Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ბოლშევიზმი

სტალინი და ბოლშევიზმი

926
სტალინი და ლენინი

მოძღვრებები, რომლებზეც ხელი მიგვიწვდებოდა, გვისწავლია, გვიმსჯელია და ჩვენი მოსაზრება გამოგვითქვამს, ბევრი არ არის, მაგრამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდებოდა და დღესაც გვხვდება, არის მარქსიზმი.

* მარქსიზმი _ ეს არის ლიტერატურა. ლიტერატურა კი ძველდება, მას სინამდვილე ამარცხებს ან კვდება (ოსვალდ შპენგლერი).

* ლენინიზმი _ გაუგებარი თეორიების გაგებული მხლართველი, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

* ტროცკიზმი _ ლენინური გაუგებრობის შეგნებული გამგრძელებელი.

* სტალინიზმი _ ბოლშევიზმის მამა, რომელიც ბუნებამ დაღუპა.

სტალინი და ბოლშევიზმი

უცხო სხეული, რომელსაც მე-6 საუკუნიდან აკვირდებოდნენ მსოფლიოს მოწინავე ადამიანები, საზოგადოების ნიჰილიზმს იწვევდა. სერიოზიულ მეცნიერულ კვლევას არავინ აწარმოებდა. თანასწორუფლებიანობა, სოციალური თანასწორობა, უკლასო საზოგადოება _ სწორედ ეს იყო ის უტოპიური ოცნებები, რომლებიც შემდგომ სახელადაც დაერქვა ამ ცრუ მეცნიერებას, როგორც უტოპია.

რუსეთში დაწყებული რევოლუციური მოძრაობა ბუნებაში მიმდინარე არახელოვნურ მოვლენებს ემსგავსებოდა, რომლის პოტენციური ძალა არათუ იკლებდა, თანდათან იმატებდა და კოლოსალური ხდებოდა. ვინ იყვნენ ამ მოძრაობის სათავეში უკიდეგანო ქვეყნის ყველა კუთხეში? ისევ და ისევ ჩაგრული კლასიდან გამოსული გმირები, რომლებიც წინ მიუძღოდნენ შიშველ და მშიერ მოსახლეობას თავისუფლების მოსაპოვებლად. გლეხთა მეთაურებს მოწინავე ინტელიგენციამაც ხელი გაუწოდა და სხვადასხვა ლამაზი ზღაპარი შექმნა გმირ მეზობელზე, რომელმაც ქალზე მოძალადე ჯარისკაცს ხმლით თავი წააგდებინა. ერთ ზღაპარს მეორე მიჰყვა და შეიქმნა ნამდვილი ჰეროიკული რუსული ლიტერატურა, რომელმაც უზარმაზარი როლი ითამაშა რუსი ხალხის გამოღვიძებაში.

რუსეთში არა ზევიდან, არამედ ქვევიდან დაიწყო ძლევამოსილი რევოლუციური მოძრაობა, რომელიც გაურკვევლად მიმდინარეობდა ალასკიდან აზოვის ზღვამდე. მაშინ, როცა მსოფლიოში მომძლავრდა თეორია, რომ რევოლუციამ უნდა გაიმარჯვოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, რუსმა ჯარისკაცმა გაწყვიტა იმპერიალიზმის ჯაჭვი იქ, სადაც ის ყველაზე სუსტი იყო, და რევოლუციამ ყველაზე სუსტ იმპერიაში _ რუსეთში გაიმარჯვა.

უკან დარჩა კომუნისტური პარტიის მანიფესტი. მარქსისა და ენგელსის ცნობილი მოწოდება “პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით”. რუსმა პროლეტარიატმა აჩვენა თავისი ძალა იმპერიას და იგი ბეჭებზე დასცა. ლენინისა და ტროცკის მსოფლიო პერმანენტულმა რევოლუციამ ჩაილურის წყალი დალია.

ლენინი მარქსისტი არასოდეს ყოფილა, არც მე-19 საუკუნის 30-იან წლებში და არც 1917 წელს. ლენინმა თავისი მოძღვრება _ ლენინიზმი, ბლანკიზმზე დააფუძნა, თუმცა უფრო სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ლენინმა ბლანკიზმიდან აიღო მხოლოდ ცუდი, ისევე, როგორც, მხოლოდ ცუდი აიღო ანარქიზმიდან, რუსული ნაროდნიკული სოციალიზმიდან, მარქსიზმიდან. ვლადიმერ ლენინი ბლანკისტი არ იყო იმიტომ, რომ ბლანკიზმში უარყო მთავარი _ გადატრიალების განხორციელება დიდი სისხლისღვრის გარეშე; ლენინი ანარქისტი არ ყოფილა, იმიტომ, რომ მას არ ჰქონია მასების რწმენა; ლენინი ნაროდნიკი არ ყოფილა, იმიტომ, რომ სოციალურად თანასწორთა საზოგადოების შექმნა მას აზრად არ გაუვლია გონებაში; ლენინი მარქსისტი არ ყოფილა, იმიტომ, რომ მან მარქსისზმში უარყო მთავარი _ საზოგადოების განვითარების კანონზომიერების შეუვალობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების ფორსირების შეუძლებლობა.

მაინც რა იყო ყველაზე მეტად მიუღებელი ლენინიზმში? ისტორიული კანონზომიერების უარყოფა, საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კანონების უგულებელყოფა. სწორედ ამით იყო განპირობებული ყველა სხვა უარყოფითი მოვლენა ლენინიზმში (სექტანტიზმი, ექსტრემიზმი, დიქტატურა და ა. შ.). ლენინის ილუზია პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობის შესახებ სრულიად გაფანტა 1905-1907 წლების რევოლუციამ. რუსეთი ის ქვეყანა იყო, რომელშიც შეიძლებოდა, მეჯინიბე ან გაკრეჭილი ბერი მეფის ტახტზე დამჯდარიყო, მაგრამ რუსეთი ის ქვეყანაც იყო, რომელშიც მეფე-მამის მისიის აღსრულება ყველას არ შეეძლო. რევოლუციამ, მისმა მსვლელობამ და მარცხმა ლენინი, როგორც მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე, გააკოტრა. იგი ახალს ვეღარაფერს ქმნიდა, თავს ისევ მარქსისტად ასაღებდა, კვლავ ერთ ადგილს ტკეპნიდა. ასეთ ვითარებაში რუსეთში განგებისგან განსაზღვრული მისიის აღსრულებას იწყებს იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი). რა ჰქონდა საერთო სტალინის ამ დასკვნებს უკვე ცნობილ სოციალისტურ მიმდინარეობებთან, უფრო კონკრეტულად კი მარქსიზმთან ან ლენინიზმთან? _ ძალიან ცოტა, თითქმის უმნიშვნელო რამ. იოსებ სტალინი ახალ სოციალისტურ მიმდინარეობას, ახალ სოციალისტურ მოძღვრებას _ სტალინიზმს უყრიდა საფუძველს.

იოსებ სტალინის წინასწარმეტყველება ახდა. 1917 წლის თებერვალმარტის რევოლუციამ რუსეთის იმპერია დაანგრია, პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოქმედო ასპარეზი გადაიშალა. იოსებ სტალინის ზებუნებრივმა ნიჭმა და ენერგიამ გასაქანი ჰპოვა და სტალინი თავისი მისიის აღსრულებას შეუდგა. სტალინს ამ მისიის აღსრულება მარქსის მანტიამოსხმულს მოუწია. იმხანად სტალინს მის მიერ ახალი მოძღვრების შექმნაზე რომ დაეწყო ლაპარაკი, იგი უნდა დაპირისპირებოდა ლენინს, რაც ძალზე გააძნელებდა პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის ბრძოლას. მარქსისტის სამოსელი კი სტალინს სულაც არ უშლიდა ხელს ჩანაფიქრის აღსრულებაში” (პროფ. ვახტანგ გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”).

აქ ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები კომუნისტები. საუბარია იმ ბოლშევიკებზე, რომლებმაც რუსეთი 1917 წლის რევოლუციამდე მიიყვანეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ სტალინის მოხსენება სცილდება მოკვდავი ადამიანის ქმედებას. მას უკვე შიშის განცდა დაკარგული აქვს და ხდება “უშიშარი, ვითარცა უხორცო”.

მრისხანე 1913 წელს, როდესაც ხმალი ხმალს სცემდა და ქუჩაში სისხლის მდინარეები მიედინებოდა, ემიგრაციიდან ახალჩამოსული ლენინი, როგორცმკვდარი მკვდარს აეფარაო”, მარქსს ამოეფარა, არადა, ის მარქსისტი არასოდეს ყოფილა.

“იოსებ სტალინი ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმას ხვეწდა, პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებებს ითვალისწინებდა. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა 1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული მისი უამრავი ნაშრომი. ლენინმა აშკარად იგრძნო სტალინის უპირატესობა, რადგან სტალინი ჯერჯერობით ლენინს არ ებრძოდა, ლენინის ლიდერობას საფრთხეს არ უქმნიდა და ლენინი სტალინის ნააზრევს აედევნა. ის მდევრის როლში იყო 1917 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. ფარულმა ალიანსმა გაამართლა: იოსებ სტალინმა თავისი მისია აღასრულა, ვლადიმერ ლენინმა ბოლშევიკური პარტიის ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო ორივემ ერთად ბრწყინვალედ მოიგეს _ 25 ოქტომბერს რუსეთის მთავრობა ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს, პოლიტიკური პარტიები პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.

1917 წლის 25 ოქტომბერს კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ იყო გააზრებული. დროებით მთავრობას საკმაოდ სერიოზული ძალა (მუშები, ჯარისკაცები, მატროსები) უჭერდა მხარს, მაგრამ იმ დღეს, იმ მომენტში, იმ წუთში დროებითი მთავრობა მაინც მარტო დარჩა. დროებითი მთავრობის “მარტოობა” დიდხანს არ გაგრძელდებოდა. საათები, შეიძლება წუთები წყვეტდა ყველაფერს. სწორედ ეს “წუთები” არ გამოჰპარვია სტალინს. სხვა გზით ბოლშევიკები ძალაუფლებას ვერ დაეუფლებოდნენ. ამრიგად, ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკური პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს ან ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს (პროფ. ვახტანგ გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”).

სტალინმა 1917 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია ერთპიროვნული მმართველობით დაასრულა. მას ამ საქმეში არ დახმარებია არც მარქსი, არც ლენინი და თუნდაც არც პლეხანოვი, მაგრამ იმავე დღეს, როგორც კი რევოლუციამ გაიმარჯვა, დაიწყო ახალი რევოლუცია, უფრო რთული, უფრო განუჭვრეტელი და უფრო ორგანიზებული, როგორც საომარი მოქმედების, ისე მორალური და ფინანსური მხარდაჭერის მხრივ. ამ რევოლუციას ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა თორმეტთა შემოსევა უწოდა. გაჩაღდა ომი, რომლის წამმართველი ძალა, რა თქმა უნდა, გარეშე მტერი იყო, რათა აკვანშივე დაეხრჩოთ თავისუფლებისთვის დაბადებული ათასთავიანი დევი. ათასთავიანი ჩვილის გადასარჩენად რუსეთს კავკასიის მთებზე მიჯაჭვული ამირანი მიეშველა და ქვეყანა არამხოლოდ პურით მოამარაგა, არამედ ბარბაროსებს, რომლებსაც ათასთავიანი ჩვილი აკვანში უნდა მოეკლათ, თავები დააყრევინა.

1903 წელს, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებად დაყოფის შემდეგაც, ბოლშევიკების პარტიაში კვლავ მოხდა პარტიის წევრთა გათიშვა. რუსი ბოლშევიკები ყოველთვის მტკიცედ იდგნენ რუსულ ნაციონალურ ნიადაგზე და არ თმობდნენ თავიანთ ნაციონალურ და ტრადიციულ ინტერესებს; მაშინ, როდესაც უცხოეთიდან შემოსულმა კომუნისტთა ერთმა ნაწილმა ლიბერალიზმის გზა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკებშიც შიგადაშიგ გამოერივნენ განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენლები, ბევრი მტკიცე ბოლშევიკად დარჩა, ზოგიერთმა კი საერთოდ დატოვა ბოლშევიკთა რიგები (მაგალითად ჩიჩერინიც გამოდგება).

ბოლშევიკების ფრთას არალეგალურად მართავდა სტალინი, ლიბერალების ფრთას კი _ ლენინი და ტროცკი. ამ ორ ფრთას შორის ფარული ომი მიმდინარეობდა ჯერ ლენინის სიცოცხლეში, შემდეგ კი ავადსახსენებელ 37 წლამდე. ბოლშევიკები განიხილებოდნენ როგორც პატრიოტი, ტრადიციების დამცველი, სამართლიანი და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლიტიკური რაზმი, რომელმაც კავიანი რუსეთი ბირთვულ სახელმწიფომდე მიიყვანა და სამართლიანობის კუნძულად აქცია.

1952 წლის ოქტომბერში ბოლშევიკურმა შემართებამ სახე იცვალა და მე-19 ყრილობის სარეზოლუციო ნაწილში სიტყვა “ბოლშევიკი” საერთოდ ამოიღეს და ლიბერალურმა კომუნისტურმა პარტიამ თავისი ადგილი დაიკავა საზოგადოებაში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია და არა _ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ბოლშევიკებისა. გავიდა სულ ოთხი თვე და ბოლშევიკებს მამაც მოუკვდათ. ლიბერალ-მოღალატე ნიკიტა ხრუშჩოვის ხელში ბოლშევიკებიცა და ლიბერალი კომუნისტებიც მე-20 ყრილობის დარბაზში ღორი ხრუშჩოვის ძუძუთა გოჭებს დაემსგავსნენ და მის გაბერილ მუცელს ეძგერნენ.

სტალინი

მე-20 ყრილობის ტრიბუნიდან ხრუშჩოვი ქვეყნის გასაგონად გაჰყვიროდა:

1.“სტალინმა რუკა არ იცოდა, ფრონტებს გლობუსით ხელმძღვანელობდა!”

მარშლებმა და ფრონტის სარდლებმა გაოგნებულებმა, მაგრამ შეშინებულებმა ვითომ დაიჯერეს.

2.“სტალინი ლოთი და მანიაკი იყო!”

სტალინის ახლობლებმა და სულიერმა მეგობრებმა “დაიჯერეს”.

3.“სტალინი მშიშარა იყო!”

“დაიჯერეს” სამოქალაქო ომში მასთან ერთად მებრძოლმა რაინდებმა.

4.“სტალინი უსწავლელი და უცოდინარი იყო!”

“იწამეს” მეცნიერებმა და კონსტრუქტორებმა.

5.“სტალინი იყო ნეხვი!”

“დაეთანხმნენ” ხელოვნების მუშაკები.

6.“თქვენც ნეხვი ხართ!” _ გაუმეორა ხელოვნების მუშაკებს ხრუშჩოვმა.

7.“თქვენ უნიტაზის ხვრელში ქვევიდან მომზირალი ხალხი ხართ”.

ახლა მოვუსმინოთ მიუმხრობელ ადამიანს _ სახალხო კომისარს, რომელიც 1939-დან 1953 წლის თებერვლამდე 80-ჯერ შეხვდა და ესაუბრა სტალინს, ესწრებოდა პოლიტბიუროს სხდომებს, მთავრობის სხდომებს, სტალინს ხვდებოდა ფრონტზე და მშვიდობიანობის პერიოდში. ეს პიროვნება არის ვიაჩესლავ მალიშევი, რომელსაც სტალინთან შეხვედრები თავის პირად დღიურში ჰქონდა გადატანილი. მის ჩანაწერებს სათაურად შემდეგი სიტყვები ჰქონდა წამძღვარებული: “ათი წელი გავა და ამ შეხვედრებს კარგად ვეღარ აღიდგენს მეხსიერება”.

მალიშევის ჩანაწერები მისი სიკვდილის შემდეგ იპოვეს მის პირად სეიფში. ცეკას საერთო განყოფილების გამგის, . მილინის, გულისხმიერებითა და მონდომებით ჩანაწერები შეინახეს ცეკას სპეცარქივში. არქივების გახსნის შემდეგ ეს ხელნაწერები მზის სიანთლეზე გამოვიდა. ვნახოთ, რას წერს სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მალიშევი სტალინის შესახებ:

“13 სექტემბერი, 1939 წელი

ამხანგი სტალინი ლაპარაკობდა ქვანახშირის მოპოვებაზე, ქვანახშირის მრეწველობის ცუდი მუშაობის მიზეზებზე და მიუთითა, რომ ქვანახშირის მრეწველობის ჩამორჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო .. კაგანოვიჩის უცოდინარობა, სწორად გაანაწილოს ხალხი… ამხანაგმა სტალინმა მოიყვანა ორი მაგალითი, როგორ ცუდად ზრდის ამხანაგი კაგანოვიჩი ხალხს. მაგალითები ეხებოდა ამხანაგებს _ იზოტოვსა და დიუკანოვს. ამხანაგმა სტალინმა პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ ეს ამხანაგები არ იყვნენ მზად ქვანახშირის კომბინატის უფროსებად მუშაობისთვის. ისინი კი წარადგინეს ამ თანამდებობებზე. სტალინმა ისევ განსაკუთრებულად მიუთითა იმაზე, როგორ არის საჭირო ხალხის აღზრდა… “კარგი სტახანოველია? _ დანიშნე ის შახტის უფროსად, დააკვირდი, დაეხმარე, იმუშაოს, როგორც საჭიროა, შემდგომ შეიძლება, სასწავლებლად გაიგზავნოს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი წარდგენა კომბინატისა თუ ტრესტის უფროსად”. ამხანაგმა სტალინმა მიუთითა, რომ სტახანოველი, შახტის უფროსიც კი, მიჩვეულია კონკრტული ხალხის ხელმძღვანელობას, კომბინატის უფროსმა კი უნდა იცოდეს ბალანსი, ფინანსები, სისტემურად უნდა აზროვნებდეს. ეს კი უნდა აღიზარდოს ადამიანებში. ახლა ამხანაგი იზოტოვი და დიუკანოვი უკან უნდა დავწიოთ. დავამახინჯეთ ხალხი და ვინ არის ამაში დამნაშავე? იგივე ხდება გზებისა და კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატში. ამხანაგ კაგანოვიჩთან საკადრო არეულობაა. ჩვენ ცენტრალურ კომიტეტში იძულებული ვიყავით, აგვეკრძალა ამხანაგ კაგანოვიჩისთვის ყოველგვარი საკადრო ცვლილების განხორციელება. ძალიან ბევრი რამ გვასწავლა მეც და იქ დამსწრე ამხანაგებს სტალინის ამ შესანიშნავმა გამოსვლამ.

21 დეკემბერი, 1939 წელი

თავდაცვის კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე (სექტემბერში) განიხილებოდა ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო გადაწყვეტილება. ამხანაგი სტალინი გამოვიდა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს. ის დაწერილია ბიუროკრატიული ენით, ხალხის ენაზე ლაპარაკი დაგავიწყდათ. თუ თქვენ ხალხის ენაზე ლაპარაკი დაგავიწყდათ, მე არ დამვიწყებია!” ეს ერთი თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტია, რომელიც მომაგონდა, მაგრამ ამაში მთელი სტალინია, ნამდვილი სახალხო ბელადი.

ამხანაგი სტალინის დამახასიათებელი თვისებაა ხალხის მოსმენის უნარი _ ის ყოველთვის ისმენს საწინააღმდეგო აზრსა და წინადადებებს, თითქოს ყველაზე უმნიშვნელოსაც კი; მუდამ ითვალისწინებს ყველა გარემოებას და მხოლოდ შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

1 მაისი, 1948 წელი

ვიყავით სადილზე ამხანაგ სტალინთან. ვისადილეთ ბაღში, სუფთა ჰაერზე. მოსკოვის პარტიული კომიტეტის მდივნის, ამხანაგ პოპოვის სადღეგრძელოში სტალინმა თქვა: “ხანდახან სადილის დროსაც ვიხილავთ ხოლმე ჩვენ საქმეებს. აი, კიდევ მინდა გამოვთქვა ერთი სურვილი ამხანაგ პოპოვისადმი. მართალია, რომ მოსკოვში გაქრა საზოგადოებრივი ტუალეტები? ამბობენ, რომ ასეა. თუ ასეა, აუცილებელია ამის სასწრაფოდ გამოსწორება. მოსკოვში უნდა მოეწყოს კარგი ტუალეტების საკმარისი რაოდენობა. ქალაქის ცენტრში ტუალეტები მიწისქვეშ უნდა გაკეთდეს. წითელ მოედანზეც აუცილებელია კარგი ტუალეტები. აი, მაგალითად, ხომ არ შეუძლია ხალხს 6-7 საათი რომ იდგეს მავზოლეუმის რიგში და არ განიტვირთოს. ეს ძნელია. ამიტომ ვუსურვოთ ამხანაგ პოპოვს, რომ შესძინოს ქალაქს კარგი საზოგადოებრივი ტუალეტები. დღესასწაულებზე იქ, სადაც ხალხმრავლობაა, ცუდი არ იქნებოდა მოძრავი ტუალეტები ავტომობილებზე”.

შემდგომ ამხანაგმა სტალინმა დალია ჩვენი პოლიტიკის სადღეგრძელო. მან თქვა, რომ თავის დროზე, მე-13 საუკუნეში, რუსებმა დაკარგეს იმიერკარპატეთის უკრაინა და მას შემდეგ ყოველთვის ოცნებობდნენ მის დაბრუნებაზე. სწორი პოლიტიკის წყალობით, ჩვენ შევძელით ყველა სლავური (უკრაინული და ბელორუსული) მიწების დაბრუნება და განვახორციელეთ რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხების საუკუნოვანი ოცნება. დავლიოთ ჩვენი პოლიტიკის სადღეგრძელო”.

17 ივნისი, 1949 წელი

ტარდებოდა პოლიტბიუროს სხდომა მოსკოვის რეკონსტრუირების 25-წლიანი გეგმის თაობაზე. ბოლოს გამოვიდა ამხანაგი სტალინი და თქვა დაახლოებით შემდეგი: “ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი კარგად მოწყობილი დედაქალაქი, რომელიც სანიმუშო იქნებოდა. ავიღოთ პარიზი _ ეს საყოველთაოდ აღიარებული დედაქალაქია.

ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს ყველა ქალაქისთვის სანიმუშო დედაქალაქი. ჩვენი სახელმწიფოს ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენში დიდი ხნის განმავლობაში არ ცნობდნენ დედაქალაქად პეტერბურგს. პეტრე I-მა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პეტერბუტრგი გამოაცხადა დედაქალაქად. მართალია, ამას აქვს ახსნა. პეტრეს ეშინოდა ბოიარების მზაკვრობისა მოსკოვში და უნდოდა მათი ზეგავლენის აღკვეთა. ამბობენ, რომ გერმანელების სიახლოვემ პეტერბურგთან 1918 წელს აიძულა ლენინი, დედაქალაქი მოსკოვში გადაეტანა. არა. ლენინი ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე ფიქრობდა მოსკოვის დედაქალაქად გამოცხადებაზე.

მოსკოვს პატივი რომ სცენ, როგორც დედაქალაქს, ის ლამაზი უნდა გახდეს. უნდა გახსოვდეთ, რომ დედაქალაქი აძლიერებს სახელმწიფოს. ცხადია, შეცდომა დავუშვით, როდესაც მოსკოველებს განვითარების 25-წლიანი გეგმის შედგენის ნება დავრთეთ. შეუძლებელია ყველაფრის გათვალისწინება და წინასწარ განჭვრეტა ასეთი ხანგრძლივი ვადით. კერძოდ, შეუძლებელია ტექნიკის განვითარების გათვალისწინებაც. უარი უნდა ვთქვათ 25-წლიან გეგმაზე. უფრო გონივრული იქნება ათწლიანი გეგმის შემუშავება. ახლა რამდენიმე შენიშვნა პროექტის არსის შესახებ. მოსკოვის უმეტესი ნაწილი 8-10-სართულიანი სახლებით უნდა განაშენიანდეს. ქალაქის 25-30% კი _ 12-14 სართულიანით. ეს უფრო ეკონომიური იქნება, ვიდრე წინადადება მოსკოვის 4-5 სართულიანი სახლებით განაშენიანების შესახებ. მრეწველობის განვითარება მოსკოვში უნდა შეჩერდეს, ხოლო საწარმოები, რომლებიც ქალაქს აბინძურებს, ქალაქიდან უნდა გავიტანოთ. საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებას უნდა მივაწვეთ”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here