მთავარი ისტორია ოსმალობა რუსთაველის სამშობლოში

ოსმალობა რუსთაველის სამშობლოში

944
გააზიარეთ
ავთანდილ დიასამიძე

საქართველოს გამაერთიანებელ და გამთიშველ ძალთა საბედისწერო ჭიდილის შედეგი XVI საუკუნეში

მწარე სიმართლე” _ ამ რუბრიკით ჩვენს მკითხველს უკვე შევთავაზეთ ინტერვიუ, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომხდარ სამარცხვინო პერიოდს _ ტყვეთა სყიდვას შევეხეთ და აღვნიშნეთ, რომ ამგვარ სამარცხვინო ფაქტებს რატომღაც უგულებელვყოფთ და მტერსა თუ მოყვარეს მხოლოდ თავმოსაწონებელ ამბებს შევახსენებთ. ალბათ, ასე ფიქრობდა სულმნათი ილიაც თავის დროზე, როცა ამბობდა: “ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს.…აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულისმოყვარე, და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა”; “მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაასწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, _ სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცაა? რაცა მქონდა, ის მოგართვი. როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე, თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან!”

არც ჩვენ გვეშინია ვისამე გულისწყრომის და თანამედროვეთ იმ ,,მრუდე სარკეს” გთავაზობთ, რომელშიც კარგს ვერაფერს დაინახავთ, მაგრამ “ურიგობა რომ გაასწორო და ხალხში არ შერცხვე”, ამისთვის გამოგადგებათ.

 სწორედ ესაა ჩვენი მიზანი _ მუდამ გვახსოვდეს, რომ დაუსრულებელი შინაომების, ქიშპობის, ურთიერთმტრობის კვალდაკვალ საქართველოში შეირყა სარწმუნოება, მოიშალა მეურნეობა, მოსახლეობა კი გაჩანაგდა.

ნათქვამია, შეცდომებზე სწავლობენო…

ჩვენი სტუმარი _ ისტორიკოსი, სოციოლოგი, პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი ავთანდილ დიასამიძე ამჯერად იმ მწარე სიმართლეზე მოგვითხრობს, რომელმაც თავის დროზე საქართველოს მესხეთი მოსწყვიტა.

_ ბატონო ავთანდილ, 1578 წლის აგვისტოში ოსმალეთმა, ფაქტობრივად, დაასრულა სრულიად მესხეთის დაპყრობა. ეს იყო ეროვნული ტრაგედია _ საქართველოს გამაერთიანებელი და გამთიშველი ძალების საბედისწერო ჭიდილის შედეგი XVI საუკუნეში. ოსმალ დამპყრობთა და მოღალატე ფეოდალთა ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ძირძველი ქართული მხარე _ მესხეთი, რითაც დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორ ეცემოდა მესხეთი, რამ განაპირობა ოსმალობა რუსთაველის სამშობლოში?

ბაგრატ მესამე
ბაგრატ მესამე

_ 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის ჯარმა სულთან მეჰმედ II-ის სარდლობით აიღო კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია დაეცა. ეს მოვლენა საქართველოსათვის საბედისწერო გამოდგა. ბიზანტიის მოსპობა და ოსმალთა გაბატონება კონსტანტინოპოლში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ მთავარ გზას უკრავდა და მაჰმადიანთა ძლიერი საბრძანებლის რკალს არტყამდა.

1461 წელს კი ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს. ასე რომ, საქართველოს სამხრეთით გაუმეზობლდა უბოროტესი ოსმალეთი, რომელიც განაგრძნობდა სხვადასხვა ქვეყნის დაპყრობას აღმოსავლეთ-დასავლეთით. მის ერთ-ერთ მიზანს ამიერკავკასიაში გაბატონება და, კერძოდ, საქართველოს დაპყრობა შეადგენდა და მას გამუდმებით ესხმოდა თავს. “დაიპყრა ხონთქარმან ტრაპიზონ-აზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედ-მცირედ კლარჯეთსა და ჭანეთსა”, _ წერს ვახუშტი ბაგრატიონი. XVI საუკუნის დასაწყისში კი საქართველოს მოადგა. ხშირი შემოსევების შედეგად საუკუნის ბოლოსთვის დაასრულა ოსმალთა მიერ მესხეთის, ანუ ზემო ქართლის დაპყრობა.

ისტორიული წყაროები აქაც ბევრ ჩვენდა სამარცხვინო ფაქტს ინახავს. მესხეთშიც ეროვნული სულით ისევე დაშრეტილი თავადობა აღმოჩნდა, როგორიც იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიაში, კახეთსა თუ ქართლში, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ: რომ არა შინაურთა ღალატი და ურთიერთგაუტანლობა ოსმალო ვერაფერს დაგვაკლებდა.

 _ კონკრეტულად რას გულისხმობთ შინაურთა ღალატსა და ურთიერთგაუტანლობაში?

_ იმის ნაცვლად, რომ კარსმომდგარ მტრებს _ ოსმალეთსა და ირანს საქართველოს სამეფო კარი და სამთავროები ერთად შეკრული, გაერთიანებული ძალებით დახვედროდნენ, კარგად გაეთვალათ, გაეანალიზებინათ მოსალოდნელი საშიშროება, ფაქტობრივად, ცალ-ცალკე მოქმედებდნენ ქვეყნის, ხალხისა და საკუთარი თავის საზიანოდ… სწორედ ოსმალთაგან კონსტანტინოპოლისა და ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ საქართველო დაიშალა: 1466 წელს კახეთის ცალკე სახელმწიფო წარმოიქმნა; ქართლი და იმერეთი ერთმანეთს 1489 წელს დაშორდნენ. ასე რომ, XV საუკუნის ბოლოსთვის საქართველო დაშლილი იყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად და 5 სამთავროდ _ სამცხე-საათაბაგოს (მესხეთის), გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის. ამ მდგომარეობას ივანე ჯავახიშვილი ასე აფასებდა: “სამეფოებად და სამთავროებად დაყოფა საქართველოსათვის პოლიტიკურად დამღუპველი, კულტურულად დამაქვეითებელი და დამაკნინებელი იყოო”.

სამარცხვინო იყო და ქვეყნის განადგურებას უწყობდა ხელს ის, რომ, მეტად რთული პერიოდის მიუხედავად, სამეფო-სამთავროები თანადგომისა და მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების ნაცვლად ერთმანეთს მტრობდნენ, ხშირად არბევდნენ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ხელნაწერი, რომელიც გვაუწყებს: საქართველოს დარბაისელნი ერთმანეთის მტერნი და ქიშპნი იყვნენ, არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ, თუ ამათ ერთი პირი ქონებოდათ ვერცარას ურუმელი, ვერცარას სხვა მტერი აწყენდათ. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა”.

 _ რა ხერხს მიმართავდა ოსმალო ქართველთა შორის თანამოაზრეებისა და მზარდამჭერების საპოვნელად…

_ ოსმალეთი თავისი ვერაგული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს, ყველა ზომასა და ყველანაირ მეთოდს მიმართავდა მესხეთის მისატაცებლად: დაწყებული მესხი თავადაზნაურობის, ათაბაგების, სამღვდელოების მოსყიდვა-გადაბირებით, ცრუ დაპირებებით, დასრულებული მუქარით _ თავის მოკვეთით თუ სხვ. ამ მხრივ მრავალ საინტერესო ცნობასა და ფაქტს შეიცავს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში ივანე გვარამაძის პირად არქივში დაცული ხელნაწერი წერილი “სამესხეთოს დაქცევა”.

ივანე გვარამაძე გახლდათ XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთის ქართველთა პატრიოტული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო და მრავალმხრივი მოღვაწე. მან წარუშლელი კვალი დატოვა მხარისა და მთელი საქართველოს იმდროინდელ ცხოვრებაში. ეთნოლოგი და პუბლიცისტი აღნიშნულ წერილში მიუთითებს: თუ ათაბეგს (ასე წერია დედანში _ ა.დ.) ქართლისა და იმერეთის მეფეებსა და გურიელსა და დადიანსა ჰქონოდათ საზოგადო სარგებლობა და არა თავიანთი საკუთარი სარგებლობა, ოსმალო ვერასოდეს შემოადგამდა ფეხს ჩვენს ქვყანასა. სამწუხარო ის იყო უმწეობითა სამესხეთო ჰქრებოდა…

 ოსმალებმა, ბრძოლით რომ უძნელდებოდათ შემოსვლა სამესხეთოს დასარბევად, ადგილობრივ თავადაზნაურობას უწყეს მოსყიდვა მრავლის საჩუქრებით, უგზავნიდნენ კეკლუც ქალებს, არაბულ ცხენებს, ძვირფას თვალ-მარგალიტებს და მდიდრულ ტანისამოსს. უმისოთაც გარყვნილნი და დაცემული, ზნეობითაც ჰყიდებდნენ თავიანთ სამშობლოს მაჰმადიანებზედ, რომ იმათ ხელქვეშ მყოფთ მუდამ წელს ჰქონოდათ მათგან ძვირფასი საჩუქრები მოუკლებლად… მღვდლებსაც თავიანთი ვალდებულება დაევიწყნათ და სულით, გულით ვერცხლის მოყვარულობას შესდგომოდნენ ვაჭრობით, მათ დღე-ღამე მოსვენება აღარ ჰქონდათ”. მესხეთის ათაბაგთა, თავადაზნაურთა და სამღვდელოების ასეთმა ქმედებებმა ეს მხარე პოლიტიკურად მოადუნა, დააუძლურა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო მტერს მის დაპყრობაში.

ივანე გვარამაძე
ივანე გვარამაძე

_ ვინ იყვნენ მაინც ის მესხი მთავრები და თავადები, რომლებიც გვერდით დაუდგნენ ოსმალ დამპყრობლებს, მათი სახელები ისტორიამ შემოგვინახა?

_ სამწუხაროდ, ასეთი ცოტანი როდი იყვნენ.

მესხი თავადები ოსმალებს ხმლის მოუქნევლად აბარებდნენ ქართულ ციხე-ქალაქებს. ქოია ამილახორისშვილმა არტაანში 2 ციხე დაუთმო ოსმალებს, ხოლო არფაქსათ ამატიკიშვილმა ხერთვისი და მისი მეზობელი 5 ციხე მიართვა მტერს; ხახულიც უომრად ჩაბარდა ოსმალოს.

1510 წელს ოსმალთა დიდი ლაშქარი, რომელსაც სულთნის მემკვიდრე სელიმ ფაშა ედგა სათავეში, საქართველოს დასალაშქრავად გამოემართა. როცა ახალციხეს მიადგნენ ოსმალონი, მათ გამოეგებნენ სამცხის მთავარნი დედისიმედი და ყვარყვარე ათაბაგი და მოართვეს ქალაქის კლიტენი.

მზეჭაბუკ ათაბაგმა მტერს უბრძოლველად მორჩილება გამოუცხადა და თავისი სამსახურიც შესთავაზა. წარუძღვა მტრის ლაშქარს ათაბაგი და იმერეთს ჩაიყვანა. შემოდგომა იყო, ქვეყანა ამ მხრიდან შემოტევას არ ელოდებოდა, ამიტომ იმერეთის ახალგაზრდა მეფე ბაგრატ ალექსანდრეს ძეს (1510-1556 წწ.), რომელიც ტახტზე ახალი ასული იყო, სათანადო წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. მოსახლეობამ ძლივს მოასწრო გახიზვნა. ოსმალებმა გადაწვეს ქუთაისი, დაარბიეს ახლომახლო სოფლები და დაბები, დაწვეს ეკლესიები. მტრის მსახვრალ ხელს ამჯერად ვერ გადაურჩა დიდებული ბაგრატისა და გელათის ტაძრები. ზამთარი კარს იყო მომდგარი და მალე თოვლი ზეკარის გადასასვლელს გაუვალს გახდიდა. საქართველოში ჩარჩენილ ოსმალთა ჯარს კი დიდი საფრთხე ელოდა, ამიტომ სელიმ ფაშამ გადაწყვიტა, ნაალაფევითა და ტყვებით ქვეყანას გასცლოდა…

ასე რომ, თუ მღვდელმა თევდორემ მტერს გზა აუბნია და მეგზურობა არ გაუწია, მესხეთის ათაბაგმა მზეჭაბუკმა მტრის ლაშქარს უწინამძღვრა და ოსმალებს ქუთაისი გადააწვევინა, მის სინდისზეა ბაგრატისა და გელათის ტაძრების იავარქმნაც…

მზეჭაბუკ ათაბაგი “დამოუკიდებლად” ყოფნას არ იშლიდა, მეტიც: ისარგებლა ანტიოქიის პატრიარქის, ასევე ოსმალეთის ფარული მხარდაჭერით და მესხეთი ეკლესიურადაც ჩამოაშორა ქართლის საკათალიკოსოს. ათაბაგებმა სამცხე-საათაბაგოს ეკლესიაში მოაშთეს მეფისა და კათალიკოსის ხსენებაც კი.

სამარცხვინო ქართველთა შორისაა მესხეთის თავადი ოთარ შალიკაშვილი და ათაბაგ ყვარყვარეს ვაჟი ქაიხოსრო ოსმალეთის ხონთქარს სთხოვდნენ, კვლავ გამოეგზავნა ჯარი ბაგრატ მეფის წინააღმდეგ. ქართლის ცხოვრებაში აღნიშნულია ასეთი დეტალი: ოთარ შალიკაშვილმა თანა წაიყვანა ძე ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო. მივიდეს სტამბოლს და მოაჯე ექმნეს ხვანთქარს და შეიწყალა ხვანთქარმან, და მისცა ჯარი მრავალი, და თოფი და ზარბაზნები დიდ-დიდნი, და უჩინა ამირსპასალარად მუსტაფ ფაშა, და წარმოგზავნა იგინი ბრძოლად ბაგრატსა”.

მსგავს ცნობებს იძლევა ვახუშტი ბაგრატიონიც. ბრძოლა მოხდა ქარაღაქის ველზე 1543 წელს, ოსმალთა რიცხვი 22 ათასამდე იყო. ისინი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თოფ-ზარბაზნებით იყვნენ შეიარაღებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ლევან დადიანი ამ ბრძოლაში ბაგრატს გვერდით არ დაუდგა, ქარაღაქის ბრძოლა მაინც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. თვით ოსმალეთის მთავარსარდალი მუსტაფა ფაშა ამ ბრძოლაში დაიღუპა.

ვახუშტი ბაგრატიონი
ვახუშტი ბაგრატიონი

იმერეთ-ქართლისა და გურიის გაერთიანებული ლაშქარი ბასიანისაკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ოსმალეთის ჯარი.

ბრძოლა გაიმართა სოხოისტასთან.

_ სოხოისტას ბრძოლაში მესხთა განდგომას ქართველთა მარცხი მოჰყოლია…

_ უეჭველია, ამ ომშიც ქართველები გაიმარჯვებდნენ, ბრძოლის ბედი რომ არ გადაეწყვიტა თვითონ ქართველთა ბანაკში მომხდარ ჟინიანობას. მესხებმა დაიჩემეს: “ძუელთაგანვე მეწინავეობად მისვლა მესხეთთათვის განწესებულ არს და აწცა ჯერ არს ჩუენდა მისვლაო”, რაზეც დანარჩენები არ დათანხმებულან, ამის გამო “აღეგზნა შური დიდი”. იმ დროს, როცა ქართველები და იმერლები “ლომ-ვეფხებრ” იბრძოდნენ, “მაშინ შურითა და ბოროტითა აღსავსეთა მესხთა ინებეს განდრეკილება, და არღარა მიჰყვნენ ომსა შინა”.

ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს, რომ ამის შემდეგაც უფროსად განიწირნეს თავნი თვისნი ქართველთა და იმერელთა” და მრავალი ურუმის მოკვეთილი თავი გააგორეს მიწაზე, მაგრამ მესხთა ღალატს მაინც თვისი შედეგი მოჰყვა. ომი დილიდან მწუხარებამდე გაგრძელდა. ქართველთა ამ დამარცხების შემდეგ ოსმალებმა სამცხის ციხეები დაიჭირეს… მაშინ მისცეს ოსმალთა ათბაგობა ქაიხოსროს და თვით წავიდნენ”.

_ დაყოფილ და მტრებით გარშემორტყმულ ქვეყანაში ასეთ მძიმე ჟამს თუ იყო მცდელობა ქართველთა გაერთიანებისა და მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა?

_ დიახ, XVI საუკუნეში იყო მსგავსი მცდელობები, მაგრამ განსაკუთრებით განდგომა-”დამოუკიდებლობას” მესხეთის ათაბაგი იჩენდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ გადაწყვიტა მისი მორჯულება. 1535 წელს “შემოკრიბნა ბაგრატ მეფემან სრულიად სპანი იმერთანი დადიან გურიელითა.. და წარვიდა დაპყრობად სამცხისა”.

გადამწყვეტი ბრძოლა 1535 წლის 12 აგვისტოს ახალქალაქის მახლობლად, სოფელ მურჯახეთის ველზე მოხდა. ამ ბრძოლაში ყვარყვარე ათაბაგი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ბაგრატ მეფემ მთელი სამცხე დაიკავა და იგი ათი წლის განმავლობაში იმერეთის სამეფოსთან იყო გაერთიანებული, თუმცა ოთარ შალიკაშვილისა და ქაიხოსრო ყვარყვარეს ძის მიერ სულთნის კარზე არაერთგზის დასმენით, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ოსმალეთის ძალისხმევითა და ახალი დალაშქვრის შედეგად სამცხე-საათაბაგო, ანუ მესხეთი კვლავ საქართველოსგან გამოყოფილი აღმოჩნდა.

1578 წლის აგვისტოში ოსმალეთ-ირანის ომში ოსმალეთმა მიღწეული გამარჯვების შედეგად, ფაქტობრივად, დაასრულა მთელი მესხეთის დაპყრობა. სწორედ ეს იყო ეროვნული ტრაგედია _ საქართველოს გამაერთიანებელ და გამთიშველ ძალთა საბედისწერო ჭიდილის შედეგი XVI საუკუნეში, როცა ოსმალ დამპყრობთა და ფეოდალ-მოღალატეთა ქმედებით ძალმომრეობამ გაიმარჯვა, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ძირძველი მესხეთი, რომელშიც შედიოდა სამცხე, ჯავახეთი, აჭარა, შავშეთი, იმერხევი, კოლა, არტაანი, თორთუმი, ისპირი, ტაო, კლარჯეთი და ჭანეთი, რომელთა ფართობი 58 815 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და საქართველო შაგრენის ტყავივით დაპატარავდა.

“ოსმალთა წესისა მათისაებრ იწყეს მძლავრებად ქუეყანათა”. ათაბაგ ქაიხოსრო მეორის (1545-1573) შვილები _ ყვარყვარე V (1573-1582), მანუჩარ II (1558-1614), ამ უკანასკნელის შვილი მანუჩარ III (1614-1625) იძულებული იყვნენ, დამორჩილებოდნენ ოსმალებს და ისე დარჩენილიყვნენ მმართველებად ამა თუ იმ საათაბაგოს ნაწილებისა, თუმცა ჯერ კიდევ ქრისტიანობა შეინარჩუნეს. მაგრამ კვლავაც იჩინა თავი ურთიერთის მიმართ ბოროტებამ: ყვარყვარე V-მ მოწამლა თავისი ძმისწული, კანონიერი ათაბაგი მანუჩარ III, წავიდა სტამბოლს, მიიღო იქ მუსლიმანობა და ახალი სახელით _ საფარ-ფაშა გახდა ახალციხის ფაშა.

ოსმალები თანდათან აუტანელს ხდიდნენ სამცხე-საათაბაგოში (მესხეთში) თავიანთ ბატონობას, მათ გააძლიერეს ბრძოლა ყოველივე ქართულის წინააღმდეგ, ქართული ენის, ზნე-ჩვეულებების, ქრისტიანობის ამოსაძირკვად, დააწესეს კაბალური გადასახადები, რომლებსაც ვეღარ ეგუებოდნენ ვერც მესხეთის რიგითი მოსახლეობა, ვერც თავადაზნაურობა და ვერც ათაბაგი. ისინი აწყობდნენ ანტიოსმალურ გამოსვლებს, მაგრამ მარცხდებოდნენ. გვიანღა იყო თითზე კბენანი…

_ ბატონო ავთანდილ, თქვენი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, ეს შეცდომები შეიძლება ისტორიის გაკვეთილად ჩაითვალოს?

_ ისტორია სარკეა, რომელშიც ხშირად უნდა ჩავიხედოთ. დადებითი თუ უარყოფითი მაგალითები ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლებისთვის. წარსულის მოვლენებიდან სწორი პოლიტიკური დასკვნები უნდა გავაკეთოთ; ოსმალეთმა სამთვიანი შეტევის შედეგად დასცა დიდი ბიზანტიის იმპერია 1453 წელს, ასევე მოკლე პერიოდში დაიპყრო არაერთი დიდი სახელმწიფო (ბულგარეთი, რუმინეთი და სხვ.), საქართველოს ძირძველი ნაწილის _ მესხეთის დაპყრობას კი თითქმის საუკუნე მოანდომა, რაც ქართველთა მედგარი წინააღმდეგობის შედეგი იყო; არაერთმა მამულიშვილმა გამოიჩინა გმირობა მტერთან შერკინებისას, მაგრამ ცხადია ისიც, რომ საქართველო ერთ სახელმწიფოდ, ერთ მუშტად შეკრული, ერთიანი ძალით რომ შებმოდა მტერს, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა და ბრძოლის შედეგებიც სხვანაირი _ საქართველოსათვის სასიკეთო იქნებოდა. სამართლიანად ამბობდა XVII საუკუნის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე: “ქართველებს ჯერ იქით უყუმნი (ოსმალნი) არბევდეს და აქეთ ყიზილბაშნი და ამისთანას ორს დიდ სახელმწიფოს შუაში ბევრს ეცადნენ, აქეთ იქნიეს ხმალი, იქით იქნიეს, მაგრამ არ იქნა და ვერც რა თავს გაუვიდნენ”.. მეორეც _ “საქართველო თავად ცოტა იყო და მერმე მრავლად _ დაყოფილი და ერთმანეთის ურჩნი და ქიშპნი, მტერნი, ერთმანეთის მარბევნი და მაწყინარნი”.

სამწუხაროდ, მაშინდელი “ავი ზნენი” ჯერ კიდევ ახასიათებთ ქართველებს _ მოწამვლა, მკვლელობა (მაგ. ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის და სხვათა), განდგომა, სხვადასხვა პოლიტიკოსთა უშედეგო სირბილი უცხოეთში… ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური, მძიმე სოციალური მდგომარეობა გვიკარნახებს, სერიოზული დასკვნები, სწორი პოლიტიკური ანალიზი გავაკეთოთ და საქართველოს გაძლიერებისთვის ერთად ვიღვაწოთ, რადგან ერი როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, _ აცა როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისათვის მიშველე რამეო, იგი მათხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი” (ილია).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. რა მწარე ისტორიული რეალობაა, რაც დღესაც გრძელდება, არა ისტორიამ მაინც ვერ გამობრძნა ქარტველი კაცი არა და ვერა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here