Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

1067
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, მიუხედავად ამისა, ნოემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ეფრემ მეორის (სიდამონიძის) მიერ, რომელიც მფარველობდა . კერატიშვილს და ვერ დაეხმარა მას, რომ არ გაერიცხათ სემინარიიდან, იგი დაინიშნა საპატრიარქოს საქმის მწარმოებლად. წარმოიდგინეთ, რა საქმის გამო უნდა გაერიცხათ კერატიშვილი სემინარიიდან, პატრიარქმაც რომ ვერ დაიცვა.

. კერატიშვილს, გარდა საეკლესიო ნივთების დატაცებისა, მსჯავრი დაედო იმისთვისაც, რომ იგი სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდავალტერისსისტემის ცეცხლსასროლ იარაღს სამი მჭიდითა და ოცი ცალი ვაზნით, რომელიც მისი ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მისსავე საწოლში. როგორი წარმოსადგენი იყო შეიარაღებული მღვდელი მრევლისთვის? მაშინ მძიმე საომარი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, იფიქრებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ასე რომ არ იყო?!

თავის ინტერვიუში კერატიშვილი გაკვრით აღნიშნავს ამ ეპიზოდს და აცხადებს: “იარაღიც შემომიგდეს, ბინაც გამიტეხეს, თავდასხმაც მომიწყეს ფიზიკური განადგურების მიზნით, დამიჭირეს და გამასამართლეს კიდეც”.

დავესესხები “ბატონ” ბიძინას ტერმინებში, ეს არის მტკნარი სიცრუე.

როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე, სასამართლო სხდომაზე . კერატიშვილმა აღიარა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა და აღნიშნა, რომ იგი იპოვა 1978 წლის აპრილში ქვაშვეთის ტაძრის სენაკში, რომელიც ოც ვაზნასთან და მჭიდთან ერთად ჩადებული იყო ძველ ფეხსაცმელში. ამ ბრალდებას იგი არასდროს უარყოფდა. 30 წლის გავლის შემდეგ განაცხადა, თითქოს იარაღიშეუგდეს”. არ ვიცი, რას დავაბრალოთ ასეთი გულმავიწყობა. ეს ყველაფერი, გარდა მისი აღიარებისა, ხომ დადასტურებულია სხვა უტყუარი მტკიცებულებებითაც. ეტყობა, კერატიშვილმა იფიქრა, რომ ინტერვიუში გაკვრით ნათქვამ სიტყვას ყურადღებას არ მივაქცევდი ან საერთოდ არ წავიკითხავდი მის ინტერვიუს.

ბ. კერატიშვილი სასამართლო სხდომაზე აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მისი ბინები, როგორც ჭოროხის, ასევე ს. ჩიქოვანის ქუჩაზე, იყო საღვდელმთავრო რეზიდენციები და აქედან გამომდინარე, ჰქონდა უფლება, რომ შეენახა საეკლესიო ნივთები.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობებით დადასტურებულია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ჭოროხის ქუჩა #7-ში მდებარე სახლი პირადი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოქალაქე რაჩიკ ოგანესის ძე ჯანიანცზე. მოხსენიებული ბინა კერატიშვილმა კანონსაწინააღმდეგოდ, ე.წ. “დათმობის” წესით შეიძინა. ჩაეწერა მდგმურის უფლებით 1972 წლის 21 მარტს და ამით მას საკუთრების უფლება არ მოუპოვებია.

1978 წლის მარტში ბ. კერატიშვილმა მოქალაქე ს. ძიმისტარაშვილს დაუდო ხელშეკრულება მისი ბინის შეძენაზე, რომელიც მდებარეობდა ს. ჩიქოვანის ქუჩა #33-ში, გადაიხადა 6 ათასი მანეთი, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ბინის ოფიციალური გაფორმება არ მომხდარა. შესაბამისად, კერატიშვილი დაპატიმრების დღისთვის არამცთუ არ იყო მითითებული სახლის მფლობელი, არამედ ძველი ბინიდანაც არ იყო ამოწერილი.

ამდენად, სხვის საკუთრებაში არსებული ის ბინა, რომელშიც მდგმურის უფლებით ცხოვრობდა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამღვედელმთავრო რეზიდენციად.

თვით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის (შიოლაშვილის) წერილით და ქორეპისკოპოს ვაჟა ავალიშვილის განმარტებით, დადგენილია, რომ ბ. კერატიშვილის ბინა არ ყოფილა ცნობილი საპატრიარქოში, როგორც მღვდელმთავრის რეზიდენცია. სარეზიდენციო სახლის შეძენა უნდა მოხდეს მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვით და საეკლესიო თანხებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორც წესი, სარეზიდენციოდ შეძენილი სახლი ტექინვენტარიზაციის ბიუროშიც ტარდება საეკლესიო სახლად.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც კანონის მოთხოვნა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილიც უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ცრუპენტელა ბ. კერატიშვილის განმარტებები ამ საკითხზე.

კერატიშვილის განცხადება, რომ იგი იყო ბერი და აპირებდა ამ ბინის შეწირვას ეკლესიისთვის, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან არც ერთი საცხოვრებელი ბინა მისი საკუთრება არ იყო და ცხადია, რომ სხვის ქონებას ვერავის უანდერძებდა. ადამიანი, რომელმაც გაქურდა ეკლესია, არა მგონია, იმ დროს ფიქრობდა ანდერძით საპატრიარქოსთვის სახლის დატოვებაზე.

სასამართლო კოლეგიამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ბ. კერატიშვილის განმარტება, თითქოს არ იცოდა, რომ ეკლესიაში არსებული საგნები სახელმწიფოს კუთვნილება იყო და რომ ჰქონდა უფლება, ეკლესიიდან თავის სახლში გადმოეტანა და შეენახა საეკლესიო საგნები, რადგან იგი იყო ბერი, მას არ ჰყავდა მემკვიდრე და მთელი მისი ქონება ეკლესიას ეკუთვნოდა.

კერატიშვილს, როგორც მაღალი წოდების მღვდელმთავარს, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ რელიგიურ გაერთიანებათა ქონება, გადაცემული მათთვის ან ახლადშეძენილი მათ მიერ და დანიშნული სპეციალურად ღვთისმსახურების მიზნებისთვის, ითვლებოდა ნაციონალიზებულად, ე.ი. სახელმწიფოს კუთვნილებად, ამიტომ ეკლესიიდან ან მონასტრიდან ხატის ან სხვა საეკლესიო საგნის გატაცება განიხილებოდა დანაშაულად სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ.

ერთი წუთითაც რომ დავუშვათ, “ბატონმა” ბიძინამ არ იცოდა საერო კანონები, წმინდა მოციქულთა კანონები ხომ იყო მისთვის ცნობილი. აღნიშნული კანონის 72-ე მუხლის შესაბამისადაც, ბ. კერატიშვილს არ ჰქონდა უფლება, გადაეტანა თავის საცხოვრებელ სახლში საეკლესიო ნივთები და გამოეყენებინა პირადი მიზნით. გარდა ამისა, ბ. კერატიშვილის განცხადება უარყოფილ იქნა არა მარტო იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 544 მუხლით, რომლის მიხედვით ყველა მოქალაქეს ჰყავს მემკვიდრე, არამედ საეკლესიო კანონითაც (მოციქულთა კანონების მე-40 მუხლით, რომ ეპისკოპოსსაც შეიძლება ჰყავდეს მემკვიდრე).

სასამართლოს სხდომაზე, როდესაც ბ. კერატიშვილი დარწმუნდა თავისი ადრინდელი განმარტებების უსაფუძვლობაში, შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ მართალია, არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მაგრამ მისი მემკვიდრეები _ დედმამიშვილები და ახლო ნათესავები, არ შეეცილებიან ეკლესიას მის მიერ დატოვებულ საეკლესიო ნივთებში. აქედან გამომდინარე, თუ სასულიერო პირს ჰყავს მემკვიდრე, ცხადია, მის ბინაში არსებულ საეკელსიო საგნებს ის მიისაკუთრებს.

ამდენად, კერატიშვილის განცხადება, რომ ჩიქოვანის ქუჩაზე #33-ში მდებარე ბინა მისი იყო, რაც განაჩენით არ არის ჩამორთმეული, აშკარა სიცრუეა. მე ვერ გავუკეთებდი კონფისკაციას ბინას, რომელიც არ ეკუთვნოდაბატონბიძინას. იგი სხვისი საკუთრება იყო.

ახლა ცალკე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო მიტროპოლიტ გაიოზის მიერ საპატრიარქოდან მოპარულ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატზე.

1978 წლის 25 მაისსბატონიბიძინა დააკავეს ამ ხატიდან ამოღებული სამი ცალი ზურმუხტის თვლების გაყიდვის მცდელობისას, რომელიც წარმოადგენდა ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სამკაულს. ისინი უნდა მიეყიდა ვინმე გიორგი მნაცაკანის ძე თოფჩიანისთვის, რომელიც გაიცნო მეგობრის, სარქის კარაპეტის ძე ოვანესოვის, მეშვეობით.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ბ. კერატიშვილი აცხადებს: “ხატს თვლები, მე კი არა, სულ სხვა პირებმა ამოაცალეს, რომლებმაც დაპატიმრებამდე, ორგანოებისგან ინიცირებული ჩემი ბინის გაქურდვის შემდეგ, ეს ხატი, როგორც ისინი აცხადებენ, გამყიდველებისგან იყიდეს. დიახ, მათ, და არა მე, ამოაცალეს ეს თვლები და ისინივე ყიდდნენ! მე არ ვიცი, რა უნდა ვუწოდო ამას, თავად შეაფასეთ და განსაჯეთ”.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი იყო პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საყვარელი ხატი, რომელიც სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად ჩხრეკის შედეგად . კერატიშვილის ბინიდან ამოიღეს.

“ბატონი” ბიძინა ამ შემთხვევაშიც მოექცა ჩიხში და გამოსავალს ფაქტების დამახინჯებით ეძებს. კერატიშვილი თავის ინტერვიუში ცდილობს ხატის ქურდობა და სამი ცალი ზურმუხტის თვლის გაყიდვის ფაქტი სხვას გადააბრალოს. იგი დუმს და არაფერს ამბობს, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. არა მგონია, მას დაავიწყდა ეს მომენტი, მაგრამ, სიმართლე რომ თქვას, მის მიერ შექმნილი მითი მაშინვე დაინგრევა და გამოჩნდება მისი ნამდვილი სახე. ისე კი შევახსენებ ბ. კერატიშვილს, რომ იგი მილიციის მუშაკებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც მან ზუსტი წონის დასადგენად მიიყვანა ქვების მყიდველი გიორგი მნაცაკანის ძე თოფჩიანი მაშინდელ “პლეხანოვის” გამზირზე მდებარე “საქიუველირვაჭრობის” ცენტრში მომუშავე არონიშიძესთან, რომელმად დაუდგინა ზუსტი წონა.

ბ. კერატიშვილი იმდენად დაბნეულია, რომ არ იცის, რა ტყუილი მოიგონოს თავის გასამართლებლად. ინტერვიუში იგი ცდილობს, საერთოდ უარყოს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებისა და ქვების გაყიდვის მცდელობის ფაქტი.

მას რატომღაც “დაავიწყდა” წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომ შემსყიდველ პუნქტში სამი ზურმუხტის ქვა მიიტანა იმისათვის, რათა გაეგო ზუსტი წონა და შემდეგ სურდა მათი მოთავსება პანაღეაში.

ახლა მე ვუსვამ შეკითხვას . კერატიშვილს: ფაქტია, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი ამოიღეს მისი ბინიდან, რასაც იგი ამ ინტერვიუს მიცემამდე არ დავობდა და, თუ მას არ ამოუღია ხატიდან სამი ზურმუხტის ქვა, რომლებიც წარმოადგენდა ხატის სამკაულს, საერთო წონით 22,34 კარატი, რატომ არ ჩაასმევინა ისევ ხატში? რატომ წაიყვანა ქვების ასაწონად შემფასებლის ჯიხურში გიორგი მნაცაკანოვიჩი, მარტო ვერ მიაგნებდა ჯიხურს? ანდა, რატომ უნდა ჩაესვა ხატიდან ამოღებული თვლები პანაღეაში? ასეც რომ ყოფილიყო, პანაღეაში, მე მგონი, ისმევა ერთი თვალი და რა ზომის პანაღეა უნდა ყოფილიყო, რომ საჭირო იყო სამი ზურმუხტის თვალის ჩასმა. როგორც ყოფილი მღვდელმთავარი, საეკლესიო კანონებიდანაც გამომდინარე, რამდენად სწორი იყო, როდესაც აპირებდა ასეთი ძვირფასი ხატიდან ამოღებული თვლების პანაღეაში ჩასმას. ამით იგი ხომ შეურაცხყოფდა თავად ამ ხატს?

საყურადღებოა ბ. კერატიშვილის შემდეგი განცხადება: “შსს-ში მოქმედი ის ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში დასაჭერად დამდევდა და ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობდა ჩემში, სწორედ ამ ჯგუფის წევრებმა, თავიანთი აგენტის მეშვეობით გამომიტყუეს და დამაპატიმრეს”.

ეტყობა, ბ. კერატიშვილი ლოგიკაშიც მოიკოჭლებს. თუ მან იცოდა, რომ შს სამინისტრო წლების განმავლობაში დასაჭერად დასდევდა, რატომ გამოატყუებინა თავი მათ აგენტს, მან ხომ კარგად იცოდა, რომ ცარიელი თვლების შენახვა და გაყიდვა იმ ხანად მოქმედი კანონით დანაშაულად ითვლებოდა. თუკი მას არ ჰქონდა ეს ქვები, ცხადია, აგენტი ვერ გაიტყუებდა მათ გასაყიდად.

ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ იძულებული ვარ, ვრცლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აღვადგინო წლების წინათ მომხდარი ფაქტი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან ამოღებული ზურმუხტის ქვების გაყიდვაზე და შემდეგ გადავიდე სხვა საეკლესიო ნივთების გატაცების ფაქტებზე”.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here