-1967 წლებში ბერლინს კიდევ დაუბრუნეს 250 000 ექსპონატი. ამაზეა ნათქვამი:

“რაც მიწისძვრას გადურჩა, წარღვნამ გაანიავა”.

მაგრამ სტალინის მიერ სიცოცხლეშენარჩუნებული რუსული იმპერია და იმერატორთა სასახლეები ჯერ კიდევ სუნთქავენ.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

1 COMMENT

  1. ოქროს კაცი! დღეგრძელი იყავით ბატონო გრიშა! იმ დიდი წვლილისთვის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გასწიეთ დიდი სტალინის დიიადი სახელის აღდგენისათვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here