Home რუბრიკები ისტორია რა მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში მართლმადიდებლობას პეტრე მამონოვის მაგალითზე

რა მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში მართლმადიდებლობას პეტრე მამონოვის მაგალითზე

3330
პეტრე მამონოვი

მკითხველს შევახსენებთ, რომ . მამონოვი რუსი მუსიკოსი, პოეტი და მსახიობია. იგი მთავარ როლს თამაშობს 2006 წელს რეჟისორ პაველ ლუნგინის მიერ გადაღებულ ფილმშიკუნძული” (“Остров”). ის აგრეთვე გადაღებულია ფილმშიიერეი სან. სამურაის აღსარება” (“Иерейсан. Исповедъ самурая”). ბრწყინვალე აღდგომის წინ დაბეჯითებით გირჩევთ, ნახოთ ორივე ეს ფილმი.

წარსულში სკანდალისტი და პროვოკატორი, სსრკ-ში ერთ-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფის შემქმნელი, სასმელის და დროსტარების დიდი მოყვარული პეტრე მამონოვი 45 წლის ასაკში ძლიერ შეიცვალა _ მიყრუებულ სოფელში გადასახლდა, მართლმადიდებლურად მოინათლა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიჰყო ხელი.

“არ მახსოვს გუშინდელი დღე და არც მინდა, მახსოვდეს. მე წინ მივისწრაფვი. მთელი მარადისობა მაქვს წინ. ცხოვრების მანძილზე ცუდსაც ჩავდივართ და კარგსაც. მე ჩემს სახეზე მთელი ჩემი მანკიერებანი, საწუხარი და სიხარულიც მაწერია. ჩვენი სახეც და ჩვენი ტანიც ჩვენი ცხოვრების შედეგია.

ცხოვრების გზაზე შეხვედრილი ყოველი ადამიანი ანგელოზია.

ის შენი დამხმარეა და ტყუილად არ შეგხვედრია. ის შენ ან გამოცდას გიწყობს და ან სიყვარულს გიზიარებს.

ახალგაზრდობაში ერთი შემთხვევა მქონდა. ერთხელ ერთ ჩემ ამხანაგთან ერთად გვიანობამდე ვსვამდით. მეორე დილას ვურეკავ, ვკითხო, სახლში როგორ მივიდა და რა მესმის _ “ელექტრიჩკის” ქვეშ ჩავარდნილა და ორივე ფეხი დაკარგა. წარმოუდგენელი უბედურებაა, არა? სანახავად რომ მივედი და მოვიკითხე, ესე მიპასუხა: შენ რა გიჭირს, აი მე კიდევ … და საბანი გადაიხადა . საშინელი სანახაობა იყო… ის ძალიან ამაყი იყო, ამ შემთხვევის შემდეგ კი ძალიან მოკრძალებული და მხიარული ადამიანი გახდა. იმედი არ დაუკარგავს, პროთეზები დაიყენა, ცოლი შეირთო, ოთხი შვილი შეეძინათ. მერე საბავშვო მოთხრობების წერა დაიწყო, სიხარულითა და ბედნიერებითაა გაბრწყინებული. აი, ასე კურნავს ღმერთი ჩვენს სულებს ფიზიკური ტკივილებით! ვინ იცის, მას რომ ის უბედურება არ შემთხვეოდა, იქნებოდა ისევ ისე სიამაყეში და ჩახმებოდა ბოლოს ძველი პურის ქერქივით.

ასეთია ძნელადგადასატანი, მაგრამ უმოკლესი გზა სულიერი განწმენდისაკენ. საჭიროა ყოველ წუთს სწავლობდე, ყოველ წუთს ფიქრობდე რა თქვა… და ყოველ წუთს ქმნიდე, ქმნიდე, ქმნიდე…

ხანდახან ცხოვრება გცემს, მაგრამ ეს დარტყმები წამალია. “სასჯელი” _ ეს სიტყვა “სჯა”-სგან წარმოსდგება. სასჯელი განსჯისთვის, გაკვეთილის სასწავლად გვეძლევა (“Наказание” _ от слова „наказ”.  А наказ – ета урок, учение).

ღმერთი ჩვენ გვმოძღვრავს, როგორც მზრუნველი მამა. დაგვაყენებს კუთხეში პატარა ბავშვივით, რომ მეორედ ცუდი აღარ ჩავიდინოთ. ჩვენ ცელქი ბავშვებივით გასხლტომა გვინდა, მამას კიდევ მაგრად ვუჭერივართ, რომ მატარებელს არ ჩავუვარდეთ ქვეშ. ასეა ღმერთიც.

ცდუნებები _ ეს გამოცდებია. გამოცდები რისთვისაა? რომ ვისწავლოთ (ჭკუა) და ისინი ჩავაბაროთ. ამ გამოცდების გავლით ჩვენი სული უფრო დაუფრო სუფთა ხდება.

ოქროს ცეცხლში ადნობენ, რომ გაასუფთაონ. ასეა ჩვენი სულებიც. შეჭირვება უდრტვინველად უნდა გადავიტანოთ. ცხოვრების გმობა და ვაებას მიცემა _ “ღმერთო, რისთვის?” შეცდომაა. ეს ჩვენი გასავლელი გზაა, რომელიც ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ.

სიცოცხლის ნამდვილი მიზანი სიყვარულია.

რისთვის ვცხოვრობთ? დიდხანს ამ კითხვას პასუხს არ ვცემდი, ყურადღებას არ ვაქცევდი. ვკაიფობდი, ვსვამდი, ვჩხუბობდი, ვამტკიცებდი, რომ “მე ვარ მთავარი!”. ცხოვრების მთავარი არსი კი სიყვარულში ყოფილა.

სიყვარული ნიშნავს, რომ მსხვერპლი გაიღო. მსხვერპლის გაღება _ ეს გაცემაა. უმარტივესი სქემაა.

ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში იარო, სანთელი დაანთო, ილოცო. აი, შეხედეთ, 2002 წელს ჩეჩნეთში რა მოხდა: დგას რვა ჯარისკაცი,უწვერული ბიჭები და ერთ-ერთმა შემთხვევით ხელყუმბარას “ჩეკა” გამოაძრო… იქვე მდგარი პოდპოლკოვნიკი, 55 წლისა, ოთხი შვილის მამა, ეკლესიაში ერთხელაც რომ არ ყოფილა და ერთი სანთელი არ დაუნთია, არც დაფიქრებულა, ყუმბარას თავისი სხეულით გადაეფარა და ნაფლეთებად იქცა, ჯარისკაცები კი გადაარჩინა. ის პირდაპირ სამოთხეში მოხვდა. ესაა მსხვერპლის გაღება. იმაზე უფრო მეტი, ვიდრე სხვებისთვის საკუთარი სიცოცხლი გაღებაა, ქვეყანაზე არ არსებობს.

ომში ყველაფერი ჩანს, ომის დროს ცუდიც და კარგიც ზედაპირზეა წამოწეული და ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

ყოველდღიურობაში კი ყველაფერი გაუფერულებულია. გვგონია, რომ კეთილი საქმეებისთვის ხვალინდელი დღეც გვაქვს, ზეგინდელიც… და ამაღამ რომ მოკვდე? რას იზამ ხუთშაბათს, ოთხშაბათს თუ მოკვდები? კეთილი საქმის კეთება გადასადები არ არის.

მგონია, გუშინ იყო, ოლეგ იანკოვსკი გვერდით რომ მეჯდა. აგერ, მისი “კურტკა” ისევ მანდ დევს, ეგერ, მისი ჩიბუხი… და სად არის დღეს ოლეგ ივანოვიჩი? ჩვენ ჯერ კიდევ “მეფის” გადაღებებზე დავმეგობრდით, ბევრს ვლაპარაკობდით ცხოვრებაზე. მას სიკვდილის მერეც ბევრს ვესაუბრები. ვლოცულობ მისთვის: “ღმერთო, შეიწყალე და აცხოვნე მისი სული”-თქო, შევთხოვ ზეცას.

აი, რაც არის იქ მისავალი _ ეს ლოცვაა. ამიტომ, როცა მოვკვდები, არ მინდა მდიდრული კუბო და ყვავილები. ხალხო, ილოცეთ ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ყველანაირი ცხოვრებით ვიცხოვრე.

ლოცვა სიცოცხლეშიც მნიშვნელოვანია. “გმადლობ” _ მეორე ადამიანს რომ ეუბნები, ამითი მას ღვთის მადლის გაზიარებას უსურვებ. ნუ დაინანებთ ერთმანეთისთვის მადლობის თქმას. ხდება ხოლმე, სათვალეს ვერ ვნახულობ და სამყაროს შემოქმედს შევთხოვ: “ღმერთო, მიშველე!”. მალევე ვპოულობ.

მამაზეციერს ყველანი ვუყვარვართ, მას ყოველთვის შეიძლება, საშველად უხმო.

გესმით, ეს რა სასწაულია? აი, ვზივართ მე და თქვენ, ორი ჭიაყელა და პირდაპირ შეგვიძლია ღმერთს მივმართოთ: “უფალო, შეგვიწყალე!” და ღმერთი შეგვისმენს. ამაზე მეტი სასწაული რა გინდა?

ღმერთი ბრაზიანი ბაბუ არ არის, რომელიც ჩვენს ცოდვებს ითვლის და ერთი სული აქვს, გაგვჯოხოს. მას დედაზე უფრო ვუყვარვართ და თუ რამე შეჭირვებას მოგვივლენს, ესე იგი, ჩვენს სულს ესე სჭირდება. გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ის მომენტები, როცა გიჭირდათ, გიმძიმდათ… მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს მომენტებია ცხოვრებაში მთავარი, იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ვსწავლობთ და ვიზრდებით სულიერად.

სიყვარული _ ეს იმას ჰგავს, ჭურჭელს ურიგოდ რომ გარეცხავ

ცხოვრებაში და ადამიანებში კარგს ხედავდე და ამას ესწრაფვოდე, ეძიებდე _ აი, ერთადერთი პროდუქტიული გზა. ადამიანი ბევრ რამეს შეიძლება ცუდად აკეთებდეს, მაგრამ რაღაცაში ის აუცილებლად კარგი იქნება. სწორედ ამ კარგს უნდა ჩაეჭიდო, საძაგლობას კი ყურადღება არ უნდა მიაქციო.

სიყვარული ეს გრძნობა არ არის, სიყვარული მოქმედებაა. სულაც არ არის აუცილებელი, შეყვარებული იყო მოხუცზე, ავტობუსში რომ ადგილი დაუთმო. თვითონ თქვენი საქციელია სიყვარული.

მაგალითად, სიყვარულია, როცა ადგები და ჭურჭელს მაინც გარეცხავ, თუმცა ჯერ შენი რიგი არ მოსულა.

იხსენი საკუთარი თავი, ესეც გეყოფა.

ანანასის გემოზე ვერ მოყვები, თუ არ გაგისინჯია. ვერ ილაპარაკებ, რა არის ქრისტიანობა, თუ არ ეზიარე მას.

სინჯეთ, აბა, დათმოთ. დაურეკეთ ვინმეს, ვისაც, მაგალითად, კარგა ხანია, არ ელაპარაკებით. უთხარით: მეგობარო, მოდი დავივიწყოთ ყველაფერი, მე რაღაც ისე არ ვთქვი, შენ რაღაც ისე არ მოიქეცი… რა დროს ესაა… წამო, სადმე გავიაროთ ერთად. ნახეთ, ღამე როგორ ტკბილად დაგეძინებათ!

ყველაფერი ერთიასად დაგიბრუნდებათ უკან სულის აღმაფრენად. აი, ეს არის ნამდვილი ბედნიერება!

მაგრამ სულის აღმაფრენას რომ მიაღწიოთ, მუდმივად უნდა ფიქრობდეთ როგორ ილაპარაკოთ, როგორ მოიქცეთ. ეს არის სწორედ აღმშენებლობა.

მომოიხედეთ გარშემო და დაინახავთ, რამდენი კარგი ადამიანია, რამდენი სუფთა, მხიარული სახეა ირგვლივ. თუ რაიმე სისაძაგლეს დავინახავთ, იცოდეთ, ეს ჩვენშია. მსგავსი მსგავსს იზიდავს, ბუნების კანონია. თუ ვინმე ქურდბაცაცა შევამჩნიე, ესე იგი, მე თვითონ მომიპარია რამე. ვიდრე სხვებს განიკითხავთ, მანამდე საკუთარ თავს შეხედეთ.

იხსენი საკუთარი თავი და ეს გეყოფა. დააბრუნე ღმერთი შენში, მიმართე შენი მზერა სხვებზე კი არა, საკუთარ თავზე, ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. შეიყვარე შენი თავი და მერე ეს სიყვარული მოყვასის სიყვარულად აქციე. ნორმა ეს არის.

ჩვენ ყველანი გაუკუღმართებულები ვართ. იმის მაგივრად, რომ გულუხვობა გამოვიჩინოთ, სიძუნწე გვჯაბნის. უკუღმა ვცხოვრობთ, თავდაყირა დავდივართ. წაღმა რომ შევტრიალდეთ, გაცემა უნდა ვისწავლოთ. თუ ათი ათასი გაეცი და მერე გული დაგწყდა, ხუთიც ეყოფოდაო, გაიფიქრე, ჩათვალე, რომ შენი კეთილი საქმე არც ყოფილა.

აი, გავლიე დღევანდელი დღე _ ვის რა სარგებელი მოვუტანე?

ყოველ ღამეს საკუთარ თავს ერთი უბრალო კთხვა უნდა დავუსვათ: აი, გავლიე დღევანდელი დღე, ვინმეს რამე სარგებელი მოვუტანე?

აი, მე შემიძლია, ისე დაგელაპარაკო, “სმირნაზე” დაგაყენებ, გაჭიმულს გატარებ. და მერე რა? ამითი ან მე და ან თქვენ რამე შეგვემატება?

“გამთიშველი” _ ეშმაკის ერთ-ერთი სახელია. ჩვენში ჩაბუდებული მაცდური ჩაგვჩინებს: “შენ მართალი ხარ! მიდი, ყველას სეირი აჩვენე!”. მე ვცდილობ, ესე არასოდეს არ მოვიქცე. პატარ-პატარა ნაბიჯებით ვცდილობ წავიწიო წინ ჩემს სულზე მუშაობაში.

ვცდილობ, არაფრით არ ვიამაყო _ არც ჩემი როლით “კუნძულში”, არც ჩემი ლექსებით, არც ჩემი სიმღერებით, ვცდილობ, ყველაფერ ამას გვერდიდან შევხედო. ჩემთვის სასწაული – ყოველი ცისმარე დღეა, ჩემთვის ყოველდღე ზეცა სხვანაირია.

არცერთი დღე არ გავს ერთმანეთს. ბედნიერებაა, ამას რომ ვამჩნევ. ძალიან ბევრი რამე გამომრჩა ცხოვრებაში, ამაზე გული მწყდება. ამაზე ხშირად ვტირივარ გულში. ბევრად უკეთესად, უფრო წმინდად შეიძლებოდა მეცხოვრა.

ერთხელ ერთმა კაცმა მითხრა, არაყს რომ ეტანებოდი, ასეთი სიმღერები იმიტომ დაწერეო. მე კიდევ მგონია, რომ ჩემი სიმღერები არყის გამო კი არა, არყის ჯიბრზე დავწერე.

ჩემი სამოცი წლის გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში ერთი წუთის დაკარგვაც კი არ შეიძლება. ცხოვრება ხანმოკლეა და მასში ყოველი წამი მშვენიერია.

თუ კი დილას ცუდ გუნებაზე გამეღვიძა, ღმერთს ვევედრები, მხნეობა მომანიჭოს და მის იმედად ვარ. აი,ასეთი განწყობით ვცხოვრობ”.

მომზადებულია ვებგვერდ rashpil.pw მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here