Home რუბრიკები ისტორია სტალინი მეორე მსოფლიო ომში

სტალინი მეორე მსოფლიო ომში

365

დიდი სამამულო ომის საარქივო მასალები _ 1200 ახალი დოკუმენტი პირველად იხილავს მზის სინათლესსაქართველო და მსოფლიოსფურცლებზე

სსრკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების შედგენას ქვეყნის საომარ ვითარებაზე გადაყვანის შესახებ დასჭირდა მრავალსაათიანი დაძაბული მუშაობა, რომელშიც ჩაბმული იყო სახელმწიფოში მოქმედი ყველა სახალხო კომისარიატი და სპეცსტრუქტურა. მთავარი დირიჟორი, რომელიც ამ ძირითად საპროგრამო დოკუმენტს ადგენდა, იყო სტალინი, მაგრამ იცოდა კი ვინმემ იქ მყოფთაგან, ქვეყნის საომარ ყაიდაზე ურთულესი გარდაქმნის პროცესში რა მდგომარეობაში იყო იგი ჯანმრთელობის მხრივ? სტალინს მწვავე ანგინა ჰქონდა 40 გრადუსი ტემპერატურით. და ეს სწორედ იმ 22 ივნისს, როდესაც ფაშისტებმა საბჭოთა კავშირის დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებს უამრავი ბომბი დააყარეს; სტალინი კი, ყოველგვარ სახელმწიფო ბერკეტს მოკლებული, პარტიის ხელმძღვანელის რანგში ქვეყნის თავდაცვას, შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვიც კი, რომელიც სტალინის უახლოეს ადამიანად ითვლებოდა, ვერ მიხვდა, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა სტალინი ჯანმრთელობის მხრივ და, როცა უთხრეს, რომ ხალხისთვის უნდა მიემართა, იკითხა: “რატომ მე და არა სტალინი?” სტალინის ბრძანება შესრულდა. საბჭოთა ხალხს მოლოტოვმა მიმართა, ხოლო წითელმა არმიამ და გამწვევმა პუნქტებმა მიიღეს სტალინის რკინის ხელით შედგენილი ბრძანება ქვეყნის სამხედრო ყაიდაზე გადასვლის შესახებ.

22-მა ივნისმა, ომის პირველმა დღემ, კრემლში ყოველგვარი პანიკის, ხმაურისა და კამათის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი მოძრაობდა ჩვეულებრივზე მეტად _ აზუსტებდა წუთებსა და წამებს, ვინ და როდის უნდა შესულიყო და გამოსულიყო სტალინთან. საღამოს ერთ-ერთ ვიზიტორად გამოცხადებული პროფესორი პრეობრაჟენსკი გაოცებული გამოვიდა სტალინის კაბინეტიდან და უმალვე თავის დღიურში ჩაწერა: “22 ივნისი, საღამოს 11 საათი, სტალინი აბსოლუტურად ჯანმრთელია”. ასე გადაიტანა რკინის კაცმა უმძიმესი ანთება 16 საათში და სრულიად ჯანმრთელი ჩაუდგა სათავეში ქვეყნის თავდაცვას.

ომის პირველ დღეზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს არქივებში შემონახული გერმანელი მებრძოლების მიერ ბრძოლის ველიდან ახლობლებისთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც გამოაქვეყნეს გერმანულმა საინფორმაციო საშუალებებმა. გერმანიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა, გაზეთების რედაქციებში გაეგზავნათ 22 ივნისს მიღებული საოჯახო წერილები, რისთვისაც ისინი გასამრჯელოს მიიღებდნენ. რედაქციებმა მოსახლეობისგან უამრავი წერილი მიიღეს, რომელთა ნაწილიც გაზეთებში გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდებს ზოგიერთი წერილიდან:

* “ჩემს თვალებს არასოდეს უნახავს, რასაც მე აქ ბრძოლის პირველ დღეს ვუყურებ. ეს საფრანგეთი არ არის, ჩვენ სულ სხვა ძალას ვებრძვით”, _ წერდა ქმარი მეუღლეს ბერლინში.

* “ჩვენ ვუპირისპირდებით ადამიანებს, რომელებიც იბრძვიან არა სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისათვის. ვნახე, როგორ წაართვა რუსმა მებრძოლმა გერმანელ ოფიცერს იარაღი და როგორ მოკლა ის მისივე იარაღით. ეს იყო პირველი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მკვდარი ვნახე რუსულ მიწაზე, ბაჯაღლო ოქროს ბეჭდით ხელდამშვენებული”, _ უდეპეშა უნტეროფიცერმა ადოლფ ჰიტლერს. ფიურერმა კი იმავე დღეს მოაწყო მასშტაბური შეხვედრა და განაცხადა: “მივიღე ცნობა პირველი გერმანელი ჯარისკაცის დაღუპვის თაობაზე, გაფრთხილებთ! ჩვენ ვუპირისპირდებით არმიას, რომელშიც იბრძვიან მხეცები და ცხოველები”.

* “წარმოუდგენელია ბრძოლაში ასეთი თავგანწირვა. სატანკო ბატალიონს მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდა ოთხი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც სრულიად დაუცველ ტერიტორიაზე, პურის ყანებში იყვნენ ჩამალულნი”, _ ატყობინებდა შვილი მამას გერმანიაში.

* “საბჭოთა ტანკისტმა, როდესაც მისი ტანკი ალყაში მოვაქციეთ და ტყვია-წამალიც გაუთავდა, ლუკიდან თავი ამოყო, ამოვიდა და რევოლვერიდან აგვიტეხა სროლა. ეს წარმოუდგენელი თავგანწირვაა”, _ წერდა გერმანელი ოფიცერი თავის მეგობარს ბერლინში.

პირველი ტომის ყდა

ომის პირველ დღეს ბრესტის ციხესიმაგრეს გერმანელთა რჩეული ქვეითების 45- დივიზია მიადგა. ალყაში მოქცეული საბჭოელი ჯარისკაცები მძიმე შეიარაღების გარეშე, შაშხანებით იცავდნენ ციხესიმაგრეს. ბოლოს ოთხი ჯარისკაცი და ერთი პოლიტხელი დარჩა ციტადელში, გარშემო კი 483 გერმანელი ოფიცრისა და ჯარისკაცის გვამები ეყარა. ბრესტის ციხესიმაგრის ტრაგედიით შეძრწუნებულმა ფელდმარშალმა ფონ ბოკმა განკარგულება გასცა, გაეყვანათ მებრძოლები ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბლოკადა გაეძლიერებინათ. 22 ივნისს ბრესტთან გამართულ ომს შეეწირა 483 გერმანელი ოფიცერი და ჯარისკაცი. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება პოლონეთის, ხოლო ექვსჯერ საფრანგეთის სამხედრო კამპანიაში დაკარგული გერმანელი ოფიცრებისა და ჯარისკაცების რაოდენობას.

* “ხელჩართულ ბრძოლაში უიარაღო და ტანსაცმელდაფლეთილი ჯარისკაცი ჩვენკენ გამოიქცა, გვეგონა, ტყვედ გვბარდებოდა, ახლოს რომ მოვიდა, სწრაფად შემოიხსნა მესანგრის ნიჩაბი და ძლიერად გვესროლა შეძახილით: “ზა სტალინა, ზა როდინუ!”. ეს არ იყო ვინმეს შიშითა და აგიტაციით ჩადენილი ქმედება, მას სხვა საფუძველი ჰქონდა”, _ ჩაწერა თავის დღიურში გერმანელმა ოფიცერმა.

ომის პირველი პერიოდის წარუმატებლობა, რომელიც აღინიშნა საზღვრისპირა რაიონებში, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა მსოფლიო ომების ისტრორიაში, რადგან თავდამსხმელს თავდაცვასთან შედარებით უპირატესობა აქვს მოულოდნელობის ფაქტორის გათვალისწინებით. სტალინს ვრცელი ტერიტორიის კოზირი ჰქონდა და ხანგრძლივი ომისთვის ემზადებოდა საფუძვლიანად, პანიკის გარეშე, ომის პირობების ყველა წესის გათვალისწინებით. სტალინი სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის სხდომებზე განიხილავდა არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებათა რთული სისტემების, არამედ ქალაქისა და სოფლის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც ფრონტისთვის ზურგის გამაგრების ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტალინმა გადაწყვიტა ქალაქის (მოსკოვის) ოპერატიული მართვის თვალსაზრისით შეემცირებინა მისი მოსახლეობა და განეტვირთა სამინისტროებისა და უწყებებისგან, რისთვისაც მან მკაცრი და საიდუმლო ბრძანებულება გამოსცა.

დოკუმენტების ხუთტომეული

სრულიად საიდუმლოდ

სახალხო კომისარიატებისა და მთავარი სამმართველოების მოსკოვიდან გადატანის შესახებ

სსრკის სახალხო კომისართა საბჭოსა და საკავშირო კპის () ცკის

ბრძანებულება

“ … “ 1941 წელი. მოსკოვი, კრემლი

ქ. მოსკოვის განტვირთვის მიზნით სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭო და კპ-ის (ბ) ცენტრალური კომიტეტი ადგენს:

1. მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის ქალაქებში გადატანილ იქნას სახალხო კომისარიატები და ყველა უწყება, 1-ელი დანართის და, ნაწილობრივ, მე-2 დანართის მიხედვით.

2. სახალხო კომისარიატისა და, საზოგადოდ, ყველა ევაკუირებულთათვის დადგინდეს შემდეგი წესი:

ა) პირველ რიგში, მოხდეს სახალხო კომისარიატების აპარატების ნაწილის გადასვლა 2-3 მოადგილითურთ და დარჩენილმა ნაწილებმა განახორციელონ თავიანთი ფუნქციები და მობილიზაციის გეგმა;

ბ) მას შემდეგ, რაც ევაკუირებული ნაწილები შეუდგებიან ნორმალურ ფუნქციობას, მოხდეს სახალხო კომისარიატისა და სახალხო კომისრების გადაყვანა;

გ) სახალხო კომისარიატების გადასვლის შემდეგ, მოსკოვში რჩება სახალხო კომისართა თითო-თითო მოადგილე აპარატის მცირე შემადგენლობით, სახელმწიფო უწყებებთან კავშირის უზრუნველსაყოფად და სახალხო კომისრების დავალებების შესასრულებლად.

3. სახალხო კომისრებისა და უწყებების ხელმძღვანელებმა, კავშირგაბმულობის სახალხო კომისართან და სამდინარო ფლოტის სახალხო კომისართან შეთანხმებით წარმოადგინონ მოსკოვიდან სახალხო კომისარიატებისა და უწყებების ევაკუაციის ვადები.

4. სახალხო კომისრებმა შეამცირონ სახალხო კომისარიატების (უწყებების) პერსონალი.

5. საკავშირო კპ-ის (ბ) სამხარეო (საოლქო) კომიტეტებს დაევალოთ, შეძლებისდაგვარად შეამცირონ რაიონული, საქალაქო და საოლქო დაწესებულებების რაოდენობა და შესაბამისად _ პერსონალი; ზოგიერთი დაწესებულება გადატანილ იქნას რეგიონის სხვა ქალაქებში, ასევე რაიონულ ცენტრებში და განთავსებული სახალხო კომისარიატებისთვის გამოთავისუფლებულ ფართობებში. ამ მიზნით გამოთავისუფლდეს უმაღლესი დაწესებულებების შენობები და ნაწილი სასკოლო შენობებისა. უმაღლეს დაწესებულებათა შენობების გამოთავისუფლება შეთანხმდეს სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოსთან.

სსრკის სახალხო კომისართა საბჭოს

თავმჯდომარე და მდივანი

. სტალინი

სრულიად საიდუმლოდ

ეგზ. N1 “ (ფოტო #1)

მოსკოვის კრემლის კომენდანტის

ბრძანება #79

მოსკოვი, კრემლი. 22 ივნისი, 1941 . 8 სთ. 30 წთ.

შინაარსი: მოსკოვის კრემლის გაძლიერებული დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ

ვბრძანებ, დღეიდან, 19 სთ და 00 წთ-დან, ჩემ მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოხდეს მოსკოვის კრემლის გაძლიერებული დაცვა და უსაფრთხოება.

განყოფილების უფროსს, ჩემს თანაშემწესა და დანაყოფის მეთაურებს სასწრაფოდ გადაეცეთ დაცვის სამსახურის გაძლიერების ბრძანება და გაძლიერებული პოსტების დეტალური ანგარიში. მოხდეს დამატებითი პოსტების განლაგება. რუსეთის კომუნისტური პარტიის შენობების პოსტებისა და საგუშაგოების უფროსებს გადაეცეთ ამონაწერი ბრძანებულებიდან პოსტებისა და საგუშაგოების შესახებ. დაწესდეს კონტროლი გეგმით გათვალისწინებული ყველა პოსტის გაძლიერებულ დაცვასა და ბრძანების შესრულებაზე. მომახსენეთ პირადად.

ჩემს მორიგე თანაშემწეს: გამოიძახეთ სამეთაურო სამმართველოს ხელმძღვანელობა. მიეცით მითითება დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.

გაძლიერებული დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ბრძანების გაცნობისთანავე მოხდეს ნაწილებიდან გამოგზავნილი პერსონალის შემოწმება; შემოწმების შემდეგ დაიწყოს მათი გადანაწილება პოსტებსა და საგუშაგოებზე. ჩემ მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით მოხდეს არსებული და დამატებითი პოსტების გაძლიერება.

სპეცდანიშნულების პოლკის ხელმძღვანელობას: გაძლიერებული დაცვის ბრძანების მიღებისთანავე გამოყოფილ იქნას პერსონალის სრული შემადგენლობა მოსკოვის კრემლის საკომენდატო სამმართველოს გაძლიერების უზრუნველსაყოფად. გამოძახებული იქნას პოლკის ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა.

სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის ცალკეული ბატალიონის ხელმძღვანელს _ გაძლიერებული დაცვის ბრძანებულების გაცნობისთანავე საცხოვრებელი ბინებიდან გამოძახებული იქნას ქვედანაყოფთა სრული შემადგენლობა, დანიშნულნი დაცვის გაძლიერების გეგმის შესაბამისად და შემოწმების შემდეგ გადანაწილდნენ მოსკოვის კრემლის საკომენდატო სამმართველოს მიერ დადგენილ პოსტებზე დადგენილი სიით. გამოძახებული ქვედანაყოფის დარჩენილი ნაწილი განთავსდეს ბატალიონის შენობაში და დაეკისროს მორიგეობა.

პოსტებისა და საგუშაგოების უფროსებს: ჩემ მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით გამკაცრდეს კონტროლი არსებულ და ახალ პოსტებზე.

სამხედრო საწარმო კომპლექსის ხელმძღვანელს: განლაგდეს დამატებითი პოსტები და გაძლიერდეს კონტროლი აქამდე არსებულ და ჩემ მიერ დადგენილ სახანძრო დისლოკაცის პოსტებზე. სატრანსპორტო ათეულის მეთაურს: გამოიყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებები ღამის ცვლაში მომუშავეთა ტრანსპორტირებისათვის. დანაყოფის 27 მანქანა მძღოლებითურთ ავტოპარკში იყოს მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში.

მართვის განყოფილებათა ხელმძღვანელებს: ჩატარდეს პერსონალთან ორგანიზებული მუშაობა მოსკოვის კრემლის გაძლიერებულად დასაცავად.

განსაკუთრებული ჯგუფის ხელმძღვანელს: შეიქმნას დამატებით პოსტები ჩემ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ყველა პოსტის შესახებ მოახსენეთ ჩემს პირველ მოადგილეს.

ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

მოსკოვის კრემლის კომენდანტი,

გენერალ-მაიორი

. სპირიდონოვი” (ფოტო #2)

“22/VI 9.10

სრულიად საიდუმლოდ

საკავშირო და ავტონომიური რესპუბლიკების

სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრებს,

სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამხარეო და რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობებს

გერმანიის მხრიდან დაწყებული საბრძოლო ქმედებებიდან გამომდინარე, ვბრძანებ, უმოკლეს ვადებში გატარდეს შემდეგი:

1) მოყვანილ იქნას მზადყოფნაში სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატისა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის სამმართველოების სადაზვერვო-ოპერატიული თანამშრომლების სრული შემადგენლობა;

2) გატარდეს ოპერატიული მოკვლევა კონტრრევოლუციურად და ჯაშუშურად განწყობილი ელემენტებისა;

3) ინფორმატორული ქსელების სრული მობილიზებით დროულად იქნას აღმოჩენილი და თავიდან აცილებული ყველა შესაძლო დივერსიული აქტი სახალხო მეურნეობისა და, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მრეწველობისა და სატრანსპორტო სისტემებში;

4) სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის მზადების პირველივე ნიშნების _ ჯაშუშობის, ტერორის, დივერსიის, აჯანყების, ხულიგნური გამოსვლების, გაფიცვისკენ მოწოდებების, კონტრრევოლუციური საბოტაჟისა და ა. შ. გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ გატარდეს ოპერატიული ქმედებები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი ელემეტების მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მცდელობების თავიდან აცილების მიზნით;

5) სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატმა სახელმწიფო უშიშროების სამხარეო და რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყონ:

ა) მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოების, სარკინიგზო კვანძების, სადგურების, ხიდების, რადიო-სატელეფონო და ტელეგრაფის სადგურების, აეროდრომების, ბანკების და ა. შ. მკაცრი კონტროლი და დაცვა;

ბ) მობილიზებულ იქნას მილიციის მუშაკთა ყურადღება პანიკის შესაძლო გამოვლენის წინააღმდეგ;

გ) მობილიზებულ იქნას სახანძრო ჯგუფები საბრძოლო მზადყოფნისთვის;

შემუშავებული ქმედებები შეთანხმდეს რესპუბლიკების კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველ მდივნებთან, რაიონულ კომიტეტებთან, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) საოლქო კომიტეტებთან და თქვენ მიერ წარმოებული საქმიანობა ტელეგრაფით მოეხსენოს სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატს დაუყოვნებლივ.

სსრკის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი მერკულოვი

22 ივნისი 1941 წ.”

(ფოტო 3)

კპის () ცკისა და სახკომის საბჭოს

დადგენილება

საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს საკითხზე

1. საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების, ასევე საომარი ვითარების გაშუქების მიზნით, სახელმწიფოს ერთიანი კურსის შესაქმნელად დაარსდეს საბჭოთა საინფორმაციო ბიურო.

2. დამტკიცდეს საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს შემდეგი შემადგენლობა:

1. შერბაკოვი (ხელმძღვანელი)

2. ლოზოვსკი

3. ხავინსონი

4. პოლიკარპოვი

5. საკსინი

6. გოლიკოვი

3. საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს დაეკისროს:

ა) საერთაშორისო მოვლენების ხელმძღვანელობა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენების გაშუქება პრესასა და რადიოში;

ბ) ნაცისტური და სხვა მტრული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ კონტრპროპაგანდისტული ორგანიზაციის შექმნა;

გ) საბრძოლო მოქმედებების, საბრძოლო ცნობებისა და საფრონტო მოვლენების გაშუქება მთავარ სამხედრო მეთაურთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მინაწერი: ბიუროს წევრებს, საოლქო კომიტეტებსა და კპ-ის ცკ-ის რესპუბლიკებს, სახკომიტეტებს, ჩადაევს.

ხელმოწერები

შეთანხმებაზე:

. სტალინი,

. მოლოტოვი,

. ვოროშილოვი,

მ. კალინინი.

(ფოტო # 4)

“სსრ კავშირის სახალხო კომისარიატთა საბჭოს

დადგენილება

ფრონტის სასაზღვრო ხაზთან მტრის საპარაშუტო დესანტისა და დივერსანტთა წინააღმდეგ საბრძოლო ღონისძიებების გატარების შესახებ

პარაშუტებით ან სხვა საშუალებებით მტრის მიერ გადმოსხმულ დივერსანტთა დროულად და წარმატებით სალიკვიდაციოდ სსრ კავშირის სახალხო კომისარიატთა საბჭო ადგენს:

1. დაეკისროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს საპარაშუტო დივერსანტთა წინააღმდეგ ორგანიზებული ბრძოლა ლენინგრადის ოლქის, მურმანსკის რეგიონის, კალინინის რეგიონის, ქარელია-ფინეთის რესპუბლიკის, უკრაინის, ბელორუსიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და მოლდავეთის სს რესპუბლიკების, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, როსტოვის რეგიონის, კრასნოდარის მხარისა და საქართველოს სს რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილის ტერიტორიებზე.

2. ამ მიზნით შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქალაქო, რაიონულ და სამაზრო განყოფილებებში, I პუნქტში მითითებულ ტერიტორიებზე, შეიქმნას 100-200-კაციანი გამანადგურებელი ბატალიონები პარტიულ, კომკავშირულ და საბჭოთა აქტივისტთა გადამოწმებულ პირთაგან, რომლებიც ფლობენ იარაღს.

3. გამანადგურებელი ბატალიონების ხელმძღვანელებად დაინიშნონ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისა და მილიციის განყოფილებებში მომუშავე ოპერატიული და ნდობით აღჭურვილი პირები.

4. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველა საქალაქო, რაიონული და სამაზრო განყოფილებების გამანადგურებელი ბატალიონები აღჭურვილ იქნას ორი ავტომატით, შაშხანებით, რევოლვერებითა და, თუ საშუალება იქნება, ყუმბარებით.

5. თავდაცვის სახალხო კომისარიატს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოთხოვნილების საფუძველზე, დაევალოს _ გასცეს ბრძანება გამანადგურებელი ბატალიონებისათვის საჭირო რაოდენობის იარაღის გამოყოფის თაობაზე.

6. გამანადგურებელ ბატალიონებს მიეცეს უფლება, საჭიროებისამებრ გამოიყენოს ადგილზე არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალება (ავტომანქანები, მოტოციკლეტები, ველოსიპედები, ცხენები და საჭაპანო ტრანსპორტი).

7. პარტიულ და საბჭოთა ორგანოებს დაევალოს, გაუწიოს ყოველგვარი დახმარება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განყოფილებებს გამანადგურებელი ბატალიონების ორგანიზებასა და დაკომპლექტებაში, მტრის საპარაშუტო დესანტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

8. გამანადგურებელი ბატალიონების უშუალო ხელმღვანელობა დაევალოს სახალხო კომისარიატთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს _ ამხ. ბერიას.

სსრკის სახალხო კომისარიატთა საბჭოს თავმჯდომარე

. სტალინი

სსრკის სახალხო კომისარიატთა საბჭოს საქმეთა მმართველი

. ჩადაევი

მოსკოვი, კრემლი

ივნისი 1941 .” (ფოტო 5)

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here