მთავარი ისტორია როცა ქვეყანაში მეცნიერება ორივე ფეხით კოჭლობს…

როცა ქვეყანაში მეცნიერება ორივე ფეხით კოჭლობს…

259
გააზიარეთ
სერგეი მესხი

მკითხველს ვთავაზობთ ქართული პრესის ფურცლებზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებს, რომლებიც იმ პერიოდში ერისთვის მტკივნეულ პრობლემას შეეხებოდა, კერძოდ მომავალი თაობის განათლების საკითხს, რასაც უდავოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. წერილის ავტორები ქვეყნისთვის მოღვაწე მამულიშვილები არიან, რომელთა ნააზრევი და თვალსაზრისი გასათვალისწინებელი და აქტუალური დღესაც არის.

“ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო ჯერ-ჯერობით დასავლეთი ევროპა არის. ყველა ხალხები, და მათ შორის რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში”, _ წერს სერგეი მესხი. რა თქმა უნდა, დღესაც მისასალმებელია, თუკი უცხოეთიდან მხოლოდ იმას შევითვისებთ და ვისწავლით, “რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი” ცხოვრებაში და ჩვენი ახალგაზრდობა მხოლოდ ამ მიზნით თუ მიაშურებს ევროპის უმაღლეს სასწავლებლებს.

თორემ თუ ახალგაზრდა თავის განათლებას პრაქტიკულად ვერ გამოიყენებს, დიპლომს თაროზე შემოდებს და უსაქმოდ და უმიზნოდ მოკლავს დროს, ეს სიკეთეს ვერც მას მოუტონს და ვერც ქვეყანას. როგორც სერგეი მესხი წერს, “ერთს ხეირიან მეოჯახეს, მეურნეობის მცოდნესა, ერთს რომლისამე ნამუშევრის ან სხვა რაიმე საგნის მწარმოებელს ვერ ნახავთ ჩვენთაგანში; იშვიათად ნახავთ ისეთს ახალგაზრდა ნასწავლს, რომელსაც თავის სწავლა რომლისამე კერძო საქმის დაწყებაში გამოეყენებინოსო”. რა სურათია დღეს ამ მხრივ? რას სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდები საქართველოსა თუ უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში? რით შველიან ისინი თავიანთ სამშობლოს? რა სარგებლობა მოაქვთ ქვეყნისთვის?

აი ეს არის საკითხავი.

დღეს რაც უნდა პრესტიჟული იყოს ქართული უნივერსიტეტი, სურვილი სწავლის უცხოეთში გაგრძელებისა სტუდენტებში საკმაოდ დიდია, რადგან ევროპული თუ ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები ჩვენში სწავლების მაღალ დონესთან ასოცირდება, შესაბამისად, იქ განათლებამიღებული პირები აშკარა უპირატესობით სარგებლობენ _ საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად ყველა კომპანიაში, კორპორაციასა თუ საჯარო სამსახურში საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ანაზღაურების თვალსაზრისით, განსხვავება აქ საკმაოდ თვალშისაცემია. როდესაც საჯარო სამსახურში, იქნება ეს ნებისმიერი სამინისტრო თუ სხვა დაწესებულება, სადაც მოცემულ პოზიციაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურება არსებობს და ამ პოზიციაზე სამსახურის დაწყების შემთხვევაში დამსაქმებელი განსაზღვრულ თანხაზე უფრო მეტს ვერ შესთავაზებს ვერც უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატს და ვერც ქართულ უმაღლესდამთავრებულს, კერძო კომპანიებსა თუ კორპორაციებს საშუალება აქვთ, ორჯერ და სამჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზონ უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატებს.

მიზეზი?

ევროპაში სწავლების გაცილებით მაღალი დონეა. ახალგაზრდების ნაწილს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ გაცილებით ხარისხიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. რადგან ჩვენთან, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, განათლებაშიც მოუწესრიგებელი ვითარებაა.

უმრავლეს შემთხვევაში ქართველი სტუდენტები თუ აბიტურიენტები უმაღლესი განათლების მისაღებად ირჩევენ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ავსტრიასა და ა.შ.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განათლებას სად მიიღებ – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწავლა თუ გინდა, აქაც მშვენივრად შეძლებ. ამისათვის კი მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და მეტი დრო გაატარო წიგნებთან. მაშინ შენს ქვეყანაში მიღებული განათლება არაფრით ჩამოუვარდება, ვთქვათ, ოქსფორდისა თუ კემბრიჯის უნივერსიტეტებში მიღებულს. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ყოველ წელს ათასობით სტუდენტი ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და ამის შემდეგ ისინი იწყებენ სამსახურის ძებნას, ცდილობენ კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრებას, მაგრამ ეს არც ისე ადვილია _ მათზე წინ ყოველთვის უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატურას დააყენებენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ განათლებამიღებული ქართველი სტუდენტისთვის გაცილებით იოლია მაღალანაზღაურებადი სამსახურის თბილისში მოძებნა, ვიდრე საზღვარგარეთ, შინ მაინც მათი მხოლოდ 40% ბრუნდება. ესეც სავალალო და დასაფიქრებელი საკითხია _ ხომ არ დარჩება საქართველო ქართველების გარეშე, მაშინ, როდესაც დემოგრაფიულადაც კატასტროფული სიტუაციაა ქვეყანაში?!

სერგეი მესხი

ახალი მიმართულება ჩვენი ახალთაობისა

რა მიმართულება ჰქონდათ ამ ათი წლის წინათ ჩვენს ახალგაზრდებს? რას სწავლობდნენ ისინი რუსეთის სხვა და სხვა უმაღლესს სასწავლებლებში? რითი შველოდნენ ისინი შემდეგ თავიანთ გამზდელ-სამშობლოს? რა სარგებლობა მოჰქონდათ “განათლებულ ახალგაზრდებს” ჩვენი ქვეყნისათვის?

ეს და ამგვარი კითხვები იმდენჯერ აღძრულა ჩვენს საზოგადოებაში და ლიტერატურაში და იმათი პასუხი იმდენჯერ გარკვევით თქმულა, რომ ეხლა ხელ-ახლათ ამაზე დაწერილებით ლაპარაკი, უეჭველია, მკითხველს თავს მოაბეზრებს. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ათი და ოცი წლის წინათ გამოზდილი ყმაწვილ-კაცები მხოლოდ ჩინოვნიკობისთვის იყვნენ მომზადებულნი. თავიდამვე იმათ ისეთი მიმართულება ჰქონდათ მიცემული და შემდეგ სწავლასაც ისეთს იღებდნენ, რომ ან ჩინოვნიკად უნდა შექმნილიყვნენ და ან სულ ტყუილ-უბრალოთ, უსაქმოთ და უმიზნოთ მოეკლათ დრო. ერთს ხეირიან მეოჯახეს, მეურნეობის მცოდნესა, ერთს რომლისამე ნამუშევრის ან სხვა რაიმე საგნის მწარმოებელს ვერ ნახავთ ჩვენთაგანში; იშვიათად ნახავთ ისეთს ახალგაზრდა ნასწავლს, რომელსაც თავის სწავლა რომლისამე კერძო საქმის დაწყებაში გამოეყენებინოს.

მაგრამ, როგორც ზევით ვთქვით, ეს აზრები ძველი და გაცვეთილი აზრებია და ამის გამო ჩვენ ძველ-ახალ თაობას მიმართულებაზე ბევრს ნუ ვილაპარაკებთ. დღეს ჩვენ გვინდა ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა ერთს მოვლინებაზე, რომელიც, უეჭველია, ჩვენთვის ყველასთვის ძლიერ სასიამოვნო ამბავს უნდა შეადგენდეს.

ჩვენ გვინდა ვსთქვათ იმ ლტოლვილებაზე, რომელიც უკანასკნელ თაობის ჩვენმა ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს.

ჩვენი უკანასკნელი ახალ-თაობა ათასის მაგალითით დარწმუნდა, რომ ჩინოვნიკობა არც საკუთარივ იმათა და არც საზოგადთ იმათ სამშობლო ქვეყანას მაგდენ სარგებლობას არ აძლევს და კეთილს არას ჰმატებს. ეს მოსაზრება დიდი ხანია ცხადი და ადვილათ შესამჩნეველი უნდა ჰყოფილიყო ყველა იმათთვის, რომელნიც გონებით დაბრმავებულნი არ იყვნენ და ჩვენ ნასწავლ ჩინოვნიკების ცხოვრებასა და ყოფა-ქცევას ხედავდნენ. მაგრამ ნათქვამია _ ჭეშმარიტება სწორი გზით არასოდეს არ მოინახებაო. რაკი ჩვენი ახალთაობა ნამდვილათ დარწმუნდა, რომ ეს ძველი გზა ყოველს შემთხვევაში გამოუსადეგარი და ხანდისხან მავნებელი გზა იყო, შეუდგა ახალი გზის მონახვას და ამ ახალი თაობის საქებლათ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ახალი გზა იმათ მალე მონახავს. ეს გზა _ დასავლეთი ევროპის გზა არის.

სიკვდილის შემდეგ რომ სინანულს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ჩვენ ვიტირებდით იმ დაკარგულს დროსა და ახალგაზრდებს, რომელნიც ტყუილ-უბრალოთ ჩაიღუპნენ, სანამ ეს სწორი გზა მოინახებოდა. მაგრამ, რადგანაც სიკვდილის შემდეგ სინანული არაფერში გამოგვადგება, ამის გამო, უბრალო ცრემლებს თავი დავანებოთ და დავხაროდეთ, რომ ჩვენმა უკანასკნელმა ახალ-თაობამ სწორე გზას დაადგა.

ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო ჯერჯერობით დასავლეთი ევროპა არის. ყველა ხალხები, და მათ შორის რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში. თავის თავისა და თავის ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ევროპის ცხოვრება და მეცნიერება კარგად და ჭეშმარიტად გაუცნია. გაუნათლებელსა და ღარიბ საზოგადოებას მხოლოდ ის კაცი მოუტანს სარგებლობას, რომელიც თვითონ ევროპიულ სწავლა-მეცნიერებაში განვითარებულია და თავის თვალით უნახავს და შეუსწავლია სიღარიბის მომსპობელი და კეთილ-დღეობის მომნიჭებელი სახსრები. სხვა არა იყოს რა, უბრალო დანახვაც განათლებული ხალხების ცხოვრებისა და მეცნიერების ნაყოფისა _ არა მცირედ სარგებლობას მოუტანს ისეთის ქვეყნის შვილს, როგორიც ჩვენია. ტყუილა კი არ ამბობენ ჩვენში, როდესაც რომელიმე კაცის ღირსებაზე იტყვიან, რომ “ამ კაცს ქვეყანა უნახავს, განათლებული კაციაო!” ამ აზრს თავისი საფუძველი აქვს.

მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ახალთაობა მარტოქვეყნის სანახავადარ მიდის ევროპაში. ამ შემთხვევაში ისინი უფრო გონიერი აზრით ხელმძღვანელობენ: ისინი მიდიან ევროპიული სწავლამეცნიერებისა და ცხოვრების გასაცნობად და შემდეგ ამაების თავის ქვეყანაში დასამკვიდრებლად. ვინ გაამტყუნებს იმათ ამგვარი განზრახვისათვის? ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთი ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდგან პირდაპირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილათ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდამა? განა ყოველთვის ის წყაროს წყალი არ სჯობია, რომელიც პირდაპირ მიწიდამ ამოჩუხჩუხებს და განა არ იცით, რომ წყაროდამ მოშორებული წყალი ხანდისხან ისეთს რამეებს შეითვისებს გზაში, რომ შემდეგ იმის გამოყენება თითქმის შეუძლებელია?

მაშ მივესალმოთ ამ ახალ მოვლინებას და გზა დაულოცოთ იმ ახალგაზრდებს, რომელნიც მიელტვიან ევროპისაკენ დედანი წყაროს დასაწაფებლად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთი დასავლეთ ევროპაში გაზდილი ქართველი თავის სწავლითა და სამაგალითო ცხოვრებით უფრო მომეტებულ სარგებლობას შესძენს ჩვენს ღონის-ძიებით საწყალი, მაგრამ ბუნებით მდიდარს საქართველოს, ვიდრემ ხუთი და ათი სხვა ქვეყანაში გამოზრდილი.

დროება”, 1872, 20 ოქტომბერი, #41

მეველე _ დავით მიქელაძე
მეველე _ დავით მიქელაძე

მეველე _ დავით მიქელაძე

სხვა მხარესაც მივაქციოთ ყურადღება

ერთერთს ჩვენს მოწინავე წერილში აღვბეჭდეთ ახალთაობის ღვაწლი და დამსახურება ჩვენის ქვეყნის წინაშე. აღვიარეთ, რომ ამ ოცის ოცდაათის წლის განმავლობაში საქართველოს ახალთაობამ წინ წასწია საზოგადოება, განუმტკიცა მას თვითცნობის გრძნობა, დაუსახა იდეალი, ერთის სიტყვით _ გააღვიძა იგი, გაუღვიძა და აღუძრა ისეთი სურვილები, რომელნიც კაცის და მთელის ერის აღმამაღლებელნი და ზნეობითი გამამშვენებელნი არიან. აწინდელი გონებრივი მდგომარეობა ჩვენის საზოგადოებისა რომ შევადაროთ იმ მდგომარეობას, რომელშიაც ჩვენ ამ ოცდაათის წლის წინად ვიმყოფებოდით _ რა თქმა უნდა, დიდს განსხვავებას ვიპოვით.

მაგრამ ერთს საყურადრებო ვითარებას ვხედავთ ჩვენს მოქმედებაში საზოგადო ასპარეზზე: მრთელი ჩვენი ყურადღება მიქცეული იყო იმაზე, რომ გაგვევრცელებინა ხალხში ის აზრები, რომელნიც შეადგენენ განათლების საუკეთესო ნაყოფს, გაგვემტკიცებინა ის გრძნობები, რომელნიც სულითა და გულით ამაღლებენ ერს. ასე რომ ჩვენი ღვაწლი და მოქმედება მხოლოდ იმაზედ იყო მიმართული, რომ შეგვძლებოდა ჩვენი გავლენა და ზედ-მოქმედობა დაგვემჩნია ხალხისათვის, საზოგადოებისათვის. ჩვენს მეცადინეობას, საბედნიეროდ, ფუჭად არ ჩაუვლია. მხოლოდ მეორე საშუალება კი უყურადღებოდ დაგვრჩა და დაგვრჩა იმიტომ, რომ მომზადებული პირები არ გვყავდა.

ყოველს ხალხს, ყოველს ერს თავისი განახლება მტკიცედ მეცნიერების შესწავლით, სხვა და სხვა ხალხთა ლიტერატურის, სხვა და სხვა ხალხთა ენების მტკიცედ და საფუძვლიანად გაცნობით დაუწყია. რუსეთში დამკვიდრდა ნამდვილი განათლება, დამკვიდრდა მეცნიერება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის ახალთაობა ევროპას დაუახლოვდა, მტკიცედ შეითვისა ევროპიული ენები; დღემდისაც ასობით და ათასობით ნახავთ სხვა და სხვა ევროპიულ ქვეყნებში რუსეთის ყმაწვილ-კაცობას; ის იქ ითვისებს ენას, მეცნიერებას, რომელიც ბევრად მაღლად სდგას ვიდრე რუსეთში. ამ გვარად მომზადებული რუსეთის ინტელიგენცია აცნობებს ევროპას თავის სამშობლოს და ცდილობს, მიაქცევინოს ყურადღება. დღეს ვხედავთ, რომ ევროპიელებმა გამოიცვალეს თავიანთი აზრი შესახებ რუსეთისა, რომლის მცხოვრებნი უწინ თითქმის კაცის-მჭამლებად მიაჩნდათ.

რუსეთის ცხოვრება, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, გონებრივი და ეკონომიური შეიქმნა ევროპიელებისათვის ძლიერ საყურადღებო საგნად; ასე რომ დღითი დღე მდიდრდება სამეცნიერო ევროპიული ლიტერატურა სხვადასხვა გამოკვლევებით შესახებ რუსეთისა; ამითი მდიდრდება მეცნიერება, ამითი სარგებლობს მთელი კაცობრიობა.

ვიმეორებთ, ამ სასიამოვნო მოვლენისათვის რუსეთი მადლობელი უნდა იყოს იმათი, ვინც თავის ქვეყანა გააცნო ევროპას, ვინც შეაყვარა პირველი მეორეს.

ჩვენში, საქართველოში, მეცნიერება ორივე ფეხით კოჭლობს. ვინც დღემდე მოქმედობდა ან მოქმედებს, მხოლოდ ევროპიული აზრების პოპულიარიზატორები არიან. ეს აზრები მეორე ან მესამე ხელიდამ მიუღიათ. კარგად თუ ავად ჩვენ ვიცნობთ ევროპას, მაგრამ ევროპა კი ჩვენ ვერ გვიცნობს, მაშასადამე იმას არ შეუძლია მიაქციოს ის ყურადღება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ცხოვრებას, რომლის მეცნიერულად შესწავლა აუცილებელ საჭიროებას შეადგენს არა მარტო ჩვენთვის, არამედ საზოგადოდ ცივილიზაციისათვისაც. ეს სამწუხარო ამბავი იმისგან წარმოსდგება, რომ ჩვენ ნამდვილს, ყოველ მხრივს ევროპიულს განათლებას ვართ მოკლებული; ჩვენ არა გვყავს ისეთი კაცები, რომელთაც იცოდენ უცხო ენები, შეეძლოთ ამ ენებზე წერა, შეეძლოთ ჩვენის მწერლობის ნაწარმოების გადათარგმნა, შეეძლოთ სხვადასხვა უცხოეთელ ჟურნალებში და დრო გამოშვებითს გამოცემებში მონაწილეობის მიღება. დღესაც რუსეთის მეცნიერები თავიანთ ნაწარმოებს უცხოელ ჟურნალებში ბეჭდავენ. ამ გზით და ამ სახით ცდილობენ ისინი გააცნონ ევროპა თავიანთ ქვეყანას, ამ ნაირად ცდილობენ იმის პატივის ცემა მოიხვეჭონ. ევროპა ჩვენ ვერ გაგვიცნობს, იქაური მეცნიერება ჩვენს ქვეყანას ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს, სანამ ჩვენ თითონ არ ვაჩვენებთ, თუ რა საუნჯის პატრონი ვართ, ვინა ვართ, ან რანი ვიყავით.

ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენში გამრავლდებიან ისეთი პირები, რომელნიც ევროპიულად აღზრდილნი იქმნებიან, უცხოელი ენები ეცოდინებათ, ისე როგორც თავიანთ ღვიძლი ენა. მაშინ, მხოლოდ მაშინ გამოვიწვევთ განათლებულ ქვეყნების ყურადღებას, მაშინ შემუშავდება ჩვენში მეცნიერება, მაშინ დაიჭერს ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა ჯეროვან ადგილს სხვა ქვეყნების ისტორიისა და ლიტერატურათა შორის. თვით უცხო ენის მეცნიერები მოჰკიდებენ ხელს იმ საქმეს, რომელსაც დღეს ჩვენ დიდის გაჭირებით ვაჩანჩალებთ.

მაშასადამე უნდა ვეცადოთ, რომ მოზარდ თაობას ნამდვილი ევროპიული განათლება მივსცეთ, უცხო ენების შესწავლა გავავრცელოთ, როგორც მაგალითად ფრანცუზულისა, ნემეცურისა, ინგლისურისა. თუ ჩვენი მოვალეობა ის იყო, რომ ჩვენის გავლენით, მოქმედებით ხალხი, საზოგადოება გაგვეღვიძებინა, მომავალი თავობის მოვალეობა ის უნდა იქმნეს, რომ გააცნოს თავის ქვეყანა ევროპას და ამ სახით ეცადოს, _ დანერგოს ნამდვილი მეცნიერება თავის სამშობლოში.

დროება”, 1885. 21 თებ., #40

ალექსანდრე ხახანაშვილი
ალექსანდრე ხახანაშვილი

ალექსანდრე ხახანაშვილი

როგორ გავეცნოთ ევროპას

ერთი საშუალებათაგანი, გავაცნოთ თავი და ჩვენი წარსული ევროპას, შევიგენით ამ ზაფხულს ჩვენი მოგზაურობის დროს. ჩვენდა სამარცხვინოთ და სამწუხაროთ უნდა აღვიარო, რომ ევროპაში სრულებით არ იცნობს ხალხი ქართველებს. თუ გაუგონიათ, ანუ წაუკითხავთ რამე საქართველოზე, ისევ თითოოროლა მეცნიერთ, კაბინეტში ჩასაფრებულებს. გერმანიაში georgien (grusinien) და საფრანგეთში გეორგიენ ვარმეთქი რომ ვიტყოდი, ჩემს მობაასეს ხშირათ ამით თავს ვერ გავაცნობდი ხოლმე.

თუ ვიტყოდი კიდევ კავკასიიდან, მაშინ კი მიმიხვდებოდენ, თუმცა ჩემს ნაციონალურ ჩამომავლობაზე მაინც გაუგებარ მდგომარეობაში რჩებოდენ. თუ შევადარებთ ჩვენს ამგვარათ დაშორებას ევროპასთან სომხების ბედ-იღბალს, არ შეიძლება არ ითქვას, რომ უკანასკნელნიც ასე დავიწყებულნი იყვენ: იმათ თითქოს სუყველგან იცნობენ, იმათ წარსულზე და აწმყოზე წარმოდგენა აქვთ. არამც თუ კერძო პირები არ იცნობენ ქართველებს, მთელი დაწესებულებაც ვერ აცდენია შეცთომას ჩვენი ერის შესახებ. აი, ერთი მაგალითი: ჟენევაში დავათვალიერეთ ცნობილი მუზეუმი „Arianna“. ამ მუზეუმის ერთს ოთახში შემოკრეფილია სხვა-და სხვა ენაზე საღმთო წერილის წიგნები. ამ წიგნებში შევნიშნეთ ქართულათ აღბეჭდილი “დავითნი”, რომელსაც ქვეშ მოწერილი ჰქონდა: „Georgien du nord Amerique“. ქართული ასოებით დაბეჭდილი წიგნი მიაწერეს ამერიკის გეორგიას, სადაც ინგლისური ენის მეტი ხმარებაში არც ერთი ენა არ არის! კავკასიის გეორგია, ჟორჟი ვერ გაურჩევიათ ამერიკის გეორგიისგან! ჩვენ დავსტამბეთ ჟენევის ერთს გაზეთში ამის შესახებ წერილი და ორ დღეს შემდეგ რედაქციამ შემატყობინა, რომ მუზეი „Arianna“ მადლობას მიძღვნის შენიშვნისთვის და შეცდომა უკვე გასწორებულ იქნა.

ამ გვარი და ამაზე უარესი შეცდომების ასაცილებლათ და ევროპასთან დასაახლოებლათ საჭიროა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ მაინც მიაქციოს ყურადღება ამ მდგომარეობას და, მსგავსათ სომხის ყმაწვიკაცებისა, რამდენიმე თვით ან წლობით წავიდენ ხოლმე სწავლის გასაგრძობათ გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში და ინგლისში. პირადათ გაცნობა და დაახლოება იქაურ მეცნიერებთან, მწერლებთან და ხალხთან გაფანტავს ცრუ წარმოდგენას საქართველოზე და აუხსნის ნამდვილ სურვილს ქართველი ხალხისას. ამგვარი გაცნობა და მოგზაურობა სასარგებლო იქნება, როგორც მთელი ერისთვის, აგრეთვე კერძო პირისთვისაც, რომელსაც შეეძლება დააკვირდეს სრულებით სხვა მიმართულებას, იქაურ საზოგადო და სამეცნიერო-სალიტერატურო ცხოვრებაში. აქ შეითვისებს ახალ აზრებს, გააფართოებს თვის ცოდნას, შეიძენს უცხო ენების მდიდარ ნაწერებს და ამ იარაღით აღჭურვილი დაბრუნდება სამშობლოში რიგიანათ მომზადებული საზოგადო მოღვაწეობისთვის. ამიტომ სასურველია, რომ იმატოს რიცხვმა ახალგაზრდა ქართველთა საზღვარგარეთ მოსწავლეთა, რომელნიც შეიქნებიან ხიდათ ქართველთა და ევროპელთა შორის.

კვალი”, 1894 წელი, #43

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here