Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

1343
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

გამოძიება დამთავრდა, შედგა სასამართლო პროცესი. ბიძინა (გაიოზ) კერატიშვილს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მის მიერ მოპარული ძვირფასეულობა ზოგი საპატრიარქოს დაუბრუნდა, ზოგი ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.

კერატიშვილის დასახასიათებლად ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: იგი იყო საკმაოდ განათლებული პიროვნება, საეკლესიო ლიტერატურაში კარგად ერკვეოდა. გამოძიების პერიოდში მასთან შეხვედრისა და საუბრისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი _ სასულიერო პირებისგან კონსულტაციას ვიღებდი. ის იყო გაორებული კაცი, რომელშიც სატანაც იჯდა და განათლებული ადამიანიც.

და კიდევ _ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. ბევრი ხატი, საეკლესიო ნივთი თუ წიგნი და ხელნაწერი, რომლებიც კერატიშვილის სახლიდან ამოვიღეთ, უკვალოდ დაიკარგებოდა და განადგურდებოდა, კერატიშვილს საქართველოს ეკლესიებიდან რომ არ მოეპარა და მათი მითვისება არ ეცადა.

საეკლესიო ქონების ინვენტარიზაცია პირველად მისი უწმინდესობის _ ილია მეორის დროს ჩატარდა. ეს ერთი. და მეორე: სწორედ მან გაწმინდა საქართველოს ეკლესია უღირსი და შემთხვევითი ადამიანებისგან.

კერატიშვილი გამონაკლისი რომ არ იყო, ამას ეს ფაქტიც ამტკიცებს: შეგვატყობინეს, რომ ერთ-ერთი დეკანოზი, რომელიც რეგულარულად იპარავდა ეკლესიის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის, ხატებს, ნაქურდალის დამალვას აპირებდა. განვახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები და სწორედ მაშინ დავადექით თავზე, როცა თავის ნათესავთან ერთად აპირებდა ორმოში ჩაეფლო ძვირფასეულობით სავსე ტომარა. ხატებს შორის ერთ-ერთი უნიკალური აღმოჩნდა, რომელიც მეათე საუკუნემდელი პერიოდით თარიღდებოდა.

ილია მეორემ უზარმაზარი სამუშაო განახორციელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდისა და ავტორიტეტის აღსადგენად, დიდი ძალისხმევა დასჭირდა დედაეკლესიის ქვაბავაზაკთაგან გასაწმენდად. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა უბედურება დატრიალდებოდა, ბიძინა (გაიოზ) კერატიშვილის მიერ ორგანიზებული შეთქმულების მონაწილეებს რომ გაემარჯვათ.

საზოგადოებრივი ბრალმდებლის, ცხუმაფხაზეთის მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის სიტყვა თქმული 1979 წლის 14 მარტს გაიოზ (ბიძინა) კერატიშვილის სასამართლო პროცესზე:

პატივცემულო მოსამართლენო, დღეს ამ სასამართლო პროცესზე, რომელიც, უკვე ორ თვეზე მეტია, განიხილავს საკითხს ბრალდებაში მიცემულ ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილის მიმართ, მე მიხდება გამოსვლა ჩემთვის, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრისათვის, სრულიად უჩვეულო როლში და, ალბათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როგორც საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკაში. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა მთავარეპისკოპოსი ასამართლებს სახელმწიფო კანონის მიხედვით მიტროპოლიტს, რომელიც შეიძლება ითქვას, წარმოადგენდა “მეორე პიროვნებას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მთელი წლების მანძილზე და ქმნიდა თავისებურ კლიმატს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, არც ერთი მღვდელმთავარი, თუნდაც რომელიმე საეკლესიო მოღვაწე, არ ისურვებდა ამ უჩვეულო ფუნქციისა და მოვალეობის შესრულებას და მესმის რა, თუ რას მიქადაგებს წმინდა სახარება, რამეთუ “არა განიკითხო, რათა არა განკითხულიყო”, მე შევსთხოვ უფალს, რათა მაპატიოს ეს ჩემი ცოდვა და შემინდოს ჩემ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რამეთუ მე ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მორჩილი და ვასრულებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. მე, როგორც წმინდა სინოდის წევრი, ვალდებული ვარ, დავემორჩილო მის დადგენილებას და გამოვთქვა დღეს, ამ პროცესზე აზრი, რომელიც იქნება წმინდა სინოდის, ქართველ მორწმუნეთა და შემიძლია თამამად ვთქვა, ქართველი საზოგადოების აზრის გამოხატულება, რომლის დამოკიდებულებას ბრალდებაში მიცემულის _ ბ. ტ. კერატიშვილის მიმართ მე საკმაოდ ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, უკვე ორ თვეზე მეტია, და გამოვიტანე ჩემი საკუთარი დასკვნა, რომელიც, პირველ რიგში, იქნება შეხედულება ყველა იმ ქართველისა, რომლისათვის ძვირფასია, იყოს ქართველი და რომელიც ამაყობს იმით, რომ ცხოვრობს სამყაროს მადლით ცხებულ ამ პატარა მიწაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, და რომელთაც სწამთ, რომ “სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს უნდა იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მიგასწროს ამ ტაძართან” (ნოდარ დუმბაძე, “მარადისობის კანონი”).

დიახ, ასე უნდა ესმოდეს ყველა ქართველს თავისი მოვალეობა მორწმუნე იქნება ის თუ ურწმუნო. ღმერთი არავის ავალდებულებს, გინდა თუ არა, ის იწამო, გჯეროდეს, რომ არსებობს ეს ზეციური ღვთაებრივი ძალა, რომელმაც შეგქმნა და დაგსახა გვირგვინად თავისი ქმნილებისა, მაგრამ ერთი კი ცხადია: ყველას უნდა უყვარდეს საკუთარი მამული, თავისი ხალხი, მისი წარსული, მშობლიური ენა და ოცნებით მიილტვოდეს მისი ბედნიერებისაკენ.

როგორ შეიძლება დღეს, როდესაც საკითხი ირჩევა და ბრალად ედება ბ. ტ. კერატიშვილს საქართველოს საპატრიარქოდან ნივთების მითვისება, უღრმესი პატივისცემის გრძნობით არ მოვიგონოთ ჩვენი სახელოვანი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ემიგრაციაში მყოფი არ ზოგავდა უკანასკნელ კაპიკებს, რათა გადაერჩინა და სამშობლოში დაებრუნებინა საქართველოდან მენშევიკური მთავრობის მიერ გაზიდული ქართული ეროვნული განძი, შიმშილობდა და ჯანმრთელბის ფასად იძენდა საზღვარგარეთის შავ ბაზრებზე გამოჩენილ ქართულ ნივთებსა და ხელნაწერებს, რომლის უშუალო დასტურია ხელოვნების მუზეუმის საგანძური. სწორედ მან ხელთუქმნელი ძეგლი აუგო თავის თავს და მარადის მადიერი იქნება მისი ქართველი ერი.

მე შემიძლია დავასახელო უცხოეთში მცხოვრები ბევრი ქართველი, რომლებიც, მიუხედავად ბედის უკუღმართობისა, ყოველივეს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს დიდება არ ჩაქრეს, რათა არ წაიშალოს მისი ბრწყინვალე წარსული. შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ქართველი მეცნიერი _ ჯაიანი, რომელიც მთელ თავის შემოსავალს ახმარს თურქეთის მიწაზე გადარჩენილი ქართული ეკლესიებისა და ტაძრების რესტავრაციას. შეიძლება ისინი სხვა იდეოლოგიის მიმდევარნი იყვნენ, მაგრამ, როცა საქმე ეხება მამულიშვილობას, ისინი იდეოლოგიას გვერდზე გადასდებენ და ცდილობენ, თავინთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ერის დიდების საქმეში. მე, რა თქმა უნდა, საჭიროდ არა ვთვლი, ვილაპარაკო ჩემს დღევანდელ ქართველ ერზე, რომელიც ასე მოწიწებითა და სიფრთხილით შეუდგა სულიერი და მატერიალური საუნჯის გადარჩენასა და შენახვას.

მე, ალბათ, შემომედავება ბრალდებაში მიცემული და შეიძლება შენიშვნაც მომცეს, როგორც ამას წინათ, რომ ეს ეროვნული განძი არაა და ლაპარაკია საეკლესიო ნივთებზე. მე თანახმა ვარ, აქ ნივთებია დასახელებული, საეკლესიო ნივთები. მართალია, დღეს ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და სკოლა ეკლესიისაგან, მაგრამ ისიც ხომ ნათლად არის აღიარებული, რომ ყოველივე საეკლესიო ნივთი ეს სახელმწიფოს და ერის ქონებაა და არავის აქვს უფლება, ის ხელყოს. დაბოლოს, როცა საკითხი ეხება ჩვენი ხალხის საუკუნოვან ისტორიას, აქ სწორედ ისმება კითხვა _ რამ გაჰყო ჩვენი ეკლესია და ჩვენი ხალხი? მისი ისტორია, მისი გმირული წასრული სწორედ ის ისტორია და ის წასრულია, რომელსაც აღნუსხავდა და სწერდა ეკლესია. სადაც მკრთალი სანთლის შუქზე ჩვენი სასიქადულო წინაპარნი სწერდნენ ჩვენი ერის დიდებით მოსილ მატიანეს. აშენებდნენ არქიტექტურის უნიკალურ ძეგლებს, ძერწავდნენ და ჭედდნენ ხატებსა და ჯვრებს, რომელთაც თავიანთი თვითმყოფადობითა და ეროვნული კოლორიტით ბადალი არ გააჩნია მთელს დედამიწაზე, რომელთა სილამაზესა, ორიგინალობასა და ოსტატურად შესრულებას განცვიფრებაში მოჰყავს ყველა მნახველი და როგორ შეიძლება სხვას მისცე ან გაჰყიდო ხახულის ღვთისმშობელი, ანჩისხატი ან სვეტიცხოვლის ჯვარი, არათუ სხვას მისცე, არამედ რა უფლება გაქვს, თუნდაც ხელით შეეხო ქართველი ერის ამ უკვდავებას, უკვდავებას, რომელიც მარადიულია და უცვლელი.

ერში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი, ეკლესიაში მიტროპოლიტი გაიოზი, როგორც ცნობილია, ბრალდებაში მიცემულია საეკლესიო-სახელმწიფო ნივთების მიტაცების გამო. ცნობილია, რომ დავა ამ საკითხის გარშემო, რომელიც აღიძრა ჯერ კიდევ 1972 წლიდან, დღემდე გრძელდება. ისმება კითხვა _ თუ მართლა ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა, რატომ მოხდა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ეკლესია სდუმდა და არ მიიღო რაიმე გადაწყვეტილება მიტროპოლიტ გაიოზის მიმართ, რატომ არ გამოამზეურა მისი საქციელი და რატომ არ დასაჯა ის?

აქ უნდა აღინიშნოს ერთი ასეთი ფაქტი: კათალიკოსპატრიარქის _ ეფრემ მეორის გარდაცვალების შემდეგ, 1972 წლის ივნისში, საპატრიარქო ტახტზე აღზევდა ურბნისის მიტროპოლიტი, კათალიკოსპატრიარქის მოსაყდრე დავით დევდარიანი. კათალიკოსპატრიარქი დავით მეხუთე თავდაპირველად კარგ, ღრმა სულიერ მეგობრობაში იმყოფებოდა მიტროპოლიტ გაიოზთან და ეს დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლო წელიწადამდე ისე გაღრმავდა, რომ, შეიძლება ითქვას, კათალიკოსპატრიარქი დავით მეხუთე აკეთებდა მას, რასაც მიუთითებდა მიტროპოლიტი გაიოზი. ეს ერთი გარემოებაა, თუ რატომ სდუმდა ეკლესია. ბოლო წლებში ნამდვილად არ იყო იმის საშუალება, რომ ვინმეს ხმა აღემაღლებინა ეკლესიის შიგნით მიტროპოლიტ გაიოზის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია თავის ინერტულობაში, იყო თუ არ იყო ასეთი ფაქტი, მე ვფიქრობ, ეკლესიას უნდა ემსჯელა ამ საკითხზე, მაგრამ კიდეც რომ წამოჭრილიყო ეს საკითხი ქართულ ეკლესიაში, ამის განსჯის საშუალება არა თუ მაშინ, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ჰყავდა ოთხი-ხუთი მღვდელმთავარი, არამედ დღესაც კი, როცა მათი რიცხვი თერთმეტამდე ავიდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან კართაგენს შეკრებილ მამათა კანონი ამბობს: “უკეთუ ვინმე ეპისკოპოსი, რომელი ესე ნუმცა ქმნილ არს, განკითხვისა თანამდებად იპოოს და უღონო იყოს შეკრებაი უმრავლესთაო, რათა არა დაშთეს იგი განკითხვისა თანამდებობასა მას შინა, ათორმეტთა ეპისკოპოსთა ისმინონ საქმე მისი და მათ განიხილონ მისთვის”…

როგორც ხედავთ საჭიროა, რომ თორმეტი ეპისკოპოსი განიხილავდეს მღვდელმთავრის საქმეს. დაბოლოს, ქართული სამოციქულო ეკლესიის იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს რა წმინდა ოთხთავი, ანუ სახარება, ეკლესიას უფლება აქვს თქვას _ “მიუტევე, რათა მიგეტევოს”.

თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ეკლესია ნამდვილად ვერ შეურიგდება რაიმე ანალოგიური შემთხვევის განმეორებას მის შიდა საეკლესიო ცხოვრებაში და დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი აღმავლობის გზაზე დგას, როდესაც მის სათავეში აღმოჩნდა ღირსეული ღირსეულთა შორის კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, უკვე ერთ წელზე მეტია, ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ეკლესიის სიდიადისათვის და რომელიც კიდევ ბევრს გააკეთებს მის სადიდებლად, ქართული ეკლესია აღარ დაუშვებს, განმეორდეს რაიმე ამის მსგავსი, ის მტკიცე დამცველი იქნება წმინდა საეკლესიო კრებათა დადგენილებებისა და წმინდა მოციქულთა კანონებისა და თავის მომავალ მოღვაწეობასაც განაგებს მათზე დაყრდნობით.

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here