მთავარი ისტორია რატომ სძულს ყველა ხელისუფლებას დიდი სამამულო ომის ვეტერანები?

რატომ სძულს ყველა ხელისუფლებას დიდი სამამულო ომის ვეტერანები?

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

1668
გააზიარეთ
შოთა ბუაძე

ჩვენთვის, დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის, ეს წერილი ნამდვილად გედის სიმღერაა, რადგან ყველანი 93 წელს ვართ გადაცილებულნი და ცას ხომ არ გამოვეკერებითამიტომ ვჩქარობთ, მომავალ თაობას ვუთხრათ სიმართლე, თუ როგორ არაკაცურად მოგვექცნენ საქართველოში დიდი სამამულო ომის ქარცეცხლში გამოვლილ სამშობლოს დამცველებს.

საკმაო დრო გავიდა დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან და ომში მონაწილე ვეტერანთა ორგანიზაციის შექმნიდან. ვფიქრობთ, დადგა ჟამი, კრიტიკულად გადავხედოთ და რეალურად შევაფასოთ მთავრობისა და პარლამენტის დამოკიდებულება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი. განვლილი პერიოდის ანალიზი სრულ წარმოდგენას გვაძლევს ამ დამსახურებული ადამიანების მეტად არასახარბიელო მდგომარეობაზე.

საქართველოდან ომში გაწვეული 700 ათასი კაციდან დღეს ცოცხალი მხოლოდ რამდენიმე ასეულია. ყველა მათგანი მეათე ათეულ წელშია გადამდგარი და, სიცოცხლის წლებსა და თვეებს კი არა, დღეებს ითვლის.

ვეტერანთა ძირითადი საარსებო წყარო პენსიაა, მაგრამ იგი ისე ცოტაა, წამლების შესაძენად და კომუნალური გადასახადებისთვის არ გვყოფნის. ზოგიერთი ვეტერანი, შიმშილით რომ არ მოკვდეს, 2-3 თვის პენსიას წინასწარ იღებს. განსაკუთრებით მძიმეა ვეტერანთა მდგომარეობა ზამთარში, როცა უფულობის გამო ჩაცმულებს სძინავთ… ვეტერანებისადმი სიძულვილის გამოხატვის ნათელი მაგალითია მათთვის დამატებით მიზერული პენსიის დანიშვნის პროცედურა. დღემდე გაუგებარია, რისთვის დასჭირდა მთავრობას სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა ვეტერანებმა კანონით დანიშნული პენსია მიიღონ. სწორედ აქედან დაიწყო ხანდაზმული ადამიანების სადისტური წამება _ სასამართლოებში უაზრო სირბილი, მოსამართლის კაბინეტთან საათობით ლოდინი, ხშირად უშედეგოდ. ზოგჯერ ვეტერანს რამდენიმე სასამართლოს გამოცვლა უწევდა. ერთ-ერთმა ჩვენგანმა ოთხი სასამართლო გამოიცვალა, სანამ უზენაესი სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ძნელი წარმოსადგენია, როგორი დამამცირებელი და დამთრგუნველი იყო სასამართლოების კარზე გაუთავებელი კაკუნი.

იოსებ ტუხიაშვილი
იოსებ ტუხიაშვილი

ვეტერანების დიდმა ნაწილმა ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის გამო ვერ გაუძლო სასამართლოებში სირბილის უაზრომარათონს”, თავი მიანება პენსიისთვის ბრძოლას და ამქვეყნიდან წავიდა.

სამარცხვინო ფაქტია, რომ დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 70 წელზე მეტი გავიდა და საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო ვეტერანებისთვის ჰოსპიტლის აშენება ან მისთვის შესაფერისი შენობის მოძიება, თუმცა დაპირება ბევრი იყო, მაგრამ ყველა ისინი მთავრობისათვის ჩვეული ტყუილი გამოდგა.

ვეტერანების შეურაცხყოფის, მათ მიმართ ზიზღისა და სიძულვილის გამოვლენის აღმაშფოთებელი ფაქტი იყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში სამამულო ომის მონაწილეთა ქუჩაში ცემა, მკერდიდან ორდენების ჩამოგლეჯა, დედის გინება და ბილწი სიტყვებით შემკობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდნენ. მთავრობა კი არავითარ ზომებს არ იღებდა ამ სამარცხვინო, გამოხდომების აღსაკვეთად.

ვეტერანების ზიზღსა და სიძულვილში ყველას გადააჭარბა საქართველოს პარანოიკმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ომის მონაწილეებს გაუუქმა მათთვის დაწესებული შეღავათები. ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია და მისი გადახედვის სურვილი მოქმედ მთავრობასაც არ გასჩენია, პირიქით _ ომის ვეტერანები სულ დაივიწყა, თითქოს არც კი არსებულან. საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ განხილვაში მონაწილე მთავრობისა და პარლამენტის არც ერთ წევრს არ გახსენებია დიდი სამამულო ომის ვეტერანები… და მაინც _ დიდი სამამულო ომის ვეტერანების შეურაცხყოფის აპოგეას წარმოადგენდა და წარმოადგენს გონებაჩლუნგი ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გაჩაღებული სტალინის კულტის დაგმობის კამპანია, რომელსაც მხარი აუბეს ქართველმა რენეგატებმა.

ტარას იჩკიტიძე
ტარას იჩკიტიძე

არ შეიძლება, ოდნავ მაინც საღად მოაზროვნე ადამიანმა, რომელიც იცნობს სტალინის პიროვნებას, მის მრავალმხრივ მასშტაბურ მოღვაწეობას საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში, ასე აღვირახსნილად აკრიტიკოს და ლანძღოს ის.

კითხულობ სტალინის ვაიკრიტიკოსების ნაბოდვარ-ნაცოდვილარს და ძალაუნებურად გეღიმება: ვინ არიან ამ ბუმბერაზი ადამიანის კრიტიკოსები? _ ესენი არიან გაუნათლებელი, უწიგნური, უკულტურო, ლაჩარი ადამიანები, რომლებმაც არ იციან ისტორია, განსაკუთრებით _ დიდ სამამულო ომის, ჭკუაგონების დეფიციტის გამო ვერ შეძლეს სტალინთან მის სიცოცხლეში პოლემიკა და შურისძიების მიზნით მკვდარ სტალინსა და მის ძეგლებს გააფთრებით ებრძვიან. ამ ვაჟბატონებს არაფერი წაუკითხავთ სტალინის შრომებიდან და მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების სტალინზე გამონათქვამებიდან, მაგრამ ჰყოფნით თავხედობა, ლანძღონ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პიროვნება.

სტალინი იყო ისტორიული მოვლენა, დიდი მოაზროვნე, დიდი პოლიტიკოსი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, იგი შორს იხედებოდა და წარმართავდა მოვლენებს, განჭვრეტდა მიღებული გადაწყვეტილების მოსალოდნელ შედეგებს, არასოდეს ეძლეოდა თვითდამშვიდებას და სხვებისგანაც ამას მოითხოვდა.

სტალინის შორსმჭვრეტელობის დასადასტურებლად მრავალთაგან ორი მაგალითის მოყვანაც საკმარისია: პირველი _ მან დიდ სამამულო ომში გამარჯვებამდე ოთხი წლით ადრე, 1941 წლის 3 ივლისს, იწინასწარმეტყველა ფაშისტური გერმანიის დამარცხება, რაც ზუსტად ასრულდა 1945 წლის მაისში.

მეორე _ სიცოცხლეშივე განჭვრიტა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისი სიკვდილის შემდეგ, რომ ყველა შეცდომას, რომლებიც ქვეყანაში იყო დაშვებული, მას დააბრალებდნენ და მის საფლავს ნაგვით აავსებდნენ. ამის მოწმენი ჩვენ ვართ.

სტალინი იყო შემოქმედებითი ადამიანი. სწორედ მისი შემოქმედების შედეგია დედამიწის ერთ მეექვსედზე სრულიად ახალი ტიპის, განსხვავებული წყობის მქონე ქვეყნის _ საბჭოთა კავშირის შექმნა, სოციალიზმის აშენება. სტალინს შეეძლო არა მხოლოდ სახელმწიფოს შენება, არამედ მისი უბადლო მართვაც. ქვეყნის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შავი ზღვიდან ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდე გადაჭიმულ უზარმაზარ ფრონტზე არც ერთი საომარი ოპერაცია არ იგეგმებოდა და ხორციელდებოდა სტალინის უშუალო მონაწილეობის გარეშე.

ომამდე და ომის შემდგომ წლებში ქვეყანაში მისი ხელმძღვანელობის გარეშე არაფერი კეთდებოდა. გასაოცარია ამ ადამიანის შრომისუნარიანობა და უშრეტი ენერგია, როგორ უძლებდა მისი ორგანიზმი ამდენ ფსიქიკურ და ფიზიკურ დატვირთვას.

1990 წლის შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა, რამდენი მთავრობა შეიცვალა საქართველოში, მაგრამ მეტროპოლიტენის ერთი სადგურის (“სახელმწიფო უნივერსიტეტის”) აშენება ძლივს შეძლეს. ჩვენს მთავრობას ჭკუა-გონება რომ უჭრიდეს, სტალინის ლანძღვა-გინებაზე ამდენ დროსა და ენერგიას კი არ უნდა ხარჯავდეს, არამედ მისგან ქვეყნის მართვას სწავლობდეს.

სტალინის განქიქება საქართველოში სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტში გამოსვლისას სტალინსა და ჰიტლერზე ამბობს, ისინი ერთნაირად დამნაშავენი არიანო, _ ასეთი უგნური აზრის მქონე შეიძლება იყოს ხელისუფლების წევრი, თანაც, საგარეო საქმეთა მინისტრი? ანტისტალინისტები ტიპური მოლაყბენი არიან. ამ გონებადაბინდულ ადამიანებს ჰგონიათ, რაც მეტ ცუდს იტყვიან სტალინზე, რაც მეტ ინსინუაციას შეთხზავენ, მით მეტ საქმეს გააკეთებენ, მაგრამ, ლაყბობით საქმე რომ კეთდებოდეს, როგორც სტალინი იტყოდა, მოლაყბეები მილიონერები იქნებოდნენ. თუ სტალინი და ჰიტლერი ორივე ერთნაირად იყო დამნაშავე, მაშინ ჩნდება კითხვა: რისთვის და ვისთვის ვიბრძოდით იმ საშინელ ომში? ამ კითხვაზე ანტისტალინისტებს პასუხი არ აქვთ. ჩვენ კი ვუპასუხებთ, რომ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ვაწარმოებდით სამართლიან ომს და გავიმარჯვეთ კიდეც სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობით.

ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, შეურაცხყოფილი იმიტომაც ვართ, რომ სტალინის პიროვნებისადმი ასეთმა მტრულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი, როგორც მხედართმთავრის, დიდ სამამულო ომში გამარჯვების სულისჩამდგმელის, როლის დაკნინება. გარდა ამისა, ამ სულელურმა კრიტიკამ საშუალება მისცა ომისდროინდელი მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს, პრეტენზია განეცხადებინათ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაზე.

სტალინის კრიტიკა, გაშარჟება და მისთვის ბინძური იარლიყების მიწებება, არის საქართველოდან ომში წასული იმ 700 ათასი ადამიანის შეურაცხყოფა, რომლებიც ფიცს დებდნენ და სტალინისა და სამშობლოს სახელით სიცოცხლეს სწირავდნენ. ეს არის იმ 300 ათასი მებრძოლის ნათელი ხსოვნის შეურაცხყოფა, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და ვერ დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას, ეს არაკაცობისა და უსინდისობის ისეთი ლაქაა, რომელიც სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.

ჩვენ, სამამულო ომის ვეტერანები, ბედნიერი ვართ, რომ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით სრულყოფილ ადამიანებად სტალინურ ეპოქაში, ვიბრძოდით ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში და გავიმარჯვეთ გენერალისიმუს სტალინის ხელმძღვანელობით.

ჩვენ, სამამულო ომის ვეტერანებმა, ვიცხოვრეთ სტალინურ საბჭოთა ეპოქაში და განვაგრძობთ ცხოვრებას კაპიტალიზმის პერიოდშიც. ჩვენ თუ არა, სხვას ვის შეუძლია, საღად და ობიექტურად შეაფასოს და ერთმანეთს შეადაროს საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი ცხოვრების დონე? 25 წელიწადზე მეტი გავიდა ქვეყანაში წყობილების შეცვლიდან და, ცხოვრების პარამეტრების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დონესაც ვერ მივაღწიეთ…

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ყველა ანტისტალინელი კაპიტალიზმის აპოლოგეტია. სტალინმა კი თავისი შეგნებული ცხოვრება კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია და, ბუნებრივია, კაპიტალისტები დითირამბებით არ შეამკობენ მის სახელს. სტალინი უკვდავია, სტალინი მუდმივი “კატეგორიაა”, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სახელი მუდამ იქნება მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში, სანამ კაცობრიობა იარსებებს.

ამ წერილში აღწერილ დამოკიდებულებას დიდი სამამულო ომის მონაწილეები არ ვიმსახურებდით, როგორც ჩანს, მთავრობა ჩვენი ამ ქვეყნიდან წასვლას ელოდება. გვინდა, დავამშვიდოთ მთავრობა: ეს დროც მალე მოვა, ვეტერანების ჭაჭანება აღარ იქნება და ვეტერანების პრობლემაც თავისთავად მოიხსნება. მიუხედავად ამისა, არ გვინდა, ჩვენი გულისტკივილი დარჩეს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. სიცოცხლის ფინიშზე გასული ვეტერანებისთვის საინტერესო იქნება, სანამ ამქვეყნიდან წავალთ, საქართველოს ხელმძღვანელობისგან მივიღოთ პასუხი წერილში დასმულ კითხვებზე.

პატივისცემით, დიდი სამამულო ომის ვეტერანები:

შოთა ბუაძე,  იოსებ ტუხაშვილი,  ტარას იჩქიტიძე

P.S. მიუხედავად გამოთქმული გულისტკივილისა, ჩვენ, ვეტერანები, საქართველოს მთავრობას წარმატებას ვუსურვებთ ქვეყნის მართვაში. ვისაც სურს სტალინის პიროვნების გაცნობა და მის მოღვაწეობაზე სწორი წარმოდგენის შექმნა, ვურჩევთ, ცნობილი პუბლიცისტის, “ორთოდოქსი სტალინისტის”, დიდებული პიროვნების, ბატონ გრიგოლ ონიანის პუბლიკაციებს გაეცნოს.

2 COMMENTS

  1. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ვეტერანებო! დიდება სამშობლოსათვის თავდადებულ ვაჟკაცებს!!!

  2. უღრმესი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ მიგიძღვით ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა აღმშენენლობის საქმეში. დღეს რომ ვარსებობთ, სწორედ თქვენი დამსახურებაცაა. იცოცხლეთ დიდხანს ჩვენდა საამაყოდ! უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here