მთავარი ისტორია სტალინი ოჯახურ გარემოში

სტალინი ოჯახურ გარემოში

549
გააზიარეთ
სტალინი დედასთან ერთად

იმ შენი მშობლის ჭირიმე,

ვინაც გიმღერა ნანაო,

ვინც თავის კალთით

გაგზარდა ბელადი შენისთანაო.

ხალხური

ხშირად მეკითხებიან: ჰყავდა თუ არა ნამდვილი მეგობარი სტალინს? სტალინის ცხოვრების წესით დაინტერესებული ყველა ადამიანი მიხვდება, რომ სტალინს ახლო წრის (სამეგობროს) გარეშე თითქმის არც ერთი დღე არ უცხოვრია. სამსახურში, შინ თუ აგარაკზე სულ ახლო მეგობრებთან ერთად იყო. ჰგავს თუ არა სტალინის მეგობრობა ჩვენს მეგობრობას ახლობლებთან? _ ვფიქრობ, არა.

სტალინთან მეგობრობა და ურთიერთობა სხვა სტილსა და მეთოდებზეა აგებული. სტალინი ფიქრობს, რომ მისი მეგობარი ქვეყნის მეგობარიც უნდა იყოს; უყვარდეს სამშობლო და იყოს მისი ერთგული. თუ საეჭვო მიზეზი და სისუსტე უპონა მეგობარს სამშობლოს სიყვარულში, ის მისი მეგობარი უკვე აღარ არის. სტალინს მეგობრები, რა თქმა უნდა, ჰყავდა, მაგრამ მათ არ ენდობოდა. ამის დასტურია მწერალ ფელიქს ჩუევის შეკითხვა ვიაჩესლავ მოლოტოვისადმი:

_ იყავით თუ არა სტალინის მეგობარი?

_ დიახ, ვიყავი კარგი მეგობარი.

_ თუ გენდობოდათ ბოლომდე?

მოლოტოვმა გაიღიმა და უპასუხა:

_ სტალინი ბოლომდე ღმერთსად არ ენდობოდა.

ერთხელ მეგობრობის საკითხზე კამათისას სტალინს იუმორით უთქვამს: “Все велекие! Все гениалънйе! А чаю выпитъ не с кем”. სტალინის ეს იუმორისტული მიდგომა მხოლოდ ერთადერთ ადამიანზე არ ვრცელდებოდა და ეს ერთადერთი ადამიანი დედამისი კეკე (ეკატერინე) გელაძე იყო.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, სტალინი ბოლომდე მხოლოდ კეკეს ენდობოდა. კეკეს გაგზავნილ კაკლის მურაბის ქილებს, რომელსაც დედის საიდუმლო ნიშნები ედო, სტალინი დათვალიერების შემდეგ ექიმებთან არც კი გზავნიდა შესამოწმებლად.

კეკეს მიერ გამზადებულ კაკლის მურაბას, რომელიც უახლოესმა მეგობარმა, პეტრე კაპანაძემ, სტალინს მოსკოვში ჩაუტანა, პეტრემ გზაში შეგნებულად მოაკლო ორი ცალი კაკალი, იმის გასაგებად, შეამჩნევდა თუ არა დანაკლისს მისი მეგობარი. ეს მურაბა სტალინმა არ მიირთვა, არც სხვას აჭამა და მეგობარს კითხვაც კი არ დაუსვა, არ აკადრა.

ეკატერინე გელაძე, ლავრენტი ბერია, ნიკოლოზ ყიფშიძე (მკურნალი ექიმი) და სტალინი
ეკატერინე გელაძე, ლავრენტი ბერია, ნიკოლოზ ყიფშიძე (მკურნალი ექიმი) და სტალინი

1937 წელს თბილისში სტალინის დედა ეკატერინე გელაძე გარდაიცვალა. დედის დაკრძალვაზე სტალინმა, მიზეზთა გამო, ჩამოსვლა ვერ მოახერხა. მოსკოვიდან დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ ვიაჩესლავ მოლოტოვი, ანასტას მიქოიანი და მიხეილ კალინინი. რატომ შეარჩია სტალინმა ეს სამი პიროვნება, რომლებმაც უკანასკნელ გზაზე გააცილეს კეკე?

* ვიაჩესლავ მოლოტოვი კეკეს დაკრძალვას დაესწრო, როგორც სტალინის მეგობარი, რომელიც ორჯერ ჩამოიყვანა დედასთან თბილისში _ 1927 და 1935 წლებში, ხოლო მესამედ მის დაკრძალვას დაესწრო.

* ანასტას მიქოიანი, როგორც თბილისელი. იმხანად ორჯონიკიძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, ორჯონიკიძე იქნებოდა მიქოიანის ნაცვლად.

* მიხეილ კალინინი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი (ასე ითვლებოდა იმხანად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე), რომელსაც დასწრებას აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას დასავლეთი.

ვინ ჩაუშვა სტალინის დედის კუბო? _ ლავრენტი ბერიამ, აკაკი ხორავამ, იაკობ ეგნატაშვილმა და პეტრე კაპანაძემ.

ეს ყველაფერი სტალინის გონებაში მოიხარშა.

გთავაზობთ ვიაჩესლავ მოლოტოვის მონათხრობიდან ზოგიერთ ფრაგმენტს:

“ზღვა ხალხი და ყვავილები მიაცილებდა კეკეს უკანასკნელი განსასვენებლისაკენ, _ იგონებს ვიაჩესლავ მოლოტოვი, _ მართლაც ხალხმრავალი, გრანდიოზული გასვენება იყო. მე არ მინახავს, ამდენი ადამიანი დასწრებოდეს მიცვალებულის დასაფლავებას. გორიდან თბილისამდე გაიჭიმა კორტეჟი და იქ, თბილისში, მთაწმინდის პანთეონში, დიდი პატივით დაკრძალეს. კეკე 1937 წელს გარდაიცვალა, 77 წლისა. 1937 წელი მეტად დაძაბული და საშიში იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სტალინი ისე იყო დაკავებული სახელმწიფო საქმეებით, ერთი წუთითაც არ ჰქონდა მოცლა, იმხანად თითქმის არც ეძინა და, თუკი დაიძინებდა, სულ რაღაც ერთი საათით, ალბათ, მეტის უფლებას იგი საკუთარ თავს ვერც მისცემდა. ჰოდა, ვინც კი იცოდა სტალინის მდგომარეობა, არც გაჰკვირვებია, რომ დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მის მაგიერ ჩვენ: მე, მიქოიანი და კალინინი ჩამოვედით და იმავე საღამოს დავბრუნდით მოსკოვში. სტალინი მის ბინაში ვინახულეთ. როგორც შეგვეძლო, ისე ვანუგეშეთ, მივუსამძიმრეთ, გავამხნევეთ. ძალიან შეწუხებული და დამწუხრებული იყო დედის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით განიცდიდა, რომ დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო და გამუდმებით იმეორებდა: “ძალიან ცუდი შვილი ვარ, დედა! ძალიან ცუდი შვილი! ერთი მუჭა მიწა ვერ დავაყარე შენს საფლავს. განა შენს დიდ ამაგს ასე უნდოდა დაფასება?” მახსოვს, როდესაც ვუთხარი, კეკე მთაწმინაზე დაასაფლავესმეთქი, სტალინმა ირონიულად, მწარედ ჩაიცინა და თქვა: “ვინ მოიფიქრა ასეთი რამ? მაინც რა დამსახურებისთვის დაკრძალეს დედაჩემი გამოჩენილი, ბუმბერაზი ადამიანების გვერდით?” მე კი მგონია, ვინც მოიფიქრა, შესანიშნავად მოიფიქრა, ის ხომ სტალინის დედა იყო, დედა, რომელმაც გენიოსი შვილი აჩუქა მსოფლიოს, ხოლო დედის გენები შვილზე ყოველთვის გადადის. იგი საოცრად კეთილი, გონებაგახსნილი, ჭკვიანი ქალი ბრძანდებოდა. ხშირად ჩაჰყავდა შვილს მოსკოვში თავისთან, მაგრამ ვერ ძლებდა უცხო ქალაქში. თურმე ხშირად ეტყოდა შვილს: “ძალიან მეცოდები, ამ ხმაურიან, გადარეულ ქალაქში რომ გიწევს ცხოვრება, როგორ ძლებ აქ? ნეტავი ახლა ერთი ჩემს საქართველოში, ჩემს კუთხე-უბანში დამსვა და მეტი აღარაფერი მინდა”.

სტალინი დედასთან ერთად
სტალინი დედასთან ერთად

თბილისში კეკე სადად, ყოველგვარი კომფორტისა და ფუფუნების გარეშე ცხოვრობდა ერთ ოთახში. 1935 წლის 17 ოქტომბერს სტალინსა და მოლოტოვს მოუნახულებიათ კეკე.

“მივადექით მის ბინას. ფრთხილად, უხმაუროდ შევაღეთ კარი… ზის მოხუცი ქალი, სახეჩამომჭკნარი, შუა ოთახში დაბალ უზურგო სკამზე, ქართული ეროვნული შავი კაბა აცვია, ხმარებისა და სიძველისაგან გახუნებული, შუბლზე შავი ნაჭერი აქვს შემოკრული, ზის და ქსოვს თავისთვის რაღაცას. ამდენი წელი გავიდა და მაინც გარკვევით მახსოვს მისი სახე. როცა დაგვინახა, თითქოს ფრთები შეესხა სიხარულისგან, ფეხზე წამოდგა, მოგვეხვია, დაგვკოცნა. კობა სიყვარულით შესცქეროდა დედას. მან განჯინაში რაღაც-რაღაცები მოძებნა, სუფრა გაგვიშალა, ბავშვებივით დაგვსხა და გვაიძულებდა, გვეჭამა. შესცქეროდა დიდი ხნის უნახავ შვილს, შემდეგ კიტელის ღილი გაუხსნა, საყელოსთან ჩაუყო გაძვალტყავებული ხელი და მზრუნველად ჰკითხა: “თბილად თუ გაცვია, შვილო? არ გამიცივდე!” გული ამიჩუყდა ამის შემხედვარეს და თვალზე ცრემლი მომადგა. 75 წლის დედისთვის 56 წლის შვილი მაინც ის პატარა ბიჭი, პატარა სოსო იყო. სტალინმა ჰკითხა, _ ხომ არაფერი გჭირდება, დედა, მითხარი, არ მოგერიდოსო.

_ არა, შვილო, მე არაფერი მჭირდება, მე ძალიან ცოტა მყოფნის. მაგრამ ისე კი მინდა მივიდე მთავრობაში და ჩემი სათხოვარი ვუთხრა.

_ რატომ მე არ მეუბნები, დედა, რა გჭირდება?

_ არა, შენ არ გეტყვი, მთავრობას ვეტყვი.

ჩავაცივდით, ეთქვა და ბოლოს გაგვიმხილა, რომ თურმე სამსახური უნდა ეთხოვა. ჩვენ გავოცდით. სტალინმა უთხრა, _ შენ რა სამსახური შეგიძლია, ძლივს დაბანცალებო.

_ სამსახური ჩემთვის კი არა, შენთვის მინდა. იქნებ აქ გამოგინახონ რამე, შენს კუთხეში, თორემ რა დაგრჩენია იქ, იმ რუსეთში, იმ დასაკარგავში?

სტალინმა დიდხანს იცინა, მერე მოიწმინდა სიცილისგან მომდგარი ცრემლი და მეუბნება:

_ ხედავ, რა ხდება? რას მიმზადებს თურმე დედაჩემი?

კეკე არ იცინოდა, ორივეს გაოცებული შემოგვცქეროდა და ვერაფრით გაეგო ჩვენი მხიარულების მიზეზი. სტალინი დედის გვერდით შესანიშნავ გუნებაზე იყო. ეხუმრებოდა დედას, იხსენებდა ბავშვობასა და ყრმობის წლებს, საინტერესო ეპიზოდებს. როცა დედის ალერსით და მასთან საუბრით იჯერა გული, მთხოვა, გავიაროთო, მომენატრა თბილისის ქუჩებში გავლაო. გავუყევით ქუჩას, მერე ფუნიკულიორზე ავედით და იქიდან გადმოვხედეთ თბილისს. აქ, ფუნიკულიორზე, შემოგვიერთდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ქალაქის მთავარი არქიტექტორი. გაიმართა საინტერესო საუბარი ქალაქის გამწვანებაზე, ცალკეული ადგილებისა და უბნების რეკონსტრუქციაზე. კარგა ხანს დავყავით ქალაქში, შემდეგ ისევ კეკესთან დავბრუნდით. იგი გვერდით მიუჯდა შვილს, ეფერებოდა, ბოლოს უთხრა:

ეკატერინე (კეკე) გელაძე - ჯუღაშვილი
ეკატერინე (კეკე) გელაძე – ჯუღაშვილი

_ რაღაც მინდა მოვუყვე შენს ამხანაგს და კარგად გააგებინე, იცოდე, რასაც გეტყვი. ისე, ქართული როგორ ვერ ასწავლე მაგას, აუცილებლად უნდა ასწავლო.

_ კარგი, დედა, ვასწავლი, _ კობა მომიბრუნდა და მკითხა, _ ხომ ისწავლი ქართულს? მერე ჩემი ჩარევა აღარ დაგჭირდებათ, დაჯდებით და რამდენიც გენდომებათ, ილაპარაკებთ”.

ეკატერინე გელაძე საკმაოდ ლამაზი ქალი გახლდათ. შავი ჭკვიანი თვალები და ხვეული წითელი ფერის თმა უმშვენებდა სახეს. მისი პირისახე შავი თავსაფრით, დახატულ, ჩარჩოში ჩასმულ სურათს მოგაგონებდათ. ქალბატონ ეკატერინეს მზე პატარა სოსოზე ამოსდიოდა. 1935 წლის 17 ოქტომბერს, როცა სოსელომ დედა ინახულა, იგი ჩიტაძის ქუჩაზე ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობდა. ეს ბინა შემდგომ ცენტრალური კომიტეტის მისაღებად გადაკეთდა. საინტერესოა, რომ ეს ბინა ზუსტად ისე ყოფილა მოწყობილი, როგორც სახლი გორში, სადაც დაიბადა სტალინი. ქალბატონი ეკატერინე პურიტანული მორალის მქონე, სპეტაკი, მკაცრი, მტკიცე და შეუდრეკელი გახლდათ. მეტად მომთხოვნი იყო საკუთარი თავისადმი. ყველა ეს თვისება გადავიდა შვილზე, რომელიც ძალიან ჰგავდა თვისებებით დედას. სტალინი ყოველთვის პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდა დედას, ასევე სათანადო პატივს მიაგებდა მამის ხსოვნას. ქართველი კაცისთვის დედა ხომ საფიცარი ხატი იყო.

სვეტლანა ალილუევა იგონებს: “მამას ამქვეყნად ყველაზე ძალიან დედამისი უყვარდა”.

აი კიდევ ერთი ამონარიდი ვიაჩესლავ მოლოტოვის მოგონებიდან:

“შვილის დანახვაზე, თითქოს ფრთების შეესხაო, ისე წამოფრინდა. მაშინვე გადაავიწყდა სისუსტე და ავადმყოფობა. თვალებს არ უჯერებს, ნუთუ ეს მისი შვილია, მისი ერთადერთი სოსელო? შვილიც ძალზე გახარებულია დედის ნახვით, ეფერება, ეალერსება, სიყვარულით ეკითხება ახლობლებისა და მეგობრების ამბავს. წასვლისას, ბავშვობიდან საყვარელი კაკლის მურაბა გაატანა შვილიშვილებთან, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა”.

ქალბატონი ეკატერინე გელაძე შემდგომ ასე იხსენებდა ამ შეხვედრას: “ჩქარა დადგა განშორების წუთები. მოვიდა სოსო ჩემთან, მაგრად, მაგრად გადამკოცნა. ცრემლი მომადგა თვალზე, მაგრამ ვცდილობდი, თავი შემეკავებინა”.

“რამდენნაირი გული არსებობს ქვეყანაზე, მაგრამ განა რომელიმე შეედრება დედის თბილ, მოსიყვარულე გულს, ყველაფრის მგრძნობელს, ყველაფრის დამტევს, ყველაფრის მიმტევებელს?! სტალინი _ ეს საოცრად ტრაგიკული და ამასთანავე, ბუმბერაზი პიროვნება, გრძნობდა დედის გულის სითბოს და წასვლისას უთხრა: “შენი იმედი არ მომიშალოს ღმერთმა… უკან დარჩა დედის ნამღერი “იავნანა”, ბუხრის პირას მოსმენილი ზღაპრები, შვილზე ფიქრებში გატარებული ზამთრის გრძელი ღამეები, გოლგოთას მთაზე, დედის მიერ სიზიფივით აზიდული თავისი წილი ტანჯვა, ვაება, სიხარული და მწუხარება. მისი ყველაზე ერთგული და უანგაროდ მოსიყვარულე ადამიანი _ დედა, მთაწმინდის მიწაში განისვენებდა”, _ იგონებს მოლოტოვი.

სვეტლანა ალილუევა: “ის, გლეხკაცის შვილი, მთელი ცხოვრება მხოლოდ პოლიტიკით ცხოვრობდა, მაგრამ რაღაც სულის მოთქმა მასაც სჭირდებოდა. დედას მის სულში მუდმივი ადგილი ეკავა და მისთვის ის საყრდენი იყო, რომელიც არასოდეს ეცლებოდა”.

მომაკვდავი კეკეს უკანასკნელი ლოცვა და უკანასკნელი ფიქრი მის ერთადერთ სოსელოსთვის იყო აღვლენილი.

ეკატერინე გელაძეჯუღაშვილი

ეკატერინე გელაძე 1856 წელს დაიბადა გორის გარეუბან ღამბარეულში. მისი მამა გიორგი (გლახო) მეთუნე გახლდათ და ღამბარეულშიც სწორედ თიხამ მიიყვანა, რომელიც ასე ესაჭიროებოდა. დღენიადაგ მუხლჩაუხრელი და სათნოებით სავსე მშობლების ერთადერთი ასული გახლდათ ეკატერინე, რომელიც თავისი საყვარელი უფროსი ძმის (გიორგის) “ფეხს მოჰყვა” და მისივე მზრუნველობით იზრდებოდა. ფეხბედნიერი გამოდგა ეკატერინეც და გელაძეების ოჯახს მის შემდგეგ კიდევ ერთი ვაჟი (ნათლობის სახელი _ ანდრია, შინაურული სახელი _ სანდალა) შეეძინა. იშვიათად მოიძებნება, ალბათ, ოჯახი, რომელშიც შვილები ისეთი სიყვარულით იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, როგორც გელაძეების ოჯახში იყო. ოჯახის უფროსი სამეურნეო და სავაჭრო საქმეებით იყო დაკავებული, ამიტომ ოჯახის მოვლა-პატრონობა და შვილების აღზრდა დიასახლისისთვის იყო მინდობილი. დიდად მშრომელი და გონებაგახსნილი გახლდათ გიორგი გელაძის მშვენიერი მეუღლე მელანო და შვილებსაც მამაპაპურ ტრადიციებზე ზრდიდა. მან კარგად იცოდა, რომ ვაჟებზე მეტი ყურადღება და სამომავლოდ წვრთნა მის “გიშრისთვალებიან” და ეშხიან ასულს სჭირდებოდა და შედეგიც მიიღო. როდესაც ეკატერინე ცხრა წლის მოყრილა, მამას მისი ქალაქში წაყვანა განუზრახავს სამუშაოს დასაწყებად და გადაწყვეტილება განუხორციელებია კიდეც, მაგრამ პატარა გოგონა, რომელიც გორს უჩარდახო ურმით მიემგზავრებოდა, გადმოვარდნილა ურმიდან და ისევ უკან დაუბრუნებიათ.

მალე გელაძეები ღამბარეულიდან გორს გადასახლდნენ. ამ პერიოდში გიორგი გელაძე ცოცხალი აღარ იყო. ეს პატიოსანი და მშრომელი კაცი “…მოჰკლა ბატონის ელდამა, ციებამ, ღამბარეულმა” (. ლეონიძე). ეკატერინეს პირველი დიდი მწუხარება მამის ნაადრევმა სიკვდილმა განაცდევინა. კიდევ კარგი, რომ მისი უფროსი ძმა მაშინ უკვე მოზრდილი იყო და მამის საქმესაც ხელმარჯვედ განაგრძობდა, ეკატერინეს ძალიან მოეწონა გორი, მალე გაშინაურდა კიდეც, ხოლო მე-18 გაზაფხულზე იქვე გვირგვინიც დაიდგა თავზე. ჯვრისწერა გორის მიძინების ტაძარში ჩატარდა.

ასე დაიწყო ახალი ხანა მის ცხოვრებაში. გელაძის ახალგაზრდა ქალი მოხიბლული იყო არა მხოლოდ თავისი მეუღლის გარეგნობითა და ცხოვრების ზომიერი ნირით, არამედ მისი ახლო მეგობრების კეთილშობილებითა და ჭეშმარიტად ქართული ზნეობით. ამ გარემოში ის ბედნიერად გრძნობდა თავს, აბა, რას იფიქრებდა, თუ სულ მალე თავს დაატყდებოდა ისეთი უბედურება, როგორიცაა პირმშოსა და მომდევნო შვილის სიკვდილი. უზომო იყო მისი მწუხარება, მაგრამ დიდმა ნებისყოფამ თავისი გაიტანა და გაუძლო ამ ტრაგედიას. რა არ გააკეთა მან იმისათვის, რომ ღირსეულად აღეზარდა შვილი და მიეცა მისთვის სასულიერო განათლება. მერე რა ძნელი საქმე იყო ეს იმ დროს, როდესაც სასულიერო სასწავლებლები მხოლოდ სასულიერო წოდებისა და წარჩინებული გვარიშვილების შთამომავლებს უღებდა კარს. გელაძის ქალი არ შეუშინდა ამ დაბრკოლებას და მიზანსაც მიაღწია. დიდი ნაღველით გულდამძიმებულ დედას ცხოვრებას უხალისებდა სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი, ენერგიული და ბულბულივით მოგალობე შვილი, გორის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებული მოსწავლე… ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ “ახალი თაობის” იდეები თბილისის სემინარიის პირველ მოწაფეს თავის ტყვედ აქცევდა. შეწუხდა დედა, რომელიც შვილის მაღალ სასულიერო კარიერაზე ოცნებობდა. მიხვდა, რომ ამიერიდან მისი შვილი სამღვდელმთავრო მიტრას ვეღარ დაიდგამდა თავზე და დედის გულს ამით ვეღარ გაახარებდა. მას არ სჯეროდა, რომ მისი შვილი და მისი თანამდგომნი შეიძლებდნენ იმას, რასაც ესწრაფვოდნენ, და არ გაჰკვირვებია, რომ ამ გზამ საპყრობილის კართან დააყენა. “ნიკოლოზთან შეჭიდებულს”, ალბათ, მეტიც შეიძლება დაემართოსო, ფიქრობდა. არც მისი გაციმბირება გაჰკვირვებია და არც სხვა.

ძალიან გაიხარა შვილის ქორწინებით 1905 წელს და რძალსაც იმედით შესცქეროდა, მაგრამ აღარ შეარჩინა განგებამ, თუმცა მას უმადლოდა კუბოს კარამდე, მხოლოდ მისმა ნაშობმა (იაკობმა) აგრძნობინა შვილიშვილის ჭეშმარიტი სიყვარული

ბედნიერად თვლიდა თავს, რომ მოესწრო შვილის აღზევებას და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ცხოვრების ახლებურ მდინარებას, რომელმაც ხანდაზმულობის ჟამს გორიდან გამოიტაცა და თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში დაუდო ბინა.

იქვე გარდაიცვალა 1937 წელს.

დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

2 COMMENTS

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here