მთავარი პოლიტიკა სიძულვილის “საპრეზიდენტო ინდუსტრია”

სიძულვილის “საპრეზიდენტო ინდუსტრია”

718
გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღესთან დაკავშირებითფეისბუქშიპოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც აზრთა სხვაობა გამოიწვია. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ეპიზოდს საინტერესო პრობლემის განხილვამდე მივყავართ _ საქართველოს ნებისმიერი ხელმძღვანელი საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების ახალფრონტებსაჩენს. ჩვენ ამას მივეჩვიეთ და უკიდურეს ფრაგმენტაციას ლამის ბუნებრივ მდგომარეობად აღვიქვამთ.

კვირიკაშვილმა შემდეგი რამ დაწერა: “დღეს ქართველ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს, ედუარდ შევარდნაძეს, 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა”. შემდეგ პრემიერმა ჩამოთვალა ედუარდ შევარდნაძის მიღწევები (საქართველოს გაწევრება საერთაშორისო ორგანიზაციებში, სატრანზიტო პროექტებში ჩართვა და ა.შ.) და დასძინა: “შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა “ცივი ომის” დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერმა ედუარდ შევარდნაძის როლზე საჯარო განცხადება გააკეთა. გასული წლის ნოემბერში მან უკმაყოფილება გამოთქვა, როდესაც ბერლინის კედლის დაცემისადმი მიძღვნილ გამოფენაზე შევარდნაძის ფოტო ვერ აღმოაჩინა: “ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაზე, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მოვლენაში მნიშვნელოვანი იყო. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ისტორია არის ისტორია”. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა მაშინ კვირიკაშვილს ამ განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა იმ ეპიზოდს განსაკუთრებული ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. ბოლო განცხადება უფრო რეზონანსული გამოდგა.

მას მწვავედ აკრიტიკებდნენ კვირიკაშვილის “ფეისბუქ”-გვერდზეც კი და, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, მხარდამჭერები პრემიერს აქტიურად არ იცავდნენ. დაახლოებით იგივე ხდებოდა სხვა, გაცილებით აგრესიულ ონლაინდისკუსიებში. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან 14 წელიწადზე მეტი გავიდა, ხოლო გარდაცვალებიდან 3 წელიწადზე მეტი, ნათლად გამოჩნდა, რომ დაპირისპირება ამ ფიგურის გარშემო კვლავინდებურად აქტუალურია. მსგავსი, ხშირ შემთხვევაში, მასობრივ ისტერიაში გარდამავალი განხილვები საქართველოს ყველა პრეზიდენტთან დაკავშირებით იმართება და ამ დროს კარგად ჩანს, რომ პოლიტიკური დისკუსია საქართველოში არსებითად ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს ეკრანიზაციაა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ადგილი ჰქონდა ძველი ელიტის ჩანაცვლების მცდელობას. გამსახურდიას, მარტივად რომ ვთქვათ, არ დასცალდა. სააკაშვილმა “წითელი ელიტის” ჩანაცვლება ნუგზარ წიკლაურისა და მეგის ქარდავას მსგავსი ხალხით დააპირა და ზედა ფენებში ისეთი მასშტაბის როტაცია დაგეგმა, რომლის მსგავსი მხოლოდ ბოლშევიკებმა თუ განახორციელეს. საზოგადოების დიდი ნაწილი შეძრწუნდა, მეტიც, სასიკვდილო საფრთხე იგრძნო და ახალბედა დიქტატორს მალევე დაუპირისპირდა.

ამ კონტექსტში შევარდნაძის ფიგურა უნდა განვიხილოთ, როგორც ძველი ელიტის ინტერესების დაცვის სიმბოლო, რომელიც კონტრელიტას აკავებდა. გიორგი კვირიკაშვილის ხაზგასმული პატივისცემა შევარდნაძის მიმართ, თითქოს შეახსენებს საზოგადოების ზედა ფენას, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ანალოგიურ როლს ასრულებს და ძველ ელიტას მხარდაჭერის სანაცვლოდ იცავს. ამ პოლიტიკის საკვანძო ცნება ყბადაღებულისტაბილურობაა”.

სოციალური პირამიდის ამოყირავების მცდელობები და მისი დაცვა უშუალოდ აისახა უამრავი ადამიანისა და ოჯახის ბედზე. ბევრმა მათგანმა თითქოს გააკეთა ფსონი კაზინოში, როდესაც საკუთარი მომავალი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვებას დაუკავშირა და მათ უმრავლესობას დაახლოებით იგივე გრძნობები დაეუფლა, რაც მოთამაშეს, რომელმაც ყველაფერი წააგო. ეს ხელს უწყობს მძიმე ემოციური ფონის შექმნას უახლეს ისტორიაზე საუბრის დროს.

როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, საზოგადოება უკვე გახლეჩილი დახვდა. რამდენად მიუძღვის მას წვლილი დაპირისპირების გაღვივებაში, ცალკე საუბრის თემაა. აქ მთავარია სხვა რამ: სააკაშვილს უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა. საზოგადოება ზოგადეროვნულ კონსენსუსთან გაცილებით ახლოს იდგა, ვიდრე 90-იანების დასაწყისში _ სერიოზული დაპირისპირება არ არსებობდა მანამ, სანამ მისი გაღვივება თავად სააკაშვილმა არ დაიწყო და გამყოფი ხაზები გაავლო არა მხოლოდ სხვადასხვა შეხედულების მქონე, არამედ (მაგალითად) სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის.

საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა საქართველოში ხელისუფლების შენარჩუნების ერთერთ მთავარ ტექნოლოგიად ჩამოყალიბდა. ძირითად პრინციპებზე შეთანხმებული და განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ერთიანი საზოგადოება მთავრობის მიმართ გაცილებით მომთხოვნი გახდება. ამიტომ (დღევანდელი თუ ძველი) მმართველი პარტია ხელმძღვანელობს იდეითგათიშე და იბატონედა გულუბრყვილობა იქნება, მოვთხოვოთ, რომ პატიოსნად მოიქცეს _ მას ეს არც ხელს აძლევს და არც ძალუძს.

“ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო პროგრამის პირველივე პუნქტში ეწერა, რომ ის “დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას”. რა მივიღეთ ხუთი წლის შემდეგ? ავტორიტარიზმი დარჩა, მესიანიზმიც დარჩა. მართალია, ერთმაც და მეორემაც გარკვეული სახეცვლილება განიცადა, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. რაც შეეხება ეროვნული თანხმობის განმტკიცებას, ქვეყანა ლამის “ცივი სამოქალაქო ომის” რეჟიმში ცხოვრობს.

ეს ძალიან საინტერესო ფენომენია: ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” ლიდერები მშვენივრად თანამშრომლობენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან” და აკეთებენ იმას, რამაც მათი მხარდამჭერების დიდ ნაწილს სიტყვა “კოაბიტაცია” შეაძულა. მეორე მხრივ, ისინი ხელს უწყობენ ძველი და ახალი ხელისუფლების რიგით მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას, ხოლო არჩევნებზე სააკაშვილის რევანშის საფრთხობელას იყენებენ. ქართულ სოცქსელებსა და მასმედიაში არ არსებობს უფრო მახინჯი და მანკიერი მოვლენა, ვიდრე ე.წ. ნაცებისა და “ქოცების” დაპირისპირებაა, რომელიც პოლიტიკის, და მასში საზოგადოების მონაწილეობის, სრულ პროფანაციას ახდენს.

თუმცა ბოლო დროს ეს დაპირისპირება ფრიად მოსაბეზრებელი გახდა. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ალტერნატივას, რომ იტყვიან, “მესამე გზასეძებს, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს. როდესაც ცხადი შეიქმნა, რომნაცქოცურიდაპირისპირების მოდელი კარგად აღარ მუშაობს, წინა პლანზე ისევ გამოვიდა (თუ გამოიყვანეს?) ლიბერალებისა და კონსერვატორების კონფლიქტი. ამ ნიადაგზე საქართველოში, დიდი ხანია, სიძულვილის ნამდვილი ინდუსტრია შეიქმნა, რომელსაც ასეულობით ადამიანისთვის სერიოზული შემოსავალი მოაქვს.

როგორც კი, საზოგადოება ყურადღებას აქცევს გაზრდილ ფასებს ან ადამიანის უფლებების მდგომარეობას, მყისიერად ხდება შესაბამისი თემების შემოგდება. საზოგადოება ეკონომიკის ნანგრევებს ყურადღებას არ აქცევს და (მაგალითად) ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნიუანსებზე მსჯელობს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს მოყვასთა გაჭირვება ან მომაკვდავი ქვეყნის ბედი, არამედ მხოლოდ ანალურ სექსთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ამ თემაზე საუბრისას ათასობით ადამიანი ერთმანეთს ლანძღავს და წყევლის. ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ სოციალურ ქსელებში “დაბადებული” აშლილობების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს სიძულვილი საყოველთაო ფრუსტრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის შედეგია, თუმცა მთავარი პოლიტიკის კონტექსტში ისაა, რომ სიძულვილი “წვავს” იმ ენერგიას, რომელიც, იდეაში, ქვეყნის განვითარებას, ცხოვრების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. კონსერვატორები და ლიბერალები, “ბიძინისტები” და “მიშისტები”, “ზვიადისტები” და “შევარდნაძისტები”, “შავები” და “წითლები”… მეტსაც გეტყვით, ამას წინად, 14 წლის მოზარდს, “ბარსელონას” ფანს, ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან კლასელი, რომელიც მადრიდის “რეალს” გულშემატკივრობდა _ კლავდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

16 იანვარს “პალიტრანიუსის” ეთერში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა: “ჩვენ მოგვწონს აგრესია. ამას ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ. შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ რამდენად აგრესიულები არიან ადამიანები სოციალურ ქსელებში. პრობლემა არის ის, რომ ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან”. ზოგი დაეთანხმება მარგველაშვილს, ზოგიც იკითხავს: “აქამდე რას მიკეთებდი?” თუმცა, ალბათ, მთავარია იმის გააზრება, რომ პოლიტიკოსებს უდიდესი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ საზოგადოება ასეთ მდგომარეობამდე მივიდა. სამოქალაქო ომი თითქოს დასრულდა, მაგრამ სამოქალაქო ომის მატრიცა დარჩა. სამოქალაქო ომი, როგორც ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არ დაიძლია და პოლიტიკურმა ელიტამ ეს სათავისოდ გამოიყენა. ის, რომ რუსთაველის გამზირზე ჭურვები არ სკდება, არსებითად არაფერს ცვლის.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here