Home რუბრიკები ისტორია სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

5914
სტალინის მიმართვა საბჭოთა ხალხს. 1941 წლის 3 ივლისი

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში მკითხველს გავაცანი იმ მზაკვრული მიზნის მისაღწევად ჩადენილი გაუგონარი სისასტიკე, რომელიც პირადი ცხოვრების მოსაწყობად ჩაიდინეს ხალხისა და სამშობლოს მოღალატე ქვეყნის პირველმა პირებმა: გაურკვეველი წარმომავლობის უსაძაგლესმა პიროვნებამ იური ანდროპოვმა თავისი შხამიანი შუბი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით დაუტოვა მექრთამე გორბაჩოვს, რომელმაც შიმშილით, შიშით, შანტაჟითა და აშკარა თავდასხმებით ათასობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ღალატის ბოლო მომენტში, როდესაც მოსალოდნელი იყო, სტალინური წრთობის რომელიმე ავტორიტეტული პიროვნება ჩასდგომოდა ქვეყნის გადარჩენის საქმეს სათავეში, თავის სამუშაო კაბინეტში ხელით დაახრჩვეს მარშალი ახრომეევი. შემდეგ კი ისე მოაწყვეს, თითქოს საკუთარი კაბინეტის კარზე თვითონ ჩამოიხრჩო თავი.

ვითომ “დაპატიმრებულმა” მიხეილ გორბაჩოვმა, რომლის მოსანახულებლადაც აგარაკზე მივიდნენ პოლიტბიუროსა და “გე-კა-ჩე-პეს” ხელმძღვანელები, სტუმართაგან ახლოს არავინ გაიკარა, შინაგან საქმეთა მინისტრ ბორის პუგოს გარდა, რომელმაც სრულიად საიდუმლო ვითარებაში მოახსენა მთავარ რეჟისორს ტრაგიკომედიის მიმდინარეობის ამბავი, ხოლო შემდეგ, როდესაც სპექტაკლი დასრულდა, საქმის ყველა დეტალში ჩახედული კაცი, შს მინისტრი პუგო ლოგინში მოკლეს. მკვლელს ისიც უთხრეს, რომ პუგო მეუღლეს აუცილებლად გაანდობდა იმ საიდუმლოს, რომელიც ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იცოდნენ, ამიტომ პუგოსთან ერთად ლოგინში მისი მეუღლეც დახვრიტეს.

ტრაგიკომედიის მთავარ რეჟისორად დანიშნული გორბაჩოვის საფინანსო საქმეებს ხელმძღვანელობდა სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის სამეურნეო-საფინანსო სამსახურის უფროსი ნიკოლოზ კრუჩინა. როდესაც ტრაგიკომედიის ბოლო მოქმედების ფარდა დაეშვა და კრემლიდან წითელი დროშა ჩამოხსნეს, ორმა კაცმა გაგუდული კრუჩინა მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო და ქვაფენილს დაანარცხა. ასე ინგრეოდა ზემძლავრი სახელმწიფო და კვდებოდნენ პატიოსნებაში ეჭვმიტანილი ადამიანები…

ამა წლის 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება რუსეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნები და სრულიად მსოფლიო. და, რადგან ახლოვდება ეს დღე, რედაქციასთან შეთანხმებით, გადავწყვიტე, მეც შემეტანა მოკრძალებული წვლილი და კიდევ ერთხელ გადაგვეხედა დიდი სამამულო ომის ქრონიკებისთვის.

დღეიდან 9 მაისამდე და შემდეგ 24 ივნისამდე განვაგრძობ დიდი სამამულო ომის პერიპეტიებზე მასალების მიწოდებას “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველისთვის. დღევანდელი წერილი დიდი სამამულო ომის დაწყების პირველ დღეს _ 1941 წლის 22 ივნისს ეხება.

ბრესტის ციხესიმაგრის დაცვა
ბრესტის ციხესიმაგრის დაცვა

მე მორწმუნე კაცი არ ვარ, მაგრამ ერთ რამეში ვრწმუნდები: სანამ საქართველოდან სტალინის დიდება და სიმღერა ისმოდა, ჩვენი ქვეყანა, თუ მსოფლიოში არა, ევროპაში ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა იყო მეცნიერებით, მწერლობით, მხატვრობით, ფოლკლორით, სპორტითა და ხელოვნების სხვადასხვა დარგით. საქართველოში წარმოებული პროდუქციის 18 სახეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა. მხოლოდ გურიის ერთ სოფელში, შრომაში, 27 სოციალისტური შრომის გმირი ცხოვრობდა და შრომობდა. ქვეყანა ყვაოდა, მიუვალ სოფლებში სკოლის კედლები ბავშვებს ვერ იტევდა. მას შემდეგ, რაც სტალინის გინება და შეურაცხყოფა დავიწყეთ, ღმერთმაც თითქოს პირი იბრუნა და ქვეყანაც ხელიდან გვეცლება: ტერიტორიულად დავპატარავდით, მორალურად ვინგრევით და დემოგრაფიულად ვიღუპებით, ღმერთისგან მოდის ყველაფერი. ქართველებს დიდი ცოდვა გვაწევს მადლიერების დაკარგვის გამო და ღმერთიც და ბუნებაც ამიტომ გვსჯის. იქნებ ვცადოთ და კიდევ გავიხსენოთ სტალინის სახელი, აღვადგინოთ სტალინური შრომა და სტალინური სამართლიანობა, იქნებ ღმერთმაც მოგვხედოს და ქვეყანამაც გაიბრწყინოს

1941 წლის 21 ივნისის საღამოს კუნცევოს აგარაკზე სასწრაფოდ გამოიძახეს სტალინის პირადი ექიმი, პროფესორი პრეობრაჟენსკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა სტალინს. პროფესორმა პაციენტის გასინჯვისთანავე განაცხადა, რომ ის სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში, _ ჩირქოვანი ანგინაა ჩამოყალიბებული და ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებაო. სტალინმა საავადმყოფოში გადაყვანაზე სასტიკი უარი განაცხადა. პროფესორმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა სტალინს და შეწუხებული იდგა იმის გამო, რომ პაციენტი მას არ დაემორჩილა. სტალინმა პროფესორს თხოვნით მიმართა: ხვალ, დასვენების დღის მიუხედავად, ქალაქიდან არ გახვიდეო. თანაც მკაცრად გააფრთხილა: ჩემი დიაგნოზის შესახებ არავინ არაფერი იცოდესო.

ცოტა ხნის შემდეგ სტალინი მარშალ ტიმოშენკოს ელაპარაკა, შემდეგ კი სასწრაფოდ თავისთან იხმო მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ალექსანდრე შჩერბაკოვი და აღმასკომის თავმჯდომარე ნიკოლოზ პრონინი.

არ გასულა დიდი დრო, რომ სტალინმა სტუმრებს კატეგორიული ტონით უთხრა:

_ გააფრთხილეთ მოსკოვის ყველა რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე, რომ ხვალ, კვირას ქალაქიდან არ გავიდეს არც ერთი მათგანი. მოსალოდნელია გერმანელების თავდასხმა.

22 ივნისს, 3 საათსა და 40 წუთზე, თავდაცვის მინისტრმა, მარშალმა სიმონ ტიმოშენკომ უბრძანა გენშტაბის უფროს გიორგი ჟუკოვს, ეცნობებია სტალინისთვის, რომ გერმანელები ბომბავენ საბჭოეთის ქალაქებს, რომ ომი დაიწყო.

ტელეფონის აპარატთან მისულმა სტალინმა, ჟუკოვის მოხსენების მოსმენის შემდეგ, უბრძანა ჟუკოვს, ტიმოშენკოსთან ერთად გამოცხადებულიყო კრემლში. შემდეგ კი პირად მდივანს, ალექსანდრე პოსკრებიშევს, დაავალა, სასწრაფოდ გამოეძახებინა პოლიტბიუროს ყველა წევრი.

პროფესორის უმკაცრესი გაფრთხილების მიუხედავად, ავადმყოფმა სტალინმა მანქანა გამოიძახა და კრემლისკენ გაეშურა. უკვე ერთი საათის შემდეგ, 4 საათსა და 40 წუთზე, კრემლში პოლიტბიუროს სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც სტალინი უძღვებოდა.

_სასწრაფოდ დაუკავშირდით გერმანიის ელჩს, _ მიმართა მოლოტოვს სტალინმა.

მოლოტოვმა უპასუხა, რომ გერმანიის ელჩი გრაფი ფონ შულენბერგი თვითონ ითხოვს საგარეო უწყებაში მოსვლას. ვიაჩესლავ მოლოტოვს დაევალა, სასწრაფოდ მიეღო გერმანიის ელჩი და დალაპარაკებოდა.

ჟუკოვმა სთხოვა სტალინს, სასწრაფოდ მიეცა მისთვის დირექტივები სამხედრო ძალების ასამოქმედებლად.

_ დაველოდოთ მოლოტოვს, _ მშიდად უპასუხა სტალინმა.

ცოტა ხანში მოლოტოვმა შეაღო პოლიტბიუროს კარი და განაცხადა:

_ გერმანიამ ომი გამოგვიცხადა.

სხდომაზე სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილი საკმაო ხანს გაგრძელდა.

ჟუკოვმა გარისკა და სტალინს კვლავ სთხოვა დირექტივა, მოქმედების დროულად დასაწყებად და მოწინააღმდეგის შესაჩერებლად.

_ არა, კი არ შევაჩეროთ, არამედ გავანადგუროთ! _ შეუსწორა ტიმოშენკომ.

_ მომეცით დირექტივის პროექტი, მხოლოდ ერთი პირობით _ ჯარებმა, ავიაციის ჩათვლით, არსად დაარღვიონ გერმანიის საზღვარი”.

გერმანელი ფაშისტების სამხედრო ტექნიკა სსრკ-ს ტერიტორიაზე
გერმანელი ფაშისტების სამხედრო ტექნიკა სსრკ-ის ტერიტორიაზე

ამ შემთხვევაში სტალინი ხავსს ეჭიდებოდა, როგორმე თავიდან აეცილებინა ომი გერმანიასთან _ ეს უდიდესი კატასტროფა, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

22 ივნისს, 9 საათსა და 30 წუთზე სტალინმა თავდაცვის მინისტრ ტიმოშენკოსთან და გენშტაბის უფროს ჟუკოვთან ერთად ჩაასწორა ბრძანების ტექსტი და ხელი მოაწერა ბრძანებას საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მობილიზაციის დაწყებისა და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. იქვე გადაწყდა, რომ დღის 12 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი მიმართავდა საბჭოთა ხალს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შესახებ. პოლიტბიუროს არც ერთ წევრს აზრადაც არ გაუვლია, რომ მათ წინაშე იდგა და ბრძანებებს იძლეოდა ავადმყოფი იოსებ სტალინი, რომლის ტემპერატურაც 40 გრადუსს აღემატებოდა.

მოლოტოვიც კი, რომელიც სტალინის უახლოეს ადამიანად ითვლებოდა, ვერ მიხვდა იმ მძიმე მდგომარეობას სტალინისა, რომელსაც ის ავადმყოფობის გამო განიცდიდა და ჩვეულებრივად იკითხა: _ რატომ მე და არა სტალინი?

სტალინის ბრძანება შესრულდა. საბჭოთა ხალხს მოლოტოვმა მიმართა, ხოლო წითელმა არმიამ და გამწვევმა პუნქტებმა სტალინის რკინის ხელით ხელმოწერილი ბრძანება მიიღეს ქვეყნის სამხედრო ყაიდაზე გადასვლის შესახებ.

კრემლში 22-მა ივნისმა, ომის პორველმა დღემ, ყოველგვარი პანიკის, ხმაურისა და კამათის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი მოძრაობდა ჩვეულებრივზე მეტად _ აზუსტებდა წუთებსა და წამებს, ვინ როდის უნდა შესულიყო და გამოსულიყო სტალინის სამუშაო ოთახიდან.

საღამოს ერთ-ერთ რიგით შემსვლელად გამოცხადებული პროფესორი პრეობრაჟენსკი გაოცებული გამოვიდა სტალინის კაბინეტიდან და უმალვე თავის დღიურში ჩაწერა: “22 ივნისი, საღამოს 11 საათი _ სტალინი აბსოლუტურად ჯანმრთელია”.

ასე გადაიტანა რკინის კაცმა ანთებითი პროცესი 16 საათში და სრულიად ჯანმრთელი ჩაუდგა სათავეში ქვეყნის თავდაცვას.

1941 წლის 22 ივნისი (განთიადი) ბრძოლის ველზე

ომის პირველ დღეზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს არქივების გახსნა და ბრძოლის ველიდან მიღებული წერილების შინაარსის გაცნობა, რომლებშიც ფრონტზე არსებულ ვითარებას გერმანული სიზუსტით აღწერდნენ თვით გერმანელი სამხედროები.

* “ჯერ ჩემს თვალებს არ უნახავს, რასაც აქ ბრძოლის პირველ დღეს ვუყურებ. ეს საფრანგეთი არ არის, ჩვენ სულ სხვა ძალას ვებრძვით”, _ წერდა ქმარი მეუღლეს ბერლინში.

* “ჩვენ ვეომებით ადამიანებს, რომელებიც იბრძვიან არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის. მე ვნახე, როგორ წაართვა რუსმა მებრძოლმა გერმანელ ოფიცერს იარაღი და როგორ მოკლა იგი მისივე იარაღით. ეს იყო პირველი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მკვდარი ვნახე რუსულ მიწაზე, დიდი ბაჯაღლო ოქროს ბეჭდით ხელდამშვენებული”, _ გაუგზავნა გერმანელმა უნტეროფიცერმა დეპეშა ადოლფ ჰიტლერს.

ადოლფ ჰიტლერმა კი იმავე დღეს მოაწყო მასშტაბური შეხვედრა, რომელზეც განაცხადა:

_ მივიღე პირველი ცნობა პირველი გერმანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, გაფრთხილებთ: ჩვენ ვუპირისპირდებით არმიას, ძალას, რომელშიც იბრძვიან მხეცები და ცხოველები!

* “წარმოუდგენელია ბრძოლაში ასეთი თავგანწირავა. ოთხი რუსი ჯარისკაცი მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდა საარტილერიო ბატარეას. ისინი სრულიად დაუცველ ტერიტორიაზე, პურის ყანაში იყვნენ ჩამალულნი”, _ წერდა შვილი მამას გერმანიაში.

* “საბჭოთა ტანკის ლუკიდან, როდესაც საბრძოლო მანქანა ალყაში მოვაქციეთ და ტყვია-წამალიც გაუთავდათ, ტანკისტმა ამოყო თავი, ამოვიდა და რევოლვერით აგვიტეხა სროლა. ეს თავგანწირვაა”, _ წერდა გერმანელი ოფიცერი თავის მეგობარს ბერლინში.

ომის პირველ დღეს ბრესტის ციხესიმაგრეს გერმანელთა რჩეული ქვეითთა 45-ე დივიზია მიადგა. ალყაში მოქცეული საბჭოთა ჯარისკაცები, ყოველგვარი მძიმე შეიარაღების გარეშე, შაშხანებით იცავდნენ ციხესიმაგრეს. ბოლოს ოთხი ჯარისკაცი და ერთი პოლიტხელი დარჩა ბასტიონში, გარშემო კი ეყარა 483 გერმანელი ოფიცრისა და ჯარისკაცის ცხედრები.

ბრესტის ციხესიმაგრის ტრაგედიით შეძრწუნებულმა გერმანელმა ფელდმარშალმა ფონ ბოკმა განკარგულება გასცა, გამოეყვანათ მებრძოლები ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბლოკადა გაეძლიერებინათ.

22 ივნისს ბრესტთან გამართულ ბრძოლას შეეწირა გერმანელთა 483 ოფიცერი და უნტეროფიცერი _ ეს სამჯერ მეტია პოლონეთის ბრძოლებში დაკარგულ გერმანელ ოფიცერთა და ჯარისკაცთა რაოდენობაზე და ექვსჯერ მეტი _ საფრანგეთის დასაპყრობად ექვსთვიან ბრძოლებში დაღუპულ გერმანელთა რაოდენობაზე.

* “ხელჩართულ ბრძოლაში უიარაღო, ტანსაცმელშემოფლეთილი ჯარისკაცი ჩვენკენ გამოიქცა. გვეგონა, ტყვედ გვბარდებოდა. ახლოს რომ მოვიდა, მესანგრის ნიჩაბი შემოიხსნა და ძლიერად გვესროლა შეძახილით “ზა სტალინა, ზა როდინუ”. ეს არ იყო ვინმეს შიშითა და აგიტაციით ჩადენილი ქმედება, მას სხვა საფუძველი ჰქონდა”, _ ჩაწერა თავის დღიურში გერმანელმა ოფიცერმა.

1941 წლის 3 ივლისს სტალინმა რადიოთი მიმართა საბჭოთა ხალხს:

ამხანაგებო! მოქალაქენო!

ძმებო და დებო! არმიისა

და ფლოტის მეომრებო!

თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო!

ჰიტლერული გერმანიის მუხანათური სამხედრო თავდასხმა ჩვენს სამშობლოზე, რომელიც 22 ივნისს დაიწყო, გრძელდება. მიუხედავად წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობისა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო დივიზიები და ავიაციის საუკეთესო ნაწილები უკვე დამარცხდნენ და სამარე ჰპოვეს ბრძოლის ველზე, მტერი კვლავ წინ მოძვრება და ახალ-ახალი ძალები მოჰყავს ფრონტზე. ჰიტლერულმა ძალებმა მოახერხეს, ხელში ჩაეგდოთ ლიტვა, ლატვიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბელორუსიის დასავლეთი ნაწილი, დასავლეთ უკრაინის ნაწილი. ფაშისტური ავიაცია აფართოებს თავისი ბომბდამშენების მოქმედების არეალს, ბომბავს მურმანსკს, მოგილოვს, სმოლენსკს, კიევს, ოდესას, სევასტოპოლს. ჩვენი სამშობლო სერიოზული საფრთხის წინაშეა… მტერი სასტიკი და ულმობელია. იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული მიწა-წყალი, ხელთ იგდოს ჩვენი ხელით მოპოვებული ჩვენი პური და ჩვენი ნავთობი. იგი მიზნად ისახავს, აღადგინოს მემამულეთა ძალაუფლება, აღადგინოს ცარიზმი, დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდაველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალი ხალხების ნაციონალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა. გააგერმანელოს ისინი, გერმანელი თავადებისა და ბარონების მონებად აქციოს ისინი. ამრიგად, საქმე ეხება საბჭოთა სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლეს, სსრ კავშირის ხალხთა სიკვდილ-სიცოცხლეს; საქმე ეხება იმას _ თავისუფალი უნდა იყვნენ საბჭოთა კავშირის ხალხები თუ მონობაში უნდა ჩავარდნენ. საჭიროა, საბჭოთა ადამიანებმა შეიგნონ ეს და უკუაგდონ უდარდელობა, რათა მოახდინონ თავიანთი თავის მობილიზება და გარდაქმნან თავიანთი მუშაობა საომარ ყაიდაზე, რომლისთვისაც უცხოა მტრის დანდობა… წითელმა არმიამ, წითელმა ფლოტმა და საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვან საბჭოთა მიწა-წყლის ყოველი მტკაველი; სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისთვის; უნდა გამოიჩინონ ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებელი გამბედაობა, ინიციატივა და გამჭრიახობა… ჩვენ უნდა დავიწყოთ ულმობელი ბრძოლა, ზურგში დეზორგანიზატორებთან, დეზერტირებთან, პანიკიორებთან, ხმების გამავრცელებლებთან, მოვსპოთ ჯაშუშები, დივერსანტები, მტრის მედესანტე პარაშუტისტები და ყოველივე ამაში სწრაფად დავეხმაროთ ჩვენ მიერ შექმნილ გამანადგურებელ ბატალიონებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მტერი ვერაგი და ცბიერია, გამოცდილია მოტყუებაში და ცრუ ხმების გავრცელებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და არ ავყვეთ პროვოკაციას. საჭიროა, დაუყოვნებლივ მივცეთ სამხედრო ტრიბუნალის სამართალში განურჩევლად პიროვნებისა ყველა, ვინც თავისი პანიკიორობითა და ლაჩრობით ხელს უშლის თავდაცვის საქმეს… ფაშისტურ გერმანიასთან ომი ჩევულებრივ ომად არ შეიძლება ჩაითვალოს. იგი არა მხოლოდ ორი არმიის ომია, იგი ამასთანავე არის საბჭოთა ხალხის დიდი ომი გერმანელი ფაშისტების ჯარების წინააღმდეგ, ფაშისტ მჩაგვრელთა წინააღმდეგ. ამ საყოველთაო სახალხო სამამულო ომის მიზანია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი საფრთხის ლიკვიდაცია, არამედ ისიც, რომ დაეხმაროს ევროპის ხალხებს, რომლებიც გერმანიის ფაშიზმის უღელქვეშ გმინავენ…

იმ მიზნით, რომ სწრაფად მობილიზებულ იქნან საბჭოთა კავშირის ხალხთა ძალები უკუსაგდებად მტრისა, რომელიც მუხანათურად თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს, შექმნილია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის ხელშიც ახლა თავმოყრილია მთელი ძალაუფლება სახელმწიფოში. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი შეუდგა მუშაობას და მოუწოდებს ხალხს, დაირაზმოს ლენინ-სტალინის პარტიის გარშემო, საბჭოთა მთავრობის გარშემო, იმისთვის, რომ თავდადებით დაეხმაროს წითელ არმიასა და ფლოტს, გაანადგუროს მტერი, მოიპოვოს გამარჯვება!”

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here