მთავარი ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია

822
გააზიარეთ
ივანე ჯავახიშვილი

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც პირველი შეიქმნა მოძმე რესპუბლიკებს შორის 1930-იანი წლების ბოლოს, საქართველოს ინტერესებისთვის კი არ იყო დაწერილი, არამედ სტალინს სურდა, ტროცკისთვის დაემტკიცებინა, რომ მის ქვეყანას ასეთი შორეული და მდიდარი ისტორია ჰქონდა.

1934 წელს, როდესაც მოსკოვში გამართულ საკავშირო მწერალთა ყრილობაზე მალაქია ტოროშელიძეს ქართული მწერლობის შესახებ მოხსენება წააკითხა, რომელიც, ძირითადად, სტალინის თვალსაზრისსა და დებულებებზე იყო აგებული, სტალინის ქართველმა მტრებმა ესეც სტალინის პირად ამბიციებს მიაწერეს, რადგან მას თურმე სჭირდებოდა მტკიცება, როგორი კულტურის მქონე ერის შვილი იყო ეს “უპატრონო ჭორფლიანი” კაცი.

როდესაც 1937 წელს მსოფლიოსა და, კერძოდ, იუნესკოს შოთა რუსთაველის იუბილე აღანიშნინა და მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკის თავზე მსოფლიოს გენიოსთა სკულპტურულ გამოსახულებებს თავში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაუყენა, ესეც თურმე თავის გამოჩენისთვის გაუკეთებია სტალინს.

ფაშიზმი რომ დაამარცხა და ჰიტლერს მისივე ბუნაგში მოუღო ბოლო, ესეც, ეტყობა, თავის გამოსაჩენად გააკეთა, თორემ რას ერჩოდა “მერსედესისა” და საუკეთესო ლუდის შემქმნელებს, ამდენი ხალხი რომ ჩახოცა?!

ივანე ჯავახიშვილი მოხიბლული იყო ნიკოლოზ ოსტროვსკის რომანით “როგორ იწრთობოდა ფოლადი”. მას ყველაზე მეტად ის ადგილი მოსწონდა, სადაც წერია:

ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და საჭიროა, ისე იცხოვრო, რომ მწარედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლებისთვის, რომ არ გწვავდეს სირცხვილი უსინდისო და წვრილმანი წარსულისათვის, რომ სიკვდილის დროს შეგეძლოს თქვა: მთელი ცხოვრება და ძალღონე შევალიე ქვეყანაზე ულამაზესს _ კაცობრიობის გათავისუფლებისათვის ბრძოლას “.

ამ სიტყვებიდან ივანე ჯავახიშვილისთვის ყველაზე მეტად მემეტება: “საჭიროა, ისე იცხოვრო, რომ მწარედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლებისათვის, რომ არ გწვავდეს სირცხვილი უსინდისო და წვრილმანი წარსულისათვის”.

ივანე ჯავახიშვილი სხვა ფენომენია, მან საფლავში ჩაიტანა მწარედ ნატკენი და ორად გახლეჩილი გული. პროფესორის მაღალი კათედრიდან ბევრი უნახავს უსინდისო და წვრილმანი წარსულისათვის სირცხვილნაჭამი თავისი გამოზრდილი. ან კი რა გულმა, რა ნერვებმა, რა სისხლმა და მოთმინებამ გაუძლო იმ ჯვარცმას, რომელიც მისმა მოწაფეებმა გოლგოთის გრძელ გზაზე მიმავალს აკადრეს.

ოსტროვსკიც, ალბათ, განსაკუთრებით იმიტომ უყვარდა ჯავახიშვილს, რომ მის რომანში დაინახა, როგორ იწრთობოდა ფოლადი. დიახ, ივანე ჯავახიშვილი ის მადანი იყო, რომლისგანაც ჩამოისხა ფოლადი და ქართველმა ხალხმა “სამუდამო საბრძოლო იარაღად” (სტალინი), ხმლად აქცია, რომელსაც, საუბედუროდ, დღეს ვეღარ იქნევს მტრის წინააღმდეგ ქართველი ხალხი, მაგრამ ამის დროც დადგება.

გაგაცნობთ ზოგიერთ ამონარიდს “სამსჯავროს სხდომიდან”, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა 1930 წლის 13 დეკემბერს და ოთხ დღეს გრძელდებოდა.

ივანე ვაშაყმაძე, რექტორი:

“მეცნიერებას საქართველოში დაეპატრონა ნაციონალიზმი, ყველაფერი ის, რაც არ უწყობს ხელს ნაციონალიზმს, ნაციონალური სულის განმტკიცებას, დევნილია. ივანე ჯავახიშვილი მეთოდურად მხოხავი ემპირისტია და ანტიმარქსისტი. ისტორიულ აზროვნებაში ჩამორჩენილობისთვის მას უმთავრესი ბრალი მიუძღვის. მისი ისტორია არ არის ისტორია, როგორც მეცნიერება, მასში არათუ წინსვლა, უკანდახევაა”.

პეტრე შარია:

“თუ ჯავახიშვილი თავის პოზიციებს არ გადასინჯავს, არ დააკვირდება კარგად, ვერ იხსნის ვერაფერი, რაც უნდა კარგი დამსახურება ჰქონდეს”.

ცხაკაია:

“ივანე ჯავახიშვილი არ წარმოადგენს ისეთ დიდ პიროვნებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, და არც ისეთი მეცნიერია”.

ყალიჩავა:

“რას წარმოადგენენ წერეთელი და ჯავახიშვილი, მე ვიცი ერთი ფაქტი: როდესაც რუსეთმა, საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა ლენინი, მაშინ ჩვენი გრ. წერეთელი და ჯავახიშვილი მოგროვდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ გავკეთდით ხალხი, ლენინი მოკვდაო. ეს არის კონტრევოლუციური. ის მეთაურობს მას, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოდის. დასკვნა ჩემი ასეთი არის, რომ ჯავახიშვილი და წერეთელი არიან აშკარა მავნებლები” (ტექსტი უცვლელია _ გრ. ონიანი).

მელიქიძე:

“მე მინდა, თქვენი ყურადღება განსაკუთრებით მივაქციო პროფესორ გ. ჩუბინაშვილს. არც ისეთი პატარა პროფესორი არის, რომ მის შესახებ არაფერი ითქვას. აქ იყო ნათქვამი პროფესორ ჯავახიშვილის შესახებ, მისი მეთოდოლოგიისა და ემპირიზმის შესახებ, ჯავახიშვილის რეაქციონერობის შესახებ. პროფესორი (ივანე ჯავახიშვილი) ხელმძღვანელობს და დიდი მეგობარია ჩუბინიშვილის და სწორედ ამ ჩუბინიშვილს შორს ვერ დავაყენებთ. ეს უნდა იდგეს ჯავახიშვილის გვერდით. ჩვენ, ამხანაგებო, გვაქვს მისი შრომის რამდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან. თქვენ, ამხანაგებო, შეგიძლიათ განსაჯოთ თვითონვე. აქ ლაპარაკია ძველ ჯვარზე, ახალ ჯვარზე, მცირე ჯვარზე” (ტექსტი უცვლელია _ გრ. ონიანი).

სიმონ ჯანაშია:

“მე უნდა განვაცხადო, რომ ივანე ჯავახიშვილის უდიდესი პატივისცემა მაქვს, მან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქართულ ისტორიულ მატერიალიზმში. მე პატივს ვცემ მას, როგორც ნიჭიერ მეცნიერს, მაგრამ არავითარი საერთო არ მაქვს ამ ჯგუფთან და მათი ინტერესები ჩვენ არ გვაქვს”.

ნიკო ბერძენიშვილი:

“რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას პროფესორ ივანე ჯავახიშვილთან, ასეთი არის: მე მას უღრმეს პატივს ვცემ, როგორც ჩვენს ხელმძღვანელს, განსაკუთრებით ისტორიიის დარგში, მაგრამ ყველა ეს მე სრულიად არ მიშლის ხელს, არ გავიზიარო მისი იდეოლოგიური კონცეფცია”.

დისკუსია ოთხ დღეს გაგრძელდა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილი მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტიდან მოჰკვეთეს, მაგრამ დიდი ივანე თავისი პოზიციების ასე იოლად დათმობას არ აპირებდა. საქმეს ძველებური სიდინჯითა და სიბრძნით უძღვებოდა.

ივანე ჯავახიშვილზე 1935 წლის 23 მარტს დაიწყო მეორე შეტევა, რომელსაც უნივერსიტეტის ახალდანიშნული რექტორი კარლო ორაგველიძე უძღვებოდა, და იგი მარტი-აპრილის განმავლობაში გრძელდებოდა.

მკითხველმა უნდა მაპატიოს მოვლენების ფრაგმენტული გადმოცემა, რადგან თემა ძალზე რთულია, მოცულობა _ დიდი. ჩემი მიზანია, მკითხველს ინტერესი გავუჩინო ამ თემისადმი, რის შემდეგაც, რასაც შეგნებულად თუ შეუგნებლად აკეთებდნენ უახლესი ისტორიის სპეციალისტები, ვამხილო ყველაფერი, რაც კი ამ შექსპირისეულ ტრაგედიაშია გახვეული. აქ არ არის მხოლოდ მავრის ეჭვიანობა და დეზდემონას დახრჩობა, აქ სულ სხვა ძაღლის თავია დამარხული, რომელიც უნდა ამოითხაროს.

1935 წელს ჯავახიშვილზე განხორციელებულ “ტერორისტულ აქტს” ჰყავს მთავარი შემსრულებელი _ კარლო ორაგველიძე, მაგრამ, სანამ მასზე გადავიდოდეთ, შემოგთავაზებთ მოკლე შინაარსს ერთი საარქივო მასალისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არქივშია (ფონდი 14, აღწერა 9, საქმე 9 ფურცელზე) აღწერილი.

ლაპარაკია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივან ლავრენტი ბერიასადმი უნივერსიტეტის პარტორგანიზაციის მდივნის, ს. გეგენავას მოხსენებით ბარათზე. წერილის სიდიდის გამო მოგაწვდით რამდენიმე ამონარიდს ამ ბარათიდან:

პროფესორმასწავლებელთა უმრავლესობა უნივერსიტეტში შედგება სხვა ხალხისგან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგენი არიან. მაგალითად: პროფესორმასწავლებელთა შორის 35 კაცი მენშევიკია, ნაციონალდემოკრატია 34, ფედერალისტი _ 18, კადეტი _ 3, ესერი _ 3, ტროცკისტი _ 11, მათ შორის, დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი _ 7, და ყოფილი მთავრობის მინისტრი _ 2, პროფესორები, რომლებიც პარტიაში არ გაერთიანდნენ, შეადგენენ 61,1 %, სხვა პარტიის ყოფილი წევრების 56 % დოცენტია, ლექტორთა შემადგენლობაში კი _ 42 %.

უნივერსიტეტის რექტორმა ლ. აღნიაშვილმა დაკარგა ყოველგვარი პარტიული სიფხიზლე, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პროფესორმა ი. ჯავახიშვილმა სტალინის სახელზე დაწერა მწვავე საჩივარი, რომელშიც აკრიტიკებდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და განათლების განყოფილებას, რომელიც ამუხრუჭებს განათლების სისტემას რესპუბლიკაში. მას ეს წერილი ჯავახიშვილმა გადასცა სტალინთან გასაგზავნად, მაგრამ აღნიაშვილმა ის ათი დღის განმავლობაში არავის გაანდო, ათი დღის შემდეგ კი მე გამენდო და მითხრა, რომ წერილი დამეხია და არ გაგვეგზავნა სტალინთან, რაც მე ვაცნობე როგორც ცეკას, ასევე, ჩეკას”.

წერილი დაწერილია 1935 წლის 15 თებერვალს და ხელს აწერს უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივანი ს. გეგენავა.

უნივერსიტეტის რექტორი ა. აღნიაშვილი ცენტრალური კომიტეტის მდივან ლავრენტი ბერიას შემდეგ ახსნა-განმარტებას აძლევს (ტექსტი შემოკლებითაა მოყვანილი):

“პარტიული სიფხიზლე არ დაგვიკარგავს, თუ 1924 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 3 კაცი იყო კომუნისტი და კომკავშირელი, 1928 წელს კომუნისტთა და კომკავშირელთა რაოდენობა მხოლოდ 14 კაცამდე გაიზარდა, 1930 წელს კი 45 კაცს მიაღწია”.

რექტორი . აღნიაშვილი არაფერს წერს სტალინთან გასაგზავნი წერილის თაობაზე, გარდა იმისა, რომ გეგენავა თვითონ უჩიოდა სტალინს ანონიმურად, ანდრიაძის დეკანად დანიშვნის გამო. რექტორ აღნიაშვილის წერილი ბერიასადმი კაცობის, მორალისა და თავმოყვარეობის გარეშეა დაწერილი, რასაც თავისი შედეგებიც მოჰყვა და იგი დათხოვნილი იქნა უნივერსიტეტის რექტორობიდან. ყოველგვარ საზღვარს სცილდება არცთუ უნიჭო ახალგაზრდა მეცნიერის, კარლო ორაგველიძის, მოხსენება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თავდასხმისა და განადგურების მიზნით მოამზადა.

“ჯავახიშვილი უარყოფს საკითხის ამნაირად დაყენებას. მისთვის არსებობს ზეკლასიური დავით აღმაშენებელი და ზეკლასიური თამარი, რომლებიც ამყარებენ საზოგადოებრივ ჰარმონიას და ემსახურებიან მთელ ერს. ამიტომ ერიც, მისი აზრით, თავის მხრივ, უაღრესი სიყვარულით იყო მათდამი გამსჭვალული. რა თქმა უნდა, ჯავახიშვილის ეს შეხედულება არ ასახავს ისტორიულ სინამდვილეს, არამედ წარმოადგენს ამ სინამდვილის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ფალსიფიკაციას… ჯავახიშვილის სახელმწიფოს წარმოშობის თეორია, როგორც ვხედავთ, არამეცნიერული ბურჟუაზიულ-აპოლოგეტური თეორიაა. საჭიროა ამ თეორიის წინააღმდეგ მარქსისტულ-კლენიონური თეორიის კრიტიკული იარაღის მომარჯვება და მისი განადგურება. არც ერთი სიტყვა ექსპლოატაციაზე, არც ერთი სიტყვა კლასობრივ ჩაგვრაზე! ასეთია იდეოლოგიური “პატრონ-ყმობა” ჯავახიშვილისა…

ჯავახიშვილის თეორია ქართული ფეოდალიზმის წარმოშობისა და განვითარების საკითხში არამეცნიერული და აშკარად აპოლოგეტურია. ის გარკვევით დგას ბატონ-ყმობის სისტემის გამართლების ნიადაგზე, ცდილობს, წარმოგვიდგინოს იგი იდილიურ ფორმაში, კლასობრივი წინააღმდეგობათა გარეშე, როგორც ჰარმონიული სისტემა…

თავისმა ნაციონალურმა იდეოლოგიამ ჯავახიშვილი მიიყვანა იქამდის, რომ იგი მენშევიკების ანტისომხური პოლიტიკის დამსაბუთებლადაც კი მოგვევლინა…

ჯავახიშვილს არ მოსწონს, როდესაც ჟორდანიას მთავრობას იმპერიალისტობას აბრალებენ და იგი ცდილობს, მთელი თავისი “მეცნიერული” არგუმენტაციით დაიცვას ქართველი იმპერიალისტები სომხის იმპერიალისტებისაგან…

ასე მიიყვანა პროფ. ივ. ჯავახიშვილი თავისმა ნაციონალისტურ- ბურჟუაზიულმა იდეოლოგიამ მენშევიკების სამსახურში. ნაციონალისტურ ბურჟუაზიული თეორია ნაციონალისტურ-ბურჟუაზიულ პრაქტიკაში გადაიზარდა…

ჯავახიშვილს არსად და არასოდეს არ უარყვია თავისი ანტიმარქსისტული შეხედულებები, მას არსად მოუხდენია ფასეულობათა გადაფასება და არ გაუკრიტიკებია თავისი ნაციონალისტურ-ბურჟუაზიული დებულებები…

ჯავახიშვილის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ სკოლასთან ბრძოლის საკითხი სრულებითაც არ მოხსნილა. ეს ამოცანა ჩვენ წინაშე დგას, როგორც აქტუალური ამოცანა…

საჭიროა დიდი მუშაობის ჩატარება, რომ ქართველი ხალხის ისტორიის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ფალსიფიკატორებს ნიღაბი ჩამოვგლიჯოთ…”

აქვე მოვიტანთ ამონარიდებს სხვა გამომსვლელთა სიტყვებიდან, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის აშკარა მხარდაჭერას ნიშნავს.

. ცინცაძე:

“აი სანამდე დაექანა პროფესორი ჯავახიშვილი გამოხვეული მენშევიზმის ქურქში _ ნაციონალიზმის ქურქში, აქ ის ცდილობს დაგვიმტკიცოს საქართველოს ხალხის ერთსულოვნება შინაგან კლასთა ბრძოლის გარეშე”.

. ბერძენიშვილი:

“გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა ძლიერად წასწია წინ ქართული ისტორიოგრაფიის საქმე, მაგრამ ისიც ხომ უდავოა, რომ მან ქართული ისტორიოგრაფია სამარცხვინო ჩამორჩენილობიდან ვერ გამოიყვანა”.

. ციხისთავი:

“ქართული ბურჟუაზიულ იდიალისტური ისტორიოგრაფიის მამამთავრის, ივანე ჯავახიშვილის შრომების ღრმა ბოლშევიკურ-აკადემიური კრიტიკით მომხსენებელმა ფარდა ახადა ივანე ჯავახიშვილის ყველა მიმდევრებს და მეცნიერულ აკადემიური მახვილი ჩასცა მათ აშკარა ყალბს და ფალსიფიკატორულ შეხედულებებს”.

. ჯანელიძე:

“ჩვენ ისტორიის საკითხებზე ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ პროფესორების და, კერძოდ, ივ. ჯავახიშვილის მუშაობამ ვერ მოგვცა ნამდვილი “საქართველოს ისტორია”.

სიმონ ყაუხჩიშვილი:

“ვფიქრობ, ჩვენი მიზანი არის ის, რომ სწორედ იმ პირებმა, რომლებიც პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით არიან აღზრდილნი და რომლებიც დღეს სრულიად ახალი კლასიური ბრძოლების საფუძველზე ამუშავებენ საქართველოს ისტორიის საკითხებს, სწორედ ამ პირებმა, რომლებიც დღესაც აქ, უნივერსიტეტში, პროფესორ ჯავახიშვილთან ერთად მუშაობენ, უნდა შექმნან ისეთი მდგომარეობა, რომ შეიძლებოდეს პროფესორ ივ. ჯავახიშვილის უაღრესად დიდი ცოდნის და ერუდიციის გამოყენება ჩვენი თვალსაზრისისათვის” (ვაშა ბატონ სიმონს. _ გრ. ონიანი.).

ღვილავა:

“პროფესორ ჯავახიშვილის ასეთ არამეცნიერულ დასკვნებს, რომლსაც ის აკეთებს საქართველოს ისტორიის მიმოხილვის დროს, უდიდესი ზიანი მოაქვს არამარტო მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, არამედ ზოგიერთი მოზრდილისთვისაც”.

ივანე ჯავახიშვილი თავის დაარსებულ უნივერსიტეტში (იყო რექტორი 1919 _1926 წლებში) ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მის მეცნიერულ განქიქებას არ დასწრებია (არც არავის მიუწვევია). იგი ყოველივე ამას ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა. ვინ იცოდა მაშინ, რა უკვდავებას ებრძოდნენ ეს მომაკვდავი პიგმეები.

1935 წლის 10 აპრილს ივანე ჯავახიშვილმა შემდეგი შინაარსის განცხადება დაწერა:

საქართველოს სსრ განათლების კომისარს!

მას შემდგომ, რაც თსუ რექტორი პროფ. . ორაგველიძე და სასწავლო ნაწილის პრორექტორი დოცენტი გრ. ჯანელიძე უნივერსიტეტში საჯარო სხდომებზე ბილეთებით მოწვეულ მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას და მათ შორის ჩემს მსმენელ სტუდენტებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყველა ნაშრომის უვარგისობას უმტკიცებდნენ და ჩემი, ვითარცა მეცნიერისა და უნივერსიტეტის პროფესორის, სახელის გატეხას გულმოდგინედ და გააფთრებით ლამობდნენ, იმას გარდა, რომ ჩემს მოღვაწეობას უნივერსიტეტში ყოველგვარი აზრი დაეკარგა, ასეთ პირობებში უნივერსიტეტში ჩემი დარჩენაც ჩემი ადამიანური ღირსების დამამცირებლად მიმაჩნია. ამიტომ ვალად ვრაცხ, მოგახსენოთ, რომ ამ სემესტრში, მაისის დამდეგს, ლექციების გათავებისთანავე ჩემს, ვითარცა უნივერსიტეტის პროფესორის, მოვალეობას დამთავრებულად ჩავთვლი და გთხოვთ, რომ ამიერითგან უნივერსიტეტის პროფესორობისგან გამათავისუფლოთ, და თანაც ეს გარემოება უნივერსიტეტის რექტორს აუწყოთ, რომ ჩემ მიერ წაკითხული კურსების გამოცდების ჩასაბარებლად ის პირი დანიშნოს, რომელიც ყველაფრით ჩემზე უკეთ მცოდნედ მიაჩნია.

მოგართმევთ რა უნივერსიტეტის პროფესორებისგან ჩემი გადადგომის ამ განცხადებას, ვფიქრობ, რომ 1899 წლიდან მოყოლებული 38 წლის განმავლობაში პეტერბურგისა და თბილისის უნივერსიტეტების სამსახურის გამო, კანონით პენსიის მიღების უფლება უნდა მქონდეს. თუ მე არ ვცდები, გთხოვთ, სათანადო დაწესებულების წინაშე შუამდგომლობა აღძრათ, რომ კანონით კუთვნილი პენსია დამენიშნოს”.

ივანე ჯავახიშვილი უზარმაზარი ტვირთით, თავისი ჯვარცმული “ქართველი ერის ისტორიით” მიჰყავდათ გოლგოთის გზაზე, სადაც უმაღლეს მსაჯულს უნდა გადაეწყვიტა, რომელი ეცვა ჯვარს: “ცრუ ბრძენი” თუ ყაჩაღი. “მეცნიერთა ბრბო” ხმის ჩახლეჩამდე გაჰკიოდა ჯვარს აცვით “ცრუ ბრძენი”, ყაჩაღი შეიწყალე და გამოსწორდებაო. უმაღლესმა მსაჯულმა არ გაითვალისწინა ფარისეველთა და ვაიმწიგნობართა შეგონება და “ცრუ ბრძენის” სიბრძნეს ფარდა აჰხადა, ხოლო ფარისეველთა და ვაიმწიგნობართა ამალა, რომელიც “ცრუ ბრძენს” უმაღლეს მსაჯულთან დასასმენად მიჰყვებოდნენ, გოგლგოთიდან უკან აღარ დაბრუნებულან.

ივანე ჯავახიშვილის შემდგომ უნივერსიტეტის რიგით მეორე რექტორი ლევან აღნიაშვილი 1937 წელს დახვრიტეს, რიგით მესამე რექტორი თედო ღლონტი _ 1937 წელს, მეოთხე რექტორი მალაქია ტოროშელიძე _ 1938 წელს, მეხუთე რექტორი ივანე ვაშაყმაძე _ 1937 წელს, მეექვსე რექტორი ჯავახიშვილის შემდეგ ალექსანდრე ერქომაიშვილი _ 1937 წელს, მეშვიდე რექტორი ლევან აღნიაშვილი _ 1937 წელს, მერვე რექტორი, რომელმაც თითქოს საბოლოოდ მოუღო ბოლო ივანე ჯავახიშვილს, 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ “რატომღაც” არ დაუხვრეტიათ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობაში მოწინავე მეცნიერები, რომელთა რიგებშიც იყო: “35 მენშევიკი, 34 ნაციონალ-დემოკრატი, 18 ფედერალისტი, 11 ტროცკისტი, 3 კადეტი, 3 ესერი, დამფუძნებელი კრების ყოფილი 7 წევრი და მენშევიკური მთავრობის 2 მინისტრი”.

საკითხავი სწორედ ეს არის და ჩემი მომავალი კვლევის საგანიც სწორედ ეს იქნება.

მოსკოვიდან დარეკეს, _ საქართველოში უნდა დაიწეროს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო.

მძიმე ავადმყოფმა ივანე ჯავახიშვილმა, რომელიც ხშირად წერდა წერილებს ლენინგრადში თავის მეგობარ ვარლამ დონდუას, რომელსაც დროგამოშვებით წამალს, ხოლო ხშირად წიგნების გამოგზავნას სთხოვდა, 1938 წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ამცნო თავისი ავადმყოფობის ამბავი და დასძინა, რომ საქართველოს ცეკაში დაუძახეს და დაავალეს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს დაწერა. მეგობარს იმასაც ეუბნება, რომ ეს მეტად რთული და საძნელო საქმეა, დრო კი ძალიან შეზღუდული. “მე გადავწყვიტე, საქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით ჩვენს სახელოვან მეცნიერებს შორის გადავანაწილო, მინდა, თქვენც მიიღოთ ამ დიდ საქმეში მონაწილეობა. თუ სურვილს გამოთქვამთ ჩვენთან თანამშრომლობაზე, უნდა მითხრათ, რომელ საუკუნეებს აირჩევთ დასამუშავებლად”, _ წერდა თავის მეგობარს ივანე ჯავახიშვილი.

ასე დაიწყო საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობა, რომელსაც ახალგაზრდული ენერგიით უძღვებოდა ყველა თანამდებობიდან გაგდებული პროფესორი ივანე ჯავახიშვილი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here