Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

1359
სტალინი

როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია

“22.10. 5 საათზე უსტალინოდ ვისაუზმეთ. კორიდორში გამოვედი და შემთხვევით ამხ. სტალინს შევეყარე. ხელში გაზეთი მეჭირა. შემომხედა, გამიღიმა, მკითხა: “რა ამბავია, ქვეყანაზე?” _ “მშვიდობამეთქი”, _ მოვახსენე მეც ღიმილით. “სჭამეთ რამე?” _ “დიახ, გეახელითმეთქი”. “არ მჯერა”, _ მიპასუხა და დაურთო: “А где документ?” _ გაიცინა და წავიდა. აინტერესებს ამხ. სტალინს სიმღერა. მოსწონს განსაკუთრებით გურული სიმღერა. აღნიშნავს, რომ სიმონიშვილი გურული სიმღერის კარგი მცოდნეა, მაგრამ სწუხს, რომ სახალხო სიმღერა გურულებს კამერულ სიმღერად გადაუქცევიათმოსწონს პაჭკორიას თაოსნობა გუნდის ორგანიზებაში. აინტერესებს ამხ. სტალინს ქართული ეთნოგრაფია (სახნავი იარაღის ისტორია). ისტორიული პრობლემების გადაწყვეტისას ეთნოგრაფიის დიდ მნიშვნელობას აღიარებსაინტერესებს ჩვენი არქეოლოგია. დიდად მოეწონა ნივთები. ყურადღებით ისმენს ბაგინეთის გათხრების შესახებ ცნობებს, საჭიროდ სცნობს არქეოლოგიური გათხრების კიდევ უფრო მეტ ინტენსივობას, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში.…

ოსმალეთის საქართველო, ჩანს, ღრმად სტკივა… იშხანს ეძებს რუკაზე (სურათი ვაჩვენეთ)… აქ სიტყვაძუნწობს. ე. თაყაიშვილის წიგნს _ “არქეოლოგიური ექსპედიცია თორთომის ხეობაში” _ ათვალიერებს… “ეს ყველაფერი ახლა განადგურებული იქნება”… ლაპარაკობს ლაზთა შესახებ. მათი ენის შესახებ კითხულობს. აღნიშნავს მათ ზღვაოსტობას, გამრჯეობას… აღნიშნავს ქართულ მოსახლეობას სმირნის ახლოს, სტამბოლის ახლო…

ახასიათებს ქართველ ტომებს: ქიზიყელებს, ქართლელებს, განსაკუთრებით უყვარს გურულები. 1902 წლიდან იგონებს გურული მუშების გამბედაობას, 1905 წლიდან გურული გლეხების გულწრფელობას, მენშევიკთა გურულ შედგენილობას (იგონებს ნოე ჟორდანიას: “ნოეპეტრეს”, “ნოე-ხუნხუზას”, ბენია ჩხიკვიშვილს, კარლო ჩხეიძეს _ პატიოსნების ნიმუშად, კაკი წერეთელს, ლორთქიფანიძეს, არსენიძეს).

იგონებს კამათს გურიაში (ჩოხატაურში, ხიდისთავში). იგონებს თაგუნას, ნიჭიერ კაცად სთვლის: “Да, он только юрист был”, _ შენიშნავს ამხ. ჩარკვიანს, რომელიც თაგუნას იუმორისტობას აღნიშნავს მხოლოდ… კუე-ს ლექსს (თაგუნას მიაწერს) იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, როგორი მოქნილი და მომჭირნეა ქართული ენა, ქართული ზმნა: გავა, ჩავა, წავა, ავა, მივა, დავა… იგონებს თავის ბავშვობას, ხელის ტკივილს, ხალხურ მკურნალობას (თურმანიძეს), სასულიერო სასწავლებელში შესვლის მიზეზს (ჩარკვიანი ხუცესი ცხრამუხიდან და სტალინის მამა).

იგონებს სემინარიაში ცხოვრებას. ქელბაქიანს, ქოქიაშვილს…

იგონებს თავის ავადმყოფობას (ტიფს შებრუნებითს) ციხეში, გადასახლებაში… იგონებს ტურუხანსკის მხარეში ცხოვრებას. გაყინვას, 18 საათს ძილს… იქაური გლეხების ცხოვრებას. მეფის მოხელის მისვლას, წელიწადში ერთხელ გამოთრობას… იგონებს ანეკდოტს იმის შესახებ, გლეხი როგორ უფრო ძვირად აფასებს ოთხფეხ საქონელს, ვიდრე ქალს. აჯავრებს მოხისელებს (დანა ერდოზე, ძროხა დასაკლავად კიბეზე მიჰყავთ. ჩვენი მამა-პაპა ასე შვებოდაო)… იგონებს მოპასანის მოთხრობას იმის შესახებ, რომ საფრანგეთშიც გლეხი ხბოს უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე საკუთარ ქალს… ახასიათებს პოლიტმოღვაწეებს: კარლო ჩხეიძეს, ხომერიკს, რამიშვილს, ჟორდანიას, წერეთელს… ახასიათებს რუზველტს, ჩერჩილს, ეტლის, ტრუმენს, ბერნსს…

აღნიშნავს რუსის ჯანმრთელობა-გაუტეხლობას, გერმანელთა ჯანსაღობას, ინგლისელ-ამერიკელების ჯანსაღობას (მათ კარგ კვებას, რეჟიმს, ჰიგიენას _ აბაზანა დღეში სამჯერ), ამერიკელთა მოუხეშაობას (ტექნიკაში), იტალიელთა ჩიაობას, ხოლო ტექნიკაში წარმატებულობას. გერმანელთა დიდ დამშევას, სუროგატებით კვების შედეგად დასუსტებას. სტალინგრადელი გერმანელების ტყვეების ნახევარი გაწყდა: ნაშიმშილევზე საჭმელი ვერ იგუეს…

რუმინეთს დიდ მომავალს უქადის; მდიდარი ქვეყანა (ტყე, პური, ღვინო, ნავთი, ნახშირი).

აინტერესებს საქართველოში სარწყავები (რუკაზე ეძებს), დადებითად უყურებს სამგორის პრობლემას (მოითხოვს, რომ ბამბა საქართველოშიც სთესონ)… აინტერესებს მეტალურგიია, ავტომობილების ქარხანა ქუთაისში, ელექტროენერგიის საკითხები… ჩაი და ჩაის რაიონები, მათი მომარაგება.

აინტერესებს მეცნიერ-მუშაკთა ცხოვრების და მუშაობის პირობები… ამისთვის მოვიცლით ეხლაო… “Мы не могли уделить должного внимания научным работникам, много их потеряли, они тихо гибли”.

იგონებს (არ ვიცი, რასთან დაკავშირებით) ლადო კეცხოველის ძმას ვანოს, სძულს ის “უსინდისო”, თავს რომ ბოლშევიკს უწოდებდა, “რახუნა”.

ეთანხმება ჩარკვიანს, რომ დღეს კახეთი ისევ უმდიდრეს კუთხედ რჩება საქართველოში, მაგრამ ციტრუსების განვითარებით, უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთი საქართველო ჩამოართმევს მას პირველობას…

სწუხს ზაქათალის შესახებ. სერგოს ამტყუნებს. _ ეროვნული საკითხისადმი კომსომოლური მიდგომის შედეგიაო, ბორჩალოს გადაცემა სურდა სომხებისთვისო…

როგორ უყვართ ამხ. სტალინი. როგორ ეხუმრება ხოლმე სუფრის გამშლელ ქალს. როგორ ზრუნავენ, რომ არ შეაწუხონ ამხ. სტალინი…

იკითხავს რასმე. უპასუხებ. თითქო არც გისმენს. ბასრი პასუხი უმალ მზადაა…

ღია ქართლური სიცილი… დაუნდობელი კრიტიკული გონება სამართებელივით სჭრის… “აბსოლუტიზმი პროგრესის თვალსაზრისით უფრო მისაღებია _ სახალხო ძალებს აერთიანებს, კლასთან ბრძოლის არეს აფართოებს, კლასთა ბრძოლას აღრმავებს… “საწყალი ივანე მრისხანე _ “ორ კაცს სიკვდილით დასჯიდა, ორ თვეს ლოცულობდა… რომ გაბედულად დაეკრა, შეიძლება 1605-1613 წლის ამბები არც კი დატრიალებულიყო…”

ქრისტიანობა მონობას ანგრევდა და ფეოდალურ ურთიერთობას ასაფუძვლებდა. აზნაურთა როლი _ სამხედრო, სამეურნეო (მეურნეობის წამყვანნი, გაუმჯობესების შემომტანნი), საზოგადოების შემდუღაბებელნი

სტალინი და ეკლესია:

ომს (ანათემას) ვუპასუხეთ ომით. დღეს სამღვდელოება სულ სხვა რიგად იქცევა და ჩვენც ჩვენი პროგრამის თანახმად სარწმუნოების თავისუფლების შესახებ თავისუფლება მივანიჭეთ ეკლესიასაც”…

იგონებს ამხ. სტალინი გურულებს: ანთაძეს (დემონსტრაცია რომ დახვრიტა), გუნთაიშვილს _ ვაჟკაცსა და გულწრფელ კაცს. მისი გადარჩენა სასურველი იყო (ის ჩვენ დროს დახვრიტეს).

სამწუხაროდ, სტალინის არც სახე (სურათი), არც მთავარი რამ მისი ხასიათისა არ იცის ფართო მასამ. არც არავინ ცდილა, გადმოეცა მისი ეს ნიშნები, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე დამახასიათებელია…

ფენომენალურია სტალინის აზროვნებისთვის დამახასიათებელი განსჯის სისწრაფე. ყოველი ახალი ცნობა, რა დარგისაც უნდა იყოს, მას ელვის სისწრაფით გადააქვს მეცნიერული და პრინციპული კრიტიკის საცდელ ქურაში და ჭეშმარიტების ულმობელობით ამ ცნობის უტყუარ შეფასებას იძლევა.

სტალინს ფოლადს ადარებენ, ასევე არ იღუნებაო. და აქ უფრო სტალინის ხასიათის სიმტკიცეს, მის პრინციპულობას უსვამენ ხაზსმაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. შეიძლებოდა შედარების უფრო შორს წაყვანა: სტალინი არა მხოლოდ ფოლადივით უდრეკია, არამედ ფოლადივით ელასტიკურიცაა, მისი გონებრივი აპარატი იმ ფოლადს უფრო ჰგავს, რომელიც იმისათვის მოიდრიკება, რომ უმალვე გასწორდეს, რომელიც მოდრეკილი არასოდეს დარჩებაფოლადური მედგრობა, ფოლადური პრინციპულობა, ფოლადური ელასტიკურობამიუმატეთ ყველა ამას სტალინი ოხუნჯი (დაუნდობელი, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასე სხვის მიმართ), სიცოცხლით სავსე, ეპიკურად მარტივი და თქვენ წინ წარმოდგება გენიოსი, რომელიც ისე შვენის მომავალ მსოფლიოს, როგორც დიდი რეჟისორი მის მიერ დადგმულ ხელოვნების შედევრს

“რამდენი მიწა მოდის კოლმეურნეობის წევრზე საქართველოში?” ამხ. კანდიდი მოახსენებს: “რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მეტად მცირე, 1-3 ჰექტარამდე”. ამხ. სტალინი აღნიშნავს, რომ სარატოვის ოლქში კოლმეურნეზე 23 ჰა მოდის, ხოლო ციმბირში ზოგან _ 170 ჰექტარიც (ამიტომ, თუ ტერიტორია გვექნება, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავასახლოთ იმდენივე ტერიტორია, რამდენიც ეხლა გვიჭირავს).

იგონებს რაჭველებს (ორჯონიკიძესთან ერთად 1926 წელს შოვიდან რომ მოდიოდნენ): _ “ჩვენ ეხლა დავიწყეთ, საით მივეჩქარებითო” _ და ეს 5 საათის სმის შემდეგ…

მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორია სტალინის მიხედვით: საქართველოს საზოგადოებრივი ზრდა და ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. პირველი ფორმულა შეიცავს საქართველოს განვითარებას “ქართლ-კახეთ-იმერეთ-სამეგრელოდან” _ საქართველომდე, საქართველოდან (საქრისტიანოდან) _ საქართველომდე (ეროვნული მომენტით), ფეოდალური ურთიერთობიდან ბურჟუაზიულ ურთიერთობამდე, ყმა-გლეხიდან _ პროლეტარიატამდე, ხელოსან-ვაჭრიდან _ კაპიტალისტამდე…

მეორე ფორმულა შეიცავს ქართველი საზოგადოების ბრძოლის სხვადასხვა ეტაპს ცარიზმის წინააღმდეგ. ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ ქართველი ფეოდალებისა. ბატონიშვილები, თავადები (ხალხის სახელით ცდილობენ გამოვიდნენ… “ფეოდალურ მონარქისტული” ოპოზიცია) ამ მოძრაობის დასასრული 1832 წლის მარცხი… გლეხთა ბრძოლა ცარიზმისა და ბატონყმობის წინააღმდეგ (წამყვანია გლეხური მოძრაობა 1841 წ., 1856 წ.).

თერგდალეულთა ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ…

ერის (ბურჟუაზიულის) შექმნისას (ბურჟუაზია და მისი ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ), პროლეტარიატი (ინტერნაციონალიზმი) და მისი ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ.

ბურჟუაზიულ კლასს რომ გაემარჯვა, მივიღებდით დამოუკიდებელ ბურჟუაზიულ საქართველოს, პროლეტარიატმა გაიმარჯვა და მივიღეთ დამოუკიდებელი სოციალისტური საქართველო საბჭოთა კავშირშიერეკლეს ანდერძის გამრუდება იქნებოდა, ბურჟუაზიას რომ გაემარჯვა: “ნამდვილი დამოუკიდებელი ბურჟუაზიული საქართველო ვერ იქნებოდა და თავისი შემოქმედებითი ძალების გაშლას ქართველი ხალხი ვერ შეძლებდა.

ისტორია პატრიოტული უნდა იყოს (ღრმა სიმართლეა. პატრიოტიზმისა და ისტორიის ურთიერთობის შესახებ სადღაც მაქვს შენიშვნა, სადაც ეს დებულებაა ნავარაუდევი (ლაპარაკი ეხება “უმცირეს ბოროტებას” _ საქართველოს რუსეთთან შეერთებას, რუსეთის პროგრესულ როლს (ობიექტურად). და ასე გაშუქებული საქართველოს ისტორია _ “Разве недостаточно патриотично будет?” და დაურთო: “ამავე დროს უნდა მოცემული იყოს ქართველი საზოგადოების ზრდა ცარიზმთან განუწყვეტელი ბრძოლის პირობებში (ლეიტმოტივი)”.

ამხ. სტალინის ისტორიული შეხედულებებიდან _ “ჩამორჩენილს სცემენ” (ცარისტული რუსეთის მიმართ აქვს გამოთქმული) _ ყველაზე ნათლად ჩვენს ისტორიაში გამოდგება – მე-19 საუკუნის ისტორიაში…

ისტორია პატრიოტული მეცნიერებაა.

იმ გაგებით, რომ პატრიოტია საზოგადოების წამყვანი კლასი, მოწინავე კლასი, შემოქმედი კლასი.

უმცირესი ბოროტება (ის მაინც ბოროტებაა, თუმცა უმცირესი). ერეკლეს უმჯობესი გამოსავალი არ ჰქონდა

დასკვნა: თუ ეს იყო ბოროტება, მაშ, ერეკლეს ანდერძი ყოფილა ბრძოლა იმისათვის, რათა ეს ბოროტება, რომელიც თან ახლდა (უკეთ, თან მოყვა) ქართველთა მრავალსაუკუნოვან ლტოლვას რუს ხალხთან კავშირისას, თავიდან მოიცილონ. ესე იგი, ბრძოლა თავისუფლების მოპოვებისათვის რუსეთთან კავშირის შენარჩუნებით. ერეკლეს ეს ანდერძი დიდმა ბარათაშვილმა განჭვრიტა, ხოლო პროლეტარიატმა პრაქტიკულად განახორციელა.

სააკაძე _ პრინციპს, უცხო ძალის მოხმარების მიუღებლობა-მისაღებლობას, განსაზღრავს მიზანი. თუ ის პროგრესულ მიზანს ემსახურება, მისაღებია და _ პირუკუ…

აზნაურობის როლი: “Централизирующий элемент феодального общества воинство, носители феодальной культуры”.

ქრისტიანობის როლი ემსახურებოდა ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებას და მონობის მოსპობას. აქედან დასკვნა: ქრისტიანობა ახალი (პროგრესული) საზოგადოების რელიგია, დიდი პროგრესული ძალაა.

ქართველი საზოგადოების განვითარება და მისი ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ.

დავით აღმაშენებელი _ “Абсолютизм на час” (მეც ამ აზრის ვიყავი).

ეჭვობს, რომ ტფილისში იმ ტიპის კომუნა იყო მე-11 საუკუნეში, როგორც დასავლეთ ევროპის ქალაქ-კომუნები. (დიახაც, საეჭვოა: ტფილისი და ქართული ქალაქები რომ ასეთები ყოფილიყო, დავითის აბსოლუტიზმი ერთსაათიანიც არ იქნებოდა)…

“Я за абсолютизм” _ მარქსის შეცდომას აღნიშნავს. მარქსი ქალაქ-კომუნების მხარეზე ჩანს მათი ბრძოლის დროს აბსოლუტიზმთან. ქვეყნის გაერთიანება კლასთა ბრძოლის გაფართოებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს.…

ოსმალური და ირანული კულტურისა არა სწამს (მარქსს ეთანხმება: ბარბაროსული საფეხური ფეოდალური ურთიერთობისა). მართლაც და ფეოდალური ურთიერთობის დაბალი საფეხურია, მაშ რა, როდესაც მიწის კერძო საკუთრებაც კი (რა თქმა უნდა, ფეოდალური) ვერ შემუშავებულა და სადაც ხანი თუ ფაშა მოხელეს ვერ გასცილებია, ფეოდალი ვერ გამხდარა, სადაც ფეოდალური ეტიკეტიც კი ვერ შემუშავებულა).

“ხალხი გადაასახლეს და კულტურულად მთელი საფეხურით უკან დასწიეს”, _ ამბობს სტალინი სპარსელებზე (ლაპარაკი ეხება ფერეიდნელებს). და განა ასევე არ დაემართა ყველას, ვინც კი ირანისა თუ ოსმალეთის კულტურა გაიზიარა, სამცხე-საათაბაგო, აჭარა… და დანარჩენი ქართველები ან აზერბაიჯანი…

მაჰმადიანობამ დასძლია ქრისტიანობასიმარტივით, სიცხადით, პრაქტიკული ხასიათით…”

მოიგონა, თუ როგორ გაიგეს აჯანყების შესახებ მოწოდება ქართლში (დროის გარეშე). რევოლუცია დამარცხდა და ქართველები შეიძრნენ, სტალინი მოვიდა მათთან და ურჩია გამოსვლისთვის თავი მოერიდებინათ, რომ ეხლა ამის დრო აღარაა. ნაწყენები აყვედრიან: შენც თავადების მხარეზე გადასულხარო… არაფერი დაიჯერეს; გამოვიდნენ, მწარედ დაისაჯნენ…

* * *

გვეხუმრება: სომხებმა გაჯობეს. ამ ომში მათ გენერალი ბაგრატიონი ჰყავთ. თქვენ, ქართველებს, კი… კანდიდი ეუბნება, რომ ჩვენ უფრო დიდი გენერლები გვყავს. წინამძღვრიშვილი მზადაა, უთხრას, რომ ეს დიდი გენერალი თვითონ სტალინია. ამხ. სტალინი მაინც ჰკითხულობს (ხუმრობით): “თქვენ ვინა გყავთ?” მე ვეუბნები: “ამას ჩვენ სომხებს დავუსახელებთ”. ეამა პასუხი. გაიღიმა… და ლაპარაკი ლესელიძეზე გადაიტანა. ნანობს მის სიკვდილს. ჩვენ ის იქ გვინდოდა მთავარსარდლად. ჭკვიანი იყო, ნებისყოფაც ჰქონდა. ქვეითი არტილერიიდან იყო გამოსული. ცუდუბრალოდ დაიღუპა თავი. ნაადრევად ადგა… შემდეგ ჰკითხულობს, თუ ჩამოვიდაო ჩანჩიბაძე…

ებრაელთა ქცევა ამ ომისას: ყველაზე ნაკლები საბჭოთა კავშირის გმირები (პროპორციულად) ამათგანაა. სამეურნეო ორგანიზაციებს უფრო ეწყობიან… სადაც ერთი გაჩნდება, სხვებს (“თავისიანებს”) შემოიკრებს. ომის საქმეს სხვებს მიულოცავენ, თბილი და უშიშარი ადგილის დაჭერას ვერავინ მოასწრებს, უნდა ითქვას, მათ შორის შეხვდები უშიშარ მეომრებს, გმირებს, მაგრამ იშვიათად, საერთოდ კი…

* * *

ესაუბრება კანდიდს მეტალურგიულ კომბინატზე, ავტომობილების ქარხანაზე ლაპარაკი შეექნათ ძარაზე – ხის იქნება თუ ლითონის. კანდიდი იცავს ლითონს, დაგეგმილიც აგრეაო. სტალინმა, _ ლითონი ჩვენ მილებისათვის გვჭირდებაო. კანდიდი ტყის ნაკლებობაზე მიუთითებს ჩვენში… სტალინი ტყის წესიერი მეურნეობის საჭიროებაზე მიუთითებს: დროა, “ღვთისაგან გაჩენილი” ტყის ამარა აღარ ვიყოთო”. “Что Бог посадил”.

კითხულობს მორწყვის შესახებ. მოხაზავს რუკაზე მოსარწყავ რაიონებს საქართველოში… სამგორზე შეჩერდება საუბარი… სტალინი მზადაა, დაიცვას სახკომსაბჭოში ეს წამოწყება, თუ საქართველო ბამბის თესვას შეუდგება…

“Не могу же я утверждать, что дважды два 72. Дайте мне достаточно оснований для защиты”. ესე იგი, ბამბის კულტურა საქართველომაც იტვირთოს, ისე, როგორც სხვა სამხრეთელმა რესპუბლიკამო. ამხ. კანდიდიც სთმობს.

* * *

იგონებს ერთს შემთხვევას ავადმყოფობისას (საუბარი ეხებოდა ორგანიზმის გამძლეობას). ამხ. სტალინი გადასახლებაში გაეგზავნათ. გზაში ავად შექმნილიყო. სადღაც ქალაქის (ვოლგის აუზში) სატუსაღოში იწვა. ოდნავ როგორც კი მომჯობესდა, წამოდგა, თუმცა არ ურჩევდნენ, და გზა განაგრძო. “ადგილზე მისვლა მეჩქარებოდა: უკან გამოქცევას ვეშურებოდი სამუშაოდ…” საშინელ პირობებში მივდიოდითო. “ერთ ქალაქში გაგვაჩერეს. სატუსაღოში, 25-ადგილიან საკანში 75 კაცი მოგვათავსეს. დასაწოლი არ იყო. ვისხედით იატაკზე. მე 40 გრადუსი სიცხე მქონდა… უცბად ოფლი მომივიდა, სულ ერთიანად დავსველდი. ჩანს, კრიზისმა გაიარა. გადავრჩი. გზა განვაგრძეთ… იმ გადასახლებიდან მალე გამოვიპარე”. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთელ სიგრძეზე ამხ. სტალინი განუხრელად ქართველი პატრიოტი იყო.

სტალინი შეკუმშული ენერგიაა, უშრეტი ენერგია. ის არ ზის (ჯდომა მისთვის დამახასიათებელი არაა), დგას (მოხდენილად), მიმოდის მჩატე ნაბიჯით (ჩანს, მუხლი მოსდევს), კვლავ დადგება, ხშირად აბოლებს ყალიონს, ოხუნჯობს, მსჯელობს, სულ დგას, იშვიათად დაჯდება სავარძელში. ერთიორი წუთით, უმალვე წამოდგება (თითქოს წასცდა დაჯდომაო). ქართულ ლიტერატურაზე საუბრობდა. კოწია გამსახურდიასდიდოსტატის მარჯვენიდანრაღაც ადგილი გაახსენდა “Я Вам сеичас покажу”- და უმალ წავიდა. მეორე სართულიდან პირველში ჩავიდა და თავისი საწოლი (თუ სამუშაო) ოთახიდან წიგნი ამოიტანა. ამასობაში სულ ორი წუთი თუ გავიდა, მეტი არა, საინტერესო ადგილი წიგნისა უკვე ეპოვა. გადაშალა და წაგვიკითხა და იოხუნჯა: “ზასილიე”.

გრიგოლ ონიანი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here