მთავარი პოლიტიკა რატომ აკრიტიკებს ჩინეთს ერდოღანი

რატომ აკრიტიკებს ჩინეთს ერდოღანი

354
გააზიარეთ
რატომ აკრიტიკებს ჩინეთს ერდოღანი

თურქეთი და ჩინეთი შეკამათდნენ ისევ. ამის საბაბად იქცა უიღური პოეტის _ აბუდურაჰიმ ჰეითის ჯერ არდადასტურებული სიკვდილი ჩინურ საპყრობილეში. ანკარამ პეკინს ბრალი დასდო ჩინეთში მცხოვრები მუსლიმების მასობრივ რეპრესიებსა და შევიწროებაში. ამასთანავე, ანკარამ უმოქმედობისთვის გააკრიტიკა სხვა ქვეყნებიც. როგორც ჩანს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისევ მოირგოყოველთა თურქთა დამცველისროლი, მიუხედავად რისკისა, რომ იგი თავისი ასეთი იმპერიალისტური ქცევებით სრულ იზოლაციაში შეიძლება მოექცეს.

ერდოღანის “მართებული რისხვა”, ერთი შეხედვით, კეთილშობილურია, რომ არაფერი იყოს თვითონ თურქეთში მასობრივი რეპრესიების შესახებ ცნობილი. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის ლიდერი მაშინ იწყებს ხოლმე მსოფლიოში მუსლიმების დაცვაზე ხმამაღალა საუბარს, როდესაც მას საზოგადოებრიობის ყურადღების გადატანა სურს კრიტიკული პრობლემებიდან. მაშ, რას უკავშირდება თურქეთის პრეზიდენტის “კეთილშობილური” ემოციები ამჯერად?

მივყვეთ თანმიმდევრობით. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალი დასდო პეკინს უიღურებისთვის (ისევე, როგორც ყაზახებისა და სხვა მუსლიმური უმცირესობებისთვის) სპეციალური ციხეებისა დაპოლიტიკური აღზრდის ბანაკებისშექმნაში. ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ანკარის ბრალდებებსსაზიზღარი სიცრუეუწოდეს, ხოლო აბდურაჰიმ ჰეითის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას _ “ბინძური ჭორი”. არგუმენტად ჩინეთის ხელისუფლებამ ინტერნეტშიიუთუბზეამასწინანდელი ჩანაწერები დაიმოწმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ამ მოსაზრებებს ყურადღება არ მიაქცია. ჩამოყალიბებული პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად, ერდოღანი დისკუსიაში არ ჩაერთო, არამედ გამოავლინა უკომპრომისო სიჯიუტე და მისთვის დამახასიათებელი აგრესიულობით გამოხატა აღშფოთება მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, მუსლიმების შევიწროების გამო. თურქეთის ლიდერმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, საყვედური ეთქვა მსოფლიოს სხვა ლიდერების მისამართითაც, რომლებმაც, მისი აზრით, უმოქმედობა და ზედმეტად თავშეკავებული რეაქცია გამოავლინეს ამ ინციდენტის მიმართ.

მეორე მხრივ, ჩინეთის ე. წ. “აღმზრდელობით ბანაკებზე” ბოლო პერიოდში ბევრი რამ ითქვა. ჩინეთში ასეთი ბანაკების არსებობას არ მალავენ, თუმცა უარყოფენ იქ აგრესიული მეთოდების გამოყენებას. თურქეთს გარდა, ბანაკების თემაზე შეშფოთება ასევე გამოხატეს ყაზახეთმა და ყირგიზეთმა.

ერთი წლის წინათ ყაზახეთში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც პირადად იმყოფებოდა ერთ-ერთ “აღმზრდელობით ბანაკში”. მისი მონათხრობის მიხედვით, ჩინეთის სინძიან-უიღურულ ავტონომიურ რესპუბლიკაში არანაკლებ 3 ათასი ადამიანისა ტყვეობაში იმყოფება. ამ ინფორმაციამ ყაზახეთის ხელისუფლების სერიოზული რეაქცია გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტის დავალებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინელ კოლეგებთან სასწრაფო მოლაპარაკებები გამართა. განიხილეს მხოლოდ ცალკეულ პირთა კერძო საქმეები. ეს იმიტომ, რომ, როგორც გაირკვა, ვითარებას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. ჩინური მხარის ინფორმაციით, ცალკეული ეთნიკური ყაზახები მართლაც იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ არა უმიზეზოდ, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევისთვის. 2018 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ინიციატივით მოაწყო ყაზახეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლების ვიზიტი სინძიან-უიღურეთში. დელეგაციამ მიიღო შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახა არსებული ვითარება და დაესვა ეთნიკური ყაზახების მდგომარეობის საკითხი სინძიანის ავტონომიაში. ამ ვიზიტის შედეგად რამდენიმე ადამიანი ბანაკებიდან გაათავისუფლეს. კონფლიქტი ამით ამოიწურა _ დიპლომატიური გზით, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

და მაინც, რატომ გაახსენდა თურქეთის ლიდერს ეს თემა ახლა? რატომ განიცდის იგი სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ბედს უფრო მძაფრად, ვიდრე საკუთარი მოქალაქეებისას? რატომ არ უფრთხის იგი შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი თურქეთისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან კონფლიქტს? პასუხები ამ კითხვებზე უფრო ბანალურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩნდეს. ერდოღანი უკიდურესად პრაგმატული პოლიტიკოსია. იგი ტყუილუბრალოდ არაფერს აკეთებს და ამბობს. მოცემულ შემთხვევაში მისი გამოსვლები ყურადღების გადატანის ერთგვარი მანევრია.

31 მარტს თურქეთში ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები. ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ პროვინციების გუბერნატორები, მერები, რეგიონული პარლამენტებისა და სახელმწიფო საბჭოების წევრები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებითითქოს ამ არჩევნების დონე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის და, როგორც წესი, თურქეთის ადგილობრივი არჩევნები დიდ ყურადღებას არ იპყრობს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ იქნება. ადგილობრივი არჩევნების, ამჟამინდელ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პირობებში, თავისი არსით იქნება რეფერენდუმი ერდოღანისა და მმართველი პარტიისადმი ნდობის თაობაზე.

ამიტომ თურქეთის პრეზიდენტისთვის ასე მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა გაიხსენოს მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმთა მდგომარეობა და აჩვენოს, რაოდენ ძლიერი და ნებისყოფიანი ლიდერია, რომელსაც არ ეშინია თვით ისეთ ავტორიტეტული და პატივცემული პარტნიორის გაკრიტიკება, როგორიც ჩინეთია! და, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ჩაიარა მორიგი ანტიჩინური გამოსვლების ტალღამ, ერდოღანის მანევრი წარმატებული აღმოჩნდა.

თურქეთში კიდევ ერთი ტალღა აგორდა _ დაპატიმრებების ახალი ტალღა. ქვეყნის პროკურატურამ ორდერი გასცა 1112 ადამიანის დაპატიმრებაზე. ეს ადამიანები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ, მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში. გიულენის მომხრეებს, უკვე მესამე წელია, მანიაკური სიბეჯითით “წმენდენ” სახელმწიფო სისტემიდან. 2016 წლის არშემდგარი პუტჩის შემდეგ თურქეთში სულ 77 ათას ადამიანზე მეტი დააპატიმრეს, რაც ძირითადად მათი ბრალის დამტკიცების გარეშე ხდება. ამას გარდა, კიდევ 150 ათასი სახელმწიფო მოხელე და სამხედრო პირი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაითხოვეს სამსახურებიდან. ამგვარმა სადამსჯელო კამპანიამ საზოგადოებაში, ბუნებრივია, კრიტიკა გამოიწვია და დაპატიმრებების ახალ ტალღას შეეძლო მასობრივი მანიფესტაციების აგორება.

ამიტომ ძალიან “ხელსაყრელ მომენტში” წარმოიშვა კონფლიქტი ჩინეთთან. ერდოღანმა ვირტუოზი ილუზიონისტივით კვლავ მოახერხა საკუთარი ხალხის ყურადღების მოდუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი თემების მიმართ.

მაგრამ კითხვა მაინც რჩება: ეს მან დიდი ხნით შეძლო?

ვასილ ბეგიაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here