Home რუბრიკები ისტორია როცა დღეები საუკუნეზე მეტხანს გრძელდება

როცა დღეები საუკუნეზე მეტხანს გრძელდება

ჩერჩილი, ტრუმენი და სტალინი პოსტდამის კონფერენციაზე, 1945 წ.

მატარებლები ამ მხარეში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიდიოდნენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენგარშემო კი გაწოლილიყო უდაბნოს დიადი სივრცეები”.

ჩინგიზ აითმატოვი, “და საუკუნეზე  მეტხანს გრძელდება დღე

დიდმა მწერალმა ჩინგიზ აითმატოვმა სათაურად მსოფლიოში ცნობილი რომანისადა საუკუნეზე მეტხანს გრძელდება დღებორის პასტერნაკის ლექსის _ “ერთადერთი დღეებისსტრიქონი გამოიტანა.

დიდ შემოქმედთა პრაქტიკაში ასეთი რამ ხდება.

არც არავის უკვირს. მეც ნუ დამძრახავთ. მიწიერს. მით უფრო, რომ მოვლენა, რომლის ერთგვარ იუბილეზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, კოსმოსთან არის დაკავშირებული. ხოლო აითმატოვის რომანში მოთხრობილია სარი-ოზეკის უკიდეგანობაში დაკარგული ყაზახური სოფლის _ ყაზანგაპის _ ამბავი, რომლის ოდინდელი, მაგრამ მიტოვებული სასაფლაოს ადგილას გაშენდა კოსმოდრომი ბაიკონური.

რკინიგზაზე მატარებლები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირუკუ მოძრაობენ, პარალელურად. თავიანთი გზით მიდიან. კოსმოსში კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კოსმოსური ხომალდები ერთმანეთს შეუპირაპირდებიან. პირველად მსოფლიოში, ორი დაპირისპირებული ქვეყნის კოსმოსური ხომალდები.

ეს იყო 45 წლის წინათ, როცა საბჭოთა “სოიუზი” და ამერიკული “აპოლონი” ერთმანეთს შეუპირაპირდა _ 1975 წლის 17 ივლისს.

საბჭოთა ხომალდმა, რომლის ბორტზე იყვნენ ალექსეი ლეონოვი და ვალერი კუბასოვი, 1975 წლის 15 ივლისს, 15 საათსა და 20 წუთზე, სტარტი აიღო კოსმოდრომ ბაიკონურიდან. ზუსტად შვიდ-ნახევარი საათის შემდეგ კოსმოსისკენ დაიძრა ამერიკელების ხომალდი სამი ასტრონავტით _ თომას სტაფორდით, დონალდ სლეიტონითა და ვენს ბრანდით.

შეპირაპირების შემდეგ პირველი, რაც საბჭოთა ეკიპაჟმა გაიგონა, თომას სტაფორდის ხმა იყო: ამერიკელი უპატაკებდა ფრენის მართვის თავს ცენტრს, რომ ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა რუსულად: “მიაკი სტიკოვკა” (мягкая стыковка _ რბილად შეპირაპირდაო).

ორივე ქვეყნის კოსმონავტებმა მოსამზადებელ პერიოდში რუსული და ინგლისური ნორმალურ დონეზე შეისწავლეს, მაგრამ კურიოზს ვერც ერთი მხარე ვერ ასცდა. სტაფორდის იაღლიშზე ეს-ესაა გითხარით. ალექსეი ლეონოვმა კი ნასას მიერ გამართულ ბანკეტზე ინგლისურად წარმოთქვა სადღეგრძელო და დაასრულა ორიგინალური მოწოდებით, რომლითაც ფრიად გაამხიარულა ამერიკელები. უნდოდა, ეთქვა _ “გისურვებთ წარმატებებს!”, მაგრამ შეეშალა სიტყვასუცცესსფულდა დამსწრეთ უსურვა მჩქეფარე სქესობრივი ცხოვრება: “I WISH YOU A SEX FULL LIFE!!”

ჩვენც გავიღიმოთ, რადგან მართლაც კარგი სახუმარო რეპლიკა იყო.

სხვაც იყო.

ვალერი კუბასოვი იხსენებს:

_ სუვენირებისა და დროშების გაცვლის შემდეგ ორბიტაზე “საზეიმო სადილი” გაიმართა, რომლისთვისაც ალექსეი ლეონოვი საგანგებოდ მოემზადა. თომას სტაფორდს შესთავაზა, რომ ეს ისტორიული მოვლენა რუსული ტრადიციისამებრ არყის დალევით აღენიშნათ. სტაფორდი შეიშმუშნა, მაგრამ თქვა, რომ, რადგან ტრადიცია მოითხოვს, უნდა შესრულდეს კიდეცო. ლეონოვმა მიაწოდა რუსული “ბორშჩის” “ტიუბიკი” (კბილის პასტის რომ არის, დაახლოებით ისეთი: ორბიტაზე კოსმონავტებისთვის განკუთვნილი კერძები საერთოდ ასეთ “ტიუბიკებშია” ჩატუმბული), რომელსაც “ბორშჩის” ნაცვლად წინასწარ მიაკრა რუსული არყის ეტიკეტი _ “ვოდკა”.

სტაფორდმა “გადაჰკრა” და… ჰომერულმა ხარხარმა გააყრუა კოსმოსური ხომალდის ჩაკეტილი სივრცე.

ასეთი “ტიუბიკები” კოსმონავტთა ქალაქ ზვიოზდნიში სტუმრობისას მაჩუქა ორგზის საბჭოთა კავშირის გმირმა კოსმონავტმა ნიკოლაი რუკავიშნიკოვმა. გეახელით. გემრიელი იყო კოსმოსური “ბორშჩი”.

ახლა კი სერიოზულად.

წინასწარი გათვლით კოსმონავტებს ერთმანეთისთვის ხელი უნდა ჩამოერთმიათ მოსკოვის თავზე, მაგრამ რომელიღაც წვრილმანში შეცდნენ და ეს სიმბოლური რიტუალი შედგა მაშინ, როცა შეპირაპირებულმა ხომალდებმა მდინარე ელბას გადაუფრინეს. 75 წლის წინათ ამერიკული ჯარები წითელი არმიის ნაწილებს შეხვდნენ _ შეხვედრა ელბაზე! კოსმოსური შეხვედრაც ელბის თავზე, “მაღლა ცაშიგაიმართა.

ისტორიული მოვლენა, რომელიც დღესაც ახსოვთ, XXI საუკუნეში. თავისებური სიმბოლო იდეურად დაპირისპირებული ზესახელმწიფოების თანაარსებობისა და თანამშრომლობის.

ასეთია ისტორიის ერთი თვალსაჩინო გაკვეთილი…

75 წლის წინათ, 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე პოტსდამში გაიმართა “დიდი სამეულის” მესამე და უკანასკნელი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ. ამ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იოსებ სტალინი, აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი, 25 ივლისიდან კი _ კლემენტ ეტლი.

პოტსდამის კონფერენციამ დაადგინა ომისშემდგომი საზღვრები და დაამტკიცა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა.

ამ დღესაც, ანუ 2020 წლის 17 ივლისს, როგორც 75 წლის წინათ, ცეცილენჰოფის სასახლის ფასადზე გამოფინეს გამარჯვებული ქვეყნების _ საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დროშები.

გამარჯვებული სახელმწიფოების ლიდერებს თავდაპირველად განზრახული ჰქონდათ კონფერენციის ბერლინში გამართვა, მაგრამ გერმანიის დედაქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული.

კონფერენციაზე განხილული პრობლემების შესახებ სიტყვას არ გაგიგრძელებთ, გეტყვით მხოლოდ, რომ ყველაზე მწვავე საკითხი პოლონეთის დასავლეთის საზღვრების დადგენას შეეხებოდა. სტალინს პოლონელებისთვის რესურსებით უმდიდრესი გერმანული მიწების გადაცემა სურდა. ბრიტანელები და ამერიკელები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, მიიჩნევდნენ, რომ პოლონელებს უფლება არ ჰქონდათ, დაპატრონებოდნენ გერმანიის ამ ნაწილს, ასეა ჩაწერილი კონფერენციის სტენოგრამაში. და მიყოლებით: მაგრამ იქ საბჭოთა ჯარები დგანან. ამას აღარაფერი ეშველება.

ანალიტიკოსები დარწმუნებით ამბობენ, რომ პოლონეთი უაღრესად დავალებულია საბჭოთა კავშირის წინაშე, რადგან ქვეყნის ტერიტორია თანამედროვე საზღვრებში მისი არასოდეს ყოფილა. ქვეყნის დღევანდელი ტერიტორიის მესამედი სტალინმა ტრუმენსა და ჩერჩილს პოლონელებისთვის გამოჰგლიჯა.

დღეს რუსეთს პოლონეთზე დიდი მტერი ევროპაში არ ჰყავს. პოლონელების მხრიდან ეს უმადურობის არნახული გამოვლენაა. როგორ ინსტრუქციასაც გამოუგზავნიან აშშ-დან, იმის შესასრულებლად იღვწიან საბჭოთა კავშირის მიერ “დაჩაგრული” პოლონელები, დემოკრატიული დასავლეთის “ავანგარდი” აღმოსავლეთის ფრონტზე…

კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტს შეატყობინეს, რომ ნიუ მექსიკის შტატის პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს ატომური ბომბი.

დასავლეთის ლიდერები _ ტრუმენი და ჩერჩილი აღივსნენ უპირატესობის განცდით: ახლა უეჭველად მოდრეკენ “ძია ჯოს”, როგორც მოიხსენიებდნენ სტალინს ზურგსუკან.

24 ივლისს, სხდომებს შორის შესვენებისას, ტრუმენი, ისე _ სხვათა შორის, ეტყვის სტალინს ატომური ბომბის წარმატებით გამოცდის ამბავს. სტალინიც ისე მიიღებს ამ ცნობას, როგორც გადმოსცეს. სამაგიეროდ უკიდურეს გაოცებას ვერ დამალავს უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ჩასაფრებულ მონადირესავით საგანგებოდ აკვირდებოდა, რა რეაქცია ექნებოდა სტალინს ამ მოულოდნელ და “თავზარდამცემ” ინფორმაციაზე.

ეტყობა, ვერ გაიგოძია ჯომ”, რა ვუთხარიო, _ თავს დაიმშვიდებს ტრუმენი. ჩერჩილიც დაეთანხმება და ორივენი გაბითურდებიან: კრემლში გამოწვლილვით იცოდნენ, როგორ მიმდინარეობდა ამერიკული ატომური პროექტის განხორციელების ეტაპები, ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ ინფორმაცია კი საბჭოთა აგენტებისგან ოპერატიულად მიიღეს.

საბჭოთა დაზვერვა ძალიან კარგად მუშაობდა.

კონფერენციის იმდღევანდელი სხდომების დამთავრების შემდეგ სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა: დაურკეთეთ კურჩატოვს და უთხარით, დააჩქაროს სამუშაოები.

საბჭოთა კავშირი დასთანხმდა იაპონიასთან ომის დაწყებას, რომელიც ასე სურდა ტრუმენს. მოილაპარაკეს გერმანიის განიარაღებასა და დემილიტარიაციაზე, ნაცისტ დამნაშავეთა გასამართლებაზე, რეპარაციებზე, კენიგსბერგისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემაზე.

პოტსდამის კონფერენციის მთავარი მიღწევა არის ის, რომ შეიქმნა იალტაპოტსდამის ომისშემდგომი მსოფლიოს სისტემა.

მაგრამ იყო ისეთი საკითხებიც, რომლებზეც ვერ შეთანხმდნენ; მაგალითად, საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის საკითხზე შავი ზღვის სრუტეებში.

თუმცა ასეთ ცალკეულ შემთხვევებს მონაწილეთა გუნება-განწყობილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ერთ-ერთ ფოტოსესიაზე ჩერჩილმა იძალა და ტრუმენს მარჯვენა მხრიდან მიუჯდა. დაე, ნახონ, რომ ჩვენ _ ინგლისელები და ამერიკელები _ ერთად ვართო. ტრუმენმა, რომელსაც ჩერჩილის ასეთი გულმოდგინება არ მოეწონა, თავისი სავარძელი სტალინისკენ მისწია.

სტალინი კი ჩერჩილს უკირკიტებს. როცა სიტყვა იტალიის კოლონიებზე ჩამოვარდება, შეეკითხა კოლეგას:

“_ იტალიამ თუ დაკარგა ისინი (კოლონიები), მაშ, ვინ იპოვნა?

_ დიდი დანაკარგების ფასად და განსაკუთრებული გამარჯვებებით ბრიტანულმა არმიამ მარტომ დაიპყრო ეს კოლონიები, _ უპასუხებს ჩერჩილი.

_ ბერლინი კი წითელმა არმიამ აიღო, _ მოუჭრის სტალინი”.

ამ ეპიზოდს სტენოგრამაში მიწერილი აქვს: “სიცილი”.

* * *

ამ ერთი დღის _ 17 ივლისის ნიშანი გაჰყვა XX საუკუნეს და XXI-შიც გაგრძელდა: საუკუნეზე მეტ ხანს, თუმცა ის დღეები (1945 წლის და 1975 წლის) ერთმანეთს 30 წლით იყო დაცილებული.

* * *

დასასრულ: ყოველთვის არ მართლდება ანდაზა _ “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის”.

18 ივლისს, დილით, საფრანგეთის ნანტში ჩაიფერფლა პეტრე-პავლეს ტაძარი. ამ უნიკალური ისტორიული ძეგლის რელიკვიები შეიწირა ხანძარმა, რომლის შესახებ მეხანძრეებს შემთხვევითმა გამვლელმა აცნობა.

დაიწვა ტაძრის დიდი ორგანი და XV საუკუნის ფასდაუდებელი ვიტრაჟები.

ამ ტაძრის იავარქმნას პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შარშანდელ ხანძარს ადარებენ, რომელიც ავის მომასწავებელ ნიშნად აღიქვა მორწმუნე საზოგადოებამ.

და მსოფლიოს შემოუტია კოვიდ-19-ის პანდემიამ.

რა უბედურება დაგვატყდება ამჯერად? რაზე მიგვანიშნებს ნანტის ტაძრის ხანძარი?

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here