მთავარი ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია

802
გააზიარეთ
ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი

იყო თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული გაუგონარი რეპრესიები, რომლებზეც წინა წერილებში დავწერე, პოლიტიკური დაკვეთა? იყო თუ არა ეს ინტელიგენციის განადგურების გეგმა და რესპუბლიკაში ყოველგვარი მეცნიერული წამოწყების ჩახჩობის მცდელობა? არა და არა! ამ ტრაგიკულ მოვლენას ხელისუფლებასა და პოლიტიკურ დაკვეთასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაშინ რატომ სუფევდა უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში ასეთი განუკითხაობა?

ერთი ლირიკული გადახვევა: 1930-იან წლებში, როგორც ჩანს, მოდური იყო აეროსტატების გაშვება საბჭოთა სიმბოლიკით. მორიგი აეროსტატი მომზადებული იყო გასაშვებად, როდესაც პოლიტბიუროს სახელით ჟდანოვმა სტალინს მოახსენა, რომ მეორე დღეს, დილის 6 საათზე, დასწრებოდა აეროსტატის საზეიმო გაშვებას. სტალინმა ჟდანოვს უპასუხა: მე მაგ საქმისა არაფერი გამეგება, უხელმძღვანელეთ თვითონ”. ბრძანება გასაგები იყო და ჟდანოვიც აეროსტატში ჟანგბადის ჩატუმბვის პროცესის დასაკვირვებლად დანიშნულ ადგილზე გაემართა. მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობდნენ, მაგრამ გამთენიისას მოხდა უბედურება _ ჟანგბადი, რომელიც აეროსტატში იტუმბებოდა, აფეთქდა და ტრაგედია დატრიალდა. როგორც მომსახურე პერსონალი, ისე ჟდანოვი თავზარდაცემული გარბი-გამორბოდნენ. ჟდანოვი მომხდარს განსაკუთრებით განიცდიდა და ხშირად იმეორებდა სიტყვებს: “რა ძნელია იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რომელშიც სტალინი არ არის გარეული”. ეს მომენტი იმიტომ გავიხსენე, რომ უნივერსიტეტის ტრაგედიასთან სტალინი არაფერ შუაშია, ისე, როგორც ბევრ სხვა ქართულ საქმეში (რეპრესიების საკითხებში). როგორც პროფესორი ვახტანგ გურული შენიშნავს, “საქართველოში სტალინი არავის სჭირდებოდა, რუსეთი კი მას მოუთმენლად ელოდა”.

სტალინს, 1927 წლის თბილისური ვოიაჟის შემდეგ, რომელიც ნაძალადევის რკინიგზელთა შეხვედრითაა ცნობილი, და იქ მის მიმართ გამოთქმულმა შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა (სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვ.) საბოლოოდ განუმტკიცა აზრი, რომ მას საქართველოში აშკარა მტრები ჰყავს.

ისევ პროფესორ ვახტანგ გურულს დავიმოწმებ: “1921 წელს საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. საბჭოთა საქართველოში პირველკაცობდა ილიას უპირველესი უარმყოფელი, ქართველი ბოლშევიკების მეთაური ფილიპე მახარაძე. ის ესწრაფვოდა, ილიას ნააზრევისა და ნაღვაწის, ილიას გზის უარყოფა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აეყვანა. იოსებ სტალინი ფილიპე მახარაძეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ადანაშაულებდა და ხშირად არაორაზროვნად შეახსენებდა მას ამ დანაშაულს. 1921-1931 წლებში იოსებ სტალინი ფილიპე მახარაძის ქმედებას კონტროლს ვერ უწევდა, ძველი ბოლშევიკი იოსებ სტალინს არ ერიდებოდა და ხშირად განზრახ აღიზიანებდა კიდეც (ვ. გურული, “მეფე მამა”, გვ. 192).

სტალინი ხშირად შეგნებულად არიდებდა თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ისეთს, როგორიც იყო ილიას იდეური განადგურება და მოსპობა, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლიდა და არც აუარა. მან ღირსეული პატივი მიაგო თავისი სათაყვანებელი ერის მამას ჯერ 1934 წელს მწერალთა საკავშირო ყრილობაზე, ხოლო შემდგომ _ 1937 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში ზარზეიმით აღინიშნა ილია ჭავჭავაძის 100 წლისთავი.

ასეთივე რამ განმეორდა დიდი ივანე ჯავახიშვილის მიმართაც. როდესაც მისი განკითხვის დღე დადგა, ქართული ინტელიგენციის ქომაგმა ალექსანდრე სვანიძემ (სტალინის ცოლისძმა) საქმის კურსში ჩააყენა სტალინი, რომელიც ძირფესვიანად იცნობდა, როგორც ივანე ჯავახიშვილის ფასდაუდებელ ისტორიულ გამოკვლევებს და თვით ავტორსაც. გაკვირვებით ჰკითხა კიდეც ალექსანდრე სვანიძეს: “ნეტავ ვინ ჰყავთ უფრო დიდი მეცნიერი ქართველებს, ასე უბრალოდ რომ იმეტებენ? საქართველოში იმიტომ არ იზრდება ინტელიგენცია, რომ ყველა ყველას წინააღმდეგია”.

ალექსანდრე სვანიძემ სტალინს წარუდგინა 1936 წლის 23 მარტს უნივერსიტეტის რექტორ კარლო ორაგველიძის 3-საათიანი მოხსენების ტექსტი და ამ მოხსენების გარშემო მიმდინარე “დისკუსიის” სტენოგრამა, რომელსაც დართული ჰქონდა, აგრეთვე, ივანე ჯავახიშვილის მიერ თავის მეგობარ ვარლამ დონდუასადმი გაგზავნილი წერილი პეტერბურგში, რომელშიც ეწერა:

“…განახლდა ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა .. უნივერსიტეტში. რექტ. ორაგველიძემ სამსაათიანი მოხსენება წაიკითხა ტში, რომელშიც ყველა ჩემი ნაშრომის უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა იმის გამო, რომ მარქსისტული არ არის, რაც არავისთვის ახალ აღმოჩენას არ წარმოადგენდა. ამას მოჰყვაკამათიოთხი დღის განმავლობაში, რომლის დროსაცზოგმა ჩემს ყოფილ მოწაფეთაგანმაც თავი ისახელა. ამბობდნენ, რომ ეს ვითომც ჩვეულებრივი კამპანიის დასაწყისია და ყურადღება არ უნდა მიაქციოთო” (აკ. როინ მეტრეველი, “ივანე ჯავახიშვილი 130”, გვ. 26.).

სტალინი დეტალურად გაეცნო ივანე ჯავახიშვილის სრულიად უსაფუძვლო განქიქებას და მისმა რეაქციამაც არ დააგვიანა:

იმავე 1936 წელს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. არა მხოლოდ შეწყდა ივანე ჯავახიშვილის კრიტიკადევნა, არამედ ცხოვრების ჩარხი მეცნიერისთვის სასიკეთოდ შემობრუნდა. მალე დაინიშნა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მუდმივ სწავლულ კონსულტანტად. არჩეული იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, განაგებდა საქართველოს მუზეუმის ისტორიის განყოფილებას, უშუალოდ ხელმძღვანელობდავეფხისტყაოსანის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობას, დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით” (აკადემიკოსი როინ მეტრეველი, “ივანე ჯავახიშვილი 130”, გვ. 28).

1938 წლის 25 მაისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მუშაობა დაიწყო საიუბილეო სამეცნიერო სესიამ, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის გახსნის 20 წლისთავს. ფარდა გაიხსნა და სცენაზე გამოჩნდა უნივერსიტეტის ბალავრის გამჭრელი და კირითხურო, დიდი ივანე ჯავახიშვილი. სააქტო დარბაზში იქუხა ტაშმა და შეძახილებმა: “გაუმარჯოს უნივერსიტეტის დამაარსებელს, დიდ ივანე ჯავახიშვილს!” შეძახილები ოვაციაში გადაიზარდა. მუდამ მოკრძალებული ივანე ჯავახიშვილი შეწუხებული, მაგრამ შინაგანად ამაყი, დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მაგრამ ოვაცია არ წყდებოდა. თავდახრილ და ჩაფიქრებულ დიდ მეცნიერ ივანე ჯავახიშვილს, ვინ იცის, “რა ოცნება სად აფრენდა” (აკაკი).

მის თვალწინ, ალბათ, კალეიდოსკოპური სიჩქარით ჩაირბინა უდიდესი შრომის წლებმა, სიხარულმა და წყენამ, შემზარავმა ცილისწამებამ და დამცირებამ, “ახლო აგარაკზე” ყოფნისას წითელ ხალიჩაზე ხელკავითა და მოწიწებით გამოცილებამ. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ მირთმეული ყვავილების თაიგულებში ჩაფლული, განაწამები და დაღლილი ქართული მეცნიერების პატრიარქი ორი საათის განმავლობაში დარბაისლურად, მშვიდი ხმით ყვებოდა უნივერსიტეტის აღმშენებლობაზე. მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც ამ სააქტო დარბაზში გამოიარა სრულიად დაუმსახურებლად.

ივანე ჯავახიშვილმა აღფრთოვანებით ისაუბრა ქართველი ერის განვითარების საკითხებზე რევოლუციის შემდგომ პერიოდში და დაგმო ის დრო, როდესაც ქართველი კაცი კარგავდა ეროვნებას და ენას; გაიხსენა, თვითონაც როგორ კარგავდა გვარს, როდესაც გვარი ჯავახოვად გადაუკეთეს. და ბევრი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებიც კი გადაჩვეული იყვნენ ქართულად მეტყველებასა და აზროვნებას. მან ასეთი მაგალითი მოიყვანა: “სამკურნალო მეცნიერებაში ცნობილია ერთი შემთხევვა: ქალმა განაცხადა ჟინიანობის გამო, _ იმიტომ რომ მშობლებმა არ აუსრულეს სურვილი, _ ოცი წლის განმავლობაში არ ვილაპარაკებო. ეს ამბავი მოხდა ამერიკაში. ოცი წლის შემდეგ, როდესაც მოიწვია თავისი ახლობლები, რათა საზეიმოდ დაემტკიცებინა, რომ მან აღასრულა აღთქმა და ოცი წლისთავზე დაიწყებდა ლაპარაკს, მან მხოლოდ პირისა და ტუჩების ამოძრავებაღა შესძლო, მაგრამ არც ერთი ბგერა აღარ აღმოხდა, მოდუნებული ჰქონდა ის აპარატი, რომელიც მეტყველებას განაგებდა”.

ჩვენი თხრობის მიზანი მაინც ის არის, როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია. დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს და მინდა, მკითხველს გავაცნო ივანე ჯავახიშვილის შემოქმედების ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარის, სერგო ჯორბენაძის, ჩანაწერი თავის წიგნში “ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა”:

“1940 წლის 14 ოქტომბერს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ლიტერატურისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში შედგა თათბირი, რომელიც მიეძღვნა ივ. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას, ნ. ბერძენიშვილისა და გ. ხაჭაპურიძის მიერ შედგენილი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს მაკეტის განხილვას. თავმჯდომარეობდა გ. ახვლედიანი. ინსტიტუტის დირექტორისა დაწიგნის თანაავტორის, ს. ჯანაშიას, შესავალი სიტყვის შემდეგ, მაკეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: გ. ნიორაძემ, გ. ჩუბინაშვილმა, აბ. კიკვიძემ, ა. ჩიქობავამ, მ. გოგიბერიძემ, გ. ტივაძემ, ნ. მახარაძემ, პ. გუგუშვილმა. შემდგომ სიტყვა წარმოთქვეს თანაავტორებმა: ივ. ჯავახიშვილმა, ს. ჯანაშიამ და ნ. ბერძენიშვილმა. ივანე ჯავახიშვილი მაკეტის მარტო იმ ნაწილს კი არ განიხილავს, რომელიც მის მიერაა დაწერილი, არამედ იცავს იმ დებულებებსაც, რომლებიც საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდს ეხება და რომლის ავტორია ს. ჯანაშია. ეს მით უფრო ნიშანდობლივია, რომ მაკეტი საერთო რედაქციის გარეშე დაიბეჭდა. უაღრესი ინტერესით იკითხება ივანე ჯავახიშვილის სიტყვა, რომელშიც მეცნიერული სიღრმე და მასშტაბურობა ერწყმის მგზნებარე პოლემისტის დარბაისლობას. სიტყვის დასაწყისში ივ. ჯავახიშვილი გადმოგვცემს სახელმძღვანელოზე მუშაობის დროს წარმოშობილ სიძნელეებს, განსაკუთრებით აღნიშნავს საშუალო სკოლებისათვის სახელმძღვანელოების დაწერის სირთულეებს. ამას ისიც აძნელებდა, რომ დრო მცირე იყო სახელმძღვანელოს შესადგენად. ამის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი პასუხობს შენიშვნებზე, რომელთაც იგი არ ეთანხმება.

ა. კიკვიძე შენიშვნას აკეთებს, რომ მხოლოდ ზოგადი მსჯელობაა მეშვიდე-მეცხრე საუკუნის საქართველოში კლასთა ბრძოლისა, მიწისმოქმედ მდაბიოთა და მემამულეთა ბრძოლის სინამდვილიდანო. ივანე ჯავახიშვილი ამაზე პასუხობს, რომ შენიშვნებში ხშირად გათვალისწინებული არაა შესაძლებლობა. იყო საყვედური, რომ გლეხთა მოძრაობა არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ჯერ უნდა იცოდეთ, არის თუ არა ასეთი ცნობები ძველი ხანის შესახებ და შემდგომ “რასაკვირველია, ეს შენიშვნა სამართლიანი იქნებოდა. რამდენადაც ცნობები მოგვეპოვება, ეს გამოყენებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტაა ეს ცნობები, ახლა ჩვენ რომ ხელოვნურად, სქემის მიხედვით დავწეროთ, მოგეხსენებათ, ეს უკვე დაგმობილი წესია წერისა, და ამნაირად შეუძლებელი იყო, რომ სახელმძღვანელო შედგენილიყო”.

გ. ნიორაძე შენიშნავდა: “სწორია, რომ ყველაზე ადრე ადამიანმა მოაშინაურა ძაღლი, მაგრამ ძაღლის შემდეგ ადამიანმა მოაშინაურა ღორი. მაკეტში კი შეუბრუნებიათ დასახელებული”. ივანე ჯავახიშვილი ეთანხმება გ. ნიორაძეს, რომ მართლაც არის მიღებული ასეთი დებულება და მისი დასაბუთება ქართული მასალებითაც მშვენივრად შეიძლება დამტკიცდეს, მაგრამ ყველგან ასე არ ყოფილა. “არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ღორი გვიან ჩნდება და სახელმძღვანელოს ამ ნაწილში, როდესაც ჩამოთვლილია ეს ცხოველები, რასაკვირველია, ავტორს ნაგულისხმევი არ უნდა ჰქონდეს უეჭველად ქრონოლოგიური რიგი. რასაკვირველია, ყველაზე ძნელად აღსაწერი უძველესი ხანის ისტორია იყო და ახლო მომავალში, ალბათ, ბევრი რამ შესაცვლელი გახდება. ბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ: “ყველაფერი იცვლება და არაფერი არ რჩებაო”, მით უმეტეს მეცნიერებაში, მით უმეტეს უძველეს ხანაში, რომლისთვისაც ჩვენ საკმარისი ცნობები არ მოგვეპოვება”.

ივანე ჯავახიშვილი შემდგომ განიხილავს იმ შენიშვნებს, რომლებიც, მისი აზრით, საკამათო არ უნდა ყოფილიყო. პროფ. მ. გოგიბერიძეს არ მოსწონს ასეთი მტკიცება მაკეტში: “ქრისტიანობამ ძველი ქართული წარმართული მწერლობა მოსპო, თვითონ კი თარგმანები დაიწყო”. მ. გოგიბერიძის აზრით, “კატეგორიული წინადადების” სახით არის ნათქვამი, რომ არსებობდა წარმართული მწერლობა მანამდე, სანამ ქრისტიანული მწერლობა გამოჩნდებოდა. რაც დაწერილია ჩვენი ისტორიის შესახებ თუ ლიტერატურის ისტორიის შესახებ, ყველა წამიკითხავს, მაგრამ ამგვარი დოკუმენტის არსებობა არსად მინახავს, მისი არსებობა ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია, შესაძლებელია, ასე გამოთქმულიყო, რომ “ქრისტიანობამ შეიძლება მოსპო და სხვ.” ამ საკითხზე ივანე ჯავახიშვილს უაღრესად დამაჯერებელი პასუხი აქვს. “მაგალითად, სახელმძღვანელოში არის აღნიშნული, რომ ქართველებს წარმართობის ხანაში დამწერლობა და მწერლობა ჰქონდათ. თითქოს ეს ეროვნული თავმომწონეობის ან მწვანე კიტრის მკვეხარას ნაყოფი უნდა ყოფილიყოს, მაგრამ ასე არ არის საქმე. ჩვენ ამის შესახებ ისტორიული ცნობა მოგვეპოვება _ უცხოელის, რომელიც ქართველი არ არის. რატომ არ უნდა დავუჯეროთ ამ ცნობას? ეს ერთი. მეორეს მხრით, მარტო ეს ცნობა რომ ყოფილიყო, იქნება ეჭვი შეგვეტანა, მაგრამ სხვა ცნობებიც არსებობს და ამას გარდა თვით ფაქტები ცხადჰყოფენ, რომ მეხუთე საუკუნეში არ ყოფილა ქართული ანბანი გამოგონილი. ჩვენ მეხუთე საუკუნის თხზულება გვაქვს შენახული, მშვენიერი ქართულით დაწერილი, ნამდვილი მხატვრული ნაწარმოებია და როგორ შეიძლება, რომ ასეთი თხზულება ერთბაშად გამოჩენილიყო, მწერლობა რომ არ ყოფილიყო. სრულებით დაუჯერებელი ამბავია. ამის შესახებ ცნობილი სპეციალისტ, ბელგიელი მეცნიერი პეეტერსი მეკამათებოდა და ამტკიცებდა, რომ ეს უფრო ეროვნული გრძნობით ნაკარნახევი აზრია, ვიდრე სინამდვილე და “შუშანიკის მარტვილობის” შესახებ განაცხადა მან, რომ ეს თხზულება მეთორმეტე საუკუნის ნაწარმოებიაო. ის ამტკიცებდა იმასაც, რომ ვითომ ჯავახიშვილის ავტორიტეტმა პროფ. აკაკი შანიძეც კი შეაცდინა ბოლნისის წარწერის საკითხში. ეს წარწერა მე მეექვსე საუკუნის დამდეგისად დავათარიღე და ბოლნისის გათხრის დროს აღმოჩნდა თარიღიანი წარწერა ამ ძეგლის აშენების შესახებ და მაშინ გამოირკვა, რომ შეცდომა მხოლოდ რამდენიმე წლით მომსვლია. მე არ მგონია ეს დიდი შეცდომა იყოს და ისევე, როგორც თვით პეეტერსი შეცდა, მე ვფიქრობ, რომ შემცდარი არიან ყველა სხვა პირები, რომლებიც ჯერ კიდევ იმეორებენ ძველი სომეხი მწერლის _ კორიუნის ზღაპრებს, ვითომ მესროპმა შეთხზა სომხების, ქართველებისა და ალბანელებისათვის ანბანი. ეს ზღაპარია, მით უმეტეს, რომ კორიუნზე უძველეს სომხურ ძეგლში ამის მსგავსი ცნობა არ მოიპოვება. ამაზე მეტის თქმაც შეიძლება. ქართული ანბანის თვით მოხაზულობა ისეთია, რომ ის არ შეიძლება წარმართობის ხანისა არ იყოს. ამგვარად, არათუ ქართული დამწერლობა წარმართობის ხანისა უნდა იყოს, არამედ უძველეს ხანას ეკუთვნის. რატომ არ უნდა იყოს ეს ნათქვამი, როდესაც ჩვენ ასეთი უცილობელი საბუთები მოგვეპოვება? თუნდაც სხვებმა ჯერჯერობით არ გაიზიარონ, რაც ჩვენ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, სრული ზნეობრივი უფლება გვაქვს, რომ ასეთი ცნობა და დასკვნა მოვიყვანოთ”.

მ. გოგიბერიძე შენიშნავდა: “არ ვთვლი თავს კომპეტენტურად, მაგრამ უნდა გავაკეთო ეს შენიშვნაც. იგი შეეხება იმ ნაწილს, რომელიც დამუშავებულია ისეთი სპეციალისტის მიერ, როგორიც არის აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი და შეეხება საკითხს, შესაძლებელია თუ არა იყოს დემოკრატიული წყობილება აბსოლუტური მონარქიზმის პირობებში. უდიდესი პატივისცემა ჯავახიშვილის მიმართ ხელს უშლის ბევრს, რომ ამაზე არ ამბობდნენ. აქ ისეთი თვალსაზრისია გატარებული, რომ მოვიდა ათონიდან დიდი ქართველი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი და შემოიტანა პირველად სინამდვილეში იდეები დემოკრატიული დამოკიდებულებისა მმართველსა და იმათ შორის, ვინც იყო მართველობის ობიექტი. მერე სულ ეს აზრია გატარებული, რომ ამ სისტემის დემოკრატია თანდათან გადადის საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში. მე ვსვამ საკითხს, დამთავრებულ ფეოდალურ სახელმწიფოში თუ შეიძლება ვიხმაროთ ტერმინი დემოკრატიზმი”.

როგორც ხედავთ, ავტორს მოსწონს თავისი შენიშვნა და სწამს მისი უცილობლობა. ივანე ჯავახიშვილი ეჭვს არ ტოვებს თავისი პასუხით:

“ეხლა საკითხი დემოკრატიული წეს-წყობილების შესახებ. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში არსად ნათქვამი არ არის, რომ ძველ საქართველოში დემოკრატია იყო. თუ გულდასმით წაკითხული გაქვთ, აქ საუბარია მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შესახებ. თუ დასავლეთ ევროპის საშუალო საუკუნეების ისტორია, მით უმეტეს ჰარნაკს რაკი ასახელებთ, წაკითხული გაქვთ, გეცოდინებათ, ფრანცისკ ასიზელის ღვაწლი რაში მდგომარეობდა. სწორედ სამონასტრო წეს-წყობილებაში დემოკრატიული მიმართულების შეტანა ითვლებოდა მის დამსახურებად. ეს იქ უფრო გვიან მოხდა, საქართველოში კი _ უფრო ადრე. როგორც დასავლეთ ევროპაში არავის ფიქრად არ მოსვლია, ეს მოვლენა თანამედროვე დემოკრატიად გაეგო, ისე მე მეგონა, როდესაც ამას ვწერდი, მკითხველი მიხვდებოდა, რაზეა საუბარი, მით უმეტეს, რომ იქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ ბრძოლა იყო წოდებრიობის წინააღმდეგ და წოდებრიობის უპირატესობის უარსაყოფად პირად ღირსებასთან შედარებით. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, დავით აღმაშენებელმა დაიწყო სისტემატური ბრძოლა. თანდათანობით ეს განხორციელებულ იქნა, მაგრამ დავით აღმაშენებელმა ეს შეძლო იმის წყალობით, რომ პირველად ეს გიორგი მთაწმინდელმა წამოაყენა. ისევე, როგორც დასავლეთ ევროპაში სამონასტრო წიაღში წამოიჭრა ეს აზრი, საქართველოშიც ამნაირადვე მოხდა. მაგრამ გიორგი მთაწმინდელი პირველი არ ყოფილა, ექვთიმე მთაწმინდელიც ამასვე მისდევდა. ამისათვის საქართველოში ხანგრძლივი ბრძოლა სწარმოებდა და ამაზე სახელმძღვანელოში საუბარი შემთხვევით ცნობაზე არ არის დამყარებული. ხოლო რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შემდეგში ეს სახელმწიფო წესწყობილებაშიც იყო გამოყენებული, მე მგონია, ეს თვით იმ ტერმინოლოგიითაც მტკიცდება, რომელიც სახელმწიფოში მომხდარი ცვლილებების შესახებ მოთხრობის დროს თანამედროვე ისტორიკოსს გამოყენებული აქვს. ამგვარად, ეს შიში, არა მგონია, სამართლიანი იყოს. აქ არავითარი არც ტენდენციური, არც ანაქრონისტული გაშუქება არ არის. საქართველოს ისტორიის უკუღმართობის გამო ის, რაც მოპოვებული იყო დავით აღმაშენებლისა და მომდევნო ხანაში, ისე ვერ განვითარდა, როგორც დასავლეთ ევროპაში, მაგრამ ეს უფლებას არ გვაძლევს, რომ ამ საკითხს გვერდი ავუხვიოთ საქართველოს ისტორიაში”.

მკითხველს უნდა განვუმარტო: ასეთი დიდი მოცულობის ამონარიდი იმიტომ წარმოვადგინე, რომ ბევრს ჰგონია, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები სვიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი არიან მხოლოდ. სინამდვილეში საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო თავიდან ბოლომდე “ქართველი ერის ისტორიის” მოკლე კურსია, რომლის დედაც და მამაც მხოლოდ და მხოლოდ ივანე ჯავახიშვილია.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here