მთავარი ისტორია სტალინი და სახელმწიფო

სტალინი და სახელმწიფო

როგორ მართავდა სტალინი უზარმაზარ ქვეყანას

771
გააზიარეთ
სტალინი

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, დიდსა თუ პატარაში, დემოკრატიულში, თეოკრატიულში თუ ტოტალიტარულში ხელისუფალი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ არის არჩეული. დემოკრატების, რევოლუციონერებისა თუ მეამბოხეთა მიერ თანამდებობაზე დასმული ხელისუფალი ვალდებულია, ემსახუროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა, რაც იწვევს საზოგადოებაში ანტაგონიზმსა და ურთიერთდაპირისპირებას, თუმცა უფრო ხშირად მაშინ, როდესაც ხელისუფალი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელისუფლის ხელშეწყობით თავიანთ ცხოვრებაზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე საზოგადოებასა და სახელმწიფოზე.

მეამბოხეთა მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რასაც მოჰყვა ქვეყანაში ფორმაციის შეცვლა და საზოგადოებრივი საკუთრების კერძო საკუთრებაში გადასვლა, საკუთრების უდიდესი ნაწილი იმ მეამბოხეთა ხელში გადავიდა, რომლებმაც თავგანწირვა გამოიჩინა და საფრთხის წინაშე დააყენა თავისი სიცოცხლე. მეამბოხეები შემდეგ შეცვალა ცივილიზებულმა, უფრო გამოცდილმა და მოღალატე ჯგუფმა, რომელმაც თავისი ლიდერი აირჩია და შექმნა კანონები, რომლებითაც მხოლოდ დარჩენილი ქონების მიტაცება-დატაცებას აკანონებდა და დედამიწის ერთი მეექვსედი ასეული ადამიანის საკუთრება გახდა, სამასი მილიონი ადამიანი კი ყოველგვარი ქონების გარეშე დარჩა.

არაფრისმომცემი, ხალხის თვალში ნაცრის შესაყრელად გამოგონილი არჩევნებით ხელისუფლება წლიდან წლამდე ხელიდან ხელში გადადიოდა. ხელისუფლება მონებად ქცეული ადამიანების სამართავი კანონების მიღებით იყო დაკავებული. სრულიად მსოფლიო უკიდურეს ზნეობრივ და ფინანსურ კრიზისში მოექცა.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.

ვინ შექმნა ზეძლიერი სახელმწიფო? _ სტალინმა! ვინ იყო ადამიანი, რომელიც მსოფლიოში იწოდებოდა სახელმწიფოდ? _ სტალინი! “ადამიანისახელმწიფო”.

ადამიანთა მოდგმის არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში “ადამიანი-სახელმწიფოს” შექმნა უნიკალური მოვლენაა, რომელიც არც ერთ მმართველს დედამიწის ზურგზე არ შეუქმნია და, რაც ვერ შექმნა ადამიანმა, ის შექმნა ზეკაცმა სტალინმა, რომლის ქმნილებამაც 30 წელი იარსება.

სტალინი-ლენინი

როგორც პროფესორი ბორის ილიზაროვი ამბობს, “მკვლევარისა და ისტორიკოსის განზოგადოებულ სახეში სამარდჟამოდ არის ჩადუღაბებული სტალინის, როგორც მეოცე საუკუნის რუსეთის ისტორიის ფილოსოფიის იდეოლოგიის სახე. სწორედ ამიტომ სტალინიზმი, თუნდაც სახეშეცვლილი, ჯერ არ მომკვდარა, ისევე, როგორც ბონაპარტიზმი საფრანგეთში. რუსეთში სტალინიზმი ბოლომდე არასოდეს მოკვდება”.

სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევს უამრავი მკვლევარი და ისტორიკოსი, რომლებსაც პორტრეტის შექმნის სამი სხვადასხვა გზა აქვთ. ერთნი სტალინის პორტრეტს ხატავენ მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე, პორტრეტის აღქმა კი მკითხველზეა მინდობილი. ამ შემთხვევაში მკითხველის გემოვნებაზეა დამოკიდებული სტალინის შუქ-ჩრდილების გარკვევა და მის პორტრეტში შტრიხების დანახვა. მეორენი სტალინს მისი ნაშრომებითა და გამოსვლებით ირკვევენ. მისდევენ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდება მისი აზროვნება ქვეყნის განვითარებასთან ერთად. მესამენი სტალინს სწავლობენ ადამიანებთან ურთიერთობის საფუძველზე. მკვლევარი სწორედ ადამიანთან დამოკიდებულებით არჩევს ფერებს, რომლებითაც ის თავის წარმოდგენით ქმნის, პირველ რიგში, ჩანახატს, რომელსაც შემდგომ გულმოდგინედ აფერადებს ბწკარებს შორის ამოიკითხული ფარული აზრებით, რომლებიც იქ არ წერია, მაგრამ სხვაგან, სადღაც შორს ან ზეპირსიტყვიერად, ან თხზულების სახით აქვს წარმოთქმული. ჩემი სტალინიანა განეკუთვნება მესამე კატეგორიას, რომელიც არ მიეკუთვნება განსჯის სფეროს. ეს ჩემ მიერ დანახული და აღქმული სტალინია, სხვამ შეიძლება მისი პორტრეტი სულ სხვანაირად წაიკითხოს და აღიქვას. თუ ხრუშჩოვს სტალინი მშიშარა და გაუნათლებელ პიროვნებად მიაჩნია, მე პირიქით _ “უშიშარ ვითარცა უხორცო”, განათლებულთაგან კი უპირველესი.

თუ გორბაჩოვს პირადი განდიდებისთვის მებრძოლად მიაჩნია სტალინი, მე _ “კავიანი რუსეთის ატომური ბომბით შემაიარაღებლად” და სუპერსახელმწიფოდ ქცევისთვის მებრძოლად. თუ სოლჟენიცინს ასი მილიონი კაცის მკვლელად მიაჩნია, მე _ ხალხის მტრების მტრად წარმომიდგენია. ასეა, ყველას თავისი თვალსაზრისი აქვს. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მე ვდავობ იმაზე, რომ, როდესაც ხრუშჩოვი სტალინს მშიშარას უწოდებს, ეს ისტორიულად არ მტკიცდება, რადგან:

სტალინი-ლენინი

1941 წლის სექტემბერში დაპანიკებული ხრუშჩოვი სტალინის კაბინეტში შევარდა: _ უნდა დატოვოთ კრემლი, ამხანაგო სტალინ, გერმანელები ნახევარ საათში წითელ მოედანზე იქნებიან.

სტალინმა, ისე, რომ თავი არ აუწევია, ქაღალდებზე მუშაობა განაგრძო, შეშინებული ხრუშჩოვი კარგა ხნის განმავლობაში ფეხზე იდგა გაჭიმული. შემდეგ კი სტალინმა უთხრა:

_ ნიკიტუშკა, გადაიხედე ფანჯრიდან, წითელ მოედანზე არიან გერმანელები?

ხრუშჩოვს სტალინის განათლების დონე რომ განესაზღვრა, მაშინ ხალხს მართლა შეეპარებოდა ეჭვი სტალინის სიბრძნეში (ხრუშჩოვი სრულიად გაუნათლებელი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). როგორც გორბაჩოვი ამბობს, სტალინს საკუთარი თავის განდიდებისთვის რომ ეზრუნა, ის და ალილუევა ბიჭვინთაში ისეთ სამთავრობო აგარაკს აიშენებდნენ, როგორიც გორბაჩოვმა და რაისამ აიშენეს. სტალინს ისე არ ჩამოეშლებოდა სუპერსახელმწიფო, როგორც გორბაჩოვს ჩამოეშალა (და კიდევ ცოცხალია _ გრ. ონიანი).

სოლჟენიცინი გორბაჩოვის “ტყუპისცალია” და იმიტომაც მისცეს ამ ორ ნაცარქექიას ნობელის პრემია.

ვინ იყო სტალინი, როგორც მართავდა ის დედამიწის ყველაზე დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმულ უზარმაზარ სახელმწიფოს და როგორ შეიცვალა მართვის სისტემა სტალინის შემდეგ? მკვლევართა ერთი ნაწილი ამბობას, რომ 1930 წლამდე, სანამ მთლიანად არ გაიწმინდა ქვეყანა ოპოზიციისგან, სტალინი საერთოდ არ ჩანდა ქვეყანაში და არანაირ როლს არ ასრულებდაო, რაც მტკნარი სიცრუეა.

სტალინი, რომელიც თებერვლის რევოლუციამ გაათავისუფლა გადასახლებიდან, აჩინსკიდან პირდაპირ პეტერბურგში ჩავიდა და იმავე დღეს შეუდგა რევოლუციურ მუშაობას. სხვა საკითხია, რომ მას სმოლნში ყველაზე დაბალი თანამდებობა და ყველაზე პატარა ოთახი მიაკუთვნეს სამუშაოდ, რომლის კარზეც ჭიკართით მიმაგრებულ ფურცელზე სტალინის ხელით ეწერა: “ეროვნულ საქმეთა კომისარიატი”.

სტალინი იშვიათად იჯდა თავის კაბინეტში და იყო ყველგან, სადაც საქმე მოითხოვდა. სულ მალე ამ ნაპატიმრალმა და სემინარიადაუმთავრებელმა ახალგაზრდა კაცმა, როცა ნახა, რომ მოლოტოვი გაზეთ “პრავდის” რედაქტორობას თავს ვერ ართმევდა, ისე დაიწყო მთავარი რედაქტორობა, არავისთვის უკითხავს. ლენინის წერილებიც არ იბეჭდებოდა გაზეთ “პრავდაში”, თუ მას სტლინი არ ჩაასწორებდა.

სტალინი-ლენინი

1918 წელს ხორბლის მოსაგროვებლად და პურით მოსკოვის მოსამარაგებლად ლენინმა სტალინს სთხოვა სამხრეთში წასვლა, როგორც პარტიულ სამოქალაქო პირსა და პოლიტბიუროს ერთ-ერთ წევრს (პოლიტბიურო 5 კაცისგან შედგებოდა). სტალინი 6 ივნისს გაემგზავრა ცარიცინს, გზად მიმავალმა, არა მხოლოდ პურის პრობლემები დაინახა, არამედ დარწმუნდა, რომ რუსეთი სამხრეთის მხარეს კარგავდა სამოქალაქო ომის მიმდინარეობის გამო.

შეშფოთებულმა სტალინმა დეპეშა გაუგზავნა ლენინს, რომ ომის თვალსაზრისით აქ უკიდურესი მდგომარეობაა და, თუ სასწრაფოდ რამეს არ იღონებდნენ, სამხრეთი დაიკარგებოდა. როცა ლენინმა პასუხი არ გასცა, სტალინმა მეორედ უფრო საგანგაშო დეპეშა გაუგზავნა და მოითხოვა რწმუნება, რომ სამხედროები გაეკონტროლებინა. როცა ტროცკიმ არც ამ დეპეშაზე გააცემინა ლენინს პასუხი, სტალინმა აცნობა ვლადიმერ ილიჩს, რომ ვეღარ დაელოდებოდა ტროცკის ნაგლეჯ ქაღალდს და მიდის ბრძოლის ველზე, ის თავებს დააყრევინებს ყველას, ვინც აფუჭებს ოქტომბრის დიადი მონაპოვრის საქმეს და ხელი არ აუკანკალდება რევოლუციური მონაპოვრის დასაცავად. სტალინმა დამოუკიდებლად მოიპოვა სამხრეთის ფრონტის სარდლობა და გამანადგურებელი დარტყმა აგემა დენიკინს. მტრებთან ბრძოლის პარალელურად ის უწყვეტად ამარაგებდა მოსკოვს ხორბლითა და სხვა საჭირო პროდუქტებით. გამარჯვებული სტალინი მკერდზე წითელი ვარსკვლავით დაბრუნდა პეტროგრადში. სტალინის სახელი აკერია პირზე წითელი არმიის ყველა ჯარისკაცსა და პარტიულ აქტივს.

ეს არის სტალინის არცნობა და უმოქმედობა, როგორც ამას ამტკიცებს ზოგიერთი ვაიისტორიკოსი?

ტროცკის გამოგზავნილ დეპეშას ლენინმა უპასუხა:

_ მოვეთათბირები სტალინს და პასუხს მალე მიიღებთ.

ეს არის სტალინის არცნობა?..

1921 წელს, ლენინის პირველი ავადმყოფობის შემდეგ, სტალინი ურყევად იდგა ქვეყნის სადარაჯოზე, რაც ტროცკისთვის ავის მომასწავებელი იყო. ლენინისა და ტროცკის ფარული შეთანხმებით სტალინი საკანცელარიო სამუშაოზე გადაიყვანეს და ჩამოაშორეს ქვეყნის მართვის საქმეებს. მას ჩააბარეს პარტიის მდივნობა, ეს თანამდებობა ადრე ფრუნზეს მეუღლეს ეკავა შეთავსებით. სტალინი მიხვდა, საიდან უბერავდა ქარი და ლენინის ნებას დაჰყვა. ლენინმა, სტალინის ეჭვები რომ გაექრო საკანცელარიო სამუშაოზე გადაყვანის გამო, თანამდებობას სახელწოდება გაუძლიერა და მას გენერალური მდივანი უწოდა.

სტალინი მშვიდად და ნელა შეუდგა საქმიანობას. ის სკრუპულოზურად ასრულებდა მოვალეობას პარტიული მოხელისა, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდებოდა, ვიდრე ქარიშხლად არ გადაიქცა. პარტიულ კადრებთან მუშაობისას არნახული სიმტკიცე და სიფხიზლე გამოიჩინა სტალინმა. საბჭოთა კავშირის ტერიტორია მოიცვა პატარა პარტიულმა უჯრედებმა თუ დიდმა ორგანიზაციებმა. ყველა ორგანიზაციას სათავეში ედგნენ პარტიის ერთგული ადამიანები, რომლებიც, ამასთანავე, სტალინის ერთგულნიც იყვნენ. საბჭოეთი მოიცვა სტალინურმა კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც სტალინმა რატომღაც ლენინური უწოდა.

რაც უფრო სუსტდებოდა ლოგინზე მიჯაჭვული ლენინი, მით უფრო ძლიერდებოდა მისივე სახელობის პარტია, რომელიც ზოგიერთ საკითხში დამოუკიდებლობასაც კი აცხადებდა. პოლიტბიურომ სტალინს ლენინზე მეთვალყურეობა დაავალა და მოსთხოვა, ლენინის ზედამხედველობის დღის რეჟიმი წარმოედგინა პოლიტბიუროზე დასამტკიცებლად. სტალინმა ჩამოაყალიბა, როგორ უნდა დაეცვათ ბელადის სიმშვიდე და რა ღონისძიებები გაეტარებინათ მის გამოსაჯანმრთელებლად. სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე აუკრძალა სტალინმა ლენინის მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაიას ქმართან პარტიულ და სახელმწიფო საკითხებზე საუბარი. კრუპსკაიამ არად ჩააგდო სტალინის გაფრთხილება და კვლავ განაგრძო ავადმყოფ ლენინთან სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, რის გამოც გაბრაზებულმა სტალინმა კატეგორიულად აუკრძალა კრუპსკაიას ლენინთან შეხვედრაც კი მისი ნებართვის გარეშე, საუბრისას კი უთხრა:

_ ლენინთან წოლა არ ნიშნავს ლენინიზმის ცოდნას.

სხვა საკითხებს კრუპსკაიამ სტალინის მიერ მის მიმართ გამოთქმულ სალანძღავ სიტყვებს სხვა საკითხებიც დაუმატა და სარეცელზე მიჯაჭვულ მომაკვდავ ლენინს მოახსენა.

კრუპსკაიას ნათქვამმა ლენინს ადრინდელი აზრი განუმტკიცა, რომ სტალინის გენერალური მდივნობა კარგს არაფერს უქადდა მას და მის მთავრობას. ლენინმა ძალა მოიკრიბა და შემდეგი შინაარსის წერილი უკარნახა კრუპსკაიას პოლიტბიუროსთვის გადასაცემად:

“…სტალინი ძალიან უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც გასაძლისია ჩვენს გარემოში _ კომუნისტებში, გაუსაძლისი ხდება გენერალურ სამდივნოში. მეგობრებო, გთავაზობთ, კარგად აწონდაწონოთ და იფიქროთ იმაზე, როგორ გადავანაცვლოთ სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან და როგორ დავნიშნოთ მის ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიციქნება უფრო მომთმენი, ლოიალური, უფრო კეთილგანწყობილი, ზრდილობიანი და უფრო ყურადღებიანი მეგობრების მიმართ, ნაკლებად ჭირვეული და .. ეს გარემოება თქვენ შეგიძლიათ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, განხეთქილების თავიდან ასაცილებლად და ტროცკისა და სტალინის ურთიერთობის შესახებ ჩემ მიერ ზემოთქმულის გათვალისწინებით, ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი ან უმნიშვნელოა იმდენად, რომ შესაძლოა, შეიძინოს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ლენინი

აღნიშნული წერილი, “ლენინის ანდერძად” წოდებული, დერეფანში მიმავალ სტალინს ფოტიევამ (ლენინის მდივანმა) გადასცა. სტალინი გაჩერდა, წერილი წაიკითხა და დაბალი ხმით ფოტიევას მიმართა:

_ ამას ლენინი არ წერს, ამას მისი მძიმე ავადმყოფობა წერს. და წერილი ისევ ფოტიევას დაუბრუნა. ეს წერილი სრულიად საიდუმლოდ ინახებოდა კრემლის საცავებში, სანამ 1956 წელს ხრუშჩოვმა იგი მეოცე ყრილობაზე ტრიბუნიდან არ წაიკითხა.

სტალინის რკინის ნებისყოფამ და შრომისმოყვარეობამ ერთ მუშტად შეკრა კომუნისტური პარტია, როგორც კრემლში, ისე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ახლა სტალინი უძლეველ რაინდად იქცა.

ლენინის გარდაცვალების დღეს სტალინმა, რომელიც როგორც ფრონტზე, ისე ადგილზე არ ემორჩილებოდა არავის და არც ვინმეს ვალი ჰქონია (პირიქით _ მისი ვალი ჰქონდა ყველას, მით უმეტეს _ პარტიას), ლენინის ცხედრის წინაშე თავი ლენინის მოწაფედ გამოაცხადა და ფიცი დადო, რომ არ უღალატებდა ლენინის დაწყებულ უკვდავ საქმეს და ბოლომდე მიიყვანდა მას.

ბოლშევიკთა ძველ კოჰორტას სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა ამბავი, რომ სტალინი ვინმეს მოწაფე იყო, მაგრამ თავიანთი მეთაურის მხარდასაჭერად ესეც მისაღებ ლოზუნგად აღიქვეს და აიტაცეს. მას შემდეგ ტრიბუნაზე გამომსვლელები ხმამაღლა გაიძახოდნენ, რომ სტალინი იყო ლენინის საქმის გამგრძელებელი და მისი ღირსეული მოწაფე.

1925 წლის სექტემბერში სტალინმა თავს უფლება მისცა, პირველად დაესვენა შავი ზღვისპირა აგარაკზე. მის პირად არქივში დაცულია ამ დასვენების პერიოდში პასუხგაცემული საკითხები და მომზადებული დადგენილებების პროექტები, რომლებიც პარტიისა და სახელმწიფოს აღმშენებლობას შეეხებოდა. 1925 წელს შვებულებაში ყოფნისას ქვეყნის მართვის დისტანციური მეთოდი თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ სტალინი ერთხელ უკვე მართავდა ასეთ დიდ სახელმწიფოს, რაც ტრიუმფით დამთავრდა და ახლა მეორედ იწყებდა ასეთივე ქვეყნის მშენებლობას. უკვე 1925 წელს სტალინს გამოკვეთილად მიესადაგებოდა სახელწოდება “ადამიანი-სახელმწიფო”.

1928 წელს ბუხარინი თავის ძველ მეგობარ კობაზე ამბობდა:

“ის გაგიჟდა, ფიქრობს, რომ ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, გაუძლოს ყველაფერს, სხვები კი მხოლოდ ხელს უშლიან მას”.

სტალინმა ყევლაფერს გაუძლო, ყველაფრის ცოდნა გამოამჟღავნა _ დაწყებული ავიაციითა და ეკონომიკის საკითხებით, დამთავრებული დატოტვილი ხორბლის ჯიშებითა და ენათმეცნიერებით. სტალინმა აღასრულა უფლის ნება, რომელიც ასე აქვს აღწერილი მე-19 საუკუნის დასაწყისში სახელგანთქმულ ფრანგ მეცნიერსა და მეისტორიეს ერნესტ რენანს თავის წიგნშიქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა”:

მთელი საუკუნე ელოდნენ პირველი ქრისტიანები დედამიწის გარდაქმნას, მაგრამ, როცა იმედი დაეკარგათ, ათასგვარად დაუწყეს განმარტებასასუფეველს”, რომლის მოსვლაც ასე იგვიანებდაკაცობრიობამ სასუფევლის შესახებ აზრი გამოიცვალა. იესოს მოძღვრებაში დამარხულმა ნაწილმა ჭეშმარიტებისამ გაიმარჯვა იმ მოჩვენებაზე, იმ ზმანებაზე, რომელიც ამავე მოძღვრებას აბნელებდა, მაგრამ სასტიკად ნუ გავკიცხავთ ამ მოჩვენებასაც. ამ სქელ და მოუხეშავ ზეწარს იმ საღვთო მადლისას, რომელსაც დღეს ჩვენ გულში ვატარებთ. მოლოდინი საარაკო სასუფევლისა მთელი საუკუნეების განმავლობაში, დაუსრულებელი ძიება ქალაქისა ღვთისა საქრისტიანო ერისაგან, მხოლოდ დიადი ალღოა, დაუსრულებელი სულთა სწრაფვაა კაცობრიობისა სამართლიანი საზოგადოებრივი წესწყობილების დაარსებისაკენ მიმართული. ამისთვის იღვწოდა ყველა რეფორმატორი, ამასვე ფიქრობს თითოეული უკმაყოფილო თანამედროვე ცხოვრებისა”.

სტალინიზმის იდეალების წინააღმდეგ ბრძოლის წამოწყება უკვე “შორეული ამბავია”. ებრძოდნენ ათასნაირი ლოზუნგით: რომ “ადამიანი ადამიანისთვის მგელია”, რომ “სტალინიზმი ზღაპარია და ადამიანი ამისთვის ჯერ არ არის მზად”, რომ შეუძლებელია “ადამიანთა თანასწორობა”, რომ “სოციალური სამართლიანობა უტოპიაა და სხვა არაფერი”, რომ “მხოლოდ ურთიერთმტრობასა და დაპირისპირებაში მიიღწევა კარგი ცხოვრებაა”, რომ “ღმერთმა ისურვა ადამიანების გაჩენა სრულყოფილებად და მახინჯებად, მდიდრებად და ღატაკებად, თეთრებად და შავებად” და ა.შ. მე კი ვიტყვი, რომ ადამიანების დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად ღმერთის ბრალი ნამდვილად არ არის. ეს ანტიპატრიოტული, გნებავთ, ხალხთმოძულე სახელმწიფოების ბოროტი შემოქმედებაა.

როგორც კარლ კაუცკი ამბობდა, “კაცობრიობის საბოლოო მიზანი სოციალიზმია”.

ამ სამართლიანობისა და სამართლიანი სახელმწიფოს შემოქმედი ხომ სტალინია?! სტალინის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა თავის მნიშვნელობას არასოდეს დაკარგავს და იქნება სახელმძღვანელოდ, როგორ უნდა შეიქმნას სამართლიანი სახელმწიფო, რომლის პრაქტიკული მაგალითიც სტალინმა მსოფლიოს დაუტოვა, და ამ თარგზე მოიჭრება ახალი მსოფლიო.

ეს წერილი ჩათვალეთ შესავალ ნაწილად იმ ამბებისა, როგორ გაგრძელდა სახელმწიფოს მართვა, რა წყალქვეშა დინებები იყო სტალინის შემდგომ სამთავრობო ელიტაში და როგორ მოვედით დღემდე.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here