Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

780
ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

ოცდამეშვიდე გადაცემა

გაბაასება ამომრჩევლებთან

თაღლითებს რა დალევს, მაგრამ ამდენის მნახველი და ამდენის გადამტანი ხალხი არ უნდა დაშოშმინდეთ და არ უნდა დაღვინდეთ? რა დროს კერპებია, ქვეყანა თავზე ჩამოგექცათ?!

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.

ქართველო ხალხო, ბოდიშის მოხდით დავიწყებ დღევანდელ საუბარს, რომელიც, თავიდანვე უნდა გამოგიტყდეთ, მწვავე იქნება. არჩევნებამდე სამი დღით ადრე დავწერე, შედარებით მშვიდობიანი ცხოვრების სამი დღე დაგვრჩა-მეთქი. მე, რა თქმა უნდა, არც გულთმისანი ვარ და არც წინასწარმეტყველი. ის, რაც უნდა მომხდარიყო, თვალნათლივ ჩანდა. სამი დღის და, თუ გნებავთ, სამი წლის წინათ კი არა, ოცდაათი წლის წინათ ჩანდა, როგორ ვეშვებოდით უფსკრულისკენ.

საქართველომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში შეყრილი პოლიტიკური ციებ-ცხელება დღემდე ვერ მოიხადა. საქართველო, იქიდან მოყოლებული, დღემდე, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მტრულ ბანაკად გაყოფილი რჩება.

მართალია, დროშებზე, რომლებსაც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ვაფრიალებთ, სიმბოლურად მაღალი მატერიების გამომხატველი ლოზუნგები გვეწერა _ “თავისუფლება”, “დამოუკიდებლობა”, “მამული, ენა, სარწმუნოებადა სხვა, მაგრამ, გულწრფელად თუ ვიტყვით, ამ ღირებულებებზე მეტად იმ კერპის ირგვლივ ვერთიანდებოდით, რომელიც ლოზუნგებს ცხვირწინ გვიფრიალებდა.

შემდეგ, დროთა განმავლობაში, ლოზუნგები ფერმკრთალდებოდა და თანდათან უკანა პლანზე გადადიოდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ლოზუნგები თითქმის არავის ახსოვდა, მაგრამ იწყებოდა იმ ლოზუნგებით მოლაპარაკე ადამიანის გაკერპება და გაღმერთება. ზვიად გამსახურდიას მიერ გამოთქმული ლოზუნგი _ “საქართველოს გაუმარჯოს”, მოკლე ხანში სულ სხვა შინაარსის ლოზუნგად ტრანსფორმირდა _ ზვიადი საქართველოა!

ადამიანის, ლიდერის გაკერპება-გაღმერთების ამ პროცესმა საზოგადოების მეორე ნაწილი გააღიზიანა და სრულიად საწინააღმდეგო განწყობილებები წარმოშვა. ამ ახალმა განწყობილებამ სადღაც, მეორე პოლუსზე, სხვა ფიგურა წამოატივტივა. ეს იყო ედუარდ შევარდნაძე, ვინც ახალი ლოზუნგები შემოიტანა _ “დემოკრატია”, “აბრეშუმის გზის დერეფანი”, “ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი” და სხვა. დროის მცირე მონაკვეთში მოხდა ისე, რომ საზოგადოების იმ მეორე ნაწილმა შევარდნაძეც გაკერპება-გაღმერთების ობიექტად აქცია. ზვიად გამსახურდიას 1991 წლის საარაკოსაარჩევნო პროცენტი _ 87, ედუარდ შევარდნაძის 1992 წლის უფრო საარაკო 96-მა პროცენტმა ჩაანაცვლა. ბარიკადების სხვა და სხვა მხარეს აღმოჩენილ ხალხს კი, რომელიც ერთი კედლიდან მეორეს მიაწყდა, ცოტა ხანში აღარც გამსახურდიას ლოზუნგები ახსოვდა და აღარც შევარდნაძის. ისინი ერთმანეთს, უბრალოდ, ჯიბრში ჩაუდგნენ. საზოგადოება თავისი კერპებით მოხიბლულ დაპირისპირებულ მხარეებად დაიყო, ერთმანეთის მიმართ ლამის ბიოლოგიური ზიზღით განიმსჭვალა და საბრძოლველად განეწყო. ორივე მხარე ერთმანეთს უკანასკნელი ეპითეტებით ამკობდა და მზად იყო, ერთმანეთს ფიზიკურად გასწორებოდა. ცოლი ქმარს გაეყარა, შვილმა მშობლები შეიძულა…

ორი ლიდერის გამო ხალხის სამკვდროსასიცოცხლო დაპირისპირება საბედისწერო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომელსაც დღემდე თავს ვერ ვაღწევთ. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ცალად დარჩენილ შევარდნაძეს, რომელიც კორუფციაში ყელამდე ჩაეფლო, მალე გამოუჩნდა ის მეტოქე, რომელმაც მისი გაკერპებული ავტორიტეტის დამსხვრევა შეძლო. ეს მიხეილ სააკაშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ავტორიტეტით შევარდნაძესთან ახლოსაც ვერ მივიდოდა და არც ზვიად გამსახურდიას ქარიზმა ჰქონდა, დაამხო შევარდნაძე და მისი რეკორდული საარჩევნო პროცენტი _ 96, ერთი პროცენტით გააუჯობესა _ 97%, მაგრამ მთავარი საარჩევნო რეკორდი კი არა, საზოგადოების ორ დაპირისპირებულ ნაწილად ხელახლა დაყოფის საშიშროება იყო, რომელიც შევარდნაძის დროულმა გადაწყვეტილებამსახლში წასვლისშესახებ, მეტნაკლებად განმუხტა და იმ პერიოდში სისხლის ღვრას აგვაცილა.

სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობაც, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით იყო შეფუთული, მაგრამ კორუფცირებულობასთან ერთად სისხლიან-სადისტურ-მწამებლურიც იყო, იმ მეტოქის გამოჩენით დასრულდა, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალის ნასახიც არ გააჩნდა, მაგრამ კაპიტალი, პირდაპირი გაგებით, იმდენი ჰქონდა, ვეღარ ითვლიდა. დაიძრა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ივანიშვილისკენ, რომელმაც საოცარი დაპირებები გასცა: “დემოკრატია, რომელიც ევროპას გააკვირვებს”, “უფასო (უპროცენტო) კრედიტები”, “შემცირებული კომუნალური გადასახადები”, “დაბალი ფასები ენერგომატარებლებზე”, “ასობით ფაბრიკაქარხანადა .. სამოთხე არ უხსენებია, მაგრამ რაღაც მიახლოებული კი დაჰპირდა ხალხს. იმიჯი ჰქონდა ისეთი (მილიარდერი, ოლიგარქი, ქველმოქმედი), რომ დაიჯერა ხალხმა ყველაფერი, მაგრამ მეოთხე, მეხუთე და, მით უმეტეს, მერვე წელს თვალები რომ მოიფშვნიტა და დაპირებები კვლავ ჰაერში გამოკიდებული ნახა, აიყარა გული ერის ამ ახალ მამასა და მესიაზეც.

“ოქროს კვეთა”

ივანიშვილის რეალური ალტერნატივა, ქოსატყუილა პოლიტიკოსების გარდა, სხვა რომ არავინ გამოჩნდა, ხალხმა იმედის თვალი მიაპყრო ძველ მამა-მარჩენალს და გაიყო კვლავ ორ ნაწილად _ მიშისტებად და ბიძინისტებად. კვლავ შეიქმნა განწყობა, როდესაც არც ერთი მხარე აღარაფერს ითხოვს არც მიშასგან და არც ბიძინასგან, არც დაპირებები, არც სამოთხე, არც ნატო, არც ამერიკა, არც ევროკავშირი, არც ტერიტორიული მთლიანობა, არც ლაზიკა და ანაკლია, მთავარია, რომ ორივე მხარეს საკუთარი კერპი გაუჩნდა, რომელთა სახელითაც კვლავ ჩაუდგა ერთმანეთს ჯიბრში. ორივე ნაწილს ძველებურად დაუბნელდა თვალებიც და გონებაც, დაეხშო ყურები და წაერთვა განსჯის უნარი.

_ მთავარია, ბიძინა მოვიშოროთ! _ გაჰყვირიან მიშისტები.

_ მთავარია, მიშა არ მოვუშვათ ხელისუფლებაში! _ გაიძახიან ბიძინისტები. ორივე მხარეს თავი ცამდე მართალი ჰგონია, რადგან ორივე საქართველოს სახელით გაჰკივის, მაგრამ, რეალურად, ორივე მხარეს ერთნაირად ანგაჟირებული კერპთაყვანისმცემლები დგანან. ვის ახსოვს საქართველო ან ხალხი და მისი მომავალი, ბიძინას კერპი და მიშას კერპია მთავარი. გაიმართა გულისამრევი დოღი და შეჯიბრი კერპის სიყვარულში.

_ უმადური ხარ! _ მოგახლის ვიღაცა იდიოტი, ბიძინას მიერ სამეგრელოდან გურიაში გადმორგულ რომელიღაც ხეზე თუ არ ლოცულობ, ან კალაძის მიერ იტალიიდან ჩამოთრეულ გაქუცულ ნაძვის ხეზე ელეთ-მელეთი არ მოგდის და სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი არ გივლის.

_ მოღალატე ხარ! _ მოგძახიან მეორე მხრიდან, მიშას მიერ წამოწყებული დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შედეგად დაკარგული ორი რეგიონის გამო სინანული თუ წამოგცდა, ან მის მიერ დანერგილი სადისტური მეთოდებით აღფრთოვანებული არ ხარ.

ჰოდა, აქა მაქვს სასაყვედურო ქართველი ხალხის ამ მარად ეგზალტირებულ ნაწილთან _ მიშისტებსა და ბიძინისტებთან. რით ვერ დაანებეთ თავი ამ კერპების შექმნას, რომელი ძველი წარმართული კერპი არმაზი აღმოაჩინეთ მათში, ან რომელი გაცი და გაიმი ეგენი მყვანან, სიმდიდრისა და ძალაუფლების მოტრფიალე, გაქნილი არამზადები არიან.

თაღლითებს რა დალევს, მაგრამ ამდენის მნახველი და ამდენის გადამტანი ხალხი არ უნდა დაშოშმინდეთ და არ უნდა დაღვინდეთ? რა დროს კერპებია, ქვეყანა თავზე ჩამოგექცათ?!

სამ ნაწილად დაშლილ საქართველოში მიშას უკან მობრუნებას ხმას როდესაც აძლევ, სირცხვილი არ გაწუხებს? საპყრობილეთა ჯურღმულებში შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული ადამიანები არ გახსენდება? ქუჩებში მოკლული ბიჭების მიმართ სიბრალული არ გიჩნდება?

აქ დატოვებული მცირეწლოვანი შვილის მიერ ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი დედისთვის გაგზავნილ წერილს რომ წაიკითხავ: დედა, ყოველ ღამეს, ძილის წინ წარმოვიდგენ, ვითომ გეხუტები, რომ მერე იქნებ დამესიზმროო, ბიძინას როგორ აძლევ ხმას? ერთი და სამოცდაათიდან სამი და ოცამდე დაცემულ ლარის კურსს რომ შეხედავ, ანუ ორჯერ და მეტად გაძვირებულ ცხოვრებას რომ უყურებ, კიდევ ბიძინას როგორ აკერპებ და აღმერთებ?!

მეტსაც გეტყვი: ამ უსაზიზღრეს არჩევნებზე საერთოდ რომ დადიხარ, ნუთუ ვერ ხვდები, რომ იქ ვინც მონაწილეობს, ყველა გამარჯვებულია, მარტო ხალხია დამარცხებული?

აბა, კარგად დაფიქრდი და გაიხსენე, 1990 წლიდან მოყოლებული, რამდენ არჩევნებში მონაწილეობდი და რომელში არ დამარცხდი?!

ბურჟუაზიული არჩევნები კაზინოსავითაა, სადაც მოგებული მუდამ კაზინოა, მოთამაშე კი _ ყოველთვის წაგებული.

ამ არჩევნებში საკუთარ მოქმედებას ჭკუა და სინდისიც რომ დაატანო, დიდი შანსი გაქვს, მაინც დამარცხებული დარჩე. შენ კი, რა ჭკუა, რისი სინდისი, მიდიხარ და ან ვიღაცის ჯიბრზე აძლევ ხმას, ან ვიღაცის გადმოგდებულ გროშებში სულს ეშმაკზე ჰყიდი, მერე კი გიკვირს, ცხოვრება ისე რომ ვერ მიდის, როგორც გერჩივნა, წასულიყო.

ამ საყვედურს იმიტომ კი არ გეუბნები, რომ ყველაფერში შენ მიმაჩნიხარ დამნაშავედ, არამედ იმიტომ, რომ შენი მშველელი შენ გარდა არავინაა. შენ უნდა დაინახო, შენ უნდა გაიგონო და შენ უნდა მიხვდე, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში თავში რომ ლოზუნგებს გიტენიდნენ, ის ლოზუნგები, დროთა განმავლობაში, გარედან კარნახით, მოხერხებულად გადაუკეთებიათ და დღეს მათ ნაცვლად ხმის ჩახლეჩვამდე გაყვირებენ:

დასავლური ღირებულებები!”

ნატო! “

ევროკავშირი!”

აშშის სტრატეგიული პარტნიორობა! “

დასავლური ღირებულებების გაფეტიშებაში საკუთარი ღირებულებები დავკარგეთ და დასავლეთის უბადრუკ ეპიგონებად ვიქეცით. დასავლური ღირებულებები იმიტომ არის დასავლური, რომ ისინი დასავლეთის მიერ არის შექმნილი, ანუ ის ღირებულებები ჩვენი არ არის, სხვისია. რაც კარგია (არა აქვს მნიშვნელობა, დასავლურია თუ აღმოსავლური), იმას, დიახაც, უნდა ვეზიაროთ, მაგრამ ისე კი არა, რომ იმ სხვისმა თავგზა აგვიბნიოს და საკუთარი დაგვაკარგვინოს. ჩვენ კი, საკუთარი შეგვრჩა რამე? მამული, ენა, სარწმუნოებაო, რომ დაგიბარა იმ სულკურთხეულმა, სადღაა ან ერთი, ან მეორე, ან მესამე?

მამული, გითხარი ზემოთ, ჯერჯერობით სამ ნაწილადაა დაშლილი და ძიძგნიან ყველა მხრიდან გაუთავებლად. ენა ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სულს ღაფავს უკვე. ქართველი რომ იტყვის, _ მე უთხარიო, ან წყალს ვსვავო, ენა წაწყმედილია ბოლომდე. ენის სრულყოფილად ცოდნაზე არ მაქვს საუბარი, ენის სიყვარული დაიკარგა, ქართულის მიმართ რიდი და მოწიწება გაქრა. მწერალი რომ უნდა წერდეს და მსახიობი რომ უნდა მეტყველებდეს, იმ ენით ყველა ვერ დაწერს და ილაპარაკებს, მაგრამ დედა ენის მიმართ სიყვარული საერთოდ არ გაგაჩნდეს და არ გეძვირფასებოდეს, წარმოუდგენელი მკრეხელობა მგონია. მოუსმინეთ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას, მიაყურადეთ ქართველ ჟურნალისტთა საუბარს და ადვილად დარწმუნდებით, რომ ენა წაბილწულია. საიდანღაც შემოიპარა ლათინური “F”, რომელიც შემზარავად ამახინჯებს ქართულ ჟღერადობას. თვით ინტონაციაც კი უცხო რაღაცაშია აღრეული და არაქართულია, ასე განსაჯეთ, ხმის ტემბრიც კი დამახინჯებულია. ქართველი კაცის ხმაში აღარ ურევია ფოლადი, ქართველი ქალის ხმას აღარა აქვს ხავერდი. ტელევიზორებიდან ყიყინი, ჭყიპინი, წიწინი, ზმუილი, ღმუილი გვესმისასე თუ გაგრძელდა, ქართველები ვერცჩაკრულოსიმღერებენ, ვერცმრავალჟამიერსშემოსძახებენ და ვერცწინწყაროსააჟღერებენ. ვერცშენ ხარ ვენახიდამოუოხე, ბატონებოდაატკბობს ქართველთა სმენას, რადგან ენის, ხმის, ინტონაციის, ტემბრის საუკუნეებში გამოწრთობილმა ერთიანობამ და სიტყვის მიმართ, ქართული ენის მიმართ დამოკიდებულების უდიდესმა კულტურამ შექმნა ეს განუმეორებელი ფენომენი.

სარწმუნოება ენაზე გაცილებით უარეს დღეშია. მავანი იტყვის, ქართველები ეკლესიისკენ შებრუნდნენო. ეს არ მიმაჩნია სარწმუნოების შენახვა-შენარჩუნების საზომად. ეს ფარისევლობის საზომი და სარწმუნოების ერთგვარ მოდად და ტრენდად ქცევა უფრო მგონია, ვიდრე ეკლესიისკენ მიბრუნება. ეკლესიურობა არც ბრმა რელიგიურობასა და თაყვანისცემაში ვლინდება, იგი განათლებული საზოგადოების გააზრებული, კულტურული, ისტორიული და ტრადიციული აქტი უნდა იყოს თითქმის ქრისტეს ასაკის ქრისტიან ერში. მართლმადიდებლობას არა მხოლოდ საკუთარი სულიერი მდგომარეობის, არამედ ეროვნული სულიერი რაობის გაცნობიერებისა და მასთან ზიარების დიდებულ აპოთეოზად უნდა აღიქვამდეს ყოველი ქართველი. ჩვენ კი რას ვხედავთ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული. ეს, პირველ რიგში, ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან მართლმადიდებლობა სუბსტანციური საფუძველია ქართული წესიერებისა და ზნეკეთილობისა. ჰოდა, თუკი ხორცი (მამული) აღარ შეგრჩა, თუკი სული და ზნეობა (ენა და სარწმუნოება) აღარ შეგრჩა, ვერ იარსებებ, როგორც ქართველი, როგორც შემქმნელი და მატარებელი ქართული ეროვნული კულტურისა, რომელიც უნიკალური მოვლენაა მთელ პლანეტაზე, არა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. უნიკალურობა ერთადერთობაშია და არა უკეთესობაში.

შორს წამიყვანა სატკივარზე საუბარმა…

ჰო, არჩევნები. უცნაურად ჩატარდა ეს არჩევნები. თუ გაყალბდა (რისი გამორიცხვაც არ შემიძლია), ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ მის სასარგებლოდ გააყალბა არჩევნები. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ მისი თითქოს ყველაზე დიდი ოპონენტის, “ნაციონალური მოძრაობის”, სასარგებლოდაც გააყალბა არჩევნები. თავისთავად უცნაური მოვლენა კი არის, მაგრამ ამ მოვლენას აქვს ახსნა. 1992 წლის არჩევნები შევარდნაძემაც გააყალბა, ოღონდ არა იმით, რომ სხვისი ხმები მიითვისა, არამედ იმით, რომ საკუთარი ხმები, რაც ჭარბად ჰქონდა, სხვა პარტიებს გადაუნაწილა, ვინაიდან არ უნდოდა ისინი ქუჩაში დაეტოვებინა. მას სურდა ყველა პარტია (დიდი თუ პატარა) პარლამენტში ჰყოლოდა, დაძაბულობა ქუჩიდან დარბაზში გადაეტანა. მან იცოდა, რომ დარბაზში ყველას მოუვლიდა, ქუჩაში კი გაუჭირდებოდა. ასეთი იყო იმ პერიოდში შევარდნაძის წინაშე მდგარი ამოცანა, რომელიც მან გაყალბების ამ უცნაური ფორმის (საკუთარი თავისთვის საზიანო და სხვისთვის სასარგებლო) გამოყენებით გადაჭრა. ივანიშვილის წინაშე დღეს ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მაინც ანალოგიური ამოცანა დგას. მას სჭირდებანაციონალური მოძრაობა”, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შემაშინებელი ფაქტორი. ეს ფაქტორი (პარტია) ყველა დანარჩენზე გაცილებით ძლიერი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქცევა იგი შემაშინებელ ფაქტორად, ანუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ეძლევა ივანიშვილს საშუალება, რომ ხალხი პოლიტიკური არჩევანის წინაშე დააყენოს _ ან მე, ან ის! გახსოვთ, ჯერ კიდევ 2012 წელს, პოლიტიკაში ახალფეხშემოდგულმა ივანიშვილმა რა განცხადება გააკეთა? შუა უნდა გაიკრიფოსო. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დავრჩეთო, დანარჩენი პარტიები უნდა გაქრნენო. მან შემოგვთავაზა ორპარტიული მახინჯი მოდელი, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ახორციელებს კიდევაც. ამას იმიტომ აკეთებს, რომ სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა მას სასურველ ეფექტს ვერ აძლევს. მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” თუ გაძლიერდება ისე, რომ ხალხი დადგება არჩევანის წინაშე, ან “ქართული ოცნება”, ან პატრიოტთა ალიანსი”, ბიძინას ეს ხელს არ აძლევს, ვინაიდან ხალხისთვისპატრიოტთა ალიანსისულაც არ არის შემაშინებელი ფაქტორი, გაიქცევა და ხმას სწორედ ამ პარტიას მისცემს. იმის შიშით, რომპატრიოტთა ალიანსიარ მოვიდესო, ივანიშვილის საბოლოოდ გაკოტრებულ პარტიას მხარს არავინ დაუჭერს. იცის ეს ივანიშვილმა და ამიტომაცაა, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, როგორცქართულ ოცნებასმოათრევს, ისე მოათრევსნაციონალურ მოძრაობასაც”. არ გამოვრიცხავ, “ნაციონალურ მოძრაობასდღესაც ისევე აფინანსებდეს, როგორც მაშინ აფინანსებდა, როდესაც ხელისუფლებაში მოიყვანა. ეს დანაშაულებრივი კავშირია, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საშუალებას უსპობს.

გიფიქრიათ, რატომ არ გაიხსნა დღემდე ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის საქმე?

გიფიქრიათ, რატომ დარჩა ამდენი ხნის განმავლობაში გაუხსნელი ისეთი სკანდალური ფაქტი, როგორიც იყო ზურაბ ჟვანიას უცნაურ გარემოებაში სიკვდილი?

ყოველივე ამის გააზრების შემდეგ, ხომ არ გიჩნდებათ აზრი, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირების მიღმა დანაშაულებრივი ფარული გარიგება და თანამშრომლობა იმალება?!

თქვენ კი (ამომრჩევლები), რას აკეთებთ? ნაცვლად იმისა, რომ ვითარებაში გარკვევა სცადოთ, დაფიქრდეთ და თქვენი არჩევანი ყოველმხრივ აწონ-დაწონოთ, ხან გადმოგდებულ გამოხრულ ძვალს ეპოტინებით, ხან კი, ამ ტუტუცი ჟურნალისტების მიერ ატეხილ ალიაქოთს აყოლილები, ან ერთ ღობეს აწყდებით, ან მეორეს. ესაა გააზრებული ქმედება და ხალხისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა?! სააკაშვილის მიტინგზე მისულებს თუ მოგსვლიათ აზრი, რომ, სააკაშვილის მიტინგის ნაცვლად, ივანიშვილის მიტინგზე დგახართ და, სწორედ მაშინ, როდესაც ივანიშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავთ, ივანიშვილის მიერ გადმოგდებულ ბადეში თევზივით ფართხალებთ და ივანიშვილს ემსახურებით, რომელიც, ზემოდან ღიმილით დაჰყურებს ამ თქვენს ბალმასკარადს?!

ამიტომ, ძალიანაც ნუ იჭაჭებით მიშას მოძულე ბიძინისტებო და ბიძინას მოძულე მიშისტებო. თქვენ, გარდა იმისა, რომ ზნეობასთან მწყრალად ბრძანდებით, მწარედ მოტყუებულიც ხართ, ბატონებო და ქალბატონებო. დიახ, დიახ, მოტ-ყუ-ე-ბუ-ლი.

იმ კატეგორიის ამომრჩევლებსაც მინდა გაგესაუბროთ, ხმაგირჩსრომ მიეცით. ეს რა გამოხდომა და რა უცნაური გადაწყვეტილებაა? დემოკრატიას, თუნდაც ფასადურს, ყოველთვის მოაქვს ჭუჭყი და ლექი. იგი საზოგადოების ათასგვარ მუწუკსა და ხორცმეტს წარმოშობს, რომელიც ფეხებში გებლანდება, სახლში გივარდება, ტელეეკრანიდან გმოძღვრავს და საარჩევნო ბიულეტენიდანაც მაიმუნივით გემანჭება, მაგრამ შენ რა, უნდა წახვიდე და ხმა უნდა მისცე? რა არჩევანი გააკეთე, როდესაცგირჩიშემოხაზე, რას მიეცი ხმა, ნარკომანიისა და მამათმავლობის პროპაგანდას? აბა, მათი პირიდან სხვა რამე ჯერ არ გაგვიგია და, შენ, ახალგაზრდავ თუ ხანდაზმულო, განათლებულო თუ გაუნათლებელო, ქალბატონო თუ მამაკაცო, ან ქვეყანას, ან საკუთარ თავს რატომ აკადრე, რომ საარჩევნო ყუთთან მისულიყავი და ეს სამარცხვინო არჩევანი გაგეკეთებინა?!

განა არ მესმის შენი, განა არ მეცოდები, ცხოვრებისგან წელში გაწყვეტილი და ქანცგაცლილი, ხან უმუშევრობით, ხან დაუფასებელი და ექსპლუატირებული შრომით დაღლილი და ღირსებააყრილი?! მეცოდები და თანაც როგორ, მაგრამ შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, შენს ნაცვლად სხვა ვერ გამოიღვიძებს და ვერ მოიფშვნეტს თვალებს, შენს ნაცვლად სხვა ვერ გაანძრევს თავს, შენს ნაცვლად სხვა ვერ იგრძნობს შენს ჯიბეში ჩაყოფილ სხვის ხელს და შენს ნაცვლად სხვა ვერ გაბრაზდება.

* შენ უნდა მიხვდე სიმართლეს!

* შენ უნდა გაბრაზდე!

* შენ უნდა აღდგე!

* ივანიშვილებს და სააკაშვილებს კი არ უნდა სდიო კუდში, შენ უნდა გამოხვიდე ქუჩაში!

* შენ უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში, რადგან შენ ხარ ხელისუფლების წყარო, შენ ხარ ხალხი, შენზე დგას სახელმწიფო, შენზე დგას საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი!

გამოიღვიძე და გარეკე ეს თვითმარქვია შარახვეტიები, ათასი ჯურის ცრუპენტელა და საიდანღაც შემოგზავნილი მსტოვარი, გამოიღვიძე და ასწიე, სახესთან ახლოს მიუტანე ამ არამზადებს შენი გრდემლივით მუშტი. და, როცა მშრომელი ადამიანების ერთად შეკრულ მჯიღის სუნს აგრძნობინებ, ეს სიტყვებიც მოაყოლე: ეს საქართველოა და, ამიერიდან აქ არის სუფევა მშრომელი ხალხის ნებისა!

გინდა, ამბოხი დაარქვი ამას, გინდა _ სამართლიანობისთვის ბრძოლა, თუ გინდა, სოციალისტური რევოლუცია, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, მაგრამ იცოდე, არჩევანის გაკეთება თუ გსურს, ეგ ერთადერთი არჩევანი დაგრჩა…

ასეთი იყო დღესოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

1 COMMENT

  1. გენიალურია!!! სრული სიმართლეა!!! მთელი ჩვენი განვლილი გზის ბრწყინვალე ანალიზია!!! უღრმესი მადლობა ბატონო ვალერი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here