მთავარი ისტორია სტალინი და XX საუკუნე

სტალინი და XX საუკუნე

1024
გააზიარეთ
სტალინი და XX საუკუნე

“სხვა მეოცე საუკუნე  არასოდეს არ ყოფილა”

 გალაკტიონი

ყველა საუკუნეში ადამიანი მნიშვნელოვან რაღაცას ქმნიდა ხოლმე, მაგრამ XX საუკუნეს უდავოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცობრიობის ისტორიაში. ანტიკური ხანიდან დღემდე კაცობრიობას აქვს გამორჩეული საუკუნეები, ერთ-ერთ საუკუნეში ადამიანმა ბორბალი შექმნა, მეორეში _ ნიუტონმა მექანიკის კანონებს მიაგნო, პასკალმა ატმოსფერული წნევა გაზომა, მანამდე ალექსანდრე მაკედონელმა თითქმის მთელი პლანეტა დაიპყრო, იყო რენესანსი, იყო ოქროს ხანა, დაცემა-დაკნინების ეპოქები და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი რამ, მაგრამ საუკუნეს, რომელსაც კლასიფიკაციით მე-20-ს ვუწოდებთ, ლოგიკური იქნება, სხვა სახელიც მოეძებნოს, როგორც კაცობრიობის სრულიად ახალ საფეხურზე შედგომის, ახალი აფეთქების, ახალი აზროვნების გაჩენის, უამრავი ექსპერიმენტის ჩატარებისა და მათი წარმატებით დასრულების ეპოქა.

XX საუკუნე პლანეტა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების მონობიდან დახსნის ასწლეულია, მსოფლიოს დეკოლონიზაციის, დემოკრატიის, ტოლერანტობის, სოციალური თანასწორუფლებიანობისა და სიტყვის თავისუფლების საუკუნე. XX საუკუნე ის გიგანტური კვლევის ლაბორატორიაა, რომელშიც გამოიცადა ადამიანის ჯანმრთელობა, გონებრივი განვითარება, პატრიოტიზმი, პატიოსნება, ოჯახის სიმტკიცე, გამძლეობა. ეს ყველაფერი გამოიცადა წონადობისა თუ უწონადობის პირობებში. დადგინდა კანონის ძალა და მისი განუხრელად შესრულების აუცილებლობა. ადამიანი თავისი შრომითა და არა სხვისი ექსპლუატაციით მივიდა ადამიანურად ცხოვრების შესაძლებლობამდე. მოისპო დედამიწაზე მფრინავი ურჩხული, რომელიც ასერგასის დღით ემუქრებოდა კაცობრიობას.

XX საუკუნეში დაიწერა ადამიანთა მოდგმის კანონზომიერი განვითარების რეცეპტი, რომლებსაც კაცობრიობა ისე შეინახავს და მოუფრთხილდება, როგორც ბიბლიასა და კარაბადინს. და ყველა საუკუნეში კაცობრიობასა და მის კეთილდღეობაზე ჩაფიქრებული ადამიანი ყოველთვის ჩაიხედავს ამ რეცეპტში, ხოლო ყველა პატრიოტი რევოლუციონერი მის განხორციელებას შეეცდება.

რამ შეაჩერა ამ სიკეთის გზაზე დამდგარი კაცობრიობის წინსვლა და როდის გაიგებს გზასაცდენილი ხალხი, რომ ის ქრისტეს გზით კი არა, ბარაბას გზით მიემართება?

რჯულის კანონი მანამდე იყო ძალაში, სანამ საზოგადოება არ დაწერდა რეალურ კანონს, რომლის აღსრულება არა ღმერთზე, არამედ ადამიანზე იქნებოდა დამოკიდებული.

სვანეთში XX საუკუნის დასაწყისში თბილისიდან მივლენილი მოსამართლე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ფურცელ-ფურცელ ეცნობოდა მძიმე დანაშაულების უამრავ საქმეს, მაგრამ არც ერთ საქმეზე შედეგი არ ყოფილა, რადგან სამართალს კუთხური გარჩევებითა და სვანი ავტორიტეტები ადგენდნენ. ამ ქაოსს თავი რომ არ ებმებოდა, მოსამართლემ ყველა საქმე სასამართლოს ეზოში გამოიტანა, ნავთი გადაასხა და დაწვა, თვითონ კი თბილისში გაემგზავრა.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა _ კანონი ყველგან და ყველასთვის ერთნაირად ამოქმედდა. სწორედ ეს იყო ბორბლის გამოგონების მეორე ისტორიული ფაზა. სვანეთში ერთი ასეთი გამოთქმაა: კალათის სახელურს ცეცხლი ეკიდა, კალათის ძირს კი უხაროდა: _ აწი მძიმე ხორაგს აღარ ჩამაყრიანო.

როცა ხალხთა კეთილდღეობის დიდ ლაბორატორიას (სსრკ-ს) ცეცხლი ეკიდა, იმპერიალისტებს უხაროდათ: ამიერიდან მეტოქე აღარ გვეყოლება და, როგორც გვინდა, ისე ვიცხოვრებთო, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ერთიანად აალდა მთელი კალათა (მსოფლიო) და დასრულდა ხალხთა ექსპლუატაციის ეპოქა. “ტალახში გადაგდებული დროშა” (სტალინი, XIX ყრილობა) ისევ პროლეტარიატმა აიღო ხელში და მოუწოდა ყველას, ერთად გამოსულიყვნენ უოლ-სტრიტზე, ტრაფელგარზე, ელისეს მინდვრებზე, წითელ მოედანზე _ ყველაგან სრულიად მსოფლიოში. სრულდება ბრძენი ბელადის სიტყვები.

სრულად რომ წარმოიდგინოთ, რატომ შეჩერდა ეს დიდი ექსპერიმენტი, რომელიც თითქმის დასრულებული იყო, ხოლო დღეს მსოფლიო დენთის კასრზე ზის, მოვიყვან მსოფლიო დონის მეცნიერების, პოლიტოლოგების, სოვეტოლოგებისა და პრაქტიკოს ადამიანთა ნააზრევსა და გამონათქვამებს.

ალექსანდრე ზინოვიევი, ყოფილი დისიდენტი, დოქტორი, აკადემიკოსი, მწერალი, სოვეტოლოგი, 36 წიგნის ავტორი:

_ მე მტკიცე ანტისტალინისტი ვიყავი 17 წლამდე, მერე გამასამართლეს სტალინზე თავდასხმის მოწყობის გამო. 1939 წელს ამის გამო რომ დავეხვრიტე, ეს იქნებოდა სრულიად სამართლიანი სასჯელი. ახლა, როდესაც ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვამტკიცო, რომ სტალინი იყო ყველაზე დიდი პიროვნება, უდიდესი გენიოსი პოლიტიკოსთა შორის კაცობრიობის არსებობის განმავლობაში.

პარიზში ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ალჟირელი მეცნიერი, რომელმაც გაიხსენა, როგორ განიცადეს სტალინის სიკვდილი მის ქვეყანაში: “მთელი ალჟირი დათრგუნვილი იყო მომხდარით, ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა. ვკითხე მამაჩემს, _ რა ხდება-მეთქი. მამამ დამწუხრებული ხმით მიპასუხა: _ სტალინი გარდაიცვალაო. მე ვკითხე: _ ვინ იყო სტალინი? მამამ მითხრა: _ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდი ადამიანი დედამიწაზე. ის ხელმძღვნელობდა სსრკ-ს _ ყველაზე დიდ სოციალისტურ ქვეყანას. ალჟირელი პატრიოტებისათვის, რომლებმაც მილიონობით შეეწირნენ ალჟირის თავისუფლებისათვის ბრძოლას, სტალინი იყო გამარჯვების დროშა”.

ლუდო მარტენსი და მისი წიგნი
ლუდო მარტენსი და მისი წიგნი

ბელგიელმა ისტორიკოსმა ლუდო მარტენსმა დაწერა წიგნი “სხვაგვარად დანახული სტალინი”, რომელშიც სწორედ ასეთ ფაქტებზეა საუბარი და სტალინის მოღვაწეობა მოხსენიებულია, როგორც საპროგრამო მასალა, ეს პროგრამა კი უნდა განახორციელოს არა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, არამედ კაცობრიობამ. ამ საპროგრამო მასალასა და წიგნს ბოიკოტი გამოუცხადა დასავლეთმა და ყველა გამომცემლობაში აიკრძალა მისი დასტამბვა. 2010 წელს რუსეთმა ჯერ ინტერნეტში გაავრცელა აღნიშნული წიგნი, ხოლო შემდეგ თარგმნა და გამოსცა წიგნად სათაურით “აკრძალული სტალინი”.

საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა კანადელმა პროფესორმა სტალინზე წიგნის გამოცემის დაბლოკვას უზარმაზარი სტატია მიუძღვნა და ამ საქციელს დემოკრატიის მუხრუჭი უწოდა.

ლუდო მარტენსმა გაბედულად ამხილა აშშ. ის წერდა, რომ ამ ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოიცილა მსოფლიოზე გაბატონების მსურველი გერმანია და მსოფლიო ჰეგემონობისთვის თვითონ შეუდგა ძალების, ფინანსების, ქვეყნებისა და ადამიანების მობილიზებას. რადგან ნაცისტებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული მსოფლიოზე ბატონობის შესაძლებლობები, ამერიკელებმა უამრავი ნაცისტი ჩაიყვანეს შტატებში და დაავალეს ადრინდელი მოვალეობების შესრულება, ოღონდ აშშ-ის სასარგებლოდ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციის მრჩეველი რობერტ მერფი 1945 წელს თავის დღიურში წერს: “გენერალ პატონს სურდა, ხელახლა შეეიარაღებინა ეს-ეს-ის ორი დივიზია, რათა ჩაერთო აშშ-ის მესამე არმიაში და გამოსულიყვნენ ბერლინშივე წითლების წინააღმდეგ. მან მითხრა: ჩვენ შეგვიძლია გავყაროთ წითელი არმია ბერლინიდან და მე ჩემი გერმანელებით ეს შემიძლია. პატონი ღრმა რწმენას გამოთქვამდა, რომ ის 30 დღეში მოსკოვში ჩავიდოდა”.

გენერალი რეინჰარდ გელენი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო ნაცისტური სამხედრო დაზვერვის უფროსი, რომელიც თავგანწირვით ებრძოდა სსრკ-ს. 1945 წლის მაისში ის ტყვედ ჩაბარდა ამერიკელებს. ხელშეკრულების თანახმად, ტყვე გენერალი სსრკ-ისთვის უნდა გადაეცათ, რადგან ის შეყვანილი იყო მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სიაში, მაგრამ ნაცვლად ამისა, იგი სრულიად საიდუმლოდ ჩაიყვანეს ამერიკაში, სადაც მოლაპარაკებებს მართავდა აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს მომავალ დირექტორ ალენ დალესთან. მათ ხელშეკრულება გააფორმეს და გელენმა საიდუმლო არქივი სსრკ-ზე გადასცა აშშ-ის სპეცსამსახურებს, ამასთანავე, განაცხადა, რომ თანამშრომლობს ალენ დალესის უწყებასთან. ამის შემდეგ ის და მისი შექმნილი “გელენის ორგანიზაცია” გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იურისდიქციაში გადავიდა, საიდანაც ახალი ძალისხმევით განაგრძო დივერსიული და სადაზვერვო მუშაობა სსრკ-ის წინააღმდეგ.

ჯონ ლოფტუსი, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურებში მუშაობდა, თავის წიგნში წერს, რომ ათასობით გერმანელი ჩაიყვანეს ამერიკაში: ყოფილი ნაცისტები გერმანიიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან, რომლებიც აქტიურ როლს თამაშობდნენ ცივი ომის გაჩაღებაში, მათ შორის იყო ყოფილი ჯალათი კლაუს ბარბი, მეტსახელად ლიონელი ყასაბი, და ალოიზ ბრინერი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 130 ათასი ადამიანის სიკვდილით დასჯაში.

აკადემიკოსი სერგეი ლებედევი ინსტიტუტში
აკადემიკოსი სერგეი ლებედევი ინსტიტუტში

1945 წელს ამერიკა ითვლებოდა ყველაზე აგრესიულ იმპერიალისტურ და მილიტარისტულ სახელმწიფოდ მსოფლიოში. 1945 წლის ზაფხულში სწორედ მან გამოიყენა ატომური ბომბები ჰიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც ეს სრულიადაც არ იყო აუცილებელი, რადგან იაპონია ისედაც დამარცხებული იყო და დღე-დღეზე გამოაცხადებდა კაპიტულაციას. ეს ყველაფერი სტალინის შესაშინებლად იყო მოწყობილი, მაგრამ სტალინს შიშის განცდა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. ძალიან მალე კორეაზე აშშ-ის თავდასხმის გამო სტალინის მიერ გაკეთებულ მიმართვაში ხაზგასმითაა აღნიშნული:

“თუ იმპერიალისტები გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს, ეს ომი იქნება სამარე არა მხოლოდ ცალკეული იმპერიალისტური სახელმწიფოებისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოს კაპიტალისტური სამყაროსთვის”. ეს სტალინმა განაცხადა მაშინ, როდესაც ამერიკა ატომური ბომბის მონოპოლისტი იყო.

სტალინის განცხადებამ შოკში ჩააგდო მსოფლიო. მშვიდობის საბჭომ სტოკჰოლმში წარადგინა ხუთი მილიონი ხელმოწერა ატომური ბომბის აკრძალვისა და განიარაღების მოთხოვნით.

ის, რაც ვერ შეძლო კაპიტალისტურმა სამყარომ სტალინის სიცოცხლეში, განახორციელა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რაც გამოიხატებოდა, პირველ რიგში, ხელისუფლებაში ყოფილი ტროცკისტის, ხრუშჩოვის მოყვანით, რომელსაც დაავალეს სტალინის დემონიზაცია, რაც გამოიწვევდა კომუნისტური პარტიის დისკრედიტაციას. დაშლის პირას მისული სსრკ-ის ხელისუფლების სათავეში ხრუშჩოვის საქმის გამგრძელებლის _ მიხეილ გორბაჩოვის _ დანიშვნამ საბოლოოდ გაანადგურა სუპერსახელმწიფო სსრკ.

აი როგორ შეაფასა მომხდარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა: “ეს მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო!”

რა იყო ის ძალა, რომელმაც უღარიბესი კავიანი რუსეთი ჯერ ერთ მუშტად შეკრა, შემდეგ მძიმე ინდუსტრიის საბაზისო სახელმწიფოდ აქცია, შექმნა პირველხარისხოვანი საბრძოლო ტექნიკა, აღზარდა მილიონობით პატრიოტი ადამიანი და დედამიწას მოუვლინა სრულიად ახალი აზროვნების, ახალი ფორმაციის სახელმწიფოს მშენებლის ახალი ტიპი. ალბათ, სწორედ ამაზე ამბობდა გალაკტიონი _ “სხვა მეოცე საუკუნე, არასოდეს არ ყოფილა”.

კოლექტიური ხელმძღვანელობა და დემოკრატია ამ და სხვა სასწაულს ვერ შექმნიდა. სასწაულებს მოვლენები ქმნიან, მოვლენებს კი _ ბუნება. უხსოვარი დროიდან ეძებს ადამიანი ამ სასწაულების გასაღებს და ის ანტიკურ ხანაში მოიძებნა ორი უდიდესი ღვთისგან ნაბოძები ადამიანის აზრთა ურთიერთშეჯერების შედეგად.

პლატონმა ახსნა, რომ ადამიანები ობიექტებს მეცნიერულ საფუძვლებზე მართავენ. ამ ობიექტებს მან “გიბერნო” (“კიბერნო”) უწოდა და მაგალითად დედამიწა მოიყვანა. მაგალითისთვის მან, აგრეთვე, დაასახელა ხომალდი, რომელიც ყველანაირად შემკულია, მაგრამ მასში არ არის ხალხი _ ამ შემთხვევაში ხომალდი ნივთია და, თუ მასში ადამიანები მოთავსდებიან სამოგზაუროდ, მაშინ იქნება გიბერნო, რომელსაც კიბერნეტი, ანუ სპეციალისტი მართავს. გემს არ შეიძლება მართავდეს კოლექტივი. მას კიბერნეტი, ანუ სპეციალისტი მართავს. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი ბიოლოგიურად ცხოველური წარმოშობისაა, გამოდის, რომ კიბერნეტიკის მამა _ ნორბერტ ვინერი, რომელმაც თითქოს შექმნა კიბერნეტიკა, სულაც არ ყოფილა კიბერნეტიკის მამა, რადგან კიბერნეტიკა _ მეცნიერება, რომელიც სწავლობს კავშირს ცხოველებსა და მანქანებს შორის, მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე, ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის _ შორეულ წარსულში, ანტიკურ ხანაში იღებს სათავე.

“გუბერნია”, “გუბერნატორი”, “გუვერნერი” (მმართველი) _ ინგლისური სიტყვებია და პლატონის “გიბერნოდან” იღებს სათავეს.

პლატონი და მისი მოსწავლე არისტოტელე ხშირად კამათობდნენ მართვის საკითხზე. არისტოტელეს აზრით, ქვეყნის მართვა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კანონებზე, ხოლო პლატონი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა უნდა ემართა კიბერნეტს (ანუ სპეციალისტს). ისტორიამ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც დაამტკიცა კიბერნეტიკის ეს მუდმივმოქმედი კანონი.

ახლა კი მივადექით სტალინის პიროვნებას იმის გასარკვევად, “დევნიდა” თუ არა ის კიბერნეტიკას და უწოდებდა თუ არა მას ცრუ მეცნიერებას.

სტალინის უახლოეს გარემოცვაში ცნობილი იყო, რომ სტალინმა საფუძვლიანად იცოდა როგორც არისტოტელეს, ისე პლატონის ფილოსოფიური ნაწარმოებები, აგრეთვე, ანტიკური ფილოსოფიასაც.

მოსკოვში, ლენინგრადის პროსპექტის 51-ე ნომერში დღესაც დგას მწვანეში ჩაფლული მაღალსვეტებიანი სტალინური შენობა, რომელშიც 1948 წელს ბინა დაიდო სერგეი ლებედევის სახელობის ზუსტი მექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ინსტიტუტმა, რომელიც შეიქმნა იმიტომ, რომ დაემზადებინათ ელექტრონული მანქანები. ეს იყო სსრკ-ის კიბერნეტიკული სკოლის ჩანასახი, რომლითაც ამაყობდა აკადემიკოსი ვიქტორ გლუშკოვი _ ბრწყინვალე მეცნიერი, მათემატიკოსი, ინჟინერი, ინტელექტუალი.

უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა, მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა მიხეილ ლავრენტიევმა სტალინს მიმართა წერილით, დაჩქარებულიყო კვლევები კომპიუტერების, ელექტროგამომთვლელი მანქანების გამოსაშვებად. სტალინმა, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა მეცნიერების ამ დარგის მნიშვნელობა და დიდი პერსპექტივა, მყისვე გასცა განკარგულება, სასწრაფოდ შეექმნათ ზუსტი მექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა აკადემიკოსი სერგეი ლებედევი. ამ სამეცნიერო დაწესებულებაში კადრებს არჩევდნენ სტალინის ფორმულით: “არ გვეთანხმები _ გვეკამე, გვეკამათები _შემოგვთავაზე, გვთავაზობ _ გააკეთე, აკეთებ _ პასუხისმგებლობა დაიკისრე!”

აი, ასე “დევნიდა” კიბერნეტიკას სტალინი. 1948 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ სერგეი ლებედევის ინიციატივით, სსრკ-ში იწყება მცირე სიმძლავრის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების გამოშვება. იმავე წელს ენერგეტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა _ ისააკ ბრუკმა და ბაშირ რამეევმა მიიღეს საავტორო უფლება გამოთვლით ტექნიკაზე და 1950-1951 წლებში შეიქმნა გამომთვლელი მანქანა, რომელშიც ელექტრონული ნათურების მგიერ მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ნახევარგამტარი დიოდები, რაც ნამდვილი რევოლუცია იყო კიბერნეტიკაში.

1950 წელს ალმა-ატაში შეიქმნა გამოთვლითი მანქანების ლაბორატორია. ეჭვი არ არის, რომ სტალინურ ეპოქაში დაიწყო და უდიდეს სიმაღლეზე ავიდა ენერგეტიკული მეცნიერების განვითარება.

1949 წელს მოსკოვში ვლადიმერ კლიმოვის სახელობის გამოთვლითი ანალიტიკური მანქანების ქარხნის ბაზაზე შეიქნა გამოთვლითი მანქანები. ანალოგიური მანქანების შექმნაზე სტალინი ჯერ კიდევ დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ზრუნავდა და დაიწყო კიდეც კვლევითი სამუშაოები სწრაფმოქმედ ტრიგერებზე, რაც გამოთვლითი მანქანების ძირითად საფუძველს შეადგენდა.

ასე და ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში კიბერნეტიკის განვითარების მეთოდები, უწინარესად, სტალინურ ეპოქაში შეიქმნა, რამაც საფუძველი დაუდო ადამიანის კოსმოსში გაფრენას.

როდესაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა კოსმოსში ერთობლივი კოსმოსური ხომალდი “სოიუზ-აპოლონი” გაუშვეს, დედამიწიდან ინფორმაციის გაშვებას და ხომალდიდან ინფორმაციის მიღებას ორივე სახელმწიფო თავიანთი საინფორმაციო აპარატებით ახორციელებდა. ორივე ქვეყნისათვის ცნობილი შეიქნა, რომ საბჭოთა აპარატით ინფორმაციის გაგზავნა-მიღებას ერთი წუთი სჭირდებოდა, ხოლო ამერიკული აპარატი 30 წუთის შემდეგ იღებდა საჭირო ინფორმაციას ხომალდიდან.

აქედანაც ნათლად ჩანს, რა წინ იყო საბჭოთა კიბერნეტიკული მოწყობილებები “კიბერნეტიკის მამების” მიერ შექმნილ კიბერნეტიკურ მანქანებთან შედარებით.

ზემოხსენებული ფაქტები იძლევა სურათს, რა გაუკუღმართებული მითები ითხზვებოდა სტალინის პიროვნებაზე, მის მიერ შექმნილ ქვეყანასა და მეცნიერებაზე არა მხოლოდ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებში, არამედ სტალინის მიერ ზესახელმწიფოდ ქცეულ ქვეყანაში.

მომავალში კიდევ უფრო მეტ სენსაციურ მასალას მოგაწვდით იმ ბრალდებებზე, რომლებსაც სტალინს მიაწერდნენ და რომელთა მიხედვითაც სტალინი გენეტიკას თურმე “ცრუ მეცნიერებას” უწოდებდა.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here