Home ახალი ამბები საქორწინო ბეჭედი – რას აღნიშნავს წრე

საქორწინო ბეჭედი – რას აღნიშნავს წრე

7186
ტრადიციები და სიმბოლიზმი

ქორწილის ტრადიცია და რიტუალი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და უწყვეტად ვითარდება დროისა და საზოგადოების პროგრესის შესაბამისად.

მაგრამ ბეჭედი, როგორც დაოჯახების სიმბოლო სულ რამდენიმე ათასეულ წელს ითვლის.

თუ ფაქტებს დავუჯერებთ, ჯერ კიდევ 3000 წლის წინ, ძველი ეგვიპტელი ქალები თითზე სამკაულად იკეთებდნენ პაპირუსისგან ან ლერწმისგან დაწნულ რგოლებს. სწორედ ეს ლერწმის რგოლები გახლავთ თანამედროვე ბეჭდის მოკრძალებული წინაპარი.

თუმცა, ბუნებრივია, ამ ორგანულ მასალებს მათი გამძლეობიდან გამომდინარე, დიდი ხნით ვერ გამოიყენებდნენ და ლერწამი სწრაფად ჩანაცვლდა ტყავითა და სპილოს ძვლით. საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა საქორწინო რგოლების დიზაინი და დამზადების ტექნიკა. ხელოსნობის განვითარებამ ძველ ეგვიპტესა და რომში საფუძველი ჩაუყარა ისეთი რბილი ლითონებისგან რგოლების ჩამოსხმას, როგორიცაა ოქრო და ვერცხლი.

წრე სიმბოლურად განასახიერებს მარადისობას, უსასრულობას. მას არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. წრიული ფორმის ბეჭედი ასევე გამოხატავს მომავალი თანაცხოვრების კარიბჭეს, რომელშიც წყვილები დანიშვნის შემდეგ ერთად შედიან.

საქორწინო რგოლების გაცვლა-გამოცვლა

XV საუკუნეში ევროპაში გავრცელებული იყო ბრინჯაოს ბეჭდები, რომელთა დიზაინიც საკმაოდ მკაფიო, თუმცა ერთფეროვანი იყო და გამოიხატებოდა ორ, ერთმანეთში გადაჭდობილ ხელის მტევანში, რაც ერთგულების  სიმბოლოს წარმოადგენდა. ამ სტილს ერქვა „Gimmel Rings“. ამ ტიპის ბეჭედი შედგებოდა 2 ურთიერთდაკავშირებული ოქროს რგოლისგან. ნიშნობიდან ქორწილის დღემდე თითოეულ ამ რგოლს სიძე-პატარძალი ცალ-ცალკე ატარებდა. ხოლო ქორწილის შემდეგ მეორე რგოლიც პატარძალს უბრუნდებოდა. ბეჭდის ცალმხრივად ტარების წესმა ფაქტიურად მეოცე საუკუნემდე გასტანა.

მამაკაცის საქორწინო რგოლი

1940 წლამდე ნიშნობის ბეჭედს მხოლოდ ქალები ატარებდნენ. ბეჭდის ტარების ორმხრივი ტენდენცია მეორე მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. ომში წასვლის წინ, მამაკაცს დიდი ხნით უწევდა საყვარელ ქალთან განშორება. ამიტომ წყვილები ერთგულების ნიშნად ერთმანეთში  ბეჭდებს ცვლიდნენ.

დღეს უკვე საქორწინო ბეჭდის ორმხრივი ტარების წესი საყოველთაოდ გავრცელებული ტრადიციაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქორწინო რგოლის დიზაინმა მკვეთრი ცვლილებები განიცადა, გამრავალფეროვნდა და სწრაფად პროგრესირებადი სახეც მიიღო. ისე, რომ  უკვე თავისუფლად შეგვიძლია შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი ფერის, ფორმისა და დიზაინის მქონე საქორწინო ბეჭედი.

დიზაინი და დეტალები

ვიქტორიანულ პერიოდში ქალის საქორწინო რგოლის დიზაინმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. სწორედ ამ პერიოდში შემოვიდა მოდაში როგორც ორნამენტიანი, ისე ძვირფასი ქვებითა და ბრილიანტებით დამშვენებული ბეჭდები და დღემდე საკმაოდ პოპულარულია ამ ჯგუფის ბეჭდებში. ასეთ ორნამენტულ მიმართულებას „რთველის“ სახელით მოიხსენიებენ, რადგან ხშირად  რგოლის ზედაპირზე ყურძნის მტევნებს გამოსახავდნენ.

თუმცა, უკვე XXI საუკუნის დასაწყისში გავრცელდა დიზაინის ახალი მიმართულება, რომელმაც სწრაფად ჩაანაცვლა უკვე კლასიკად ქცეული, ტრადიციული ორნამენტიანი ბეჭდები.

XXI საუკუნის სტანდარტების მიუხედავად, თანამედროვე საქორწინო რგოლი არ გახლავთ ისეთივე რთული, დახვეწილი და მრავალფეროვანი, როგორიც ნიშნობის ბეჭედია. თუმცა ფერების, ფორმებისა და ნაკეთობის უამრავი შესაძლო კომბინაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქაც საკმაოდ ფართო არჩევანის წინაშე ვდგებით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული საქორწინო რგოლი, თანაც ნებისმიერი დიზაინის ყალიბით და თქვენთვის სასურველი ორნამენტით გაფორმებული. რგოლში ასევე შეგიძლიათ ჩაასმევინოთ თეთრი და შავი ბრილიანტები, ანდა ნებისმიერი ძვირფასი ქვა. ესეც მთლიანად  თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ხარისხი

ალბათ საქორწინო რგოლმა ყველაზე მკვეთრი ცვლილება მაშინ განიცადა, როდესაც მასში  მარადიული სიყვარულის სიმბოლო აღმოვაჩინეთ. და სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ლითონის საქორწინო ბეჭდები, რომელთა „მარადიულობას“ რაღა თქმა უნდა, ლითონის ხარისხი განსაზღვრავდა.

თანამედროვე სტანდარტებით, ოქროს ხარისხი განისაზღვრება სინჯით. ყველაზე გავრცელებული სინჯებია: 585 (14 კარატი)750 (18 კარატი) და უმაღლესი სინჯი  958 (24 კარატი). არადა, სულ რაღაც 60 წლის წინ უმაღლეს ხარისხად 9 კარატი ითვლებოდა.

დღეს წყვილებს ბეჭდის არამარტო შეძენა, არამედ ნებისმიერი სირთულის მოდელის შეკვეთაც შეუძლიათ.  და როდესაც საქმე ეხება დიზაინსა და ხარისხს, არჩევანი მართლაც დიდია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here