მთავარი ისტორია საქართველო დიდ სამამულო ომში

საქართველო დიდ სამამულო ომში

2022
გააზიარეთ
საქართველო დიდ სამამულო ომში

რა წამს ომის ხმა გაისმა,  

როგორც ძმამ ძმისა მშველელმა,

მთამ მთას გასძახა სალაშქროდ,

ველებს გასძახეს ველებმა.

მრავალომგადახდილმა ქართველმა ხალხმა მთაბარი შეძრა მომხვდური მტრისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად _ ქუდზე კაცისა და ლეჩაქზე დედაკაცის გამოსასვლელად ბრძოლის ველზე. მსოფლიოს აოცებდა ქართველი ჯადოქრის, მოსე თოიძის მიერ შექმნილი მხატვრული ტილო, რომელზეც ლეჩაქშემოხვეული ქალი ხალხებს დედასამშობლოს დასაცავად მოუწოდებდა.

პირველივე დაძახებაზე, 1941 წლის 27 ივნისის ბრძანებულების თანახმად, საქართველოდან სამხედრო ნაწილებს მიაშურა 6183-მა უფროსმა და საშუალო წოდების ოფიცერმა, 7026-მა უმცროსმა მეთაურმა. სულ კი ომის პირველივე დღეებში საქართველოში მცხოვრებმა 78 385-მა სრულწლოვანმა ადამიანმა თოფი აიღო ხელში და ფრონტის წინა ხაზზე გავიდა. ქართველ ვაჟკაცებს არც ქართველი ქალები ჩამორჩნენ და 1206-მა გულანთებულმა ახალგაზრდა ქალმა (უფრო მეტად ექიმებმა და უფროსმა მედდებმა) გამოიჩინა ინიციატივა და ბრძოლის ველზე ტყვიების წვიმაში გავიდა მებრძოლთა დასახმარებლად.

7400-მა ქართველმა ახალგაზრდამ, სამხედრო მფრინავმა, რკინის ფრთები გამოისხა და ჩადგა სტალინის შევარდნების რიგებში, რომელთა გმირობაც განაცვიფრებდა არა მხოლოდ საბჭოთა მეომრებს, არამედ მსოფლიოში სახელგანთქმულ ასებსაც.

1941 წლის 27 ივნისიდან, 1942 წლის აპრილამდე მტერთან პირისპირ დადგა 354 332 ქართველი ახალგაზრდა, მათ უმრავლესობას შეადგენდნენ კომკავშირელები და სტუდენტი ახალგაზრდობა, რომელთა ნაწილიც წვრთნას გადიოდა სადივერსანტო, საპარაშუტო სწრაფი მოქმედების ბატალიონებში საბრძოლველად.

მოსე თოიძის ნახატი
მოსე თოიძის ნახატი

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური დადგენილებით, საქართველოში შეიქმნა რამდენიმე მსროლელი და სამთომსროლელი დივიზიები, აგრეთვე, ალპინისტთა 12 ჯგუფი, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი გაიღეს კავკასიის დაცვის საქმეში.

ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებში სამუშაოდ 1942 წელს საქართველოში მობილიზებულ იქნა 19-დან 30 წლამდე 4500 ქალი, ხოლო 2700 გოგონა გაიგზავნა მძღოლის პროფესიის დასაუფლებლად. როცა საქართველოდან ქალების მასობრივი მობილიზაციის ამბავმა სტალინის ყურამდე მიაღწია, მან ქართული გენოფონდის განადგურების თავიდან ასაცილებლად სპეციალური ზესაიდუმლო განკარგულებით ამიერკავკასიის პოლიტსამმართველოს დაავალა, ეს ქალები 8 საათის განმავლობაში უკან დაებრუნებინა. აღნიშნული განკარგულება კატეგორიულად კრძალავდა საქართველოდან ქალების გაწვევას სამხედრო სამსახურში. ნაბრძანები იყო, ყველა სარკინიგზო სადგურსა და პლატფორმაზე, სადაც სამხედრო შემადგენლობა უნდა გაჩერებულიყო, შეექმნათ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც არ დაუშვებდნენ ახალგაზრდა ქალების სამხედრო ვაგონებში ასვლას. 1942 წლის 16 აპრილიდან საქართველოდან ქალთა გაწვევა აიკრძალა, ხოლო მამაკაცების გაწვევა 1944 წლამდე გაგრძელდა.

თავდაცვის ზღუდეების მშენებლობა

ფაშისტების ვერაგულმა შემოჭრამ დღის წესრიგში დააყენა თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის საკითხი. მთავარი საფრთხე მტრის შემოჭრისა აფხაზეთიდან იყო მოსალოდნელი, ამიტომ 1941 წლის ბოლო სამ თვეში თავდაცვის ზღუდეებზე დღედაღამ მუშაობდა 3900 ადამიანი, ხოლო ფოთის პორტის გაღრმავების სამუშაოებს ყოველდღიურად ასრულებდა 4200 ადამიანი. ჯავაონის გზის გასამაგრებლად 1941 წლის ნოემბერდეკემბერში 7000 ადამიანი მუშაობდა, საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთზე 1941 წლის ნოემბერდეკემბერში მხოლოდ დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებიდან _ 500-500 კაცი. დარიალის ხეობაში დღესაც ნახავთ უზარმაზარ ლოდებს, რომლებიც შიგნიდან გამოჭრილია და საცეცხლე წერტილებად არის გამოყენებული, ასეთი გამაგრებული საცეცხლე წერტილი ორჯონიკიძიდან ყაზბეგამდე 1500-ია. უდიდესი სამუშაო ჩატარდა ქუთაისისამტრედიის მონაკვეთზე და რიონის ხეობაში თავდაცვითი ზღუდეების ასაშენებლად.

ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას სცილდება კავკასიონის მისადგომებსა და თვით კავკასიონზე მტრის დასახვედრად გაწეული თავდაუზოგავი შრომა. კავკასიონის დამცველთა თავგანწირულმა ბრძოლამ ფაშისტი ურდოების შემოსევისგან იხსნა არა მხოლოდ კავკასიონი, არამედ სსრკ-ის სამხრეთი და ამით მსოფლიო გადაურჩა კატასტროფას.

კონსტანტინე ლესელიძე
კონსტანტინე ლესელიძე
გიორგი ჯაბადარი
გიორგი ჯაბადარი
ჭიჭიკო ბენდელიანი
ჭიჭიკო ბენდელიანი
ალექსანდრე წურწუმია
ალექსანდრე წურწუმია

“ბაქოს ნავთობის გარეშე მტერზე გამარჯვება შეუძლებელია! _ გაჰკიოდა ჰიტლერი, _ რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა გავიჭრათ ბაქოსკენ”. სწორედ ბაქოსთან მისასვლელი გზები და ამით სასიცოცხლო ვენები გადაუჭრა ლავრენტი ბერიამ კავკასიონზე ჰიტლერს და მოსკოვის შემდეგ მეორე დამარცხება სწორედ კავკასიონზე აგემა ფიურერს. სტალინი კი ბერიას საბრძოლო განწყობას უმაღლებდა და ეუბნებოდა: “ეს შენ გევალება, ეს შენ უნდა გააკეთო, ბეჩოს (თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს 13 სოფელს _ გრ. ონიანი) დაცვა ნიშნავს, დაიცვა კრემლი”. მყინვარებში თავდაცვის შეუვალი ციხესიმაგრეების დანახვით გაოცებული კონსტანტინე ლესელიძე ზუგდიდში მყოფ ბერიას სწერდა: “სვანების დამარცხება კავკასიონზე შეუძლებელია”. მეორე დღეს ბერია ზუგდიდიდან გაქრა. არავინ იცოდა, სად იყო ფრონტის სარდალი, მხოლოდ გენერალმა ქაქუჩაიამ იცოდა, რომ ოთხი დღის შემდეგ მას ქუთაისში შეხვდებოდა. სამი დღის განმავლობაში ათვალიერებდა კავკასიონის მისადგომებსა და მიუვალ ყინულოვან ციხე-კოშკებს ბერია, გამყოლს კი ეუბნებოდა: ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვსო”.

საბრძოლო მოქმედებები

ბალტიისპირეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, მოლდავეთსა და საქვეყნოდ განთქმულ ბრესტის ბრძოლაში ქართველი მეომრები ტოლს არ უდებდნენ ნებისმიერი ქვეყნისა და მომზადების მებრძოლებს. საჰაერო ბრძოლებში სამაგალითო მიღწევებს აჩვენებდნენ ქართველი მფრინავები, რომლებიც იბრძოდნენ დასავლეთის ფრონტზე. ოქროს ასოებით ჩაწერეს ბრძოლების ისტორიაში თავიანთი სახელები ჭიჭიკო ბენდელიანმა, გიორგი ჯაბადარმა, ალექსანდრე წურწუმიამ და სხვებმა. საქართველოს ასობით წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობდნენ ლენინგრადისთვის გამართულ ბრძოლებში, სიმამაცით გამოირჩეოდნენ, როგორც გმირი ხალხის გმირი შვილები. უკვდავების შარავანდედითაა შემოსილი მფრინავი, იმხანად პოლკოვნიკი, შემდგომ გენერალი დიმიტრი შანშიაშვილი, არტილერიის გენერალ-მაიორი გიორგი ჯინჭარაძე, ავიაციის გენერალ-მაიორი ლავრენტი გოლიაძე, იმხანად გენერალ-მაიორი და შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე, ვიცე-ადმირალი გიორგი აბაშვილი, კონტრ-ადმირალი ვლადიმერ ლეჟავა და სხვები. გმირის სიკვდილით აღესრულა ფაშისტებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში 141-ე მსროლელი დივიზიის სნაიპერი . პეტრიაშვილი. მან, პირველმა დიდი სამამულო ომის ისტორიაში, თავისი სხეულით გადაფარა გერმანელთა საცეცხლე წერტილიდან გამოშვერილი ტყვიამფრქვევის ლულა, რომელიც ცელავდა მის პოლკელებს, პეტრიაშვილმა იარაღით ხელში მიმართა თანამებრძოლებს: “სამშობლოსთვის, სტალინისთვის!” და სხეულით გადაეფარა ამბრაზურას. ამ ისტორიულ შეძახილს შემდგომ პოეტმა ლექსი მიუძღვნა:

სამშობლოსათვის, სტალინისათვის! _

ხალხის ძახილი ცეცხლად იქცევა,

ასე ძლიერი ხმა მოწოდების

ჯერ არ ყოფილა და არც იქნება”.

ქართველი ქავთარაძის გმირობა შემდეგ რატომღაც რუს მატროსოვს მიაწერეს.

ლენინგრადისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ: მაიორი სერგო კეთილაძე, რომელსაც სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. რიგითი აბუაშვილი, . ბურდული, . დალაქიშვილი, . კორინთელი, . შაბურიშვილი და სხვები. ქართველთა გმირობა და სიმამაცე სწორედ იქ გამოჩნდა განსაკუთრებით, სადაც პირველად დაუზიანა ხერხემალი გორელმა კობამ ჰიტლერს _ ეს იყო მოსკოვის მისადგომები.

სამხედრო აღლუმი 1942 წლის 7 ნომებერს მოსკოვში, წითელ მოედანზე
სამხედრო აღლუმი 1942 წლის 7 ნომებერს მოსკოვში, წითელ მოედანზე

მოსკოვში სტალინის ღვთაებრივ გენიას მხარს უმშვენებდნენ ქართველი რაინდები. როცა გერმანელი ფაშისტები ათასობით თვითმფრინავით უტევდნენ მოსკოვს, ამ მომენტში საბჭოთა კავშირის დედაქალაქის ცის ქვეშ, წითელ მოედანზე, არნახული სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა. სწორედ 1941 წლის 7 ნოემბრის საჰაერო შემოტევების პერიოდში ჰიტლერის 2 ათასი თვითმფრინავიდან 220 თავისი ასებით მოსკოვის მიწას დაანარცხეს საბჭოთა მფრინავებმა. ამ დღის გმირი კი სწორედ ქართველი მფრინავი, პოლკოვნიკი (შემდეგ _ გენერალ-მაიორი) მიხეილ კიკნაძე გახლდათ.

ფელდმარშალ ჰაინც ვილჰელმ გუდერიანის სატანკო არმიას, რომელიც კრემლისკენ მიიწევდა, წინ გადაუდგა მომავალი სამხედრო გენიოსი და მოაზროვნე სტრატეგი, უშიშარი ვითარცა უხორცო კონსტანტინე ლესელიძე, რომელიც იმხანად პოლკოვნიკი გახლდათ. მოსკოვის მისადგომებთან ლესელიძისა და გუდერიანის სატანკო ორთაბრძოლა მსოფლიო ომების ისტორიაში შევა, როგორც ბრძოლის კლასიკური ნიმუში. პოლკოვნიკმა ლესელიძემ კი ცოტა ხნის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკის ოქროს სამხრეებით დაიმშვენა მხრები.

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი აკაკი მგელაძე თავის მოგონებებში იხსენებს ომის შემდგომ რიწის ტბაზე დასასვენებლად მყოფ სტალინთან საუბარს, რომელიც უშუალოდ კონსტანტინე ლესელიძეს შეეხებოდა:

“კონსტანტინე ლესელიძეს სტალინი ხშირად მოიხსენიებდა უმაღლეს მხედართმთავართა შორის. მან ისიც მითხრა, რომ ლესელიძეს ორჯერ შესთავაზა ფრონტის სარდლობა და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო, მარშალის წოდებას კი თანამდებობაც სჭირდებოდა. კონსტანტინე ლესელიძე ძალიან თავმდაბალი და ზრდილობით სავსე კაცი იყო. მას წინ დიდი მომავალი ელოდებოდა, მაგრამ ტრაგიკულად დაიღუპა. სტალინს საუბარში უყვარდა შეჩერება (პაუზა), მაგრამ ამჯერად მისი დუმილი ჩვეულებრივზე მეტ ხანს გაგრძელდა. სტალინი რაღაც მწარე განცდაზე ფიქრობდა”.

მკითხველს უნდა გამოვუტყდე, რომ ისტორია აქაც დუმს. ლესელიძის სიკვდილი არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავის სიკვდილი. ის დიდი ქართველების ათეულს თუ არა, ოცეულს უეჭველად დაამშვენებს. ესეც ხომ მეთორმეტე საუკუნის ტრაგედია არ არის, ამ ამბის შემსწრე იქნებ დღესაც ცოცხალია, რომ არაფერი ვთქვათ ლეონიდ ბრეჟნევზე, რომელმაც ლესელიძის გმირობის ოქროს ვარსკვლავი თავის მდუღარე ცრემლთან ერთად დაუტოვა საქართველოს.

მოსკოვის გმირ დამცველთა შორის თავისი ადგილი და მნიშვნელობა უკავია ომში ბეჭდაუდებელ ფალავანს, გენერალ-პოლკოვნიკ პორფირე ჩანჩიბაძეს. ის მოსკოვის მისადგომებს პოლკოვნიკის რანგში იცავდა და იცავდა თავგანწირვით. პოლკოვნიკი ჩანჩიბაძე უსწრაფესი ნაბიჯებით მივიდა გენერალ-ლეიტენანტობამდე და ომი სწორედ ამ სამხედრო საპატიო ჩინით დაამთავრა.

აკაკი მგელაძის პირადი საუბრებიდან (სტალინის ნაამბობი)

“ომის შემდგომ კრემლში გამოჩენილ სამხედროებთან ერთად სავახშმოდ შევიკრიბეთ. თამადა, როგორც ყოველთვის ვიაჩესლავ მოლოტოვი იყო, მაგრამ მთავარი სადღეგრძელოს წარმოთქმას, რატომღაც ყოველთვის მე მავალებდა. მეც, სხვა რა გზა მქონდა, დავალებას ვასრულებდი. სამხედროები თავიანთი წოდებების მიხედვით იყვნენ მაგიდასთან წარმოდგენილნი _ მარშლები, ადმირალები, სახეობათა მარშლები, ვიცე-ადმირალები, არმიის გენერლები, გენერალ-პოლკოვნიკები, გენერალ-ლეიტენანტები და გენერალ-მაიორები. რადგან ერთნაირი წოდების წარმომადგენლები ბევრნი იყვნენ, ისინი წოდებების მიხედვით დავაჯგუფე და სადღეგრძელო ისე წარმოვთქვი, არავის გვარი არ გამომიტოვებია. სადღეგრძელოს წარმოთქმისას ერთი უზუსტობა დავუშვი, რა თქმა უნდა, სრულიად შემთხვევით. როდესაც ვადღეგრძელე გენერალ-პოლკოვნიკები და ვახსენე მათი გვარები, მათ რიგებში ვთქვი ჩანჩიბაძე, რომელიც გენერალ-ლეიტენანტების მაგიდის თავში იჯდა და უცებ ვერ გავარჩიე გენერალ-ლეიტენანტის სამხრეები გენერალ-პოლკოვნიკისგან. არც ერთი სამხედრო პირი, რომელთა სადღეგრძელოც ვთქვი, არ განძრეულა. ჩანჩიბაძე კი მისი გვარის გაგონებისთანავე ზეზე წამოიჭრა, სამხედრო სალამი მომცა და განმიცხადა: “ვემსახურები საბჭოთა კავშირს!”. გაკვირვებულმა შევხედე ჩანჩიბაძეს და მყისვე მივხვდი, რომ გამომიჭირა ამ მამაძაღლმა. ჩემ წინ გენერალ-ლეიტენანტი იდგა, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა ადღეგრძელა, როგორც გენერალ-პოლკოვნიკი. სადღეგრძელო არ შემიჩერებია, ისე ჩავედი ბოლომდე. ამ კაზუსს სუფრაზე არავითარი ხუმრობა ან საუბარი არ მოჰყოლია. მეორე დილით ახალ ამბებში რადიომ მთელ ქვეყანას ამცნო, რომ გენერალ-ლეიტენანტ ჩანჩიბაძეს დიდ სამამულო ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. რადგან დავიწყე, სათქმელი ბოლომდე უნდა ვთქვა: ამიერკავკასიის ჯარების სარდლად ქართველი არასოდეს ყოფილა დანიშნული. ომის შემდგომ, და იმიტომაც, რომ სამხრეთის საზღვარი სტალინს ძალიან არ მოსწონდა და გაეროშიც კი დააყენებინა საკითხი მოლოტოვს “საქართველოს კანონიერი პრეტენზიების შესახებ, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საზღვრების საკითხზე”, გენერალურ შტაბს დაავალა, მოლაპარაკებოდნენ ჩანჩიბაძეს, თბილისში სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლად გადაყვანის შესახებ.

წინადადებას ჩანჩიბაძემ მტკიცე უარი განაცხადა. “პროვინციაში” გადასვლის გამო. სტალინს შედარებით იოლ ფორმებში, მაგრამ ჩანჩიბაძის კატეგორიული უარი პროვინციაში” გადასვლის გამო მაინც გადასცეს.

მარშალი ალექსანდრე გოლოვანოვი იგონებს, რომ სტალინმა ერთხელ მას უთხრა: რუსულ არმიაში ძალიან კარგი წესი იყო შემოღებული _ დამნაშავე ხელქვეითს უფროსი იმ დღეს სასჯელს არ გამოუტანდა. ეს, ალბათ, სამხედრო დანაშაულიდან იყო გამომდინარე, რომ ცხელ გულზე ხელქვეითი ზომაზე მეტად არ დასჯილიყო. ალბათ, ეს გაითვალისწინა სტალინმა და ჩანჩიბაძე მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიიღო.

“_ თქვენთვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლობა შემოუთავაზებიათ. თქვენ უარი გითქვამთ “პროვინციაში” გადასვლაზე. ეს ასე იყო?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ! _ მიუგო ჩანჩიბაძემ.

_ თქვენ რა სამხედრო წოდება გაქვთ? _ ჰკითხა სტალინმა.

_ გენერალ-პოლკოვნიკი, ამხანაგო სტალინ!

_ ეს ის გენერალ-პოლკოვნიკობაა ქართული კვანტით რომ გამომტაცე, არა, ამხანაგო პოლკოვნიკო?

ჩანჩიბაძეს ოდნავადაც არ შეტოკებია ნერვი და ამაყად უპასუხა:

_ მე პოლკოვნიკის რანგში ვიყავი, როდესაც მოსკოვს ვიცავდი. რამდენჯერაც სასიკვდილო საფრთხე დამემუქრებოდა, ჩემს გულს ვეუბნებოდი: მოვკვდები და მოსკოვში სხვას არ ვაცხოვრებ. მე მიყვარს მოსკოვი. მე მოსკოვში უნდა ვიცხოვრო, თუნდაც რიგით მუშად, _ განაცხადა ჩანჩიბაძემ”.

ასე შეჰყურებდნენ და ეკამათებოდნენ ერთმანეთს უმაღლესი მთავარსარდალი და მუშის დონემდე დაქვეითებული ორი დიდი ქართველი ერთმანეთს დიდი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და არც ერთს არც დიდი ტრაგედიისას და არც გამარჯვების ტკბობის დღეებში არ ეთმობოდა რუსი ხალხი და რუსეთის დედაქალაქი. ორივემ მოსკოვში დაასრულა ცხოვრება _ რუსეთის მიწამ მიიბარა რუსეთზე შეყვარებული ორი დიდი ქართველი…

მოსკოვისთვის გამართულ საჰაერო ბრძოლებში თავი ისახელეს პოლკის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ევსტაფი ტატანაშვილმა. საზენიტო არტილერიის პოლკის მეთაურმა ნაკაშიძემ, საავიაციო საზენიტო დივიზიის მეთაურმა ირაკლი ჯორჯაძემ, საჰაერო ქვედანაყოფების უფროსებმა: ბორის ზუმბულიძემ, გიორგი ინასარიძემ, გერმან კილასონიამ, შალვა ქირიამ, კარლო მებაღიშვილმა, რომლებმაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება დაიმსახურეს. მოსკოვისათვის ბრძოლას თავი შესწირეს ძმებმა სიმონ და ფილიპე კაკულიებმა და ბევრმა სხვამ.

ლტოლვილთა მიგრაცია საქართველოში

1941 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ბევრი ლტოლვილი შემოვიდა უკრაინიდან, ჩრდილოკავკასიიდან, მახაჭყალიდან. თბილისმა მხოლოდ კალინინის ოლქიდან მიიღო 7481 ადამიანი.

1941 წლის დეკემბერში თბილისში კრასნოდარის მხარიდან ჩამოვიდა 19 საბავშვო ბაღი, 800 ბავშვითა და მომვლელი პერსონალით, რომლებიც განლაგდნენ კოჯრის ტერიტორიაზე. კოჯრის ბავშვთა სახლმა მიიღო 584 უპატრონო ბავშვი. მათგან 320 თბილისელებმა იშვილეს, ხოლო დამატებით შემოყვანილ 2340 ბავშვს პატრონობდნენ. ფაბრიკაქარხნებს ჩამოყოლილი მუშებისა და სპეციალისტების გარდა, საქართველომ შეიფარა და მზრუნველობა გაუწია რუსეთიდან წამოსულ 35 ათას ადამიანს.

თბილისში ევაკუირებული იქნა შემდეგი სასწავლო და კულტურის დაწესებულებები:

როსტოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი, თავისი 600 სტუდენტითა და 150 პროფესორ-მასწავლებლით; 1942 წლის მაისში ლენინგრადიდან ჩამოვიდა კალინინის სახელობის პოლიტტექნიკური ინსტიტუტი თავისი სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით; 1941 წლის დეკემბერში თბილისში ევაკუირებული იქნა კიევისა და ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრები, რომლებიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა შეიფარა; იალტიდან ევაკუირებული კინოსტუდია თბილისის კინოსტუდიას ჩაუსახლდა. მოსკოვიდან და ლენინგრადიდან თბილისში ჩამოვიდნენ კინოს, თეატრისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, რომელთა მოღვაწეობამ საქართველოს დედაქალაქში დიდად აამაღლა საქართველოს კულტურისა და ხელოვნების დონე.

გრიგოლ ონიანი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here