მთავარი ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

დავით კასრაძის შექმნილი სტალინის პირველი ლიტერატურული პორტრეტი

1065
გააზიარეთ
სტალინი

ნაწილი VI

ბევრი ვიფიქრე, აღმედგინა თუ არა მკითხველის გონებაში პირველი პორტრეტი კობასტალინისა, რომელიც ღრმა ფილოსოფიური, შორსმჭვრეტელური და წინასწარმეტყველური აზროვნებით დახატა სტალინის სიყრმის ამხანაგმა და ახლო მეზობელმა, ნიჭიერმა ქართველმა მწერალმა დავით კასრაძემ. ეს ის დავით კასრაძეა, რომელიც, გარდა მწერლური დამსახურებისა, იმითაც არის ცნობილი, რომ ქართველ საზოგადოებას აჩუქა უაღრესად ნიჭიერი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი და მსახიობი ქართლოს კასრაძე.

გთავაზობთ დავით კასრაძის მიერ 1917 წელს(!) შექმნილი იოსებ სტალინის პირველი ლიტერატურული პორტრეტის სრულ ტექსტს, რომლის გულდასმით წაკითხვის შემდეგ შეიტყობთ, როგორ წარმოედგინა მწერალს სოსელო მომავალში:

“მისი სილუეტი სხვადასხვა სახით გამოკრთის მისი ცხოვრების პერიფერიებზე: დღევანდელი სტალინი შორეულ წარსულში ჯუღაშვილი იყო. მისი სახელი არც კობა ყოფილა და არც იოსები. სოსოთი კმაყოფილდებოდა. მისი სურათიც არაა განსაკუთრებული: აიღეთ ციცრის კვერცხი, ჭორფლისა და ყვავილის ლეჩაქის მოზაიკით და მიიღებთ პატარა სოსოს ნამდვილ პორტრეტს.

ცქვიტი, მალხაზი, შავი გრუზა თმითა და თითქოს ნახშირით გადაკალმული წარბებით, პატარა, ელვარე შავი თვალებით თვალწინ გიდგებოდათ სიცოცხლის მოტრფიალე, დაჩაგრული, ობოლი ბავშვი, მარტოობაში რომ უცნაურ ფიქრებში დასცურავს და ფიქრებითვე სწვავს სულის მშფოთვარე ტბის კაეშნის ლელნარს. სულიერ იდუმალ მღელვარებას რელიგიური ექსტაზით ჰკლავდა იგი და საღმრთო ჰიმნებით იკვლევდა სასოწარკვეთილების მკვდარი ზღაპრის გაყინულ ბილიკს იმ ნორჩ სულთა საჯალათოს ცივ კედლებში, რასაც სასულიერო სასწავლებელი ერქვა.

ღვთიური ძღვენი _ ხასხასა კისკისი, მზიურ სიმშვიდის ველზე უდარდელად პეპელათ დევნა, აღტაცებული აფეთქება და მოწყვეტილი სხივის ცრემლების აკოკრება არ უგემნია სანეტაროდ მის ყმაწვილობას: ისეც ობოლი, სულიერადაც ობოლი იყო, თვით ტოლთა შორის არ უწყოდა ლაღი სიცილი, სიცოცხლის მშვენიერება. მისი ლაღი სუნთქვა და სიმსუბუქე იდუმალ სევდის სარკოფაგში ჩამარხულიყო!

იშვიათი, ნაზი, სუფთა ხმა, ალტი, სოსოს თვალსაჩინო მგალობლად ჰხდიდა: მიგეცათ სხვა პირობები სხვა სარბიელი და, დღევანდელ სტალინის ნაცვლად, გვეყოლებოდა ქართველი სმირნოვსობინოვი.

სოსომ თვითვე გალეწა საჯალათოს ყინულოვანი ზღუდეები. იგი სიჭაბუკის ცეცხლით აღიგზნო. მის ფიქრმორეულს, შავ ჩირაღდნებს გარდაეშალა კაცობრიობის სიმდაბლე, სიმახინჯე, მოშხამულ სახეთა შემზარავი პრანჭვა-გრეხა და მასში გაიღვიძა ერთგვარმა სიმძაფრემ: ადამიანთა შორის სოსო უდაბნოში გრძნობდა თავს. ტანჯული, გასრესილი მისი ყრმობა, სულიერი შიმშილით აუმუშავებელი მისი სიჭაბუკე რელიგიურის გატაცებით ისმენდა უგუნურთა ველურ მუსიკას, როგორც უდაბნოში განდგომილი მისი შორეული პროტოტიპი, ჯერ წყნარი მქადაგებელი, მაგრამ იროდის წინაშე გათავხედებული იოანე ნათლისმცემელი! მის გაუდაბნოებულს სულში საიდუმლოდ გაბნეული სიცოცხლის მშვენება ბრძოლისა და გარდატეხის დროს უგუნურთა ცეცხლს იკიდებდა! უეჭველია, საშუალო საუკუნეებში რომ ეცხოვრა, მისგან გამოვიდოდა სასტიკი, ურყევი, თავისუფლად მონავარდე ველური სავონაროლა (ჯიროლამო სავონაროლა _ იტალიელი ბერი, რეფორმატორი. 1452_1498წწ. _ გრ.ო.), რომელიც უნდა შეიშალოს, რათა განიცადოს ზეშთაგონების ბედნიერება, რათა იმითი აამწვანოს მგზავრობის მიერ წარხოცილი ცხოვრების ველი! მაგრამ სოსოს არ უცხოვრია შუა საუკუნეებში და, აჯანყებული დემონის ნაცვლად, ამიტომ იქცა სულ სხვა არსებად, რომელსაც თვითვე გამოუჭედა ძალოვანი სახელი “სტალინი”. შემთხვევით როდი იყო მისი ასეთი ფსევდონიმი. მასში გარეულია ფილოსოფიური შხამი მისი წარსულისა, რომელმაც აღაგზნო, გამოაფოლადა რელიგიური მისტიციზმით მისი ყრმობის უმწიკვლო სული, მასში უფრო, ვიდრე სხვა რომელიმე რევოლუციონერში უწყინარი ბუნება იქცა სიშმაგედ! მარქსიზმის გარეშე შეატრიალა რენე დეკარტის ძირითადი პრინციპის ფორმულა: “გოგიტო-ერგო-სუმ!” _ “სუმ-ერგო-გოგიტო!” რომ შემეცნება კი არ ჰსაზღვრავს არსებობას, თვით არსებობა ჰქმნის შემეცნებას! ჭაბუკი სოსელო განვლილი დღეების ტანჯვათა შემეცნებაა, მისგან ამოტყორცნილი ნაპერწკალი, თუ გნებავთ, გულთამხილავი, ვისაც ანაღვერდებული ოცნების ველზე გარდაუშლია სულ სხვა, გარდაღმა მხარის ბედნიერებისა და ნაყოფიერების მზიური ქვეყანა, რომლის საზღვრებში შესასვლელად საჭიროა ჯვარცმა, წამება, ძლიერის გზნებით უფსკრულების ხვრელთა გადაწვა.

არ იფიქროთ, ბოლო დროის სტალინიკობა წარმოსადეგი ვაჟკაცი იყოს, მის მხრებს ამშვენებდეს გრაფი მირაბოს მანტია, თუნდა რობესპიერისტრაგიზმის მშვენიერების ბეჭედი”, რასაც ასე რიგად სდავობს მისი მასწავლებელი, ხოლო ეროვნულ საკითხში მისი მოსწავლე ლენინი, არა! ეხლაც შორს არ წასულა ტანჯვით გამოკვესილი სტალინი პირველ ბიჭის სოსელოსაგან. განსხვავებაა მხოლოდ შავი წვერულვაში და მუქი, მოლურჯო პენსნე! სხვაფრივ მისი ნიღაბი უცვლელია. ონორე მირაბოობა რომ გასწიოს, მას სჭირია ხუთჯერ მეტი ფიზიკური დასრულება, ველური ჰიპნოზი! მის დონკიხოტურ გამხდარ კისერს დამოკლება და ფაფუკი ღაბაბით შემოფარკვლა, ხოლო მის მშვენიერ ტენორს _ იერიქონის საყვირად მოხმარება. ერთით აღემატება ხსენებულ გრაფს _ ხასიათის სიმტკიცით! მას ვერავითარი მარია ანტუანეტა ვერ მოისყიდის, რომ რწმენა ვნების კოცონზე დასწვას და ისტორიის წინაშე გამურული პირბადით წარდგეს! ამ შემთხვევაში სოსო ისეთივე უდრეკია, როგორც პატარაობისას, როდესაც ინსტიქტურად ნორჩ სულთა საჯალათოს კედლების გასარღვევად სულ გარეთ მიიწევდა.

სტალინიკობა ამხანაგებთან ერთად დღეს რევოლუციის უახლეს ფურცლებს სწერს. ნუ გაგიკვირდება, თუ (ორის ათეულის წლის შემდეგ) ჩვენის ბედნიერის თვალით წავიკითხავთ მის მიერ ხელმოწერილ დეკრეტს წითელი ტერორის დასაწყისადბუნებრივი იქნება, სოსელოს შესაფერი!

და, როგორც ყაზბეგის გმირმა კობამ ანაცვალა თავის ძმადნაფიც იაგოს ერთი სროლით დიაბეგი და გრიგოლა, ისე ანაცვალა სოსელო-კობამ ლენინს ერთი სროლით ძველი და ახალი მთავრობა” (დავით კასრაძე ქ. გორი-თბილისი, გაზეთი “საქართველო”, 1917 წლის გიორგობისთვე 8 (27) #247 გვ. 2-3.).

დავით კასრაძე გორის რაიონის სოფელ ავნევში დაიბადა 1885 წლის 27 დეკემბერს. სტალინზე 6 წლითა და 6 დღით არის უმცროსი. 1901 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იცოდა მრავალი ენა, განათლება მიღებული ჰქონდა ევროპაში. პარიზში სწავლის პერიოდში (ფილოსოფიის ფაკულტეტზე) პიურეს პანსიონში მასთან ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, თედო სახოკია, კონდრატე თათარაშვილი და გერონტი ქიქოძე. დავით კასრაძე 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო აქტიური სამწერლო და ჟურნალისტურ საქმიანობა. ის მრავალი გაზეთის რედაქტორი და რომანების თუ ესეების ავტორია. სწორედ 1917 წელს განჭვრიტა მან, რა გზით ივლიდა და რას მიაღწევდა კობასტალინი და რა უზარმაზარ კვალს დაამჩნევდა იგი მე-20 საუკუნეს.

განსაცვიფრებელია დავით კასრაძის წინასწარი ხედვა წითელ ტერორსა და მისი ჩატარების აუცილებლობაზე. აზროვნების ყოველგვარ საზღვარს სცილდება ნათლად დანახვა სატუსაღოდან ახალგამოსული კობა-სტალინის გიგანტური შურისძიებისა, რომლის მსგავსიც ხალხთა თავისუფლებისათვის ჩაიდინა ყაზბეგის გმირმა კობამ. მისი განზოგადოება და მსოფლიოს ჭრილში გადატანა და ტუსაღის სამოსგაუხდელი, მშიერ-მწყურვალი ახალგაზრდისთვის ამ მისიის დაკისრება და აღსრულების წინასწარი განცდა თითქოს ადამიანურ აზროვნებას სცილდება.

დავით კასრაძე ეროვნულ იდეებზე აღზრდილი და ამ იდეების გამტარებელი მოღვაწე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლენინს აფასებდა და ადიდებდა, პროლეტარიატის ბელადს ეროვნულ და ნაციონალურ საკითხში სტალინის მოწაფეს უწოდებდა. მინდა, კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ამ დიდი ქართველის დამოკიდებულება ეროვნული საკითხის მიმართ:

“ლენინს ეროვნული საკითხი იმდენად აინტერესებს, რამდენადაც იგი ხელს შეუწყობდა კლასთა ბრძოლის გაჩაღებას. რუსეთში 1907 წლიდან ეროვნული საკითხი საოცარის სისწრაფით იზრდება, თუმცა არც ერთს მოქმედს პარტიას განსაზღვრული ფორმა არ წამოუყენებია, თუ რა ნიადაგზე უნდა ყოფილიყო იგი დამყარებული, მაგრამ რა სახელიც უნდა დაერქვას ამ მოვლენას, რეაქციონური თუ არარეაქციონური, დღეს ფაქტია და ანგარიში უნდა გაეწიოს. როგორ იქცევა ამ დროს ს. დემოკრატია (სოციალ-დემოკრატია _ გრ.ო.)? იგი კვლავ 1903 წ. შემუშავებულ პროგრამის მე-3 და მე-9 პუნქტს ემყარება, რომელიც დღემდე ვერც ერთს ქვეყნის სოციოლოგს, იურისტს თუ სხვა დარგის მეცნიერს ვერ გაურკვევია, თუ რა არის ეს “თვითგამორკვევა”, რა სახელი ვუწოდოთ ამ არაჩვეულებრივ ტერმინსაო! აქაა ჩვენი შეცდომა. შემუშავებული თეორია თუ პრაქტიკულ ცხოვრებასთან არ იქნება შეზომილი, ყოველთვის მშრალს თეორიად დარჩება და ბუნდოვანობის მეტს არას გამოიწვევს. ქართული ეროვნული საკითხი კი კონკრეტულად არის წამოყენებული. იგი თხოულობს გადაჭრილ პასუხს, როგორც ისტორიული მოვლენა! მით უმეტეს, რომ იგი მარტო მხოლოდ რუსეთით არ განისაზღვრება. იგი აუცილებელი თანამგზავრი იქნება ეპოქისა. ეროვნული პოლიტიკა ფეოდალურ წეს-წყობილების დანგრევისთანავე აუწერელს როლს ითამაშებს. იგი გააერთიანებს სხვა და სხვა ეროვნებებს და საძირკველს ჩაუყრის ხვალინდელ იურიდიულ სახელმწიფოს. ფეოდალურ ციხე-კოშკების ნგრევას მოსდევს მოქალაქეობრივი ზრდა, გავიყვანთ გზებს, ნატურალისტური წარმოება განვითარდება, მრეწველობა მოიკიდებს ფეხს, ინდუსტრია ფრთებს გაშლის და ახალი საწარმოო იარაღების გაუმჯობესებით შეიქმნება კაპიტალი, რომელიც საოცარის სისწრაფით გაიზრდება და ჯადოსნურ თილისმით გაარღვევს ფეოდალურ ნაშთებზე გავლებულ სხვა და სხვა სახელმწიფოთა საზღვრებს! ამიტომ არის, რომ იქ, სადაც კაპიტალმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, ეროვნულ საკითხს ნიადაგი გამოეცლება, განვითარდება დემოკრატია და ბრძოლა იგი უთმობს თავის ადგილს კლასთა ბრძოლას, ბურჟუათა და პროლეტარებს. პირიქითაა ის ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ფეოდალურ წეს-წყობილებას ნახევრადაც ვერ გასცილებიან, მაგალითისთვის აიღეთ, ერთი მხრივ, შვეიცარია და მეორე მხრით _ ავსტრია… ახლა თუ გადავხედავთ რუსეთს, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, იგი ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანაა. სადაა ინდუსტრიალური წარმოება? სადაა კაპიტალის მოძრაობა? აი, ამიტომ არის, რომ ეროვნული საკითხი ასე გაცხოველდა. ახლა ამას დაუმატეთ ხელოვნურად აშენებული სახელმწიფო და აშკარად დაინახავთ, თუ რად მწვავდება საკითხი იგი ასეთის სახით. რაღაცა განგებით გაბატონებულ ველიკორუსებს ვუმორჩილებთ მასზე წინ წასულ ერებს. პოლონეთის ვიწრო ფარგლებმა უნდა შთანთქას მასზე ბევრად დიდი მხარე უკრაინისა; ასევე ითქმის ფინლანდიაზე, კავკასიაზე და სხვა. თქმა არ უნდა, რომ ხელოვნური შეერთება და იძულებითი პოლიტიკა ეროვნულ მოძრაობას გააცხარებს. თუ გვსურს სოციალური განვითარება, ერებს უნდა მიენიჭოს საკუთარი ტერიტორია, რომ ნაციონალურს ბრძოლაზე არ იხარჯებოდეს ის ენერგია, რომელიც ასე რიგად საჭიროა სხვა და სხვა სოციალური საკითხების გადასაჭრელად. ასე ერი უფრო სწრაფად აუღებს მრეწველობასა და ვაჭრობას ალღოს, ამაში სწრაფად დაეხმარება მშობლიური ენა. საჭირო აღარ იქნება მისთვის თარჯიმნების ძებნა. მეცნიერებაც მშობლიურ ენაზე უფრო მარჯვედ შეისწავლების, ვიდრე უცხო ენაზე. ერთი სიტყვით, თავისუფალ ვაჭრობისათვის საჭიროა თავისუფალი ენაც. აი, ამიტომ გვაინტერესებს ქართველი ერის დამოუკიდებლობა, მათი ენა, დიალექტები, ისტორია, გეოგრაფიული პირობები, სპეციფიკური ხასიათი და სხვა. პრინციპი ტერიტორიისა ოდნავაც არ ეწინააღმდეგება პოლიტიკურს თუ ეკონომიკურს ინტერესებს. პირიქით _ ეს ერთადერთი საშუალებაა კაპიტალისტურ წარმოების განვითარებისა. ტერიტორიალური და არავითარი ეროვნული უპირატესობა, სრული გარანტია ერების დაცვისა, _ აი ის საშუალებანი, რომელნიც აუცილებლად მიგვაჩნია. შემდეგ კამათში მოვიხსენიე ლენინის მიერ მოყვანილი ისტორიული საბუთები, თანამედროვე სახელმწიფოთა წესწყობილების ანალიზი, რომლის განსაზღვრა-განმარტებას მთელი ოთხი საათი შეალია. ყველა ამას დაინტერესებული მკითხველი ბაუერის თხზულებაში იპოვის, რომელიც რუსულადაც არის ნათარგმნი. მე ყურადღება მივაქციე იმ მხარეს, რაც ცოტა არ იყოს, საჩოთიროდ მიაჩნია უჩვევ ყურს სოციალ-დემოკრატის პირიდან, მაგრამ იმდენად რეფერატი არ იყო საინტერესო, რამდენადაც ოპონენტების გამოსვლა “მენშევიკების” მხრით. კამათი ერთი დღით არ გათავებულა და მეორე დღესაც გაგრძელდა, ლენინი აღარ დასწრებია. მენშევიზმის წარმომადგენელი სენკოვსკი გახლდათ. იგი კულტურული ავტონომიის მომხრეა. საინტერესოა, რომ სენკოვსკიმაც უარჰყო ბრალდება, სოციალ-დემოკრატები არასოდეს ეროვნულ საკითხის წინააღმდეგნი არ ვყოფილვართ, მარქსის სიტყვები, რომ “პროლეტარს სამშობლო არა აქვს”, ეს ზოგადად კი არ უთქვამს, არამედ, კერძოდ, ჩეხ პროლეტარებზე იყო ნათქვამი, რომლებსაც ჩეხი კაპიტალისტები ქარხნებიდან ერეკებოდნენ და მათს ადგილას უცხო პროლეტარები მოჰყავდათო. სხვა მხრივ, როგორ შეიძლება ითქვას, რომ პროლეტარს სამშობლო არა აქვს? ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ სათითაოდ, თვითეული ერი გამოვყოთ, ტერიტორია დავაქუცმაცოთ და ერთმანეთს გადავკიდოთ ერები! არა, კავკასია, მაგალითად, ტერიტორიალური ავტონომია პრინციპად რომ ვაღიაროთ, და ათასად დავჭრათ, “ქაშის” მეტი არა გამოვა-რა! პოლონეთში, მაგალითად, მრავალი ებრაელობა ცხოვრობს. თუ ტერიტორიალური ავტონომია ვაღიარეთ, ისინი სად უნდა წავიდნენ? კულტურული კი აუცილებელია. უფლება უნდა ჰქონდეს ყველაფერს, ჩვენ ჩვენი სასწავლებლები უნდა ვიქონიოთ. ლენინი ამ გარემოებას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და ჰკლავს თვითეული ერის სულს! აქ ტერიტორია კი არ თამაშობს როლს, არამედ რასიული ფსიქიკა, რასიულ სპეციფიკური თვისებანი და ხასიათები. სენკოვსკი დიდი მოწინააღმდეგე იყო ტერიტორიალური ავტონომიისა და ლენინს ჰკიცხავდა, რად ჰქადაგებ სახელმწიფოს დაქუცმაცებასაო. ლენინმა ამაზე მოკლედ უპასუხა: თანამედროვე კანონმდებლობის მიხედვით, ცოლ-ქმრის გაყრა აკრძალულია. ვთქვათ, ერთადერთი მე გამოვედი და საქვეყნოდ ვაღიარე, საჭიროა ცოლ-ქმართა გაყრა, თუ მათ ერთად არ შეუძლიათ ცხოვრება. ნუთუ ამას კიდევ მტკიცება სჭირია, თუნდა მთელს იმპერიაში არც ერთი მომხრე არ გამოვიდეს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჯოხით ჩამოვუარო და ყველა ქმრებს ცოლები მოვაშორო? ასეთი როლი არც მიკისრია და არც ვიკისრებ, მაგრამ რა ვქნათ, თუ ცოლ-ქმარნი ვერ რიგდებიან? ნუთუ გულგრილად უნდა დავდგეთ და მათ ცემა-ტყეპას ვუყუროთ და გაცლასაც ვუშლიდეთ? ასეთი როლი კი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იკისროთ, მომილოცნია! _ კამათობდა ლენინი. როგორც მკითხველი დაინახავს, ს. დემოკრატების ახალი რეფორმა ეროვნულ საკითხში იძულებითი რეფორმაა, რომლის გზასაც უფრო ადრე ბუნდის პარტია დაადგა, ხოლო დასავლეთ ევროპაში ავსტრიის ს. დემოკრატია ბაუერის მეთაურობით. ბაუერი ექსტერიტორიალური ავტონომიის მომხრეა. რუსეთის სოციალ-დემოკრატიამ ეს პრინციპი მიიღო, ოღონდ ფრაქციული ფერადებით შეაზავა. საოცარი ის არის, რომ ამ ფრაქციულმა შეჯახებამ ისინი დააყენა სწორედ იმ პოზიციაზე, რომელზეც ლავროვ-მიხაილოვსკი იდგნენ, ხოლო ჩვენში _ მაიაშვილი ლალი, დიდი მამულიშვილი, განსვენებული არჩ. ჯორჯაძე და მისი თანამოაზრენი. სახელმძღვანელო მეთოდი კი ერთგვარი აქვთ: ბაუერიც, “მენშევიკობაც” და “ბოლშევიკობაც” ისტორიის ერთგვარ არსენალს მისდგომიან, ერთსა და იმავე მასალას ჰკრებენ, ოღონდ სხვა სახელებს არქმევენ, მაგრამ ამჟამად ეს კრიტიკა არ მაინტერესებს. აბა, რა გასაოცარი უნდა იყოს ჟინიანი ფრაქციის საკადრისი თუ უკადრისი ფანდები? საოცარი ის არის, რომ ამ თეორიის შემქმნელი ბაუერი, როგორც ებრაელი, ინსტიქტურად მაინც თავის რასის საკეთილდღეოდ იფიქრებდა, რომ შეღავათი მისცემოდა ავსტრიაში მყოფ ებრაელობას; ისიც გასაგებია, რომ რუსეთის “მენშევიზმის” შემადგენლობა, რომლის უმრავლესობა ებრაელობაა, მისი მომხრენი იქნებოდნენ (რაა დასამალი, მაგალითს იგივე ბ-ნი სენკოვსკი გვიჩვენებს და მთელი ის არმია, რომელიც კამათის დროს მონაწილეობას იღებდა, ებრაელებს არ გასცილებია); ებრაელობის გულჩათხრობილი პატრიოტიზმი დღეს გაფაციცებით იკრებს ახალგაზრდობას პარიზში, ფრანგულ და ებრაულ ფურცლებით მოუწოდებს უცხოეთში გაფანტულ მოსწავლეებს ახალაღთქმული ქვეყნის აღმოსაჩენად. არა ეს ჩვენ _ ქართველებს არ გაგვიკვირდება! არცა გვშურს, არც დავიშურებთ არასოდეს; ყველა ეს ბუნებრივია, მოსალოდნელი, მაგრამ ის არის საოცარი, რომ ჩვენებური ს. დემოკრატებიც ყოველ ღონესა ხმარობენ, დაამტკიცონ, რომ ტერიტორია აღარა გვაქვს და მისი მოთხოვნაც ამაოა! ჯანი გავარდეს, ამას რომ მარტო შინაურებთან ბრძოლაში ამბობდნენ და უცხოებსაც არ გვისისინებდნენ! სენკოვსკიმ, მაგალითად, შენიშვნაზე, რომ ქართველებს უფლება აქვთ, ტერიტორიული ავტონომია მოითხოვონ, სულ თავი წაიკლა, უტოპიად ჩასთვალა! შეურაცხყოფაც კი მომაყენა: “თქვენ არ იცით საქმის ვითარება, თორემ მაგას როგორ იტყოდით, საქართველოს ძველ მიჯნებზე ეხლა უცხო ელემენტები უმრავლესობას შეადგენენ, ვიდრე ქართველებიო. საბუთი? ის, რომ ამ ოპონენტზე უფრო “კომპეტენტურ პიროვნებას”, როგორიც არის დეპუტატი კარლო ჩხეიძე, მისთვის ციფრებით დაუმტკიცებია, რომ საქართველო არ არსებობს!.. რომ ქართველი უცხოელებშია ათქვეფილი! ქიმერაა ფედერალისტების ავტონომიის მოთხოვნა! მათ მხარს აღარავინ უჭერს, რაც იქიდანა სჩანს, რომ საქართველოს ძველ სატახტო ქალაქიდან ს. დემოკრატი გაიგზავნა დეპუტატად.

მოდი და, ეხლა სთქვი კეთილი! ვთქვათ, რომ ტფილისში უცხო ელემენტი უფრო მეტია, ვიდრე თვით ქართველობა. ნუთუ ეს რაიმე საბუთს გვაძლევს? ასე თუ არის, პეტერბურგი რომელ სახელმწიფოს უნდა მივაკუთვნოთ? ლონდონი? ანტვერპენი? პარიზი? მაგრამ დავთანხმდეთ, რომ დე ფაქტო ქართველი ერს სწყდება, ნადგურდება, ნუთუ ამ გარემოებამ უნდა აღაფრთოვანოს ადამიანი, ოღონდ მარტო იმიტომ, რომ მას “სადეპუტატო” სერთუკს ჰპირდებიან? რას ნიშნავს ასეთი სიმახინჯე, ასეთი გაუწითლებელი ყოყოჩობა! ასეა თუ ისე, მიუხედავად ასეთი არა სასიამოვნო დასკვნისა, ლენინის რეფერატით პირისპირ ვნახე “შეუდრეკელი” პარტიის უკუქცევა, ვნახე გაცხარებული მტკიცება იმის, რისი გულისთვისაც ჩვენებურმა დასელებმა გაანდევნეს ლ.დ.-შვილი, ჯვარს აცვეს გომართელი და მისი გულწრფელობა საზიზღარი ტერმინებით მონათლეს. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ სოციალ-დემოკრატები (დიახ, სოციალ-დემოკრატები!) კანონიერად სთვლიდნენ, რაც რომ გუშინ ზღაპარი იყო! ზოგიერთის თავგამოდებულის არგუმენტები იმდენად მკვეთრი იყო, რომ ბევრს გულწრფელს მამულიშვილს შეეშინდებოდა, არ წამომცდეს, თორემ “ზოოლოგიურ პატრიოტობაში” ჩამომართმევენო. ნათლად დავინახე, რომ “მენშევიკთა” ექსტერიტორიალური ავტონომია უფრო პატრიოტული მოთხოვნილებაა, ვიდრე ავტონომისტთა ტერიტორიალური ავტონომია. ბრძოლა ეროვნული საკითხების შესარჩენად, ეს ხომ ჩვენთვის იგივე არსებობისათვის ბრძოლაა! თანამედროვე ბოტანიკამ იცის უდაბნოს ისეთი მცენარე, რომელიც პაპანაქება სიცხეში თავის ფოთლებს შემოიცვამს, რათა შესასვლელი წყალი ღეროში მოკრიბოს და ამრიგად სიცოცხლე გაიგრძელოს, იგი ებრძვის მომაკვდინებელ ცხოველებსაც კი… საკმარისია, რომელიმე მშიერი ზღვის ცხოველი მიეტანოს, რომ მეტამორფოზა მოხდეს და ღერო იგი ეკლად ეძგეროს ცხოველს. ასეთ ბრძოლას ეწევა უმწეო მცენარეც-კი!

მაშ, რა ხდება ჩვენი ქართველი ერის თავს, როცა კითხვა მის ყოფნაარყოფნას შეეხება? რა არის საამაყო? ტერიტორია აღარ გვქონდეს და გავნადგურდეთ? ნუთუ პასიურ სიკვდილში უნდა გამოვხატოთ ჩვენი არსებობა? ქართველი ერი, როგორც სოციოლოგიური ერთეული, უბრალო ნივთიერება არაა, რომდიდ ერსფიზიოლოგიური მოთხოვნილების მოსანელებლად გაღებულ პირში ისე ჩაუვარდეს, როგორც ოკეანეში პირდაღებულ ვეშაპს უცვივდებიან უდარდელად ტალღებზე მოთამაშე პატარპატარა ცხოველები.

ეს ანბანური ჭეშმარიტება რამდენადაც მალე იქნება ანბანურ ჭეშმარიტებად აღიარებული, მით უკეთესი”. ლენინმა დარბაზი მიატოვა! როგორც ვთქვი, კამათი მეორე დღესაც გაგრძელდა, მაგრამ ლენინი აღარ დასწრებია…

P.S. უნივერსიტეტის დერეფანში ლენინმა განმიცხადა, რომეროვნულ საკითხზემუშაობს ახალგაზრდა მარქსისტი _ იოსებ ჯუღაშვილი და უმჯობესია, მას მიაკითხოთო”.

..”

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება შემდეგ ნომერში

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here