Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

2287
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტის _ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

მივედით მის ნაყიდ ორსართულიან სახლში, ავედით მეორე სართულზე, ავიყვანეთ მოწმეები, კანონის ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად ვიცავდით.

ვთხოვეთ, გაეღო კარი. არ აღებს. შევატყვე, რომ ამ გაკერპებით, წინააღმდეგობის გაწევით უნდა, საკუთარი სიმტკიცისა და სიმართლის, ჩვენი კანონდარღვევით მოქმედება დაგვიმტკიცოს, თითქოს შეურაცხვყოფდით ამ უდანაშაულო ადამიანს. უნდა ვთქვა, რომ იმხანად გამომძიებელს უფლება ჰქონდა, ორდერის გარეშე, დადგენილების საფუძველზე გაეჩხრიკა ნებისმიერი ობიექტი, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ საქმე გვქონდა სამღვდელოების ერთ-ერთ მაღალ იერარქთან, ოპერატიულად ვიმოქმედეთ _ მოვასწარით და შევიარაღდით ჩხრეკაზე პროკურორის სანქციით. კანონი დავიცავით.

რადგან კარი არ გააღო, გავეცი განკარგულება, ეპოვათ ლომი და შესასვლელი შეენგრიათ.

_ გაბედავთ კარის შენგრევას? _ იკითხა მან.

_ თქვენ იძულებულს გვხდით, ასე მოვიქცეთ, _ ვუპასუხე.

_ ისეთი უღმერთოები ხართ, მართლა მოიქცევით ასე! _ გვიპასუხა მან და კარი გააღო. ასეთი სიმდიდრე, ამდენი ძვირფასი საეკლესიო ნივთი მანამდე არსად, არც ერთ ეკლესიაში არ მინახავს.

ძველ და ახალ ქართულ სალიტერატურო მწერლობაში, ასე თუ ისე, ვერკვევი… ბრწყინვალე ბიბლიოთეკა ჰქონდა, მაგრამ ძველი ხელნაწერები იმდენი იყო, რომ საოცრებას ჰგავდა. მივხვდი, რომ რიგითი გამომძიებელი, რა მცოდნეც უნდა ყოფილიყო, ამ რარიტეტებს ვერ აღწერდა, შეცდომის დაშვებისგან დაცული ვერ ვიქნებოდით, ამიტომ სპეციალისტები მოვიწვიეთ შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებებიდან და ეკლესიიდან.

კათოლიკოს-პატრიარქმა გამოგზავნა, თუ კარგად მახსოვს, დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე, რომელიც ჩხრეკისას იქ იჯდა. საპატრიარქოდან გამოგზავნეს (გვარი, სამწუხაროდ, დამავიწყდა) მანგლისის ეპარქიიდან სამღვდელო პირი, რომელიც ამჟამად, მგონი, ქაშუეთის ეკლესიაში უნდა იყოს, ძალიან განათლებული და კარგი პიროვნებაა.

გამოძიება მიჰყავდა ლევან ბუაძეს, ბრწყინვალე პროფესიონალს.

სწორედ ლევანმა მითხრა, როცა ხელოვნების მუზეუმიდან მოწვეული სპეციალისტები აქაურ ბიბლიოთეკას აღწერდნენ, ერთმა წამოიძახა: ვაიმე, ბაბუაჩემის წიგნებიაო! განსვენებული კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შვილიშვილი ყოფილა იმ ჯგუფში და თავისი თვალით უნახავს წიგნები ბაბუამისის ფაქსიმილეთი.

ვნახეთ უნიკალური ხატები, მათ შორის, უკვე ნახსენები ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, აგრეთვე, ფიცარზე დაწერილი ძველი ქართული ხატი. ორივე ამჟამად საპატრიარქოში უნდა ინახებოდეს.

კერატიშვილს ლოგინში, ბალიშის ქვეშ ვუპოვეთვალტერისმარკის პისტოლეტი საბრძოლო მდგომარეობაში, 8 საბრძოლო ვაზნით. მაღალი რანგის მღვდელმთავრის სახლში პისტოლეტის არსებობა თავისთავად მიუთითებს ამ პიროვნების სახესა და სულიერ განწყობილებაზე. ასეთ კაცს არავის განკითხვის უფლება არ აქვს.

გაიოზ კერატიშვილი, რა თქმა უნდა, დავაპატიმრეთ.

ახლა ცოტა უკან დავბრუნდები: 1974 თუ 1975 წელს საპატრიარქო გაქურდეს. ამის თაობაზე განცხადება შევიდა მაშინდელ კიროვის რაიონის პროკურატურაში. ამ პერიოდში რაიონის პროკურორის თანაშემწე იყო ყოფილი საგანგებო საქმეთა გამომძიებელი დავით ქორიძე _ დიდი პროფესიონალი და პატრიოტი კაცი, განათლებული, წერდა ბრწყინვალედ, ისე, რომ ნებისმიერ ლიტერატორს შეშურდებოდა.

დავით ქორიძე, რა თქმა უნდა, ქურდობის საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ, ამასთანავე, იგი დაინტერესდა საპატრიარქოში შექმნილი ვითარებით და გაარკვია, რომ საპატრიარქოში ქონების ინვენტარიზაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებულა: უძვირფასესი ხატები, საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები, წიგნები აბსოლუტურად უპატრონოდ იყო მიგდებული, არავინ იცოდა, სად რა იდო. ქაოსი სუფევდა.

ვისაც რა უნდოდა, მიჰქონდა, სადაც სურდა.

ცნობილია, რომ იმდროინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო, ეკლესია, რომელშიც თავის იდეურ მოწინააღმდეგესა და მტერს ხედავდა, რაც შეიძლება მეტად გახრწნილიყო.

მოკლედ, ძალიან ცუდი სურათი დაიხატა.

ამ ყველაფრის შესახებ ქორიძემ მოხსენებითი ბარათი დაწერა. მოხსენებით ბარათში აღწერილი იყო საპატრიარქოში გამეფებული უბედურება.

ეს ხდებოდა ილია შიოლაშვილის გაპატრიარქებამდე და წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

დავით ქორიძემ გაამრავლა მოხსენებითი ბარათი, ერთი პირი პარტიის ცენტრალური კომიტეტის შესაბამის განყოფილებაში მიიტანა, ასევე მთავრობაში, სხვა ინსტანციებშიც, ერთი ეგზემპლარი კი დაიტოვა.

_ რა რეაქცია მოჰყვა ქორიძის მოხსენებით ბარათს?

_ გადის გარკვეული დრო და რადიოსადგური “თავისუფლება” მიუნხენიდან იწყებს ამ მოხსენებითი ბარათის კითხვას. ბატონი დავითის ნაწერი ისეთი მოცულობითი იყო, რომ “თავისუფლებამ” მას გადაცემათა მთელი ციკლი მიუძღვნა. რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ამ მასალის კითხვა.

ამით, რასაკვირველია, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დაინტერესდა, რომლის თავმჯდომარე გენერალი ალექსი ინაური იყო.

ამ დროს ჩვენ ჩვენი საქმეებით ვიყავით დაკავებული და ამ სკანდალთან არავითარი შეხება არ გვქონდა. პოლიტიკიდან ძალიან შორს ვიყავით, არც ვერეოდით, არც არავინ გვავალებდა ამ პროფილის საქმეებს. ჩვენი საქმე იყო გამტაცებლები, ქურდები და ათასი სხვა უბედურება.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაარკვია, რომ დავით ქორიძის მოხსენებითი ბარათი უცხოეთს გადასცა ზვიად გამსახურდიამ. ყველაფერი ზუსტად დაადგინეს და ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად დააპატიმრეს. დაიჭირეს ვიქტორ რცხილაძეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

უშიშროებამ დავით ქორიძეც დაჰკითხა. მან თქვა, რომ, ოფიციალური ინსტანციების გარდა, თავისი მოხსენებითი ბარათი არავისთვის გადაუცია. მას შემდეგ, რაც კერატიშვილის საქმის გამოძიება დავიწყეთ და მისი მასალებიც დაგვჭირდა, გამოვიძახე ბატონი დავითი, ველაპარაკე და დამიდასტურა, რომ ზვიად გამსახურდიამ როგორღაც შეძლო აღნიშნული დოკუმენტის პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან გატანა.

ამ ფაქტზე, თავის დროზე, შემოწმება ჩაუტარებიათ, მაგრამ როგორ დამთავრდა, არ ვიცი. გამსახურდიას, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, განუცხადებია, რომ დოკუმენტები ცეკადან თვითონ წამოუღია.

ქორიძე ამბობდა, მოხსენებითი ბარათი ცენტრალურ კომიტეტში რომ მივიტანე, გამსახურდია იმ განყოფილებაში იჯდაო.

ეს ყველაფერი შემდეგ გავიგეთ, თორემ იმხანად მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გამსახურდია და კოსტავა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დაიჭირეს. სხვათა შორის, მაშინ არც ის ვიცოდით, არსებობდა თუ არა ვინმე გაიოზ კერატიშვილი, არც გვაინტერესებდა.

გამსახურდია-კოსტავას საქმის გამოძიება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელ ზიბერტ ხაზალიას, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება, განათლებული ადამიანი გახლდათ.

ქორიძის მოხსენებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საპატრიარქოში არსებული ქაოსი და განუკითხაობა კეტარიშვილის ბრალი იყო. უშიშროება კი ამტკიცებდა, კეტარიშვილი არაფერ შუაშია, ხოლო ის მასალები, რომლებიც გამსახურდიამ რადიოსადგურ “თავისუფლებას” მიაწოდა, შეთითხნილი პასკვილია საბჭოთა ხელისუფლებასა და ჩვენს ეკლესიაზეო. უშიშროება კბილებით იცავდა კერატიშვილს.

_ გამოდის, მილიცია და უშიშროება ერთმანეთს დაუპირისპირდა

_ ჩვენ ამ პერიოდში კერატიშვილი დავიჭირეთ. თანდათან გაირკვა, რომ იმასთან შედარებით, რაც ქორიძემ კერატიშვილზე დაწერა, ამ უკანასკნელს გაცილებით უარესი აქვს ჩადენილი. მაშასადამე, ის, რაც გადმოსცა “თავისუფლებამ”, სიმართლეა. და მოხდა ისე, რომ ჩვენ, მილიცია, ჩვენდა უნებურად, დავუპირისპირდით უშიშროებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ კერატიშვილის დაკავების ოპერაცია ისე ჩავატარეთ, არავისთვის გვიცნობებია. ამის შესახებ არაფერი იცოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელობამ. არ შევათანხმეთ იმიტომ, რომ, წესისამებრ, ხელმძღვანელებს ზემდგომი ინსტანციებისთვის უნდა ეცნობებინათ, ჩანაფიქრი გაჟონავდა და ოპერაცია ჩაგვეშლებოდა.

როგორც მითხრეს, ეს ამბავი მოახსენეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაურს. გამწარებულა, რადგან ეკლესია, საპატრიარქო მათი საკურატორო იყო და ამ დროს ვიღაც “მილიცია” ცხვირს ჰყოფს მათ საუფლოში და იჭერს ამ ეპარქიის მეორე კაცს, რომლის სახელისა და ღირსების დაცვაც მათი ინტერესის საგანია, რადგან ამ დროს გამსახურდია და კოსტავა ციხეში სხედან _ ან კერატიშვილია მართალი, ან გამსახურდია.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გამსახურდია მართალია, კერატიშვილს კი ბოროტმოქმედებაში ედება ბრალი.

_ როდის მერე შეწყვიტა მილიციამ უშიშროების პატივისცემა, მოაშორეთ ყველანი, _ განუცხადებია ალექსი ნიკოლაევიჩს.

ჩემსა და წკრიალაშვილის თავზე შავი ღრუბელი დაიგრაგნა. ცხადია, რომ ეს საქმე პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტს მოხსენდა. იმხანად პირველი მდივანი იყო თენგიზ მენთეშაშვილი, რომელიც გადაგვეფარა, დაგვიცვა და პირდაპირ განაცხადა: ბიჭებმა თუ ეს საქმე გააკეთეს, კარგად უმუშავიათო.

თენგიზ მენთეშაშვილი კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის, უახლოესი მეგობარი იყო.

თენგიზ მენთეშაშვილი რომ არა, ჩვენი სახსენებელი არ იქნებოდა.

ამ ისტორიას საინტერესო გაგრძელება აქვს.

გამოძიება გრძელდება.

ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა.

ავიღე ყურმილი და მესმის: _ გამარჯობა, ვახო!

_ გაგიმარჯოს, ზიბო, _ ვიცანი ზიბერტ ხაზალიას ხმა. მეგობრები ვიყავით.

_ ერთ ჩვენს ზიარ ძმაკაცს მინდა დაგალაპარაკო, _ მითხრა მან.

_ კარგი, _ ვუპასუხე.

_ გამარჯობა, ბატონო ვახტანგ!

_ გაგიმარჯოს!

_ ზვიადი ვარ, გამსახურდია. უშიშროება რაიმე პროვოკაციას ხომ არ გვიწყობს?

რა უნდა მეთქვა, ვდუმდი. ზვიად გამსახურდია კი განაგრძობდა:

_ გავიგე, რომ თქვენ დაგიჭერიათ ის ნაძირალა კერატიშვილი. როგორც ქართველს, როგორც ვაჟკაცს, როგორც მამულიშვილს, გთხოვთ, გაჭედეთ ეგ მამაძაღლი (სიტყვასიტყვით მასხოვს მისი ნათქვამი).

დავეთანხმე, რადგან გამოძიება სწორედ აქეთ მიდიოდა.

გამსახურდია მოსკოვში გადაიყვანეს და, როგორც შევიტყვე, ცენტრალური ტელევიზიით გამოსვლისას მის მიერ დანაშაულის აღიარების საფუძველი იყო ის, რომ უშიშროებამ იგი დაარწმუნა, თითქოს კერატიშვილი ჩვენ დავაკავეთ მათი დავალებით და მითითებებით გამსახურდიას გამართლების მიზნით. ამით მოიპოვეს ზვიადის ნდობა, როგორც ვთქვი, ეს ნდობა შეიქნა მისი აღიარებითი გამოსვლის საფუძველი.

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here