Home რუბრიკები ისტორია საქართველო დიდ სამამულო ომში

საქართველო დიდ სამამულო ომში

საქართველოს მრეწველობა და სოფლის მეურნეობა დიდ სამამულო ომში

2284
საქართველო დიდ სამამულო ომში

ომის დაწყებისთანავე საქართველომ თავისი მრეწველობა ომის ყაიდაზე გადააწყო. ომის პირველივე წელს შესამჩნევად გაზარდა სამხედრო საქმისათვის ესოდენ საჭირო თეთრი დარიშხანი, რომელსაც ლენტეხისა და ამბროლაურის სამთომეტალურგიული კომბინატები აწარმოებდნენ (ცანა. რაჭა). საქართველოდან ფრონტისთვის მოიპოვებდნენ უძვირფასეს ნედლეულს _ ანდეზიტს, აგრეთვე, აქატს. მხოლოდ 1941 წელს ახალციხის აქატის მომპოვებელმა კომბინატმა საარტილერიო, სატანკო და საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობისთვის საჭირო 40 ტონა აქატი მიაწოდა შეიარაღებულ ძალებს. მხოლოდ ტყიბულისა და დონბასის შახტები მიაწოდებდნენ ამიერკავკასიის ჯარებსა და რკინიგზას მყარ საწვავს. ტყიბულელ მეშახტეებს ტოლს არ უდებდნენ ტყვარჩელელები, რომლებმაც დამოუკიდებლად ააგეს კოქსის ღუმელი, რამაც საშუალება მისცა ტყვარჩელელებს, ეწარმოებინათ სამრეწველო კოქსი. საქართველომ თავი ისახელა მოლიბდენის, ვოლფრამისა და სხვა არანაკლებ ძვირფასი ნედლეულის მიწოდებით ფრონტისთვის.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საომარი მოქმედებების წარმატებით საწარმოებლად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, რომლის ინჟინერ-ტექნიკოსთა ჯგუფმა შეუძლებელი შეძლო და აკადემიკოს რაფიელ აგლაძის თავკაცობით საბჭოთა კავშირში პირველებმა აითვისეს ელექტროლიზური მეთოდით სუფთა მანგანუმის (90 პროცენტამდე) მიღება, რამაც საშუალება მისცა კონსტრუქტორებს, მიეღოთ ზემტკიცე ფოლადი ჯავშანი. ამ აღმოჩენისთვის, რაფიელ აგლაძესთან ერთად, პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭათ მთავარ ინჟინერ ვლადიმერ მელაძეს, ტექნიკური განყოფილების უფროს გრიგოლ ფხაკაძესა და სხვებს.

მსხვილი სამრეწველო ობიექტების ევაკუაცია საქართველოში

1941 წლის დეკემბერში, შავი ზღვის ფლოტის სარდლობის განკარგულებით, ორჯონიკიძის სახელობის გემმშენებელი ქარხანა ევაკუირებული იქნა ქალაქ ფოთში, ხოლო ტუაფსეს გემმშენებელი ქარხანა _ ქალაქ ბათუმში.

კავკასიონზე ფაშისტების შეტევამ განსაკუთრებული თავგამოდება და პატრიოტული შემართება გამოიწვია თბილისის საავიაციო ქარხნის კოლექტივში, რომელიც იმხანად ერთადერთი მიმწოდებელი იყო უახლესი თვითმფრინავებისა კავკასიის ფრონტისთვის, ეს თვითმფრინავები კიდევ უფრო გაუმჯობესდა 1944 წელს და ჰაერში აიჭრა ზებგერითი თვითმფრინავი იაკ-3”. თბილისის საწარმოებმა უსწრაფესად აითვისეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის, “პპშ”-ს გამოშვების ტექნოლოგია (თბილისის ავტოსარემონტო ქარხანა). კალინინის სახელობის თბილისის მექანიკურ ქარხანაში აეწყო ტყვიამფრქვევი “როკსი”, რომელიც ასეულობით ცალი გადაეცათ შავი ზღვის ფლოტის მეომრებს.

საქვეყნოდ განთქმულ “სტალინური არღნის”, “კატიუშას” სარაკეტო დანადგარის საარტილერიო ჭურვები და სხვა ნაწილები თბილისში, ქარხანაცენტროლიტის საამქროებში მზადდებოდა.

ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები მზადდებოდა თბილისის კალინინის სახელობისა და ორჯონიკიძის სახელობის ქარხნებში, ბათუმისა და თბილისის ტყვია-თუთიის ქარხნებში და ტანკსარემონტო ქარხნებში აწარმოებდნენ წითელ ტყვიას, რომელიც ასევე უპირველესი საჭიროება იყო ფრონტისთვის. მხოლოდ 1942 წელს საქართველომ ფრონტს მისცა 700 ტონა წითელი ტყვია.

საქართველო დიდ სამამულო ომში

საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით, საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროსთან შეიქმნა თბილისის საინსტრუმენტო ქარხანა, რომელსაც დაეკისრა ვალდებულება, ყოფილიყო საბჭოთა კავშირის სათავო ქარხანა, რომელიც გამოუშვებდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ “პპშ”-ს. მხოლოდ 1942 წელს ქარხანამ საბჭოთა ჯარისკაცებს გადასცა 50 696 ცალი “პპშ”. ავტომატების გამოშვება დაევალა თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანას, რომელმაც 1942 წელს ფრონტზე გაგზავნა 11 ათასი ავტომატური იარაღი. თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანას დაევალა “კატიუშას” სათადარიგო ნაწილების დიდი რაოდენობით გამოშვება და, ამასთანავე, რეაქტიული ჭურვების წარმოება. თბილისის ავტოსარემონტო ქარხანამ ფრონტს მისცა 3200 ერთეული ნაღმსატყორცნი, ათასობით რეაქტიული რაკეტების ძირითადი ნაწილი.

არანაკლები ყურადღება ექცეოდა ფრონტის მომარაგებას ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმით, საკვებით, სამკურნალო საშუალებებით. 1941 წლის ბოლოდან 1942 წლის დასაწყისამდე მსუბუქი მრეწველობის სამინისტრომ აითვისა ქსოვილი მებრძოლთა ტანსაცმლის შესაკერად და აბრეშუმის ქსოვილი პარაშუტების დასამზადებლად.

1941 წელს არმიამ ქუდების შესაკერად მიიღო 771 ათასი მეტრი მაუდი და 450 ათასი მეტრი სპეციალური ქსოვილი პარაშუტებისთვის. 1941 წელს სამხედრო უწყებას გადაეცა 475 ათასი .. გიმნასტიორკა, 508 ათასი შარვალი, 143 ათასიტელეგრეიკა”, 180 ათასი დაბამბული შარვალი, ნახევარ მილიონ წყვილზე მეტი სამხედრო ფეხსაცმელი. დიდი ყურადღება ექცეოდა ჯარების მომარაგებას პროდუქტებით:

მხოლოდ 1941 წელს საქართველოდან ფრონტს მიეწოდა 7 ათასი ტონა ორცხობილა, 3 ათასი ტონა მაკარონის ნაწარმი, 200 ტონა ჩაი, 11 ათასი დეკალიტრი ღვინო, 247 ათასი ტონა საჭმელი ზეთი, 447 ტონა თამბაქო, 136 მილიონი ღერი პაპიროსი, 2500 ტონა საპონი, 231 ათასი ცენტნერი ხორცი, 15 ათასი ლიტრი შამპანური, დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის კვების პროდუქტი.

ჯარის ნაწილებს რეგულარულად ამარაგებდნენ სხვადასხვა სახის მედიკამენტით მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტები, აგრეთვე, ტაბახმელის ბიოკომბინატი და თბილისის ბაქტერიოფაგი.

მიუხედავად ომის უმძიმესი დღეებისა და წლებისა, საქართველოში არ შეწყვეტილა აღმშენებლობა. შენდებოდა სხვადასხვა პროფილის ფაბრიკა-ქარხნები, სპეციალური საწარმოები. ომის პირობებში მიმდინარეობდა სრულ ციკლზე მომუშავე რუსთავის სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა.

1941-43 წლებში სამხრეთის მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო მაგისტრალი იყო ამიერკავკასიის რკინიგზა. რკინიგზელთა თავგანწირულმა შრომამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მათი თავდადებული შრომა სათანადოდ დააფასა საბჭოთა მთავრობამ და 1943 წლის 5 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწინავე მემანქანეებს _ ნიკოლოზ გელაძეს, ანდრია წიკლაურს, შალვა კოხრეიძეს, აგრეთვე, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს, ლეგენდარულ გიგუშა კიკნაძეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებში საქართველომ სამშობლოს დასაცავად 5 ათასი ერთეული ავტომანქანა ფრონტს გადასცა, ქართველებმა უდიდესი შრომა გასწიეს, ადგილობრივი ტვირთების შეუფერხებლად გადატანისთვის, ამას გარდა, კავკასიის დასაცავად მცირე სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყვეს სოხუმის, ბათუმისა და ფოთის პორტები და 213 ათასი მებრძოლის გადაყვანა კავკასიონის კალთებზე. ამავე პორტებიდან ადგილებზე გადაიტანეს 260 ათასი ტონა სამხედრო ტვირთი.

საქართველო დიდ სამამულო ომში

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ჩართული იყო არა მხოლოდ სახალხო-სამეურნეო საქმიანობაში, რომელიც მის მოვალეობაში შედიოდა, არამედ, აქტიურად მონაწილეობდა უშუალო ბრძოლებში და გასაოცარ შედეგებსაც აღწევდა.

უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა საქართველოს სოფლის მეურნეობა. ფრონტზე დაიღუპა სოფლის ძირითადი შრომისუნარიანი მოსახლეობა. სოფლიდან გაყვანილ იქნა მანქანები, ტრაქტორები, ცხენები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.

ბრძოლა კავკასიისთვის

1942 წლის 27 აგვისტოს სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც 46-ე არმიის სარდალი სერგაცკოვი გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის ადგილას დანიშნა გენერალ-მაიორი კონსტანტინე ლესელიძე. ამ პერიოდში გერმანელებს უკვე დაკავებული ჰქონდათ კავკასიონის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც არცთუ დიდი წინააღმდეგობის შედეგად ჩაიგდო ხელში.

არმიის სარდლად კონსტანტინე ლესელიძის დანიშვნასა და კავკასიის ფრონტის ბერიასთვის ჩაბარებას სწრაფად უნდა შეეცვალა მდგომარეობა. 242-ე და 392-ე შენაერთები გენერლების _ გიორგი ყურაშვილისა და ისიდორე სილაგაძის მეთაურობით ახალ საბრძოლო დავალებებს იღებდნენ უღელტეხილის დასაბრუნებლად და მტრის გასანადგურებლად.

ომის დამთავრების შემდეგ გენერალი გიორგი ყურაშვილი საქართველოს სამხედრო კომისრად დაინიშნა. სხვადასხვა გარემოებათა გამო. დასვენების დღეებს ყველა რანგის მოხელე ადგილობრივ კურორტებზე ატარებდა. გიორგი ყურაშვილიც ჩვენს სოფელში არსებული საუცხოო წყლითა და ჰაერით დაჯილდოებული აგარაკის, “მუაშის”, რეგულარული სტუმარი გახლდათ. ის სვანეთის ახალგაზრდებს გვიყვებოდა ბრძოლის ეპიზოდებს. ბევრი რამ მახსოვს მისი მონათხრობიდან, რომლის ფრაგმენტები ჩაწერილიც კი მაქვს თორმეტფურცლიან სასკოლო რვეულში. ჩემი წერილების დიდი ნაწილი გენერალ ყურაშვილის მონათხრობზეა აგებული, თუმცა გენერლის მონაყოლი შემდგომ ბევრ ბეჭდურ და მემორიალურ ლიტერატურაშიც გამოჩნდა.…

“ახალდანიშნულ სარდალს მაღალი სიხშირის ტელეფონთან უხმეს, _ თქვენ სტალინი დაგელაპარაკებათ. ცოტა ხანიც და სტალინი კონსტანტინე ლესელიძეს ახალ თანამდებობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

_ იცით, ამხანაგო ლესელიძევ, როგორ იბრძოდა ნაპოლეონი ალპებში? მან პირველმა გამოიყენა მიუვალ ალპებში არტილერია. უღელტეხილები გადალახა და ზურგში დაარტყა ავსტრიის არმიას. თქვენც უნდა აიტანოთ დაშლილი ზარბაზნები მწვერვალებზე, იქ ააწყოთ და იქიდან დაარტყათ მტერს. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით”.

როგორც ყოველთვის, სტალინის სიტყვას საქმე მოჰყვა. გაიცა განკარგულება კავკასიონზე 4 000 სახედრისა და 1 000 სახედრის გამყოლის გადაყვანის თაობაზე; აგრეთვე, 1 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დაემზადებინათ 80 000 მეტრი სპეციალური ქსოვილი ალპინისტებისთვის 30 000 კომპლექტი თბილი ტანსაცმლის შესაკერად, დაემზადებინათ 15 000 წერაყინი, 2 000 კლდის ჩაქუჩი, 50 000 წრიაპი, კავი, 30 000 მეტრი ალპინისტური წნული და გრეხილი თოკი, 1 600 000 ტრიკონი _ ფეხსაცმლის ლანჩაზე დასაჭედებელი სამკბილა. დავალება 1 ოქტომბრისთვის შესრულებული იყო და აღჭურვილობა გაიგზავნა ფრონტზე. ჰიტლერის მიერ კავკასიის დაპყრობის გეგმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, შემაშფოთებელი იყო. გერმანელ ფაშისტებთან ერთად კავკასიონს უტევდა ჰიტლერის მიერ შეკოწიწებული და მსოფლიო პროპაგანდისთვის ესოდენ საჭირო “ქართული ლეგიონი”, რომელიც მდინარე ბაქსანის ნაპირზე იყო გამაგრებული.

უსასტიკეს მტერთან საბრძოლველად მომზადება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კავკასიის მწვერვალებზე მოსალოდნელი დიდთოვლობა ძალზე ართულებდა დაცვის პოზიციებს. სპეცბატალიონი, რომელიც სვანი ალპინისტებითა და მონადირეებით იყო დაკომპლექტებული, განლაგებული იყო უკიდურეს სიმაღლეებზე, საიდანაც ზღუდავდა მტრის წინ წამოწევას. სვანების სპეცბატალიონს შეუერთდა ბერიას მიერ მოსკოვიდან ჩამოყვანილი 150 სნაიპერი უხმო თოფებით. ისინი მამაც სვან მონადირეებთან ერთად ფხიზლად იცავდნენ ყველა ბილიკს კავკასიონზე. მთავარსარდლის ბანაკიდან კავკასიონზე დაშიფრული ტელეგრამა მივიდა, მოითხოვდნენ, რომ ბატალიონი და სხვა სამხედრო ნაწილები სასწრაფოდ დაშვებულიყვნენ ბარში და ზამთარი ბეჩოში გაეტარებინათ. მებრძოლებმა და მათმა მეთაურებმა გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ დირექტივას და დაშიფრული ტალეგრამითვე უპასუხეს ფრონტის სამხედრო საბჭოს, რომ ისინი დაკავებულ სიმაღლეებს არ დატოვებდნენ, როგორი პირობებიც უნდა შექმნილიყო. ეს წინააღმდეგობა სამხედრო საბჭოსთვის გამაოგნებელი იყო. პასუხად იმავე დღეს დაშიფრული ტელეგრამა მიიღეს: “გამოგზავნილ დირექტივას არ ვამტკიცებთ. თქვენთან ჩამოვლენ არმიის სარდალი ლესელიძე, აგრეთვე, ბაქრაძე, ადგილზე შეთანხმდით და გადაწყვიტეთ ჯარების გამოზამთრების საკითხი. ბერია”.

სამი დღის შემდეგ კონსტანტინე ლესელიძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ბაქრაძე (რომელიც ფრონტის საბჭოს წევრი იყო) ბეჩოს მიადგნენ. გიორგი ყურაშვილმა (დივიზიის მეთაურმა) ოპერატიული რუკის თანხლებით დეტალურად ილაპარაკა უღელტეხილზე მიმდინარე ბრძოლაზე.

_ ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უნდა ვნახიოთ ადგილზე, _ განაცხადა ლესელიძემ.

ბაქრაძემ გზის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან კენჭის გავლის გამო ძლიერი ტკივილები ჰქონდა და ხანდახან გონებასაც კარგავდა. ლესელიძე და ყურაშვილი ორი დღის განმავლობაში გულდასმით ათვალიერებდნენ საოცარ გამოქვაბულებს და ერთმანეთთან დაკავშირებულ მიწისქვეშა გასასვლელებს, რომლებიც სვან ალპინისტებსა და მონადირეებს შეექმნათ ამ ურთულეს პირობებში. კლდის ღრმა ჯურღმულებში განთავსებულ ჯარისკაცთა საცხოვრებელს, იარაღისა და სურსათის შესანახ საწყობებს რომ ათვალიერებდა, სარდალი ლესელიძე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თუ როგორ და რა ძალამ შეძლო ამ სამუშაოს შესრულება ჭიუხების სიღმეებში. ერთობ კმაყოფილმა და ამაყმა სარდალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს უნიკალური თავშესაფარი შექმნა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ხალხი მალე გაათავისუფლებდა კავკასიას ჰიტლერელებისგან.

_ სამხედრო საბჭოს დირექტივას შევცვლი, _ განაცხადა ლესელიძემ, _ თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი იყავით, როცა მწვერვალები არ დატოვეთ და დაბლა არ ჩახვედით. ამით დამთავრდა კონსტანტინე ლესელიძის ორდღიანი სტუმრობა ბეჩოში.

1943 წლის 7 მარტს ლავრენტი ბერია კვლავ ავიდა კავკასიონზე და მარტის ბოლომდე დარჩა ფრონტზე. მისი ინიციატივით, სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას კონსტანტინე ლესელიძის 18-ე არმიის სარდლად დანიშვნის თაობაზე.

ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. “ბლაუ III” ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, რომელშიც ეწერა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. “კავკასიური ნავთობის გარეშე ომს ვერ მოვიგებთ!” _ ისტერიკულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა, რომელიც მუსრს ავლებდა ყველას და ყველაფერს. კავკასიისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო.

5 დღის შემდეგ კი სტალინმა, 1942 წლის 28 ივლისს, გამოსცა ბრძანება # 227, რომლის ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიო ომების ისტორიაში. მან ბრძანებაში მიუთითა: “ჩვენ არ გვაქვს უსაზღვრო რესურსი ჯარისა და ხალხის გამოკვებისა, ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია, რომელსაც საზღვარი არ აქვს, ჩვენი ჯარები პოზიციურად იხევდნენ უკან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი _ არც ერთი ნაბიჯი უკან!”

  1. 1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე;
  2. 1942 წლის 28 ივლისის ბრძანება # 227;
  3. სტალინგრადის ბრძოლა;
  4. ბერლინის ოპერაცია.

ზემოაღნიშნული მოვლენები სტალინური გენიის ნაყოფია, რომლებიც შესულია მსოფლიო ომების ისტორიაში, როგორც ბრძოლების კლასიკური ნიმუშები, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას. კავკასიისთვის გადამწყვეტი ბრძოლებისას სტალინმა მოიკითხა კონსტანტინე ლესელიძე და ალექსანდრე ვასილევსკის სთხოვა, მოეხსენებინა ლესელიძის შესახებ. ვასილევსკიმ ამაყად და სიხარულით აცნობა მთავარსარდალს, რომ “ლესელიძე ისე ხელმძღვანელობს საარტილერიო ბრძოლებს, როგორც დირიჟორი ორკესტრს”. მოკრძალებული, რაინდული თვისებებით გამორჩეული, უაღრსად ნიჭიერი და სამხედრო საქმის მცოდნე კონსტანტინე ლესელიძე უკიდურესად პრინციპული იყო რიგი საკითხების გადაწყვეტაში. ინტუიციის წყალობით ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ცნობილი იყო მისი ცუდი დამოკიდებულება ნიკიტა ხრუშჩოვისადმი.

“ომის შემდეგ რიწის ტბაზე სტალინთან ერთად ბაღში ვსეირნობდით, _ წერს თავის მემუარებში აკაკი მგელაძე, _ მან დიდი სიამაყითა და სიყვარულით გაიხსენა სახელოვანი მარშლები: ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი და მათ შორის მოიხსენია კონსტანტინე ლესელიძეც. მომიბრუნდა და მითხრა: “მე მას ფრონტის სარდლობა შევთავაზე, არ დამთანხმდა”.

სტალინს არაერთხელ მოუხსენებია კონსტანტინე ლესელიძე საბჭოთა კავშირის მარშლებსა და ფრონტის ხელმძღვანელებს შორის.

შენიშვნა:

გაზეთის წინა, მე-16 ნომერში, მასალაშისაქართველო დიდ სამამულო ომშიგაიპარა ტექნიკური უზუსტობა. მე-12 გვერდზე, მე-4 სვეტის ბოლო აბზაცი უნდა იკითხებოდეს ასე:

გმირის სიკვდილით აღესრულა ფაშისტებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ვასილ პეტრიაშვილი. მან, პირველმა დიდი სამამულო ომის ისტორიაში, თავისი სხეულით გადაფარა გერმანელთა საცეცხლე წერტილიდან გამოშვერილი ტყვიამფრქვევის ლულა, რომელიც ცელავდა მის თანამებრძოლებს. ანალოგიურად მოიქცა ადამ ქავთარაძე. მან იარაღით ხელში მიმართა თანამებრძოლებს: “სამშობლოსთვის, სტალინისთვის!” და სხეულით გადაეფარა ამბრაზურას. ამ ისტორიულ შეძახილს შემდგომ პოეტმა ლექსი მიუძღვნა:

სამშობლოსათვის, სტალინისათვის! _

ხალხის ძახილი ცეცხლად იქცევა,

ასე ძლიერი ხმა მოწოდების

ჯერ არ ყოფილა და არც იქნება”.

ქართველების გმირობა შემდეგ რატომღაც რუს მატროსოვს მიაწერეს”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here