მთავარი ისტორია სტალინი. დაბადება

სტალინი. დაბადება

7704
გააზიარეთ
ნიკოლოზ პჟერვალსკი

იბადებოდა ქვეყნის სიცოცხლე,

თითქოს იმ აკვანს ფესვით მიება,

იბადებოდა ქალდეველ მონის,

რომის პლებეის შურისძიება.

(“სტალინის ყრმობა და ბავშვობა” , . ლეონიძე)

საუკუნეები დასჭირდა საქრისტიანოს, რათა დაწყნარებულიყო, ყველაფერს _ კეთილსა და ბოროტს _ თავისი სახელი დარქმეოდა. დაწყნარდა და განისაჯა ყოველივე. კაცობრიობა რაც უფრო შორს მიდის, მით მკვეთრი ხდება მისი მხედველობა, მაგრამ საგნებს იმდენ განზომილებაში ხედავს, რომ ძნელია, განსაზღვროს, რომელ პრიზმაში იდგა ესა თუ ის მოვლენა ამ თუ იმ წელს.

საუკუნის წინათ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების (2 მილიარდამდე) უმრავლესობა იოსებ ჯუღაშვილს სტალინად აღიქვამდა. არავინ იცოდა და არც ახლა ვიცით, საიდან წარმოდგა სიტყვა სტალინი: სტალიდან _ ძველქართულ ფოლადაურიდან თუ ჯუღადან, ან იქნებ სულ სხვა კონტინენტზე გავრცელებულ სახელისგან არის წარმოებული?! იოსების აღიარებული დედა კეკე 21 დეკემბერს აღნიშნავდა თავისი უსაყვარლესი სოსელოს დაბადების დღეს რეცხვით, ხელსაქმითა თუ ფიზიკური შრომით გამომუშავებული კაპიკებით. 21 დეკემბრისთვის ყიდულობდა ყველაზე მოხდენილ ტანსაცმელს თავისი ჭკვიანი ბიჭისთვის.

მსოფლიო პოლიტიკის დინოზავრებიც 21 დეკემბრისთვის ამზადებდნენ ცივილიზაციის გადამრჩენლისთვის განკუთვნილ ყველაზე ძვირფას საჩუქრებსა და სიტყვებს დეპეშებისთვის მისთვის დაბადების დღის მისალოცად.

მაშ, ვის გაუჩნდა ეჭვი, რომ იოსები არ იყო 21 დეკემბერს დაბადებული ან რა საიდუმლოებას ინახავდა 100 წლის განმავლობაში გორის ეკლესია, რომ დღემდე ვერავინ მიაგნო სტალინის ნათლობისა და დაბადების მოწმობებს, ეს მოწმობები ისეთივე “ფარშივი” დოკუმენტებია, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვისა და მიხეილ გორბაჩოვის განკარგულებით შექმნილი და “განსაკუთრებით საიდუმლოდ” შენახული უამრავი სხვა დოკუმენტი.

მეტი დამაჯერებლობისთვის აქვე მომყავს სტალინის “სიყალბის” კიდევ ერთი დამამტკიცებელი დოკუმენტი.

ასეთი ყალბი დოკუმენტების შექმნა ხომ ყველა ფალსიფიკატორსა და ყალთაბანდს შეუძლია. მაშ, რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ საეჭვოდ შეთითხნილი დოკუმენტით, როდესაც არსებობდნენ როგორც მშობლები, ისე თვით იუბილარი?

რატომ უნდა დავუჯეროთ ლეგენდას, რომ სტალინის მამა რუსი მოგზაური ნიკოლოზ პრჟევალსკი უნდა ყოფილიყო, როდესაც სტალინის სავარაუდო ჩასახვამდე (1977 წ) და ჩასახვიდან 10 წლის განმავლობაში პრჟევალსკის კავკასიაში საერთოდ ფეხი არ დაუდგამს?!

პრჟევალსკის 1877 წელს ჩინეთში მოგზაურობისას მძიმე სენი შეეყარა და უკან დაბრუნებული მოგზაური შუა აზიაში ხანგრძლივი დროით მკურნალობდა. ავადმყოფობის გართულების გამო იგი 1878 წლის აპრილში პეტერბურგში გადაიყვანეს. როდის შეხვდებოდა გორელ ქალს _ კეკე გელაძეს?! მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ პრჟევალსკი თურმე სახით ძალიან ჰგავს თავის “შვილს” _ სტალინს. განსჯისათვის იხილეთ “მამა”-”შვილის” ფოტოები.

სტალინის მამობაზე ზოგიერთ “მკვლევარს” აქვს “მტკიცებულებები”, რომ ის წარმოშობით სომეხია, რადგან იმხანად გორის პოლიციის უფროსად ვინმე სომეხს უმუშავია… ყველაზე საინტერესო კი ის ვერსიაა, რომ სტალინი რუსი მონარქის, ალექსანდრე მესამის, შვილი უნდა ყოფილიყო.

ინგლისელი ისტორიკოსი და მწერალი საიმონ სებაგმონტეფიორე, რომელმაც შექმნა მსოფლიოში არნახულიაჯაფსანდალისტალინის პიროვნებაზე, ერთ სიმართლეს მაინც ვერ გაექცა და ეჭვგარეშე დაასკვნა, რომ იოსებ ჯუღაშვილის მამა ბესარიონ ჯუღაშვილია, ხოლო სტალინი დედითა და მამით ყველაზე ცნობილი ქართველია მსოფლიოში (ამაზეც დიდი მადლობა _ გრ. ონიანი).

სტალინამდე ბესარიონსა და კეკეს ორი ბიჭი გაუჩნდათ, მაგრამ არავინ ხდის საეჭვოდ მათ ნამდვილ შვილობას თავიანთი მშობლებისა. რატომ შეიქნა ყველაზე ბევრი “ნაკლის” მქონე პატარა სოსოს მამობა ასე საეჭვო; რომ ყველა, ვისაც ხელში კალმის აღება შეუძლია, შინაური თუ გარეშე, პატარა სოსოს მამის ვინაობას და დაბადების თარიღის ნამდვილობას არკვევს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეთაგან მრავალგზის არის დადასტურებული, როგორც მშობლების ვინაობა, ისე მისი დაბადების თარიღიც?

გორში სტალინის კარის მეზობელი და უახლოესი მეგობარი, შემდგომ მწერალი და პუბლიცისტი დავით კასრაძე ყველაზე რეალურად აღწერს სტალინის პიროვნებას, თუ ვინმეს მსოფლიოში სტალინის ფენომენზე უმუშავია. და ეს ყველაფერი ყოველდღიურ მეზობლურ და მეგობრულ გარემოშია დაწერილი ერთ-ერთი გამოჩენილი მწერლისა და პუბლიცისტის მიერ, რომელიც ჩვენი საყვარელი მსახიობის _ ქართლოს კასრაძის მამა იყო (ამაზე კი _ ქვემოთ).

აი ეს ქალბატონი ზრდიდა პატარა მებრძოლ ბახალას, რომელიც მალე გადაუფრენს კავკასიონს და საარაკო ადამიანად იქცევა.

მყინვარს შვენის ნისლის ბადე,

შევარდენი მეხთან ომობს,

სტალინ. შენი სიდიადე

ვინა სთქვას და გიგალობოს”.

აი ამ პატარა ბუდიდან გამოანათა სხივმა, რომელმაც მსოფლიო გაანათა.

“ძველი გორი ისევ დგას ბედად გადარჩენილი”.

(იხ. ფოტო 1)

ფოტო 1
ფოტო 1

სურათზე მარცხნივ, სადაც ყმაწვილია ჩამომჯდარი ფანჯრის რაფაზე, სტალინის დაბადების ნამდვილი ადგილია (სახლი). ეს ფოტო შალვა ლოლაძის პირადი არქივიდან არის ამოღებული.

1890 წელს სოსო, ლამაზად ჩაცმული და დავარცხნილი, დედიკოს მიჰყავს გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც შედგა ნაცნობობა ახალ მეგობრებთან, რომლებთანაც კავშირი სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია.

1892 წელს სასულიერო სემინარიის მეორე კურსის მოსწავლემ, 12 წლის სოსო ჯუღაშვილმა თავი მოუყარა მეგობრებს და საყვარელ მასწავლებელს, რომლებთანაც სურათი გადაიღო, თვითონ კი, როგორც ორგანიზარტორმა, ხელში ყვავილების კონით ბოლო რიგის შუა ადგილი დაიკავა. საინტერესო ის არის, რომ არსებობს სია იმ პირებისა, რომლებიც ამ ფოტოზეა წარმოდგენილი.

(იხ. ფოტო 2)

ფოტო 2
ფოტო 2

მარცხნიდან მარჯვნივ I რიგში:

  1. პეტრე კაპანაძე
  2. ტიტე ჩუტკერაშვილი
  3. დავიდოვი
  4. იოსებ ჯუღაშვილი
  5. დავით სალარიძე (ვახტანგ სალარიძის მამა)
  6. მირა ქარუხანაშვილი
  7. ალექსანდრე ელისაბედაშვილი

II რიგში:

  1. დარიშენდო გოგოხია
  2. სადიანიძე
  3. გიორგი მაჭარაშვილი
  4. ხუციშვილი
  5. სიმონ გოგლიძე
  6. ჯერანაშვილი
  7. კორნელი კეკელიძე
  8. გაგოშიძე

III რიგში:

  1. ლიღვაშვილი
  2. ეფრემიძე

IV რიგში:

  1. გიორგი გოგიშვილი
  2. ვადაგაძე
  3. ხოხიაშვილი.

1939 წელს 60 წლისთავზე თბილისში სტალინის გორელმა და თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებმა დარჩენილთაგან სურათი გადაიღეს და გაუგზავნეს ამხანაგ სტალინს კრემლში. აი ეს სურათიც:

ფოტო 3
ფოტო 3

(იხ. ფოტო 3)

სურათს მეორე მხარეს გაკეთებული აქვს წარწერა: ამხანაგ სტალინის (ს. ჯუღაშვილის) სიყრმის ამხანაგები, რომლებიც მასთან სწავლობდნენ მისი შეგირდობის დროს გორის სასულიერო სასწავლებელში და ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

მარცნიდან მარჯვნივ:

I რიგში:

  1. ღვინიაშვილი ა. რ.
  2. გოგოხია დ. ვ.
  3. რაზმაზე გ. ა.
  4. ტიტვინიძე მ.

II რიგში:

  1. ქარუხანაშვილი მ.
  2. ხვადაგაძე ზ.
  3. ხახანიშვილი კ. ი.
  4. კაპანაძე პ. ს (ლენინის ორდენოსანი)
  5. ელისაბედაშვილი (სოცუზრუნველყოფის მინისტრი)
  6. გლურჯიძე გ. (ლენინის ორდენოსანი)
  7. კეკელიძე კ. (პროფესორი)
  8. ელიზბარიშვილი მ.
  9. მეგრელიშვილი

III რიგში:

  1. _ კასრაძე
  2. დეკანოზიშვილი ი.
  3. სალარიზე დ.
  4. ლაშაური ა.
  5. ციხითათარაშვილი ა.
  6. შუბლაძე
  7. ხუციშვილი მ.

IV რიგში:

  1. რეხვიაშვილი ვ.
  2. მონასელიძე მ.
  3. კასრაძე დ. ი (მწერალი)
  4. სვანაძე გ. (კომპოზიტორი)

1939/21/12, ქ. თბილისი.

(მასალები ამოღებულია ვახტანგ სალარიძის პირადი არქივიდან).

აქვე წარმოგიდგენთ იოსებ ჯუღაშვილის გორის სასულიერო სემინარიის დამთავრების მოწმობას, რომელიც მან 1894 წელს მიიღო პირველი ხარისხის დიპლომითა და ქების სიგელით, რომელმაც გზა გაუხსნა მომავალში ახალგაზრდა სოსოს თბილისის სასულიერო სემინარიაში შესასვლელად.

(იხ. ფოტო 4)

ფოტო 4
ფოტო 4

ცნობილი მხატვრის _ ნალბანდიანის სურათი (ახალგაზრდა სტალინი).

ფოტოასლი თხოვნისა სემიანრიის რექტორ სერაფიმეს სახელზე სახელმწიფო კმაყოფაძე აყვანის თაობაზე ოჯახური მდგომარეობის გამო.

1917 წლის 8 (27) გიორგობის თვეს გაზეთ “საქართველოს” # 244-ში მე-2-მე-3 გვერდებზე გამოქვეყნდა დავით კასრაძის ლიტერატურული პორტრეტი სტალინზე, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და რომლის სრულ ტექსტსაც ახლა შემოგთავაზებთ.

სტალინის სილუეტი სხვადასხვა სახით გამოკრთის მისი ცხოვრების პერიფერიებზე: დღევანდელი სტალინი შორეულ წარსულში ჯუღაშვილი იყო. მისი სახელი არც კობა ყოფილა და არც იოსები, უბრალოდ, სოსოთი კმაყოფილდებოდა. მისი სურათიც არაა განსაკუთრებული: აიღეთ ციცრის კვერცხი, ჭორფლისა და ყვავილის ლეჩაქის მოზაიკით და მიიღებთ პატარა სოსოს ნამდვილ პორტრეტს. ცქვიტი, მალხაზი, შავი გრუზა თმით და თითქოს ნახშირით გადაკალმული წარბებით, პატარა ელვარე შავი თვალებით თვალწინ გიდგებოდათ სიცოცხლის მოტრფიალე, დაჩაგრული, ობოლი ბავშვი, მარტოობაში რომ უცნაური ფიქრებით დაცურავს და ფიქრებითვე სწვავს სულის მშფოთვარე ტბის კაეშნის ლელნარს. სულიერ იდუმალ მღელვარებას რელიგიური ექსტაზით ჰკლავდა იგი და საღმრთო ჰიმნებით იკვლევდა სასოწარკვეთილების მკვდარი ზღაპრის გაყინულ ბილიკს იმ ნორჩ სულთა საჯალათოს ცივ კედლებში, რასაც სასულიერო სასწავლებელი ერქვა. ღვთიური ძღვენი _ ხასხასა კისკისი, მზიურ სიმშვიდის ველზე უდარდელად პეპელათ დევნა, აღტაცებული აფეთქება და მოწყვეტილ სხივის ცრემლების აკოკრება არ უგემნია სანეტაროდ მის ყმაწვილობას: ისეც ობოლი, სულიერადაც ობოლი იყო, თვით ტოლთა შორის არ უწყოდა ლაღი სიცილი, სიცოცხლის მშვენიერება. მისი ლაღი სუნთქვა და სიმსუბუქე იდუმალ სევდის სარკოფაგში ჩამარხულიყო! იშვიათი, ნაზი, სუფთა ხმა, ალტი, სოსოს თვალსაჩინო მგალობლად ჰხდიდა: მიგეცათ სხვა პირობები სხვა სარბიელი და დღევანდელ სტალინის ნაცვლად გვეყოლებოდა ქართველი სმირნოვსობინოვი. სოსომ ყრმობის სფეროში გადასდგა ფეხი და თვითვე გალეწა საჯალათოს ყინულოვანი ზღუდები. იგი სიჭაბუკის ცეცხლით აღიგზნო. მის ფიქრმორეულს, შავ ჩირაღდნებს გარდაეშალა კაცობრიობის სიმდაბლე, სიმახინჯე, მოშხამულ სახეთა შემზარავი პრანჭვაგრეხა და მასში გაიღვიძა ერთგვარ ანაქორიტის სიმძაფრემ: ადამიანთა შორის სოსო უაღრესად უდაბნოში გრძნობდა თავს. ტანჯული, გასრესილი მისი ყრმობა, სულიერი შიმშილით აუმუშავებელი მისი სიჭაბუკე, რელიგიურის გატაცებით ისმენდა უგნურთა ველურ მუსიკას, როგორც უდაბნოში განდგომილი მისი შორეული პროტოტიპი, ჯერ წყნარი მქადაგებელი, მაგრამ იროდის წინაშე გათავხედებული იოანე ნათლისმცემელი! მის გაუდაბნოებულს სულში საიდუმლოდ გაბნეული სიცოცხლის მშვენიერება ბრძოლისა და გარდატეხის დროს უგუნურთა ცეცხლს იკიდებდა! უეჭველია, საშუალო საუკუნეებში რომ ეცხოვრა, მისგან გამოვიდოდა სასტიკი, ურყევი, თავისუფლად მონავარდე ველური სევონაროლა, რომელიც უნდა შეიშალოს, რომ განიცადოს ზეშთაგონების ბედნიერება, რათა იმითი აამწვანოს მგზავრობის მიერ წარხოცილი ცხოვრების ველი! მაგრამ სოსოს არ უცხოვრია საშუალო საუკუნეებში და აჯანყებული დემონის ნაცვლად იმიტომ იქცა სულ სხვა არსებად, რასაც თვითვე გამოუჭედა ძალოვანი სახელისტალინი”. შემთხვევითი როდი იყო მისი ასეთი ფსევდონიმი. მასში გარეულია ფილოსოფიური შხამი მისი წარსულისა, რომელმაც აღაგზნო, გამოაფოლადა რელიგიური მისტიციზმით მისი ყრმობის უმწიკვლო სული; მასში უფრო, ვიდრე სხვა რომელიმე რევოლუციონერში უწყინარი ბუნება იქცა სიშმაგედ! მარქსიზმის გარეშე შეატრიალა რენე დეკარტის ძირითადი პრინციპის ფორმულა, რომ შემეცნება კი არ საზღვრავს არსებობას, თვით არსებობა ქმნის შემეცნებას! ჭაბუკი სოსელო განვლილი დღეების ტანჯვათა შემეცნებაა, მისგან ამოტყორცნილი ნაპერწკალი, თუ გნებავთ, გულთამხილავი, ვისაც ანაღვერდებულ ოცნების ველზე გარდაუშლია სულ სხვა, გარდაღმა მხარის ბედნიერებისა და ნაყოფიერების მზიური ქვეყანა, რომლის საზღვრებში შესასვლელად საჭიროა ჯვარცმა, წამება, ძლიერის გზნებით უფსკრულების ხვრელთა გადაწვა. არ იფიქროთ, ბოლო დროის სტალინიკობა წარმოსადეგი ვაჟკაცი იყოს, მის მხრებს ამშვენებდეს გრაფ მირაბოს მანტია, თუნდა რობესპიერისტრაგიზმის მშვენიერების ბეჭედი”, რასაც აგრე რიგად სდაობს მისი მასწავლებელი, ხოლო ეროვნულ საკითხში მისი მოსწავლე ლენინი, არა! ახლაც შორს არ წასულა ტანჯვით გამოკვესილი სტალინი პირველ ბიჭის სოსელოსაგან. განსხვავებაა მხოლოდ შავი წვერულვაში და მუქი მოლურჯო პენსნე! სხვაფრივ მისი ნიღაბი უცვლელია. გრაფ ჰონორე მირაბოობა რომ გასწიოს, მას სჭირია ხუთჯერ მეტი ფიზიკური დასრულება, ველური ჰიპნოზი, ხოლო მის მშვენიერ ტენორს _ იერიქონის საყვირად მოხმარება. ერთით აღემატება ხსენებულს გრაფს: ხასიათის სიმტკიცით! მას ვერავითარი მარია ანტუანეტა ვერ მოისყიდის, რომ რწმენა ვნების კოცონზე დასწვას და ისტორიის წინაშე გამურული პირბადით წარსდგეს! ამ შემთხვევაში სოსო ისეთივე უდრეკია, როგორც პატარაობისას, როდესაც ინსტიქტურად ნორჩ სულთა საჯალათოს კედლების გასარღვევად სული გარეთ მიიწევდა.

სტალინი-კობა ამხანაგებთან ერთად დღეს რევოლუციის უახლეს ფურცლებს წერს. ნუ გაგიკვირდება, თუ (ორის ათეულის წლის შემდეგ) ჩვენის ბედნიერის თვალით წავიკითხავთ მის მიერ ხელმოწერილ დეკრეტს წითელი ტერორის დასაწყისად _ ბუნებრივი იქნება, სოსელოს შესაფერი. და, როგორც ყაზბეგის გმირმა კობამ ანაცვალა თავის ძმადნაფიც იაგოს ერთი სროლით დიამბეგი და გირგოლა, ისე ანაცვალა სოსელო-კობამ ხალხთა თავისუფლებას ერთი სროლით ძველი და ახალი მთავრობა”.

რა შეიძლება ვუწოდოთ ამას: აღმოსავლეთის ვარსკვლავებს მიდევნებული მოგვთა საგალობელი თუ ბრძოლის წინ დაკრული დაფდაფების სულისშემძვრელი აღტკინება, უკუნ ღამეში ცის გახსნის მოლოდინი, თუ გალაქტიკაში სამარადჟამოდ გაჟღერებული “ჩაკრულო”?

შენ, ადამიანო! თავისუფალ სამყაროში ყველა ადამიანურ სიკეთეზე მიგიწვდება ხელი და საწყალობელი არავისგან არაფერი გაქვს. შენმა თვისტომმა სასწაულები მოახდინა, რაშიც შენც მიგიძღვის წვლილი; შენ მოსპე დედამიწის ერთ მეექვსედზე ექსპლუატაცია, სამაგიეროდ თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა დაამყარე; შენ შექმენი და აღმოაჩინე, რომ არსებობს უპრეცედენტობის პრეცედენტი. შენ იამაყე იმით, რომ სტალინი შექმენი არნახული და მიმზიდველი ბიოგრაფიით, ყველა სასწაულის, ზებუნებრივის დამნახველი და განმახორციელებელი, რომელიც ისტორიული კვალით კაცობრიობის ისტორიაში აღემატება ყველა დროისა და ხალხების ათეულობით უდიდეს პიროვნებას ერთად. ის არის გენიალური შემოქმედი, ზღაპრული მოვლენა, პიროვნება-ფანტასტიკა, რომელსაც ვერავინ დაიჯერებდა, ფაქტი რომ არა. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ იმ კეთილისმყოფელ გავლენას, რომელიც მან დაამჩნია კაცობრიობას.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here