Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არის ტოკაევი ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი

რატომ არის ტოკაევი ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი

750
ნურსულთან ნაზარბაევი (მარცხნივ) და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ცოცხალი ლეგენდის _ ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ მმართველობის სადავეები, კონსტიტუციის თანახმად, გადავიდა პარლამენტის სენატის სპიკერ ყასიმჟომარტ ტოკაევის ხელში, რომელმაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს დანიშნა. ბატონი ტოკაევი, ყველა მონაცემით, მომავალი არჩევნების რეალური გამარჯვებულია, მაგრამ რით არის განპირობებული ამგვარი პერსპექტივა? შევეცდებით, ვითარება სწორედ ამ კონტექსტში გავაანალიზოთ.

ყაზახეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალმა სახელმწიფომ აირჩია საკმაოდ ორიგინალური მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და ეროვნებათშორისი სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. საბოლოო ჯამში, ყაზახეთმა, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკოსები და ექსპერტები დაშლასა და გაპარტახებას უწინასწარმეტყველებდნენ, დამაჯერებლად შეაბიჯა მსოფლიოს კონკურენტული სახელმწიფოების კატეგორიაში. დსთ-ში თავისი ბევრი “კოლეგისგან” განსხვავებით, ყაზახეთმა წარმატებით აარიდა თავი სამოქალაქო ომებს, ეროვნული და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებას, ისევე, როგორც “ფერადი რევოლუციების” სცენარებს. პერიოდულად იყო მცდელობები, როგორც ოპოზიციის, ისე ექსტრემისტული ორგანიზაციების მხრიდან, ქვეყნის შიგნით ვითარება აერიათ, მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა ჯეროვნად იქნა აღკვეთილი სპეცსამსახურების მიერ.

ყაზახეთის მიმართ ხშირად გაისმოდა პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში უმაღლესი ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლებოდა. ნურსულთან ნაზარბაევს პრეზიდენტის პოსტი დამოუკიდებლობის თითქმის მთლიან მონაკვეთზე ეკავა, ეს კი დაახლოებით 30 წელია. ოპოზიციური მასმედია ხატოვნად აღწერდა ოპერაცია “მემკვიდრის” სცენარებს, თვით მონარქიულსაც კი. ანალიტიკოსები აკეთებდნენ არასახარბიელო პროგნოზებს იმაზე, თუ რა იქნება, როდესაც ერის ლიდერი ელბასი (ნაზარბაევის ოფიციალური, კანონმდებლობაში არსებული სტატუსი) ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ქვეყნის მართვას, მაგრამ ასეთი მოლოდინი არ გამართლდა. პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის უფლებამოსილებების გადანაწილებისკენ მიმართული უსერიოზულესი რეფორმის განხორციელების შემდეგ, ნაზარბაევმა თვითონ დაიწყო ხელისუფლების თანდათანობით გადაცემის პროცესი, თანაც მაქსიმალურად დემოკრატიული გზით _ საპრეზიდენტო არჩევნებით.

მოწოდებას პირველად სამოქალაქო საზოგადოება გამოეხმაურა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 22 აპრილს შევიდა საპრეზიდენტო კანდიდატ სადიბეკ ტუგელის განაცხადი. ცესკოში ეს პირველი ასეთი განაცხადი იყო. ტუგელის კანდიდატურა წამოაყენა რესპუბლიკურმა მოძრაობა “ული დალა კირანდარიმ”, თვითონ ეს პიროვნება კი გახლავთ ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ასევე, ეროვნული სპორტის სახეობების პროპაგანდისტი.

ტუგელის კოლეგა, ასევე საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი, ექს-პრემიერმინისტრ აკეჟან კაჟიგელდინის ყოფილი პრესმდივანი ამირჟან კოსანოვი პრეზიდენტობის კანდიდატად კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ძალა “ულტ ტაგდირიმ” დააყენა. სამოქალაქო საზოგადოების მესამე წარმომადგენელი არის ყაზახეთის პროფკავშირების ფედერაციიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ამანგელდი ტასპიხოვი.

მომავალმა არჩევნებმა გამოიწვია ყაზახეთის პატიული ლანდშაფტის აშკარა გამოცოცხლება. ნურ-სულთანში (ყოფილი ასტანა) ჩატარდა რიგგარეშე ყრილობების სერიები. მთავარ საკითხად განიხილებოდა კანდიდატების დასახელება. გააქტიურდა თვით ყველაზე პასიური პარტია “აუილი”. ამ პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ტოლეუტაი რახიმბეკოვი _ პედაგოგი, პროფესორი, უწინ ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია ნურ-სულთანში
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია ნურ-სულთანში

“პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის არჩევნებში, პირველ ყოვლისა, განპირობებულია სწრაფვით, კვლავ განვაცხადოთ ჩვენთვის პარტიის წესდებასა და პროგრამაში ჩამოყალობებული მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების აუცილებლობის შესახებ” _ ასაბუთებს თავისი პარტიის, “აუილის” პოზიციას მისი ლიდერი ალი ბეკეტაევი. “შემდეგი მიზანი არის ის, რომ ვაჩვენოთ ხალხს, ჩვენი პარტია წარმოადგენს ქმედითუნარიან, ხალხისგან შემდგარ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც გრძნობს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში”, _ აღნიშნა ბეკეტაევმა. ყაზახეთის “ლეგალური ოპოზიცია”, სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავდაპირველად აპირებდა ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის _ ერმურატ ბაპის დასახელებას, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, ასევე გადაიფიქრა არჩევნებში მონაწილეობაც.

საპარლამენტო პარტიებიდან ორიგინალურობით გამოიჩინა თავი პარტია “აკ ჟოლმა”, რომელმაც საპრეზიდენტო სავარძლის პრეტენდენტად პარლამენტის ქვედა პალატის _ მაჟილისის _ დეპუტატი დანია ესპაევა გამოაცხადა. ესპაევა ერთადერთი ქალბატონია საპრეზიდენტო მარათონში. არადა, ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ “აკ ჟოლი” კანდიდატად პარტიის ლიდერ აზატ პერუაშევს წამოაყენებდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა, ვინაიდან პერუაშევმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა.

“ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ სიტუაცია, როდესაც პარტია და პარტიის ხელმძღვანელი ერთი და იმავეს ნიშნავს, _ განაცხადა მან. _ არა, პარტია “აკ ჟოლი” გაცილებით მეტია, ვიდრე პარუაშევი. ჩვენ ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს. კონკურენციის გარეშე ვერც ეკონომიკა და ვერც პოლიტიკა განვითარდება. თუკი გვსურს პარტიის განვითარება, უნდა წავახალისოთ კონკურენცია, გზა გავუხსნათ ახალ სახეებს”.

“აკ ჟოლის” კიდევ ერთი წარმომადგენელი ტალგატ ერგალიევი აცხადებდა პრეტენზიას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე, მაგრამ პარტიელებმა ესპაევა ამჯობინეს. ერგალიევი კი “ყაზახეთის მშენებლების კავშირმა” დაასახელა.

ყაზახეთის კომუნისტური სახალხო პარტია გაკვალული გზით წავიდა. მათი კანდიდატი, მაჟილისის დეპუტატი ჟამბილ ახმეტბეკოვი მონაწილეობდა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მესამე ადგილიც დაიკავა.

მმართველმა პარტია “ნურ ოტანმა” ერთხმად დაასახელა ყასიმჟომარტ ტოკაევის კანდიდატურა. მისი სახელი თვით ნურსულთან ნაზარბაევმა გამოაცხადა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ პოლიტიკა არ დაუტოვებია.

“ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მუშაობდა ჩემთან ერთად, სრულიად სხვადასხვა მონაკვეთზე”, _ განაცხადა ერის ლიდერმა. მოგიწოდებთ, პრეზიდენტად ავირჩიოთ ტოკაევი და მხარი დავუჭიროთ მას”.

ნაზარბაევის ამ განცხადებას ისეთი დიდი და ემოციური მხარდაჭერა მოჰყვა, რომ ელბასიმ გაიხუმრა კიდეც: თითქოს ახალ პრეზიდენტს ვირჩევთ, მაგრამ ასე გამოდის, ისევ მე მირჩევთო… თუმცა, როგორც იტყვიან, ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. ტოკაევმა ხალხს აღუთქვა პირველი პრეზიდენტის სტრატეგიული კურსის გაგრძელება, რაც ყაზახეთის ყოველმხრივ განვითარებას ნიშნავს. თვითონ ტოკაევი მკაფიოდ ამბობს: “ჩემს ამოცანას ვხედავ ჩვენი ლიდერის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფაში”.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოცემულ მომენტში ეს არის ყველაზე მომგებიანი საარჩევნო სტრატეგია. თუკი სხვა კანდიდატები პოპულისტური მოსაზრებებით ხალხს სთავაზობენ საგადასახადო სისტემის შეცვლას, სოციალური რეფორმების გატარებას ან დევალვაციის “გაუქმებას”, ტოკაევმა უშეცდომოდ აირჩია ის, რაც მთელი ყაზახეთის მოსახლეობისთვის მთავარია _ მშვიდობა და სტაბილურობა.

გაგება ყაზახეთის მოქალაქეებისა, რომლებიც წლიდან წლამდე პირველი პრეზიდენტის კურსის სასარგებლოდ აძლევენ ხმას არჩევნებზე, შეიძლება. მით უფრო, რომ არსებობს ყაზახეთის მეზობლების მაგალითები, როდესაც “ღირსების რევოლუციები” ძალზე იოლად და სწრაფად გარდაისახება “ნაკლოვანებების კონსერვაციად”. მიუხედავად ყველა პრობლემისა და არსებული სისტემის ხარვეზებისა, ყაზახეთი რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიდერად. გამომდინარე აქედან, ხალხი ფიქრობს, რომ რეფორმატორის იმიჯით მოსული პოლიტიკოსი ვერ შეინარჩუნებს მიღწეულ წარმატებებს ჯეროვან დონეზე.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ტოკაევი არის საპრეზიდენტო მარათონის ბუნებრივი ფავორიტი, რადგან ყაზახეთის მომავლის მისეული გეგმები შეესაბამება ხალხის ინტერესებს. სწორედ ეს არის დემოკრატია _ ხალხის ინტერესების განხორციელება.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here