მთავარი დაიჯესტი რა გადაწყდა მსოფლიოს საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე

რა გადაწყდა მსოფლიოს საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე

29 ნოემბერს სტამბოლში დასრულდა მსოფლიოს საპატრიარქოს სინოდის სხდომა

218
გააზიარეთ
რა გადაწყდა მსოფლიოს საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე

მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის შესახებ. დამტკიცებულია ტომოსის ტექსტი უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, მიღებულია, აგრეთვე, გადაწყვეტილება გამაერთიანებელი მართლმადიდებელთა კრების მოწვევის თაობაზე. კრების ჩატარების თარიღს მალე გამოაცხადებს პატრიარქი ბართოლომეოსი”, _ საზეიმოდ განაცხადა პეტრე პოროშენკომ ტელეეთერში.

რა არის ნათქვამი კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაში?

ელოდებოდნენ, რომ შედეგების შესახებ ისაუბრებდა პატრიარქი ბართოლომეოსი, მაგრამ მის ნაცვლად მასმედიის წარმომადგენლებთან გამოვიდა პრესსპიკერი და ჟურნალისტებს პრესრელიზი დაურიგა.

დოკუმენტი შედგებოდა სამი პუნქტისგან და მხოლოდ ბოლო შეეხებოდა უკრაინას: “მსოფლიოს საპატრიარქოს ადრინდელი გადაწყვეტილების კონტექსტში უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე და საპატრიარქოსა და სინოდის ტომოსის მოლოდინში წმინდა სინოდმა მოამზადა წესდება უკრაინის ეკლესიისთვის”.

როგორც ხედავთ, ტომოსი ჯერჯერობით “მოლოდინშია”. სამაგიეროდ, კონსტანტინოპოლმა თვითონ დაწერა ახალი ეკლესიის წესდება. ეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს ახალი საეკლესიო ორგანიზაციის დამოუკიდებლობის მიმართ. არადა, სწორედ ამ დამოუკიდებლობის გამო დაიწყო ყველაფერი.

წესდება ერთადერთი ნოვაცია აღმოჩნდა ახლახან დამთავრებული სინოდის სხდომისა. დანარჩენ საკითხებში მან კვლავ დაადასტურა ის, რაც გადაწყვეტილი იყო ოქტომბერში _ მიეცეს უკრაინას ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ. განხეთქილების შემომტანთა (“რასკოლნიკების”) შეკრების ჩატარების ზუსტი თარიღი კი დასახელებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარების თარიღის გამოცხადება დაანონსებული იყო სინოდის სხდომის წინ.

სინოდის პრესრელიზში არაფერია ნათქვამი ტომოსის ტექსტის, კრების მოწვევისა და მისი ჩატარების თარიღის შესახებ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა როსტისლავ პავლენკომ, რომელიც ესწრებოდა სინოდის სხდომას, განაცხადა, რომ ტომოსის ტექსტი უკვე შედგენილია. “არის დამტკიცებული ტომოსი… ამ ტომოსის საფუძველზე მომზადებულია წინადადებები ეკლესიის წესდების შესახებ და განსახილველად წარედგინება კრებას, რომელიც ჩატარდება დეკემბერში. თარიღს გამოაცხადებს მსოფლიო პატრიარქი”, _ განაცხადა პავლენკომ. მან, აგრეთვე, თქვა, რომ კრებაზე საეკლესიო პირები განიხილავენ წესდებას ტომოსის გათვალისწინებით. ახალი ეკლესიის მეთაურის არჩევის შემდეგ მას სტამბოლში გადასცემენ ტომოსს.

სწორედ ამით ახსნა პავლენკომ ის, რომ ტომოსის ტექსტი ვერავინ ნახა. “კრების შემდეგ წინამძღოლს სტამბოლში პირადად მსოფლიოს პატრიარქი გადასცემს ტომოსს”, _ განაცხადა პოროშენკოს მრჩეველმა.

მისი ნათქვამიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება:

პირველი და მთავარი _ ტომოსის გადაცემამდე მის ტექსტს ვერავინ იხილავს. ეს უკრაინის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პოზიციაა, რადგან ვრცელდება ხმები, რომ ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტში არაფერი ჩაიწერება, ეკლესიის ახალ მეთაურს ექნება არქიეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის (პატრიარქზე დაბალი) რანგი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტექსტს, საერთოდ, დაამტკიცებს სინოდი. კონსტანტინოპოლის ოფიალურ პრესრელიზში ტომოსის ტექსტის შესახებ ნათქვამი არაფერია.

მეორე _ პავლენკოს ვერსიით, ბართოლომეოსმა არა მხოლოდ დაწერა ტომოსის ტექსტი, არამედ თვითონ გამოაცხადებს კრების ჩატარების თარიღს. რაც კიდევ ერთი არგუმენტია “შეზღუდული ავტოკეფალიის” ვერსიის სასარგებლოდ _ როგორც ჩანს,  უკრაინის ახალი ეკლესია მთლიანად დაექვემდებარება სტამბოლს.

სხვათა შორის, სწორედ ამ ქალაქში უნდა მიიღოს ახალმა წინამძღოლმა (მას პატრიარქი არ უწოდა პავლენკომ) ტომოსი _ ზედმეტი შტრიხი ერთიანი ადგილობრივი ეკლესიისთვის, რომელიც, ჩანს, გაცილებით მეტად იქნება დამოკიდებული კონსტანტინოპოლზე, ვიდრე ამჟამად არის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დამოკიდებული მოსკოვზე.

ვინ იცის, როდის მოხდება ეს, რადგან პროცესი ჭიანურდება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here