Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

ბელადი და სოფლის მეურნეობა

3064
სტალინი

ნაწილი III

ბოროტმოქმედი პირებით დაკომპლექტებულმა სახელმწიფო კომისიამ, ნიკიტა ხრუშჩოვის მეთაურობით, თითქმის მთლიანად გაანადგურა XX საუკუნის პირველი ნახევრის საბჭოთა კავშირის საარქივო მასალების ფონდი. ფასდაუდებელი მასალები, რომლებიც სრულიად საიდუმლო დოკუმენტებს შეიცავდა ან განადგურდა, ან შეიცვალა ყალბი ინფორმაციებით, ისევე, როგორც წინა წერილში მოგახსენეთ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის გაყალბების თაობაზე. რუსეთში მასალების მოძიება კიდევ ხერხდება იმის გამო, რომ სხვადასხვა უწყებაში მუშაობდნენ სინდის-ნამუსის მქონე ადამიანები, რომლებიც ნამდვილ კომუნისტებად დარჩნენ და ბოლომდე შეინარჩუნეს თავიანთი ქვეყნისა და წყობის ისტორია.

ყველაზე მედროვე, ყალბი და სინდისგარეცხილი აღმოჩნდნენ ქართველი კომუნისტები, რომლებიც, მცირე გამონაკლისის გარდა, არც არასოდეს ყოფილან კომუნისტები. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ედუარდ შევარდნაძისგან, რომელსაც ვიცნობდი, ოდესმე გავიგებდი, _ არასოდეს ვყოფილვარ კომუნისტიო; ამას ვერც წარმოვიდგენდი… და ყველაზე მედროვე ქართველმა კომუნისტებმა ის მცირეოდენი საარქივო მასალაც გაანადგურეს და შეცვალეს, რომელიც რესპუბლიკაში არსებობდა.

დღეს დადგენილია, რომელი დაავადებები გადაიტანა ალექსანდრე მაკედონელმა, თმის უმცირეს ნაწილაკში აღმოაჩინეს ნაპოლეონის გარდაცვალების მიზეზი, დადგენილია ჩვ.წ.აღრიცხვამდე ეგვიპტის ახალგაზრდა ფარაონის _ ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზი.

რამ შეუშალათ ხელი, რომ დღემდე სიმართლე ვერ მოეფინა, სამართლიანი იყო თუ უსამართლო მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ევგენი მიქელაძის განაჩენი.

ვიცი შემედავებიან, _ “ძალიან კარგად არის დადგენილიო! არა, ჩემო მეგობარო, რომ არ იცი, იმიტომ ამბობ ასე დაბეჯითებით შენს მოსაზრებას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში შენც ჩემსავით შეიკავებდი თავს ასეთი თავდაჯერებული დასკვნისგან.

ადამიანების სასტიკი წამებისა და ქუჩაში დახოცვის ამსახველი ათასობით ფაილი და ტელეკადრი არსებობს, მაგრამ მაინც გვირჩევნია ბოლშევიკების მიერ 1921 წლიდან განაწამები მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებაზე ვილაპარაკოთ. არადა, დიდ ქართველ მწერალს თავისი ნაწარმოებების ორი მესამედი კომუნისტური წყობის დროს აქვს შექმნილი _ ეს მიხეილ ჯავახიშვილმა 1936 წლის 19 თებერვალს განაცხადა კრემლის გეორგიევსკის დარბაზში, სადაც სტალინთან და დეკადის სხვა მონაწილეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათი გადაიღო და შრომის წითელი ორდენით მკერდდამშვენებული დაბრუნდა საქართველოში

ნიურნბერგის იუსტიციის სასახლის არქივში შემიშვეს და იქ ვიმუშავე ფაშისტი დამნაშავეების საქმეთა რუსულ სექტორში და აქ იმას ვერ მივაღწიე, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სასამართლოს საქმემდე მივსულიყავი. ეუბნებიან, რეპრესირებული მწერლების საქმეები არქივიდან იზა ორჯონიკიძემ ლიტერატურულ მუზეუმში წაიღოო. თუ ასეა, მაშინ რატომ არ არის იქ ის საქმეები? სად წაიღო ან რატომ არ არის ვინმე მომკითხავი? სად დაიკარგა საუკუნის უაღრესად საჭირო და საინტერესო მასალები?

რუსეთში გაჰკივიან, რომ არქივები გახსნეს, მათ შორის, სტალინის პირადი არქივიც, მაგრამ არქივის ის 30 %, სადაც ხრუშჩოვისა და გორბაჩოვის ბინძურმა ხელმა ვერ შეაღწია, დღესაც გაუხსნელია. მკვლევართა უზარმაზარი არმია ორი იორკშირული ღორის დინგით ნათქვლეფი სალაფავის ნარჩენების ქექვაკვლევაშია გართული, რომელსაც არც თავი უჩანს და არც ბოლო.

რატომ სრულად არ იხსნება მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მასალები და სად არის სტალინის საიდუმლო დღიურები? მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად და ამერიკისთვის ფაშიზმზე გამარჯვების გადასალოცავად ჯერ საქმე დასრულებული არ არის. და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ სადაა ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც არსად მოიხსენიება მეორე მსოფლიო ომის ბრძოლების ისტორიაში? რატომ არ არის ნახსენები მტრის ბრძანებებსა და დირექტივებში სიტყვა სტალინგრადი და რატომ არის იგი შეცვლილი ვოლგოგრადით?

ამ ყველაფერს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ჩვენს არქივებში სტალინისდროინდელი თაგვების გამხმარ ტყავებს თუ იპოვით, სიმართლის ნახევარი დამპალმა ხრუშჩოვმა სამარეში ჩაიტანა, მეორე ნახევარი კი გორბაჩოვმა ამერიკელებს მიჰყიდა. რით ვიხელმძღვანელოთ, ცოტა რამ მაინც რომ აღვადგინოთ მეხსიერებაში, რათა მომავალი თაობის მცირეოდენ ნაწილს მაინც ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა, ვინ იყო სტალინი და რა გააკეთა მან საქართველოსთვის.

საქართველოს აღმშენებლობისა და სოციალისტურ სამოთხედ გადაქცევის საქმეში ისტორიის მთავარ მოწმეებად შეიძლება დავასახელოთ და გამოვიყენოთ იმ ადამიანების პირუთვნელი მოგონებები, რომლებმაც ათეულობით წელი გაატარეს სტალინურ ეპოქაში და იქცნენ ქვეყნისა და ამ სამოთხის აქტიურ მშენებლებად. ესენი არიან:

  1. ლავრენტი პავლეს ძე ბერია;
  2. კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანი;
  3. აკაკი ივანეს ძე მგელაძე.

ლავრენტი ბერიას გარდა, დანარჩენ ორ დიდ ქართველს პირადად ვიცნობდი, ბევრი რამ მსმენია მათგან. ძირფესვიანად ვიცი კანდიდ ჩარკვიანის მოგონებათა ორტომეული _ “განცდილი და ნააზრევი” და აკაკი მგელაძის წიგნი “სტალინი, როგორსაც ვიცნობდი მე”.

რაც შეეხება ლავრენტი ბერიას, მკითხველს მივაწვდი უშუალო მიმოწერას სტალინსა და ბერიას შორის, რომლითაც მკითხველი დარწმუნდება, რა შეეძლო ბერიას დამოუკიდებლად გაეკეთებინა და რას აკეთებდა, როდესაც სტალინის საკმარისი ნდობა მოიპოვა.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რევოლუციამ და, კერძოდ, სოციალისტურმა სისტემამ შეაფერხა მზარდი კაპიტალისტური განვითარების ტენდენციები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ განაპირა მხარეებშიც. ფანტაზიორობით ბავშვობაში ვიყავით გატაცებული და დიდებულ სათავგადასავლო რომანებსაც ვკითხულობდით, მაგრამ უახლესი ისტორიის მკვლევარებმა უნდა იცოდნენ, რომ 1923 წელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად რა აღმოაჩნდა მოსახლეობას: აი ინვენტარიაციის მონაცემები:

  1. ხის გუთანი 7 406 ცალი.
  2. ხის კავი 162 947.
  3. რკინის გუთანი 17 785 ცალი.
  4. ადგილობრივი ფარცხი ხის 54 752 ცალი.
  5. რკინის ფარცხი 3 002 ცალი.

ამავე აღწერით, საქართველოში იყო 388 480 მეურნე, მათგან 210 092-ს არ ჰქონდა სახნავი ინვენტარი, სატრანსპორტო ინვენტარს მოკლებული იყო 335 674. ტრანსპორტის ისეთი საშუალებაც კი, როგორიც არის ურემი, არ გააჩნდა 125 261 მეურნეს.

* 1924 წლის ბოლოს უხილავმა ხელმა საქართველოში წარმოუდგენელი მასშტაბის რევოლუციური ძვრები განახორციელა, რესპუბლიკის მასშტაბით შეიქმნა მანქანა-იარაღების გამქირავებელი 60 პუნქტი;

* 1929 წლის 5 იანვარს მოსკოვმა მიიღო დადგენილება “მანქანა-ტრაქტორთა სადგურების (მტს) ორგანიზების შესახებ”. ამ დადგენილებამ სრულიად შეცვალა სოფლის მეურნეობის სტრუქტურა და მართვის მექანიზმი;

* ამიერკავკასიაში პირველი მტს-ები დაარსდა აგარის, აბაშისა და ბორჩალოს რაიონებში, მათ განკარგულებაში იყო 1 425 ცხენის ძალის სიმძლავრის 133 ტრაქტორი;

* 1934 წელს საქართველოს მტს-ებში იყო 5 კომბაინი, რომელთა დახმარებით მოსავალი აიღეს 602 ჰექტარზე. 1941 ზაფხულში კომბაინების რაოდენობამ 512-ს მიაღწია, რომელთა მეშვეობით მარცვლეული და მზესუმზირა აღებული იქნა 104 960 ჰექტარზე;

* 1923 წელს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის ეკონომიკური თათბირი, რომელზც განიხილეს მორწყვის ამოცანები. თათბირზე წაკითხული იქნა სტალინის დეპეშა, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი: “მორწყვის ამოცანები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამოცანები არმიისა”;

* 1921-1928 წლებში საქართველოში სამელიორაციო სამუშაოებზე დაიხარჯა 4 645 365 მანეთი;

* სტალინის ინიციატივითა და უშუალოდ მისი ბრძანებით, 1925 წელს ფართოდ გაიშალა კოლხეთის ჭაობის ამოშრობის სამუშაოები. 1925-1932 წლებში დაიხარჯა 4 300 000 მანეთი, 1932-დან 1935 წლამდე _ 29 000 000 მანეთი, ხოლო მეორე ხუთწლედში კოლხეთში დაიხარჯა 67 000 000 მანეთი, მესამე ხუთწლედის 2 წელიწადში _ 21 000 000, ხოლო 1940 წელს _ 17 000 000 მანეთი. პირველ და მეორე ხუთწლედებში კოლხეთში ამოაშრეს 17 000 ჰექტარი ჭაობი. აშენდა სარწყავი სისტემები კულაშ-ღანირის, ლაში-მისაქციელის, რიონი-მაშველის, წილკნის, დოეს-გრაკლის, თეზი-ოკამის, აჯამეთის, ტირიფონის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის, სამგორისა და სხვ, სარწყავმა სისტემამ გააცოცხლეს და სოციალისტური მშენებლობის სამსახურში ჩააყენეს _ 330 ათასი ჰექტარი მიწა, წინათ მზით გადამწვარი, მაგრამ ფრიად ნაყოფიერი, ნაცვლად 94 ათასი ჰექტარისა, რომელიც ირწყვებოდა საქართველოში 1920 წელს. გარდა ამისა, საქართველოს მშრომელებმა ამოაშრეს და ბრუნვაში მოაქციეს 105 ათასი ჰექტარი დაჭაობებული მიწა, აქედან 60 ათასი ჰექტარი გამოსტაცეს კოლხიდის 220 ათასჰექტრიან ჭაობს.

* 1925 წელს შეიქმნა ტრესტი “საქართველოს ჩაი”. აფხაზეთში 1917 წელს თუ მხოლოდ ერთი ჰექტარზე იყო დარგული ჩაის კულტურა, 1950 წლისთვის ჩაის პლანტაციების ფართობმა 11 000 ჰექტარს გადააჭარბა, აჭარაში _ 7 000 ჰექტარს. სერიოზული წარმატებები მოიპოვეს ჩაის მოვლა-პატრონობაში გურიის რაიონებმა და იმერეთის ზოგიერთმა რაიონმა. რესპუბლიკაში დიდი განვითარება ჰპოვა ციტრუსოვანი კულტურების მოვლა-პატრონობამ და უხვი მოსავლის მოყვანამ. ზოგიერთ წელს რესპუბლიკაში ციტრუსოვანთა ნაყოფის საერთო მოსავალმა 50 000 ტონას გადააჭარბა.

აი რას წერს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მიმართ სტალინის დამოკიდებულებაზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი:

“ჩვენში ბევრს ეგონა, რომ ჩაისა და ციტრუსოვანი მეურნეობის ფართო მასშტაბით განვითარება საქართველოში ბერიას თაოსნობით მოხდა. ამ აზრის განმტკიცებაში, ცოდვა გატეხილი ჯობია, ბევრ ჩვენგანს, და პირადად მეც, მიგვიძღვის ბრალი. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის შექმნის ინიციატორი, მისი განვითარების მთავარი ქომაგი სტალინია. არას ვიტყვი ჩაის ბუჩქზე, რომლის მასობრივად გაშენება პირველ ხუთწლედში დაიწყო. ამ უკანასკნელის შემუშავებასთან ბერიას მისი მაშინდელი სამსახურეობრივი მდგომარეობით დამოკიდებულება არ ჰქონდა. ციტრუსების შესახებ კი შემდეგი უნდა ითქვას: სტალინთან ისეთი შეხვედრა არ მახსოვს, რომ ციტრუსებზე არ ყოფილიყო ლაპარაკი და მათი განვითარების შესახებ რაიმე კონკრეტული დავალება არ მიმეღოს. ის ჩვენგან მოითხოვდა ციტრუსოვანთა პლანტაციებით დაგვეფარა არა მარტო ზღვისპირეთი, _ მისი მოსაზღვრე ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი რაიონებიც”.

საქართველო ხომ მეღვინეობის კლასიკური ქვეყანაა. დიდი ივანე ჯავახიშვილის დასკვნა ქართულ ვაზსა და ქართულ ღვინოზე იმდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანსაც საქართველოში ვაზის კულტურა იარსებებს და, შესაბამისად, ღვინო დაიწურება:

“უხვი ამპელოგრაფიული და მევენახეობის ტერმინოლოგია, ვაზ-ყურძნის ჯიშების სიმრავლე, ისევე, როგორც მათი სახელების აღმნიშვნელობით გამომჟღავნებული დაკვირვების ნიჭი, ქართულს ვაზ-ყურძნის ჯიშების მაღალხარისხოვან თვისებებთან ერთად სრულ უფლებას აძლევს მკვლევარს, დაასკვნას, რომ ძველ საქართველოში მევენახეობა უაღრესად განვითარებული ყოფილა, მევენახეობის ცოდნისა და საქმიანობის დონეც უეჭველია მაღალი უნდა ყოფილიყო”.

მსოფლიოს მეცნიერთა აზრით, დედამიწის არც ერთ კუთხეში არ არის ვაზის იმდენი ჯიში, რამდენიც საქართველოში. გარდა უნიკალური აბორიგენული ჯიშებისა, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი. ვაზის 400 ჯიშის ნაყოფი საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია, ხოლო 16 სამრეწველო ჯიშია.

XIX საუკუნის სახელგანთქმული ამპელოლოგი (მევენახე) ცაბელი ქართულ საფერავს ნაყოფიერებითა და მისგან მიღებული პროდუქციის ხარისხით საუკეთესო ფრანგული ვაზის ჯიშებზე მაღლა აყენებდა.

ცაბელი საქვეყნოდ აცხადებდა: “წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ვაზის ჯიშს ჯობია და შემიძლია, იგი სრულიად შეგნებულად გირჩიოთ ფართოდ საცდელად”.

ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა გვიან თავისი მოგზაურობის დღიურებში ჩაწერა: “არსად სვამენ იმდენი რაოდენობით და მაღალი ღირსების ღვინოებს, როგორც საქართველოში”.

სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ საქართველოში ერთადერთ სტრატეგიულ დარგად მევენახეობა იყო მიჩნეული და მას განსაკუთრებული ყურადღებაც ექცეოდა. საქვეყნოდ იყო სახელგანთქმული ქართული ღვინოები: “წინანდალი”, “გურჯაანი”, “თელიანი”, “ნაფარეული”, “ტიბაანი”, “იმერული”, “რქაწითელი”, “კახური”, “ხვანჭკარა”, “ოჯალეში”, “ქინძმარაული”, “უსახელაური”, “ატენური” და სხვ.

ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსებზე 557 მედალი მოიპოვეს, მათგან 75 ოქროსი, 75 _ ვერცხლის, დანარჩენი _ ბრინჯაოსი. ყველაზე მეტი მედალი მიღებული აქვს “წინანდალს” _ 3 ოქროს, 6 კი _ ვერცხლის; “მუკუზანს” მოპოვებული აქვს ოქროს 4 მედალი: 1 ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოსი; “თელიანს” _ 3 ოქროსი და 3 ვერცხლი; “სალხინოს” 5 მედალი, ხუთივე ოქროსი…

დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართული კონიაკები: “ენისელი”, “თბილისი”, “ძალიან ძველი” (“ოს”), “ვარციხე”, “გრემი”.

ახლა კი უნდა წარმოგიდგინოთ ვრცელი ამონარიდი კანდიდ ჩარკვიანის მოგონებიდან, როგორ ზრუნავდა სტალინი ქართულ ღვინოზე და მის ხარისხზე:

ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისადმი სტალინი მუდამ ინტერესს იჩენდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩვენს ღვინოებსა და კონიაკს მსოფლიოში ბადალი იშვიათად მოეპოვებაო. იმოწმებდა ცნობილ ფრანგ პროგრესულ მოღვაწეს პიერ კოტსაც, რომელსაც მასთან სტუმრობისას მოსწონებია კონიაკიენისელი”. ახლა საფრანგეთში კომერციამ ხარისხზე ზრუნვა ბევრს გადაავიწყა. იქ ერთი ბოთლიენისელისაგანზოგიერთი ფირმა ორ ბოთლ კონიაკს გააკეთებდაო, _ უთქვამს პიერ კოტს. ასევე შეუქია მას ქართული სამარკო ღვინოები. სტალინს კოტის აზრი ანგარიშგასაწევად მიაჩნდა: მისი მამა მევენახე და მეღვინე ყოფილა და ბაზარზე თურმე მზა ღვინოებითა და კონიაკებით გადიოდა. პიერ კოტს, სხვათა შორის, მეღვინეობასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურეთნოგრაფიული დოქტრინაც ჰქონია შემუშავებული. სტალინი სიცილით იგონებდა კოტის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტებიდან გამოსული ფრანგი პოლიტიკური მოღვაწეები გულახდილ, ხალისიან, ჰუმანურ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან და თითქმის გამოუკლებლივ ლიბერალები და პაციფისტები არიან

სტალინის მაგიდაზე მხოლოდ ქართული სამარკო ღვინოები მოჰქონდათ, მოყვარულთათვის კონიაკიც ქართული იყო. თვითონ სტალინი თითქმის ყოველთვის “თელიანს” სვამდა, მაგრამ ცოტ-ცოტას, საარყე ჭიქით. იშვიათად მინახავს, რომ მას ღვინო ამ სასმელისთვის საყოველთაოდ განკუთვნილი ჭიქით დაელიოს.

ერთი ასეთი სადილის დროს სტალინი მოულოდნელად შემეკითხა:

_ რატომ აღარ ჩანს ყვითელი კახური ღვინოები, ნუთუ საქართველოში შეწყდა მათი წარმოება და სულ ამ უფერული ღვინოების დაყენებაზე გადახვედით?

_ მართლაც, სად არის ის მშვენიერი ღვინოები? _ ჩაერია ლაპარაკში ა. ჟდანოვი, რომელიც ქართული ღვინოებისადმი გულგრილი არ იყო, _ პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისში ჩვენი ოფიცრობა ყვითელ ღვინოებს სვამდა. როგორც მახსოვს, იმ ღვინოს “კახეტიას” ეძახდნენ.

_ ამხანაგო სტალინ, _ ვუპასუხე, _ კახეთში გლეხური მეურნეობები თეთრი ყურძნისაგან მხოლოდ მოყვითალო ღვინოებს აყენებენ. სახელმწიფო მრეწველობაში გამოშვებული ღვინოების 80 პროცენტიც მოყვითალო შეფერილობისაა. თქვენს მაგიდაზე და ოფიციალურ ბანკეტებზე ის ღვინოები არ ხვდება. ქართული მეღვინეობის გვირგვინი ევროპული წესით დაყენებული ღვინოებია, თეთრებიდან ეს არის “წინანდალი”, “გურჯაანი”, ხოლო წითლებიდან _ “თელიანი”, “მუკუზანი”, “ყვარელი”. მასობრივი მომხმარებელი კახური წესით დაყენებულ ღვინოებსაც დიდად და, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ უფრო მეტადაც აფასებს, თუმცა ღირსებით ისინი სამარკოებს ჩამოუვარდებიან.

_ მაინც რით განსხვავდება ევროპული ტექნოლოგია ქართულისაგან და რა აძლევს კახურ ღვინოს იმ ოქროსფერს? _ შემეკითხა სტალინი, არ ვიცი, გამოსაცდელად (მან ამ მიზნითაც იცოდა კითხვების დასმა) თუ ნამდვილი ცნობისმოყვარეობით. მე კი ამ შეკითხვამ საბაბი მომცა, მოკლედ დამეხასიათებინა ღვინის დაყენების ეს ორი წესი.

_ ყველაფერი კარგია, _ თქვა სტალინმა, _ მაგრამ ევროპული ტიპის ღვინო რომ კახურად დაყენებულს ჯობდეს, ეს მაინც ვერ დაამტკიცეთ.

_ ნება მომეცით, ამხანაგო სტალინ, მოგართვათ კახურად დაყენებული თეთრი ღვინის რამდენიმე ნიმუში, _ ვუპასუხე, _ თვითონ განსჯით, რამდენად მართალი ვარ.

როგორც კი დავბრუნდი საქართველში, მოვამზადეთ კახურად დაყენებული თეთრი ღვინის სამი ნიმუში: ორი “სამტრესტის” გამოშვებული, ერთიც კახეთში ღვინის დაყენებით განთქმული კოლმეურნისაგან ნაყიდი და გავგზავნეთ. სამი-ოთხი თვის შემდგ საქმეების გამო მოსკოვში ჩავედი. სტალინი აგარაკზე ვინახულე და ჩემი საკითხები მოვახსენე. შემდეგ ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა: პოლიტბიუროს იქ მყოფი რამდენიმე წევრი და მე ვახშამზე მიგვიპატიჟეს. ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა, მასპინძელი კი გაგზავნილი ღვინის ნიმუშებზე არაფერს ამბობდა. მე მათი ბედი ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ შეკითხვა უხერხულად მივიჩნიე. ინფორმაციისათვის მივმართე ისევ ა. მიქოიანს, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა.

_ მაგიდაზე რამდენჯერმე მოიტანეს, _ მითხრა მან, _ გულდასმით გავსინჯეთ და დავრწმუნდით, რომ ევროპულად დაყენებული ქართული სამარკო ღვინო უფრო ხალისიანი, ნაზი და სასიამოვნო ყოფილა.

როგორც ვთქვი, სტალინს “თელიანის” მარკის ღვინო მოსწონდა. იგი ცნობილი ფრანგული ჯიშის ვაზის, კაბერნეს, ყურძნისგან მზადდება. კაბერნე მხოლოდ წინანდალში იძლევა მაღალხარისხიან ღვინოს. სხვაგან მისი ღვინო ხარისხით არ გამოირჩევა”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here