მთავარი ისტორია სტალინი მეორე მსოფლიო ომში

სტალინი მეორე მსოფლიო ომში

დიდი სამამულო ომის საარქივო მასალები _ 1200 ახალი დოკუმენტი პირველად იხილავს მზის სინათლეს “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე

162
გააზიარეთ

გონებაშეზღუდულმა ადამიანებმა, მას შემდეგ, რაც ერთპოლუსიან მსოფლიოს სათავეში მოექცნენ, გადაწყვიტეს, ახალი წესრიგი დაემყარებინათ პლანეტაზე და ხელახლა დაეწერათ უახლესი ისტორია, რომლის ძირითადი მოვლენების მოწმე და მონაწილე 100 მლნმდე ადამიანი ზეციურ სასუფეველში იყო წაბრძანებული, ხოლო 1 მლრმდე კაცი, მოვლენების მომსწრე და მონაწილე, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

იოზეფ გებელსის მემკვიდრე თანამედროვე ნაბიჭვრები არათუ იმეორებდნენ ფაშისტური გერმანიის ამ მთავარი იდეოლოგის გამონათქვამებსა და გამაოგნებელ ფანტაზიებს, უფრო გულმოდგინედ ამუშავებდნენ და მეტ დამაჯერებლობას ჰმატებდნენ ფაქტებს ადამიანთა ტვინების მასობრივად გამოსარეცხად მომართული იდეოლოგიური მანქანების საშუალებით. აშშის სრულწლოვანი მოსახლეობის 80%-მა არ იცის, რომ ამერიკასთან ერთად საბჭოთა კავშირიც მონაწილეობდა ფაშისტური გერმანიის განადგურებაში; რომ სწორედ საბჭოეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი ჰიტლერელთა დამარცხებასა და ყავისფერი ჭირისგან მსოფლიოს გათავისუფლებაში. ასეთივე შეფარდებაა დიდებას გამოდევნებული დიდი ბრიტანეთის კოჭლ იმპერიაში.

სრულიად სამართლიანად მოიქცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როდესაც 2020 წელს კრემლის სამუშაო კაბინეტში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) ხელმძღვანელების საყურადღებოდ და თანდასწრებით, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით სასწავლო სემინარი ჩაატარა დიდი სამამულო ომის მიმდინარეობასა და საბოლოო შედეგებზე. რუსეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა დოკუმენტური მასალა, რომლის მიხედვითაც, ფაშიზმის განადგურებაში მოკავშირეთა წილი ცოცხალი და მატერიალური რესურსების სახით 7%- არ აღემატებოდა, ამიტომ სასაცილოა იმის მტკიცება (ამის პროპაგანდას დასავლელი ვაიისტორიკოსები და ვაიმკვლევარები ეწევიან), რომ ფაშიზმის განადგურების საქმეში საბჭოთა კავშირის გარდა სხვა რომელიმე სახელმწიფოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კატეგორიული მითითება მიეცათ ისტორიკოსებს, კვლევით დაწესებულებებსა და არქივებს ურთიერთკავშირები შეექმნათ, საარქივო მასალებზე დაფუძნებული, დიდი სამამულო ომის ისტორია, რომელსაც ალტერნატივა არ ექნებოდა. ისტორიკოსთა და მკვლევართა ჯგუფმა დიდი გულმოდგინებითა და ინტერესით იმუშავა და დღის სინათლეზე გამოიტანა დიდი სამამულო ომის პერიოდში მოქმედი არმიის ტვინის _ გენერალური შტაბის _ 1 200-მდე უცნობი დოკუმენტი, რომელთა დიდი უმრავლესობის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა.

მკვლევართა ჯგუფმა ისტორიკოს ანდრია სოროკინის ხელმძღვანელობით 2020 წელსვე გამოსცა 5 ტომი საერთო სათაურით _ “„В Штабах Победы. 1941-1945. Документы“.

1941 წ. 1 ტომი _ „Вставай, Страна Огромная“.

1942 წ. 2 ტომი _ „Ни Шагу Назад!“

1943 წ. 3 ტომი _ „ Ломая Упорное Сопротивление Врага …“

1944 წ. 4 ტომი _ „Освободить Народы Европы“

1945 წ. 5 ტომი _ „ Добить Фашисткого Зверя“.

ყველა ტომი ერთნაირი ფორმატისაა (35ხ25) და თითოეული მათგანი მოიცავს 575 გვერდს. ხუთივე წიგნის საერთო წონა 16 კილოგრამი და 300 გრამია. შესრულებულია უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე. ტირაჟი კი შეადგენს 1000 ეგზემპლარს. სპეციალურად დამუშავებულ ფურცლებზე დევს საარქივო დოკუმენტი, რომელიც ფოტოგრაფირებულია და, როგორც დედანი, სრული სახით არის წარმოდგენილი.

დოკუმენტების ხუთტომეული

გამოცემის სრული კომპლექტი, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს, მივიღე მოსკოვიდან საჩუქრად და მის დამუშავებასა და ფოტოპირების გადაღებას ვაწარმოებ პერიოდულად, რათა მკითხველს მივაწოდო ეს საინტერესო მასალა გაზეთსაქართველო და მსოფლიოსფურცლებიდან.

ტომეულები თხრობით მასალას არ შეიცავს და იგი მხოლოდ და მხოლოდ საარქივო დოკუმენტური მასალაა, რომელიც ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი, ამიტომ შეძლებისდაგვარად შევეცდები ზოგიერთი დოკუმენტური მასალის სხვა ისტორიული მასალით შევსებას, რათა მკითხველისათვის უფრო გასაგები გახდეს.

წლების მიხედვით დალაგებული საარქივო მასალები ომის ყოველდღიურ მოვლენას მოიცავს. რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტი ერთნაირად საინტერესო ვერ იქნება, მაგრამ დიდი სამამულო ომის ერთი დღის ქრონიკა, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მკითხველისათვის ნამდვილად საინტერესოა.

წინ ძალიან საინტერესო მასალების გაცნობა გველის. ყველა ტომი ცალ-ცალკეა შეფუთული და არ გამიხსნია წიგნის მოცულობიდან გამომდინარე. ამჟამად ვმუშაობ I და II ტომებზე.

I ტომის პირველი თემა იწყება 22 ივნისით. იმის გასაბათილებლად, რომ ომის გამოცხადებისთანავე სტალინი ფრუსტრაციაში არ ჩავარდნილა და 10 დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადებულა, რაზეც ლაპარაკობდნენ ხრუშჩოვი და მიქოიანი, საარქივო ჩანაწერებიდან წარმოგიდგენთ დოკუმენტს, ომის დაწყებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში რამდენჯერ შევიდნენ სტალინის სამუშაო კაბინეტში კერძო ვიზიტითა თუ საერთო შეკრებაზე თვითონ ხრუშჩოვი და მიქოიანი (ფოტო #5). მკითხველი იმასაც ნახავს, რამდენი საკვანძო დოკუმენტი შეიმუშავა სტალინმა მხოლოდ ერთ დღეში _ 1941 წლის 22 ივნისს.

პირველი ტომის ყდა

ომის დაწყებას არ შეუცვლია სტალინის მუშაობის რიტმი და განრიგი. ის ძველებურად განაგრძობდა საქმიანობას _ ხვდებოდა არა მხოლოდ სამხედროებს, კონსტრუქტორებს, სახალხო კომისრებსა თუ ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს, არამედ ეცნობოდა მხატვრულ ლიტერატურას, იხილავდა კინოსცენარებს, აკონტროლებდა პრესასა და იდეოლოგიურ მუშაობას.

1941 წლის 22 ივნისს, ბერლინის დროით დილის 8 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფონ რიბენტროპმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გერმანიამ ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს (ფოტო 4). საინტერესოა, როგორ შეხვდა სტალინი ომის პირველ ღამეს და რა ხდებოდა ომის პირველ დღეს _ 1941 წლის 22 ივნისს.

ომის დაწყების ღამე

1941 წლის 21 ივნისის საღამოს კუნცევოს აგარაკზე გამოიძახეს სტალინის პირადი ექიმი, პროფესორი ბორის პრეობრაჟენსკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა საბჭოთა კავშირის პირველ პირს. პროფესორმა გასინჯვისთანავე განაცხადა, რომ პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში, _ უმძიმესი ჩირქოვანი ანგინაა ჩამოყალიბებული და ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებაო. სტალინმა საავადმყოფოში გადაყვანაზე სასტიკი უარი განაცხადა. პროფესორმა პირველადი დახმარება გაუწია სტალინს და შეწუხებული იყო იმის გამო, რომ პაციენტი არ დაემორჩილა. სტალინმა კი პროფესორს თხოვნით მიმართა, _ ხვალ დასვენების დღის მიუხედავად, ქალაქიდან არ გახვიდეთო, თანაც მკაცრად გააფრთხილა, დიაგნოზის შესახებ არავის არაფერი სცოდნოდა.

ცოტა ხნის შემდეგ სტალინი მარშალ სიმონ ტიმოშენკოს ელაპარაკა. შემდეგ სასწრაფოდ იხმო მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ალექსანდრე შერბაკოვი და აღმასკომის თავმჯდომარე ვასილ პრონინი.

სტალინმა სტუმრებს კატეგორიულად განუცხადა: “გააფრთხილეთ მოსკოვის ყველა რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე, რომ ხვალ, კვირას, ქალაქიდან არ გავიდეს არც ერთი მათგანი. მოსალოდნელია გერმანელების თავდასხმა”.

ფოტო #4. რიბენტროპის პრესკონფერენცია

* 22 ივნისს, 3 საათსა და 40 წუთზე, თავდაცვის მინისტრმა, მარშალმა ტიმოშენკომ უბრძანა გენშტაბის უფროს გიორგი ჟუკოვს, ეცნობებია სტალინისთვის, რომ გერმანელები ბომბავენ ჩვენს ქალაქებს და რომ ომი დაიწყო.

* ტელეფონის აპარატთან მისულმა სტალინმა, ჟუკოვის მოხსენების მოსმენის შემდეგ, მას უბრძანა, ტიმოშენკოსთან ერთად გამოცხადებულიყო კრემლში და დასძინა: “უთხარით პოსკრებიშევს, სასწრაფოდ გამოიძახოს პოლიტბიუროს ყველა წევრი”.

* პროფესორის გაფრთილების მიუხედავად, ავადმყოფმა სტალინმა მანქანა გამოიძახა და კრემლისაკენ გაეშურა. ერთი საათის შემდეგ, 4 საათსა და 40 წუთზე, უკვე პოლიტბიუროს სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც სტალინი უძღვებოდა.

 _ სასწრაფოდ დაუკავშირდით გერმანიის ელჩს, _ მიმართა სტალინმა მოლოტოვს.

მოლოტოვმა უპასუხა, რომ გერმანიის ელჩი, გრაფი ფონ შულენბურგი თვითონ ითხოვს საგარეო უწყებაში მოსვლას. მოლოტოვს დაევალა, სასწრაფოდ მიეღო და დალაპარაკებოდა ელჩს.

ჟუკოვმა სთხოვა სტალინს, სასწრაფოდ მიეცა მათთვის დირექტივა, სამხედრო ძალების ასამოქმედებლად.

_ დაველოდოთ მოლოტოვს, _ მშვიდად უპასუხა სტალინმა.

ცოტა ხანში მოლოტოვმა შეაღო პოლიტბიუროს კარი და თქვა:

_ გერმანიამ ომი გამოგვიცხადა!

ფოტო # 5. 1941 წლის 22 ივნისს სტალინის კაბინეტში შესული პირების სია

სხდომაზე სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილი დიდხანს გაგრძელდა. ჟუკოვმა გარისკა და სტალინს კვლავ მოსთხოვა დირექტივა, რათა დროულად დაეწყო მოქმედება მოწინააღმდეგის შესაჩერებლად.

_ კი არ შევაჩეროთ, გავანადგუროთ, _ შეუსწორა ტიმოშენკომ.

_ მომეცით დირექტივის პროექტი, ოღონდ ერთი პირობით: ჯარებმა, ავიაციის ჩათვლით, არსად დაარღვიონ გერმანიის საზღვარი, _ განაცხადა სტალინმა.

ამ შემთხვევაში სტალინი ხავსს ეჭიდებოდა, როგორმე თავიდან აეცილებინა უდიდესი კატასტროფა, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

* 22 ივნისს, 9 საათსა და 30 წუთზე, სტალინმა თავდაცვის მინისტრ ტიმოშენკოსა და გენშტაბის უფროს ჟუკოვთან ერთად ჩაასწორა ბრძანების ტექსტი და ხელი მოაწერა ბრძანებას საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ (ფოტო 6).

სამხედრო საბჭოს ლვო, პრიბოვო, ზაპოვო, კოვო, ოდვო

ასლი _ საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატს

# 2. 22. 6. 41. .

1941 წლის 22 ივნისს, 04 საათზე, გერმანიის ავიაციამ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დაარღვია ჩვენი ქვეყნის დასავლეთის საზღვარი და დაბომბა ქალაქები და აეროდრომები.

ამასთანავე, სხვადასხვა ადგილზე გერმანულმა არმიამ გახსნა საარტილერიო ცეცხლი და გადმოლახა ქვეყნის საზღვარი.

საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავხედური თავდასხმის გამო ვბრძანებ:

1. ჯარი, ყოველგვარი მეთოდითა და საშუალებით, დაესხას თავს მტრის ძალებს და გაანადგუროს იმ ადგილებში, სადაც მათ დაარღვიეს საბჭოთა საზღვარი. სახმელეთო ჯარებმა, ოფიციალური ბრძანების გარეშე არ გადაკვეთონ ქვეყნის საზღვარი;

2. სადაზვერვო ავიაციას დაევალოს მტრის ავიაციისა და სახმელეთო ჯარების დაჯგუფების ადგილების დადგენა;

3. ბომბდამშენი და გამანადგურებელი ავიაციის ძალებმა მძლავრი დარტყმებით გაანადგუროს მტრის სახმელეთო ჯარების ძირითადი დაჯგუფებები და მტრის ავიაცია აეროდრომებზე. გერმანიის ტერიტორიაზე საავიაციო დარტყმები განხორციელდეს არაუმეტეს 100-150 კმ-ის ფარგლებში.

დაიბომბოს ქალქები: კენიგსბერგი და მემელი. ოფიციალური ბრძანების გარეშე არ განხორციელდეს საავიაციო თავდასხმები ფინეთსა და რუმინეთზე.

ფოთო #6
ფოტო # 7.

ტიმოშენკო, მალენკოვი, ჟუკოვი”.

იქვე გადაწყდა, რომ 12 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი მიმართავდა ხალხს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შესახებ (ფოტო 7). სტალინმა რატომღაც უხეშად გადაშალა მოლოტოვის სიტყვის წინ წამძღვარებული ცნობილი ლოზუნგი “პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” და დოკუმენტის ბოლოში მიწერილი ტიპოგრაფიის სახელწოდება “იმენი სტალინა”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here